 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 07:55:44
თამუნა მჭედლიშვილი
რას ემსახურება რეალურად ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა? რატომ არ უნდა გაუქმდეს სკოლებში მე-12 კლასი? რას გამოიწვევს საზოგადოებაში განათლების მიღებაზე წვდომის არათანაბარი შესაძლებლობები? „ოცნების“ პოლიტიკური განზრახვა უმაღლესი სასწავლებლების დამორჩილებაა თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესება?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განათლების ექსპერტი ნანა ტოხვაძე:
ახსნა-განმარტება: რა არის ბოლონიის პროცესი და დეკლარაცია
1999 წელს ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრებმა იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას. დოკუმენტზე, რომელსაც ბოლონიის დეკლარაცია ეწოდა, შესაბამისმა სახელმწიფოებმა თავისი ხელმოწერით გამოხატეს საერთო მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში.
საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა 2005 წელს ბერგენის სამიტზე, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.
დღეს, ჯერჯერობით, ქართველი სტუდენტები პოსტსაბჭოთა სისტემისგან რადიკალურად განსხვავებულ, პროევროპულ სისტემაში იღებენ უმაღლეს განათლებას. თუმცა ეს ფაქტი
ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში ხარვეზების არსებობას არ გამორიცხავს. პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი საქართველოსთვის ბოლონიის პროცესი უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დიახ, უმაღლესი განათლების ამ ევროპული სივრცისგან ქართველი სტუდენტების ჩამოშორებას ემსახურება ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ე. წ. განათლების რეფორმა. კობახიძის განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა როგორც განათლების სფეროს აკადემიური წრეებიდან, ასევე ექსპერტების, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მშობლების მხრიდანაც. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული, კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას განათლების რეფორმის შესახებ 2024 წლის 28 ნოემბერის ანტიევროპულ განცხადებას უტოლებს: „კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს! საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას. აბა, თქვენ იცით!“
რა ხდება ჩვენს თავს რეალურად?
_ ქალბატონო ნანა, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა არის თუ არა საჯარო და უმაღლესი სასწავლებლების მორჩილება თუ მართლა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზანია?
_ უმაღლესი განათლების კონცეფცია, რომელიც არალეგიტიმურმა პრემიერმა წარმოგვიდგინა, შორსაა რეფორმასთან და მით უფრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიასთან. ოთხგვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც კვლევის შედეგებად გვასაღებენ, სასაცილოც არის და სატირალიც რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი: კრიტიკას ვერ უძლებს კომისიის შემადგენლობა, რომელმაც უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნდა იმუშაოს. რა კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება კახა კალაძე მონაწილეობდეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებაში?
მეორე: ოთხგვერდიანი უბადრუკი აბდაუბდა არათუ რეფორმის კონცეფციად, წინასიტყვაობადაც კი უხერხულია წარუდგინო საზოგადოებას. რეფორმა, რომლის შემუშავებაშიც არც ერთი ექსპერტი, აკადემიური სფეროს წარმომადფენელი, სტუდენტი ან მკვლევარი არ მონაწილეობდა, როგორ შეიძლება აღვიქვათ სერიოზულად? ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესი არც არასდროს ყოფილა განათლების ხარისხი. ეს კონცეფციაც თავისი შინაარსით პოლიტიკური მიზნების გახმოვანებაა, რომ: საქართველო ჩამოშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. დაითხოვონ კრიტიკულად მოაზროვნე პროფესორ-მასწავლებლები, გააერთიანონ უმაღლესი სასწავლებლები „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით, გაყიდონ ან გაასხვისონ თბილისის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტების შენობები და რაც ყველაზე ცხადია, სწავლა-განვითარების უფლება წაართვან სტუდენტებს.
_ ხომ არ ისახავს მიზნად ეს სტუდენტების დედაქალაქიდან განდევნას და დეცენტრალიზაციას?
_ დიახ, გარკვეულწილად, ამას ნიშნავს. არა მხოლოდ დედაქალაქიდან, სამწუხაროდ, ქვეყნიდან განდევნასაც ქადაგებს „ქართული ოცნების“ იდეოლოგი და „სულიერი მამა“ ზაზა შათირიშვილი.
_ რატომ? რა სურთ?
_ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა ნომერ პირველი საფრთხეა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის. სტუდენტური ძალის კონცენტრაცია თბილისში არასასურველია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის გათვალისწინებით. დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და ზოგადად უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურად მართვა რექტორების, საუნივერსიტეტო საბჭოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების პრეროგატივა მგონია.
_ რა მიზანს ემსახურება კონცეფცია: „ერთი ფაკულტეტი ერთ უმაღლეს სასწავლებელში, ერთ ქალაქში“?
_ შემოთავაზებული კონცეფცია პირდაპირ აზიანებს სწავლა-სწავლების ხარისხსა და განათლების ხელმისაწვდომობას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მცხოვრები აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა უმაღლესში, სწავლის გადასახადის დასაფარავად მუშაობს კვირაში 40 საათი და ამ კონცეფციის თანახმად, ირიცხება თელავის უნივერსიტეტში, რადგან თბილისს ეს ფაკულტეტი ჩამოაცილეს. ან კვალიფიციური კადრებისა და პროფესორების რამდენი პროცენტი გვეგულება, ლექციების ჩასატარებლად გადაბარგდეს სხვა ქალაქში? პრობლემა ის გახლავთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ირღვევა უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება. სახელმწიფო ვერტიკალი და ამ შემთხვევაში პარტია, ადგენს, კარნახობს და ავალებს უმაღლეს სასწავლებლებს რა ასწავლონ, სად ასწავლონ და როგორ. მაშინ, როდესაც პროგრამების ინტერნაციონალიზაციასა და განათლების მოდერნიზებას უნდა ვუწყობდეთ ხელს, უკვე მიღწეული შედეგების გაუქმებით არიან დაკავებული. ასევე ნიშანდობლივია საბაზრო მოთხოვნებზე აპელირება.
_ რას გულისხმობთ?
_ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ამ გამოწვევას, ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში რომელი პროფესია იქნება მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ კომისიის შესწავლილ-ნაკვლევ საკითხზე რამდენად ღირს დაყრდნობა!
_ მე-12 კლასის გაუქმება საჯარო სკოლებში რა სახის ახალ პრობლემებს გამოიწვევს და განათლების არათანაბარ შესაძლებლობებს ხომ არ გააჩენს მხოლოდ საზღვარგარეთ ან კერძო სკოლებში აღებული დიპლომები?
_ შემოთავაზებული კონცეფცია არ მოიცავს სასკოლო საფეხურზე ცვლილებებს, მაგრამ პრეზენტაციისას გაკეთებული ზეპირსიტყვიერი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ მოსალოდნელია, ამგვარი ხელის შეშლაც ვიხილოთ.
_ რას ნიშნავს 12-წლიანი განათლების ცვლილება ჩვენი მოსწავლეებისთვის?
_ ისევ და ისევ უკვე მიღწეული შედეგების გაუქმებას და უკუსვლას. ბოლონიის პროცესში თანამონაწილეობა გულისხმობს ქართული ატესტატის ავტომატურ აღიარებას დასავლურ უნივერსიტეტებში სტუდენტის ჩასარიცხად, განათლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების გათანაბრებას რაც ევროპის 29 ქვეყნის მინისტრების ხელმოწერით დადასტურდა. ამას შეუერთდა საქართველო, რათა მოხვედრილიყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და თითოეულ მოსწავლეს წვდომა ჰქონოდა დასავლურ უმაღლეს განათლებასთან ზედმეტი ბარიერების გარეშე.
ახლა კი ვისმენთ უტიფარ განცხადებებს, რომ ვისაც დასავლური უნივერსიტეტები გნებავთ თქვენი შვილებისთვის, წაიყვანეთ და ევროპის ქვეყნებში დაამთავრებინეთ ბოლო კლასიო, _ განგვიცხადა „ოცნების“ განათლების მინისტრმა. ეს თავისთავად ნიშნავს არათანაბარ პირობებში მოქცევას. მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს მათ მომავალს და რაც აქამდე გარანტირებული ჰქონდათ _ ეჭვქვეშ დგება. მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილებს, საერთაშორისო სკოლებში რომ სწავლობენ და ასეთები უმეტესწილად ჩინოვნიკების შვილები არიან, გზა ხსნილი აქვთ. ჩვენი შვილები კი უთანასწორო პირობებში უნდა მოექცნენ.
_ რატომ კეთდება ეს? იმიტომ ხომ არა, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობა მე-12 კლასში, ფაქტობრივად, არ დადის და არ ესწრება სასწავლო პროცესს?
_ გულუბრყვილო არგუმენტია: მაინც არ დადიან მე-12 კლასში. და თუ მე-11 კლასი იქნება დამამთავრებელი და არ ივლიან, ისიც უნდა გავაუქმოთ? თუ მხოლოდ დაწყებითი განათლება და წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოება სჭირდებათ იოლად სამართავად? თავისი შინაარსით მე-12 კლასი საუნივერსიტეტოდ მოსამზადებელ საფეხურად იყო ჩაფიქრებული. ვინმე შეეცადა „ოცნების“ მრავალგამოცვლილ მინისტრთაგანი ამ პრობლემის მოგვარებას? ჩატარდა კვლევა, რატომ არ დადიან სკოლაში ბავშვები და რატომ ჰყვავის რეპეტიტორობის ინსტიტუტი, როგორც შეუცვლელი წინაპირობა უმაღლესში მოსახვედრად? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, პრობლემის აღმოფხვრისა და მის გამოსწორებაზე მუშაობის ნაცვლად გაიიოლეს საქმე და ამიტომაც აუქმებენ.
_ თქვენი აზრით, გაამართლებს საგრანტო სისტემის ჩანაცვლება, სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით?
_ საგრანტო სისტემაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, მაგრამ არა არაპროფესიონალებისა და არაკომპეტენტურების დასკვნებისა თუ რეფორმის კონცეფციის საფუძველზე. დაფინანსების ახალი მოდელის შესამუშავებლად შეგახსენებთ, საქართველომ აიღო 90-მილიონიანი სესხი, რათა შეეთავაზებინა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე. გინახავთ ფინალური დოკუმენტი?! არც არავის უნახავს. ამის ნაცვლად ვხედავთ ტენდენციას, რომ დაფინასება სტუდენტს კი არა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ უმაღლესებს გადაეცეთ. აბსურდია ის, რაც რეფორმად ან განათლების ხარისხის გაუმჯობესების კონცეფციად სურთ შემოგვასაღონ!
_ ხედავთ თუ არა ამ „რეფორმაში“ მმართველი პარტიის ფინანსურ-კომერციულ ინტერესებსა და გათვლებს? ისტორიული შენობების დემონტაჟი და მათ ადგილას ინფრასტრუქტურის განახლება ახსენა კობახიძემ.
_ 13 წელია ვხედავთ და მომსწრე ვართ, რომ არც ერთი ცვლილება განათლებაში არ ემსახურებოდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას მასწავლებლებისა თუ პროფესორებისთვის. ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს. თუმცა თამამად ჩამოვთვლით იმ ზიანს, რაც მოუტანეს მოსწავლეს, მასწავლებელს, სტუდენტს, პროფესორს, აკადემიურ წრეს თუ მეცნიერებას საქართველოში. მაგრამ ამ კონცეფციით საკუთარი რეკორდი მოხსნეს. უნივერსიტეტების შენობების კომერციული მიზნებისთვის გასხვისება ახალი სიტყვაა „ქართული ოცნების“ ღალატის პარამეტრებითაც კი. თბილისის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიულ კორპუსებში, უკეთეს შემთხვევაში, სასტუმროები შეგვიძლია ვიხილოთ, უარეს შემთხვევაში _ ნანგრევებზე წამოჭიმული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, რაც სარფიან ბიზნესად იქცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ხან განათლებისა და ინოვაციების ჰაბებს რომ გვპირდებოდნენ, ხანაც ულტრათანამედროვე სტუდენტურ კამპუსებს, ეს მილიონები სად წავიდა? ასეულობით სკოლა დაანგრიეს და ვერ აუშენებიათ, ვერ გაურემონტებიათ წლების განმავლობაში და მიზანში ამოღებული უნივერსიტეტების შენობებს რა ბედი ეწევათ, თუ მათ გეგმებს არ შევაჩერებთ, წარმოდგენაც კი მზარავს.
_ გაიხსნება დისკუსია ამ რეფორმის ირგვლივ? გაქვთ იმის მოლოდინი, რომ პროცესში მსჯელობის შესაძლებლობებს მისცემენ აკადემიურ საზოგადოებას, განათლების ექსპერტებს, სტუდენტებს?
_ რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და არც ერთ მათგანს არ გააჩნია მინიმალური კომპეტენციაც კი. ვფიქრობ, არც აქვთ გეგმაში და არც მეგულება არც ერთი სპეციალისტი, რმელიც გაჰყვება მათ ქართული განათლების ევროპისგან იზოლაციის გეგმაში. გამოვრიცხავ, აკადემიური საზოგადოების რომელიმე წევრმა გზა ჩაუხერგოს ქართველ ახალგაზრდობას განვითარებისკენ. შინაარსობრივ ნაწილში სამსჯელოც არაფერია, რადგან ეს კონცეფცია „ოცნების“ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისა და განათლებაში უკვე მიღწეული შედეგების განადგურების სახელმძღვანელო დოკუმენტია.
_ რა საფრთხე დაინახა „ოცნებამ“? რატომ სწორედ ახლა? 13 წელი ჰქონდათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ განათლების სისტემა ახლა არის შესაცვლელი?
_ „ოცნებამ“ სცადა ყველაფრის გაფუჭება, რაც შეეძლო გაეფუჭებინა. 13 წელია, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ქართულმა „ოცნებამ“ განათლების სისტემაში ყველა მავნებლობა დატესტა. სუს-ის კონტროლზე აყვანილი სკოლები, დაშინებული და პატივაყრილი მასწავლებლები, დირექტორთა ერთკანდიდატიანი არჩევნები, პროპაგანდის ყველა მეთოდი და არაფორმალური მმართველობის ნორმალიზება მიკროდონეზე სწორედ განათლების სისტემაში დანერგეს. ახლა უმაღლეს სასწავლებლებს გადასწვდნენ, რადგან კრიტიკული აზრის ჩახშობა და თავისუფალი ადამიანებისგან უნივერსიტეტების დაცლა გადაწყვიტეს. პრაქტიკულად ვა-ბანკზე მიდიან: ან მიიტაცებენ ყველაფერს, მათ შორის, სახელმწიფოს, ან კარგავენ ძალაუფლებას და მიდიან ციხეში. მათ წარმოდგენაში საკითხი ასე დგას. ამიტომ ანადგურებენ ყველაფერს, რაზედაც ხელი მიუწვდებათ.
_ ეთანხმებით თუ არა კობახიძის კონცეფციას, რომ ახალგაზრდებმა ხარისხიანი განათლება აქ, საქართველოში უნდა მიიღონ? უმაღლეს სასწავლებლებში სამწლიანი სწავლების სისტემა რომ უნდა დაინერგოს? რატომ ამოკლებს სწავლის პერიოდს „ოცნება“ რეალურად?
_ ეს კონცეფცია გულისხმობს არსებული მიღწევების ზურგისქცევას და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას. თითო წლის გაუქმება ყველა საფეხურზე კი განათლების გარეშე დატოვებს ასიათასობით ახალგაზრდას, ხოლო ჩინოვნიკებს მისცემს მეტი ფულის მოპარვისა და მითვისების საშუალებას. ცხადია, ვისაც საქართველოში სურს სწავლა, უნდა ისწავლოს, მაგრამ თუ მას ექნება კონკურენტუნარიან გარემოში უცხოეთში სწავლის სურვილი, ამაში სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თუ შეუშალოს?! რაც შეეხება 3+1 პროგრამას, სპეციალისტების ჩართულობით და კვალიფიციური დასკვნების საფუძველზე, შესაძლებელია ამგვარი ფაკულტეტების გამოყოფა და რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილიც კია. თუმცა არა ამ ფორმითა და შინაარსით, რასაც გვთავაზობენ.
_ განათლების რეფორმის შინაარსი რამდენად გასაგებია და მისაღები როგორც მშობლისთვის, ისე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის? მომხიბვლელად კი გაჟღერდა პროფესორის 10 000-ლარიანი ხელფასი.
_ ვფიქრობ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კიდევ ბევრი ახსნა-განმარტების მოსმენა და გაანალიზება მოუწევთ მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც. ეს საკითხები პირდაპირ ეხება მათ მომავალს და არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს გულგრილი. რაც შეეხება 10 000-ლარიანი ხელფასის დაპირებას, რატომ ამ დრომდე არ ჰქონდათ პროფესორებს ღირსეული ანაზღაურება? მაშ, რის ხარჯზე ჰპირდებიან ახლა და რამდენი პროცენტი დარჩება საუნივერსიტეტო სივრცეში? ხომ ფაქტია, რომ ფაკულტეტების გაუქმება, უმაღლესებისთვის საუნივერსიტეტო პროგრამების სეკვესტრირება ავტომატურად გამოიწვევს მათი კოლეგების სახლში გასტუმრებას? ხოლო დარჩენილ ნაწილს, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება პარტიულ დირექტივებს, შესაძლოა მოემატოთ კიდეც ხელფასები.
_ ფაქტია, განათლების ხარისხი არ არის „ოცნების“ ინტერესი. ეს რეფორმა უფრო დააშორებს საქართველოს ევროპას. მით უმეტეს, რომ სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ გორელმა პედაგოგებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში ორკვირიანი ტრენინგი გაიარეს. საითკენ მიჰყავს ჩვენი მომავალი თაობა რეალურად „ქართულ ოცნებას“?
_ რუსეთისკენ, სახელმწიფო მიჰყავთ რუსეთისკენ, რაც მოუსავლეთს და მრავალწლიან სიბნელეს ნიშნავს. გამოსავალი კი მხოლოდ მოქმედებასა და წინააღმდეგობაშია, რითაც ქართული საზოგადოება უწყვეტი პროტესტის რეკორდს ხსნის. ვიბრძვით ბოლომდე, ანუ გამარჯვებამდე!