ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
2025-10-15 11:59:57
ირინა მაკარიძე
4 ოქტომბრის მოვლენებსა და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი:
_ ბატონო გიგი, როგორ შეაფასებთ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს? რას იტყვით მის მიზეზებსა და შედეგებზე?
_ უპირველესად, 4 ოქტომბრის აქცია ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლა. საზოგადოებას ახსოვს, რომ მანამდეც შედგა რამდენიმე ასეთი მასშტაბური აქცია, მაგრამ ეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი და ხალხმრავალი აქცია იყო. ვფიქრობ, ეს განაპირობა იმანაც, რომ ეს იყო ამ ე. წ. ადგილობრივი არჩევნების დღე და გარდა ცალკეული პოლიტიკოსების მიერ შექმნილი მაღალი მოლოდინისა, ეს იყო პასუხი იმაზე, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებდა ადგილობრივ არჩევნებს. ბუნებრივია, გარკვეული მოლოდინი შეიქმნა, რომ ამ მრავალრიცხოვნებას მშვიდობიანად და დემოკრატიულად დაედო საფუძველი ცვლილებისთვის. ეს ცვლილებები ითვალისწინებს იმას, როგორც ეს ხდება შედარებით ნორმალურ ქვეყნებში, რომ მმართველი ძალა იწყებს ფიქრს, თუ რა შეცვალოს, გადაწყვეტილებებს იღებს, როგორ დაილაპარაკოს საპროტესტო საზოგადოებასთან და იმოქმედოს, რათა განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. საქართველოში, ისევე როგორც ავტოკრატიული ტენდენციების ქვეყნებში, ეს ასე არ არის. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ რაც უფრო იძაბება ვითარება, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ცდილობს, აქედან სარგებელი ნახოს. ამ შემთხვევაში გააძლიეროს რეპრესიები, მეტი ადამიანი მოაქციოს მარწუხებში და ამით როგორღაც შეინარჩუნოს და გაახანგრძლივოს ის ვითარება, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ.
ალბათ, ადამიანების გარკვეული წრისთვის შესაძლოა იყო უფრო დიდი მოლოდინი, ჩვენ ვისმენდით განცხადებებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ამ დღეს „დასრულდებოდა“, რომ „იქნებოდა სიურპრიზები“ და ა. შ. შეიძლება გარკვეულ ნაწილს ამის მოლოდონი ჰქონდა, მაგრამ ასევე ძალიან ბევრისთვის ეს განცხადებები არ ჟღერდა რეალისტურად. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა დიდი და მრავალრიცხოვანი აქცია უფრო მეტი მოქალაქის ჩართულობით იმისთვის, რომ შემდეგ ამ სიმრავლეს აეძულებინა მმართველი ძალა, დათმობებზე წასულიყო. თუ მეტ პასუხისმგებლობს იკისრებს და გადადგება, ეს მეორე საკითხია, თუმცა, როგორც ვთქვი, არადემოკრატიულ რეჟიმებში ასე არ ხდება.
ზოგადად, ამ ხანგრძლივი პროტესტის მიზეზი არის ის სიტუაცია, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. მათი პოლიტიკის შედეგად ადამიანები თითქმის წელიწადია დგანან ქუჩებში, პროტესტი არ ნელდება იმის გამო, რომ ძალიან მაღალია საფასური, რაც დევს სასწორზე, _ ეს არის თავისუფლება, ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა, მისი ევროატლანტიკური მომავალი, რაც არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს პროტესტიც არის სწორედ კონსტიტუციური პრინციპის დაცვა უამრავი ადამიანისთვის. ეს ყოველდღიური გამოსვლა რუსთაველის გამზირზე და მოთხოვნების შინაარსი ეფუძნება სწორედ კონსტიტუციის დაცვას, რომ ხელისუფლებას ევალება, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება და სწორედ ეს არის გასული წლის ნოემბრიდან ასეთი დინამიკური პროტესტის საფუძველი. ამას ემატება ამ პერიოდის განმავლობაში ამუშავებული რეპრესიული მექანიზმი, რომლის შედეგად გვყავს ათეულობით სინდისისა და პოლიტიკური ტყვე. კიდევ უფრო დამძიმებულია სურათი 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც უამრავი ადამიანი მოხვდა საპატიმროში, სხვადასხვა ასაკისა და დამსახურების ხალხი, პატრიოტი ადამიანები.
წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენ ირგვლივ ხდება... სამწუხაროდ, ახლა, ეს არის შედეგი პროცესების იმ მოულოდნელი განვითარების, რაც ვნახეთ ათონელის სასახლესთან. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე იყო მართლაც სრულიად მშვიდობიანი გამოხატვა ამ პროტესტის, მაგრამ შემდეგ უკვე რაც განვითარდა ორბელიანის მოედანზე, ამან მძიმე შედეგები მოიტანა პიროვნულადაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს საპატიმროში არიან და დაემატნენ უკვე დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებს. პროტესტსაც გარკვეული დაღი დაასვა ამ ამბავმა. ზოგადად, საქართველოს იმიჯისთვის და რენომესთვის კარგი არაფერი მომხდარა. რა ახსნაც არ უნდა იყოს, ბევრნაირი ვერსიაა და სიმართლეს ისევ იმ ადამიანებისგან თუ გავიგებთ, რომლებსაც დღეს ბრალდება აქვთ წაყენებული. რა იყოს ეს? იყო ის, რაც სპეცსამსახურებმა დაგეგმეს? ეს აბსოლუტურად არ არის გამორიცხული ქვეყანაში, სადაც ძირითადად ხელისუფლება ეყრდნობა სპეცსამსახურებს, სამართალდამცველ სტრუქტურებს. ეს ასეა ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხი არის დაბალი და ავტოკრატიაა, რომელიც ცდილობს ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, იყენებს ოპონენტების დისკრედიტაციას, დაშინებას და ა. შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა ორბელიანზე, ეს იქ უეცრად განვითარებული პროცესი იყო. ჩემთვის მთავარი ინდიკატორი, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო, ასეთად იყო ჩაფიქრებული, არის ის, რომ უამრავი ჩემ ირგვლივ, ვინც იქ იდგა, აბსოლუტური უმრავლესობა მისული იყო ოჯახებით, ზოგი ბავშვებით. ასეც ცხადდებოდა ეს ორგანიზატორების მიერ, რომ უნდა ყოფილიყო სრულიად მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში ღონისძიება. მათი განცხადებით, ყველა აპირებდა მოსვლას ოჯახებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ სწრაფ ცვლილებზე საუბარი მიმაჩნდა გადაჭარბებულად, ეს პირად საუბრებშიც მითქვამს ყველასთვის, ვინც ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი რამდენიმე საათში ჩამოიშლებოდა. როცა ხედავ გარემოს, ინფორმაცია გაქვს რეჟიმის ინსტრუმენტებსა და რესურსებზე, როგორ ოპერირებს ის, უფრო გრძელვადიან ბრძოლაზე უნდა იყო ორიენტირებული. ეს მოლოდინები იყო გადაჭარბებული, მაგრამ იქ რაც მოხდა, ძალიან მოულოდნელი იყო.
ყველამ კარგად ნახა, რომ ადამიანების უზარმაზარი მასა, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, არსად წასულა, არ დაძრულა რუსთაველიდან და თავისუფლების მოედნიდან, არ მონაწილეობდა იმ ინციდენტში, რაც მოხდა ორბელიანის მოედანზე. შედეგი, ბუნებრივია, არის ძალიან დრამატული. აგერ 45 ადამიანი დამატებით არის საპატიმროში, მათ შორის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები, ასევე ის ადამიანებიც, რომლებსაც საზოგადოება შესაძლოა არ იცნობს ისე კარგად.
_ დაკავების წინ მურთაზ ზოდელავამ გარკვეული მინიშნება გააკეთა. მან თქვა: „არ ენდოთ დონორებს, ენდეთ გულწრფელ ადამიანებს“. ასევე არის მოსაზრება, რომ ეს იყო სუს-ის ოპერაცია, რომელიც მან წარმატებით განახორციელა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ რაც შეეხება მინიშნებას „რესურსებიან ადამიანზე“, ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, ისევე როგორ უამრავ ადამიანს, მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრში. ასეთ საკითხებზე, ალბათ, ისაუბრებენ ჩვენი კოლეგები და მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ 4 ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებულები და, სავარაუდოდ, მეტს გავიგებთ მომავალში.
მინიშნებები გაკეთდა, „ღალატზეც“ იყო საუბარი, ღიადაც ითქვა, თითქოს ასეთი მოლოდინი იყო, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი სპეცდანიშნულების რაზმის თუ სხვა სამსახურების აპირებდა თავისი პოზიციის გამოხატვას და პროტესტთან შეერთებას. როგორც ვნახეთ, მსგავსი არაფერი მოხდა. ლეგიტიმურია ის ეჭვებიც, რომ შესაძლებელია ყოფილიყო დადგმული სცენარით, თუმცა ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია, ყველაფერი არის ვარაუდი. ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის გაგების შანსი ძალიან დაბალია. რადგან გაკეთდა ეს განცხადება, ალბათ, მეტის თქმა მათ თვითონ შეუძლიათ.
_ 4 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა ასს გადასცდა, დაჭერები გრძელდება, რას იტყვით ამის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ეს არის ძალიან მძიმე რეალობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საზოგადოებაში იწვევს მძიმე განწყობას. ეს საგარეო ფაქტორებზეც დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც გამოიხატება თუნდაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებით, აისახება ადამიანების სურვილებზე, ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან ეკონომიკური, თუნდაც ტურისტული კუთხით. მეორე მხრივ, ეს არის ადამიანური ტრაგედიები, მსხვერპლი, რომელსაც კონკრეტული ოჯახები იღებენ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობა პირიქით იზრდება. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ შედარებას ბელარუსთან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი განსხვავებულია, აქ ხალხის გაჩუმება არ გამოვა არანაირად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდებით. ბევრი ოჯახისთვის, მათ შორის, ვისი ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია, თუნდაც უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნება უზარმაზარი დარტყმა.
_ ირაკლი კობახიძე აშშ-ს მოუწოდებს: „კეთილი ინებოს და დაამტკიცოს, რომ „დიფ სტეიტის“ გავლენით არ მოქმედებს და დაგმოს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა“. რას იტყვით ამაზე? ამასთან, „ოცნების“ ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ არცერთმა ქვეყანამ არ დაგმო თბილისში ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რას იტყვით ასევე ელჩების დაბარებაზე?
_ ჩვენ გვესმის ისევ აგრესიული რიტორიკა ევროპისა თუ აშშ-ის მიმართ. ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად და ტენდენციად იქცა. ელჩებზე ზეწოლა, დამადლება, რომ მათ ჯერ აძევებენ ქვეყნიდან, ამავდროულად განცხადებები იმაზე, თითქოს ასე „დაალაგებენ“ ურთიერთობას ვინმესთან.
ყველას კარგად ესმის, რომ რაც უნდა მუშტი ვირტყათ მკერდში, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დამოუკიდებლად შევძლებთ ყველაფერს, არავის დახმარება არ გვჭირდება,_ ეს ასე არ არის. გეოპოლიტიკური ვითარება იმგვარია, რომ გარე ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის ნიველირება ვერანაირად მოხდება, მით უმეტეს, როდესაც ხარ მცირერიცხოვანი ქვეყანა, მათ შორის, ისეთი პრობლემით, როგორიც არის რეგიონების ოკუპაცია. სხვა ქვეყნების პოზიციების ნიველირებას, მათი დამოკიდებულების უგულებელყოფას დიდი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ. აშშ-ც ანგარიშს უწევს ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესს, ასეა ყველა დიდი ქვეყანა და ჩვენ როგორ შეიძლება, დასავლელი პარტნიორების აზრი არ გვაინტერესებდეს? ამიტომ ეს შებრძოლება ცივილიზებული მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან არაფერს კარგს არ მოგვიტანს. ამ დროს რუსეთს არ აკრიტიკებენ, პირიქით, პერიოდულად შექებას იმსახურებს რუსეთიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ე. წ. ადგილობრ არჩევნებთან დაკავშირებით მილოცვებიც მიიღეს. 4 ოქტომბრის შემდეგ მთლად გაგულისებულები არიან, მოითხოვენ 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას, ყველას ლანძღავენ, ყველას ადანაშაულებენ, „კრიმინალის მფარველებად“ მოიხსენიებენ და გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობას არავინ ახალისებს, მაგრამ უნდა ესმოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც ხარ ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიულად არ მიგიჩნევენ, არც ლეგიტიმურად გცნობენ, პრაქტიკულად, მითუ მეტეს, არავის უღიარებიხარ, შესაბამისად, ეჭვები ძალიან მაღალია, როდესაც ასეთი მოვლენები ხდება, რომ შეიძლება ეს იყოს ხელისუფლების მიერ წახალისებული, პროვოცირებული. ერთი ხელის გაშვერით არავინ დაადანაშაულებს ოპოზიციას, ან სამოქალაქო სექტორს, რომ მათ რაღაც ძალადობა მოაწყვეს. კარგად იციან, რომ ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ნიშნული დაბალია და ხელისუფლება სწორედ რეპრესიებით ცდილობს დაიმორჩილოს პროცესები, იქ თვითონ ხელისუფლება აწყობს ასეთ პროვოკაციებს ან ასეთ ხაფანგებს აგებს, რაც ვნახეთ 4 ოქტომბერს.
ამიტომ არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ტიპის ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს, როგორიც დღეს „ქართული ოცნებაა“, იშვიათად თუ მოისმენს ვინმე. თუმცა იმაზე, რომ ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან, ამაზე განცხადებები იყო, „ოცნების“ ხელისუფლების ძალიან მწვავე კრიტიკასთან ერთად, რაც ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. შესაბამისად, ძალადობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა გააძლიერო დემოკრატია. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ თითქმის ერთი წელი მიმდინარეობს პროტესტი და არავის უცდია კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა. ის ხალხიც, ვინც 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, ყოველთვის კანონიერ მეთოდებს უსვამდა ხასზს და მერე რა მოხდა, ეს გამოჩნდება აუცილებლად, ეს არ დაიმალება. მაგრამ ამის გამო შენ ლანძღო ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ვინც არის ჩვენი იმედი, რომ მარტო არ დავრჩეთ რუსეთის პირისპირ, ეს არის დიდი მავნებლობა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ ძალიან მკაფიო და ნათელია, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ არ განვიცადოთ იმგვარი რეგრესი, რაც ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვხევს. ამიტომ არის საზოგადოებაში მოთხოვნა, რომ სწორედ ახალმა საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანოს თავად ჩვენი საზოგადოების მაღალი ოპტიმიზმი და პოზიტიური ენერგია.
ეს იქნება სინქრონში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და დემოკრატიულ საზოგადოებასთან, რომელიც ისევე დაუდგება გვერდით საქართველოს, როგორც უდგას გვერდით მოლდოვას ქვეყნის ევროპეიზაციის ძალიან მშვიდობიან გზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის, რომელიც დღეს ჩართულია ასეთ უთანასწორო ბრძოლაში, მისი პერსპექტივებიც ძალიან მაღალია, რომ ეს რკალი გაარღვიოს და იმედია, მალე ისიც გახდება ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს აქვს კარგი პერსპექტივა სამომავლოდ, თუ მას ეყოლება სათანადო ხედვისა და პოლიტიკური ნების ხელისუფლება, რომელსაც ხალხი აირჩევს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ნება-სურვილზე და იქნება ორიენტირებული, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს.
ჯერჯერობით სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ, მაგრამ ყველა კრიზისული დღე და პერიოდი ამასთანავე ბადებს ახალ ენერგიას, ოპტიმიზმის ახალ ტალღას, ახალ ლიდერებს აჩენს და ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, 4 ოქტომბრის შემდეგ მეტია ყველას პასუხისმგებლობა: პარტიების, საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების, ყველასი, რომ თუკი რამე შეცდომაა, არასწორად მოხდა, ამის დაშვება არ შეიძლება.
რაც მთავარია, ფრაგმენტაცია დღეს ძალიან დამაზიანებელია საზოგადოებაში, მით უფრო პოლიტიკურ სპექტრში და მაქსიმალური კონსოლიდაციაა საჭირო.
რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, საქართველოს მიმართ სენტიმენტები ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ არსებობს რეზერვი იმისა, რომ საბოლოოდ არ ჩაგვეხსნას დემოკრატიული სამყარო და არ მიგვიჩნიონ ქვეყნად, რომელსაც ამ მიმართულებით არაფერი ეშველება. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული საკითხიც, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ეხება, თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერებას იმის გამო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომ ასეთი პრობლემებია ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესისა და ა. შ. იმისათვის, რომ ეს არ იყოს მტკივნეული და დიდი დარტყმა არ მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, მის მოქალაქეებს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ამისთვის ევროკავშირი გეგმავს, ისეთი ნაბიჯები გადადგას და ეს არის ევროპარლამენტთან შეთანხმებული, რომ სანქციები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ჩვენს მოსახლეობაზე სრულად, არამედ შეეხოს იმ ადამიანებს _ ჩინოვნიკებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პროპაგანდისტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ეს დამოკიდებულების გამოხატვაა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მიმართ, ამ ბრძოლის მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. და არა ის, რომ „ქართული ოცნება“ მისი ელიტის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლად ასაღებს. ეს ასე არ არის. ეს არის ის მეთოდები, რომლიაც ცდილობენ დაგვეხმარონ, რომ გადავარჩინოთ ამ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება. სწორედ დემოკრატიული ცვლილებებია ამ ქვეყანაში საჭირო, რომ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც კარგად ესმის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე, რა არის პრიორიტეტი და რა სურს მის საზოგადოებას, ხალხს _ ხელისუფლების მთავარ წყაროს.