QronikaPlus
თაზო დათუნაშვილი: „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივანიშვილი ძალაუფლებას აბარებს რუსულ სპეცსამსახურებს“

თაზო დათუნაშვილი: „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივანიშვილი ძალაუფლებას აბარებს რუსულ სპეცსამსახურებს“

2025-04-30 12:06:20

ირინა მაკარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი:

_ ბატონო თამაზ, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში მართავს შეხვედრებს. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკს შეხვდა, რა დროსაც ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიულ დღის წესრიგზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. „ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, _ აცხადებს ის. რა უთხრეს დავითაშვილს, ამ საკითხზე ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, რომლებიც აშშ-ში მსოფლიო ბანკთან შეხვედრებზე ჩავიდნენ. ნიშნავს თუ არა ეს აშშ-ის ახალ დეპარტამენტთან ურთიერთობის გადატვირთვის დაწყებას, როგორც ამას „ოცნება“ ასაღებს? რას იტყვით ამ შეხვედრის შესახებ?

_ ეს ვიზიტი იყო ჩვენს კრედიტორებთან, გაიმართა ასევე შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც, დიდი ალბათობით, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა „ოცნების“ ვიცე-პრემიერს კიდევ ერთხელ გადასცეს მკაცრი შეფასებები. შეხვედრა გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკთან, ვისზედაც კახი კალაძე უშნოდ ხუმრობდა, _ თანაშემწის მოადგილე რა თანამდებობაა, ეს რა უბედურებააო?.. ჯოშუა ჰაკი არის ის ადამიანი, რომელმაც 2024 წლის ივლისის ბოლოს საგარეო ქვეკომიტეტის მოსმენაზე დააფიქსირა ზუსტად ისეთი პოზიცია, როგორიც აქვს აშშ-ის ოფიციალურ ხელისუფლებას საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ, _ რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქართველი ხალხის არჩეული გზიდან... არ მგონია, ამ ადამიანს შეხედულებები შეეცვალა და სხვა რამე ელაპარაკა „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერთან, რომელიც მაშინაც ამ პოსტზე იყო და მონაწილეა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში, რომლითაც არის დაკავებული „ქართული ოცნება“. არ მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო რაიმე სახით გადატვირთვაზე საუბარი. ეს შეხვედრა ცალსახად იქნებოდა იმ დამოკიდებულების გამოხატვა და იმ მოთხოვნილებების წამოყენება შეერთებული შტატების მხრიდან, რაც აქამდე იყო გაწერილი საქართველოს მიმართ. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არ არის ის სიგიჟეები, რასაც „ქართული ოცნება“ ტირაჟირებს და კვებავს თავის ამომრჩეველს. შეერთებული შტატების მოთხოვნები ემთხვევა საქართველოს მოსახლეობის მთავარ ინტერესებს, რომ საქართველო დარჩეს ევროატლანტიკური ასპირაციების ქვეყანა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი იმისთვის, რომ საქართველო გამყარდეს ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტრის წინააღმდეგ _ ეს არის რუსეთის ფედერაცია. „ბანანის რესპუბლიკის“ ფორმულირებაა, _ რადგან ადმინისტრაცია შეიცვალა, შეერთებული შტატები შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არადა, იგი ქცევას არ ცვლის, საკუთარ მოქალაქეებს აწამებს, უარს ამბობს ევროკავშირზე, უარს ამბობს ყველა იმ ინტერესზე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს დევნის უკვე კანონით. როდესაც ეს ქცევა არ იცვლება, დამოკიდებულებები არ იცვლება, ეს რაღაც შუა საუკუნეების გეოპოლიტიკური მიდგომებია და შეინახონ თავისთვის, გაუზიარონ ერთმანეთს, რადგან ამის არავის სჯერა.

_ დავითაშვილის განცხადებაში საუბარი არის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე. მისივე თქმით, „ისაუბრეს ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, დაფინანსების საკითხებზე“. სახელმწიფოსთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი იყო და ეს ურთიერთობა დაანგრიეს, ახლა სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბარი რამდენად შეიძლება მიღწევად შეფასდეს?

_ ეს არის ოპტიკური ილუზია. ესენი არიან ტოტალურ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში, მათ ცივილიზებული სამყარო არ ელაპარაკება. საქართველოს დელეგაცია იყო მსოფლიო ბანკში ჩასული, რომ კრედიტორებთან ელაპარაკათ. მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდში ამ ხალხს, რა თქმა უნდა, მიიღებენ, დაელაპარაკებიან იმაზე, როგორ იხდიან ვალებს. რაც შეეხება ჯოშუა ჰაკთან შეხვედრას, მან დიდი ალბათობით უთხრა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაში, რომელთანაც აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა, ამ ფორმითა და ამ დინამიკით არაფერი უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა. გარეთ ისევ ხალხი დგას, 150 დღეზე მეტია, პროტესტი მძვინვარებს. ამიტომ ტყუილია, რომ შეერთებული შტატები მაკიაველისტურად იცვლის ასე დამოკიდებულებას ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, ქვეყანაში ამყარებს რუსული ტიპის პროვინციულ დიქტატურას. ასეთ ქვეყნებთან შეერთებული შტატები დამოკიდებულებას არ ცვლის, განსაკუთრებით ისეთი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელიც „ჰესბოლასა“ და „ჰამასთან“ ერთად ჩნდება, სადაც გაჰკივიან: „სიკვდილი ისრელსა და ამერიკას!“

_ გასულ კვირას იყო ასევე ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა, როგორც „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის მაჩვენებელს. ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვდა ოპოზიციასაც, თუმცა თავიდან არ იყო განსაზღვრული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ძალამ (კოალიცია ცვლილებებისთვის) საერთოდ უარიც კი თქვა ამ შეხვედრაზე. თქვენი წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას. რას იტყვით კონკრეტული ვიზიტის შესახებ?

_ ეუთოს დასკვნაზე დაყრდნობით არჩევნებთან დაკავშირებით დადგა ეს პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ცივილიზებული საყარო არ აღიარებს „ქართულ ოცნებას“, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. დაყრდნობა მოხდა ძირითადად ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომ არჩევნები ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში, ამ არჩევნების დროს ამომრჩეველზე ძალადობდნენ, ადმინისტრაციულ რესურსებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყენებდნენ და ა. შ. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი ლეგიტიმაციას ვერ ქმნის, მაგრამ ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის საფუძველი, რასაც ემყარება დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების ცივილიზებული სამყაროს მიერ. ასეთი ვიზიტები, დიდი ალბათობით, შეიძლება  გაეროდანაც, ეუთოდან და მსგავსი ორგანიზაციებიდანაც ვიხილოთ მომავალში. ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ახლად დანიშნულია ამ თანამდებობაზე, იგი იყო მოსკოვშიც, მაშინაც კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ მაინც ჩავიდა, აქაც ჩამოვიდა, ლაპარაკობს ეუთოს გენერალური მდივნის გლობალური მანდატის ფარგლებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, _ საქართველოს ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა, ბრიუსელში იყვნენ? ვაშინგტონში იყვნენ? პარიზში, ლონდონში ბერლინში, მადრიდში იყვნენ? არ იყვნენ. სადმე დაუძახეს? _ არა! რომელიმე ეს ქვეყანა ახალ ელჩს ნიშნავს? _ არა. ამიტომ ყველაფერი ნათელია. ძალიან უბადრუკი არის ეს პროპაგანდისტული მცდელობა, რომელიც მახსენებს საბჭოთა კავშირის 70-იანი წლების პროპაგანდას, რომ რეალურად სხვა მიზნებით შემდგარი შეხვედრით ცდილობენ ისინი ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნას. ძალიან უსუსურ მდგომარეობაში წარმოაჩენს ეს ხელისუფლებას.

_ გკითხავთ „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, _ რეალურად რას ემსახურება ეს კომისია? ვხედავთ, რომ მისი „მუშაობის“ შედეგად უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიბარეს პროკურატურაში და სოლიდური ჯარიმები დააკისრეს. გიორგი გახარია იყო ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ კომისიაზე მივიდა, თუმცა ვნახეთ, როგორც ცდილობდნენ მის უცხოეთის აგენტად და სხვა ქვეყნის დავალებების შემსრულებლად წარმოჩენას. ამის შესახებ რას იტყვით?

_ ეს საგამოძიებო კომისია სინამდვილეში არ არსებობს. საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი. ის ხალხი, რომელიც იქ ზის, არის უზურპატორი. მეორე _ ეს კომისია არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი, მასში არ არის ოპოზიციური წარმომადგენლობა, შესაბამისად, ეს კომისია არ ნიშნავს არაფერს, უბადრუკია, მაგრამ, ამავე დროს, ბოროტი. მისი მიზანი არის რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა, სადაც საქართველო გამოჰყავთ აგრესორად, ქართველი გმირები _ უაზროდ დაღუპულ ადამიანებად. საქართველოს ღირსებას, ჩვენს ეროვნულ იდენტობას აფურთხებენ სულში, _ ეს არის ამ კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამავე დროს, მიზანი არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. გახარიას იქ მისვლა იყო შეცდომა, დიდი პოლიტიკური მიქარვა. არაფერი იქიდან კარგი არ გამოიტანა, ეს მხოლოდ მას აზიანებს, ჩვენ არ გვაზიანებს. ჩენი კოალიციის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პირველები იყვნენ, რომლებიც გახდნენ ამ პოლიტიკური დევნის ობიექტები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კომისიას, იქ არ მივედით და ამით არ მივეცით საკვები პროპაგანდას. იქიდან გამომდინარე, რომ არავინ მივიდა გახარიას გარდა, ამ კომისიის დრამატურგიული შესაძლებლობები უკვე ამოწურულია და ვერაფერს ახალს ვეღარ გავიგებთ. შეუძლიათ, ჯონდი ბაღათურია მეორედ დაიბარონ და მას ესაუბრონ.

_ ამ კომისიის პირველი გაცხადებული მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა. აღსანიშნავია, რომ თან წინასწარ აცხადებდნენ შედეგს, რაც უნდა გამოძიებით დამდგარიყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ესეც არ არის შესაძლებელი და გადადეს ენმ-ს აკრძალვა. ამის შესახებ რას იტყვით?

_ რეალური ვითარება ასეთია: ხელისუფლება უზურპირებული აქვს  პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აღარავითარი ელექტორალური საყრდენი აღარ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპული, ყველას უნდა ევროპული განვითარება. ამას ადასტურებს „ქართული ოცნების“ უკანასკნელი საარჩევნო კამპანიაც, რომელიც დაყრდნობილი იყო „ღირსებით სვლაზე ევროპისკენ“, მაგრამ დღეს ესეც აღარ არსებობს. მათ ღიად თქვეს, რომ არიან პრორუსები, ანტიდასავლეთელები. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ახლა რაღაცას ფაფხურობს. ელექტორალური საყრდენი რომ აღარ გააჩნიათ, ამიტომ ცდილობენ, რომ დაამყარონ ავტოკრატია. ავტოკრატიის დამყარება ამ ქვეყანაში მარტივი რამე არ არის, ამიტომ რაღაც სიგიჟეს ამბობენ, მერე უკან იხევენ, რადგან ხვდებიან, რომ ასეთი რამე არ გამოვა. პარტიების აკრძალვა არ გამოუვიდათ, რადგან ეს ველურობა არის, შესაბამისად, უკან დაიხიეს.

_ უწყვეტ პროტესტზე რას იტყვით?

_ რომ ამბობენ, 500 კაცი დგას რუსთაველზეო, 300 კაცი დგას, რატომ დასდევენ ამ ხუთას და სამას კაცს? რატომ აჯარიმებენ? 5000-ლარიან ჯარიმას რატომ უწერენ? ციხეში რატომ სვამენ? რაღაც კანონებს რატომ იღებენ, რომ რაღაც ფორმით აქციები შეზღუდონ? 452 კანონი მიიღო ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა. ამ კანონების აბსოლუტური უმრავლესობა არის მორგებული იმაზე, რომ სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა კომპონენტი პროტესტისა შეზღუდონ. მთელი მათი ძალაუფლება მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროტესტი მოკლან. რატომ? იმიტომ, რომ ეს ვითარება, კრიზისი ძალიან მყიფედ ამყოფებს მათ, ძალიან მოწყვლადებს ხდის. იციან, რომ ნებისმიერი პატარა ნაპერწკალი მოიტანს იმას, რომ ისინი გაქრებიან. აქ არავინ ლაპარაკობს ძალადობაზე. ამ ხალხს არაფერი მსგავსი ძალადობისა არ დასჭირდება, _ როგორც ხუხულა, ისე ჩამოიშლებიან. რატომ იჭერენ გოგოებს, რატომ ეძახიან საგამოძიებო უწყებაში, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ცრუმოწმესო? იმიტომ, რომ სხვა ცრუმოწმეებს აჩვენონ, აქეთ დასჯიან ადამიანებს, ვინც მათ რამეს ეტყვის. მათ სხვა არაფერი დარჩათ, მოსატყუებელიც კი აღარ აქვთ, ამიტომ ძალადობენ. ეს ყველაფერი მათ ამყოფებთ ძალიან რთულ მდგომარეობაში _ პანიკურ შიშებში არიან და პანიკურად მოქმედებენ. ამიტომ არის, რომ ვიღაცებს სცემენ აქციაზე, როცა ამის საშუალება აქვთ, _ ნერვები აღარ ჰყოფნით. კაცი, რომელმაც გოგოს თმა დემონსტრაციულად მოქაჩა, აიღეს და შს მინისტრის მოადგილედ (როლანდ მესხი) დანიშნეს. არ ვიცი, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, მაშინაც კი „ტეხავდა“ გოგოსთვის თმის მოქაჩვა, უბრალოდ, სირცხვილი იყო. ასეთ ვითარებაში არიან, პავლიკა მოროზოვებს ქმნიან, რომ ამ ხალხს _ შეშინებულ ძალოვნებს, შეშინებულ დეპუტატებს, აცახცახებულ მოსამართლეებს, გასაცოდავებულ პროკურორებს აჩვენონ, რომ რაღაც ფორმით ძალაუფლებას ისევ ინარჩუნებენ.

_ რაც შეეხება უწყვეტი პროტესტის მოთხოვნებს, უნდა შეიცვალოს თუ არა აქამდე არსებული მოითხოვნები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და როგორ უყურებთ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლს? 

_ სამოქალაქო აქტივისტების წინაშე ვიხრი ქედს იმ გაუტეხელობისთვის, რომლითაც ისინი იბრძვიან. აგერ უკვე უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 150 დღეზე მეტი გავიდა. რაც შეეხება მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რომელსაც აფიქსირებენ სამოქალაქო აქტივისტები, აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა. ძალაუფლება ხელში აქვს უზურპატორს და უზურპატორი უნდა წავიდეს. ჩვენ პოლიტიკური პარტიები ვართ და პოლიტიკური გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამ კრიზისიდან. პოლიტიკური გამოსავალი არის ახალი არჩევნები. ამ ახალ არჩევნებს წინ მთავრობის გადადგომა დაუდგება, თუ მთავრობის გაქცევა, ეს სულერთია, მთავარია, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს ახალი არჩევნების გზით. მე თუ მკითხავთ, „უნდა გადადგეს!“ რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, მაგრამ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ვითხოვთ ახალ არჩევნებს. მე ვიცი, რომ სამოქალაქო აქტივისტებს რაღაც პრეტენზიები აქვთ პარტიებთან, მაგრამ პარტიები მუშაობენ ამ კრიზისის პოლიტიკურად გადასაჭრელად. ჩვენ ვსხედვართ სხვა პარტიების გვერდით შეხვედრებზე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციით იმართება. ეს ფორმატი პროტესტის მხარდამჭერია, პროტესტს მხარდამხარ მიჰყვება, მაგრამ ის, რომ ავანგარდში არიან სამოქალაქო აქტივისტები, ეს ძალიან სწორია. ამ სამოქალაქო აქტივისტებს შესწევთ ძალა, უნარი, ტემპერამენტი, ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ეს პროტესტი იყოს წარმატებული. როდესაც რაღაც პროცესი სწორად მიდის, არ ვიცი, იქ რაღაცები რატომ უნდა შეცვალო? რაც უნდა ილაპრაკოს ვინმემ, რაც უნდა ფრუსტრაცია ჰქონდეს, ეს კარგი პროცესია. რომელი პროტესტი გახსოვთ უახლეს ისტორიაში, რომელიც 150 დღე უწყვეტად გრძელდებოდა? ყველაფერი კარგად, სწორად მიდის. ასე რომ არ იყოს და ეს პროტესტი „ქართულ ოცნებას“ პრობლემას არ უქმნიდეს, მაშინ გაიყურსებოდა, არაფერს გააკეთებდა, ახალი უსამართლობებით პროტესტს აღარ გამოკვებავდა. საქართველოში ხალხი უსამართლობას ვერ იტანს, როდესაც ვიღაცას სცემენ იმ აქციაზე, მეორე დღეს მეტი მიდის...

_ ადამიანები ციხეში არიან, სხვებს კოლოსალური ჯარიმები აქვთ, თქვენ პარლამენტის ბოიკოტში ხართ, ხელისუფლების წარმომადგენლები _ სანქციების ქვეშ, ეს ვითარება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

_ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული, _ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და ქვეყანა არ გარდაიქმნება, არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები, ეს იდიოტური კანონები არ გაუქმდება, წავალთ ბრიუსელში და განვაახლებთ მოლაპარაკებებს. წავალთ ვაშინგტონში და თავიდან მოვაწერთ ხელს სტრატეგიულ პარტნიორობას. დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ხელისუფლებას სანამ არ შევცვლით, ახალ არჩევნებს სანამ არ დავნიშნავთ, მანამდე ეს პროცესი ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება ეჩვენება, რომ დიდი ხანია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ წინააღმდეგ ვიღაცა ვულგარული ალუდა ღუდუშაურები და უინტელექტო, ცარიელი ზარქუები კი არ არიან, ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის რუსეთის დაზვერვა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიურო, რუსეთის სამხედრო დაზვერვა, „გრუ“, „ეფესბე“ და ა. შ. ჩვენი ისტორიული მტერი გვებრძვის, რომელიც არ არის სუსტი. რუსები ისეთი ძლიერები არ არიან, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს, მაგრამ სუსტებიც არ არიან. ამ მტერთან ბრძოლაში ჩვენ გამოცდილები ვართ, თავდადებულები ვართ, ბევრი რამე გვინახავს. იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ. არის დღეები, როდესაც ვკამათობთ, ვხუმრობთ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი განვითარება; არის დღეები, როდესაც მეტი ოპტიმიზმი გვაქვს, მაგრამ ერთი რამე არ იცვლება, _ არავის თავში აზრად არ მოსდის ის, რომ ამ პროცესის საბოტირება მოახდინოს ან ისაუბროს მის დამთავრებაზე. ვიღაცას უფრო სწრაფად უნდა ამ პროცესების განვითარება, ვიღაცა ხვდება, რომ ძნელი და რთული პროცესია, მაგრამ ფაქტი ერთია, _ ხალხი არ ნებდება. ის უსამართლობა, რაც ხდება ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტ ხალხს განაწყობს პროტესტისთვის. ეს პროცესი რაც მეტხანს გაგრძელდება, მით უფრო ღრმა იქნება ეროზია, რომელშიც ქვეყანა შევა. ამიტომ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ...

_ თქვენ ახსენეთ რეჟიმის ეროზია. ამ კონტექსტში გკითხავთ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისა და პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ, ასევე მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები „ოცნების“ მთავრობაში. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ეროზიის მთავარი ნიშანი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მართავს სპეცსამსახურები. კობახიძე არის რუსული სპეცსამსახურების პირდაპირი პროდუქტი, შესაბამისად, ივანიშვილიც აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც მას მთლიანად უწევს ნდობა რუსული სპეცსამსახურების კლანის მიმართ. ის ხალხი, ვისაც ივანიშვილი ენდობოდა, ღარიბაშივილი, ლილუაშვილი და ეს ე. წ. „ქართუს“ გუნდი, კობახიძემ ყველა მოიშორა, ყველას იშორებს რუსული სპეცსამსახურების პატრონაჟის ქვეშ მყოფი კლანი.

_ ამით, პირიქით, რეჟიმის გაძლიერება ხომ არ ხდება?

_ არა, ასეთ კლეპტოკრატიულ სისტემებში ივანიშვილის მსგავსი ხალხი დგას ბალანსზე მხარეებს შორის. ივანიშვილი ბალანსის კაცია. მას ეს კლანები იმისთვის სჭირდებოდა, რომ ეს ძალები დაებალანსებინა. ახლა ბალანსის დრო აღარ აქვს, ახლა მას ძალიან მყიფედ აქვს ვითარება და ცდილობს ავტოკრატიის დამყარებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ძალაუფლებას აბარებს რუსულ სპეცსამსახურებს. მართლა გგონიათ, რომ ღარიბაშვილი თავისი ნებით სადღაც წავიდა? ან ქარსელაძემ განცხადება მართლაც დაწერა? ან ლილუაშვილი თავისით ჩამოშორდა სისტემას? ყველა გაუშვეს ლილუაშვილის სამსახურიდან: დეპარტამენტრის უფროსები, სამმართველოს უფროსები... აბსოლუტურად ყველას უშვებენ, ვინც ლილუაშვილთან დაკავშირებული იყო. არ ვამბობ, რომ ისინი უკეთესები იყვნენ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილს უწევს კომპრომისზე წასვლა, _ თავის ხალხს აშორებს პროცესს და ერთი კლანის ხელში ახდენს ძალების კონსოლიდაციას, _ კაცის, რომელიც არის რუსული სპეცსამსახურების პროდუქტი.

გაზიარება