ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 09:30:27
მიხეილ ხაჩიძე
პალესტინელი ტერორისტი ჰამზა ასფა, რომელმაც რეიმთან ახლოს 7 ოქტომბერს ბომბსაცავში ყუმბარები შეყარა, განადგურებულია! ტერორისტი ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში თავდასხმის შედეგად მოკლეს. შემზარავ ვიდეოში, რომელიც 7 ოქტომბერს არის გადაღებული, კარგად ჩანს, რომ ტერორსტი ყუმბარებს ბომბსაცავში ისვრის, იქ სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სარაკეტო განგაშისას თავს აფარებდნენ. ამავე კადრებში ჩანს ისრაელის გმირი _ ანერ შაპირა. ეს ის გმირია, რომელიც ტერორისტის მიერ შეყრილ ყუმბარებს შიშველი ხელით იჭერს და გარეთ ყრის. გმირმა ანერმა 7 ყუმბარა გადაუგდო უკან ტერორისტს, მერვემ კი იმსხვერპლა. ამის შემდეგ ტერორისტებმა ბომბსაცავში მყოფი ადამიანებიდან ბევრი ადგილზე დახვრიტეს, ბევრი ტყვედ წაიყვანეს და ტყვეობაში დახოცეს.
„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე კიბუც რეიმთან სწორედ იმ ბომბსაცავში იმყოფებოდა, სადაც ანერ შაპირას გმირობა დაიბადა და ემოციებსა და შთაბეჭდილებებს მოგვიყვება.
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ანერ შაპირას არასოდეს უოცნებია გამხდარიყო ტრაგიკული გმირი. ის იყო შემოქმედებითი ადამიანი _ მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და მწერალი. გარდაცვალების შემდეგ იგი მსოფლიომ გაიცნო. მის რვეულებსა და კომპიუტერულ ფაილებში ინახება გმირის ნამუშევრები, რომლებითაც სავსეა სახლი. მაგრამ შაპირამ სიცოცხლეში ვერასოდეს შეძლო ამის ჩვენება მსოფლიოსთვის. „თუ მოვკვდები, გამოაქვეყნე“, _ სწერდა ის ოჯახს და 7 ოქტომბერს, მისი გმირული დაცემის შემდეგ, ოჯახიც სწორედ ამას აკეთებს, მუშაობს არა მხოლოდ ანერის გარდაცვალების დეტალებზე, არამედ მისი ცხოვრების ისტორიის შესახებაც: სიმღერების ალბომი გამოვიდა მისი დაღუპვიდან თვეების შემდეგ, მეორე კი გზაშია და მალე გამოვა.
***
ანერ ელიაკიმ შაპირა დაიბადა და გაიზარდა იერუსალიმში ღრმა სიონისტური ფესვების მქონე ოჯახში. მოშესა და შირას შვიდი შვილიდან იგი უფროსი იყო. ის დაიბადა ებრაული ადარის თვის 17-ს, რომელიც ასევე იყო მისი ბაბუის _ ჰაიმ-მოშე შაპირას დაბადების დღე, რელიგიური სიონისტური პარტია „მიზრაჰის“ ერთ-ერთი ლიდერი და ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. შემაშფოთებელია დამთხვევა: მისი დიდი ბაბუა მძიმედ დაშავდა ქნესეთის შენობაში შეგდებული ყუმბარის შედეგად იმავე თვეში, როდესაც ანერი, 67 წლის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ყუმბარამ მოკლა.
ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო ანერი, როდესაც ქმნიდა და წერდა. იმ ადრეულ წლებში ის წერდა მოთხრობებს და არა სიმღერებს. რვეულების გროვა სავსეა ფანტაზიითა და ზღაპრებით ურჩხულებისა და დრაკონების შესახებ, ცოცხალი ილუსტრაციებით. ის ასევე სწავლობდა კლასიკურ მუსიკას და უკრავდა ფორტეპიანოზე ექვსი წლის ასაკიდან, ეცნობოდა დიდი კომპოზიტორების შემოქმედებას.
მოგვიანებით, ადრეული მოზარდობის პერიოდში, ანერმა დაიწყო შემოქმედებითი წარმოსახვის შერწყმა მის მუსიკალურ ნიჭთან. სწორედ ამ დროს იპოვა გზა ჰიპ-ჰოპისა და რეპის სამყაროში. ანერმა აღმოაჩინა, რომ ეს მუსიკალური ჟანრი, თავისი მტკივნეული სოციალური თემატიკით, მისი ორგანული ნაწილი იყო.
ანერის გმირობა
2023 წლის 6 ოქტომბერს, სიმხატ თორას წინა დღეს, 22 წლის ანერი _ მაშინდელი ჯარისკაცი „ნაჰალის“ ბრიგადის ორევის ასეულში, სახლში დასასვენებლად დაბრუნდა. საოჯახო სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ ის შეუერთდა მეგობართა ჯგუფს, მათ შორის, მის უახლოეს მეგობარ ჰერშ გოლდბერგ-პოლინს და გაემართა ნოვას ფესტივალზე, რომელიც იმართებოდა კიბუც რეიმთან ახლოს. როდესაც ტერორისტების შეტევა დაიწყო, მას დაურეკა ჯარის მეთაურმა: _ ომია, სწრაფად მოდი! ანერმა შეკრიბა თავისი მეგობრები და მათ დატოვეს ფესტივალი, მაგრამ შემდეგ ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვნენ გზაზე, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, როგორც „სიკვდილის გზა“.
რამდენიმე საათის შემდეგ პანიკაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების უმეტესობა მოკლეს. სამი მათგანი, მათ შორის, მისი კარგი მეგობარი ჰერში, რომელიც ყუმბარით დაიჭრა, ღაზის სექტორში ტყვედ წაიყვანეს.
მაგრამ მანამდე, როდესაც ისინი შიშისგან პატარა სივრცეში იყვნენ შეკრებილები, სადაც სროლისა და არაბულ ენაზე ყვირილის ხმები ესმოდათ, გააცნობიერეს, რომ ეს არ იყო მხოლოდ საჰაერო თავდასხმა, ეს იყო ტერორისტების შემოჭრა ისრაელის ტერიტორიზე. ანერმა საკუთარ თავზე აიღო ბომბსაცავში შესულების გადარჩენა.
ის შესასვლელთან დადგა (ბომბსაცავს კარი არ აქვს) და
მარტივად აუხსნა შეშინებულ თანამოქალქეებს, რას აპირებდა, თითქოს რაღაც სრულიად რუტინულს აკეთებდა: როდესაც ტერორისტები ყუმბარებს შიგნით შემოყრიან, მე მათ დავიჭერ და უკან გადავყრი. თუ რამე დამემართება, ეს ჩემ ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს.
მოგვიანებით გავრცელებულ კადრზე გამოსახულია ხალხი, რომელიც მიწაზე წევას, ხელებით იფარავს თავს, ანერი კი ფეხზე დგას და ელოდება ყუმბარებს, რომლებსაც შიშველი ხელით იჭერს და ტერორისტებს უკან ესვრის.
მან მოახერხა შვიდი ყუმბარის უკან გადაგდება, მერვემ კი მისი სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ ტერორისტებმა ბომბსაცავში მყოფი ადამიანების უმეტესობა ადგილზე დახოცეს, ბევრი კი ტყვედ აიყვანეს, მათ შორისმ შაპირას მეგობარი ფერშ გოლდბერგ-პოლინიც, რომელიც 1-წლიანი ტყვეობის შემდეგ ღაზაში დახვრიტეს.
ანერ შაპირა დაკრძალეს 2023 წლის 13 ოქტომბერს სამხედრო სასაფლაოზე ჰერცის მთაზე. მისი სიკვდილის შემდეგ ხანუქის პირველი დადგომის დროს ისრაელელმა პოეტმა ზურ ერლიხმა გამოაქვეყნა ლექსი შაპირას ქმედებების აღსანიშნავად და ჰანუკას რვა სანთელი და დღეები დაუკავშირა თავშესაფარში შეგდებულ რვა ყუმბარას.
„ანერ შაპირამ... გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე და ის იმსახურებს საპატიო მედალს, როგორც ანგელოზი, რომელიც გვიცავდა“, _ დაწერა თავდასხმას გადარჩენილმა აგამმა „ფეისბუკის“ პოსტში ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ. სულ იმ ბომბსაცავში 7 ადამიანი გადარჩა, დანარჩენი ტერორისტებმა გამოასალმეს სიცოცხლეს ან ტყვედ წაიყვანეს.
თავშესაფარი _ იმედისა და გამძლეობის სიმბოლო
ბომბსაცავის თავშესაფარი დღესაც დგას. ის რეიმის გზაზე, პირდპაირ გაჩერების გვერდითაა. ოთახში იქ დაღუპული ადამიანების ფოტოებია, ანთია სანთლები, მოხატულია კედლები. ბომბსაცავი ისტროიას ინახავს, იმ მტკივნეულ ისტორიას, რომელიც იქ ახლახან, უახლეს ისტორიაში მოხდა. ეს არის უმძიმესი ისტორია, რომელიც აქ გაცოცხლებულია. ეს არის ის ტკივილი, რომელიც 30-მდე ისრაელელმა ამ ოთახში გამოიარა, თუმცა მთელი ისრაელისა და მსოფლიოს ტკივილად იქცა. ეს არის სივრცე, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტერორისტების შეუბრალებლობა. ყველაფრის მიუხედავად, ეს არის სივრცე გმირობის, გამბედაობისა და რწმენის შეხსენებისა. ეს არ არის დაჩოქილი ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ამაყად დგას და რომლის დნმ-შიც აბრაამის, ისააკისა და იაკობის სისხლი დუღს.
ისრაელი არა მხოლოდ გადარჩება, არამედ აყვავდება და წინ წავა. დიახ, ეს არის ქვეყანა, რომელიც გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ იგი წინააღმდეგობას ძალით, რწმენითა და ურყევი სულით უპირისპირდება.
ომი ღაზაში _ მიმდინარე ვითარება სექტორში
სწორედ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა წამოიწყო ომი ღაზის სექტორში ტერორისტების წინააღმდეგ. მას მერე ისრაელი ბევრ ფრონტზე იბრვის და იცავს თავსა და საკუთარ მოსახლეობას.
რამდენიმე კვირის წინ ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევა განაახლეს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შეჩერებული იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ მძევლების განთავისუფლებაზე უარი თქვა, სექტორში შეტაკებები განახლდა და გაძლიერდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით წინ წაიწიეს, დაიკავეს ე. წ. მორაგის დერეფანი, რომელიც მდებარეობს პალესტინის ქალაქებს რაფასა და ხან იუნისს შორის. ისრაელმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ბუფერული ზონა ღაზის საზღვრის გასწვრივ: განახორციელა 1000-ზე მეტი საჰაერო დარტყმა „ჰამასის“ სამიზნეებზე, გაანადგურა 40-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო დონის მეთაური; და აღმოაჩინა რამდენიმე ახალი გვირაბი.
ამჟამინდელი შეტევის მიზანია „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდა მძევლების განთავისუფლების მიზნით“ და ნიადაგის მომზადება ისრაელის გეგმისთვის „ჰამასის“ დამარცხების შესახებ“, _ განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს მორაგის დერეფნის მონახულებისას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები აქამდე არასდროს მოქმედებდნენ.
კაცმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს განახლებული ბრძოლების დროს „დიდი მიღწევები“ აქვთ, მათ შორის, რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ქალაქის ალყაში მოქცევის თვალსაზრისით.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს „მიღწევები“ ამ ეტაპზე „ჰამასზე“ გავლენას არ ახდენს.
დარჩენილი 59 მძევლის გასათავისუფლებლად ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა და, ამავდროულად, „ჰამასის“ ოპერატიული წევრები არ ებრძვიან ისრაელის ჯარებს ადგილზე.
ტერორისტული დაჯგუფება ასევე აგრძელებს მებრძოლების მოზიდვას და ცდილობს შეზღუდული იარაღის მარაგის შევსებას. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ტერორისტულ დაჯგუფებას, დაახლოებით, 20 000 აქტიური მებრძოლი ჰყავს, რაც ომამდე არსებული რაოდენობის ნახევარია.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა მზადაა, ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, მაგრამ დაჟინებით მოითხოვს თავისი მიზნების მიღწევას: ყველა მძევლის დაბრუნებას, „ჰამასისა“ და ღაზის სხვა ტერორისტული დაჯგუფებების განიარაღებას, „ჰამასის“ ლიდერების გადასახლებას და ახალი მმართველობითი სტრუქტურის შექმნას, რომელიც „ჰამასს“ არ მოიცავს.
და თუ ტერორისტული დაჯგუფება უარს იტყვის ისრაელის მოთხოვნების შესრულებაზე, ისრაელის თავდაცვის ძალები საბოლოოდ გამოიძახებს რეზერვისტების დიდ რაოდენობას „ჰამასის“ აღმოსაფხვრელად.
„თუ „ჰამასი“ უარზე დარჩება და მალე არ გაათავისუფლებს მძევლებს, ისრაელის თავდაცვის ძალები გადავა ინტენსიურ ბრძოლაში მთელ ღაზაში, სანამ მძევლებს არ გაათავისუფლებენ და „ჰამასი“ არ დამარცხდება“, _ თქვა კაცმა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც ზოგიერთი სამხედრო ჩინოვნიკი მიიჩნევს, „ჰამასი“ არასდროს დანებდება, რაც არ უნდა ძლიერად დაარტყას მას ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
18 მარტიდან დაახლოებით 250 000 პალესტინელი (ძირითადად რაფიდან) ევაკუირებულია ღაზის სექტორიდან, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა საბრძოლო ზონებად გამოაცხადა და მათ შორის ბევრი ტერორისტია. სამხედრო შეფასებით, ისინი ბრძოლაზე უარს ამბობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში მასშტაბური დარტყმები განახორციელა, სანამ 36-ე დივიზიის შემადგენლობაში მოქმედი 188-ე ჯავშანტექნიკისა და გოლანის ქვეითი ბრიგადის ჯარები პირველად შევიდოდნენ მორაგის დერეფნის ტერიტორიაზე.
მორაგის დერეფანი დაახლოებით 15 კილომეტრზე გაივლის, ისრაელის სასაზღვრო თემიდან სუფას სანაპირომდე, ეგვიპტე-ღაზის სასაზღვრო ზონაში მდებარე ფილადელფიის დერეფნის პარალელურად, რომელსაც ასევე აკონტროლებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
დერეფნის სრულად შექმნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები „რაფაჰას“ ხან-იუნისისგან ფაქტობრივად მოწყვეტენ.
სამხედრო ძალები რაფაჰის რაიონებში მოქმედებას გეგმავენ, რათა იქ დარჩენილი „ჰამასის“ ძალები დაამარცხონ, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვის წინათ განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „რაფაჰის“ ბრიგადა უკვე დამარცხებულია.
ამ დროისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებმა „რაფაჰასა“ და ხან-იუნისს შორის ტერიტორიაზე „ჰამასის“ რამდენიმე გვირაბი და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს.
საერთო ჯამში, სამხედროები ვარაუდობენ, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, მათ მთელ ზოლში „ჰამასის“ გვირაბების მხოლოდ 25% გაანადგურეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია „ჰამასის“ თავდასხმის გვირაბებსა და იმ გვირაბებზე, რომლებიც სამეთაურო ცენტრებად ან იარაღის წარმოებისთვის გამოიყენება (უმეტესობა განადგურებულია) და არა იმ მრავალრიცხოვან გვირაბებზე, რომლებსაც „ჰამასი“ ზოლში გადასაადგილებლად იყენებს.
თუმცა ვარაუდობენ, რომ „ჰამასი“, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები, ბევრად უფრო მასშტაბური ბრძოლისთვის ემზადებიან, რომელიც, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის ტერორისტული ჯგუფის მიერ დატყვევებულ, ჯერ კიდევ, 24 ცოცხალ მძევალს.