ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 09:09:43
შორენა მარსაგიშვილი
რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა? რისთვის დასაჯა მან გრიგოლ ლილუაშვილი? რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი არჩევნები და რატომ ენდობა მხოლოდ პოლიციელებს ოლიგარქი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე:
_ ბატონო მურმან, გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ხელისუფლება ამ სანქციებს ისევ არ იმჩნევს. ხომ არ დაკარგა ამ სანქციებმა აზრი?
_ აშკარაა, რომ საერთაშორისო სანქციები სერიოზულად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი დაასანქცირა. უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ ბრიტანეთიც აქტიურობს ამ მიმართულებით. ძალიან კარგია ეს სანქციები, მაგრამ ყველაზე მთავარი სანქცირება უნდა იყოს ქართველი ხალხისგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნებისთვის“ სანქციის დადება. თუ ქართველი ხალხი ვერ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მაშინ გარე ფაქტორები გადამწყვეტი ვერ აღმოჩნდება. გადამწყვეტი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ერთსულოვნება. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, რუსული ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმროს პოლიტიკურ მოუსავლეთში. მათი გასტუმრება დღეს მთავარი ამოცანაა.
არ ვიტყვი, რომ საქართველოში პროცესები მიდის ცუდად. მეხუთე თვეა, საქართველოში აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი დღისით და ღამით რუსთაველზე დგას. მნიშვნელობა არ აქვს, ქარია თუ წვიმა, მზეა თუ ყინვა, ეს ადამიანები ქუჩაში დგანან და პროტესტს გამოხატავენ. მათი შეშინება ვერც საშინელმა ძალადობამ და რეპრესიებმა შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს პროტესტი არა მხოლოდ დედაქალაქშია, არამედ რეგიონებშიც გამოდის ხალხი გარეთ. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ საპროტესტო აქციები ჩემს მშობლიურ ბათუმშიც იმართება. მართალია, დროში იჭიმება ეს ყველაფერი, მაგრამ შეშფოთებისა და სასოწარკვეთის საბაბი ნამდვილად არ გვაქვს. ახლა მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ თავზე აიღონ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა.
_ პოლიტიკურმა პარტიებმა რატომ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე?
_ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიებია საჭირო ხელისუფლების შესაცვლელად. აუცილებელია, რომ მათ შორის იყოს კოორდინაცია. ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკურ ძალაზე ვსაუბრობ და არა მათზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. ვისაც სურს, რომ სახელმწიფოს შინაარსში შევიდეს, ამ პროცესებში უნდა ჩაერთოს. ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა, ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. ქართულმა საზოგადოებამ ისინი ერთად უნდა დაინახოს და მათ ერთად უნდა გააკეთონ ერთობლივი განცხადება. ოღონდ შინაარსში ცოტა ცვლილება უნდა შეიტანონ.
_ რა შინაარსში უნდა შეიტანონ ცვლილება?
_ განცხადების შინაარსი უნდა შეიცვალოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვითხოვოთ ივანიშვილისგან ვადამდელი არჩევნები.
_ რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები?
_ იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებას, რომელსაც რაღაც შეცდომა მოუვიდა. ამ ხელისუფლებას შეცდომა არ მოსვლია. ამ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც ჩვენ ვადამდელი არჩევნების ნაცვლად ხელისუფლების გადაყენება უნდა მოვითხოვოთ. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც გავაკეთეთ 2003 წელს. ასე ვითხოვდით ჩვენ 2004 წელს აჭარაში ასლან აბაშიძის გადადგომას. აჭარაში, თითქმის, ყველა ორღობეში დავაწერეთ: „ასლან, წადი!“ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარწერების გაკეთება.
_ წარწერებიც უნდა გაკეთდეს?
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვას აქვს დიდი ძალა. ჯერ უნდა იყოს სიტყვა. ეს სიტყვა დაილექება ადამიანების ცნობიერებაში და აუცილებლად იმუშავებს. ამიტომ უნდა მოვითხოვოთ ამათი წასვლა. ვადამდელ არჩევნებს რაც შეეხება, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვითხოვოთ და ამას არ უნდა დავთანხმდეთ. ვთქვათ, დანიშნა ივანიშვილმა ვადამდელი არჩევნები, ჩვენ დავთანხმდით. ე. ი. მასთან შევდივართ ურთიერთობაში. გვინდა ჩვენ მასთან ურთიერთობაში შესვლა? მგონი, არა.
_ არჩევნები ვიღაცამ ხომ უნდა ჩაატაროს? სხვანაირად არ გამოვა.
_ საქართველოში არჩევნებს დანიშნავს ქართველი ხალხი. საქართველოში არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხი საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობიოთ. ეს იქნება სწორი გათვლა და სწორი მესიჯი საქართველოს საზოგადოების მიმართ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ხელახალ არჩევნებს არ ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნაა ამ მთავრობის გადაყენება. ჩვენ ასევე ვითხოვთ ცვლილებებს ქვეყანაში. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ამის საფუძველი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება.
_ ყველაში ვის გულისხმობთ, რაც კი პარტიებია საქართველოში?
_ ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, ყველა უნდა გაერთიანდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ნახევარ-პროცენტიანი იქნება თუ 10-პროცენტიანი. შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს პარტიებმა უნდა გააცნობიერონ. ასევე საჭიროა არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართვაც. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება.
_ ბევრი საუბარია ერთად დგომაზე, მაგრამ არ გამოდის. არ არის ეს მარტივი გასაკეთებელი.
_ არ არის მარტივი საქმე, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი იწილო-ბიწილოს. აღარ უნდა იმის გახსენება, ვის რა გაუკეთებია 2015 ან 2016 წლებში. არც იმის გახსენებაა საჭირო, ვინ რას ამბობდა წინა წლებში. ამ გახსენებებს უნდა დავანებოთ თავი, რადგან ჩვენ წინაშე ძალიან სერიოზული პრობლემა დგას. ეს პრობლემა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ის შეცდომები, რომლებიც ამა თუ იმ ადამიანებმა 2007 ან 2015 წლებში დაუშვეს. 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას იგივე საფრთხე უდგას, რაც 1989 წელს. დავანებოთ თავი რაღაცების მოკითხვას და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გავხადოთ სუვერენული და მართლა თავისუფალი ქვეყანა. ამის გაკეთების მთავარი წამალი არის ჩვენი ერთიანობა ამ ძირითადი პრინციპის მიმართ. როდესაც ამ ხელისუფლებას გადავაყენებთ, როცა ახალ და სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, კი ბატონო, მერე დავიშალოთ და გავიშალოთ, შევქმნათ პოლიტიკური კონკურენციაც. ოღონდ ჯერ ესენი უნდა გადავაყენოთ. მერე შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ დიდი ხნის მანძილზე მასში ცვლილებების შეტანა აღარ მოუნდეთ. საქართველოს პასპორტის მქონე ყველა მოქალაქეს ჰქონდეს იმის უფლება, რომ დააკომპლექტოს მომავალი ხელისუფლება.
დაახლოებით 1,5 მილიონი კაცი ცხოვრობს საზღვარგარეთ. მთელი საქართველო ამერიკაშია ჩამოსული. იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, 5 ქართული რესტორანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი საარჩევნო ყუთი გახსნეს ნიუ-იორკში. იმ ქალქში, ფილადელფიაში, სადაც მე ვიმყოფები, დაახლოებით 40.000-მდე ქართველი ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სადღაც 15 საარჩევნო უბანი მაინც უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენ ემიგრაციას ჩავრთავთ საარჩევნო პროცესში, ეს იქნება ძალიან კარგი, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უნდა იყოს ჰარმონია მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. ასე თუ არ მოხდა, იქნება გამუდმებული იწილო-ბიწილო და ქვეყანა ვერ განვითარდება. დღეს საქართველო უზარმაზარ ჭაობშია ჩაფლული და რაც უფრო გვიან გამოვალთ აქედან, მით უფრო დაზარალდება ქვეყანა.
_ რამდენჯერმე ახსენეთ ვადამდელი არჩევნები. არის სერიოზული ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ 2026 წელს საქართველოში შესაძლოა, ჩატარდეს არჩევნები.
_ ვუსმინე მის ინტერვიუს და აშკარაა, რომ „ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, უკვე დისკომფორტია. ის უკვე ფიქრობს გეგმა ბ-ზე. ივანიშვილი არხეინად რომ ყოფილიყო და დისკომფორტი არ შექმნოდა, ამ გეგმა ბ-ს არ აამუშავებდა. ის იძულებული გახდა, ეს გეგმა აემუშავებინა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის ვითარება, რომელიც ახლა არის, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომ გამოაგორა კახა კახიშვილი, რომელიც ვითომ თავისი სახელით ლაპარაკობს. ივანიშვილს უნდა, რომ შიგნით, „ქართულ ოცნებაში“, ახალი ძალა ან ძალები აღმოაცენოს. თავის დროზე ხომ აღმოაცენა „ხალხის ძალა“.
_ კახიშვილი იქნება ეს ახალი ძალა „ოცნების“ შიგნით?
_ შესაძლოა, კახიშვილი იყოს, შესაძლოა, სხვაც. ფაქტია, რომ ივანიშვილის გეგმა ბე კახიშვილმა გააჟღერა. არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ახალი ძალა შექმნას ივანიშვილმა, რომლებიც მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. ქართველი ხალხი ამას არ უნდა წამოეგოს. ივანიშვილი შეეცდება, თავი გადაირჩინოს ამ გზით. ახლა მაქსიმალური სიფხიზლეა საჭირო, ეს ერთიანობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის. კახიშვილის მიერ გაჟღერებული ამბავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე კარგად არ არის. საქმე რომ კარგად არ აქვს, ამა თავადაც ძალიან კარგად გრძნობს. ბევრი რამე მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი ვადამდელისთვის ემზადება.
_ სუსიდან გრიგოლ ლილუაშვილის გაშვებაზე რას ფიქრობთ? ჯერ რაღაც სამინისტრო შეუქმნეს, როცა მოხსნეს და მერე იქაც არ დანიშნეს. თქვენი აზრით, რა ხდება? რისთვის დაისაჯა ლილუაშვილი? ან, იქნებ, არც დაუსჯიათ და რაღაც ტრიუკია აქ?
_ ამაზე ზუსტი პასუხი არ გამაჩნია, არადა, ამაზე სულ ვფიქრობ, მაქვს ჩემი ვარაუდი. რატომღაც, მგონია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ბაჩიაშვილს. მგონია, რომ აჭარაში განხორციელებული ცვლილებებიც ბაჩიაშვილის გაპარვასთან არის კავშირში. თორნიკე რიჟვაძე კი იყო ამ ხელისუფლების ხელდასხმული ბიჭი, მაგრამ მაინც მთავრობის მეთაური ერქვა. მგონია, რომ ლილუაშვილს ბიძინა ივანიშვილმა ვერ აპატია ბაჩიაშვილის გაპარვა. არადა, ის საციხედ ჰყავდა გამზადებული. ასეთ რამეებს ივანიშვილი ძალიან განიცდის.
_ გაპარვის გამო თუ სჯის ვინმეს, პირველ რიგში, გომელაური უნდა დაესაჯა. საზღვარი შსს-ს ეკუთვნის.
_ შსს-ს კი ეკუთვნის, მაგრამ სუს-ს განსაკუთრებული წვლილი უნდა ჰქონდეს საზღვრებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ინფორმაციის მიწოდებაში. თავად ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. თვალთვალს შსს-ც ახორციელებს, მაგრამ ეს უფრო სუს-ის პრეროგატიივაა. არ გამოვრიცხავ, რომ ლილუაშვილის და რიჟვაძის შეცვლა ბაჩიაშვილს უკავშირდება.
_ თუ ბაჩიაშვილის ამბავია ლილუაშვილის შეცვლის მიზეზი გავიგე, მაგრამ რჟვაძე აქ რა შუაშია?
_ ჩვენ ხომ გარანტირებულად არ ვიცით, ბაჩიაშვილმა საქართველო როგორ დატოვა? სატელევიზიო დონეზე ვიცით, რომ მან საქართველო სომხეთის გავლით დატოვა. მაგრამ რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო აჭარიდან, საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით დატოვა? ისიც საკითხავია, სომხეთის საზღვრამდე როგორ მიაღწია, თუ მართლა აქედან წავიდა? მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა. შეკითხვები და ეჭვები, ბუნებრივია, არის. ივანიშვილი ამ კითხვებს ვერ პასუხობს ან პასუხობს და მე არ ვიცი ამის შესახებ. ის, რომ ცვლილება ბაჩიაშვილის გაქცევას უკავშირდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემაა ბაჩიაშვილის გარეთ ყოფნა. ბაჩიაშვილმა მათ მთელი პროპაგანდა ჩამოუშალა.
_ რა პროპაგანდა ჩამოუშალა „ოცნებას“ ბაჩიაშვილმა, ბატონო მურმან?
_ მთელი ეს წლებია, „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებს, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა.
_ ეს ხომ მართალია? მართლა ატერორებდა წინა ხელისუფლება ბიზნესს.
_ ატერორებდა და ამიტომაც შეცვალა ის ხალხმა. ესეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ ბაჩიაშვილი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ეს ხელისუფლება საშინლად ატერორებს ბიზნესს. ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ. მას რამდენჯერმე შევახვედრე უცხოელი ბიზნესმენები. მაშინ ივანიშვილი ქვეყნის პრემიერი იყო და მე ვიყავი პარლამენტის ვიცე-სპიკერი. უცხოეთიდან ჩამოსული ბიზნესმენები მთავრობას აკითხავდნენ. მე ვამისამართებდი ივანიშვილისკენ. მან ერთხელ მითხრა, რომ ჩემი მარჯვენა ხელი არის ბაჩიაშვილი და იმას შეახვედრეო. რამდენჯერმე შევხვდი. იყო ძალიან თავაზიანი და გონიერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ძალიან ენდობოდა. კაცს, რომელსაც კრედიტი ჰქონდა აღებული 2015 წელს და რომლის კრედიტმაც დიდი მოგება ნახა, რამდენიმე წლის შემდეგ როცა იბარტყა ფულმა, მერე მოუნდომა ივანიშვილმა მაგ ფულის წილში ჩაჯდომა ბაჩიაშვილს. ასეთი სივერაგე ბიზნესის მიმართ მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია. ვერცერთი ბიზნესმენი ვერ ამბობს, რომ სააკაშვილი წილში ჩაუჯდა.
_ სამაგიეროდ, ბევრი ამბობს, რომ წაართვეს და დაუხურეს ბიზნესი.
_ ამას ამბობენ და იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ პირადად მიხეილ სააკაშვილი წილში არავის ჩაჯდომია. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ბიზნესსაც მაგრად ატერორებს. ვერ ვნახულობ ისეთ დანაშაულს და გადაცდომას ძველი ხელისუფლებისას, რომელიც ამათ არ გაუმეორებიათ.
_ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის წინა ხელისუფლების მთავარი სპონსორი იყო. ერთხელ ინტერვიუში მოგვიყევით, რომ 2008 წლის არჩევნებზე, როცა ოპოზიციაში იყავით, ჭორვილაში არ შეგიშვეს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ამბობდით, რომ იქ მხოლოდ სააკაშვილის ფოტოები იყო გაკრული.
_ იყო ასეთი ამბავი. ცესკოს საიტებზე რომ შევიდეთ, გადავჩხრიკოთ, ვნახავთ, რამდენი პროცენტით იგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. შეფარდება არის 100:0-ზე „ნაციონალების სასარგებლოდ“. ივანიშვილს მაშინაც იგივე გავლენა ჰქონდა თავის სოფელზე, რაც ახლა აქვს. ეს კაცი თავადაც არ უარყოფს, რომ ძალიან დიდი ხანი თანამშრომლობდა „ნაციონალებთან“.
_ „ნაციონალებზე“ ვსაუბრობთ და რას ფიქრობთ მათ აკრძალვაზე? „ქართული ოცნება“ ემზადება, რომ ეს პარტია აკრძალოს.
_ ამაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ მოქალაქემ თავისი მკვეთრი პოზიცია უნდა გამოხატოს. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ეს ვერ გააკეთოს ივანიშვილმა. ისევე ვერ უნდა გააკეთოს, როგორც 9 აპრილს ვერ მივიდნენ რუსთაველზე. მტკიცედ უნდა დავდგეთ და არ უნდა მივცეთ პოლიტიკური პარტიის გაუქმების უფლება.
_ არის თუ არა იმის შანსი, რომ ივანიშვილს თავისივე ხალხი აუბუნტდეს? ღარიბაშვილსა და წულუკიანს საეჭვოდ დაუნიშნა დაცვა.
_ მის საკადრო პოლიტიკას თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ გუნდში დაძაბულობაა და ივანიშვილი ბევრს აღარ ენდობა. ის ძირითადად ენდობა საპოლიციო წრეებიდან გამოსულ ადამიანებს. ივანიშვილი არ არის მარტივი ადამიანი. შესაძლოა, დიდი განათლებული კაცი არაა, მაგრამ იმის ჭკუა ნამდვილად აქვს, რომ მისთვის მომგებიანი პოზიციები გათვალოს. ეს უნარი რომ არ ჰქონოდა, 13 წელი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. ვერც ხელისუფლებაში მოვიდოდა. მთელი პოლიტიკური სპექტრი დაგვარწმუნა 14 წლის წინ, რომ ის ნორმალური კაცი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობიდან მოხსნა პოლიციელის შვილი და დააყენა მეორე პოლიციელი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი არის ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი, მეორე წევრი არის შუახევის პოლიციის ყოფილი უფროსი. ბათუმის მერი არის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ჩიქოვანი. ხელვაჩაურის მერი არის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი. აჭარის მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ჩემი რეგიონია და უფრო დეტალურად ვიცი ყველაფერი. მარტო აჭარის მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს კაცი პოლიციურ რეჟიმს ენდობა. პოლიციელებით აპირებს ამ ქვეყნის მართვას.
_ პოლიციას ასე რატომ ენდობა?
_ მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს და ამისთვის იდეალურია პოლიციური კადრები. თვითშემოქმედება პოლიციელის უნარ-ჩვევებში არ არის. ის ბრძანების შემსრულებელი უფროა. სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ საქართველოში პოლიციელები უფრი ადვილად ასრულებენ ბრძანებებს.
_ ირაკლი კობახიძესაც ბოლომდე ენდობა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი უფლება მისცა.
_ ამ მომენტისთვის ენდობა, მაგრამ შესაძლოა, არც ენდობა. უბრალოდ, ახლა სჭრდება ასე. კობახიძისთვის უფლებების გაზრდით ღარიბაშვილის მხარე დააბალანსა. ღარიბაშვილით არასდროს ვყოფილვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მახსოვს, როცა 2011 წელს ის ივანიშვილს გვერდით ედგა და ერთად ვიბრძოდით „ნაციონალების“ წინააღმდეგ. იმ დროს ეს სახიფათო იყო. კობახიძე მაშინ სად იყო? არსად ჩანდა, იმალებოდა. ის „ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემოუერთდა და ძალიან სწრაფად დაწინაურდა. ეს მეოცნებეების გაღიზიანებას იწვევს. აუცილებლად იქნება შიგნით განხეთქილება. არ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია და ამ ხელისუფლებას მოსთხოვოს წასვლა.