ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2025
2025-04-03 06:51:18
თამუნა მჭედლიშვილი
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის ბრძანებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ საჯარო სკოლებში დანიშნონ ოფიცერი, რომელიც სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიღმა, რეალურად, პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დგას. რეჟიმი ცდილობს, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები კიდევ უფრო მეტად მოაქციოს მარწუხებში, რომ პოლიტიკური მორჩილების ჩარჩოდან არავინ გავიდეს. ამბობენ, რომ ოდეერები საჯარო სკოლებში საბჭოთა ე. წ. კაგებეშნიკური მეთოდებით კონტროლის მცდელობაა.
რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ განათლების სისტემას? რა არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია საჯარო სკოლაში? სად არის მოსწავლის ინტერესი და რატომ და რისთვის დასჭირდა „ოცნებას“ ოდეერები მაინცდამაინც დღეს საჯარო სკოლებში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება პარტია „ახალი საქართველო – გამარჯვების პლატფორმის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნანა ტოხვაძეს:
_ ქალბატონო ნანა, წლებია, „ქართულ ოცნებას“ სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება დაქვემდებარებული ჰყავს პარტიული პოლიტიკიდან გამომდინარე და არა _ განათლების. რატომ ებრძვის განათლების სისტემას „ოცნება“?
_ „ოცნება“ ებრძვის თავისუფლების იდეას. ცხადია, თავისუფლება განათლების გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომაც განათლების სისტემის დამორჩილება, კონტროლი და პარტიულ მარწუხებში მისი მოქცევა „ქართული ოცნების“ ამოცანაა უკვე 12 წელია. პარტიული დიქტატი ყველაზე საშიში იარაღია უმეცარი ხელისუფლების ხელში, რადგან ის ძალაუფლებას სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებს. სხვათა შორის, ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს „ოცნების“ მიზნებზე და მათ უუნარობას ან არაკომპეტენტურობას მიაწერდნენ ყველა იმ გამიზნულ მავნებლობას, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა: გაანადგურა მასწავლებლის რეპუტაცია, განათლების ხარისხი ჩამოიყვანა ნულს ქვემოთ ნიშნულზე, შექმნა დასმენის, ნეპოტიზმის, არაკვალიფიციურობის, პოლიტიკური დევნის, სუს-ისგან სკოლებისა და ბაღების მართვის მოდელი, რაც მხოლოდ პარტიული აქტივის წახალისებასა და ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „სკოლა პატარა სახელმწიფოა“ და საბჭოთა სტილითა თუ მეთოდებით მისი მართვის პრაქტიკა სწორედ განათლების სისტემაში დატესტა „ოცნებამ“. დაყავი და იბატონეს პრინციპით, კრედიტებისა თუ სტატუსების შეჯიბრში ჩააბა მასწავლებელთა კორპუსი, რითაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდა და დააპირისპირა ერთმანეთს. შემდეგ წლების განმავლობაში დირექტორების გარეშე დატოვა სკოლები, რადგან ხმების მობილიზების სანაცვლოდ, მოვალეობის შემსრულებლად ჰყოლოდა „ოცნების“ კადრები. მომდევნო ეტაპზე მოუწია დირექტორთა გამოცდების დანიშვნა, რომელიც გაუმჭვირვალედ და უსამართლოდ ჩაატარა, ხოლო სკოლებს საბჭოთა საუკეთესო ტრადიციით თითო კანდიდატიანი დირექტორის „არჩევნები“ ჩაატარებინა. უფრო ზუსტად, კვლავ სასურველი კადრები დანიშნა პარტიული ინტერესების დაცვის მიზნით.
_ მოსწავლე? სად არის მოსწავლის ინტერესი და ადგილი სასკოლო განათლების სისტემაში?
_ არსად! რადგან მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია თუ მშობელი მხოლოდ იმდენადაა საინტერესო ხელისუფლებისთვის, რამდენადაც გამოადგება პარტიულ აქტივად. არავითარი განათლების პოლიტიკის მიზნები არ არსებობს „ოცნების“ ხელისუფლებისგან. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ რეფორმას ან წინგადადგმულ ნაბიჯს მათი მმართველობის პერიოდში, რომელიც სასწავლო გარემოს გაჯანსაღებას ან განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამიტომაც არის, რომ ვერ იპოვით ხელისუფლების წარმომადგენლს, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს შვილი და ნდობას უცხადებს განათლების სახელმწიფო სერვისებს! რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აქ სრული კონტროლი აქვს ხელისუფლებას და, პრაქტიკულად, პარტიული აქტივის დასაქმების ადგილადაა ქცეული. დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობა კი ხელისუფლების სასარგებლო აგიტაციასა და პროპაგანდაში ჰყავთ ჩაბმული.
_ განათლების მინისტრმა, ლევან წულაძემ, 12 მარტს ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის საფუძველზეც რესურსცენტრის უფროსებს შესაძლებლობა მიეცათ, საჯარო სკოლებში დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები... რეალურად, რა ხდება?
_ რა ხდება და დასმენების ინსტიტუციონალიზაცია _ ეს არის დაშინების, თვალთვალის, კონტროლისა და წნეხის მორიგი მცდელობა, რომელსაც გეგმავენ ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი სასკოლო საზოგადოების წინააღმდეგ. მიუხედავად მრავალწლიანი წნეხისა, სკოლებში ჯერ კიდევ რჩებიან თავისუფალი ადამიანები, რომელთა მოთვინიერება ვერ მოახერხა რეჟიმმა. ვფიქრობ, ამ ცვლილებებითაც გაწბილებული დარჩება ე. წ. მინისტრი, რადგან პერსონალურ მონაცემთა ოფიცრები, ალბათ, სუს-ზე ეფექტიანად ვერ იმუშავებენ და ვერც კონტროლის უკეთესს მექანიზმებს დანერგავენ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ აპრობირებული.
_ ხომ არ ეძლევათ რესურსცენტრებს გადამეტებული უფლება და, ამავდროულად, წვდომა, ადამიანთა პერსონალურ ინფორმაციაზე?
_ სამართლებრივად სკოლას ისედაც აქვს წვდომა თითოეული მოსწავლისა და მისი ოჯახის პერსონალურ ინფორმაციაზე. რატომღაც რესურსცენტრებს აქამდეც სკოლების „ზემდგომის“ მანტია ჰქონდათ მოსხმული და ახლა, როცა კანონმდებლობით უზრუნველყვეს მათი ფუნქციების გაფართოება, ამ რგოლს სახელმწიფო იყენებს სკოლებზე პირდაპირი კონტროლის ორგანოდ. სახელმწიფო ვერტიკალში რესურსცენტრი უფრო ახლოა ცენტრთან, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან, ვიდრე რომელიმე ურჩი დირექტორი, რომელმაც შესაძლოა არ შეასრულოს პარტიული დაკვეთა.
_ თქვენი აზრით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოების კონტროლი იქნება, თუ არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მართლა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის დამკვიდრება დაევალებათ?
_ ჩვენ ყველას გვახსოვს სუს-ის კრებსები, რომლითაც ცხადი გახდა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა სკოლებთან მიმართებით. ტრადიციად აქციეს არა მხოლოდ დირექტორებისა და მასწავლებლების სრული კონტროლი, არამედ მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების გამოყენება მათზე პოლიტიკური ზეწოლისა და წნეხისთვის. „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ და მრავალი სხვა მავნებლობის გათვალისწინებით, გამიჭირდება დაჯერება, რომ რეჟიმის მიზანი არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა. სისტემის ჩანაფიქრი წნეხისა და კონტროლის წრის გაფართოება მგონია. განსაკუთრებით საზოგადოების პროტესტის ფონზე კუთხეში მიყენებული „ოცნება“ ეძებს ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიებს. ორმაგი გადაზღვევის პრინციპით ოდეერები და სუს-ი შეეცდება ჩაახშოს თავისუფალი აზრი და ბოლომდე ფეხქვეშ გათელოს დემოკრატიული პრინციპები.
_ რატომ დასჭირდა „ოცნებას“ განათლების სისტემაში ე. წ. ოდეერის ინსტიტუტი მაინცდამაინც დღეს?
_ განათლების სისტემა მუდმივად არის ხელისუფლებებისთვის სამიზნე და პარტიული ინტერესის სფერო მასში ჩართული ადამიანების მასშტაბიდან გამომდინარე. თვითგამოცხადებულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი, ახლა ყველაფრის ფასად სურს ძალაუფლების შენარჩუნება. შიდა რესურსის მობილიზებას, შიშის დათესვასა და პროპაგანდის გავრცელებას სწორედ განათლების სისტემის გავლით და გავლენით ახერხებდა დღემდე. დღეს კი, როცა „ოცნებას“ წყალი შეუდგა, ყველა ღონეს ხმარობს „თავის გადასარჩენად“.
_ ხედავთ თუ არა რუსული მოდელის დანერგვის მცდელობას თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან, სასწავლებლების თავიანთი პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას?
_ რა თქმა უნდა, რუსული ხელისუფლებისგან და რეჟიმისგან სხვას რას ველით? ახლა ხომ აღარ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ვის სასარგებლოდ მოქმედებს „ოცნება“?! მისი მმართველობის სტილი რომ რუსულია ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე დასტურდება.
_ უწყვეტი პროტესტი უკვე 120 დღეზე მეტია, მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. სინდისის პატიმრები, არალეგიტიმური ხელისუფლება, რეპრესიები, ოპოზიციის აკრძალვა... რა იქნება შემდეგი?
_ შემდეგი იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვება. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი დასრულდება ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს. მჯერა, მალე დადგება ხალხის გაზაფხული, მაგრამ მანამდე ერთიანობის 120 დღე რომ შევაჯამოთ, მივხვდებით, რომ სინამდვილეში გამარჯვების ფორმულა ნაპოვნია. მშვიდობიანმა პროტესტმა შეკრიბა ყველაზე მტკიცე, უანგარო და სანდო ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ანდობ ქვეყნის ბედს; დაამსხვრა მითი, რომ ორგანიზებულობა და თანმიმდევრული მოქმედება ქართველებს არ სჩვევიათ;
მსოფლიოს დაანახა კარგად გააზრებული ევროპული არჩევანი, რომელსაც არაფრის ფასად არ დათმობს უწყვეტ პროტესტში 24/7-ზე ჩართული საზოგადოება;
თანაგრძნობის, თანადგომისა და თანამებრძოლობის ისეთი მაგალითები გააცოცხლა ჩვენ თვალწინ, წიგნები რომ დაიწერება.
აჩვენა რეჟიმის სისუსტე და ნამდვილი სახე: თუ დასჭირდა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, როგორი პირსისხლიანი და მოძალადე შეუძლია იყოს.
_ მაინც, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი მშვიდობიანი მეთოდით?
_ ვიცით, რომ დიქტატორი არ მარცხდება ერთ დღეში ან ერთ თვეში, მაგრამ აუცილებლად მარცხდება, თუ საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, აქტივისტები და მედია შეძლებს ძალების გაერთიანებას გამარჯვების მიზნის გარშემო.
ჩვენი საზრუნავი მომავალია, რეჟიმის საზრუნავი კი ჩვენი განეიტრალებაა, ვინც კომფორტის ზონა დავტოვეთ და მთავარ საქმედ ლურჯი ტერორის კლანჭებიდან ქვეყნის გამოხსნა დავისახეთ! ვნახავთ, ვისი აჯობებს.
_ როგორი პერსპექტივა აქვს ივანიშვილის მთავრობას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთთანამშრომლობას? მოაწერს ხელს ტრამპი „მეგობარ აქტს“?
_ თვითგამოცხადებულ და ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო მასშტაბით არაღიარებულ რეჟიმთან აშშ-ის პრეზიდენტის თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ამის დასტურია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ, ორპარტიული ინიციატივით შექმნილი „მეგობარი აქტის“ მიღება. ეს დოკუმენტი სანქციებისა და სხვადასხვა ზომის მიღებას გულისხმობს იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ხელყოფს კონსტიტუციას, ქვეყნის სუვერენიტეტს და ძალისმიერი მეთოდით უსწორდება საქარველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს. აშშ გულშემატკივრობს და მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში, უკვე 120 დღეა, მტკიცედ აფიქსირებს ახალი არჩევნების, რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებისა და მოძალადეების დასჯის მოთხოვნებს. მომდევნო შანსი გვაქვს 31 მარტს, საქართველოს ისტორიისთვის ძალიან სიმბოლურ დღეს, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნები კიდევ უფრო მასშტაბურად და ხმამაღლა გავაგონოთ მსოფლიოს.
_ აქციებზე პროტესტანტების უმრავლესობა ქართველი ახალგაზრდობაა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოდან ინტენსიურად გაედინება „ტვინები“ საზღვარგარეთ. რას ურჩევდით საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდობას?
_ ვერაფერს უფრო ღირებულს, ვიდრე რეჟიმის ტყვე ჟურნალისტმა, მზია ამაღლობელმა ურჩია: „იბრძოლეთ, ვიდრე გვიანი არ არის“. მინდა, მათ ვთხოვო, რომ გადადონ ყველა საქმე და 31 მარტს რუსთაველზე დადგნენ იმდენი, რამდენიც ჯერაც არ გვინახავს! დღეს გამარჯვებისა და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ერთად დგომა და ძალების გაერთიანება, რადგან ძალა ერთობაშია!