პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
2025-02-12 11:42:27
მიხეილ ხაჩიძე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქართული ლეგიონი და მისი ლიდერი, მამუკა მამულაშვილი, სლოვაკეთში სახალხო-საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიცომ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოებრივი პროტესტის ორგანიზატორებს ბრატისლავაში კავშირი ჰქონდათ „ქართულ ლეგიონთან“.
„როგორ არის შესაძლებელი, რომ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ კიევში 2014 წელს მაიდანზე? მე გეკითხებით, როგორ არის შესაძლებელი, რომ ისინი თბილისში აქტიურობდნენ, სადაც ზოგიერთ მათგანს დევნაც კი ემუქრება დანაშაულისთვის?“ _ განაცხადა ფიცომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანთა იგივე ჯგუფი ახლა გამოჩნდა სლოვაკეთში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ „ქართულ ლეგიონს“ უკრაინის კონტრდაზვერვა აკონტროლებს და აღნიშნა, რომ მამულაშვილი ერთ-ერთია, რომელიც სლოვაკეთმა შავ სიაში შეიყვანა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მატუს შუტაი ეშტოკის თქმით, მამულაშვილსა და კიდევ 10 პირს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ და შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.
ამასთან, რობერტ ფიცომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზედაც მამულაშვილი გამოსახულია ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ, ინიციატივა „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან და გამოცემა Denník N-ის (დენიკ ნ) კომენტატორ მარტინ შიმეჩკასთან ერთად.
გარდა ამისა, სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის დირექტორმა პაველ გასპარმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები სლოვაკეთის საჯარო სექტორთან და ოპოზიციასთან.
მალევე უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებებს, რომელმაც „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა და მათ GUR-ის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, _ რედ.) „დაქვემდებარებულები“ უწოდა.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში არ არსებობს დანაყოფი სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“. დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ლეგიონი“ არის მრავალეროვანი აქტიური ოპერატიული დანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ბრძოლებში ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთებზე და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ქმედებებს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.
„ქართული ლეგიონის“ ლიდერ მამუკა მამულაშვილის მიმართ ფიცოს ბრალდებების შესახებ GUR-უმ განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის დაზვერვასთან და არ იღებს რაიმე დავალებას და მითითებებს მისგან. ამასთან, უკრაინის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მუდმივად თანამშრომლობს ნატოს ქვეყნების კოლეგებთან.
„ევროპელი პოლიტიკოსები მაქსიმალურად პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ თავიანთ სიტყვებზე, განსაკუთრებით მეგობარი ქვეყნების მიმართ ბრალდებებზე, რათა არ მისცენ მტრული პროპაგანდის საფუძველი“, _ შეაჯამა დაზვერვის სამსახურმა.
საპროტესტო აქციები სლოვაკეთში
სლოვაკეთის მასშტაბით 100 000-მდე ადამიანმა 24 იანვარს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. აქციები 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა ლოზუნგით: „სლოვაკეთი ევროპაა“. ხალხი შეიკრიბა, რათა გამოეხატა უკმაყოფილება ქვეყნის მიმდინარე კურსის შესახებ და მხარი დაეჭირა დემოკრატიული ღირებულებებისა და სლოვაკეთის ევროპული მომავლისთვის. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ადრე წამოყენებულ მოთხოვნას კიდევ ერთი _ რობერტ ფიცოს გადადგომა დაუმატა.
სწორედ ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, ფიცო გააღიზიანა და სლოვაკეთის პრემიერმა რუსული ნარატივის გაჟღერება დაიწყო.
მან უშიშროების საბჭოც კი მოიწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოეთიდან შემოსული საიდუმლო „ექსპერტთა ჯგუფი“, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და უკრაინაში „ღირსების რევოლუციაში“, ქვეყანაში ჩავიდა, რათა დაეხმაროს ოპოზიციას გადატრიალების განხორციელებაში. ამავდროულად, 30 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სლოვაკეთის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობისთვის ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავა. სლოვაკეთის ელჩი პაველ ვიზდალი დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც უკმაყოფილება გამოუხატეს კიევის მიმართ რესპუბლიკის პოლიტიკის გამო.
კიევსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობებში გართულებების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა შეწყდა. ფიცო ამტკიცებს, რომ სლოვაკეთი წელიწადში, დაახლოებით, 500 მილიონ ევროს დაკარგავს, რასაც მანამდე ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტისთვის იღებდა ქვეყანა.
სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი თბილისში და შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან
სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი, თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კალინიაკმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოჰყვა, რომ განიხილეს „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“.
სლოვაკი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ საქართველოსა და სლოვაკეთში საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.
ამ კონტექსტში მან უკრაინის ომში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი ახსენა. კალინიაკმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზედაც მამულაშვილია გამოსახული სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ, ინიციატივა „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად.
ლეგიონი ბრალდებებს უარყოფს
„აბსურდული ბრალდებაა“, _ ასე აფასებს „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ფიცოს ნარატივებს. მასთან ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ. ქართველი მებრძოლი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის სპეცსამსახური დგას, რადგან ხელწერა აშკარად მისია:
_ მამუკა, პირველ რიგში, როგორ აფასებთ ფიცოს ამ მანევრს, რა სცენა დადგა, შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ, სლოვაკეთის პრემიერმა?
_ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს ფიცომ დადგა, ეს დადგა რუსეთის სპეცსამსაუხრებმა. ეს არის აბსურდული ბრალდება, რადგან ჯერ სლოვაკეთთან არ მაქვს ისეთი კავშირი, რომ გადატრიალებებზე ვიფიქრო და მაგის დრო მქონდეს, როდესაც ფართომასშტაბიან ომში ვარ ჩართული. ფიცოს არ ვუყვარვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვუყვარვართ პუტინს. პუტინი აღგვიქვამს და მეც პერსონალურად აღმიქვამს, როგორც პირად მტერს. რატომ? _ არის ამაზე უკვე გარკვეული პასუხები. დიქტატორებს არ უყვართ იდეოლოგიურად განწყობილი ადამიანები, მით უმეტეს, დიდი ჯგუფები და მით უფრო ჯგუფები, რომლებიც ზიანს აყენებენ მას. აქედან გამომდინარე, მიზანში ამოგვიღეს ფიცომ, უკრაინის ყოფილმა პრორუსულმა მთავრობამ და კიდევ რა ვიცი, ბევრმა და იერიში მოაქვთ მიზანმიმართულად. ზოგადად, 4-5 თვის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებმა ძალიან დიდი კამპანია, ანტიპიარი დაგეგმეს ჩვენ წინააღმდეგ, არა მარტო ანტიპიარი, არამედ კიდევ სხვა კომპონენტიც აქვს ამას, სამწუხაროდ, რაც, ჩემი აზრით, ფიზიკურ ლიკვიდაციასაც ეხება.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პრორუსი პოლიტიკოსები, თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასეთ განცხადებებს აკეთებენ.
ქართული ლეგიონი არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და სწორედ ეს აწუხებთ ასეთ ადამიანებს.
_ მეც როგორც კი ვნახე აღნიშნული პრესკონფერენცია, ვიფიქრე, რომ ეს აშკარად რუსეთის ხელწერა იყო, კრემლის მიერ მიწოდებული პაკეტი, რომელიც შემდეგ სლოვაკეთის პრორუსულმა მთავრობამ გაახმოვანა.
_ გეთანხმებით. სატირალია თუ სასაცილოა, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ კრემლის უდიდესი გავლენაა ამ პროცესებზე და ჩემს დადანაშაულებაში. რუსეთი ჩემი გაშავებისთვის ყველაფერს აკეთებს ყველგან. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ათასობით მხარდამჭერი მესიჯი მომდის სლოვაკებისგან, _ ვიცით, რომ ეს დადგმული სპექტაკლია და ვიცით, რომ შენ არანაირი გადატრიალება არ გქონდა დაგეგმილიო. სასაცილო პლაკატებიც კი გააკეთეს _ პრეზიდენტად გვინდა მამუკა მამულაშვილიო. ამ პლაკატებით გამოდიოდნენ მიტინგებზე. მწერენ, ყოველდღე და მხარდაჭერას მიცხადებენ. კიდევ: სლოვაკებმა პრინციპულად დაიწყეს ფუნდრაისინგი (ფონდების მოზიდვა, თანხების შეგროვება, _ რედ.) ქართული ლეგიონის დასახმარებლად. პირველივე დღეს 6 ათასი ევრო შეაგროვეს. ამბობენ, რომ ქართული ლეგიონის ბიჭების დასახმარებლად ძალიან დიდი თანხა უნდა შეაგროვონ.
_ რა შეხება გქონდათ სლოვაკეთთან, რატომ გადმოგწვდნენ?
_ სლოვაკმა მწერალმა ჩემზე წიგნი დაწერა. მე ვიყავი ამ წიგნის პრეზენტაციაზე, ეს იყო 3 წლის წინათ. თომას ფორო არის მწერალი-ჟურნალისტი, რომელიც 2014-სა თუ 2015-ში ჩვენთან იყო ჩამოსული პოზიციებზე, გარკვეული დრო გაატარა და სწორედ ამის შემდეგ დაწერა წიგნი, სადაც მთავარ გმირად ვარ გამოყვანილი. ამის შემდეგ პრეზენტაციაზე ვიყავი ჩასული 2-3 ქალაქში. პრეზენტაციებს, სავარაუდოდ, ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, მომღერლები, სპორტსმენები და სწორედ ის ფოტოებია მაშინ გადაღებული, რომლითაც მანიპულირებს ფიცო. არც ვიცოდი, ისინი ვინ იყვნენ მაშინ, მსგავსი სურათი ათასობით გადავიღე. მაშინდელი ფოტოები აიღო ფიცომ, პრესკონფერენცია გამართა და ამიკრძალა ქვეყანაში შესვლა. როცა წიგნი დაიწერა, მაშინ არ იყო პრორუსი მთავრობა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ასე გამოიყენეს მაშინდელი კადრები და თემა.
კიდევ ერთ სასაცილო ამბავს გეტყვით: დღეს მითხრეს, რომ პოლონური პრორუსი ოპოზიციაც გადანაშაულებს გადატრიალების მოწყობაშიო. ჯერ კულისებს მიღმა მიმდინარეობს საუბარი და, სავარაუდოდ, პრორუსული ოპოზიციაც გაახმაურებს უახლოეს მომავალშიო. ოღონდ რა გადატრიალებაზეა საუბარი, არ ვიცი. იგივე მითხრეს ორბანზეც, _ უნგრეთში ისიც იგივე განცხადებას გააკეთებსო (იცინის).
_ ადრე ითქვა, რომ საქართველოდანაც გაჟონა რუსებთან ქართველი მებრძოლების მონაცემებმა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ე. წ. მთავრობას ფიცოსთან რამე სახის თანამშრომლობა ჰქონოდა თქვენი ქეისის წამოწევის შესახებ?
_ არ არის გამორიცხული, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა ფაქტი ის არის, რომ როდესაც ფიცოს მრჩეველი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ამის მერე გააკეთა ფიცომ ეს განცხადეება. არ ვიცი, ეს დამთხვევაა უბრალოდ თუ?.. ეჭვებია, პირდაპირ ხელს ვერ დაადებ, თუმცა ცუდია, რომ ან ასე დაემთხვა, ან უთხრეს, რომ მოდი, მამუკა დავადანაშაულოთ ყველამ ერთადო.
თუმცა ჩვენ ნათქვამი გვაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ ვიბრძვით უკრაინის ფრონტზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებს. აქ იმიტომ ვარ, რომ ომი არ დაიწყოს საქართველოში.
_ ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ ქართული ლეგიონის ბაზასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დადეს, ამაზე რომ გვითხრათ ცოტა რამ...
_ ჩვენს ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერება დაგვიდეს ზურგჩანთით. გაფრთხილებულები ვიყავით მაგ დღეს, სიმართლე რომ გითხრათ, რომ რაღაც ინციდენტი შეიძლება მოხდეს და ფრთხილად იყავითო. მოხდა კიდეც. დავურეკეთ მაშინვე უშიშროებას და წაიღეს ის ჩანთა, კამერების ჩანაწერები და ა. შ.
_ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?
_ ასე მგონია, ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციას ცდილობენ. რუსული ხელწერა მოიცავს, პირველ რიგში, დისკრედიტაციას, სახელი უნდა გაგიფუჭონ და მერე ფიზიკური ლიკვიდაცია მოდის. პირველი ეტაპი ჯერ არ დაუმთავრებიათ, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს, თუნდაც ეს ფიცოს ბოლო საუბრები, რომ ტერორისტები ვართ და გადატრიალება გვინდა ევროკავშირის ქვეყანაში. მიმდინარეობს მასობრივი დეზინფორმაცია ჩვენ წინააღმდეგ. მეორე ეტაპია, სწორედ, ფიზიკური ლიკვიდაცია, განადგურება და მაგ ეტაპზეც არიან რუსები.
_ ამ ნარატივებისა და დეზინფორმაციის ნაკადს როგორ უპირისპირდებით და როგორ უნდა გავუმკლავდეთ, ზოგადად, მას, რადგან რუსეთის ბოროტება მასშტაბურ სახეს იძენს.
_ ძალიან მასშტაბური სახე აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ წინააღმდეგ, ამ 11 წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში ვართ, ქართული ლეგიონის წინააღმდეგ 9 დოკუმენტური ფილმი გადაიღო რუსეთის უშიშროებამ: ზოგი იტალიაში, ზოგი ისრაელში, ზოგი სად. ეს არის დიდი, ვრცელი ფილმები _ როგორ დახვრიტა ქართულმა ლეგიონმა მაიდანი. ძალიან ფართომასშტაბიანი ფილმია. შტატებში გადაიღო ასევე პრორუსმა ჟურნალისტმა. ფაქტობრივად, მძლავრი პროპაგანდაა ჩვენს წინააღმდეგ. ვუპირისპირდებით იმით, რითიც დავიწყეთ _ ბრძოლა რუსების წინააღმდეგ. მათთვის ხელის შემშლელი პირობა მარტო იდეოლოგია არ არის, ამ შემთხვევაში არის ფიზიკური დაპირისპირებაც. გამომდინარე პირადი შემადგენლობიდან, დიდ ზიანს ვაყენებთ და არ უნდათ, რომ ამდენი რუსი მოვკლათ, მაგაზეც არის ლაპარაკი, იმასთან ერთად, რომ იციან, შეგვიძლია ადამიანების აყოლიება დემოკრატიულ პროცესებში, შეგვიძლია თავისუფლების იდეოლოგიის ადამიანების გაერთიანება და ამიტომ ვართ პირველადი მიზანი მათთვის.
_ ბოლო კითხვას დაგისვამთ საქართველოში საპროტესტო ტალღის შესახებ, _ უკვე მესამე თვეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს რუსთველზე. როგორია თქვენი პოზიცია?
_ მთლიანად მხარს ვუჭერ საქართველოს საზოგადოებას. ქართველმა ხალხმა გააკეთა დემოკრატიული არჩევანი და არ უნდა დემოკრატიიდან გადახვევა. ნურავინ ეცდება, დიქტატურის გამოყენებით, საქართველოს საზოგადოებას აზრი შეაცვლევინოს. რამდენჯერაც დაიწყო მიტინგები და საპროტესტო აქციები, იმდენჯერ გაიმარჯვა ხალხმა, ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს ნებისმიერ მთავრობას და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს მთავრდება ხალხის გამარჯვებით. ადამიანები, რომლებიც ძალადობენ ხალზე, იმათმაც უნდა იცოდნენ, რომ საბოლოოდ ხალხი გაიმარჯვებს. საქართველოში სხვანაირად არ ხდება და არ მოხდება, იმარჯვებს, ის ვინც არის მართალი, მართალი არის ის, ვისაც უნდა თავისუფლება და იბრძვის მშვიდობიანი მეთოდებით, მართალია, ძალიან ცდილობენ ჩვენს რადიკალიზაციას და მილიტარიზაციას, აი, ხომ ხედავთ, სამხედრო გადატრიალებებია სხვადასხვა ქვეყანაში და ა. შ. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, _ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარულები, რადგან ომში პირველები ვკვდებით ჩვენ!