QronikaPlus
ირაკლი აბესაძე: „რეჟიმი სასოწარკვეთილია დემონსტრანტების გაუტეხელობით“

ირაკლი აბესაძე: „რეჟიმი სასოწარკვეთილია დემონსტრანტების გაუტეხელობით“

2025-02-12 11:28:40

თამუნა მჭედლიშვილი

რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია დედაქალაქის შემოსასვლელთან დაიგეგმა. დღის 4 საათზე ასობით დემონსტრანტი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრა და აღმაშენებლის ხეივანში გაერთიანდა. 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა 4 თებერვალს რვა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის წესით გადაუკვალიფიცირეს.

დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდნენ. დემონსტრანტები პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობდნენ. შვიდ ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნებოდა. სამართალდამცველებმა ფიზიკურად ძალადობრივი გზით დააკავეს დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რასაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა. სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას ასამართლებენ იმ კანონით, რომელიც არ არსებობს. რომ საკანონმდებლო ცვლილებები და დაინიცირებული კანონპროექტები ერთი ერთში იანუკოვიჩის დიქტატორულ ცვლილებებს იმეორებს.

რეალურად, რა მიზეზით დააკავეს გიგი უგულავა აქციაზე? რა მტკიცებულებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოზე? როგორი რეაგირება ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს? მოინახულა თუ არა სახალხო დამცველმა დედაქალაქის ყოფილი მერი ციხეში? რა ბედი ელის „ქართული ოცნების“ დიქტატორულ რეჟიმს და ახალ, სასწარაფო წესით მიღებულ დრაკონულ კანონებს? _ ამ მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება გიგი უგულავას უფლებადამცველ ირაკლი აბესაძეს:

_ ბატონო ირაკლი, რეალურად რა მიზეზით დააკავეს გიგი უგულავა?

_ გიგი უგულავა სისხლის სამართლის წესით ივანიშვილის რეჟიმმა უკვე მეხუთედ დააპატიმრა. მის მიმართ აშკარად პირადი ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებს ამ რეჟიმს, მისი ძალიან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლის გამო ბოლო 12 წლის განმავლობაში. მაინც, უმთავრესი არის არა მხოლოდ გიგი უგულავა... იცით, რომ მის გარდა კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას არც პოლიტიკური საქმიანობის წარსული ან საჯარო აქტიურობა არ ჰქონდა. მათ შორის ერთი 20 წლის ახალგაზრდა იყო და, ცალსახად, ალბათ, პირველად მონაწილეობდა მსგავსი ტიპის აქციებში ხელისუფლების წინააღმდეგ.

_ რა იყო ხელისუფლების ამოცანა ორ თებერვალს? დემონსტრანტები მსვლელობის დროს განსაკუთრებული წესრიგითა და სიმშვიდით გამოირჩეოდნენ იმ დღეს.

_ ხელისუფლების ამოცანა,ამ რვა ადამიანის დაჭერით იყო ასი ათასობით დემონსტრანტში შიშის ჩანერგვა. ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს საპროტესტო აქციებზე მუხტი და მასში მონაწილე ადამიანების რაოდენობა. სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, როგორც გიგი უგულავას ადვოკატი და მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტად მომემატა მხნეობა და სურვილი ამ აქციებში მონაწილეობის გაგრძელებისა. ამ ახალგაზრდებსა და თვით გიგი უგულავაზე აღარაფერს ვსაუბრობ... 20 წლის ახალგაზრდა მზად არის, ბრძოლა კვლავ გააგრძელოს და მას აბსოლუტურად სწორად ესმის, სრული შეგრძნებით მონაწილეობს სამშობლოს გადარჩენის საქმეში. მანამდე უკვე დაპატიმრებული, მისჯილი ახალგაზრდები და ქალბატონი მზია ამაღლობელი ყველასთვის ბრძოლის მაგალითად იქცნენ! სწორედ ეს არის, რაც ივანიშვილის ზღვარგადასულ აგრესიას იწვევს. მან ჯეჯერობით ვერავინ გატეხა, ვერავის მოახრევინა ქედი, ვერავის ათქმევინა, რომ აღიარებენ დანაშაულს და ინანიებენ და არ გადაკეტავენ გზას, აღარ დაუპირისპირდებიან ე. წ. პოლიციელს და ა. შ. ჩვენ ვხედავთ ბრძოლის განწყობაზე მყოფ მოუდრეკელ ადამიანებს, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, უკვე ციხეშია და ნაწილიც ელოდება თავის საბოლოო განაჩენს ამ სანქცირებულ სასამართლოში, რომელიც ძალადობრივი ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რგოლია.

_ ორი თებერვლის აქციის პირდაპირი ეთერის დროს კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ფიზიკურად სამართალდამცველები დედაქალაქის ყოფილ მერზე მისი დაკავების პროცესში. რა მტკიცებულება აქვს ბრალდების მხარეს გიგი უგულავას წინააღმდეგ?

_ აბსოლუტურად სწორად ფორმულირებული შეკითხვაა. ჩვენ, ყველანი, პირდაპი ეთერში ვუყურებდით მთლიან აქციას და არა მხოლოდ გიგი უგულავას. აქციის მონაწილეები არავინ სჩადიოდა კანონდარღვევას, არ იყვნენ აგრესიულები და არ ყოფილა პოლიციასთან დაპირისპირება, არც ის, რომ  ვინმეს უნდოდა გზის დაბლოკვა-გადაკეტვა და პოლიცია ამას ეწინააღმდეგებოდა! მიუხედავად ამისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფაქტობრივად, მტკიცებულებების გარეშე წარედგინა ბრალი და მე გეტყვით, რა „მტკიცებულებები“ დევს რვავე ადამიანის საქმეში. მათთან მიმართებით მოწმეები არიან ე. წ. პოლიციელები,  ცრუ ჩვენების მიმცემი ადამიანები, თავად კრიმინალები და დამნაშავეები. ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს მათ მშვიდად მოუწოდებდნენ ბლოკირებული გზიდან გადასვლისკენ, მაგრამ მომიტინგეები ამ მითითებას არ ასრულებდნენ! ორ თებერვალს გზა არ იყო ბლოკირებული თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად არც მსგავსი ქმედება ყოფილა.

_ ვიდეომასალა?

_ ოთხი ვიდეომასალა დევს გიგის საქმეში. პრველი ვიდეოფაქტი არის, როდესაც გიგი უგულავა თბილისი მოლის მხარეს უახლოვდება პოლიციის კორდონს და ჩერდება იქ. მეორე ვიდეოში გიგი უგულავა მოძრაობს და გადადის აღმაშენებლის ხეივნის მხარეს. სხვათა შორის, ეს პოლიციის ჩვენებებშიც წერია და ვერ უარყვეს... ვერ უარყვეს ის, რომ პოლიციამ თავად მიიღო გადაწყვეტილება და მიუთითა პოლიტიკოსებს, მათ შორის, ელენე ხოშტარიას, რომ ისინი (პოლიცია) თავად გაუკეთებდა მათ კორდონს, რათა დემონსტრანტები გადასულიყვნენ მოპირდაპირე მხარეს და მსვლელობით განეგრძოთ გზა საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. სწორედ ეს პროცესია მეორე ვიდეოში აღწერილი. მესამე ვიდეო იწყება პირდაპირ გიგი უგულავას დახრჩობის კადრით _ დაკავების დროს ყელში წაუჭირა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ზოგი ფეხზე ექაჩებოდა, ზოგი ხელზე და სწორედ ეს ვიდეოფაქტია, რაც არაფერს ადასტურებს, გარდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულისა. მეოთხე _ გიგი უგულავა ესაუბრება პოლიციელებს პანდუსზე. პოლიციელი მიმართავს მას, აიწიოს ცოტათი მაღლა, რომ დანარჩენი ადამიანები გადმოიყვანონ გზის მეორე მხარეს,  რადგან პოლიციამ თავად გაწყვიტა ხალხის ნაკადი. ადამიანები მათ დაემორჩილნენ. აქცია გაიყო ორ  ნაწილად: ერთი ნაწილი აღმოჩნდა პანდუსზე, მეორე ნაწილი კი აღმოჩნდა თბილისი მოლის მხარეს. აი, პანდუსზე მყოფ გიგი უგულავას პოლიციელი ეუბნება, რომ თქვენ ცოტა მაღლა უნდა აიწიოთ, რომ დანარჩენი ადამიანები გადმოვიყვანოთო. გიგი თანახმაა და უნდა დაიძრას,  რომ ამ მომენტში მას ეცემა პოლიციელთა ჯგუფი, ეჯაჯგურებიან და ეუბნებიან: _ გაიწიე! გაიწიე! უგულავა ეკითხება, _ საით წავიდე? და სწორედ ამის შემდეგ იწყება ის ძალადობრივი დაკავება _ ხელების კისერში წაჭერა და დახრჩობა...

_ ე. ი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა დაკავებულებისთვის გამამართლებელი მტკიცებულებებია?

_ დიახ, ანუ მათ მიერვე წარმოდგენილი არცერთი ვიდეოფაქტი მათ ბრალეულობას საქმეში ვერ ამტკიცებს... მიუხედავად ამისა, როგორც პროკურატურამ წარუდგინა ბრალი აბსოლუტურად უკანონოდ და აბსურდული მტკიცებულებებით, ასეთივე აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა, მაშინ, როდესაც ის ვალდებული იყო, საერთოდ შეეწყვიტა ეს სისხლის სამართლის საქმე!

სინამდვილეში, ასეთი ტიპის დანაშაული საერთოდ არ არსებობს და ვერც იქნებოდა შესაბამისად ჩადენილი.

_ როგორი მსვლელობა ან რეაგირება მისცა საქმეს კაციტაძის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა?

_ კარგად იცით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობრივად ფიზიკური შურაცხყოფის. იმ დღეს მასობრივად დაემატა გაუგონარი შეურაცხყოფები სამრთალდამცველთა მხრიდან პროტესტანტი ქალბატონების მიმართ. ისინი  ცდილობდნენ მათ მორალურ დათრგუნვას. მანამდე კი ვნახეთ ასეულობით მძიმედ ნაცემი, დასახიჩრებული, სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები, აქციის მონაწილეები: ჟურნალისტები, ექიმები, მსახიობები, სტუდენტები _ ფაქტობრივად, ყველა პროფესიის ადამიანი. მიუხედავად ამისა, კაციტაძის უწყებას არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში აქამდე არ მიუცია. მეტიც: ისინი ამტკიცებენ, რომ ნიღაბში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ! ქართულ რეალობაში პოლიცია გვეუბნება, რომ ჩამოიცვი ნიღაბი და გინდა დააყაჩაღე, გინდა მოკალი, გინდა იქურდე, რაც გინდა აკეთე _ მე შენ ვერ ამოგიცნობ... თუ ვერავის ამოცნობას ახერხებ, მაშინ მე რომ ჩამოვიცვა ნიღაბი და ჩავიდინო დანაშაული, თქვენი აზრით, რამდენ ხანში ამომიცნობენ? იმავე დღეს თუ არა, მეორე დღესვე მაინც, არა?! ამიტომ, ეს უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულებრივი რგოლია იმ ძალადობის ჯაჭვის, რომელიც იწყება ივანიშვილიდან! ასევე რომლის აღმასრულებლებიც არიან სუსი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მათზე დაქვემდებარებული თანამშრომლები. შემდგომ ამ ყველაფერს ხელს აწერს პროკურატურა, რომელიც თვალს ხუჭავს, ხოლო ბოლოს ხელს აწერს სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია! დასახიჩრებულ ადამიანებს, პირიქით, იქით 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებს! რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თანამონაწილეა სპაეციალური საგამოძიებო სამსახურიც. რომელიმე რგოლი მაინც რომ იყოს დამოუკიდებელი ივანიშვილის ახირებებისგან და არ იყოს მის მიმართ მონურ მორჩილებაში, ეს სისტემა ვერ იარსებებდა და ეს ჯაჭვი ვერ შეიკვრებოდა, ასე ვერავინ იძალადებდა! მაგრამ იციან, რომ ივანიშვილის ახირების შესრულება სავალდებულოა ყველა ამ რგოლისთვის. არ არსებობს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებას დაიცავს!

_ სად არის ასეთ დროს სახლხო დამცველი? მოინახულა ბატონი გიგი უგულავა და დანარჩენი შვიდი დაკავებული ლევან იოსელიანმა?

_ სამწუხაროდ, ამ ყველაფრის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მდუმარე, არაფრისმაქნისსა და დამალულ სახლხო დამცველს.

სხვათა შორის, სახლხო დამცველმა მოინახულა გიგი უგულავა, მაგარამ მისი მონახულება და ორწუთიანი გაბაასება საქმის გაკეთება არ არის! სახალხო დამცველი დღეს უნდა იჯდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და წერდეს ანგარიშებს, განცხადებებს, რეკომენდაციებს. უნდა ითხოვდეს ამ პოლიციელების გამოაშკარავებას, სისტემიდან მათ გამოყრას! ის უნდა ესწრებოდეს დღეს ყველა  სასამართლო სხდომას. ამის ნაცვლად, ის ხანდახან შემოივლის რომელიმე საპყრობილეში და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს მოიკითხავს, როგორ ხარ, ხომ კარგად ხარ? _ ეს მას საქმის გაკეთებაში არ ჩაეთვლება!

_ როგორ გრძნობს თავს დედაქალაქის ყოფილი მერი?

_ რვავე დაკავებულმა იმავე ღამეს დატოვა საპატიმრო. გიგი უგულავა თავს კარგად გრძნობს. იგი მიჩვეულია რეჟიმისგან არა მხოლოდ სამართლებრივ დევნას, არამედ ფიზიკურ ანგარიშწორებას. შეგახსენებთ ორ აბსურდულ საქმეს გიგი უგულავას წინააღმდეგ, როდესაც ძიუდოისტები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ აეროპორტში სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით და შემდგომ პირიქით, გიგი უგულავა აღმოჩნდა ბრალდებული ამ სამარცხვინო და უსირცხვილო ძიუდოისტების ცემაში. _ უგულავამ რომ დაგვარტყა, გვეტკინაო. აი, ასეთ ადამიანებზე დგას სისტემა. აქვე კიდევ უნდა ვახსენო მზია ამაღლობელის საქმე: როდესაც რომელიმე საქმის აბსურდულობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არცერთი არ შეედრება სილის გაწნისთვის შვიდწლიანი მუხლით ადამიანის დასჯის მცდელობას.

უგულავასა და სხვა პოლიტიკოსების შემთხვევაშიც არავინ შეშინებულა. შესაძლებელია, ცოტა რთული იყოს ამ ყველაფრის მიღება, გადააზრება და გაძლება, მაგრამ ყველა მათგანი არის ძალიან მხნედ, არავინ გატეხილა, არავინ შეუშინებია იმ ფიზიკურ ძალადობასა თუ ციხეს, რაც იძლევა იმედს, რომ ეს რეჟიმი დასრულდება და აღარავის გვემახსოვრება ეს დროებითი ძალიან მძიმე დღეები.

_ რვა კანონპროექტის სასწრაფო წესით განხილვა და ოთხ დღეში მიღებული აბსურდული დრაკონული კანონები იმაზე მეტყველებს, რომ ავტორიტარიზმში ვართ! თქვენი კომენტარი?

_ როდესაც ასეთი ტიპის კანონები შემოაქვთ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში შეფასდეს! არ იქნება ეს კანონები? მაინც ფაქტობრივად ხომ ასე მოქმედებენ? მაინც ხომ გიკრძალავენ დეპუტატთან მიახლოებას? სწორედ ამიტომ დასჭირდათ კანონთან მიახლოებული კანონპროექტი და უკვე კანონი, რომ შენობის შიგნით არ შეიძლება თურმე პროტესტის გამოთქმა. იგივე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით _ თქვენ შეიძლება როგორც ჟურნალისტი ბრძანდებოდეთ პარლამენტის შენობაში და თუნდაც მდუმარედ, პლაკატი აწიოთ და ქალბატონ მზიას სოლიდარობა გამოუცხადოთ და ამ დაბრმავებული პარლამენტის წევრებსა თუ თავმჯდომარეს მის  სურათზე შეახედოთ, ეს თქვენი მხრიდან თურმე კანონდარღვევა იქნება!

_ რეჟიმი ისტერიკაშია, 70 დღეზე მეტია, გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქციები...

_ რეჟიმი სასოწარკვეთილია იმ გაუტეხელობით, რასაც დემონსტრანტებში ხედავს. სასოწარკვეთილია რეჟიმი იმ დაუცველობით, რასაც მისი წარმომადგენლები აწყდებიან. რადგან ხალხში არის სამართლიანი ზიზღი და მიუღებლობა ამ ადამიანების! შეუძლებელია, შეეგუო შენ გვერდით მყოფ იმ ხალხს, ვინც რუსეთში მიათრევს შენს ქვეყანას, ვინც მზად არის, შენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის მრავალსაუკუნოვანი ოცნება დაასამაროს და კვლავ დაგაბრუნოს შენი დამპყრობლის, მუდმივი მტრის _ რუსეთის გამგებლობაში. ათეულობით ადამიანი ციხეში წავიდა, ეს ამ ქვეყნისთვის არის კატასტროფა და ტრაგედია! მაგრამ არ ნიშნავს, რომ საზოგადოება გატყდა ან გატყდება.

_ წინ სიტყვისა და აზრის გამოხატვის აკრძალვა გველის.

_ მედია იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოწინააღმდეგედ ამ ხელისუფლების. პირველ როგში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწორად გავრცელების თვალსაზრისით და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სტკივა ხელისუფლებას! ახლა კანონით ცდილობენ, რომ პირი აგიკერონ და წერა შეგიზღუდონ, გაშუქება შეგიზღუდონ. ეს არის მძიმე რეალობა, რაც ბრძოლას ართულებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რეჟიმი თუ რეჟიმი ერთიანია და მას ვერაფერს ვაკლებთ, მაშინ რისთვის უნდა სჭირდებოდეთ მსგავსი დრაკონული კანონები, ასეთი ზღვარგადასული დანაშაულებრივი ძალადობა, აგრესია, გამოგონილი ბრალდებით ადამიანების ციხეში გამოკეტვა?

_ რამდენად შეძლებს რეჟიმი დიქტატურის დამყარებას ან როდემდე?

_ ამაზე პასუხი არის ერთი: რეჟიმი შეშინებულია! რეჟმსაც ეშინია საზოგადოების იმ მზარდი პროტესტის, რომელიც დღეს გვაქვს ქუჩებში. რეჟიმი ცდილობს, ეს პროტესტი დათრგუნოს ახალ-ახალი სიძნელეებით, გაზრდილი ჯარიმებით. 17 იანვრის გზის გადაკეტვაზე ასეულ ადამიანს იბარებენ სასამართლოში. ამ ხალხის რომ ეშინიათ, ეს არის მათი სასოწარკვეთილი, პანიკური უკურეაქცია პროტესტზე, რომელიც მათ ლეგიტიმაციას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ანგრევს.

_ როგორ საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო?

_ რვა ადამიანს ბრალი წარუდგინეს ორი წინადადებით! პირველი წინადადება: სახელები და გვარები ჩამოთვალეს და რომ მათ სცადეს აღმაშენებლის ხეივნის გზის გადაკეტვა; მეორე წინადადება: პოლიციის ძალისხმევით ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს გზის გადაკეტვა! _ ამ ორი აბსურდული წინადადებით აპირებს  ეს რეჟიმი გაუშვას ციხეში რვა ადამიანი. ორივე წინადადება არის ტყუილი. ამ სასამართლოს თვითონვე გადადებენ და გააჯანჯლებენ. დანარჩენი, ვნახოთ.      

 

 

 

გაზიარება