პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
2025-02-12 10:23:13
გიგა გელხვიიძე
საქართველოში ბოლო დღეებისა და კვირების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა. მოქალაქეებმა მოისმინეს „ქართული ოცნების“ კრიტიკა და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, გამოცხადებული ომი UშAID-თან და მის მიერ დაფინანსებულ პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს არ უხსენებია, რომ ამავე პროგრამებით სარგებლობდა ხელისუფლებაც და ასევე არც ის გახსენებია, რომ რიგი მათგანი სწორედ არასამთავრობო სექტორიდან მივიდა „ქართულ ოცნებაში“, იმ სექტორიდან, რომელსაც ომი გამოუცხადა.
გარდა ამისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენებს ახდენს არსებული რედაქციით მოქმედ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ სასჯელებზე, კონკრეტული არაკანონიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თავისუფლად შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველომ არათუ გადმოაკოპირა რაღაც რუსეთისგან, არამედ რუსეთსაც და ბელარუსსაც აჩვენა, რომ ახლა ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა სადამსჯელო მეთოდი, რაც არარეალურ სასჯელებში გამოიხატა.
მაგალითად: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე არსებული მაქსიმალური სასჯელი, რომელიც რუსეთში 20 დღეს და ბელარუსში 26 დღეს შეადგენს, „ქართულმა ოცნებამ“ 60 დღემდე გაზარდა.
გასულ კვირას, მიუხედავად „ოცნების“ მტკიცებისა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, 49 ოპოზიციონერ დეპუტატს („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და ენმ) დეპუტატის მანდატები გაუუქმეს.
ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე:
_ ბატონო გიორგი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მიდგომები სულ უფრო და უფრო ხისტი ხდება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თუ გადავხედავთ მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ბოლო პერიოდის ქმედებებს, ჩნდება კითხვა, _ საით მიდის „ოცნება“?
_ ბოლო წლების განმავლობაში საით მიდიოდა „ქართული ოცნება“, ყველანი ვხედავდით. ვინც ოდნავ დააკვირდებოდა, ნათლად ჩანდა, რომ მათ ბოლომდე აიღეს გეზი რუსეთისკენ. ეს ყველაფერი უკრაინაში შეჭრის (რუსეთის მხრიდან) შემდგომ კარგად გამოჩნდა. ცხადი იყო, რომ „ოცნებას“ კურსი ჰქონდა აღებული ფარდის იმ მხარეს, სადაც რუსეთი დგას. რაც შეეხება სულ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ, რაც გააყალბეს არჩევნები, მიიტაცეს ყველა უფლება, გააკეთეს განაცხადი 28 ნოემბერს, როდესაც თქვეს, რომ წყვეტენ ყველანაირ კავშირს ევროპასთან. ცხადი გახდა, რომ გინებას, დაშინებას, სადარბაზოებთან დახვედრას, ცემა-ტყეპას აუცილებლად დაემატებოდა კიდევ უფრო რაღაც სხვა, მრავალრიცხოვანი საშუალებები რეპრესიების, რაც გულისხმობს დაჭერებს და ამ ყველაფერს ახორციელებენ. უკვე ორ თვეზე ბევრად მეტია, ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ ქვეყნის ევროპული დემოკრატია. აქ არაფერი განსაკუთრებული „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ხდება. კარგად ვხედავთ, რომ მათ გადაწყვიტეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად წავიდნენ ყველაფერზე, მათ შორის, იმ მეთოდებით, რომლებსაც დღეს იყენებენ.
_ გასულ კვირას მუდმივად ვისმენდით „ქართული ოცნების“ მიერ ახალი რეპრესიული კანონების დაანონსებას, ასევე „გაუმჯობესებას“ უკვე არსებული მანკიერი კანონების, რომელსაც, თქვენც ახსენეთ, რომ იყენებდნენ მოქალაქეების წინააღმდეგ, _ რა ხდება ახლა, რა პროცესები შეიძლება მივიღოთ?
_ ძალიან მარტივად არის ამბავი. თუ ამ ქვეყანაში გახლავთ სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუ ზოგადად რაღაც დემოკრატიის ელემენტები არსებობს, „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას _ ასე უყურებს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს. მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებად მას სჭირდება რეპრესიები. ლოგიკურია და ძალიან თანმიმდევრულია ივანიშვილის გუნდი იმ ნაბიჯებშიც და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. დიახ, გაამკაცრებენ, მიიღებენ ყველა ისეთ კანონს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება სამართლიანობასთან და ამ ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღესთან. ერთადერთი, მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. მაინც მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ყველაფერი მეტ უკუეფექტს მისცემს ივანიშვილს, ისე როგორც აძლევდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ბევრი ადამიანი სცემა, ბევრი დაიჭირა, ბევრი სამსახურიდან გამოაგდო, მაგრამ რა? ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ საზოგადოება შეეშინებინა და პროტესტის ხმა აღარ ისმის? პირიქით! როგორც კი ახალ რეპრესიებს იწყებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის ქართველი ხალხის ხმა ქუჩაში და უფრო მკაცრდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების სანქციები და განცხადებები. მიმდინარეობს საუბარი და უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, იმ ხალხს დაასანქცირებენ, რომელიც ხელს უწყობს ამ რეჟიმის შენარჩუნებას.
_ ვის გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ ივანიშვილის კარის ბიზნესმენებს. ამიტომ მგონია, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ლოგიკური და თანმიმდევრულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და ძალიან ცუდად დაასრულებს ივანიშვილი თავის „მოღვაწეობას“.
_ რამდენად შეგვიძლია განვიხილოთ სანქციები, კონკრეტულად ივანიშვილის მისამართით დაწესებული, რეპრესიების ერთგვარ შემაკავებელ ბერკეტად? ჩვენ ვნახეთ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები მის წინააღმდეგ და ასევე ვიხილეთ „ქართული ოცნების“ რეაქცია, _ ისინი კიდევ უფრო გაშმაგებული დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებიც აგერ უკვე ორ თვეზე მეტია, დგანან ქუჩაში და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, თავიანთი თანამებრძოლების გასათავისუფლებლად. რას მივიღებთ ახალი სანქციებით, რომელსაც, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი დაუწესებს ივანიშვილს?
_ გაშმაგება თავად ახსენეთ და მისი გაშმაგების ხარისხის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, თუ რამდენად მოქმედებს სანქციები. ეს სანქციები რომ მოქმედებს და ძალიან ეფექტიანადაც, ამას მოწმობს „ქართული ოცნების“ გუნდში ატეხილი ისტერია მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა სანქციები დააანონსა. ამის ძალიან ეშინიათ. სანქციებს ექნება კონკრეტული შედეგები, ივანიშვილი დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ეხმარება ხალხის დაჭერაში და ამით ხელისუფლების შენარჩუნებაში.
_ არჩევნების პერიოდში ჩვენ ვისმენდით განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის თაობაზე, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამდნენ, მიმართული იყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს და თეა წულუკიანის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას გაკეთებულმა განცხადებებმა გააქარწყლა. არის თუ არა დღეს გაწბილებული „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილთან ერთად აპირებდა, ღირსებით შესულიყო ევროკავშირში?
_ ალბათ, თავის დროზე, ასადიც _ სირიელებს, ლუკაშენკო _ ბელორუსებს და პუტინი _ რუსებს ეუბნებოდნენ, რომ ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი კეთილდღეობას ემსახურებოდა. ასე რომ, დიქტატორების განცხადებებში განსხვავებას ვერ ვნახავთ ხოლმე, ეგეც ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ ჩვენ ვიცით, რომ ესენი არიან ავტორიტარები, დიქტატორები, _ ხალხი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი, ძალაუფლება და ფული აინტერესებს, მათ შორის, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაც, თან ვიწრო შემადგენლობით. რაც შეეხება მათ განცხადებებს ევროპასთან დაკავშირებით, ზუსტად იციან, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, რადგანაც ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი ჩვენი კულტურით, ისტორიით. საქართველოს ადგილი არის ევროპაში და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხალხიც შეიყვანოს შეცდომაში და უთხრას, რომ ჰო, ისინიც იზიარებენ მათ სულისკვეთებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, დგამს საპირისპირო ნაბიჯებს. რატომ დგამს?_ ეს ხომ ჩვენც კარგად ვიცით. ბუნებრივი ადგილი ჩვენი რომ ევროპაშია, ეს ხომ ცხადია და ევროპას აქვს კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ძალაუფლების უზურპაციასა და იმ ფსიქოლოგიას, რომლითაც ივანიშვილი ცხოვრობს. ივანიშვილის გაბერილი ყველა საპნის ბუშტი გასკდა. ეს ძალიან კარგად დაინახა, მათ შორის, იმ ხალხმაც, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ივანიშვილი ისევ შემოხაზა, რომ ივანიშვილმა ისინი მოატყუა და გადააგდო. არცერთი ნაბიჯი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისკენ არათუ გადადგა ივანიშვილმა, არამედ დიდი რკინის რაღაც ჯებირები ააშენა ქვეყნის ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე. საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უკვე ძალიან მკაფიოდ არის ხილული და თუ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ალბათ, ისინი ვერც ვერასდროს დაინახავენ.
_ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გამუდმებით ამტკიცებდა, ოპოზიცია, რომელიც უნდობლობას უცხადებს პარლამენტს და მას მოიხსენიებს არალეგიტიმურად, მაინც შემოვა პარლამენტშიო, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც შეუჩერა საპარლამენტო მანდატი. როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ გუნდის ეს გადაწყვეტილება, მათი წინა პერიოდის საუბრების გათვალისწინებით, ხომ არ არის ერთგვარი ანონსი იმისა, რომ მასობრივად დაიწყებენ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას?
_ ეს ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტი, არანაირად არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად, არც _ ე. წ. მანდატები. ძალიან ლოგიკურები და თანმიმდევრულები ვიყავით, როდესაც ვამბობდით, რომ არ ვაპირებდით ამ ყველაფრისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ ყრილობას პარლამენტს არ დავარქმევდი. ალბათ მართლა ეგონა პაპუაშვილსაც, მდინარაძესაც და ივანიშვილსაც, რომ ვიღაცები ვერ გაუძლებდნენ და რაღაც ხელფასების დაკარგვის ფონზე მაინც გადაიფიქრებდნენ, მაგრამ ყველამ თქვა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ნაწილი დარჩა ბოლომდე პრინციპული და ამ ნაწილში იმედები გაუცრუვდათ მათ. ასევე ვიღაცები დედას იფიცებდნენ, რომ პარლამენტში მაინც შევლენო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ამ ე. წ. პარლამენტს არავინ მისცა ლეგიტიმაცია. გამოიყენებს თუ არა იმ ქმედებას, რისთვისაც გააკეთა ეს ბიძინა ივანიშვილმა, იმ ხალხის რეპრესიებისთვის, რომლებსაც ეს მანდატები ჰქონდათ, არ ვიცი, თუმცა, მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. კირთაძის, თევზაძის, მელიასა თუ სხვების დაჭერა რა მოსატანია, როდესაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს იჭერს ბიძინა ივანიშვილი და მეტიც, თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი სრულიად უდანაშაულოდ და უკანონოდ ჰყავს მას ტყვეობაში. ქალბატონი, რომელიც უკვე მერამდენე დღეა, შიმშილობს და მისი სიცოცხლის გადარჩენის საკითხი დგას ახლა. არავის ეშინია ციხის და მგონია, რომ ივანიშვილმა ეს ყველაფერი უკვე კარგად დაინახა.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ მედიის ნაწილზე. ყველასთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში სამართლიანობაზე მეტად მოქმედებს პირადი ანგარიშსწორება, რომელსაც ახდენს ბათუმის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე. მან ღიად განაცხადა, რომ ის ამაღლობელს „სისხლის“ ნაწილით გამოკეტავდა ციხეში და ამას მხარს უჭერს სახელმწიფო რეპრესიული მანქანა. გარდა ამისა, უნდა გკითხოთ ახალ რეპრესიულ კანონებზე, რომლებიც დაგვიანონსა „ქართულმა ოცნებამ“ მედიას, იმის გარდა, რაც უკვე არსებობდა ჩვენ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში საუბარია დიდი ბრიტანეთის მოდელზე. რამდენად უნდა ველოდეთ, რომ საქართველოში სულ რამდენიმე მედიასაშუალება დარჩეს და აქედან მეტი წილი მოდიოდეს სახელისუფლებო მედიაზე, ვინაიდან, ფაქტობრივად, ნადგურდება ონლაინ მედია, ის ნაწილი, რომელიც მოქმედებდა გრანტების დახმარებით?
_ ეს ყველაფერი ნათლად აჩენს ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ არსებობდეს. ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ჰყავდეს ან ციხეში, ან _ ქვეყნიდან განდევნილი. არ იმუშავებს რეპრესიული კანონები. არ შერჩება ეს ყველაფერი ივანიშვილს და ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას ფულთან ერთად. ის, რომ ივანიშვილი ბოლომდე იბრძვის თავისუფალი სიტყვის გასაჩერებლად, ეს ხომ ცხადია. საერთოდ არ სჭირდებოდა კანონმდებლობაში ცვლილება. თქვენი კოლეგა, მზია ამაღლობელი, საერთოდ ტყუილად დაიჭირა. ქალბატონი, რომელიც არა მხოლოდ ბათუმისა და აჭარის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ცნობილი თავისი ღირსებებით, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლით, მას დღეს ჰყავს ტყვეობაში. ამიტომ ამ კანონს მიიღებს თუ არ მიიღებს (ალბათ უფრო „მიიღებს“), მნიშვნელობა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ყველა მეთოდით გებრძვით თქვენ, ადამიანებს, რომლებიც არ ფიქრობთ ისე, როგორც მას უნდა, რომ ფიქრობდეთ. დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან ძვირი დაუჯდება და უკან დაუბრუნდება.
_ მიუხედავად კრიტიკულ საკითხებზე საერთო ოპოზიციური კონსენსუსის არსებობისა, მაინც უნდა გკითხოთ გიორგი გახარიას გუნდზე. ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გაუქმებული მანდატები, თუმცა ამ დრომდე არ გვინახავს განცხადებაც კი გახარიას გუნდის მხრიდან იმის შესახებ, თუ როდის დატოვებენ ისინი პარლამენტის დეპუტატების მანდატებს. გახარიას გუნდი აცხადებს, რომ ისინი დაელოდებიან პროცესების განვითარებას და ამის შემდგომ მიიღებენ შესაბამისს გადაწყვეტილებას. გახარიას გუნდის მიერ 101 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში 89 დეპუტატი დარჩება, რაც პარლამენტის არალეგიტიმურობის არსს კიდევ უფრო გაზრდის. რამდენად სწორია გახარიას ლოდინი?
_ ჩემი აზრით, სწორი არის ის, რაც გააკეთა ჩემმა პარტია „ახალმა“. სწორი იყო, როდესაც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენ მას არ ვცნობთ და არ ვაპირებთ იქ დღის გატარებასაც კი. იმას, რასაც აკეთებს გახარია ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის დარჩება თავისი სიტყვის ერთგული, როდესაც თქვა, რომ არანაირ ლეგიტიმაციას ის ამ პარლამენტს არ შესძენს. დანარჩენი არ ვიცით, დაველოდოთ მის ქმედებებს. მიუხედავად უამრავი პრეტენზიისა, რომელიც შეიძლება მქონდეს გახარიასა და მისი გუნდის მიმართ, ახლა მართლა არ მგონია იმის დრო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც ჭიდაობა გამოვაცხადოთ.