QronikaPlus
დავით ძიძიშვილი: „მოქალაქეები ყოველდღიურ ბრძოლაში არ იღლებიან“

დავით ძიძიშვილი: „მოქალაქეები ყოველდღიურ ბრძოლაში არ იღლებიან“

2025-02-12 05:41:38

თამარ სანაძე

საქართველოში საპროტესტო აქციები არ ნელდება. საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე, „ქართული ოცნება“ ყველანაირი ხერხით ცდილობს, ხალხზე წნეხი გააძლიეროს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკა+“-თან საუბრობს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კომუნიკაციისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი:

_ დავით, ქუჩაში არ წყდება პროტესტი, „ოცნება“ ხალხს ისტუმრებს ციხეში, აჯარიმებს მაშინაც კი, როდესაც საქმეში არსებული სამხილები საპირისპიროა. სისტემის სისასტიკეზე მეტყველებს ისიც, რომ დაკავებულები შიმშილობენ. როგორ შეაფასებთ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა და არის ეს დიქტატურის დამარცხების გზა?

_ პროცესები, რომლებსაც ახლა ვადევნებთ თვალს, არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესი. ესაა ვითარება, რომლის დროსაც ავტორიტარი ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად მოუყაროს თავი ძალაუფლებას. შემდეგ კი ამ ძალაუფლებით მართოს სახელმწიფო და ნებისმიერი ინსტიტუცია, რომლის კონტროლიც მას მიზნად აქვს დასახული. რასაც აკეთებს, არის აბსოლუტურად გეგმაზომიერი, სწორად გათვლილი სქემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვინახავს. რუსეთში ეს ყველაფერი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ნაშრომია დაწერილი და „პუტინის რუსეთი“ ჰქვია. განსხვავებით რუსეთისგან, საქართველოში ეს პროცესი გაცილებით სწრაფად განვითარდა.

პროცესი 2012 წელს დაიწყო და მაშინ ბევრი ადამიანი, ვინც ახლა ოპოზიციაშია, ვინც სამოქალაქო საზოგადოების იმ მხარეს დგას, რომელიც ახლა ავტორიტარიზმს ებრძვის, ისინი მონაწილეები იყვნენ ამ პროცესების, უბრალოდ სხვანაირად ხედავდნენ ყველაფერს. აბსოლუტურად მესმის, პუტინმაც ისე დაიწყო, როგორც დემოკრატმა და დემოკრატიის გამაძლიერებელმა. მისი ძირითადი ოპონენტები სწორედ მის გვერდით იდგნენ. ახლავს ხოლმე ასეთ რეჟიმებს ცვლილებები ადამიანებისა. მაგალითად, ლუკაშენკოს 30 წელი დასჭირდა, რომ ეს ყველაფერი გაევლო ბელარუსის მოქალაქეებს, პუტინს ცოტა ნაკლები. საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარების დაჩქარებული კურსი გვაქვს.

უკრაინაშიც იყო ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მაშინ უკრაინელმა ხალხმა მოახერხა თავის დაღწევა ავტორიტარიზმისგან. ცოტა ძვირი დაუჯდა უკრაინას ეს ამბები, მაგრამ არ ვიცი, რა უფრო ძვირი და ცუდი იქნებოდა. ალბათ ავტორიტარიზმს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლა.

რაც შეეხება იმას, რამდენად სწორი გზა გვაქვს არჩეული ავტორიტარიზმის დასამარცხებლად, ვიტყვი, რომ სწორი და არასწორი გზები ავტორიტარიზმის დასამარცხებლად, ფაქტობრივად, არ არსებობს. ავტორიტარიზმის ყველა გამოვლინებას ინდივიდუალური ბრძოლა ამარცხებს ხოლმე, როგორც წესი. მაგალითად, პინოჩეტს რომ ამარცხებდნენ ან თუნდაც უგო ჩავესს, სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა გზებით იბრძოდნენ. ბევრი რამ საერთო ჰქონდათ ადამიანებს ამ ბრძოლებში, თუმცა ყველა ასეთი ტიპის მოძრაობას ყოველთვის აქვს დამახასიათებელი რამ. მაგალითად, ქართული პროტესტის დამახასიათებელ ამბად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანების დაუღალავი ბრძოლა. ამდენი ხანია ხალხი ქუჩაშია, ყოველდღე იკეტება რუსთაველი, ყოველდღე ახალ-ახალი ფორმა ჩნდება პროტესტისა.

რაც სეეხება იმას, საკმარისია თუ არა ეს ბრძოლა, არ არის საკმარისი. ამ პროცესს უნდა ახლდეს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, ასევე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო პოზიცია. ვიღაცებს ეს პოზიცია აქვთ, მაგრამ ეშინიათ გამოხატვის. ვიღაცებს აქვთ განსხვავებული პოზიცია, თუმცა ხვდებიან, რომ რაღაც მთლად ისე არ არის, როგორც ამას ეუბნებიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიდან და ისინი ნელ-ნელა იწყებენ გამოფხიზლებას.

ერთი მხრივ ბრძოლა მიდის ავტორიტარიზმთან და მეორე მხრივ ვიბრძვით, ავტორიტარიზმი ისე დავამარცხოთ, რომ არ დავკარგოთ სახელმწიფო. თუ ავტორიტარი მზადაა, რომ ყველა დაიჭიროს, ფიზიკურად იძალადოს და ა. შ., რაღაც მომენტში წინააღმდეგობა, ბუნებრივია, რომ შეწყდება, რადგან ადამიანები როდესაც ხვდებიან, რომ გონივრულ ვადაში არ არის შედეგი, თავს აღარ გაინადგურებენ და ცდილობენ დაელოდონ იმ დროს, როდესაც ხელსაყრელი მოცემულობა იქნება. მაგალითად, რაღაც შეიცვლება საერთაშორისო თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს რუსეთის საბოლოოდ დამარცხება უკრაინაში.

_ როგორ დამარცხდება რუსეთი?

_ რუსეთის დამარცხების რამდენიმე გზა არსებობს: ერთი კონკრეტული, რომ რუსეთს აიღებს უკრაინული არმია, ეს არ არის უტოპიური მოლოდინი.

მეორე: რუსეთის დამარცხება შეიძლება იყოს მისი გაჩერება და დაბრუნება იმ პოზიციაზე, რომელზეც იყო 2022 წელს. ეს მარცხია ეკონომიკური და ადამიანების საზღაურით, რაც მან გაიღო. ერთი გზა შეიძლება იყოს, რომ ამას დაელოდონ  საქართველოს მოქალაქეები. როგორც კი პუტინი დამარცხდება, ხელისუფლება, რომელიც რუსეთის გზას დაადგა, ისიც ავტომატურად დამარცხდება. ან შეიძლება ეს იყოს დასავლეთის მხრიდან მეტი კონსოლიდაცია და ზეწოლა სანქციებით ივანიშვილზე პერსონალურად თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზეც. ასეთი ქმედებები საყრდენს გამოაცლის მას, ეს შეიძლება გრძელვადიანი პროცესიც იყოს. საპროტესტო მუხტის აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მარტო ამით დამარცხება შეუძლებელია.

„ოცნებას“ არ აქვს რესურსი, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ხელისუფლება,  განსხვავებით ლუკაშენკოსგან, სადაც ბელარუს ხალხს არ გამოუვიდა ავტორიტარიზმის დამარცხება. ამ წუთას ჩვენ ვიმყოფებით ფაზაში, როცა ავტორიტარიზმი ბოლომდე მიაწვება და ყველაფერს შეეცდება, მათ შორის, სადაც ხელი მიუწვდება, ადამიანები ფიზიკურად გაანადგუროს და ამის მაგალითები გვაქვს საქართველოში. მზია ამაღლობელი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იქცევა ავტორიტარული მმართველი. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად ეშინიათ, ვინმე არ შეეწიროს ამ პროცესს.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი, რომ ამაზე ასე სერიოზულად საუბარი მომიწევდა, რომ ვიღაცის სიცოცხლემ შეიძლება ჩამოშალოს ავტორიტარიზმი, რადგან მეგონა, რომ ეგ ეპოქა გავიდა. ამ წუთას გვაქვს ის მოცემულობა, რომ ხელისუფლება აცნობიერებს, თუკი ვინმე შეეწირება ბროლას ხელისუფლებასთან, „ოცნება“ დაკარგავს ყველაფერს. ამიტომ ისინი შეეცდებიან, რომ ეს პროცესი კონტროლის ქვეშ აიყვანონ. მზია ამაღლობელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც ამის ნიშანია, რომ ხელისუფლება შეეცდება, უსაფრთხო იყოს შიმშილობა მისი სიცოცხლისათვის. არის რაღაცები, რისი გათვლაც შეუძლებელია და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს „ოცნება“, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. მარტივი არ არის იმის უკან დაბრუნება, რაც იყო, შეიძლება ადამიანი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ გაურთულდეს ყველაფერი და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის სახით. მას მკურნალობენ და დიდი გზა აქვს გასავლელი. სანამ ადამიანი უკიდურეს ვითარებამდე არ მიიყვანეს, გარეთ არ გამოუშვეს. რამდენიმე ადამიანი შიმშილობს და არავინ იცის, სადამდე მივა საქმე. ხელისუფლება ხვდება ყვლაფერს და ცდილობს, ეს თემა ფრთხილი აგრესიით მართოს.

მე ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენებს, რადგან საქართველოში ავტორიტარიზმს არასოდეს გაუმარჯვია. უბრალოდ, ყოფილა პერიოდები, როცა ავტორიტარებს დაუპყრიათ ქვეყანა და რაღაც დრო მართავდნენ ქვეყანას, საბჭოთა კავშირი ამის კარგი მაგალითია, მაგრამ როგორც კი შანსი ჩნდება, საქართველო მუდმივად ირჩევს თავისუფლებასა და დემოკრატიას.  

_ მდინარაძემ განაცხადა: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებსო. მედიაზე შეტევის, დაკავებების ახალი სერიის ფონზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გამკაცრებული კანონებით შესაძლებელი იქნება საპროტესტო ტალღის ჩაქრობა და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა, რასაც „ოცნება“ ამბობს?

_ ყველაზე კარგი პასუხი მათ ქართველმა ხალხმა გასცა. ერთი კარგი ფრაზაა, რომელიც, მართალია, არ არის ქართული პროტესტის ფრაზა, მაგრამ ძალიან კარგად ითარგმნა ქართულად: არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!

სამართალი არ არის ის, რაც მდინარაძეს ჰგონია. მურუსიძე სამართალს ვერ ქმნის ამ ქვეყანაში. სამართალ ისაა, რასაც ადამიანები მიიჩნევენ საკუთარი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლად, კონსტიტუციაა პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოში, მათ შორის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა კონსტიტუციაში ნახევარზე მეტი უკვე რომ დარღვეული აქვს და მეორე ნახევრის დარღვევას ახლა რომ აპირებს, ეგ ფიზიკურად შეუთავსებელია იმასთან, რასაც მდინრაძე განცხადებებში ამბობს.

ის, რომ „დიფ სთეითს“ ამარცხებს „ქართული ოცნება“, ძალიან სასაცილოა. რა იგულისხმება ტრამპისა და მასკის მიერ ნათქვამ „დიფ სთეითში“? ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხებასაც ნიშნავს. თუკი „დიფ სთეითს“ ამერიკელები ეძახიან საჯარო სამსახურში არსებულ ჯგუფებს, რომლებიც წლების განმავლობაში საჯარო სამსახურების ნომენკლატურული პოზიციებიდან მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაშინ საქართველოში ყველაზე დიდი „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილია. თუკი „დიფ სთეითი“ დამარცხდება სადმე, იქ ივანიშვილიც დამარცხდება ცალსახად.

საკუთარ ამომრჩეველთან დაიწყეს ამ ტერმინის გამოყენება, რადგან ტრამპი ამბობდა. ეს ყველაფერი თვისობრივად ვერაფერს შეცვლის. ავტორიტარიზმს ვერც ის უშველის, რომ ამერიკაში ბიუროკრატიაზე გაიმარჯვოს ადამიანთა ჯგუფმა, ვინც ფიქრობს, რომ ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს აშშ-ში.

თუკი მასკი საუბრობს „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, იგი ხანდახან ხას უსვამს იმას, რომ 300 მილიონი დოლარის ადმინისტრირებაში იხარჯებოდა 350 მილიონიო. ამას ხშირად ამბობს ილონ მასკი. ნამდვილად არ ჩამიხედავს USAID-ის შიდა ანგარიშებში და ბიუჯეტში. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, რომ ვიღაც 300 მილიონი დოლარის განკარგვაზე 350 მილიონს ხარჯავდა, ძალიან კარგია, თუ ეს პროცესი დაბრუნდება თავის ჩარჩოებში და ამას წინ არაფერი უდგას, მაგრამ საქართველოს ან „ქართულ ოცნებას“ამით რა, ჩემთვის გაუგებარია.

„ოცნება“ არის კორუმპირებული, ირანის, „ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ მეგობარი ძალა და ეს „დიფ სთეითთან“ ერთად სძულს ტრამპს და მთელი მისი სამშვიდობო პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ ირანი, „ჰესბოლა“ და „ჰამასი“ ერთიანად დამარცხდეს საბოლოო ჯამში. პირველ სურათს ვხედავთ უკვე ისრაელის კონფლიქტთან მიმართებით.

საბოლოოდ, ირაკლი კობახიძე ირანში იყო იმ დარბაზში, სადაც „სიკვდილი ამერიკასო“, _ სკანდირებდნენ. ამიტომ, მდინარაძემ რაც არ უნდა იძახოს ახლა, რომ ტრამპი მაგათი მეგობარია, ყველამ ვნახეთ, აშშ-ის პრეზიდეტის მხარდამჭერი, მეგობარი და მისი პარტიის წევრი უილსონი რას ამბობს ირაკლი კობახიძესთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით.

ის უფრო საინტერესოა, ე. წ. პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული ხარება საჯაროდ რომ სცემს დაკავების მომენტში ხალხს. ამაზე უფრო მაინტერესებს მდინარაძის ქმედებები, ვიდრე „დიფ სთეითსა“ და დონალდ ტრამპზე მისი კომენტარები.

მთავარია, არ განმეორდეს რაც 1921 წელს მოხდა და თუ მივყვებით მოვლენებს, რაც საქართველოსა და მსოფლიოში ხდება, ეს ძალიან ჰგავს ისტორიის იმ ნაწილს, როდესაც, სამწუხაროდ, ცუდ ბანაკში აღმოვჩნით. მჯერა, რომ ეს არ განმეორდება და დამარცხდება ავტორიტარიზმი, რადგან საზოგადოება გაიზარდა, დიდი ხანია, დამოუკიდებლობა გვაქვს, თაობა აღიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში და ეს თაობა არ დაუთმობს მდინარაძეს კი არა, არავის არაფერს. რისი იმედი აქვთ, არ ვიცი.

_ სანქციები დაწესებულია, ასევე მოსალოდნელია შეზღუდვები დიდი ბრიტანეთიდან. თუ აქამდე „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სანქციები ჯილდოა და ქვეყნის სიყვარულისთვის დასანქცირება პატივიაო, ახლა წულუკიანმა თქვა, რომ ამერიკამ უკან უნდა გაიხმოს სანქციებიო. რას ნიშნავს რიტორიკის ეს ცვლილება, არის ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან უკან დახევა?

_ დანარჩენისგან განსხვავებით, თეა წულუკიაი ჭკვიანი ადამიანია. მან ძალიან კარგად იცის, როგორ მიიღება სანქციების დაწესების გადაწყვეტილება და რას ნიშნავს სანქციები. ეს არ არის მარტივი რაღაც, ეს მთელი მიდგომის ცვლილებაა. წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, როგორ იქცევიან საერთაშორისო სისტემები და სტრუქტურები სანქცირებულ პირებთან და მათ ოჯახის წევრებთან მიმართებით.

წულუკიანის კარიერა არ დაწყებულა „ქართულ ოცნებაში“ და არც ფიქრობს, როგორც ჩანს, მათთან ერთად დაასრულოს ყველაფერი. ამიტომ მნიშვნელოვნად კრიტიკული და დამცინავი განცხადებები არ უნდა, რომ გააკეთოს დასავლეთთან მიმართებით. ამიტომ მე ამას „ქართული ოცნების“ უკან დახევად ვერ ჩავთვლი. როგორც ჩანს, წულუკიანს რაღაც კოზირები უჭირავს ხელში და უფრო მეტის უფლებას აძლევს თავის თავს, ვიდრე „ოცნების“ დანარჩენი წევრები. არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ უკან დახევას აპირებს, ისინი იმ ზღვარზე არიან, რომ აღარაფერი აქვთ დარჩენილი. გადალახეს ყველა ზღვარი დასავლეთთან, როდესაც რაღაცის დალაგება შეეძლოთ და ამ მოცემულობაში აღმოჩნდნენ ახლა. იმან, რომ ხალხი ამდენი ხანი ქუჩაშია, ვიბრძვით, შედეგი გამოიღო და ვიღაცებს ეშინიათ, არ გაიგივდნენ იმ ძალასთან, რომლადაც ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“. უნდათ, შედარებით უფრო რეალობის აღქმის მქონე ადამიანებად დარჩნენ. ეს პარტია არ არის დემოკრატიული ძალა, სადაც ინდივიდები იღებენ გადაწყვეტილებას, ესაა  ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მოქცეული დაჯგუფება, შესაძლოა კრიმინალური სინდიკატის ქვეშ მომუშავე დაჯგუფებაც დავარქვათ. მათთვის არსებობს ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ქადაგებს. ის რასაც ეტყვის, სიმართლეა უპირობოდ. შესაბამისად, თეა დამოუკიდებლად რომ ბედავს ამის თქმას, მას აქვს შიში, სურს თავი გადაირჩინოს კრიტიკულ სიტუაციაში. მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ უკვე დადგა კრიტიკული ვითარება, გადაილახა კიდეც და აწი რაც უნდა ქნას და თქვას, თავს ვეღარ გადაირჩენს. სტრასბურგსა და ბრიუსელში ვეღარ დაბრუნდება სამუშაოდ. ერთადერთი, რაც შეიძლება მან მოახერხოს, ესაა, როგორმე, საპატიმრო დაწესებულებაში არ აღმოჩნდეს, არა იმიტომ, რომ ვიღაც რაღაცას აპატიებს, არამედ იმიტომ, რომ უფრო დიდი დანაშაულის გამოვლენის ხარჯზე საპროცესო გარიგება მოითხოვოს, დარწმუნებული ვარ, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეა. ერთი მაგალითი რაც მახსენდება: როგორც არაუფლებამოსილმა პირმა თავის დროზე დააკავა სამხედრო მოსამსახურე, ეს არის გიორგი კალანდაძე, ამას ამბობენ მისი იურისტები და გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს, მოვა ამის დროც, მაგრამ მხოლოდ თუნდაც ამ საქმის გამო მას პასუხისგება მოუწევს. ამიტომ მისი განცხადებებით ცდილობს, ინდულგენციები იყიდოს და აჩვენოს ყველას, რომ მე გონიერი და საღ გონებაზე მყოფი ადამიანი ვარ და თუ საჭირო გახდება მზად ვარ, ვითანამშრომლო დასავლეთთანაცო. სწორედ ამიტომ ისაუბრა მან სანქციების სიმძიმეზე.

იმიტომ ამბობს, ამერიკამ უნდა გაიხმოს სანქციებიო. მაგრამ ესენი ვერ ხვდებიან, რომ აშშ-ს „ოცნებასთან“ არანაირი ურთიერთობა არ სურს, ტერორისტებთან არ თანამშრომლობს ამერიკა. ესენი ტერორისტებად იქცნენ, მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე, სისხლის სამართლით დაკავებულ ადამიანებზე მაქვს საუბარი. ტერორისტებივით იქცევიან, იჭერენ ადამიანებს და გევაჭრებიან, ამას გამოვუშვებ, თუკი ასე მოიქცევითო ზუსტად.

_ იაპონურ მედიაში გამოჩნდა სტატია ივანიშვილის, მისი შვილისა და იაპონიაში საქართველოს ელჩის შესახებ. როდესაც ასეთი სტატია იბეჭდება იაპონურ მედიაში, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ივანიშვილისვის?

_ ივანიშვილი სანქცირებული ადამიანია და კიდევ ელის სხვადასხვა მძიმე შეზღუდვები. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოში ოპერირების შესაძლებლობები დაიტოვოს. ამას ცდილობდა ბრაზილიაში, არგენტინასა და სხვა ქვეყნებშიც, იქ არ გამოუვიდათ. მცდელობები ჰქონდათ აღმოსავლეთშიც და იაპონია ერთ-ერთი მაგალითია ამისა. საუბარი და მსჯელობებია რა იყო შავ ჩანთაში, რატომ გადასცა, რაზე ისაუბრეს ელჩმა და უტა ივანიშილმა? ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის. ფაქტი არის ერთი: ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რა შარშიც გაყო თავი და ეს შარი, პირველ რიგში, რუსეთია. ივანიშვილს შეეძლო რუსეთისგან თავის დაცვა, თუკი ის დასავლეთს ძლიერ მოკავშირედ გაიხდიდა და მაინც პუტინის გზა აირჩია, იმიტომ რომ რამდენიმე მილიარდით მეტი ჰქონოდა. ამიტომ ის ცდილობს, ბევრ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც ჯერ კიდევ არსებობს შანსი მისი გადარჩენისა, უნდა შეიქმნას დასაყრდენი, ვგულისხმობ გასაქცევს. ჩანს, უტა მამის გადაზღვევის პროცეში აქტიურადაა ჩართული. იაპონია მძლავრი ეკონომიკის ქვეყანაა და ივანიშვილი თავისი მილიარდების გადასარჩენად ახალ გზებს ეძებს, ის ტექნოლოგიებში ახალ ინვესტიციებს ყოველთვის დებდა. მათ შორის, ნახატებს ყიდულობდა და ა. შ. შეიძლება იაპონიაში ახალი რაღაც იპოვა და აპირებს თანხის დაბანდებას. შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყურადღება მიაქცია კრიპტოვალუტებს და ყველაზე დიდი სამაინერო ქარხნები, რომლებიც საქართველოში არსებობდა, სწორედ მისი საკუთრება იყო. ერთი, რაც ბოლო პერიოდში ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, უსაფრთხოება მოუტანოს თავის ფულს. დროდადრო ყველაფერი გამოჩნდება, რადგან იაპონური მედია ძალიან აქტიურია. ამ ამბის შესახებ კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ.

გაზიარება