პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
2025-02-12 05:25:16
გიორგი საკარული
დაჭერები, ძალადობა, დარბევები, ბრალდებები და სისასტიკე, _ ეს „ოცნების“ რეჟიმია. რეჟიმი, რომელიც ასამართლებს ყველას, ვისაც არ უნდა რუსული ხელისუფლება და აქვს განსხვავებული აზრი. გაუგონარი, დიქტატორული კანონები, რომელიც „ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დააკანონა, პირდაპირ გვეუბნება, რომ გავჩუმდეთ და დავემორჩილოთ რეჟიმის იმ მოთხოვნებს, რაც არალეგიტიმური პრეზიდენტის, ყაველაშვილის ხელმოწერილ ფურცლებზე წერია.
და მაინც, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის ფონზე, სად არის და რა როლი ეკისრება საქართველოში ყველაზე გავლენიან ინსტიტუტ საპატრიარქოს?! დაუსჯელობის სინდრომი, ეკლესიაში გამეფებული უსამართლობა, რუსული მეთოდებით ბრძოლა და კრემლის პოლიტიკა „ოცნებისეული“ მეთოდებით, _ ეს არის ის საკითხები, რომელზედაც „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თეოლოგი ლევან ტატურაშვილი:
_ ლევან, რამდენიმე წელია, რაც ემიგრაციაში ხართ. მაინტერესებს, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის აზრი, როგორია შორიდან დანახული საქართველო და, ზოგადად, რას იტყვით იმ მოვლენებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ვითარდება?
_ ყველას გახსოვთ სიმართლისთვის შევიწროებული ადამიანები, ეკლესიის ის ჯგუფი, რომელმაც გაბედა, ამოეღო ხმა იმ გამეფებულ უღმერთობაზე, რაც ბოლო წლებში მოზღვავებულად დაგროვდა ჩვენს ეკლესიასა და, შესაბამისად, ერში. უნდა ითქვას, დევნა-შევიწროება დღეს არ დაწყებულა, ჩვენ პირველებმა გამოვცადეთ ეს უსამართლობა ჯერ კიდევ წლების წინათ საკუთარ თავზე, არავინ დაუტოვებიათ დევნისა და საფრთხის შექმნის გარეშე. ერთ-ერთი მე ვარ, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადე ეს უღმერთობა, მაგრამ მაშინ ყველა დუმდა და ამ დუმილმა შვა დღევანდელი დღის მოვლენები. ორმა წელმა განვლო, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები. ეს იყო და არის ურთულესი წლები, რომელსაც კვლავ გავდივარ. ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა ეს უკვე ითვალისწინებს გასაძლებ ყოფას, განსაკუთრებით კი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თქვენ მკითხეთ, თუ როგორია გარე თვალით დანახული საქართველოში მიმდინარე პროცესები და ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ უყურო გარედან იმ ყოველდღიურ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, ეს არის წამება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადად ჩემთვის საქართველოში რაც ხდება, ეს გახლავთ ქვეყნის ჯოჯოხეთი, რომელსაც ჩრდილოელი მტერი ქართველი ხალხის ხელით უკეთებს საქართველოს. ეს არის ერის მოსპობისა და ქვეყნის რუკიდან გაქრობის პროცესი. როცა ემიგრანტის სტატუსით უყურებ ამას, ამ დროს ხარ სრულიად უძლური, რადგან ვერ ერთვები პროცესებში და ნადგურდები იმ ტკივილით, რასაც ყოველდღე განვიცდი.
მთელი გულით გეტყვით ერთ რამეს: თითქმის არ არსებობს ერთი საათიც კი, რომ არ ვლოცულობდე ჩემი ქვეყნისთვის და ყველა შესაძლებლობის დროს შეხვედრებზე სხვადასხვა არასამთავრობოებთან ვცდილობ, ჩემი წილი ხმა გავაგონო ყველას, რომ ჩემს ქვეყანას გადასარჩენად ცივილიზებული ქვეყნებისგან დახმარება და შველა სჭირდება. ასევე უნდა ითქვას, რომ სავსეა ქართველებით ევროპა, განადგურებული, გაღატაკებული ქართველებით. კლინიკებში ნახავთ უამრავ ქართველს, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებას ევედრება ევროპის ამა თუ იმ ქვეყანას. საოცარია ის თანადგომა და დახმარება, რაც ევროპისგან სამედიცინო კუთხით ხორციელდება ჩვენს თანამემამულეებზე, თან სრულიად უანგაროდ. ერთ-ერთი მე გახლავართ _ რომ არა ევროპა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.
რუსეთისგან ჩვენ მივიღეთ ნახევარმილიონიანი ლტოლვილთა მასა საკუთარ ქვეყანაში და გენოციდამდე მიყვანილი მრავალსაუკუნოვანი ერი. ევროპისგან ვიღებთ მხოლოდ დახმარებას. მაგრამ არსებობს მიზანმიმართულად ბნელი ძალა, ხალხის ბნელი ნაწილი, რომელიც თაობებს უმტკიცებს, რომ საფრთხე მაინც მოყვრისგანაა და არა _ მტრისგან. ეს ანომალიაა, ჩვენი ანომალია, მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების სიბეცე.
_ ნამდვილად მტკივნეულია ის ყოფა, რაც დღეს საქართველოშია. ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ იჭერენ ახალგაზრდებს, მსახიობებს, პოლიტიკოსებს, სხვადასხვა პროფესიის ხალხს იმის გამო, რომ მათ აქვთ სხვა პოლიტიკური შეხედულება, ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ რუსეთი და უნდათ უკეთესი მომავალი _ ევროპა, შესაბამისად, ითხოვენ არჩევნების ხელმეორედ დანიშვნას. უდანაშაულოებს უსჯიან იმდენივე წელს, რამდენიც შესაძლოა, რომ მიუსაჯონ მკვლელს. როგორც თეოლოგს გეკითხებით, სად არის ამდენი უსამართლობის ფონზე ეკლესია, რა უნდა იყოს მისი როლი ან ფუნქცია?
_ რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, მაგონებს ისტორიის სახელმძღვანელოებში მონათხრობ ამბებს საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს ხდებოდა საბჭოთა ეპოქის დასაწყისში, მსოფლიო ტირან სტალინის დროს და მას შემდეგაც, შეიძლება ითქვას, უწყვეტად გრძელდება ეს პროცესი დღემდე. მაგრამ ქართველი ხალხი გავიდა საზღვრებს მიღმა, ნახა მთელი მსოფლიო _ ვხედავთ, რომ სხვა დროში, სხვა საუკუნეში, სხვა ღირებულებების ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ პარალელურად იმასაც ვუყურებთ, თუ როგორი სწრაფი ტემპით (იმაზე სწრაფად, ვიდრე თვით ბელარუსსა და რუსეთში) მყარდება დიქტატურა საქართველოში. წარმოუდგენელი სანახავია ეს. ხანდახან მგონია, რომ რაღაც საშინელებათა ფილმში ვარ, როცა ვრთავ ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს.
ვხედავ, როგორ იჭერენ, ფაქტობრივად, არაფრის გამო ევროპის კანდიდატ ქვეყანაში ხალხს, ზოგს საახალწლო მაშხალის, ზოგს ბანერის, პირბადის, საყურისა და კრიტიკული შეძახილების გამო. არა მარტო იჭერენ, წამებამდე ძალადობენ მათზე. ბოლო დღეებია ვუსმენთ, თუ როგორ ძარცვავენ მოსახლეობას, შედიან სახლებში და სრულიად ანადგურებენ საოჯახო ინვენტარს, გააქვთ სახლიდან ფასეული თუ ნაკლებ ფასეული ნივთები, თუკი მიიჩნევენ, რომ მათ ეს გამოადგებათ და ვინ აკეთებს ამას? _ პოლიცია! პოლიცია გახდა მოძალადე მტრის ბანაკიდან მოვლენილი მაროდიორი. ჩვენი დროის ლეკიანობაა ეს. ვისმენ, სპეციალურ მანქანებში როგორ შეჰყავთ მოზარდები და გაუპატიურებით ემუქრებიან მათ, დედის ტოლა ქალებს წიხლებით სცემენ, მსახიობებს აპატიმრებენ პროტესტის იმ ფორმის გამო, რომელიც სიტყვიერს არ სცდება, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასიკვდილოდ იმეტებენ, მაგალითად, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას და სხვა უამრავს. შეუძლებელია, ყველა დაიწეროს ამ ფორმატით. ჟურნალისტები ხართ ჩვენი დროის და ამ ისტორიული მოვლენების გმირები. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლობას გიხდით ამ გმირობისთვის. რომ არა თქვენ, ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა ჯოჯოხეთური წყვდიადი და თუ მთელი ერი არ წავედით სასიკვდილო განმათავისუფლებელ რისკზე, ვერ მივიღებთ ღირსეულ, არამონურ სიცოცხლეს.
_ ასეთი გაუგონარი სისასტიკე წარმოუდგენელია უკვე და ჩემი კითხვაც ეს გახლავთ, _ სად არის ამ დროს ეკლესია?
_ ეს კითხვა ამ პროცესებამდეც საჭირო იყო, რომ დაესვა ხალხს, თუ სად არის ჩვენი ეკლესია? დიდი ხანია (ბოლო 40-50 წელი ან მეტი), ეკლესია მის ბუნებით მდგომარეობას განეშორა ჩვენს ქვეყანაში.
ზოგიერთმა ეს გვიან გავიაზრეთ, მაგრამ ერის დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გააცნობიერა, რადგან მოწამლულია საბჭოთა უშიშროების დემაგოგიით, რომელიც დღემდე უწყვეტად მუშაობს ერსა და ეკლესიაში. ნაცვლად იმისა, რომ ეკლესია მარად უნდა იდგეს ღმერთის, ოქროს შუალედურ მხარეს, დგას მხოლოდ კეისრის გვერდით. იგი მოწყურებულია დიდებას, ფულსა და პატივს. როგორ ფიქრობთ, ასეთი ეკლესია სათნოა უფლისთვის? ასეთი პრინციპებით შეიქმნა ეკლესია? ამ შედეგებისთვის დააშენა საკუთარ გამომხსნელობით სისხლზე უფალმა ჩვენმა მისი მებრძოლი ეკლესია? ან შეიძლება, მებრძოლი ეკლესია იყოს სახელისუფლებო რუპორი და მონა ინსტიტუტი?! შეხედეთ ჩვენს საპატრიარქოს და ნახავთ, რომ იგი მოღალატეობრივ და ერის მტრობის უპირველეს მაგალითს წარმოადგენს. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ეკლესიამ ნელ-ნელა მასობრივად ჩარეცხა მისთვის ყველაზე დიდი საიმიჯო გარემოება _ ზნეობა! ეკლესიაში უზნეობის ჯურღმულები გაჩნდა! რატომ ჯურღმულები? _ როცა ერთი მონასტერი ტოტალურ უზნეობას მიეცა, იქვე ილია მეორისგან ორმაგი დაუსჯელობის სინდრომი გამოვლინდა საკუთარის გადასაფარად. და შემდეგ არცთუ ისე ნელი ტემპით მთელი ეკლესია გადაფარა უზნეობამ. სადაც უზნეობაა, იქ არც ღმერთია და სადაც ღმერთი არ არის, იქ არც მადლია და სადაც ღმერთის მადლმოსილება არ არის, იქ არც ხსნაა. ეკლესია არის 60 მილიონთან, ეკლესია არის მეფის ეშელონებში თანამეფობის პატივით, ეკლესია დგას სამართლის საფლავზე, გლეხის ძვლებზე, მართლის სისხლში ოქროს წუღებით, ეკლესია დღეს პილატეს მემკვიდრის სრული პროტოტიპია. იგი არ დგას ცოდვილთა და ჩაგრულთა ხსნისთვის ჯვარცმულის მხარეს, იმის მხარეს, ვინც შექმნა ეკლესია მოზეიმე უხილავ ცათა შინა და მებრძოლი ამ ცის ქვეშეთში. სანამ ერი არ გააცნობიერებს, რომ ეკლესიის წმენდა ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი, გარდაუვალი, გვერდშეუვალი წინაპირობაა, მანამდე ვივლით ასე მრავალი ათეული წელი რუსული უდაბნოს ირგვლივ. რუსული უდაბნო კი ის ცნობიერებაა, რაც ჩვენს ერს დღეს განუკურნებელ ეთნიკურ სენად ექცა და რის შედეგადაც გვაქვს ის ჭაობი, სადაც უფრო ღრმად ვეფლობით. მხოლოდ ლოცვა არ არის საშველი, არც ქრისტიანის მოვალეობა. აუცილებელია მოქმედება სახარებისეული სწავლებისა და გამომხსნელობითი ნორმების სრული გათავისებით და გაპრაქტიკებით. ჩვენი დღევანდელი ეკლესია კი სახარებას ყდის იქით არ იცნობს.
_ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ და რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაახშოს, შეწყდეს უდანაშაულო ახალგაზრდების დაჭერა, დევნა და ძალადობა?
_ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ? უნდა დაიბრუნოს ქრისტიანობა ცნობიერებით და ცხოვრების წესით. ეკლესია ქრისტიანული უნდა იყოს და აი, მაშინ იქნება ის გამოსადეგარი ერისთვისაც და ქვეყნისთვისაც. აი, ამას ვღაღადებთ ჩვენ, თეოლოგთა ის ნაწილი, რომელიც წლებია, ვამხელთ ამ რელიგიურ ბარბაროსებს, რომლებიც ქრისტიანებად წარმოაჩენენ თავს, სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო სიყვარულის ღმერთთან. ხან ვხუმრობ კიდეც, _ ეს ხალხი მეტ სულიერ კავშირშია ვან დამთან, ჯეკი ჩანთან თუ ბრუს ლისთან, ვიდრე სახარებისეულ რწმენასთან.
როდის დაიწყო ძალადობა ნორმად, ამაზე არ გიფიქრიათ? _ გავიხსენოთ, როცა სინოდის წევრი ანტონ ბულუხია დასახრჩობად ყელში სწვდა ჟურნალისტს, დაისაჯა ვინმე? _ არავინ! როცა გარეჯში მისულ ჟურნალისტებს ბერები წიხლებით შესდგნენ, დაისაჯა ვინმე ამ ქრისტეს მგმობი აქტით?! _ არავინ! პირიქით, დაჯილდოვდნენ. მაგალითად, თვით სინოდის სხდომაზე საპირისპირო პოზიციის დაფიქსირების გამო მიტროპოლიტი სცემეს. ვინ სცემა, არ იკითხავთ? _ ეპიკოპოსებმა სცემეს. გესმით?! სინოდზე ეპისკოპოსებმა ეპისკოპოსი სცემეს! სად დგას ეკლესია, სვამთ კითხვას? მე კი გკითხავთ, _ აბა, ეკლესია?! სად არის ეკლესია?! ეპიკოპოსმა ცოლი ისე მოიყვანა და გაშორდა, სონოდი არც დაინტერესებულა. ეკლესია ჰომოსექსუალიზმს ერში სასიკვდილო მეთოდებით დევნის და თვით ეკლესიაში ააყვავა და ლობად აქცია, ხოლო ნარკომანია _ ჩვევად, მრუშობა _ მსუბუქ ცოდვად. ახლა გამახსენდა: სირცხვილდაკარგულ პრორუს იოანე გამრეკელთან ერთხელ სამღვდელო კრება გაიმართა და იქ დანაშაულში ეჭვმიტანილი მათი კოლეგა წიხლქვეშ გაიფინეს. წარმოიდგინეთ, ესენი მოციქულთა მემკვიდრეები არიან და მოციქულები ასეთი რომ ყოფილიყვნენ, ეკლესია დღეს კი არა, მეორე საუკუნეში იარსებებდა საერთოდ? რუის-ურბნისის ეპარქიაც თავისი შეიარაღებული გარჩევებით, სოდომური ცოდვებით, დაორსულებული მგალობლებით და მედავითნეებით ცოდვის ბუდეა. დღეს ეკლესია ქვაბ-ავაზაკთა ავტონომიური ინსტიტუტია, სახელმწიფო ინსტიტუტთან ქორწინებაში მყოფი და არა უფალ იესოსთან, ჩვენს მამასთან და მხსნელთან.
გახსოვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დარბევებზე რა რეფლექსი ჰქონდა იერარქიის 90%-ს? _ ისტერიული, აგრესიული, წინააღმდეგობრივი და ამბობდნენ, რომ ძმათა შორის დაპირისპირება ყოვლად მიუღებელი იყო. ასეცაა, მაგრამ მათი ეს პროტესტი იყო სატანური ფარისევლობა. ეს დრომ აჩვენა. შემდეგ მოდის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოღალატეობრივად ყველაზე მოწინავე ე. წ. ხელისუფლება და სად დგება ამ დროს ეკლესია? _ მოღალატე ხელისუფლების მხარეს. მეტიც: ვის მოჰყავს ეს ხელისუფლება? _ დღევანდელ ჩვენს საეკლესიო ინსტიტუტს. არ დაგვავიწყდეს 2012 წელი და ეკლესიის როლი ამ წლების პოლიტიკურ მოვლენებში.
_ რატომ დგება ავტომატურად ეკლესია მოღალატეთა მხარეს?
_ იმიტომ, რომ მტერმა უპირველესად წლების წინათ დაიპყრო თავად ჩვენი საეკლესიო ინსტიტუტი, ჩამოართვა რელიგიური ცნობიერება, ქრისტიანობა წარხოცა, ზნეობრივად გარყვნა, გააბოროტა, თავისი სპეცსამსახურების რუპორად აქცია, ამავე სპეცსამსახურების კარგი მოწაფე ადგილობრივ ეგზარხოსად დაუდგინა, შემდეგ ეს ეგზარხოსი უვიც ხალხს წმინდანად და ბრძენად შეასაღა, ისე როგორც წიგნიერადაც. არადა, რა წიგნიერიცაა, მისი თითოეული პირის გაღებითაც მოწმდება. ნელ-ნელა მივიღეთ ჯვრებიან-ხატებიანი მენტალურ-ზნეობრივი იდეოლოგიური სოდომი. მტერსაც ეს სურდა, _ სოდომის მართვა მარტივი და კომფორტულია, ქრისტიანთა მართვა კი ამა ქვეყნის ხელმწიფეთაგან _ შეუძლებელიც. ეს ქრიატიანობის ორიათასწლოვანმა ისტორიამაც ცხადყო.
_ საპატრიარქოს საკმაოდ დიდი გავლენები აქვს და იგი საქართველოში ჯერ კიდევ მიიჩნევა ერთ-ერთ ძლიერ ინსტიტუტად. მღვდელმთავრების დუმილი ხომ არ გამომდინარეობს სახელმწიფოსგან მიღებული ქონებისა და სიმდიდრის დაკარგვის შიშისგან?
_ მღვდელმთავრებს ბევრი რამის ეშინიათ, გარდა ღმერთისა. ღმერთის იმიტომ არ ეშინიათ, რომ არ სწამთ მისი. ქონების დაკარგვა მათთვის სიცოცხლის აზრის დაკარგვის ტოლფასია. წარმოიდგინეთ, განათლებით თხა და გიგოს მედალოსნები, ზნეობით სინანულამდე მეგვიპტელის სახელობის პრიზიორები და ზოგადი რწმენითი მსოფლმხედველობის სავლეები ხდებიან უფლისმიერ და მის მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიის მმართველები, რომელიც სინამდვილეში სულიერ ხელმწიფებას მოიაზრებს და არანაირ ამასოფლისას. მაგრამ რა რეალობაა? გვაქვს მხედველობა? _ გვაქვს! გვაქვს სმენა? _ გვაქვს! გვაქვს ანალიზის უნარი? _ გვაქვს! ყველა დროში გვაქვს ჭეშმარიტების უტყუარობა სახარებით? _ გვაქვს! ვარჩევთ ყოველივე ამით ბნელსა და ნათელს? _ ვარჩევთ!
და კითხვა როტორიკულია, _ ვინ არის ჩვენი დღევანდელი ეპისკოპატი? _ ყოველგვარი გამუქებისა და ლანძღვის მიღმა ჩვენი ამ ეპოქის ეკლესიის ზნეობის, მოძღვრებისა და „მოღვაწეობითი“ შავი ჭირი! _ აი, ეს არის. მე მეტი მაქვს საერთო გვატამელის მთავრობასთან, ვიდრე ჩვენს ეპისკოპოსებს _ ეპისკოპოსობასთან.
ნამდვილი ეპისკოპოსი ამასოფლის ნებისმიერი რამის დაკარგვას არასდროს უფრთხის, როგორც წარსულში, ისე აწმყოსა და მომავალში, თვით სიცოხლის დაკარგვაც ნორმაა მათთვის სიმართლისთვის და სიმართლის წყაროსთვის _ ჩვენი შემოქმედი ღმერთისთვის. იმისთვის, რომლისთვისაც თუ გავცემთ სიცოცხლეს, მაშინ მოვიპოვებთ მას. ეს სახარების სწავლებაა და არა _ ჩემი.
ამ კითხვის ბოლოს კი გიპასუხებთ ასევე საპატრიარქოს ძალაუფლებაზეც: ჩვენს ერში ქრისტიანობის მაგივრად ქრისტიანობის ნიღბით შემოსაღებული პროშიოლაშვილისეული მაგია რომ არ მძვინვარებდეს, ეს ინსტიტუტი ძლიერი კი არა, დამსახურებული დევნის ქვეშ იქნებოდა. მავანთა გასაგონად აქვე განვმარტავ, რომ ეკლესიის დევნა კი არ ვიგულისხმე, არამედ ეკლესიის ამ ბუნებითი მტრების უპირობო განდევნა ეკლესიიდან და ეკლესიაში ეკლესიურობის დაბრუნების აუცილებლობა.
_ თქვენ ზემოთ ახსენეთ და არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც მიგვიყვანა არსებულ რეალობამდე. თუ გავიხსენებთ რამდენიმე ფაქტს, თავის დროზე არ დასიჯლან ის მღვდელმთავრებიც, რომლებმაც ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაულები. რა იმუნიტეტი იცავს მათ ასეთი?
_ დაუსჯელობის სინდრომი დროსთან ერთად მოსული განსაცდელი არ გახლავთ, ბატონო გიორგი, ეს მტრის კარგად დაგეგმილი ერთ-ერთი ბოროტი გეგმაა ეკლესიაში და ვხედავთ, შესანიშნავად განხორციელებულიც. ვინ გააუქმა ეკლესიაში საკათალიკოსო სასამართლო? ვინ დაიწყო მისი მოღვაწეობა, ფაქტობრივად, ამ დანაშაულებრივი აქტით? _ თვით მისმა უწმინდესობამ. ჰქონდა მას ამის უფლება? _ არა. რატომ ჩაიდინა? ვინ შეაკავებდა იმპერიის ძალოვნების მიერ დასმულს, ამავე იმპერიის მიერ ფიზიკურ და მოძღვრებით ოკუპირებულ ეკლესიაში? _ მრევლი? სად იყო მრევლი? იერარქია, რომელიც მიზანმიმართულად აუცილებელი გარყვნილი კრიტერიუმებით ირჩეოდა და დგინდებოდა საეკლესიო დასში?! რა მოყვა ამ საკათალიკოსოს გაუქმებას? _ ახალი ეპიკოპატის არჩევა. ვინ შედიოდა მასში? ყველა პედოფილი: ანანიაშვილი, მახარაძე და სხვანი. ისინი პირდაპირ არ ერიდებოდნენ ბავშვებზე ძალადობას. ახლა მეტყვით, დაისაჯნენო. დიახ, მაგრამ რის საფუძველზე? _ ჯერ კიდევ მოაზროვნე მოსახლეობის პროტესტის ფონზე ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით და არა პატრიარქის მიერ ზნეობრივი მზურნველობით. როცა ეკლესია არ ხელმწიფებს, არ დომინანტობს, ზუსტად მაშინ ეკლესიურობს, მისიონერობს. როცა ის ბელადომანიის ერესში დგამს ფეხს, იქვე კარგავს მისთვის სასიცოცხლო ფუნქციას ამ მზისქვეშეთში.
მაგალითად, დღეს სინოდში გვყავს მიტროპოლიტი ჯოჯუა, _ კაცი, რომელსაც პედოფილია დაუდგინდა და სინოდიდან გააძევეს, უფრო ადრე ეპარქიიდან. როგორაა ისევ სინოდში?! ვინ გაბედა ამ საღმრთო გმობის ჩადენა მისი სინოდში დაბრუნებით?! მე? თქვენ? თუ ნატოს ექსგენმდივანმა ბატონმა სხეფერმა?
რამდენიმე დღის წინ ასევე გახმაურდა სკანდალი წლების განმავლობაში მოზარდი გოგონების შერმყვნელ ზარზმის წინამღვრის, არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ ჩადენილი კრიმინალური ფაქტების შესახებ. თვით ჩანაწერიც კი არსებობს. ვის აქვს რეფლექსია? მრევლს თუ ქვეყანას? თავად მიტროპოლიტ თეოდორეს სამდივნოდან გამოვიდა ვიღაც ღვთისპირიდან გადავარდნილი დედაკაცი მონაზვნის ატრიბუტიკით და განაცხადა, _ მამაო ცილისწამების მსხვერპლია, სად არის ფაქტებიო? მე არ მინახავსო! _ განახოთო? _ უპასუხეს, _ არა, არ მაინტერესებსო. ეს არსება მონაზონია? ეს არის სისტემის გამოჩეკილი ის გველი, რომელსაც ხატზე წმინდა გიორგი თავს უჭეჭყავს. აი, ვინ არის ის რეალურად და მისნაირი ავსულები ეკლესიის სივრცეში დაბუდებული. იცით, რატომ ბედავდა ამდენს ეს ვიღაც ვიგინდარა ნიკოლოზი?! როცა ეკლესიის პირველ პირს უმძიმესი ბრალდება წაუყენა და ეკლესიამ ყველა წესის დაცვით მბრალმდებელი ბრალდების დამტკიცების გარემოების არმიცემის ფონზე იქით დასაჯა. როცა ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ქალთა კრებულმა სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდო და ორი კვირის შემდეგ ნიკოლოზს დასჯის მაგივრად სულიერ თემებზე სხვადასხვა გადაცემაში პრესა იწვევდა. აი, ამ ყოველივეს შედეგად წამხალისებლური, დაუსჯელობით გადიდგულებული იქცეოდა ასე ნიკოლოზი ზარზმაში, ვინმე პეტრე რუისში, ვინმე სტეფანე ჭყონდიდში, ვინმე კეკელია ვაკესა და ა. შ.
_ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია და ყველა ეს ქეისი გამოძიებას უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი. დაბოლოს, მინდა გკითხოთ, რუსეთის საპატრიარქო, კრემლი და „ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებენ თუ არა ერთი და იგივე მეთოდებით?
_ რასაკვირველია, ჩვენთან უკვე პატარა რუსეთის საფინალო მშენებლობა მიდის! ეს ქართველ ხალხს მოუტანა აზროვნებაში მწვავედ არსებულმა სიზარმაცემ და აქედან შობილმა ანალიზის უნარის არქონამ! ერმა ვერ გაიაზრა, რა განსაცდელს, წარღვნას მოუტანდა რუსი ოლიგარქის არჩევა.
რა მოუტანა მანამდე ათეული წლებით ადრე მსოფლმხედველობით რუსი კაცის საპატრიარქო ტახტზე დაბრძანებამ? _ რეალური სახარებისეული რწმენის დაკარგვა. მაგრამ ქრისტიანობის ბურჯის სტასუსი მიიღო განკვეთის მაგივრად. ესეც ხომ ფაქტია? ამ დღეებში ერთი მოაზროვნე, პროფესიონალი და კარგი ქრისტიანი კაცი, ლადო ნარსია, წერდა, რომ ეკლესიაში მიზანმიმართულად დაინერგა სწავლება, თითქოს მრევლი არ უნდა შეხებოდა იერარქთა გადაცდომებს, არ უნდა ემსჯელა ამის შესახებ, თითქოს უფლება არ ჰქონდა. არადა, ზუსტად ეკლესიის, ანუ მრევლის ვალდებულებაც კი გახლავთ სამართლიანი განსჯა და მსჯელობა. მიზანი მრევლის გაჩუმებისა, ასეთი სწავლების ჩათესვისა კი ის იყო, რომ ნაკლები წინააღმდეგობებით აეშენებინათ რუსული ეკლესია ქრისტიანული ეკლესიის მაგივრად. შეძლეს კიდეც ეს, რაც უვიცობის შედეგია. ეს ერი დაღუპვის პირამდე მიიყვანა უვიცობამ, მუდმივად გაგონილის მოსმენით დაკმაყოფილებამ. ვაღიაროთ, რომ ესეც ჩვენი მენტალური ჭირია, განსაკუთრებით რუსული ბატონ-ყმობის შემდეგ.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ქრისტიანობა ეს არის აზროვნება და სიყვარულისმიერი ვალდებულებები წინაშე ღმრთისა და კაცთა. არ არსებობს ქრისტიანობა თავგანწირვის, მინიმუმ სურვილის გარეშე, მით უფრო, ჩვენს პირობებში, ისევე როგორც ვერ შევინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას სისტემასთან თავგანწირული ბრძოლის გარეშე. ეს დიქტატორული რეჟიმი უნდა დავამარცხოთ ყველამ იქ, სადაც ვართ, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო იქიდან იწყება ჩვენთვის, სადაც ვართ, რადგან ჩვენ ვართ საქართველო, ისევე როგორც სადაც ჩვენ ვდგავართ, იქ ეკლესიაა, რომელსაც არ აქვს საზღვრები ხილულიდან უხილავამდე და სრულ უსასრულობაში.