QronikaPlus
ნანა ტოხვაძე: „რეჟიმი გაზაფხულზე დაიხევს უკან“

ნანა ტოხვაძე: „რეჟიმი გაზაფხულზე დაიხევს უკან“

2025-01-23 10:10:57

თამუნა მჭედლიშვილი

რა ხდება დღეს საქართველოში? რა დამსახურებისთვის გაუზარდა ანაზღაურება კალაძემ 25%-ით საბავშვო ბაღის თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ? რატომ სცემეს გიორგი გახარია და რატომ დაესხნენ თავს ორიოდე კვირის წინ აქციაზე გიორგი ვაშაძეს? ამერიკის შეერთებული შტატების როგორ განწყობებს ჩამოიტანს ვაშინგტონიდან საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი? დაინიშნება თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და როდის?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალი საქართველო – გამარჯვების პლატფორმის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე:

_ ქალბატონო ნანა, არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროკავშირთან 2028 წლამდე ურთიერთობის შეწყვეტის გამოცხადების გამო მოქალაქეების  პროტესტი 50 დღეზე მეტია, გრძელდება. არაღიარებული, თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ტერორი, ადამიანის უფლებების დარღვევა, გაფიცულების უკანონო დაჭერა-გასამართლება, ძალოვნების მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენება, საპატრულო პოლიციის მხრიდან კი აშკარა სამართალდარღვევებზე თვალის დახუჭვა... „ოცნება“, რომელმაც ხმები მოიპარა და ძალაუფლებაც, იხტიბარს არ იტეხს და, უტიფრად გაზრდილი ხელფასების ფონზე, „მუშაობას“ განაგრძობს. რასთან გვაქვს საქმე?

_ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელიც მზადაა, ქვა ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ ძალაუფლებაში დარჩეს. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელიც მტკიცედ, ურყევად და სამართლიანად დგას რუსთაველის გამზირზე 50 დღეზე მეტია, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ სისხლიან ჯალათებად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი დაკვეთით მოქმედი „ტიტუშკები“ და ქვეშევრდომები მოევლინებოდნენ და არა რუსი ჯარისკაცები! ის სისასტიკე, უსამართლობა, ძალმომრეობა, ღირსების შემლახველი მოქმედებები, სადამსჯელო ძალადობრივი ჯგუფების თარეში და სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვა, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება სჩადის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, გვაფიქრებინებს, რომ ღია ომს გვიცხადებენ. ჩვენ ომში ვართ რუსულ რეჟიმთან და რაც სწრაფად ჩამოვაშორებთ ძალაუფლებას, მით სწრაფად დავუბრუნდებით მშვიდობიან განვითარების გზას და აღვადგენთ ევროინტეგრაციის პროცესს.

_ როგორ ფიქრობთ, ასეთი ღიად გამოხატული ტერორით საკუთარი ხალხის მიმართ „ოცნება“  დაშინების პოლიტიკას ატარებს თუ აგონიაშია და კედელთან მიმწყვდეული ვეღარ აკონტროლებს „გაქცეულ რეაქციებს“?

_ რეჟიმი ჩიხშია. მრავალმხრივი წნეხი მოდის თვითმარქვია ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. ასეთი ხანგრძლივი, უწყვეტი ეროვნული პროტესტი საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ამას ემატება სამგზავრო შეზღუდვები, ფინანსური სანქციები, ძალაუფლების დაკარგვის შიში და საერთაშორისო იზოლაცია. ამის გათვალისწინებით, მეთოდები კიდევ უფრო სასტიკი, ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნულია.

_ გვახსოვს ივანიშვილის ხმამაღალი მუქარა გიორგი გახარიას მისამართით. მას რამდენიმე დღის წინ სცემეს და ცხვირის ძვალი გაუტეხეს... შესაძლებელია, ყოფილი პრემიერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას ბათუმში მომხდარი ინცინდეტის გამო?

_ პროპაგანდისტული არხების მცდელობა, რომ დაჭრილ-შეკოწიწებული კადრებით დაარწმუნონ საზოგადოება გიორგი გახარიას „ბრალეულობაში“, კრახისთვისაა განწირული. ფაქტია, რომ ექსპრემიერი კარგად იცნობს ყოფილ თანაგუნდელ დიმიტრი სამხარაძეს და მის კავშირს ბანდფორმირებებთან. ამიტომაც არალოგიკურია იმის მტკიცება, რომ მარტო მყოფი გახარია თავს დაესხა ამ დაჯგუფებას. სად იყო პოლიცია, რატომ არ გასაჯაროვდა სრული კადრები? დანაშაული მიუძღვით ძალოვან სტრუქტურებს. ამ ფაქტებს რეჟიმის დასრულების შემდეგ აეხდება ფარდა.

_ პირს, რომელიც გიორგი ვაშაძეს რამდენიმე კვირის წინ აქციაზე სახრახნისით შეიარაღებული დაესხა თავს და პოლიტიკოსს ღია ჭრილობა მიაყენა სახის არეში, მანქანა აჩუქეს... შეკვეთილი ძალადობაა?

_ გიორგი ვაშაძეზე თავდასხმა ძალადობის კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. არათუ გამოძიება არ დაწყებულა ან იდენტიფიცირებული დამნაშავე არ დასჯილა, არამედ პირიქით, როგორც გაირკვა, ეს პირი რეჟიმისთვის გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვდა მანქანით. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება არახალია, მაგრამ დანაშაულის ეს მასშტაბები, პოლიციის უმოქმედობა, კრიმინალის აღვირახსნილი თარეში და დაუსჯელობის სინდრომი რეჟიმის ხელქვეითებისგან ძირს უთხრის სახელმწიფოს.

_ ბათუმში დააკავეს ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. უსამართლო სასამართლომ იგი წინასწარ პატიმრობაში დატოვა 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეთავაზების მიუხედავად... იცოდნენ, რომ სახეში შეფურთხებას სილის გაწვნა მოჰყვებოდა, ღირსების საქმე იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ თავისუფალი ადამიანები რეჟიმისთვის პირდაპირი საფრთხეა. იჭერენ პროფესორებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, მსახიობებს, სტუდენტებს და მასწავლებელსაც კი. კრიტიკული მედია კი დიდი ხანია, სამიზნედ აქციეს და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია ამის ნათელი მაგალითია. კონტექსტი, წინმსწრები გარემოებები, გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და სხვა სრულიად უინტერესო აღმოჩნდა მოსამართლე სახელაშვილისთვის. რატომ? იმიტომ, რომ „ზემოდან დავალება“ მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯას და განეიტრალებას კარნახობდა.

_ თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს გაუზარდოს ხელფასი 25%-ით? თუ ბაღის თანამშრომლებს საჯარო სკოლის მასწავლებლების ბედის გაზიარება მოუწევთ?

_ ტრადიციულად, სახელისუფლებო ვერტიკალი საბიუჯეტო სახსრებით დასაქმებულებს საკუთარ დასაყრდენად და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად აღიქვამს. თუმცა არაერთი ცრუ დაპირება და მოლოდინების შექმნა გვახსენდება სახელფასო პოლიტიკაზე. ცინიკურიც კია 25%-იან მატებაზე საუბარი, როცა საწყისი ხელფასი რიგ შემთხვევებში საარსებო მინიმუმის ტოლფასია. კატასტროფულად გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის პირობებში, ამ მატებითაც კი, ანაზღაურება იგივე დარჩება და თანხის მსყიდველუნარიანობაც გათანაბრდება წინა ხელფასთან.

_ პენსიონერებს მხოლოდ 35 ლარით გაუზარდეს პენსია, თავიანთ თავებს _ 7000 ლარით. საარსებო მინიმუმი ახსენეთ... საარსებო მინიმუმი-სასურსათო კალათა მხოლოდ 260 ლარით არის განსაზღვრული თვეში ერთ ადამიანზე. სად არის კანონზომიერება ან მორალი?

_ არსად! გულუბრყვილობაა ეთიკის, მორალისა და სამართლიანობის ძიება, როცა ხარბ, ფულზე დამონებულ და მოღალატე რეჟიმთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაშიც უტიფრობის ისეთ მასშტაბს ვეჯახებით, რომელსაც ანალოგს ვერ ვუპოვით ევროპის კონტინეტზე და შესაძლოა, მსოფლიოშიც. მაგალითად, მახსენდება მასწავლებლებისადმი უპრეცედენტო სახელფასო მატების დაპირება, რომელიც, ცხადია, ტყუილი აღმოჩნდა მასწავლებლების შემთხვევაში, მაგრამ გადაჭარბებით შესრულდა არალეგიტიმური პარლამენტის წევრების შემთხვევაში. დაახლოებით 6-7 წელი უნდა იმუშაოს მასწავლებელმა, რომ მისი ანაზღაურება თვითმარქვია დეპუტატის წლიურ ხელფასს გაუტოლდეს.

_ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება ვაშინგტონში. როგორ გზავნილებს ჩამოიტანს პრეზიდენტი ამერიკიდან?

_ ცხადია, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ნდობა და ქართველი ხალხის მანდატი, ისაუბროს ჩვენი ქვეყნის სახელით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. თავად მიწვევის ფაქტიც და შერჩეული ფიგურანტიც ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს არაღიარებული ხელისუფლების მიმართ. დემოკრატიულ სამყაროში მოქმედებს ხელისუფლების ფორმირების ერთადერთი ინსტრუმენტი _ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ველოდები, რომ ამერიკის ორპარტიული  მხარდაჭერა და პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მკაფიო მესიჯები ბოლო გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება რეპრესიული რეჟიმისთვის, რათა გათავისუფლდნენ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და სახელმწიფოში აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი.

_ დაინიშნება თუ არა ხელახალი არჩევნები საქართველოში და როდის?

_ ახალი არჩევნები არა მხოლოდ სამართლიანი მოთხოვნა, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა. რაც მეტად გაჯიუტდება რუსული რეჟიმი, მით მეტად შეიმცირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენის შანსს. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედ პოლიტიკურ ძალას აქამდეც ექნებოდა კრიზისის განმუხტვის სურვილი, მაგრამ ვინაიდან საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, ჩემი პასუხია _ როცა დავათმობინებთ. რეჟიმის უკან დახევა არაუგვიანეს გაზაფხულზე მოხდება.

_ უკან დაიხევსო, თქვით და სად? სად ხედავთ თქვენ „ქართული ოცნების“ მომავალს, აქვს კი?!

_ ჯერ თავად უნდა განსაზღვრონ, სად ხედავენ საკუთარ თავს და იმოქმედონ ამ მიზნიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ უნდა გამოიყენონ ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეთავაზება და დაემორჩილონ მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მოიჭრიან არათუ პოლიტიკურ სარბიელზე დარჩენის, არამედ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელების გზას. მოსაფიქრებელი დრო ცოტა აქვთ, თუმცა საქართველოს უახლესი ისტორიიდან მსგავსს მაგალითებზე თვალის გადავლებას ნამდვილად მოასწრებენ.

გაზიარება