- პარასკევი, 24 იანვარი, 2025
2025-01-23 10:04:53
ირინა მაკარიძე
როდესაც თავს გესხმის „ტიტუშკა“, ხელი არ უნდა გაანძრიო, რადგან ის შეიძლება პოლიციელი აღმოჩნდეს და ადვილი შესაძლებელია, პოლიციელისთვის თავდასხმის გამო ციხეში წლობით გაგიშვან _ ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში შექმნილი რეალობა.
არალეგიტიმური ხელისუფლება აქტიურად იყენებს „ტიტუშკებს“ მოქალაქეების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ: 18 იანვარს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, საბა ბუაძეს, რომელიც სხვა მოქალაქეებთან ერთად პარტიის ოფისს ტოვებდა, თავს დაესხნენ. ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისროდნენ ქვებს, მათ მიერ ნასროლი დიდი ზომის ქვა საბა ბუაძის თანაპარტიელ რამაზ მანდარიას მოხვდა, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს დაპირისპირებისას გაშლილი დანა დაუვარდა ხელიდან. პოლიცია დანით არ დაინტერესებულა.
15 იანვარს, საყოველთაო, გამაფრთხილებელი გაფიცვის დროს, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებს თავს დაესხნენ ვითომ გაფიცვით შეწუხებული მოქალაქეები. მალე გაირკვა, რომ ისინი თბილისის მერიის თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც ფულს არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის, არამედ ზონდერობისთვის უხდიან.
4 დეკემბერს სასტუმრო „მერიოტის“ წინ, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა იმართებოდა, მოქალაქებს ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, ხელჩართული ბრძოლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ნიღბიანი „ტიტუშკები“ პოლიციელები იყვნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიჩინა პოლიციამ ოპერატიულობა და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქციებზე არაერთხელ გამხდარა პოლიციელთა თავდასხმის ობიექტი, რამდენიმე საათში დასავლეთ საქართველოში დააკავეს. შსს-ში აცხადებდნენ, რომ „ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა. ახლა პოლიციელის თავდასხმის ბრალდებით სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე რუსთავის ციხეში განსაკუთრებულად მძიმე დამნაშავეებთან ერთად ზის. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. მას 7-დან 11 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: საბა სხვიტარიძეს დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში სასტიკად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი, როგორც ისინი განმარტავდნენ, სხვიტარიძის მიერ პოლიციელზე თავდასხმა იყო.
რა მოხდა 5 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში? _ ამის შესახებ საბა სხვიტარიძემ ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა. ადვოკატის აქტიურობის შედეგად სისტემას მოუწია მისი დაზარალებულად ცნობა. რაც შეეხება საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული. მის საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი:
_ ჩვენ ორჯერ მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. პირველი მიმართვა გავაკეთეთ 2024 წლის 25 დეკემბერს მაშინ, როდესაც უკვე გამოძიება დაწყებული იყო საბა სხვიტარიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც საბა სხვიტარიძემ მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი მამა, ზაზა სხვიტარიძე მოწმის სახით გამოვაკითხინეთ გამომძიებელს. უკვე შეიქმნა ნათელი სურათი, იყო ორი პირდაპირი სახის მტკიცებულება, თუ როგორ ჩაიდინა პოლიციამ დანაშაული. შესაბამისად, 25 დეკემბერს მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გენერალურ პროკურატურას, რაზედაც პასუხი არ გაგვცეს, შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათში, ჩვენ გავასაჩივრეთ ზემდგომ პროკურორთან. ამის შემდეგ კიდევ არ გაგვცეს პასუხი. მოგვიანებით, უკვე მოთხოვნა შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ საბა სხვიტარიძე ყოფილიყო დაზარალებულად ცნობილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და გვაცნობეს, რომ საბა სხვიტარიძის მიმართ გამოტანილი იყო დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
_ საბა არაერთხელ გახდა პოლიციელთა სამიზნე, მათ შორის, აქციებზე, კონკრეტულად რომელ ეპიზოდს ეხება დაზარალებულად ცნობის დადგენილება?
_ ეს ეხება 5 დეკემბრის გამთენიის დროს მომხდარ ფაქტებს. საბა სხვიტარიძე მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად ავტომანქანით მიემართებოდა სახლისკენ, ზესტაფონის მიმართულებით. შროშასთან ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. საბა დააკავეს უკანონოდ, არ განუმარტეს უფლებები, წამოიყვანეს თბილისის მიმართულებით. უკვე გორთან გადასვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანაში, მიიყვანეს პოლიციის სამმართველოს დიღმის განყოფილებაში, სადაც მის მიმართ განხორციელდა სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ძალადობა. როგორც საბა აღნიშნავს, დიღმის მთავარ სამმართველოში, მე-5 სართულზე, ერთ-ერთის კაბინეტში შეიყვანეს. მას ეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება. მასთან ოთახში შევიდა 4 ზონდერი და დაიწყეს მასზე ძალადობა, ურტყამდნენ გვერდებსა და თავში, ერთ-ერთი ზონდერი მისთვის ხელის მოტეხას ცდილობდა. ცემის დროს საბა პერიოდულად გონებას კარგავდა. მასზე ძალადობა იმ ღამით მოგვიანებით ისევ განხორციელდა. მას სთხოვდნენ ჩვენების მიცემას, თუ როგორ სცემა პოლიციელი. როგორც თავად ყვება, ნიღბიანი ზონდერი და საპატრულოს ფორმაში ჩაცმული პოლიციელი, ამჯერად, მე-8 სართულზე, ძალადობდნენ მასზე, ურტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები, რის შემდეგაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, დაბრუნდნენ გამომძიებლები კითხვით, _ იძალადა თუ არა პოლიციელზე?
_ რამდენად პრეცედენტული არის ეს გადაწყვეტილება საბას დაზარალებულად ცნობის შესახებ?
_ აქციაზე ნაცემი პირები უცნიათ დაზარალებულად, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, პოლიციის შენობაში დაკავების შემდეგ განყოფილებაში ძალადობაგანხორციელებულ ადამიანზე გამოეტანათ დაზარალებულად ცნობის დადგენილება ამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ამ ნაწილში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო.
_ რაც შეეხება ამ დანაშაულს, პოლიციის განყოფილებაში ცემაზე ბრალდება თუ წარუდგინეს ვინმეს?
_ ბრალდება არ წარუდგენიათ არავისთვის. ჯერჯერობით, როგორც განმარტეს, მიმდინარეობს გამოძიება.
_ რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღძრულია საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ, რას ედავებიან მას და რა მტკიცებულებები აქვთ მის წინააღმდეგ?
_ მას ედავებიან 4 დეკემბერს საღამოს პოლიციის მუშაკზე თავდასხმას, კერძოდ, მირიან ქავთარაძის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. საქმეში მტკიცებულებების სახით ჯერჯერობით წარმოდგენილია სამი პოლიციელის ჩვენება, შემთხვევის ვიდეოჩანაწერი, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. თუმცა დაცვის მხარემ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომ იქ შეკრებილი ადამიანები გამოიყურებოდნენ როგორც თავდამსხმელები და არა როგორც პოლიციელები. არ ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშანი და არაერთ შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ისინი, არ პასუხობდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა „ტიტუშკამ“, რომელიც აღმოჩნდა მირიან ქავთარაძე, დაარტყა თეონა ჭალიძეს სახეში ხელი, რასაც მოყვა კონფლიქტი. შემდეგ უკვე „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს მოქალაქეებს, რაზედაც საპასუხო რეაგირება გააკეთეს იქ მყოფმა პირებმა, მოიგერიეს მირიან ქავთარაძე და მათან მყოფი მოძალადე „ტიტუშკები“.
_ თუ არის ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაადასტურებს?
_ ვიდეო მტკიცებულება არის „მთავარი არხზე“ გასული პირდაპირი ეთერით, სადაც კარგად ჩანს, მირიან ქავთარაძე როგორ ურტყამს სახეში თეონა ჭალიძეს, როდესაც ის მისთვის ნიღბის ჩამოხსნას შეეცადა.
_ რაც შეეხება 28 იანვრის პროცესს, რას იტყვით?
_ 28 იანვარს არის წინასწარი სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იქნება საუბარი.
_ დასვამთ თუ არა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს?
_ დიახ, მაგრამ დიდი ალბათობით სასამართლო არ დაკმაყოფილებს.
_ თქვენი მოთხოვნა სასამართლოზე რა იქნება?
_ ვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს, ვინაიდან ე. წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ შეკრებილ მოქალაქეებს და საბა სხვიტარიძემ დაიცვა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ვითხოვთ სრულიად გამამართლებელ განაჩენს.
_ როგორია საბა სხვიტარიძის განწყობა?
_ რაც შეეხება საბა სხვიტარიძის განწყობას, ის არის იმედიანად, რომ ყველაფერი შეიცვლება მის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ქვეყანაში. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ელოდება ხელისუფლების ცვლილებას.
_ რაც შეეხება თქვენს მოლოდინს?
_ თუ სასამართლოზე არ იქნება ზემოქმედება, ჩვენ წარვადგენთ საკმარისს მტკიცებულებას, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ თუ სასამართლოზე იქნება ზემოქმედება, რა თქმა უნდა, ის შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთას.
გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წარვადგენთ ყველა მტკიცებულებას, რომ ეს ასე არ მოხდეს. თუმცა ამ მოცემულობაში პესიმისტურად ვართ განწყობილი არსებული ხელისუფლების პირობებში საბა სხვიტარიძის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ჩვენც ველოდებით ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა მტკიცებულებების მოპოვებას განვაგრძობთ, რადგან აქ მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, სხვათა შორის და ჩვენ განვაგრძობთ მტკიცებულებების მოპოვებას.
საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მის შვილს აქტიურ სამოქალაქო პოზიციას არ პატიობენ:
„საბა 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული პროცესებში. იყო ორგანიზაციაში „2020“, აპროტესტებდა უსამართლობას, არჩევნების გაყალბებას. იმ დროიდან ჰყავდათ უკვე მიზანში ამოღებული. თვითონვე მაფრთხილებდა, _ დედა, შეიძლება დამიჭირონ და არ ინერვიულო. იმდენად აქტიური იყო, რომ ეგონათ, ალბათ, საბას თუ დააკავებდნენ, ჩამოაშორებდნენ სიტუაციას, ამით რამე დასრულდებოდა. გაზაფხულის აქციების დროსაც დააკავეს, დააჯარიმეს 500 ლარით, ნოემბრის აქციაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე სცემეს, შეურაცხყოფაც მიაყენეს, დააკავეს. ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო 24 დეკემბერს ჩატარდა და აქეთ ნაცემი და დაზარალებული კიდევ 2500 ლარით დააჯარიმეს. რაც შეეხება 4 დეკემბრის შემთხვევას, საბა იყო შეხვედრაზე „მერიოტში“. რაც მოხდა „მერიოტთან“ და რა პროცესებიც განვითარდა, ეს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. იყვნენ ნიღბიანი პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს, ამ ჩხუბში ჩაერია საბაც. დააკავეს სულ სხვა ადგილას, ამ დროს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საბა თვითონ მივიდა პოლიციაში, დაკაკუნა, დამიჭირეთ, პოლიციელი დავაზიანეო... პოლიციაში ის სასტიკად სცემეს და ამ ფაქტის გამო დაზარალებულის სტატუსი მისცეს, რაც ძალიან გამიკვირდა. როგორც ჩანს, ვიღაც კეთილსინდისიერი კიდევ მუშაობს. რაც შეეხება სასამართლოს, ამ ვითარებაში არაფრის იმედი არ მაქვს. თუ რაიმე შეიცვლება ქვეყანაში, სამართალს შემდეგ ვიპოვით. საბა იმ ოთხ კედელშიც თავისუფალია“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ელენე ახობაძემ.