QronikaPlus
პაატა ციკოლია: „ეს ქალაქი უკვე უარყოფს მათ და მალე მთელი საქართველოც განაგდებს ხროვას“

პაატა ციკოლია: „ეს ქალაქი უკვე უარყოფს მათ და მალე მთელი საქართველოც განაგდებს ხროვას“

2024-12-25 09:03:33

თამუნა მჭედლიშვილი

რამდენიმე კვირაა, რაც ქართველი ხალხის პროტესტი გრძელდება „ქართული ოცნების“ მიერ ღიად გამოცხადებული ევროპული კურსისა და ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ 2028 წლამდე. ვიხილეთ მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავებები, დევნა, ფიზიკური ანგარიშსწორება და უსამართლო სასამართლოს უკანონო განაჩენები... ოთხასზე მეტი მოქალაქე დაჭერილი და დასახიჩრებულია. ჯერაც არ არის დაკავებული ძალოვანი სტრუქტურის არც ერთი მოძალადე წარმომადგენელი... მაგნიტსკის სიაში შეყვანილი პირები არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ღირსების ორდენებით დააჯილდოვა!

მოსალოდნელი საფრთხე _ ესკალაცია თუ დიალოგი? მაიდანი-2 თუ ევროპული წესრიგის სახელმწიფო? ლიდერი თუ პოლიტიკური პროცესის ნდობა? არჩევანი თუ არადანი? „ქრონიკა+“ ესაუბრება დრამატურგსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ციკოლიას:

_ ბატონო პაატა, თქვენ აქტიურად ხართ ჩაბმული საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესებში და დგახართ „იქ, სადაც ქარიშხალია...“ როგორც მოქალაქე და როგორც დრამატურგი, რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ, მოვლენებს?

_ რა შემიძლია შევაფასო? მე დრამის რეჟისორი ვარ და ვწერ ტექსტებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ დიდი ხანია განვიცდი და ვგრძნობ საფრთხეს, დიდი ხანია ვიცი, ეს რა ძალაც არის... ამ ძალისთვის წმინდა არაფერი არსებობს! მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 28 ნოემბრის შემდეგ, როგორც მათ გადაწყვიტეს დაეცვათ თავიანთი ძალაუფლება, რა ფორმებსაც მიმართეს, რა მეთოდებიც, ინსტრუმენტიც გამოიყენეს, სწორედ ამან ამხილა ყველა, _ მეფე შიშველია! ხილულია, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია _ მათი ვითომ პოლიციის, ვითომ სასამართლოსი, მათი ვითომ ჟურნალისტების, მათი ვითომ ეკონომიკური აქტორების, მათი ვითომ კულტურული პროცესის... ყველა ინსტიტუტი, სადაც მათ რამენაირად თავი შეჰყვეს _ გარყვნილია!

_ თქვენი შეფასებები მძიმეა. ძალიან გტკივათ მომხდარი. მათ თამაში ვერ-არ გამოუვიდათ, ანუ გაიშიფრნენ...

_ რამდენიმე დღის წინ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა ისეთი განცხადება დადო... გულისამრევი, ამაზრზენი. მტკივა, რომ ამ უდანაშაულო დაკავებულებს, ხალხს, რომლებიც მართლა იდეალებისთვის იბრძვიან, საქმეებს უთითხნიან, ჭეშმარიტად საბჭოთა სტილში ჩამოაყალიბეს სათქმელი... გულის ამრევია ყველა ინსტიტუციაში, _ საჯაროა, კულტურულია თუ ეკონომიკურია, სადაც კი გაუვიდათ, სადაც კი შეძვრნენ, წაბილწეს იქაურობა! არაფერია დატოვებული წმინდა! ქართული საზოგადოება დაგვტოვეს გათითოკაცოებული _ მარტო, მაგრამ არაუშავს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩვენეთ, სინამდვილეში ვინც ვართ და რაც შეგვიძლია.

_ მავანი შეუმდგარ ერს გვეძახის, ბრბოდ მოგვიხსენიებს... ვინ ვართ სინამდვილეში?

_ სინამდვილეში მართლა პიროვნებები, მართლა ინდივიდები ვართ, მართლა იდეალების ერთგულები... ნამდვილი მორწმუნეები იმ ფასეულობების, რომლებსაც ვიჩემებთ და აბსოლუტურად უიარაღოდ, შიშველი ხელებით და არავითარი გარანტიით წარმატების ჯვარზე ავედით ყველანი! გავრისკეთ ყველაფერი, რაც კი აქამდე გვიშენებია _ ყველამ ყველაფერი გარისკა, რაც კი საჭირო გახდა.  დანარჩენი საზოგადოება ამას ხედავს. მგონი, გვაქვს მორალური უპირატესობა, რომელიც დავიჩემეთ და ნამდვილად ჩვენია, რადგან ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია გაგვიუქმეს. არც ერთი კანონი, კონსტიტუციის ჩათვლით აღარ გვიცავს საქართველოს მოქალაქეებს და აღარ იძლევა გარანტიას, რომ აქ იქნება ან კეთილდღეობა ან მშვიდობა ან სამართალი! აღარცერთი! ყველა ემსახურება იმ რაღაც ბოროტ ძალას, რომელიც ხარბად ცდილობს, გააგრძელოს ამ ქვეყნის „დაცვა“ _ გვატყუებს, გვაშინებს, გვამუნათებს. ჰგონია, რომ ჩვენ არ ვართ მასზე ნიჭიერები, არადა, ბევრნი ვართ ბევრად განათლებულები და ნიჭიერები, ვიდრე ისინი არიან...

_ ვინ არიან ისინი?

_ ისინი ერთი მუჭა ხალხია, ერთი კაცია და მის ქვეშ ხუთი დავალების შემსრულებელი, გადაწყვეტილებებს რომ იღებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაეტყოთ, რა გადაწყვეტილებებიც მიიღეს, რა დაუპირისპირეს მართლა მშვიდობიან და სიმართლის მოყვარე ახალგაზრდებს. დავინახეთ, რამდენჯერ მოგვიქნიეს ნაჯახი და ყველა ჯერზე ფეხში გაირტყეს! ასეთი უნიჭოები და უვიცები არიან. ისინი ვერ დაგვიცავენ ვერც საფრთხისგან და ვერც მშვიდობას მოგვიტანენ, ვერც კეთილდღეობას. მარტო სათავისოდ უნდათ კეთილდღეობა. იმიტომაც არ ათავისუფლებენ სასამართლოს, რომ უნდათ გააგრძელონ ამ ქვეყნის ძარცვა, შერჩეთ ნაძარცვი და ყველა ის დანაშაულები, რაც ჩაიდინეს. ყველაფერი გადაირეცხა ამ ბოლო კვირებში რაც მოხდა, მორალური უფლება სრულად დაკარგული აქვთ, ეს ქვეყანა რომ მართონ. ვერც მართავენ.

_ სად ხედავთ გამოსავალს ამ უვიწროესი ჩიხიდან?

_ უნდა გაიხსნას პოლიტიკური პროცესი, უნდა გაიხსნას სივრცე. ქართულმა საზოგადოებამ, როგორც შევძელით დაგვეცვა საკუთარი თავი ახლა და აქ, ზუსტად ასე შეძლებს ხაალხი გამოსვლას ჩიხიდან.

_ როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესის გახსნა _ დიალოგის ფორმით, თუ პროცესის ესკალციით?

_ არავითარი ესკალაცია! დიალოგის ფორმა, რა თქმა უნდა! არავის სჭირდება ექსკალაცია! სადამდე უნდა მიიყვანონ საქმე? მათ ხელშია ყველაფერი, ჩვენ ხელში არ არის!

_ კობახიძემ განაცხადა, რომ ოთხჯერ იყო მაიდანი-2-ის მცდელობა და თურმე ოთხივეჯერ ჩაახშეს...

_ ეს ბოდვაა და ნუ გავიმეორებთ ამ სიბინძურეს და ბოდვას. გამოვიდეს ნებისმიერი  რუსთაველზე და ნახოს, რა ხდება... რა მაიდანი, რას გვადარებენ? ჩვენ, ქართველებს სხვა გზა გვექნება ყველა დანარჩენის, სხვებისგან განსხვავებით. ჩვენ სულ სხვანაირი საზოგადოება ვართ, სულ სხვანაირი გამოცდილების. ჩვენ არცერთი არ ვართ! მე ქედს ვიხრი უკრაინელების წინაშე, მაგრამ სხვები ვართ ჩვენ! სხვანაირი გზა გვაქვს, სხვანაირად ვიზამთ ყველაფერს. არანაირი ესკალაცია პროცესის ჩვენი მხრიდან არ მიდის! ჩვენი მხრიდან მიდის ჩვენს სიმართლეში გაჯიუტება და ეს ესკალაცია არ არის! აგერ, მოედო ყველა პროფესიას პროტესტი და გავრცელდება მთელ საზოგადოებაში. კულტურული და სოციალური ქსოვილის ყველა კიდურს მოიცავს ეს პროტესტი და ჯერ კიდევ განვითარებაშია, ჯერ კიდევ ახლა იკრეფს ძალას... თუ ის საზოგადოება არ ვართ, რომელიც მართლა დაიცავს იმას, რაც წმინდაა, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ევროპიულ ოჯახს და არც მთლიან სახელმწიფოს. მაშინ ვიმსახურებთ აღმოვჩნდეთ ვიღაც პატრონის ყმებად მთელი ცხოვრება,  დავკარგოთ მართლა საუკეთესო შვილები, მორალურად გავნადგურდეთ, დავიჩაგროთ, გავუბედურდეთ და მერე ვიცხოვროთ რაღაც თურქმენეთისა და ირანისმაგვარი ქვეყნების, იმპერიების ყაიდაზე...

_ ძალიან ბევრი ადამიანი დააკავა მიმდინარე უწყვეტი აქციების დროს ძალოვანმა სტრუქტურებმა: მედიის წარმომადგენლები მუშაობის პროცესში, უბრალოდ მშვიდობიანი პროტესტანტები, არასრულწლოვნები, ექიმები, მსახიობები... თქვენი კოლეგა ახალგაზრდაც დააკავეს, ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც მალე განთავისუფლებას ვუსურვებთ, ასევე ყველა უსამართლოდ დაკავებულს...

_ დიახ, ანდრო ჭიჭინაძე და ბევრი მართალი ადამიანი, ახალგაზრდა დააკავეს უსამართლოდ. ჩვენი კოლეგა არის დაპატიმრებული ცხინვალის თეატრიდან, ხუთი შვილის მამა, ომის ვეტერანი, უკეთილშობილესი ადამიანი. ისევე ფარულად გადაიღეს, როგორც ანდრო. ვითომ ის ორგანიზებას უწევდა ძალმომრეობას. ძალმომრეობას თუ ორგანიზებას უწევ, ეს უნდა დამტკიცდეს, სამართლებრივად სამართლიან სასამართლოში. მეორე, მოქმედებები უნდა ჩაიდინო საამისო _ ვიღაცას რაღაცა უნდა დაავალო. ცხელ გულზე ვიღაცას თავი თუ დაუკარი და დაეთანხმე იმაში, რომ ესენი მშვიდობიანი გზით არ წავლენ ხელისუფლებიდან, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალდობას აორგანიზებ... ამის გამო ხუთი შვილის მამის ციხეში გამოკეტვა, მართლა პატრიოტი კაცის, იმიტომ რომ შენი ხარბი ვნებები დაიკმაყოფილო და მსხვერპლად შეწირო, წარმოუდგენელია! ბიბლიაშია, როცა იდეალებისთვის მებრძოლ რომანტიკულ გმირს ჯვარზე აცვამენ... აი, ეს ხდება აქ დღეს! საზოგადოება იცავს თავს ამ ბინძური და ბოროტი ძალისგან, ნუ დაგვავიწყდება ეს.

_ გვაკარგვინებენ თუ უკვე დავკარგეთ შანსი, გავხდეთ ევროპის ოჯახის ნაწილი?

_ გვაქვს შესანიშნავი შანსი და შესაძლებლობა, ისევ უკრაინელების გმირობის გამო (სამწუხაროდ, ეს ასე მოხდა), რომ ევროპა მართლა ცდილობს, რამენაირად კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გაფართოვდეს. უნდა აღმოვჩნდეთ ამ ბოლო გაფართოების ტალღაში. უნდა აღმოვჩნდეთ შიგნით, რადგან შეგვიძლია და ვიმსახურებთ ევროპული წესრიგის სახელმწიფოს. ესკალაციაზე აქედან არავინ მიდის. ეს არ უნდა გავიმეოროთ, რადგან არის სიცრუე! მათ ხელშია, გაამწვავებენ თუ არა სიტუაციას, მათ ხელშია, ესკალაციაზე წავლენ თუ არა, მათ ხელშია და მათი პასუხისმგებლობაა, ამ საზოგადოების მართლა მორალურად და ფიზიკურად გატეხას შეეცდებიან, დაჩაგრონ თუ არა. მათმა სიხარბემ და ბოროტებამ იცის, რასაც გააკეთებენ, თორემ დათმონ პოზიციები და აღიარონ, რა უშლით ხელს? არ შეიძლება ასე ამ საზოგადოებასთან მოქცევა. აგერ ნახავთ, რას აჩვენებს ქართული საზოგადოება მათ. ყველაფერი ნულიდანაც რომ დაიწყოს, ბევრად უფრო ლამაზი და უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე გვინახავს და წარმოგვედგინა! ესკალაცია აქედან არ მოდის, ეს არის ცილისწამება! მათ უნდათ, რომ ამ და ასეთი ფორმით გადაირჩინონ რამენაირად თავი!

_ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არ აპირებს პოსტისა და ორბელიანის სასახლის დატოვებას. 29 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური, თავიანთი დანიშნული პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩანიშნა...

_ არ ვიცი, არ მსმენია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასახლის დატოვებას თუ არ აპირებს, მხოლოდ ის გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს თავის თავს ისევ საქართველოს პრეზიდენტად და ჩვენ ყველა ვაღიარებთ მას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად... რადგან კონსტიტუცია აღარ ფუნქციონირებს და თუ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოხდება ახალი ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევა, რჩება მოქმედი, რომელიც ლეგიტიმურია!  სასახლეში იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვაგან, ეგ არაფერს ნიშნავს. სასახლე არ არის ლეგიტიმაციის წყარო. ჩვენ, ხალხი ვართ ლეგიტიმაციის წყარო. ჩვენი რწმენაა ლეგიტიმაციის წყარო! ძალიან მიხარია, თუ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იქნება ამ ბრძოლაში და დარჩება! მიხარია იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან მძიმე მორალური ტკივილი მიაყენოს ჩვენს პროცესს, ჩვენს წინააღმდეგობას, თუ იგი ჩვენ გვერდით არ იდგება. 

_ როგორ ფიქრობთ, მიმართავენ და გამოიყენებენ ძალოვან სტრუქტურებს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის პოზიციების დასათმობად?

_ დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ვერაფერს გაუბედავენ. ეს ჩემი აზრია, რადგან ეგ იქნება ესკალაცია ზუსტად. მერე სალომესთან რომ დაიწყონ ჭიდაობა და მისი დაპატიმრება მოინდომონ ან მსგავსი სიბინძურე. დროზე მოეგონ გონს, ნუ გაართულებენ საქმეს, დაიხიონ უკან და მიხვდნენ, თუ უნდათ რამენაირად გადარჩნენ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ერთადერთი გამოსავალია! რასაც ითხოვს ახლა საზოგადოება, კიდევ უფრო გამოჩნდება, ისიც, რასაც ითხოვს მთელი დასავლეთი და საქართველოს საერთაშორისო  სამეგობრო, ვისაც სამართლიანი სახელმწიფო უნდა. ამათ არ უნდათ ისევ იმიტომ, რომ სასამართლო აქვთ ჯიბეში! სასამართლოს განთავისუფლებას რომ სთხოვს ევროპა, იმიტომ თქვეს ევროპაზე უარი. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი! ესენი არიან ხარბი მძარცველები და ბანდა, რომელიც მართლა შუა საუკუნეების აზრებით სულდგმულობს და ბანდიტური მენტალიტეტი აქვთ _ აი, მე ძლიერი ვარ და მოგერევი, დაგჩაგრავ, მოგიწევს ხოხვა და მე შენ უნდა გაფურთხო! ასეთ ქვეყანაში უნდათ, რომ გვაცხოვრონ!

თუ ქართული საზოგადოება ეს ზამთარი არ შეიცვლება, არ შეიკვრება ერთ მუშტად და არ დადგება მყარად, მართლა არ დაიცავს მის საუკეთესო შვილებს, რომლებიც ამ პროტესტში პირველ ხაზზე გავიდნენ და ყველაფერი გარისკეს _ ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, და თავისუფლება, მაშინ... თუ მართლა ვერ შეძლებს ამ ზამთარში კონსოლიდირებას და ჩვენებას, რომ ჩვენ მართლა გვინდა ისეთი სახელმწიფო, როგორსაც ვიმსახურებთ, მაშინ არაფრის ღირსები ვართ. მაშინ ჩვენ ვიქნებით საზოგადოება, რომელიც არ გამოდის კომფორტის ზონიდან, რომელიც მზად არის დათმოს იდეალები, ოღონდ რამენაირად არ შეშინდეს და რაღაცნაირად გადაარჩინოს თავისი მერკანტილური ზრახვები. იცით, მაშინ ლაჩარი ყოფილა და ასეთი საზოგადოება უფრო მეტს დაკარგავს. ჯობია, ერთმანეთი გავიტანოთ და გავუძლოთ ამ კრიზისს და ვიხსნათ იდეალები, რომ უკეთესი სახელმწიფოს შანსი გვქონდეს, თან არაჩვეულებრივი შანსი, თუ არადა, ყველაფერს დავკარგავთ, რაც გვაბადია.

_ ლიდერი არ ჩანს, ჯერჯერობით არ გამოიკვეთა არავინ, ვინც პროცესებს გაუძღვება... მიმდინარე პროცესის პრობლემას ბევრი ლიდერის დეფიციტში ხედავს...

_ ლიდერი კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის ნდობა, რომ საზოგადოება ენდობოდეს მას. პოლიტიკური პროცესი დაწყებულია და ყველას გაითვალისწინებს, ვინც კი იყო ჩართული და ვისაც როგორი მანდატი აქვს ამ პროცესში... მაგრამ ახლებსაც გააჩენს! პოლიტიკური პროცესი გვჭირდება და არა ლიდერი, პოლიტიკური პროცესი, სადაც დავინახავთ, რომ ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილმა მოიყარა თავი და ფიქრობს, რომ მუშაობს საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ამ პროცესის მიმართ გაუჩნდება საზოგადოებას ნდობა და არა ლიდერის! გამოჩნდებიან ლიდერებიც და პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც დაიჩემებენ, რომ შუძლიათ ამ ქვეყნის მართვა და ჩვენ, საზოგადოება, მანდ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ ასეთი ადამიანები შევნიშნოთ, ზურგი გავუმაგროთ, ვერ დაგვიჩაგრონ ამ ბოროტებმა! ერთი ლიდერი არ გვჭირდება, აღარ გვჭირდება ზვიადი, მიშა, ედუარდი. ნებისმიერი ევროპული საზოგადოება აიღეთ, ოდიოზური და ქარიზმატული ლიდერები აღარ სჭირდებათ. პოლიტიკურ წესრიგს იცავს საზოგადოება საშინელი განსაცდელისგან.

_ როგორ ახალ წელს ელით? გჯერათ სასწაულების?

_ ველი ნამდვილ ახალ წელს, ახალი რასაც ჰქვია იმას, ნამდვილ ახალ ცხოვრებას _ ახალ გააზრებას ჩვენი ყოფით.

_ ახალი საქართველოს დაბადებას, როგორც თქვენ ბრძანეთ ამას წინათ, არა?

_ დიახ, დიახ ახალი საქართველოს დაბადებას ველოდები და ჩვენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ციხეებში სხედან, ძალიან მინდა, რომ ისინი ახალ წელს ჩვენთან ერთად შეხვდნენ გარეთ თავისუფლები, მაგარამ ეს ცინიკური ძალა არ უშვებს მათ, ეს გველეშაპი, რომელმაც მოგვტაცა ჩვენი შვილები, ამ  ბაყბაყდევმა. ასფურცელასავით ფეხზე უნდა დავდგეთ და მივაკითხოთ ბაყბაყდევს, ვუთხრათ, რომ დაგვიბრუნოს ჩვენი ძმები, გამოუშვას! ახალ წელს ყველანი შევხვდებით ერთად! უნდა გააცნობიერონ, რომ ქართული საზოგადოება უფრო ნიჭიერიც არის, უფრო ძლიერიც, ბევრად უფრო მორწმუნე და პატრიოტია,  ვიდრე ნებისმიერი მათგანი და ყველა ერთად, ვინც კი შეიკრა ის ხროვა...

_ ახლა წელს ერთად ვერ შევხვდებით ყველა, თუ კომენდანტის საათს, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს „მთავრობა“ და „პრეზიდენტი“...

_ არ ვიცი, რას აპირებენ, კომენდატის საათი ესკალაცია იქნება მათი მხრიდან _ რამენაირად ჩაახშონ ეს სული და ჩაკლან ჩვენი მისწარაფებები, მაგრამ რას გახდებიან? დავუშვათ, აგვიკრძალეს სახლებიდან გამოსვლა, რამდენ ხანს აგვიკრძალავენ? ამათ რა ჰგონიათ _ გამოსვლას და ბრძოლას გადავიფიქრებთ?!

_ ჰგონიათ, ხალხის გამოკეტვით მუხტი განელდება, პროტესტის ტემპერატურის დაწევას შეეცდებიან.

_ მსგავსი არ მოხდება! მთავარია, გიყვარდეს შენი ქვეყანა, სიმართლე და ჭეშმარიტება! მუხტმა როგორც ერთ წამში იფეთქა, როგრც მათ ეგონათ, რომ მკვდარი იყო, ზუსტად მასე დაბრუნდება უკან ერთ წამში! აღარ აქვთ დასაყრდენი და აღარ გამოუვათ, რომ მართონ! ეს ქალაქი უკვე უარყოფს მათ და მალე მთელი საქართველოც განაგდებს.

გაზიარება