QronikaPlus
ვანო ნადირაძე: „ამ პროცესებს უკვე სხვა სახალხო ლიდერი სჭირდება“

ვანო ნადირაძე: „ამ პროცესებს უკვე სხვა სახალხო ლიდერი სჭირდება“

2024-12-25 08:50:36

მიხეილ ხაჩიძე

შაბათს, 21 დეკემბერს საქართველოში პროტესტის 24-ე დღე იყო, _ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

„ოცნების“ ანტიევროპულ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს რუსთაველის გამზირზე მარშით მისული იმერლები, ქუთაისელები, მეგრელები, რაჭველები, მესხები, მთიულები, სვანები და სხვა კუთხის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.

მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ დაკავებული პატიმრების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. მოქალქეების ტალღა არ ცხრება, პროტესტი უფრო და უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ხდება. 

რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა? როგორ უნდა შეფასდეს ე. წ. სპეცრაზმისა და რობოკოპების არაადამიანური საქციელი? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეს: 

_ ბატონო ვანო, როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს? 24 დღეა, აქტიური პროტესტი მიმდინარეობს.

_ ძალიან კარგია ხალხის აქტიურობა, რაც მანამდე ნამდვილად გვაკლდა. ეს არც ერთი პარტიის დამსახურება არ არის. ხალხი ნამდვილად თავისით გამოდის და გამოხატავს უკმაყოფილებასა და პროტესტს. ხალხს აქვს დიდი პასუხისმგებლობა თავისი სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე და აფიქსირებს უკმაყოფილებას. ეს შესანიშნავია. ხალხი გამოაფხიზლა უფრო პირველმა შეტაკებებმა ახალგაზრდებთან, როდესაც პირველი ორი კვირა სტუდენტები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რეჟიმს, რამდენი დაასახიჩრეს და რამდენს სასტიკად გაუსწორდნენ. სწორედ მათ გამოაფხიზლეს ერი.

_ შევეხოთ ე. წ. რუსულ ომონს, ე. წ. სპეცრაზმების სისასტიკეს, მათ ქცევებსა და ხალხის წინააღმდეგ ბრუტალურ ქმედებებს...

_ სიმართლე გითხრათ, როცა პირველად დავინახე, რაც ეცვათ, რატომღაც, წარმოდგენა შემექმნა, რომ ეს ხალხი ბელარუსში იყო ჩასული და გაწვრთნილი. ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც ბელარუსული და რუსული „ომონი“. ცოტა ხნის წინ კამერების წინ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა წაიბურტყუნა, _ თქვენ რა იცით, რომ მე არ ვომობდიო?! _ მეომარი, რომელიც თავის მიწას იცავდა, რუსეთს, დამპრყობელს ებრძოდა, დღეს იმ მხარეს არ იდგებოდა. მეომარი, რომელიც იარაღით ხელში იცავდა საქართველოს რუსებისგან, რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ ის თავის ხალხს არბევს და დღევანდელ პრორუსულ მთავრობას გვერდით უდგას, მას მე რუსად ჩავთვლი.

_ რად უღირთ ამ ყველაფერზე წასვლა, თქვენი აზრით?

_ კობახიძემ იმ დღეს თქვა, რომ სანქცირებულ ე. წ. ძალოვნებს ინაუგურაციის შემდეგ ორდენებს გდასცემს. ეს გზავნილი იყო, რომ ამერიკული სანქციები ფეხებზე მკიდიაო, ჩვენ ახალი ხელმძღვანელი გვყავს და ეს არის რუსეთიო. ამას გეუბნება პირდაპირ და ხმამაღლა. ხარებასა და მისნაირებს უკვე შეატოპინეს, იმათ აქეთ მხარეს გადმოსასვლელი გზაც არ აქვთ, ისღა დარჩენიათ, იქ იდგნენ. შეიძლება, ძალიანაც დარდობენ უკვე, თუმცა  დასაკარგი არაფერი აქვთ, უკვე გვიანია. სულ რომ გამოვიდეს ხარება რუსთაველზე და დაჩოქილი იაროს, ხალხის სიყვარულს ვერ მოიპოვებს. ისღა დარჩენია, იყოს იქ, სადაც დგას. არ არსებობს, რომ არ ფიქრობდნენ, ბოდიში და, ეს რა დედიჩემისა ვჭამეო. რაც შეეხება სანქციებს, რატომღაც, მგონია, რომ სანქციებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას დაბალი ფენის ჩინოვნიკებს, მაგრამ ელიტა ვინც არის _ ივანიშვილი, კობახიძე და ა. შ. სწორედ გამიგეთ, რა, მაგათ არ ეშინიათ სანქციების.  ეს მიხარია, რაც ხდება რუსთაველზე, ცეკვაც, სიმღერაც, ეს მუხტიც, ხალხის ასეთი ტალღა და შემართება. მაგრამ კარგად გამიგეთ, 25 იანვარს არის ტრამპის ინაუგურაცია, თუ 25-მდე მივიდა ეს პროტესტი, კიდევ რაღაც შედეგს ველოდები, თუ არადა, შემცირება თუ დაიწყო ხალხმა, აქ უკვე სხვა ზომები აქვს მისაღები თვითონ ოპოზიციურ ლიდერებს.

_ ანუ პოლიტიკურად სხვანაირ მოქმედებაზე, ერთგვარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბროთ, ხომ?

_ რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ცეკვაც კარგია, სიმღერაც კარგია, მივესალმები მომღერლებს, მივესალმები ხელოვანებს, მსახიობებს, ეს ყველაფერი კარგია გამარჯვების მერე, გამარჯვების შემდეგ. ასე რომ, უნდა იყოს ჩამოყალიბებული რაღაც მოკლევადიანი გეგმა, როგორც ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე სალომე ზურაბიშვილისგან. ერთსაც დავამატებდი: მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა გონიერი ნაბიჯები გადადგა ევროპის კუთხით, მე სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ჩავთვლი ლიდერად. ამ პროცესებს უკვე სხვა სახალხო ლიდერი სჭირდება. კიდევ ვიმეორებ: ღმერთმა ქნას, რომ 25 იანვრამდე გასტანოს ამ მუხტმა, თუ ჩაქრა, ცუდი იქნება. ამიტომაც ვამბობ, გეგმა უნდა არსებობდეს, რაც აშკარად არ აქვს ოპოზიციას.

_ პროცესების როგორ განვითარებას ელით?

_ თვითდინებით ხალხის ასე გამოსვლა უვადო ვერ იქნება. დავუშვათ, ივანიშვილმა გაიღვიძა დილით, ცუდი სიზმარი ნახა და ამ ე. წ. პრეზიდენტ ყაველაშვილს უთხრა, მოდი, გამოაცხადე  საგანგებო მდგომარეობაო. აი, მერე რას ვშვრებით? რას ვუპირისპირებთ? ვფიქრობ, ამას გააკეთებენ კიდეც. სულაც მშვიდობიანად რომ იაროს ხალხმა რუსთაველზე, თუ დასჭირდა ივანიშვილს, ისეთ ატმოსფეროსა და გარემოს შექმნის, სპეციალურად და სპეცსამსახურებით, რომ ყველაფერს იკადრებს. აქ მე მიჩნდება კითხვა _ ასეთ შემთხვევაში რას ვშვრებით?

რატომ არ გადიან ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს უკრაინელ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ რევოლუციებისა და მაიდნის?

_ დაბოლოს, უკრაინას უნდა შევეხოთ აუცილებლად: უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. რა ვითარებაა ფრონტზე? ჩვენ ვხედავთ უკრაინელების წარმატებულ შეტევებს ბოლო პერიოდში რუსეთის სიღრმეებში, მათ შორის, ვიხილეთ გროზნოშიც დრონებით თავდასხმა, კადიროვის რეზიდენციიდან 3 კილომეტრში, ყაზანში და ა. შ. რა ხდება ფრონტზე, როგორ მიდის უკრაინელების წინსვლა და გმირული შერკინება მტერთან?

_ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებული არ არის. რა შედეგიდაც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, როგორც ვიცით, ომები ბოლოს მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგალითს მოგიყვანთ: ნოემბერში რუსებმა მარტო ერთ თვეში 45 ათასი კაცი დაკარგეს. მთლიანად პაკოვსკის მიმართულებით იმდენი ჯარისკაცი ჰყავთ დაკარგული, რამდენიც მთელი ბრიტანეთის არმიაა. იმდენი ტანკი დაკარგეს მარტო ამ მიმართულებაზე, რაც არცერთი ევროპული ქვეყნის არმიას არ აქვს. დანარჩენი დასკვნები თქვენ გააკეთეთ, თუ რა შედეგი დადეს რუსებმა. რუსებმა ამ ომში ვერ გაიმარჯვეს. რუსებმა თავიანთი სახელმწიფო საკუთარი ხელით დაანგრიეს პუტინის დამსახურებით. რუსეთის ჯარი, რომელიც დღეს უკრაინას უტევს, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას სამ დღეში აიღებდა, უკრაინელებმა საოცრება აჩვენეს. მე თუ მკითხავთ, უკრაინული ჯარი არის ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში. სასწაულები შექმნეს რადიო ინჟინრებმა, სერიოზული იარაღი შექმნეს. არა მარტო ფრონტზე არიან მაგრები, არამედ ტვინები არიან. საერთოდაც, საბჭოთა კავშირის დროსაც, რაკეტების, თვითმფრინავების ძირითადი კომპონენტები მზადდებოდა ლვივში ან _ ხარკოვში.

_ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია უკრაინის დახმარებას განაგრძობს, ანუ მითი, რომ ტრამპი რუსეთისკენ იქნებოდა, იმსხვრევა.

_ ეს გამორიცხული იყო, თავიდანვე ვამბობდი ამას. წარმოიდგინეთ, ტრამპის ცხოვრებასაც რომ გადავხედოთ, ბიზნესმენი კაცია და ყოველთვის ულტიმატუმებით საუბრობს და ასეთ ცხოვრებაშია. როგორ გგონიათ, ტრამპი რამეს დაუთმობს პუტინს? ვფიქრობ, რომ არ დაუთმობს. არც ერთ შემთხვევაში! ტრამპი შესთავაზებს რაღაც პირობებს, პუტინი თუ წინააღმდეგ წავა, მაშინ ტრამპი არაფერს დათმობს. ეს 3 წელი რაც მიდის ომი, ბაიდენის ბრალია. ხან 2 ტანკს, ხან 1-ს გვაძლევდა. აი, განცხადება რომ გააკეთა, იმდენ იარაღს მივცემ უკრაინას, რამდენიც მთელ ევროპას არ აქვსო, ეს რომ შეესრულებინა, დღეს რუსეთი უკვე განადგურებული იქნებოდა.

გაზიარება