QronikaPlus
გიორგი გუგავა: „ბიძინა ივანიშვილისთვის იდეოლოგიურად უმთავრესი დასაყრდენი არის „გირჩი“

გიორგი გუგავა: „ბიძინა ივანიშვილისთვის იდეოლოგიურად უმთავრესი დასაყრდენი არის „გირჩი“

2024-03-14 04:51:43

შორენა მარსაგიშვილი 

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რუსული კანონი გამოაგორა. ამჯერად ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებას. ეს კანონი გასულ წელს რუსეთში მიიღეს. ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, ფიქრობს, რომ ამ კანონით უნდათ საზოგადოების ყურადღების გადატანა იმ მწვავე პრობლემებიდან, რომელიც დღეს საქართველოს წინაშეა.

რატომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ ბავშვებზე საუბრის უფლება? ვინ მფარველობს ქვეყანაში ნარკოტიკების წარმოებასა და გასაღებას? რატომ არ იმჩნევს საპატრიარქო ნარკოტიკულ ჯოჯოხეთს? რა ფონის შექმნას ცდილობს „გირჩი“? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, გასული წლის მარტში ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან გაეწვია რუსული კანონი. ერთი წლის თავზე მორიგი რუსული კანონის ინიცირება მოახდინეს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ტრადიციების დამცველად წარმოაჩინოს თავი. რამდენად ახლოს არიან ისინი ტრადიციებთან და რას ემსახურება სინამდვილეში ეს რუსული კანონი?

_ შარშანდელ პროტესტს თუ შევაფასებთ, ეს არ იყო მხოლოდ ერთი კანონით გამოწვეული, ეს არ იყო მხოლოდ კანონი, ეს იყო საშინელება. შარშან ხელისუფლებამ ქვეყნის თავისუფლება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპული, ქრისტიანული, ცივილიზებული გზა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. ამან ააღელვა ხალხი. თავისუფლების დაკარგვის საფრთხიდან გამომდინარე გაიმართა ყველაზე მასშტაბური და წინააღმდეგობრივი აქცია, რომელმაც ხელისუფლება აიძულა, უკან წაეღო თავისი რუსული კანონი. მათ თავიანთი გადაფურთხებული ალოკეს.

შარშან კი მიაღწია ხალხმა გამარჯვებას და ის საფრთხე გადააგორა, მაგრამ პროცესი გრძელდება. ეს იყო ქართული საზოგადოების ნების გამოხატვა და ტაქტიკური გამარჯვება. გლობალურად და სტრატეგიულად ჩვენი პრობლემა არ გადაწყვეტილა გამომდინარე იქიდან, რომ ისევ კრემლის კომენდატურაა საქართველოში გაბატონებული ბიძინა ივანიშვილის სახით. ის გახლავთ კრემლის ვასალი და მათ სტრატეგიულ ინტერესებს ატარებს. სანამ ქვეყანას კრემლის კომენდატურა მართავს, საქართველო მუდმივი საფრთხის ქვეშ არის. ეს ომი მოსაგებია.

_ გასული წლის მარტში პროტესტი რომ არ გაჩერებულიყო, გაბედავდა ხელისუფლება იმას, რასაც ახლა ბედავს?

_ ამ ხელისუფლების მოშორებას გაცილებით მძლავრი პროტესტი სჭირდება. შარშან იყო ბრძოლაში გამარჯვება, მაგრამ ომი ისევ გრძელდება. საქართველოს წინაშე ისევ დგას გლობალური საფრთხეები. ხელისუფლება იგივეა და იგივე მორჩილება აქვს კრემლის მიმართ. რაც შეეხება ახალ კანონს, ეს ტაქტიკური საარჩევნო საკითხია და აქ მიზნები სულ სხვაა. არსებული უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან ხალხის გადრთვა ისეთ თემებზე სურთ, როგორიცაა ნეოლიბერალური პროპაგანდა. თითქოს ამას აკეთებენ ბავშვებზე ზრუნვის მოტივით, თურმე არ სურთ, რომ ისინი გაირყვნენ. ამას ამბობს ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. კანონი ძალადობრივი ქმედებებით მიიღეს. იმ კანონშია ყველაფერი განსაზღვრული. ახლა მათი ინიციატივა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს. აქედანაც ჩანს, თუ როგორი ფარისევლები არიან.

„ქართულ ოცნებას“ უფლება არ აქვს, ბავშვებზე ისაუბროს. ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნავენ? მათი დანაშაულებრივი პოლიტიკისა და გაუმაძღრობის გამო ათასობით ბავშვი შიმშილობს საქართველოში. არაერთი კვლევა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და  დადასტურებულია, რომ  საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს. ამაზე დიდი ტრაგედია რაღა გინდათ? ეს არის გაუმაძღარი პოლიტიკური გვამების მმართველობის შედეგი. ისინი იმასაც კი არ აკეთებენ, რომ დღეში ერთხელ მაინც იყოს ბავშვებისთვის უფასო კვება.

_ სკოლებში უფასო კვებაზე საუბრობთ?

_ დიახ. ეს იქნებოდა ბავშვებზე ზრუნვა. ბევრი ბავშვისთვის ეს ერთჯერადი უფასო კვება დიდი შეღავათია, მაგრამ გაუმაძღარი პოლიტიკური გვამები ამას არ აკეთებენ. ეს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბავშვებზე ზრუნავს და მათი პოლიტიკის წყალობით საქართველოში ოჯახები დანგრეულია. მამა ერთ ქვეყანაშია წასული საშოვარზე, დედა _ მეორეში. ოჯახები ჩამოშლილია და რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები, შვილებსა და მშობლებს ერთმანეთის სახეებიც კი დაავიწყდებოდათ. ამის გამკეთებელი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ოჯახებსა და ტრადიციებზე ზრუნავს.

ესენი ერის იდენტობის გადარჩენაზე რომ ზრუნავდნენ, სხვანაირად მოიქცეოდნენ. ერის იდენტობის გადარჩენის უპირველესი არსი არის ადამიანი. კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა დღეს საქართველოში. დიდი ხანია, სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა. დღეს ერი გადაშენების პირას რომ დგას, ეს ვისი ან რისი ბრალია? ყველაფერი უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო ხდება. ვერ იქმნება ოჯახები და ერი არ მრავლდება და ესენი რაღაც კანონებს იგონებენ.

რა კანონებს იგონებენ, როცა ამ უპერსპექტივო ქვეყანაში უმწვავესი ნარკოლოგიური მდგომარეობაა?! ხელისუფლების ხელშეწყობით ნარკოტიკებმა წალეკა ჩვენი ახალგაზრდობა. ასევე ათასობით ოჯახი გაუბედურდა აზარტული თამაშებით, რომელსაც ასევე ხელისუფლება აკონტროლებს.

_ ნარკოპოლიტიკა ახსენეთ და მართლა წალეკა ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკებმა. ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? ეს არ იწვევს საშინელ შედეგებს? ბავშვებს ნარკოტიკებისგან დაცვა არ სჭირდებათ?

_ ხელისუფლება ამაზე ხმას როგორ ამოიღებს, როცა ეს მის მიერ ორგანიზებული, წახალისებული ბიზნესია?! ხელისუფლება თეთრი სიკვდილით ვაჭრობას მფარველობს. ამით ის მილიონებს აკეთებს. გავიხსენოთ, რით დაიწყო ეს ყველაფერი. თავის დროზე, სპეცსამსახურებმა შექმნეს პარტია, რომელსაც მოამზადებინეს საზოგადოება იდეოლოგიურად. ჯერ ნარკოტიკების ლეგალიზება უზრუნველყვეს. ამაში ჩართული იყო სახელისუფლები პროპაგანდაც. ჩვენნაირ პატარა ერში ნარკოტიკის ლეგალიზება არის კატასტროფა. თან ნარკოტიკების მოხმარება გამოაცხადეს კარგ ტონად. მეორე ეტაპი ჰქონდათ ნარკოტიკების კულტივაცია. ყველას გემახსოვრებათ ივანიშვილის განცხადებები, ამას 500%-იანი მოგება ექნებაო. მაშინ კულტივაციის წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრა საზოგადოებამ და ეს პროექტი ჩავარდა. კანონპროექტიც კი გაამზადეს, რომელიც პარლამენტში შევიდა.

_ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიტანა.

_ შს მინისტრი მაშინ გახარია (თვალთხარია) იყო. ამ პროპაგანდაში აქტიურად ჩართული გახლდათ პრეზიდენტიც.

_ საჯაროდ განაცხადა, ახალგაზრდობაში მარიხუანა მეც გამისინჯავსო.

_ ამბობდა, რაც გინდა კანაფის დედოფალი დამიძახეთ, ეს ძალიან კარგი პროექტიაო. მოკლედ, მავრმა თავისი საქმე შეასრულა, ლეგალიზებული გახადეს მოხმარება. ამავე პერიოდს დაემთხვა ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გამოსვლა. ქვეყანა თალიბებმა ჩაიგდეს ხელში. მათ რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე უარი თქვეს ქვეყანაში ოპიუმის მოყვანაზე. მანამდე იქ მოჰყავდათ. მსოფლიო ბაზარზე გაჩნდა ჰეროინის დეფიციტი. ეს დეფიციტი შეავსო ჩინეთში მოგონებულმა სინთეტიკურმა ნარკოტიკმა, რომელიც ბევრად იაფი და მაღალეფექტიანია.

_ სიკვდილიანობაც მაღალია.

_ მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს ამ ნარკოტიკს. აღნიშნულმა ნარკოტიკებმა შემოაღწია საქართველოშიც. შემოღწევა ასე იოლი არ არის. ეს ხელისუფლების ნებით განხორციელდა. თქვენ როგორ გგონიათ, სუსმა რომ მოინდომოს, ამ საქმეს ვერ მიხედავს? სასულიერო პირების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოსმენის ნაცვლად ამ საეჭვო ხალხს რომ მოუსმინონ, ყველაფერს კარგად გაარკვევდნენ. დეტალურად ეცოდინებოდათ, ვინ არის წამლის „ბარიგა“ და რეალიზატორი. ხელისუფლებას ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტიანი ბერკეტები აქვს, მაგრამ ამას არ იყენებს _ არ ააშკარავებს რეალიზატორებს.

_ თქვენი აზრით, არ იციან ძალოვნებმა, ვინ ვაჭრობს ნარკოტიკებით?

_ როგორ არ იციან! ძალოვნებმა ყველაფერი იციან, ვინც ვაჭრობს ნარკოტიკებით და კიდევ ბევრი სხვა რამეც. არაფერს აკეთებენ, რადგან თავად არიან ამ საქმეში. მფარველობენ ამ დამნაშავეებს. მეტსაც გეტყვით: ლაბორატორიებია შექმნილი, სადაც ნარკოტიკებს აწარმოებენ.

_ საქართველოშია ეს ლაბორატორიები?

_ საქართველოშია. ლაბორატორიების გარდა საქართველოში სპეციალური მაღაზიებია გახსნილი, სადაც სიკვდილი იყიდება.

_ სად არის ეს მაღაზიები?

_ ნარკოტიკების მაღაზიები არის საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, თბილისის ცენტრშიც. იქ იყიდება მარიხუანის კულტივაციისთვის ყველაფერი. ასევე ნარკოტიკების მოხმარების მთელი აღჭურვილობა. საქართველოში ახლა, ძირითადად, ჰიბრიდული ჯიშები მოჰყავთ, სადაც კანაბისის შემცველობა ექვსჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივში. ეს იწვევს კატასტროფულ ფსიქიკურ შედეგებს. ფსიქიატრიული კლინიკები გადაჭედილია მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებით. მე მარიხუანაც მძიმე ნარკოტიკად მიმაჩნია. ამ მარიხუანის გამო ხშირია ახალგაზრდების თვითმკვლელობამდე მისვლა. არის ძალადობის ფაქტებიც. ადამიანები იღუპებიან. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ნარკოტიკმა შეაღწია სკოლებში. ამაზე განგაშის ზარებია შემოსაკრავი.

_ სკოლებში მოიხმარენ ნარკოტიკებს?

_ სკოლის ეზოებსა და საპირფარეშოებში ტრიალებს მარიხუანის სუნი. ეს არის კატასტროფა.

_ მარიხუანის სუნი საქართველოს პარლამენტშიც ტრიალებს, გირჩელები არც მალავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეწევიან პლანს.

_ მარტო ეგენი არ ეწევიან. როგორც თავად განაცხადეს, სხვა დეპუტატებსაც მოაწევინეს მარიხუანა. აქამდე დეპუტატებისთვის სავალდებულო იყო ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება, ახლა ეს გააუქმეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

_ მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება უხერხული პროცედურააო. შარდის ანალიზის ჩაბარება თუ არ სურთ, თმის ღერითაც შეიძლება ნარკოტესტის ჩაბარება.

_ რას ნიშნავს, უხერხული პროცესი? ეს განცხადება, იცით, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას ქვეყანაში. უმაღლესი თანამდებობის პირებს თავისუფლად შეუძლიათ მოიხმარონ ნარკოტიკები. როცა მათ აღარ მოსთხოვენ ნარკოტესტს, მაშინ აღარც სხვას მოსთხოვენ. ხელისუფლებამ საზოგადოებას მდინარაძის განცხადებით შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: მიდით, გაიკეთეთ, მოწიეთ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ეს რა შედეგებსაც იწვევს, ამას ყველანი ვუყურებთ. ქვეყანაში ნამდვილი საშინელება ტრიალებს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დეპუტატებისთვის ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების გაუქმება. დეპუტატები არიან ხალხი, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ქვეყნის ბედსა და მომავალს. როცა საკანონმდებლო ორგანოს წევრები ნარკომანები არიან, ამაზე დიდი უბედურება რა არის?! ასე და ამგვარად გადავიქეცით ნარკოტიკების მომხმარებელ ქვეყნად. ცოტა ხანში წარმოებასაც დავიწყებთ.

_ ასეთ შემთხვევაში მარიხუანის კულტივაციის საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში. გარისკავს ამის გაკეთებას ხელისუფლება?

_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ეს. ყველაფერი აქეთკენ მიდის. ახლა ამისთვის ამზადებს „გირჩი“ საფუძველს. ბიძინა ივანიშვილისთვის იდეოლოგიურად უმთავრესი დასაყრდენი დღეს არის „გირჩი“.  „გირჩი“ საზოგადოებას შთააგონებს, რომ თურმე „ბარიგობა“, ანუ მკვლელი ნარკოტიკების გაყიდვა, არ არის დანაშაული.

_ ბიზნესიაო, ამბობენ.

_ რანაირად შეიძლება სიკვდილით ვაჭრობა ბიზნესი იყოს?! „გირჩი“ ივანიშვილის დავალებით სიკვდილით ვაჭრობის ბიზნესად გასაღებას ითხოვს და აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ლეგალიზებული უნდა იყოსო. აი, რა მიზნები ამოძრავებთ მათ. დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, მიგრაციის მაღალი დონე ნიშნავს ერის გენოციდს. მარტო ტყვიით კი არ კლავენ ადამიანს, არამედ მისი მოკვლა შეიძლება ნარკოტიკით, შიმშილით, უპერსპექტივობით, დაჩაგვრით, დამონებით. ჩვეულებრივი გენოციდია ქართველი ხალხის. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. ვინც ცოცხალი რჩება ან წამალდამოკიდებულია, ან სარჩოს საშოვნელად ამ ქვეყნიდან გარბის.

_ როდესაც მარიხუანის კულტივაციაზე დაიწყეს საუბარი, საპატრიარქომ დიდი ამბავი ატეხა. ახლა ხმას არ იღებს და რა ხდება? ლგბტქ თემებზე ისეთი წიოკი აქვთ, მტერს და ნარკოტიკებით ახალგაზრდები რომ იხოცებიან, ამაზე ხმას არ იღებენ. არ უნდა იყოს ეს შემთხვევითი ამბავი.

_ არ ვიცი, რატომ არ იღებენ ამაზე ხმას. წესით, ყველაზე მეტად ისინი უნდა რეაგირებდნენ. ასეთ თემებზე უნდა ტეხდნენ განგაშს და არა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად წამოწეულ საკითებზე, რომლებიც, ძირითადად, ოკუპანტის ინტერესებში შედის და ხშირად პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება. ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ გამაჩნია, ამიტომ ამაზე მტკიცებით ფორმაში არ ვილაპარაკებ, მაგრამ დადის ხმები, რომ მაღალი იერარქები ხშირად თავად არიან ჩართულები ნარკოტიკებით ვაჭრობაში.

_ ამის შესახებ ერთ-ერთმა ცნობილმა სასულიერო პირმა საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში.

_ კიდევ ბევრი სხვა ხმები დადის, მაგრამ რადგანაც ფაქტები არ მაქვს ხელთ, ამიტომ მტკიცებით ვერ ვილაპარაკებ. სასულიერო პირების დუმილი ეჭვებს იწვევს. ნარკოტიკების თემა არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და ამაზე ეკლესია განგაშის ზარებს უნდა რეკდეს. ისინი ხმას არ იღებენ, ამ დროს ერის გენოციდს ვუყურებთ. ამაზე დუმილი ბევრ კითხვას აჩენს. კარგი იქნება, თუ ნარკოტიკების პრობლემებზე ისაუბრებენ და თავს დაანებებნ იმ პროპაგანდის აყოლას, რომელიც ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ინტერესებში ჯდება. ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან და ეს პროპაგანდა მათ ანალიტიკურ ცენტრებშია შექმნილი. საქართველოში შემოყრილი ნარკოტიკებით ნადგურდება ახალგაზრდობა, სამღვდელოებამ ამაზე ძალიან მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს. საკმარისია მოგონილი თემებით მანიპულირება. როცა ერის მომავალი საფრთხეშია, ამაზე საპატრიარქოს დუმილი დაუშვებელია.

_ თქვენს კოლეგა ოპოზიციონერებზეც მინდა, გკითხოთ. ამ თემაზე არც ისინი ტეხენ ხმაურს. ნარკოტიკების გარშემო არსებული უმძიმესი ვითარება არც მათ ყურადღებას იპყრობს. მათ დუმილს როგორ ახსნით?

_ სხვებზე რა გითხრათ? ჩვენ ყველანაირად ვაპროტესტებთ ამ საშინელებას. ოპოზიციას თავისი პოლიტიკა აქვს და არ იმჩნევს, რომ საქართველო ნარკოტიკებმა წალეკა. მარტო დუმილი რომ იყოს მათი პრობლემა, რა უჭირდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი ბარიგების ამნისტირებას ითხოვს. ეს არის უმძიმესი დანაშაული და ამ სახის დამნაშავეებს არანაირი ამნისტია არ უნდა შეეხოს.

_ მარტო ბარიგების ამნისტიას არ ითხოვენ, პედოფილების შეწყალებასაც უჭერს მხარს ზოგიერთი ოპოზიციონერი.

_ საშინელებაა, ამაზე დიდი უბედურება რა გინდათ?! თურმე, მკვლელი ნარკოტიკებით ვაჭრობა ჩვეულებრივი ნიზნესია და „ბარიგობა“ არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. ასეთი პოზიციით ოპოზიცია ხელს უწყობს და მხარს უჭერს დღეს არსებულ მკვლელ ნარკოპოლიტიკას.

_ ამას შეგნებულად აკეთებენ თუ ვერ იაზრებენ?

_ რაც გინდათ, ის დაარქვან, ფაქტია, რომ თავისი საქმიანობით და განცხადებებით პირდაპირ და ირიბად უწყობენ ხელს სიკვდილით ვაჭრობას. ახლა იმაზე მიდის მუშაობა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ლეგალიზდეს და ბარიგები გახდნენ ჩვეულებრივი ბიზნესმენები.

_ პარტიის მომავალ სპონსორებს ხომ არ ეძებენ ამ „ბიზნესმენებში“?

_ ვერ გეტყვით, შეიძლება. მე ის ვიცი, რომ ასეთ დროს გატრუნვა და ხმის არამოღება ნიშნავს იმას, რომ შენ სიკვდილით ვაჭრობის ხელშემწყობი ხარ. მთავარი სწორედ იდეოლოგიაა. თუ იდეოლოგიური საფუძვლები მომზადდა და ამაზე თვალი დახუჭეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიოზაციებმა, ეს ხელშეწყობას ნიშნავს. როგორ შეიძლება, ისეთ ამნისტიას დაუჭირო მხარი, რომელიც თეთრი სიკვდილის დისტრიბიუტორებს თავისუფლებაზე გამოიყვანს? ისინიც თანამონაწილეები და ამ კარტელის ნაწილი არიან. მე სხვანაირად არ მესმის. მკვეთრი იდეოლოგიური ბრძოლაა დასაწყები ამის წინააღმდეგ. არ მინდა, რომ მომხმარებელზე გადატყდეს ჯოხი. იდეოლოგია წყვეტს ყველაფერს. ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ამ ახალგაზრდობას, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებენ.

_ რა ალტერნატივა უნდა შესთავაზონ?

_ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. გამუდმებით უნდა მიდიოდეს იმაზე საუბარი, რომ ნარკოტიკი მავნებელია. ახალგაზრდებს უნდა მოუწოდებდნენ, დაკავდნენ სპორტით. ამ შემთხვევაში მარტო მოწოდება შედეგს არ მოიტანს. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. სპორტდარბაზებში სიარული ფასიანია. სპორტული წრეებიც ფასიანია. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. ჩვენთან პირიქით ხდება, _ ნარკოტიკების პროპაგანდა ზენიტშია. ახალგაზრდებს პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებიან, რომ ნარკომანია ცუდი ტონი არაა. ახლა უკვე „ბარიგებისა“ და პედოფილების „გაპრავება“ დაიწყეს. ამ იდეოლოგიასთან არის საჭირო ბრძოლა. ეს ბრძოლა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ჩვენ ისედაც უამრავი ახალგაზრდა დავკარგეთ ნარკოტიკებით.

გაზიარება