- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-09-03 08:00:06
„ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ არჩევნებზე მოსვლის აუცილებლობა, რათა ცვლილებას მისცენ ხმა ან არ მოვიდნენ და დავრჩებით ისევ იმ ჭაობში, სადაც ვართ“, _ აცხადებს დამოუკიდებელი საქართველოს ასაკის სტაჟის მქონე პოლიტიკოსი, აკაკი ბობოხიძე.
პანდემიური, რეფერენდუმად წოდებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე, „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:
_ ბატონო აკაკი, თქვენ არ ხართ „რეფერენდუმის ლიდერი“. რა ფორმით ჩაერთვებით წელს არჩევნებში?
_ მე, როგორც კანდიდატი, ამ არჩევნებში არ ვმონაწილეობ, მაგრამ სექტემბრიდან აქტიურად ჩავერთვები საარჩევნო კამპანიაში, როგორც მხარდამჭერი, ძირითადაში იმერეთში, ხონსა და ქუთაისში. მარტო იმერეთი არასაკმარისია. არ მგონია, რომ ცოტა საქმე მქონდეს. საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩავერთვები, თუ ამის საჭიროება იქნება, ოღონდ ეგაა, უკვე აღარ ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ადამიანებთან შეხვედრაც უკვე სახიფათოა, ეს არის სერიოზული პრობლემა. სათქმელიც კი არაფერია ახალი, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ერთია, რომ ადამიანები უნდა აცნობიერებდნენ არჩევნებზე მოსვლის აუცილებლობას და ცვლილებისთვის ხმის მიცემას. ან არ მოვიდნენ და დავრჩებით ისევ იმ ჭაობში, სადაც ვართ. რა არ გვაქვს ამომრჩევლისთვის ნათქვამი და რა ინფორმაცია არ გვაქვს მიწოდებული, მართალი გითხრათ, რაღა უნდა ვუთხრათ, ვერ ვხვდები.
_ რას იტყვით წლევანდელ წინასაარჩევნო გარემოზე?
_ წელს დიდი გამოწვევის წინაშეა ოპოზიცია პანდემიის გამო, ასევე ფინანსური უზრუნველყოფა ოპოზიციას მწირი აქვს, ამიტომ ყველა საინფორმაციო საშუალებით უნდა მივაწვდინოთ ხმა ჩვენს ამომრჩეველს და გავაგებინოთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს 2 ოქტომბრის არჩევნებს. ვეცდებით, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად უსაფრთხო საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ჩატარება. განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ადამიანებს ფიზიკურადაც კი უჭირთ გადაადგილება.
_ პოლარიზაციის ხარისხზე რას იტყვით და ღარიბაშვილის მარგალიტებზე, რომელიც ყოველდღიურად იფრქვევა ოპოზიციის მისამართით?
_ სამარცხვინოა, რომ ქვეყანას ჰყავს მსგავსი ტერმინებით მოლაპარაკე პრემიერ-მინისტრი. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მსგავსი გამონათქვამები. ცალკე თემაა პრემიერის მიერ პანდემიის პერიოდში დარღვეული რეგულაციები, რომლის შესრულებისკენაც სხვებს მოუწოდებენ და აჯარიმებენ კიდეც მსგავსს შემთხვევებში, რასაც თავად აკეთებენ.
„ქართული ოცნება“ არ ცვლის თავის სტილს და ვერც შეიცვლება. „ქოცობა“ _ ეს არის ადამიანის მენტალური მდგომარეობა და ამის უცებ შეცვლა შეუძლებელია. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებულია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. არამედ გარემო პოლარიზებულია იმ მხრივ, რომ ან მხარს უჭერ „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის განუვითარებლობას, ან ცვლი „ქართულ ოცნებას“ და შანსი ეძლევა ქვეყანას განვითარების. სხვანაირად მე ამ არჩევნებს არ განვიხილავ, რადგან რეალურად ასეა ქვეყნის მდგომარეობა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს მათ არჩევანზეა დამოკიდებული, ქვეყანას მომავალი განვითარებისა შანსი ექნება თუ არა.
_ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აქტიურად განიხილებოდა არჩევნების გადადების საკითხი. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
_ მიმაჩნია, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, მსგავსი მდგომარეობა არ შეიქმნებოდა. ხოლო თუ მაინც შეიქმნებოდა, ალბათ, არჩევნების გადადებაზე საუბარი იქნებოდა ლოგიკური, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში არ არსებობს გარანტია, რომ გადადებული არჩევნების დროს ზუსტად იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება ქვეყანა.
„ქართულმა ოცნებამ“ პანდემია აქცია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ჩაკეტილობა, ადამიანებთან შეხვედრების შეუძლებლობა, გაჩერებული ეკონომიკა და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ფინანსების უქონლობა, _ ეს არის მათი მთავარი ბერკეტი არჩევნებში გამარჯვებისათვის. აქედან გამომდინარე, რომ იყოს გარანტია, გადადებული არჩევნების შემთხვევაში მომავალი არჩევნების დროს აღარ გვექნებოდა მსგავსი სიტუაციაო, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა არჩევნების გადადებაზეც, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები დგანან სიციოცხლის რისკის ქვეშ. ე. ი. გადადების შემთხვევაში კიდევ უფრო ვუბიძგებთ ხელისუფლებას, რომ მეტად დაამძიმოს სიტუაცია არჩევნების თარიღისთვის. აღმოჩნდება, რომ პანდემია გახდება იარაღი არჩევნების გადადების, ანუ მმართველი ძალისთვის ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის. „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ გამოიყენებს თავისი პოლიტიკური ინტერესისთვის.
_ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გადადების საკითხი სახალხო დამცველმა წამოწია, ხელისუფლებამ ამაში მაინც ოპოზიციის ინტერესი დაინახა, სააკაშვილის პოსტის შემდეგ კი განაცხადა, რომ სააკაშვილმა ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, ამაზე რას იტყვით?
_ ხელისუფლების ამ განცხადებებიდანაც ჩანდა მისი სახე. ყოველდღიურად გვყავს 50-დან 80-მდე გარდაცვლილი, ამის ფონზე ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ ანაღვლებს ადამიანების ბედი. დღეს თითოეული აქტივობა ადამიანებისთვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ ამ უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში არჩევნების ერთი გადადებაც, თავის მხრივ, საფრთხის შემცველია. გადადება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს დრო იქნება ეფექტიანად გამოყენებული აცრებისთვის, დამატებითი საწოლფონდის მობილიზებისთვის, ჟანგბადის მარაგის შემოტანისთვის და სხვა საკითხების გადასაწყვეტდ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ამის გარანტია არ არსებობს. ამიტომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმსჯელებდნენ არჩევნების გადადების საკითხზე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს გარანტია, რომ გადადებული დრო მოხმარდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.
_ რაც შეეხება წინასარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებს, „ქართული ოცნების“ კვლევებით ის დამაჯერებლად იგებს არჩევნებში, ასევე 60 პროცენტით პირველსავე ტურში თბილისში იმარჯვებს კალაძე, რას იტყვით ამ კვლევებზე?
_ სულ რაღაც ერთი წლის წინათ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და თქვენ ნახეთ „ქართული ოცნების“ შედეგები, განსაკუთრებით თბილისში: გაყალბებითც კი 40%-ს ვერ ასცდა. მეეჭვება, რომ ამ მხრივ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამ ერთ წელში რაიმე შეიცვალა ქვეყანაში. ეს არის პიარსვლა, რითაც მმართველ ძალას უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ იმარჯვებს და ამით ამხნევებს თავის მომხრეებს.
_ გამორიცხავთ, რომ ეს ის ციფრებია, რის „გაფორმებასაც“ ოცნება მოახერხებს?
_ არა, გამოვრიცხავ, უბრალოდ, არც კი განვიხილავ სერიოზულად.
_ როგორია თქვენი მოლოდინი, რა შედეგს ელოდებით ამ არჩევნებში?
_ მარტივ კითხვას დავსვამ და ამ კითხვაში იქნება პასუხიც: თუ ხელისუფლებას ჰქონდა განცდა, რომ ის იგებდა ამ არჩევნებში, რატომ დაუპირისპირდებოდა დასავლელ პარტნიორებს და რატომ განაცხადებდა წინასწარ იმ შეთანხმების დარღვევას, რომელიც დაიდო ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობით? გამარჯვებაში დარწმუნებული ძალა ხომ პრობლემებს არ ეძებს? ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ ხელისუფლება შეშინებულია და მან ძალიან კარგად იცის და ხედავს, რომ მისი დამარცხება გარდაუვალია.
_ ევროკავშირის სანქციები რეალურია? თუკი „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯებს შეთანხმების მიმართულებით, რა შედეგს გამოიღებს ეს?
_ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პირობების შესრულება. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: მე რომ მქონდეს თქვენი ვალი და გითხრათ, არ გადავიხდიო, მხოლოდ ჩემს სურვილზე არ იქნება დამოკიდებული, მომიწევს თუ არა ვალის გადახდა, თქვენ მომთხოვთ ვალს და, ალბათ, გექნებათ საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ ეს ვალი დაიბრუნოთ. ზუსტად ასე დადგება „ვალის გადახდის“ გარემოებები, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ანუ ვერ გადალახავს დათქმულ ზღვარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მას აუცილებლად მოსთხოვენ პირობის შესრულებას, ანუ ვალის დაბრუნებას.
_ „ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ანულირების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მთავარი ოპოზიციური ძალის მიერ ამ შეთანხმებაზე ხელის მოუწერლობა. თქვენს პარტიასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ, ახლა როგორ მოსთხოვთ პასუხს?
_ შეთანხმება არ დადებულა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის, შეთანხმება დაიდო ოპოზიციური პარტიების ნაწილს, „ქართულ ოცნებასა“ და პარტნიორებს შორის. იქ არსად პირობაში ჩადებული არ ყოფილა, რომ ამას უნდა შეერთებოდა ვინმე. როცა შეთანხმებას დებდნენ, ამაზე უნდა ეფიქრათ შეთანხმების დამდებებს თავიდანვე. ჩვენ, პირიქით, პრეტენზია გვაქვს, რომ ნაცვლად 50%-იანი პლებისციტისა, ოპოზიციას დღეს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება და ე. წ. 43%-იანი რეფერენდუმი გვაქვს ჩასატარებელი.
_ ოპოზიციის მიმართ არის ასეთი პრეტენზიაც, რომ ის არაფერს ამბობს, თუ რის გაკეთებას აპირებს თავად, მხოლოდ იმას საუბრობს, რომ უნდა წავიდეს მმართველი ძალა. ამაზე რას იტყვით?
_ ტყუილია, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ლაპარაკობს თავის ხედვებზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეკონომიკა, ოღონდ ეს მასობრივი ინტერესის საგანი არ არის ხოლმე და იგივე ტოქშოუებში ჩვეულებრივი უსაგნო კამათი უფრო აინტერესებთ ადამიანებს, სამწუხაროდ, ვიდრე შინაარსობრივი საუბარი. თუკი ოპოზიციისგან იმას ელოდებიან, რომ ამა თუ იმ ქალაქში ხილის წვენის ქარხნის შექნმნაზე ილაპარაკებენ, ეს არ არის სწორი, ქვეყანა ასე არ იმართება. ქვეყანა იმართება ეკონომიკური კონცეფციებით, გადასახადების დაწევით, რაც იძლევა საშუალებას, რომ შესაბამისი გარემო შეიქმნას, სადაც ხილის წვენებისა თუ რომელიმე სხვა საწარმოს დამაარსებელს შეექმნება მოტივაცია, რომ ბიზნესი აწარმოოს. ამაზე ყველა პარტია ლაპარაკობს, ოღონდ, რატომღაც, ჯიუტად არის აჩემებული, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არ თქვან.
გარდა ამისა, ერთი რამე უნდა იცოდეს ყველამ: ცვლილება არის გარდაუვალი და აუცილებელი, რადგან დღევანდელი რეალობა ნიშნავს ცარიელ მაცივარს, ფაქტი სახეზეა.
_ რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც არ შეუერთდნენ მთავარ ოპოზიციურ ძალას და თავის საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ იმ მოტივით, რომ ამით შეუნარჩუნონ ყველა სპექტრის ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევანი, რამდენად სწორია ეს სტრატეგია საერთო შედეგისთვის?
_ სწორია და აი, რატომ: სინამდვილეში, 2 ოქტომბერს სამი არჩევნებია გაერთიანებული: ერთი ბიულეტენით ვირჩევთ საკრებულოში პოლიტიკურ პარტიას; მეორით _ საკრებულოში მაჟორიტარს; მესამე ბიულეტენით ვირჩევთ მუნიციპალიტეტის მერს. 43%-იან ბარიერთან პირდაპირ კავშირში არის მხოლოდ პარტიული არჩევნები და აქ სხვადასხვა პარტიების არსებობა არათუ ხელს უშლის ერთმანეთს, პირიქით, ხელის შემწყობია, ყველა პარტია მონაწილეობს და ყველა პარტიის ამომრჩეველს აქვს საშუალება, სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა. ყველა პარტია მიღებული პროცენტის შესაბამისად შედის საკრებულოში. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, განსხვავება ისაა, რომ თუ პროპორციულ ნაწილში მიცემული ხმა არ იკარგება, მაჟორიტარულში იკარგება. ვინც იმარჯვებს, ის შედის საკრებულოში, დანარჩენისთვის მიცემული ხმები დაკარგულია. სწორედ ამიტომ სჯობდა, მაჟორიტარულ და მერების ნაწილში მაქსიმალურად გვყოლოდა შეთანხმებული კანდიდატები, რომ ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმები არ გაიყოს, აქედან გამომდინარე, არ დაიკარგოს გამარჯვებისთვის საჭირო საქმეში. მაქსიმალურად ვართ შეთანხმებულები და იმედი მაქვს, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები მოიგებენ ამ არჩევნებს.
_ რაც შეხება იმ ფაქტს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, ზოგადად, არ არის აქტიური არჩევნები, აქედან გამომდინარე, მოხერხდება თუ არა ამ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა?
_ პირველი ის, რომ ეს არჩევნები თავისი არსით არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა, ამიტომ მოხერხდება თუ არა? პრობლემა არის პანდემია, პრობლემაა ასევე ის, ტექნიკურად რამდენად მოხერხდება ადამიანების მიყვანა საარჩევნო უბნებამდე, რადგან ორჯოხიან მოხუცს უჭირს კილომეტრისა და კილომეტრ-ნახევრის გავლა ფეხით საარჩევნო უბნებამდე. ეს პრობლემები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურად მოვაგვაროთ ადამიანების მისვლა თუ მიყვანა საარჩევნო უბნებამდე. ოღონდ სურვილი, რომ მივიდეს არჩევნებზე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, პანდემია ამაში ხელს გვიშლის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოვახერხებთ, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
ირინა მაკარიძე