QronikaPlus
დაკარგული წლები

დაკარგული წლები

2021-09-03 07:23:51

კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის, რომ ნებისმიერი, თუნდაც, ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება სამუდამო არ გახლავთ და მას დროდადრო განმტკიცება-განახლება სჭირდება _ ის რაც გუშინ მწვერვალის მიღწევად მიიჩნეოდა, ხვალ რუტინა, ზეგ კი ჩამორჩენის ნიშანი გახდება.

ისევე როგორც ადამიანები, ქვეყნებიც მუდმივ მოძრაობაში უნდა იყვნენ _ მოდუნება, აქტივობის შენელება და დიდი ხნის მანძილზე ერთ ადგილზე დგომა გარდაუვალ რეგრესს იწვევს.

თანაც ხშირად ეს რეგრესი ნელა-ნელა, შეუმჩნევლად მოდის, _ ისე, რომ თავად ქვეყანა ვერ იაზრებს, რომ უკვე ჩამორჩენის სტადიაში შევიდა.

საქართველო წლების წინათ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის კუთხით აშკარა ლიდერი იყო _ ის, რაც ჩვენთან ხდებოდა, გახლდათ ახალი, თამამი და, რაც მთავარია, ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისგან ძალიან განსხვავებული.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის ეპოქის რეფორმების გადაჭარბებული შეფასება არასწორი იქნებოდა _ მოსახლეობის დიდ ნაწილს ცვლილებები არ შეეხო და ჩვენ ამას დღეს ისე ნათლად ვხედავთ, როგორც არასდროს _ ბნელი ტრადიციულ-მამაპაპურ-საბჭოთა „გრუზინების“ მასა არსად გამქრალა და როგორც კი შანსი მიეცა, ზედაპირზე ამოყვინთა.

არც ქვეყნის მოდერნიზება იყო ისეთი ტოტალური, როგორც ამას ხშირად გვეუბნებიან _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ჩატარებულმა რეფორმებმა მკვეთრად შეცვალა მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების წესი.

ამას სულ არ სჭირდება სავალუტო ფონდი, ეს ისედაც ჩანს _ საქართველოს მილიონობით მოქალაქეს არანაირი რეფორმები და მოდერნიზება არ შეეხო. მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღესაც ზუსტად ისევე ცხოვრობს, როგორც 90-იან წლებში: თვითდასაქმებულები, სოფლის მოსახლეობა, ბაზრებისა და გარე მოვაჭრეები, ტაქსისტები და ა. შ. მათთვის არავითარი რეფორმები არ ყოფილა და ვერც იქნება.

მათი პრობლემების წყარო თავადვე არიან და მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მათ კი ამის მზადყოფნა არ გააჩნიათ.

თუმცა, ამის მიუხედავად, ცალსახაა, რომ 2004-2012 წლების რეფორმებმა საუკუნეების მანძილზე გაყინული ქართული ლოდი ადგილიდან დაძრა.

მაგრამ ამასობაში წლები გავიდა და იმდროინდელ რეფორმებს არაფერი დაემატა, უკეთესს შემთხვევაში, „ქოცები“ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ახერხებენ, უარესში კი (უფრო ხშირად) ქვეყანა რეგრესს განიცდის.

ეს განსაკუთრებით აშკარად ჩანს ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან შედარებით.

ჩვენ წლების მანძილზე მივეჩვიეთ, რომ ამ დაწყევლილ სივრცეზე არანაირი გაუმჯობესება არ ხდება და თავს ვიწონებდით ეფექტიანი პოლიციით, სახელმწიფო სერვისებით, უსაფრთხოებით, განახლებული ინფრასტრუქტურით და აღორძინებული ქალაქებით.

მაგრამ დრო მიდის და თვალსა და ხელს შუა ქართველებს ერთი უსიამოვნო ამბავი გამოგვეპარა: სანამ ჩვენ 9 წელი ერთ ადგილს ვტკეპნით, დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად წინ მიდიან.

ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ამ დროისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული სახელმწიფოები აშენდა: ყველგან ივსება ბიუჯეტები, იზრდება შემოსავლები, ხელფასების დაგვიანება კი წარსულს ჩაბარდა,ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, რომ უკვე არავის უკვირს მოწესრიგებული მესაზღვრე და მებაჟე აეროპორტებში, ხოლო სახმელეთო საზღვრებზე ფულის გამოძალვა დიდი ხანია, დასრულდა.

ჩვენ გამოგვეპარა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საგზაო პოლიციის თავნებობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ქურდული სამყაროს წევრებს, ქოცსაქართველოსგან განსხვავებით, არა საარჩევნო მიზნებით იყენებენ, არამედ აძევებენ ან ციხეებში უშვებენ.
ჩვენი წარმოდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე 10-15 წლის წინანდელია, ისევე, მაგალითად, როგორც აზრი იმის შესახებ, თითქოს „რუსეთში მოსკოვის გარდა ნორმალური ქალაქი არ არსებობს“.

შესაძლოა, 10 წლის წინათ მართლაც ასე იყო, თუმცა არა დღეს _ რუსეთში რეგიონულმა დედაქალაქებმა, ისეთებმა, როგორიც არის როსტოვი, კრასნოდარი, ეკატერინბურგი, ყაზანი, უფა, და ა. შ., კარგა ხანია, ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, ინფრასტრუქტურით, სისუფთავით თბილისს აჯობეს.

ლეგენდად ქცეული საქართველოს განსაკუთრებული უსაფრთხოებაც ასევე ფეიკია _ თბილისზე არანაკლებად უსაფრთხოა მოსკოვი, კიევი, მინსკი, ბაქო, ერევანი…

ჩვენ ვერ შევამჩნიეთ სამწუხარო რეალობა _ საქართველომ წლების მანძილზე ოფლითა და სისხლით მოპოვებული თითქმის ყველა უპირატესობა დაკარგა. ის, რაც ადრე მხოლოდ საქართველოს ჰქონდა, დღეს სხვებმაც გადაიღეს, ხოლო ბოლო 9 წლის მანძილზე ახალი არაფერი შექმნილა.
„ქოცების“ უნიჭო და არაკომპეტენტური მმართველობის წყალობით დღეს საქართველო თავის ტრადიციულ ოჯახს დაუბრუნდა და ისევ გადაიქცა ნაცრისფერ, საბჭოთა ჭაობად. მეტ-ნაკლებ მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას მას ტურიზმი ანიჭებს, თუმცა ტურიზმის გარდა ყველგან სიყრუე და ჩამორჩენა ბატონობს.

სააკაშვილის პერიოდშიც საქართველო ევროპასთან ახლოს არ მისულა, თუმცა, ამ მხრივ, ენერგია და მოტივაცია საკმარისზე მეტი იყო. „ოცნების“ მთავარი დანაშაული სწორედ ესაა _ წინსვლის ჟინი, ენერგია და მოტივაცია გაქრა. ყველაფერი, რასაც „ქოცები“ შეეხებიან, იხრწნება და ისპობა…

პრობლემა კი ისაა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და წლების დაკარგვა დღესაც გრძელდება.
ნაცრისფერი, არაფრის მომტანი, უძრაობის 9 წელი გავიდა, მაგრამ „ოცნება“ კიდევ 9 წელი დარჩენას აპირებს.

ქოცხელისუფლების ყოველი დღე ქვეყნისთვის დაკარგულია და ნელა-ნელა ირგვლივ ყველა არა მხოლოდ დაგვეწევა, როგორც დღეს, არამედ გაგვასწრებს კიდეც.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება