QronikaPlus
„შეუძლებელია, გავჩერდეთ! ახლა ფიზიკური გადარჩენის საფრთხე გვიდგას“

„შეუძლებელია, გავჩერდეთ! ახლა ფიზიკური გადარჩენის საფრთხე გვიდგას“

2021-09-03 07:09:48

ჟურნალისტებზე თავდასხმები ძალიან გახშირდა. ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ჯერ ვახო სანაიას დაესხნენ თავს, შემდეგ იყო 5 ივლისი, შემდეგ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და მისი დისკრედიტაცია, მერე მიკროფონის წართმევა კულტურის მინისტრისგან, შემდეგ წყლის თავზე გადასხმა და ა. შ. ყველას არ ჩამოვთვლი. გახშირებული თავდასხმა მედიაზე კი ასე იხსნება, რომ კრიტიკული მედია თავად თესავს სიძულვილს და ამიტომაც გვცემენ. ხელისუფლებას კი დღემდე მედიაზე თავდასხმის ორგანიზატორები არ დაუკავებია. აშკარაა, რომ მათი საქციელით და მართლმსაჯულების აღუსრულებლობით ახალისებენ ძალადობრივ ქმედებებს ჩვენზე. დაკავებას ვინ ჩივის, _ მოძალადე დამნაშავეებს ათავისუფლებენ კიდეც.

ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს თბილისში 25 თებერვალს გვიან ღამით თავს დაესხნენ. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული: სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური.

ბოლო სასამართლო კი 25 აგვისტოს ჩატარდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან იმდღესვე განთავისუფლდნენ.ეს გათავისუფლება განსაკუთრებით ცინიკური იყო, თავდამსხმელებს მხოლოდ ექვსი თვე მიუსაჯა,რომელიც სწორედ იმ დღეს ამოიწურა, როცა განაჩენი გამოცხადაა

„ქრონიკა+“ თემაზე სასაუბროდ თავად ჟურნალისტ ვახო სანაიას დაუკავშირდა:

_ ვახო, დამნაშავეები თავისუფალი არიან, 25 აგვისტოს იყო სასამართლო პროცესი. თქვენი რეაქცია როგორია?

_ საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი იყო დაწერილი სცენარის მიხედვით, თუ როგორ უნდა გამოეშვათ ისინი ციხიდან.

_ რას გულისხმობთ?

_ წინასაარჩევნო პერიოდში ე. წ. მესიჯი გაუგზავნეს თავის აგრესიულ ამომრჩეველს, რომელთაც მერე არჩევნების გაყალბების დროს იყენებენ, _ აი, ჩვენებს, მოძალადეებს, ყოველთვის ხელს დავაფარებთ, თქვენ არ შეგეშინდეთ, მიდით, ჩვენი დავალებები შეასრულეთო. ამათი გამოყვანა არის ეს გზავნილი! 5 ივლისის დამნაშავეების გარეთ ყოფნა არის ეს გზავნილი, რომ არ შეეშინდეთ მერე, რომ არჩევნებზე თამამად იმოქმედონ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.

_ ხელისუფლებას უკავშირებთ თქვენზე განხორციელებულ ძალადობას?

_ არ შევალ შეთქმულების თეორიაში. რაც მოხდა, ეს ფაქტი არის უკვე ყველაფრის მთქმელი. ეს უფრო უარესია, ვიდრე ხელისუფლებისგან დავალებული ყოფილიყო. ისე ჰყავთ დაგეშილი ადამიანები, ხალხს ისე ეუბნებიან, რომ თურმე ქვეყანაზე რაც ცუდი ხდება, ტელევიზიების ბრალია, შემდეგ ამის ანარეკლს ვპოულობთ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას. სწორედ ასე _ ჩემთან თუ სხვებთან დაკავშირებული ფაქტებით _ მივედით 5 ივლისამდე, როცა ხელისუფლებამ ორგანიზებულად მიუშვა ჟურნალისტების დასახოცად ეს ხალხი. ამიტომ ეს უფრო მძიმე მოვლენაა. საქმე ის არის, რომ კრიმინალებზე დგას ხელისუფლება: გიგაური არის გეგა გეგეშიძის, მეორე გიგაურის ოჯახის წევრი, რომლებიც კორცხელში ოპოზიციას თავს ესხმოდნენ. გეგა გეგეშიძე, რომელმაც დათუნაშვილს პირდაპირ კამერების წინ თავი გაუტეხა და გადახვეწა ქვეყნიდან და ამ ყველაფერზე პასუხი არავის უგია.

_ რამდენჯერმე ახსენეთ 5 ივლისი. მედიას ჰქონდა მწვავე რეაქცია, იყო მასშტაბური აქციები, დაანონსებული სტუდიების ქუჩაში გადატანა. რა მოხდა? პროტესტი შეწყდა? იქნებ, ამიტომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ აი, ეგ გაგვივიდა და ახლა თუ სანაიაზე თავდამსხმელებს გავუშვებთ, მერე რაო.

_ რაც შეეხება მედიის აქტიურობას, მედია არსად წასულა, ჩვენ ვამბობდით ასეთ რაღაცას: სტუდიებიდან, ქუჩიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი პროფესია , გავაპროტესტოთ მედიასთან დაკავშირებული საკითხები. მასშტაბური აქციების შემდეგ ვაპირებდით პარლამენტის სხდომებზე დასწრებას, დეპუტატებთან კითხვების დასმას.

_ სადაც არ შეგვიშვეს…

_ სადაც არ გვიშვებენ. მერე რამდენჯერმე მივედით პარლამენტთან, სხვადასხვა აქტიურობა გვქონდა, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ვიყავით და ახლაც ვართ ქუჩაში, თუნდაც ჩემს სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები ბანერებით მოვიდნენ. ეს გაგრძელდება მუდმივად. ერთი მხრივ, ჟურნალისტური მოვალეობაც უნდა შევასრულოთ და, მეორე მხრივ, სამოქალაქო პოზიციაც უნდა გამოვხატოთ, აი, ამ რეჟიმში ვართ ახლა ჩვენ.
გახსოვთ, ალბათ, როდესაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, _ ჩვენ ვიბრძოლებთ ყველგან! ალბათ, გახსოვთ ჟურნალისტების ის აქცია, როდესაც ლექსოს ფოტოების ფონზე უწევდათ პოლიტიკოსებს განცხადებების გაკეთება. როგორ იქცეოდნენ ისინი ამ დროს და როგორი აგრესიულები იყვნენ?!!
და ეს სხვადასხვა ფორმით მუდმივად გრძელდება, სექტემბრიდანაც კიდევ უფრო გააქტიურდება. დაუზარებლობა ჩვენი პროფესიის ნაწილია, ახლა უკვე ქუჩაში გადავინაცვლეთ, ასე რომ, ჟურნალისტების ბრძოლა გრძელდება ეთერიდან იქნება თუ სხვადასხვა წერტილიდან.

_ ანუ ხელისუფლებას 5 ივლისი არ შერჩება? არ შერჩა?

_ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მედია არ გაჩერდება. შეუძლებელია, გავჩერდეთ, ჩვენ ახლა ფიზიკური გადარჩენის საფრთხე გვიდგას. სადაც მედია იქნება საჭირო, ყველგან ვიქნებით და ეს მხოლოდ სტუდიებს არ მოიცავს. ხელისუფლებას არ მივცემთ შესაძლებობას, რომ ფიზიკურად გაანადგუროს ჟურნალისტები, რასაც აკეთებს. არ მივცემთ უფლებას, რომ ციხიდან გამოუშვან დამნაშავეები ან არ დაიჭირონ ისინი. ყოველთვის გვექნება რეაქცია, პლუს ლექსოს ამბავი.

_ რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

_ მის დისკრედიტაციას ცდილობენ. პირველსავე დღეს კამერები რომ ამოიღეს და ის ძალიან საეჭვოდ დამონტაჟებული მასალა რომ გაავრცელეს, სად არის გამოძიების შედეგები?! არ არის, იმიტომ რომ მათი მიზანი გამოძიება არ იყო.

_ აბა, რა იყო მათი მიზანი?

_ ლექსოს დისკრედიტაცია. რა უნდა გამოიძიონ, როცა თავად არიან ამ მკვლელობის ორგანიზატორები.

_ ამის შემდეგ ვიხილეთ წართმეული მიკროფონი კულტურის მინისტრისგან, ჟურნალისტებზე გადმოსხმული წყალი. დაუსჯელმა დამნაშავეებმა და ასეთმა ფაქტებმა უფრო გააღვივა ჟურნალისტებზე ძალადობა. რა გავაკეთოთ? არც ერთი საქმე ბოლომდე არ მივიდა და ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უნდა ველოდოთ თავდასხმას, ცემას, წყლის დასხმას, მიკროფონის წართმევას, მანქანის დაჯახებას? რა ეშველება მედიას?

_ ნახეთ, რა ხდება: წყლის გადმოსხმა, წართმეული მიკროფონი, ჩემი საქმე, მანამდე იყო ჟურნალისტების შანტაჟი, დევნა, ხელისუფლების მხრიდან მუდმივი მოწოდებები ჟურნალისტების წინააღმდეგ, 5 ივლისი. 5 ივლისის შემდეგ არათუ შემცირდა აგრესია ხელისუფლებისგან, კიდევ უფრო გამძაფრდა.

_ რატომ?

_ იციან, რომ დღეს თუკი რამე დემოკრატიის ნიშანწყალი არსებობს,მედიაზე დგას, დანარჩენი ყველა ინსტიტუტი ხელში ჩაიგდეს. ამიტომ მედიის განადგურება სჭირდებათ: თუ მედია იქნება, ხალხს ყველაფერზე მოვუყვებით: ინსტიტუციების განადგურებაზე, ფულის მოპარვაზე, ნეპოტიზმზე, სასამართლოს დაპყრობის გზებსა და ა. შ. ეს არ უნდათ, არ აწყობთ.

_ და ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში ხომ სიტყვაა?

_ ჩვენი მთავრი იარაღი არის სიტყვა! ჩვენი სიტყვა რომ ძლიერია, სწორედ ამიტომ იქცევა ხელისუფლება ასე, სწორედ ამიტომ იტაცებს მიკროფონებს კულტურის მინისტრი, რომელიც გაუგონარ რაღაცებს აკეთებს; პრემიერი ღარიბაშვილი ყოველდღე ამიტომ უტევს მედიას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და ჩვენ არ გავჩერდებით.
ამ ქვეყნას ვერ დავუთმობთ ღარიბაშვილს, ივანიშვილსა და სხვებს, რომლებიც მომავალს ართმევენ ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს.

_ მედიის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგას?

_ მთავარი არის ფასეულობები. თუკი შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, ნორმალურ ქვეყნაში ცხოვრება, დემოკრატია, დასავლური კურსი და მედია თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მაშინ საფრთხის შემცვლელ გარემოშიც უნდა იბრძოლო ამისთვის, რადგან ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. კრიტიკული მედია ერთიანია, ხაზგამყოფი გავლებულია: ან ხარ ამ სახელმწიფოს განვითარებისკენ, ან მხარს უჭერ „ქართულ ოცნებას“ და ასრულებ მის დავალებებს.
როგორ შეიძლება, დღეს ლექსოს მკვლელობაზე რაღაც გადაბრუნებული ილაპარაკო?!. არ შეიძლება! ან გაქვს ამაზე პოზიცია, ან არ გაქვს, ჩვენ ფასეულობის გარშემო ვართ შეკრებილები, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ვაგრძელებთ ბრძოლას. ვისაც სურვილი ექნება, ამას შემოურთდება.
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვამბობთ, რომ არ შევეგუებით ამ რეალობას. ნებისმიერ ჟურნალისტს, ვისაც უნდა, რომ ჩვენთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა, ისიც ერთ-ერთი ჩვენგანი იქნება.
სულ რომ 2 ადამიანი ვიყოთ, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, მაგრამ, საბედნიეროდ, ბევრნი ვართ: როგორც ტელევიზიებში, ასევე პრესაში, ონლაინ მედიებში, რაც მთავარია, მოქალაქეები ამას არ შეეგუებიან.

_ თქვენი საქმის შესახებ რა გეგმები გაქვთ? რეალობა ასეთია: თქვენზე მოძალადეები გაათავისუფლეს. აპირებთ სასამართლოში საქმის გაგრძელებას?

_ რაც შეეხება სამართლებრივ დავას, ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რაც გააკეთა და საერთოდ არ სვამს კითხვის ნიშნებს. სრულიად ნათელია მოსამართლის გადაწყვეტილება: ამას ადასტურებს ის, თუ როგორ იქცეოდა მოსამართლე, როგორ გადადო პროცესები, რომ 25 აგვისტომდე მიეყვანა საქმე, რადგან 6 თვე გადიდოდა და მერე 6 თვე მიუსაჯა, ეს ცხადია ყველაფერი.

_ რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს?

_ ეს პროკურატურამ უნდა გაასაჩივროს, თუ ამას აპირებს.

_ ელოდებით პროკურატურისგან გასაჩივრებას?

_ სიმართლე გითხრათ, დიდად ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთი სისტემაა, _ გინდა საქალაქო სასამართლო იყოს, გინდა, სააპელაციო. ვნახავთ, აბა, პროკურატურა გაასაჩივრებს თუ არა? დიდ აზრს ვერ ვხედავ. ხელისუფლება ყველა ინსტაციას აკონტროლებს, ასე რომ, პოლიტიკური აქტი შედგა მათგან, ხოლო ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამას არ შევეგუებით, მაყურებელს ყოველთვის მოვუყვებით ასეთი ფაქტების შესახებ.

_ თქვენს საქმეს ხომ ამძიმებს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან შვილთან ერთად იყავით იმ ღამეს?

_ სასამართლოს ყველა მტკიცებულება ჰქონდა, არანაირი პასუხი არაფერზე არ იყო. მოსამართლე გამოვიდა, გამოაცხადა განაჩენი და დარბაზი სასწრაფოდ დატოვა. მოსამართლემ ვერ აღასრულა მართლმსაჯულება, რადგან იგი ზის ხელისუფლების დაკვეთით და დავალებულია მის წინაშე. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. ამიტომ მართლმსაჯულება აქ არ აღსრულდა.

_ რაც შეეხება ბავშვისა და ოჯახის წევრების ფაქტორს?

_ ეს ყველაფერი სასამართლოზე განხილული იყო, ყველა მტკიცებულება კადრ-კადრ ვაჩვენე მოსამართლეს, რა როგორ მოხდა. ყველაფერი ნანახი ჰქონდა, სხვა გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა გარდა იმისა, რომ დამნაშავედ ეცნო. ცნო დამნაშავედ, მაგრამ გაათავისუფლა. სასჯელის ნაწილში წარმოუდგენელი რამ გააკეთა.

_ რას გულისხმობთ?

_ არ აღასრულა მართლმსაჯულება. ჩვენ რომ არ გვებრძოლა, მათ, ალბათ, ეგრევე გამოუშვებდნენ. მარიანა ჩოლოიანი გამოუშვეს აგერ, ეგეც მაგის ნაწილია. ეს არის ჩვეულებრივი წახალისება: მიდით, გააკეთეთ, ჩვენ გამოგიყვანთ. აგერ ხომ არ დავიჭირეთ კოკა მორგოშია, პირდაპირ მკვლელი, კადრებში ჩანს, როგორ მოუწოდებს, ორგანიზებულად მკვლელობისკენ და, სამწუხაროდ, მას შეეწირა ლექსო.

_ და ამას რატომ აკეთებენ?

_ იმიტომ, რომ კრიმინალზე დგანან თავიდან ბოლომდე.

_ რა არის თქვენი გზავნილი ხელისუფლებასთან და მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის განწყობილი?

_ რაც შეეხება ხელისუფლებას, მათთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, ხელისუფლება გასულია საერთოდ კონსტიტუციიდან. ერთადერთი რჩევა შემიძლია ვუთხრა არა მხოლოდ მედიასთან ბრძოლის კუთხით: მოლიპულ გზაზე მიდიან, არ მინდა და ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ხელისუფლება ცუდ გზას ირჩევს, რომელიც კარგად არასდროს მთავრდება. ბევრი გვინახავს, ბევრი გაგვიშუქებია, ღარიბაშვილებისა და მისი მინისტრთა კაბინეტის მსგავსი ყველა ხელისუფლება ქართულმა მედიამ გადაიყოლა, ვინც კი მედიის განადგურება მოინდომა. ღარიბაშვილს წარმოდგენაც არ აქვს ისტორიაზე და არ კითხულობს წიგნებს, მაგრამ მე ვეუბნები, რომ ძალიან ცუდად მთავრდება ასეთი ამბები. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, ძალიან მცდარი გზით მიდის, რაც მთავრდება მძიმედ.

_ რაც შეეხება მოსახლეობას?

_ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ სჭირდება თავისუფალი მედია. დღეს თუ პიროვნულად არ სჭირდება, ხვალ აუცილებლად დასჭირდება. ყოველთვის ასე იყო: მოსახლეობას ვჭირდებით მიუხედავად იმისა, ვინ მოსწონს ან ვინ არ მოსწონს მაყურებელს. ის ხვდება, რომ თავისუფალი მედიის დანგრევა არ უნდა დაუშვას. ამ ბრძოლაში საზოგადოების იმედი მაქვს.

ზუკა ნემსაძე

გაზიარება