- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-23 08:08:57
„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გამთენიისას გარდაიცვალა.პრემიერ ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, თავისი განცხადებებით წაახალისა მოძალადეები და არ უზრუნველყო ჟურნალისტების სათანადო დაცვა შესაბამისი უწყებების დახმარებით. დღეს ღარიბაშვილის გადადგომა ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციებზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამის პარალელურად კი ხელისუფლება ცდილობს გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციას მისივე ჩვეული მეთოდების გამოყენებით. რა შემთხვევაში დატოვებს პრემიერის პოსტს ღარიბაშვილი? რა პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს მომხდარ მოვლენებში? რა იყო ხელისუფლების მხრიდან სისტემური ძალადობის მოტივი?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო გია, 5-6 ივლისის მოვლენები იყო თუ არა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა, რის შედეგადაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა?
_ ძალადობა წახალისებული იყო ყველაფერი განსხვავებულის მიმართ. არ მგონია, რომ დავალება იყო გაცემული, მაინცდამაინც ჟურნალისტები ეცემათ, მაგრამ ეს იყო ძალადობა განსხვავებული აზრის, ჩაცმულობის, ვარცხნილობის, ანუ იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც არ შეესაბამება ოხლოკრატიის _ ბრბოს ძალაუფლების წარმოდგენებს. როგორც წესი, ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს ფრონტის წინა ხაზზე არიან. ვინც მოხვდათ ხელში, ისინი გაილახნენ, მით უმეტეს, ჟურნალისტები ცდილობდნენ, მთელი ეს ძალადობა, განუკითხაობა აესახათ და გაევრცელებინათ, რაც განსაკუთრებულ გაბოროტებას იწვევდა და, სამწუხაროდ, მოხდა ეს დრამა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიაში გადაიზარდა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალადობა წახალისებული იყო. თავად ღარიბაშვილის განცხადება 5 ივლისს ნიშნავდა თუ არა იმას, რომ მან მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს?
_ ვფიქრობ, ღარიბაშვილმა პირდაპირ წაახალისა ეს ჯგუფები: წყალგამყოფი გაატარა, ისაუბრა იმაზე, რომ რაღაც ბნელი დგას თურმე ყველაფრის წინ, რომ ეს ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმათული. ბევრი წამქეზებლური განცხადება გააკეთა, რითაც ამ ბრბოს შეუქმნა დაუსჯელობის განცდა. ღარიბაშვილის შემდგომ კომენტარებშიც აბსოლუტურად კარგად ჩანს, იგივე ამ ფრაზაში: „საკუთარ ხალხს ხომ არ დაუპირისპირდებოდა პოლიცია, ამიტომ იყო შესაბამისი დირექტივები გაცემული“, _ ამ კონტექსტში სრულიად ცალსახად იკითხება, რომ პოლიციას 5 ივლისს ძალადობაზე თვალების მაგრად დახუჭვა ევალებოდა. არ მგონია, რომ პოლიციაზე დირექტივა იყო გაცემული, რომ ცემა-ტყეპის ლეგალიზაცია მომხდარიყო, მაგრამ ამაზე თვალი რომ დაეხუჭათ, ეს დირექტივა აშკარად ჩანდა. ჩვენ ვნახეთ არაერთი კადრი, როდესაც მოძალადეები, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციას გამოჰყავს და ლამის გადაკოცნით ემშვიდობება. ძალიან გაგებით ხვდებიან ერთმანეთს, შესაძლოა, უზიარებენ კიდეც ერთმანეთს აზრებს და ეს მოძალადეები, რომლებიც მათ თვალწინ ძალადობდნენ, ვიმეორებ, უბრალოდ, ტერიტორიიდან გამოჰყავთ. მეორე დღეს რომ პოლიციაზეც იძალადეს, ეს ცალკე საკითხია. ხელისუფლება სისტემური ძალადობის თანამონაწილეა, ეს არ არის ცალკეულ ჟურნალისტებზე ძალადობა, ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც კრიმინალს, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელშიც ხელისუფლება მონაწილეობდა. რა დოზით და რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, სამსახურებრივ გულგრილობასთან თუ ა. შ., ეს უკვე გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ხელისუფლება ცდილობს, გამოძიება დაიყვანოს შემსრულებლებამდე, ეს ბარტყები გადმოყაროს შემსრულებლების სახით. ასე არ გამოვა, რადგან უბრალო ძალადობის დროს სისტემური დანაშაული არ ხდება. სისტემურ დანაშაულს ჰყავს თავისი დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. ხელისუფლება ცდილობს, ამ შემსრულებლის დონეზე ჩაკეტოს ეს ყველაფერი, რათა სრულიად ცხადი არ გახდეს ხელისუფლების თანამონაწილეობა პროცესებში და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სამწუხაროდ, ასეთი ვითარება გვაქვს.
_ რა იყო ამ სისტემური ძალადობის მოტივი ხელისუფლების მხრიდან?
_ მოტივი სრულიად ცალსახაა და ზუსტად ეს მოტივი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასე დაბეჯითებით ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამ ყველაფერთან მიმართებით. წინასაარჩევნოდ ჩვენი ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ შუა გაკრიფოს და იქ გაატაროს ფრონტის ხაზი; მოახდინოს ალტერნატიული პოლუსის დემონიზება და ამის ხარჯზე გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური ამოცანები. ამას აკეთებდა მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით წლების განმავლობაში, მის დემონიზებას ახორციელებდა, თავის ოპონენტებს მიშას ბანაკში ერეკებოდა და აცხადებდა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას და, შესაბამისად, რაღაც საარჩევნო შედეგს იღებდა. ახლა გადაწყვიტეს, რომ ფრონტის ხაზი გაატარონ ასე: ერთ მხარეს დგას მართლმადიდებლობა, ქართული ტრადიციები, ყველაფერი კარგი, სიკეთე და საქართველო და მეორე მხარეს დგანან სექსუალური უმცირესობები… და ვინც ხელისუფლების ამ ნარატივს აპროტესტებს, ყველა არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ან მათი თანამოაზრე, თანამებრძოლი. ამ ნიშნით გადაწყვიტეს ფრონტის ხაზის გატარება და გეგმა ასეთიც იყო. შესაბამისად, არ მგონია, რომ ჟურნალისტების ცემა გახლდათ ამოცანა, ჟურნალისტების ეპიზოდი ამ გეგმის თანმდევი პროცესი იყო. ჟურნალისტები, უბრალოდ, რეალობას ასახავდნენ. ამ რეალობის ასახვა არ აწყობდა ზუსტად ხელისუფალს. ღარიბაშვილი რის ხელისუფლებაა, მაგრამ მისი ხელით ყველაზე ადვილია ოხლოკრატიული პროცესების წარმართვა. ოხლოკრატია ეს არის ბრბოს ძალაუფლება, როდესაც გონება საერთოდ გათიშულია, ადამიანების პრობლემებს აძლევ რაღაც მიმართულებას. ეს ადამიანები არიან უმუშევრები, სახლში რომ სხედან, კუნთები აქვთ და ძალა ერჩით და ა. შ., პრინციპში, მათი პრობლემები, რეალურად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: რატომ არიან უმუშევრები? რატომ ვერ ახდენენ თვითრეალიზაციას? ბუნებრივია, ხელისუფალს აქვს მექანიზმი მათი პროტესტის მანიპულირებისთვის. ანუ თვითონ რომ აირიდოს პასუხისმგებლობა, ამ ნეგატიურ ენერგიას უშვებს თავისთვის სასურველ მხარეს. აცხადებს არარსებულ ბრძოლას, არარსებულ ფრონტის ხაზს ავლებს და იქით მიმართავს ყველაფერს. რაც ხდებოდა, ეს არანაირად არ არის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა, ეს არის ანტიქრისტიანული შეტევა საზოგადოებაზე. დარწმუნებული ვარ, ნამდვილი ქრისტიანები და მართლმადიდებლები ფრონტის აქეთ ბევრად უფრო მეტი არიან, ვიდრე იქით. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობაზე ვსაუბრობ, რომელიც ქადაგებს სიკეთეს, შემწყნარებლობასა და ა. შ. აგრესია, თავ-პირის დალეწვა და საკუთარი თანამოქალაქის გამეტება არ არის ქრისტიანული საქციელი. შესაბამისად, ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული: ადამიანებს უთიშავენ გონებას, უქმნიან ვირტუალურ, არარსებულ საფრთხეს, მათ მთელ დაგროვილ აგრესიას (შიმშილი, წყურვილი, უმუშევრობა და ა. შ.) მიმართავენ კონკრეტული დანიშნულებით, ამაზე მოაწერა ხელი ღარიბაშვილმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგალითად, გარეჯის თემაც ასე გააღვივეს, როდესაც „გარეჯი საქართველოას“ მესიჯით და რელიგიური მოტივებით მაქსიმალურად აწიეს თემა _ ყველა მოღალატედ გამოაცხადეს, ვინც ამ აბსურდს არ ეთანხმებოდა. რეალურად, გარეჯი რომ საქართველოა, ყველა ქართველი ამას გეტყვით, მაგრამ მანკიერი ტექნოლოგიით, როგორც 5 ივლისს, მაშინ ფრონტის ხაზი გაატარეს გარეჯზე და ვინც კითხვებს სვამდა ადამიანების შეკერილი ბრალდებით ციხეში ჩასმაზე, ამის გამო მოღალატეობას აბრალებდნენ. ამ დროს ეს კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, ეს დღეს ხომ ჩანს? „ქვას რომ გახეთქავს“, ისეთი რუკები რომ ჩამოიტანეს და ყველას ცხვირწინ გვიფრიალეს, სად არის ეს რუკები ახლა და სად „წავიდა“ გარეჯი?! ანუ იმ შემთხვევაშიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოხდა. ყალბ ურაპატრიოტიზმზე ააგეს ყველაფერი და კინაღამ ომის მდგომარეობაში გადაგვიყვანეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეზობელთან. ამაზე მოაწერეს ხელი. ახლა იგივე რელიგიური და ტრადიციების მოტივებით, ფაქტობრივად, ანტიქრისტიანული გზავნილით, მსგავსი ჩაიდინეს და კიდევ უფრო დრამატულად, კინაღამ უფრო დიდ უბედურებაში გადაგვჩეხეს. როდესაც ხელისუფალი ასე მოქმედებს, ის უკვე თავად წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის. დღეს ღარიბაშვილი არის მთავარი საფრთხე საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი, როგორც ინსტრუმენტია საფრთხე, რადგან ის თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ის, როგორც ინსტრუმენტი ძალიან კარგად მოესადაგა ამ ყველაფერს და თავს დებს „ზეპატრიოტიზმზე“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ განსაკუთრებულ მებრძოლობაზე და ა. შ. გეტყვით, 2012 წლამდე ღარიბაშვილი სად იჯდა, ის იჯდა ოფისში და ჩვენ რომ ვაპროტესტებდით მაშინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ქმედებებს, ძალიან ბრაზობდა ჩვენზე, რადგან ხელს ვუშლიდით მიშასთან ვასვასში. ახლა გახდა „ზეპატრიოტი“, 2012 წლამდე, მგონი, ეკლესიაშიც არ ყოფილა საერთოდ. ამ აბსურდში ყველაზე სენსიტიურ თემებზე აპელირებს, რაც მთლიანად აფეთქებს სიტუაციას ქვეყანაში, დესტაბილიზაციას იწვევს და, ფაქტობრივად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ სტაბილიზაციაზე, არამედ დესტაბილიზაციაზე ფიქრობს; თავისივე ხალხს უწყობს ტერორს, აპირისპირებს ერთმანეთთან, აცემინებს ერთმანეთს და უკვე, სამწუხაროდ, მსხვერპლიც გვყავს: აბსოლუტურად უდანაშაულო, სხვათა შორის, ჰეტეროსექსუალი. რისი ეგიდითაც ეს დაპირისპირება მიდიოდა, ამასთან, მას არაფერი აკავშირებდა, ახლა კი ცდილობენ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციას, ამაზე მეტი ამორალურობა რა შეიძლება იყოს?! საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ნარკომანი იყო და დიდი ამბავი, თუ ერთით ნაკლები ნარკომანი იქნებაო _ სწორედ ეს იგულისხმება ხელისუფლების ამ უბინძურეს პროპაგანდაში ლექსო ლაშქარავასთან მიმართებით. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ლექსო ლაშქარავა აუცილებლად გახდება ამ ხელისუფლების განაჩენი! ისევე, როგორც გირგვლიანი გახდა წინა ხელისუფლების განაჩენი.
_ საინტერესო პარალელი გაავლეთ დავითგარეჯის საქმესთან, მაშინაც ხელისუფლების მხრიდან თითქოს მართლმადიდებლობა და პატრიოტიზმი იყო მოტივი. დღეს გარეჯის თემა აღარავის ახსოვს, თუმცა ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას მსგავსი სპექტაკლები გასდის და სათავისოდ იყენებს. რით ხსნით ამას, რომ მაინც ახერხებენ ამ ფარსით წყალგამყოფის შექმნას?
_ როდესაც ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, სოციალური, ეკონომიკური რისკები და ა. შ., ადამიანებს აქვთ ყოველდღიური გადარჩენის პრობლემა; მათ უგროვდებათ დიდი აგრესია, გონება ითიშება და ძალიან ადვილია ასეთ დროს მანიპულირება, ფსევდო ვექტორის მიცემა ამ დაგროვილი აგრესიისთვის. ამით მანიპულირებს ხელისუფლება. გარდა ამისა, საქართველოში, სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი სეგმენტი ე. წ. აგრესიული კონფორმიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ დღევანდელი რეალობა, მაგრამ ეზარებათ ცვლილებებში მონაწილეობის მიღება და ეძებენ არგუმენტებს იმისას, თუ რატომ არ აკეთებენ არაფერს. ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ ისინი მზად არიან შეეგუონ ბოროტებას, თითქოს უფრო დიდი ბოროტების შიშით. მათი მთავარი არგუმენტია: აბა, მიშას ჩამოსვლა გინდათ?! მე მინდა მათ ვუთხრა, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბოროტება. ბოროტება ბოროტებაა. ბოროტების გამართლება უფრო დიდი ბოროტების შიშით, თავისთავად, ბოროტებაა. ისინი ბოროტებას სჩადიან, როდესაც ასეთი არგუმენტით ჩუმად არიან და თვალს ხუჭავენ განუკითხაობაზე, მაგრამ ეს ფენომენი არსებობს საქართველოში, რასაც ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს. დღემდე სისხლიან 9 წელზე ლაპარაკობენ და ამით მართავენ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს. მინდა, გავიხსენო: გირგვლიანის თემას მაშინ ვაპროტესტებდით ძალიან ცოტა ადამიანი, მათ შორის, თქვენი გაზეთის დამფუძნებელი ელისო კილაძე. მაშინდელი ხელისუფალიც იგივენაირად იქცეოდა, ამბობდა, რომ გირგვლიანი იყო სვანი მაფიოზი, ვიღაც ყაჩაღი, რომელმაც დედა აგინა ვიღაცებს, იმათმა ვერ მოითმინეს, სცემეს, ის დაგორდა და ასე გარდაიცვალა. ამას ამბობდა მაშინდელი ხელისუფალი და აგრესიული კონფორმიზმი მაშინაც ეთანხმებოდა. გვლანძღავდა მთელი საქართველო, _ რა გადაგვაყოლეთ ამ ვიღაც გირგვლიანსო. ასე იყო, მაგრამ გავიდა დრო და, საბოლოო ჯამში, გირგვლიანის სახელით გამოვუტანეთ განაჩენი მაშინდელ ხელისუფლებას. ასე მოხდება ლაშქარავას შემთხვევაშიც, თუმცა მაშინ ჩვენ ძალიან ცოტანი ვიყავით და ახლა ასე არ არის. ახლა ბევრია, ვინც ამას ხვდება და ეს არის ერთადერთი პოზიტიური, რისი თქმაც შემიძლია.
_ მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს აქციები ჟურნალისტების ორგანიზებით და მათი მონაწილეობით იმართება, _ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და შესრულდება თუ არა მთავარი მოთხოვნა _ ღარიბაშვილის გადადგომა? გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციას ცდილობს, ასევე არ იშურებს ძალისხმევას, გააშავოს ჟურნალისტები, რომლებიც აქციაზე დგანან. საზოგადოება რამდენად წამოეგება ამაზე?
_ არ მიმაჩნია, რომ ეს იმას ნიშნავს, თითქოს ჟურნალისტიკა დავიდა პოლიტიკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენს კოლეგას კლავენ და ხედავ, ვინ არის პასუხისმგებელი (ადამიანები, რომლებიც ისევ ჩვენ დავიქირავეთ და ჩვენ ვუხდით ხელფასს), როცა ხელისუფლებიდან მათ ჩამოშორებას ვითხოვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა უკეთესობისკენ ცვლილებები; გვინდა, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენ გვემსახურება და არა ჩვენზე ძალადობს. ხელისუფლება ახლა ცდილობს თქვას, რომ ჟურნალისტები მხარე გახდნენ. არადა, ამ შემთხვევაში მხარეზე არ არის საუბარი. მოთხოვნაა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს. ვიმეორებ: შესაძლოა, მოთხოვნა პოლიტიკური იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკაში წავედით. არ წავსულვართ პოლიტიკაში. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აგრესიული კონფორმიზმი ჰქვია, სანამ ეს ხალხი არ გაიღვიძებს, ვიღაც ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების გაშავებას კი არ დაიჯერებს, უბრალოდ, თავის უმოქმედობასა და სინდისს კიდევ ერთხელ მიაძინებს. ვინც ახლა ხელისუფლებას ეთანხმება, იმათაც არ სჯერათ ხელისუფლების, მაგრამ მათ აქვთ ფსევდოარგუმენტი: „თუ ამ ბოროტებას არ შევეგუები, მიშა დაბრუნდება და თავებს დაგვაცლის ყველას“. იმისთვის, რომ თავისი უმოქმედობა გაამართლონ, ამისთვის ამ ხალხს ხელისუფლება სინდისის მისაძინებლად აწვდის ამ არგუმენტებს. ესენიც ახდენენ ამის დისტრიბუციას, რადგან სხვა გზა არ გააჩნიათ. რაღაცით უნდა გაამართლონ თავისი უმოქმედობა, რომ შვილმა, შვილიშვილმა არ მოსთხოვოს პასუხი: „რატომ ხარ ჩუმად, მამა/დედა?!“ _ რაზედაც ისინი პასუხობენ, რომ ის ნარკომანი იყო და ამიტომ ღირსი იყო, _ ამ არგუმენტებს ეუბნებიან. ვფიქრობ, რომ ამ ხალხს არ უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ესენიც ჩვენები არიან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ამ ხალხს ავუხსნათ, რომ ეს აგრესიული კონფორმიზმი ცუდია, რომ, ადრე თუ გვიან, მათ შერცხვებათ თავისი წარმოდგენების, ისევე როგორც ძალიან ბევრს შერცხვა იმის, რასაც გირგვლიანთან დაკავშირებით აკეთებდა მაშინ. ბევრს შერცხვა, შემდეგ კი თქვენ იცით, რომ სხვა სიტუაცია იყო. იგივე ვაზაგაშვილზე გეტყვით, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ანგელოზი. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ძეგლი დაუდგა. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლება ვაზაგაშვილზე გვეუბნებოდა, რომ ის არ იყო მაინცდამაინც კანონმორჩილი და ა. შ. შესაძლოა, ბევრ რამეს სწორსაც ამბობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი მკვლელობა სისტემის დანაშაული იყო. დღევანდელი ხელისუფლება ზნეს არ იცვლის, ზუსტად იგივე მეთოდებით, იგივე ტექნოლოგიებით ცდილობს, რომ მოახდინოს გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაცია, ამაზე მეტი ამორალურობა რა შეიძლება იყოს, ესენი ამბობენ, რომ ქრისტიანები და მართლმადიდებლები არიან?!
_ სწორედ ამ ნაწილში რა პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს, როცა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის სახელით, მათ შორის, სასულიერო პირები ახალისებდნენ ძალადობას?
_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკო. მე უფრო ცალკეული იერარქიების პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკებ. მათ შორის, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ერთი ადამიანის გარდაცვალებას ნუ გადაგვაყოლეთო. წარმოუდგენელი განცხადებებია, სად არის აქ ქრისტიანობა?!
_ რა შემთხვევაში დათმობს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს? ამ ნაწილში გადამწყვეტი იქნება თუ არა აქციაზე ადამიანების რაოდენობა, რადგან ეს ხელისუფლება ყველა საპროტესტო აქციაზე თავებს ითვლის?
_ ღარიბაშვილი არაფერს ითვლის. ის ელოდება სატელეფონო ზარს. ერთი დიდი წითელი ტელეფონი, „ვეჩეები“ რომ იყო, ის უდგას და თუ იქიდან დარეკეს და უთხრეს, რომ წადიო, წავა. თუ არადა, იჯდება. მისთვის ხალხის აზრი, საზოგადოებრივი განწყობა, სახელმწიფოებრივი რისკები არანაირ ფაქტორს არ წარმოადგენს.
_ რა შემთხვევაში დარეკვას ტელეფონი _ ამაზე პასუხი ვის, თუ არა თქვენ, უნდა გქონდეთ?
_ ტელეფონი დარეკავს იმ შემთხვევაში თუ ის (ივანიშვილი) საკუთარ საფრთხეს დაინახავს. მისთვის ღარიბაშვილი არაფერს წარმოადგენს. როცა ჩათვალა, თავის დროზე, რომ ღარიბაშვილი ამოწურა, მოკიდა ხელი და ერთხელ უკვე გადააგდო. როგორ ფიქრობთ, მეორედ ვერ გადააგდებს?! მაგრამ ის აფასებს საკუთარ რისკებს, უსაფრთხოებასა და საკუთარი ძალაუფლების კონტროლს. როცა მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი მისთვის უფრო მეტად პრობლემაა, ვიდრე სარგებლის მომტანი, ანუ შავი საქმის კეთების რესურსს ამოწურავს, მაშინ დარეკავს ის წითელი ტელეფონი. ღარიბაშვილიც გამოვა ყურებჩამოყრილი და იტყვის, გადავდექიო, მაგრამ მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რადგან ჩვენ ახლა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, შესაბამისად, სჯობს, ღარიბაშვილი იჯდეს იქ, ვიდრე არ იყოს და მის მაგივრად ბუნჩულა ბიჭი მოგვიყვანონ და ვიღაცამ შექმნას ახალი ილუზია, რომ ეს ბუნჩულა ბიჭი რაღაცას გააკეთებს. სჯობს, ღარიბაშვილი იჯდეს იქ, რომ ჩვენ ზუსტად დავინახოთ, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე და კიდევ არ გაგვიჩნდეს იმის ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას რამე პოზიტიურის გაკეთება შეუძლია. პოლიტიკური თვალსაზრისით, სჯობს, რომ ღარიბაშვილი დარჩეს პრემიერად, ვიდრე გადადგეს. თუმცა მისი გადადგომის მოთხოვნა უნდა იყოს, მაგრამ ის თუ არ გადადგება, ეს ხელისუფლება უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე არგებს. ოპოზიციისთვის და ხელისუფლების ცვლილებისთვის სჯობს იყოს ღარიბაშვილი, ვიდრე გახარია, რომელსაც თვალის ჩაპაჭუნება, ბოდიშის მოხდა შეუძლია და ლავირების უნარი აქვს, გარდა ამისა შეუძლია, რაღაც ილუზიები შეგიქმნას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის გარედანაც ვხედავთ, როგორი რეაქციებია. ფაქტობრივად, ღარიბაშვილს წითელი აქვს ანთებული. შეერთებული შტატების ელჩის განცხადება გავიხსენოთ, სადაც ის ამბობს, რომ მშვენივრად ვიცით, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს და ვინ ახდენდა პროვოცირებასო. როგორ ფიქრობთ, აქ ღარიბაშვილი არ მოიაზრებოდა?! მგონია, რომ მოიაზრებოდა. ეს ყველაფერი წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე, ეს იყო ფაბულა, რაც ელჩმა თქვა, რაც დიდწილად აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აღარაფერს ვამბობ სხვა განცხადებებზე, რაც კიდევ უფრო რადიკალურია და ამას რა შეაჩერებს?! ამ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთს ასხამს სასამართლოში განვითარებული მოვლენები, რომლის მეშვეობითაც შარლ მიშელის შეთანხმების გადახაზვა უნდა ხელისუფლებას, რადგან ეს 43% ძალიან აწუხებს. თუ ვერ მიიღებენ ხმების ამ რაოდენობას ადგილობრივ არჩევნებზე, მაშინ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება შეთანხმების თანახმად. ამ ნაწილში პრობლემა გახდა გახარია, რომელიც შეცდომებს არ უშვებს, მიზნობრივად „ქართული ოცნების“ ელექტორატზე მუშაობს. „ქართული ოცნების“ ელექტორატის დიდი ნაწილი მან თავისკენ გადაქაჩა, გახარიას ვერაფერს უხერხებენ და დამატებით ამით არიან გაგიჟებულები. დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია.
ნენე ინჯგია