QronikaPlus
ხატია წერეთელი:  „ჩემში რწმენა არის და ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს აუცილებლად გაუხარდებოდა“

ხატია წერეთელი: „ჩემში რწმენა არის და ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს აუცილებლად გაუხარდებოდა“

2021-07-14 07:47:16

„ყვითელი პრესის დედოფალი“ _ ასეთი ტიტული ხვდა წილად ეპატაჟურ და სკანდალურ მომღერალ ხატია წერეთელს „პერსონა 2021“ წლის დაჯილდოებაზე. მისი ჩაცმულობა, სიმღერები და კლიპები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამბობს, რომ ზუსტად იცის, რა დროს რა უნდა შესთავაზოს მსმენელს, რადგან პროდუქტი და საკუთარი თავი კარგად გაყიდოს.

როგორია ხატია წერეთლის „ნაშა ბიჭები“? როგორ უმკლავდება ბულინგს? სად მთავრდება მისთვის თავისუფლება? როგორ იგერიებს თაყვანისმცემლებს და რატომ არის ის ახალი თაობისთვის რევოლუციონერი? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ხატია წერეთელი ესაუბრება:

_ ხატია, რას ნიშნავს თქვენთვის ტიტული „ყვითელი პრესის დედოფალი“?

_ მე ეპატაჟური პერსონა ვარ და, რეალურად, დღეს რომ ყვითელი პრესის დედოფალს მეძახიან, უცხო ჩემთვის ნამდვილად არ არის. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან განსხვავებით, ჩემი ბევრი ქმედება, აზროვნება, თუნდაც სიმღერები ჩარჩოებში ნაკლებად ჯდება. თითქოს ველოდი კიდეც ამას, თუმცა არასდროს დამიგეგმავს არაფერი, უბრალოდ, ეს ყველაფერი მოხდა ეტაპობრივად. გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამოვმხტარიყავი იმ ჩარჩოებიდან, რომელიც ზოგადად დამკვიდრებულია ამ ქვეყნაში. საკმაოდ რთული პოლიტიკური ისტორიის ეტაპები გავიარეთ: იყო სსრკ, არეულობა, შავი გაგების სამყარო და უცებ დემოკრატიაში გადავედით. ყველა ამ ეპოქას ჰქონდა თავისი გაგება. შესაბამისად, დღესაც კი ზოგი ისევ ჩარჩა სსრკ-ში, შავ გაგებაში და ბევრიც დემოკრატიულია. ყველას თავისი წილი აზროვნება აქვს. ამიტომაცაა, რომ საქართველოში კონკრეტული ქმედება უფრო მეტ ალიაქოთსა და რეზონანსს იწვევს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აზრობრივად არის დაყოფილი. ეს ერთგვარად კარგიც არის.

_ როგორ ფიქრობთ, მიგიღოთ საზოგადოებამ?

_ კი, მიმიღო და განსაკუთრებით ახალმა თაობამ. როგორც აღმოჩნდა, მე მათი შესაფერისი ტიპაჟი უფრო ვარ, ვიდრე იმ თაობის, რომელშიც მე გავიზარდე.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მათთვის რევოლუციონერი ტიპაჟი ვარ. არ ვაზროვნებ ისე, როგორც, მაგალითად, სახლში ეუბნებიან, _ არ ჩაიცვა ეს, არ გადადგა ეს ნაბიჯი, არ იყო თავისუფალი. მათთვის თავისუფლების ეტალონი ვარ და სწორედ ამიტომ მიმიღეს.

_ გაქვთ საკუთარ თავთან აკრძალვები, ე .წ. ზღვარი, რომლის იქითაც არ უნდა გადახვიდეთ?

_ რა თქმა უნდა. ყველაზე მკაცრი ვარ საკუთარი ცხოვრების მიმართ. ჩემს თავს თავისუფლების ვაძლევ, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვუკრძალავ საკუთარ თავს. თუნდაც, მოკლე კაბა რომ ჩაიცვა ადამიანმა, ამისთვის საჭიროა, რომ ყოველთვის ფორმაში იყო. ჩემს თავს არ ვაძლევ იმის საშუალებას, რომ ნაკლები ვიმოძრაო. თუ სპორტით ვერ ვკავდები და არ მაქვს ამის დრო, სამაგიეროდ ძალიან სწრაფად ვაკეთებ საქმეს. საკუთარ თავს ავუკრძალე, რომ არასდროს მოვდუნდე. არ მაქვს იმის უფლება, რომ დოზაზე ნაკლებად მივაწოდო ჩემი თავი საზოგადოებას.

_ ამ გათვლებს, გეტყობათ, კარგად აკეთებთ…

_ აუცილებლად. ყოველთვის ვგრძნობ, როდის არის ემოციური შიმშილი და ზუსტად მაშინ ვდებ სიახლეს.

_ რა დროს მოდის ეს ემოციური შიმშილი? რა დროს ხვდებით, რომ ახლა საჭიროა გააკეთოთ ის, რაც იმ მომენტისთვის გჭირდებათ?

_ თავისებური მარკეტინგული გათვლა მაქვს: მე ვიცი, ბაზარზე ზუსტად როდის რა გაიყიდება.

_ რა იყიდება დღეს ბაზარზე?

_ ბაზარზე ბევრი რამ იყიდება.

_ მაგალითად?

_ ნეგატივიც იყიდება, ძალიან კარგად იყიდება იუმორი, ნაკლებად იყიდება სექსი, რადგან ეს უკვე აღარავის აინტერესებს, ისევე როგორც ერთი პერიოდი მასობრივად ხდებოდა ლგბტქ თემების წინ წამოწევა და ამითაც საკმაოდ დიდ რეიტინგებს დებდნენ სააგენტოები, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან კარგად იყიდება პოზიტივიც, რაც, ვფიქრობ, ყველას გვჭირდება.

_ კარგად ყიდით საკუთარ თავს?

_ საკმაოდ, თუმცა საქართველო პატარა ბაზარია და ფინანსურად ეს იმხელა შემოსავალი არ არის. ეს ბაზარი აუცილებლად განვითარდება. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი არა მარტო სოფლის პროდუქცია და ღვინო გადის ქვეყნის გარეთ, ასევე გადის ჩვენივე მოქალაქეების ფონდი ემიგრანტების სახით. ამერიკაში ძალიან ბევრი რამე საერთოდ არ იცოდნენ ქართველების შესახებ და დღეს იქაური დიასპორა ადგილობრივებს აცნობს უამრავ რაღაცას. მარტო კვებისა და ცეკვის კულტურა არაა, ელემენტარულ ურთიერთობის კულტურასაც ძალიან კარგად აცნობენ ადგილობრივებს. შესაბამისად, იქ, სადაც იქნება ჩვენი პლაცდარმი, აუცილებლად განვვითარდებით. გული კი მწყდება, რომ საქართველო ქართველებისგან იცლება, მაგრამ არის მეორე ვარიანტი _ ამ ხალხს გააქვს და მსოფლიოს აჩვენებენ იმას, რაც ჩვენში ყველაზე მაგარია და სხვაგან ქმნიან პატარა საქართველოს.

_ როგორც ვიცი, ძალიან ხშირი კონტაქტი გაქვთ ემიგრანტებთან და ასევე, ერთი პერიოდი, ხშირად ჩადიოდით პოლონეთში, სადაც ბიზნესი გქონდათ.

_ ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაქვს ხშირი კონტაქტი და ჩასვლები. პოლონეთში მქონდა ბიზნესი, იქ ვცხოვრობდი და, ფაქტობრივად, იგი ჩემი მეორე სამშობლოა. პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე, რომ დამეხურა იქ მასაჟის სალონი, რადგან მომგებიანი აღარ იქნებოდა.

_ შეზღუდვებზე ვსაუბრობდით და შვილთან მიმართებით როგორი ხართ, მკაცრი თუ მეგობრული?

_ მე და ჩემი შვილი ერთად გავიზარდეთ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არც მას ვაძლევ მოდუნების უფლებას. არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში დეპრესიაში ჩავარდეს. მე მკაცრად კი არ ვუდგები, უბრალოდ, მის გვერდით ვარ და ზუსტად ვიცი, რომელი ბერკეტი ავამუშავო მასში. აკრძალვა არ ნიშნავს მუშტის დაბრახუნებას, დელიკატურად ვუხსნი, რა არის სწორი და რა _ არასწორი. ყოველთვის ვეუბნები, რომ დრო ძალიან ძვირფასია, იცოდეს დროის ფასი და იგი ფუჭად არ დაკარგოს.

_ რას საქმიანობს თქვენი შვილი ამიკო?

_ ჩემი შვილი არის სოციალ-მარკეტინგის სპეციალისტი და ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს აღმასრულებელ დირექტორად.

_ ვინ არის მისთვის ხატია?

_ პირველ რიგში, დედა, სიძლიერისა და თავისუფლების სიმბოლო.

_ სად მთავრდება თქვენთვის თავისუფლება?

_ ძალიან კარგად მაქვს შენარჩუნებული ზღვარი თავისუფლებასა და თავხედობას შორის; ისევე როგორც არსებობს ზღვარი ვულგარულობასა და სექსუალურობას შორის. არასდროს გადავდივარ ზღვარს, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ჩემი თავისუფლებით მთავარია, არავინ შევაწუხო.

_ ძველსა და ახალ ხატიას შორის რა პარალელს გაავლებთ. რას ეტყვის დღევანდელი ხატია თავის მეს?

_ არაფერს ვეტყოდი.

_ განსხვავებას ვერ ხედავთ ძველსა და ახალ ხატიას შორის? რა გასწავლათ განვლილმა ცხოვრებამ?

_ გამოცდილება მივიღე. შეიძლება, ამას დიდი ამბები მოჰყვეს, მაგრამ ბიბლიაც კარგად ვიცი. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემს თავს ვეტყოდი, რომ აღარასდროს დაუყაროს ღორებს მარგალიტი.

_ და ბიბლიის კარგად ცოდნა რა შუაშია? ანუ რასთან მიმართებით ახსენეთ იგი?

_ ადამიანებს არარელიგიური ვგონივარ. თუ არ დავდივარ გრძელ კაბებში და მამაობთან სელფებს არ ვიღებ კელიებში, ჰგონიათ, რომ არაეკლესიური ადამიანი ვარ. ამ დროს ვერავინ წარმოიდგენს, რომ დილა იწყება სანთლის ანთებით და ლოცვით. აღარაა აუცლებელი დღეს, წიგნიდან წაიკითხო ლოცვები, ვიღებ ტელეფონს ხელში, ვხსნი ორთოდოქს.ჯის და ვიწყებ ლოცვების კითხვას. ასეთი ხატია, ალბათ, ხალხს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია. ძილის წინაც ვლოცულობ.

_ გინდათ თქვათ, რომ მორწმუნე ხართ?

_ რა თქმა უნდა. უბრალოდ, ღრმა ეკლესიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ და ვიზუალური რიტუალებით არ შემოვიფარგლები. რწმენა არის ჩემში და ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს აუცილებლად გაუხარდებოდა. არ ვაკეთებ ცუდს. როცა შემიძლია, ვაკეთებ სიკეთეს და ადამიანებს ვახარებ, მაგრამ ამით პიარი არასდროს გამიკეთებია. სიკეთე არის ჩემში და არ ვფიქრობ, რომ ეს სხვის დასანახავად უნდა გააკეთო.

_ ბულინგის თემას შევეხოთ. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყავით, განსაკუთრებით ადრე. როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს, რამდენად მოქმედებს ეს თქვენს ფსიქიკაზე?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი ვიყავი მე, ვინც რაღაც კლიშეები გაარღვია და ვიღაცის წარმოდგენილ ჩარჩოებში არ ჩაჯდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად უნდა გაველანძღე. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ამან ვერ და არ შემაფერხა არაფერში. პირიქით, კიდევ უფრო გავძლიერდი. კრიტიკას აუცილებლად მივიღებ, მაგრამ კრიტიკასა და ლანძღვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ადამიანი რა სიტყვებითაც მეტყველებს და ილანძღება, ეს მისი შეგნების დონეა. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ამ ყველაფერზე გავჭედე, მაგრამ შემდეგ ძალიან მკაცრად ვუთხარი საკუთარ თავს, რომ შენ კი არა, ამ ქვეყანაში იყო ერთადერთი უცოდველი ადამიანი,. ღვთის შვილი იესო, რომელსაც ესროდნენ ტალახს, ჩაქოლეს, აწამეს და მოკლეს სიმართლისთვის. ბევრი ადამიანი მოკლეს სიმართლისთვის, მაგრამ გაუძლეს მხოლოდ ძლიერებმა. ეს ყველაფერი ჩემს თავს რომ შევუძახე, მივხვდი, გზა უნდა გამეგრძელებინა ისე, როგორც აქამდე და მოვედი დღემდე. იყო მომენტი, როცა ჩემი ოჯახის წევრებსაც კი შეეხენ. ხალხმა ვერ აიტანა ისიც კი, რომ დედაჩემი და მე რატომ არ ვჭამთ ერთმანეთს ან მე და ჩემი შვილი რატომ არ ვჩხუბობთ. არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სავარაუდოდ, მათ ოჯახებში არსებობს მსგავსი პრობლემები, გაუტანლობა, გაუგებრობა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენშიც გადმოიტანონ, მაგრამ არ გამოუვათ.

_ ჩავარდნილხართ ბულინგის გამო დეპრესიაში?

_ არასდროს. უბრალოდ, გული დამწყვეტია იმაზე, რომ რატომ არიან ადამიანები ბოღმით სავსენი. მინდა, რომ საზოგადოება ბევრად უფრო კეთილშობილი იყოს. არ მომწონს ბოღმის ასეთი დოზით არსებობა ადამიანებში, არ მომწონს შურის ასეთი დოზა, რადგან ჩვენ ერთ ენერგეტიკულ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ადამიანები რომ ამდენ ცუდ ენერგიას უშვებენ კოსმოსში, შემდეგ უკვე ძალიან ცუდად იმოქმედებს ყველაზე. მათ ხომ უფრო უბრუნდებათ, მაგრამ რაღაც დოზით ამ ნეგატივს მერე ჩვენც ვინაწილებთ. ზოგადად არ მომწონს მე კი არა, სხვასაც რომ ლანძღავენ.

_ ქუჩაშიც რომ დადიხართ, ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ ექცევით, გიყურებთ ყველა, მოდიან ახალგაზრდები, ფოტოებს იღებენ და დამეთანხმებით, რომ როცა ხარ ცნობილი პერსონა, ადამიანს მეტად მოეთხოვება საკუთარი თავის გაკონტროლება ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან ათასი თვალი გიყურებთ. არ იღლებით ამ ყველაფრით?

_ რა თქმა უნდა, ვიღლები. ხანდახან გინდა, რომ იღრიალო მთელი ხმით. როცა ტირილი მინდება, ქალაქგარეთ გავდივარ და ვტირი, მაქვს ერთი ადგილი.

_ ხშირად ტირით?

_ ხშირად არა.

_ რაზე შეიძლება, რომ იტიროს ხატია წერეთელმა?

_ მე ხომ ქალი ვარ. შეიძლება, 2 კილო მოვიმატო და მაგაზეც ვიტირო.

_ ყოფით ცხოვრებაში ძლიერი ჩანხართ, მაგრამ როგორც ქალი სუსტი ხართ?

_ არა, ხანდახან ვიღლები, მაგრამ ვტირი, რომ ემოციებისგან დავიცალო. ადამიანებისთვის როცა კარგი გამიკეთებია, არასდროს მითხოვია საპასუხო, მაგრამ იმდენად ცუდს და სიბორეტს აკეთებენ, რომ ამაზე მეტირება. სულ ვუსვამ საკუთარ თავს ამ შეკითხვას, რომ რატომ არის სამაყრო ასე მოწყობილი? ხომ შეიძლება, უბრალოდ, კარგად იყვნენ და ცუდი არ გაგიკეთონ? ცხოვრებში მქონდა ძალიან რთული პერიოდი, ამიტომ წავედი ბათუმში, წვიმდა, შუა ქუჩაში ვდგავარ, ვტირი და ვღრიალებ, ამ დროს გოგონები ჩემთან მოდიან და მეუბნებიან, თქვენთან სელფის გადაღება შეიძლებაო? იმ დროს სელფი კი არა, კუბო მინდოდა მხოლოდ, სადაც ჩავწვებოდი.

_ დღეს ბედნიერი ხართ?

_ სხვათა შორის, კი.

_ რა არის თქვენთვის ბედნიერება?

_ მე ვარ წარმატებული პერსონა, ვარ ბედნიერი როგორც დედა და როგორც ქალი. ცხოვრებაში იმდენი კომპლიმენტი, ყვავილი და სიურპრიზი მიმიღია, რომ, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ყველაფერი მაქვს მიღებული, რაც შეიძლება მიიღოს ქალმა.

_ თაყვანისმცემლები ხშირად განებივრებენ?

_ კი. ერთი ადამიანი მწერს: რა გინდა, რა გავაკეთო, რომ შემხვდეო? 10 ათასს ჩაგირიცხავ, რომ ერთი დღე შენს „კამპანიაში“ გავატაროო.

_ რა უპასუხეთ?

_ მატერიალურზე და მსგავსს რაღაცებზე ყოველთვის უარს ვამბობ. მგონია, რომ ბევრი ფულით როცა გელაპარაკებიან, ამის უკან მაინც რაღაც „მეშჩანობა“ დგას. შეიძლება, ქუჩაში ვიღაცამ ფოთოლი მომიწყვიტოს, ის მომაწოდოს და მესიამოვნოს. მაგალითად, ერთ-ერთი ყავის კომპანიაა და როცა იქ მივდივარ და ყავას მიკეთებენ, გოგონები ყავაში ყოველთვის გულს მიხატავენ. ეს ჩემთვის ბევრად უფრო კარგი გამოხატულებაა სიყვარულის, ვიდრე ვიღაცის ძვირადღირებული საჩუქარი.

_ დაკავებულია ამჟამად თქვენი გული?

_ საიდუმლოდ დავტოვოთ.

_ შეგშინებიათ ბედნიერების?

_ კი. იმდენად ბედნიერი ვყოფილვარ, რომ იმის დაკარგვის უფრო შემშინებია, ვიდრე სხვა რამის. ახლაც მეშინია.

_ ამიტომ ნათქვამია, სიყვარულსა მალვა უნდაო…

_ დიახ, სამწუხაროდ, უამრავი ბოროტი ადამიანია, ვისაც ძალიან უნდა, რომ დაგინგრიოს ბედნიერება.

_ მამაკაცების რაღაც კატეგორიას არ უყვარს ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალი, რადგან ამ დროს განსაკუთრებით ეჭვიანობენ და ცოტა დაჩაგრულადაც გრძნობენ თავს. გყოლიათ ასეთი მამაკაცი?

_ ერთ კარგ ფრაზას გეტყვით: ძლიერ მოტორს ირგებს მხოლოდ კარგი კლასის მანქანა. ადამიანი თვითონ უნდა იყოს ისეთი მყარი და საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ კარგად გაგითავისოს. თუ ეშინია შენი სიძლიერის, ეს მისი პრობლემაა.

_ ეჭვიანი ხართ?

_ თვალებს არ დავხუჭავ, მაგრამ ავადმყოფურად ეჭვიანი არ ვარ.

_ ხატია და სიმღერა. სპეციალურად ქმნი და აკეთებ ასეთ ტექსტებს, მუსიკას, კლიპებს, რომ შემდეგ გახდეს რეიტინგული თუ?..

_ რა თქმა უნდა, როცა ქმნი პროდუქტს, რომელიც გინდა, რომ გაიყიდოს, შესაბამისად, იქ რაღაცები უნდა გათვალო. მაგალითად, შუა ზაფხულში „თაო ჩემო“ გამოუშვა ან კლიპი გადაიღო, არ იქნება მომგებიანი. შენ უნდა გრძნობდე იმ საზოგადოების საყვარელ რიტმს, რომელმაც შენ უნდა მოგისმონოს. გემოვნება სხვადასხვაა, უბრალოდ, უნდა გაითვალისწინო შენი სეგმენტი, ვინ გისმენს, მათი აზროვნება… ხალხი იღებს მარტივ ტექსტს და მუსიკას. 3 წლის ბავშვებიც კი მღერიან „ნაშა ბიჭებს“, როცა იმ ბავშვმა საერთოდ არ იცის, რა არის ბიჭი, რა არის „ნაშა“, მაგრამ იმდენად რიტმულია და პოზიტიური, რომ ბავშვებს უხარიათ.

_ სიმღერა „ნაშა ბიჭები“ ძალიან პოპულარული გახდა. ვის მიუძღვენით, რას ნიშნავს თქვენთვის „ნაშა ბიჭები“?

_ „ნაშა ბიჭები“ საქართველოში „ნოუ ჰაუ“ არ არის. ესენი არიან ტიპები, რომლებიც თავიანთ გარეგნობას კარგად ყიდიან. „ნაშა ბიჭი“ აუცილებლად უნდა იყოს მოვლილი, სექსუალური, კარგი მანერების მქონე და ეს მოვლილი ბიჭები ყოველთვის არიან კარგი ქალბატონების კავალერები. მე-19 საუკუნეშიც არსებობდნენ ე. წ. ფრანტები. ძირითადად ბარონესების გვერდით დადიოდნენ ეს ტიპები, კითხულობდნენ ლექსებს, იყვნენ კარგი მოცეკვავეები და, შესაბამისად, თუ ფიქრობ იმას, რომ „ნაშა ბიჭი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი, ასე არაა.

_ ბევრი „ნაშა ბიჭია“ საქართველოში?

_ ძალიან ბევრი. უამრავმა ბიჭმა საკუთარი თავი ამოიცნო ამ სიმღერაში.

_ მოგწონთ თქვენ ასეთი მამაკაცები?

_ რატომ არ უნდა მომწონდეს? მე ესთეტი ადამიანი ვარ და მომწონს მოვლილი, კარგი, დახვეწილი ბიჭები.

_ ხატია, თქვენ ასევე ჩაწერთ სიმაღერა „ქართული ჯარი“, რომელმაც ძალიან დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ წრეში. კლიპში გამოყენებული გქონდათ ქართული ჯარის კადრები. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ეს კლიპი დაგიფინანსათ თავდაცვის სამინისტრომ. რას იტყვით ამის შესახებ, მართალია?

_ ეს იყო უხმაურესიანი კლიპი და პირდაპირ გეტყვით, რომ თავდაცვის სამინისტროს არ დაუფინანსებია. უბრალოდ, კლიპში გამოვიყენე ჯარის კადრები, რომელიც იდო სოციალურ ქსელში და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს ეს კადრები, მე მაინც ნებართვა ავიღე მათგან, ეს იყო და ეს. ჩემი მესიჯი გახლდათ ძალიან პოზიტიური, ვუმღერე ჯარისკაცებს, ვუმღერე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს, თქვენსა და სხვების მშვიდობიან ძილზე ზრუნავენ. ტყვია რომ გაისვრის და მე რომ ბუნკერში ჩავძვრები და შიშით გავიქცევი, ის ადგება და ტყვიას გადაუდგება. ეს იყო ერთგვარი ჩემი პატივისცემა მათ მიმართ. ძალიან ბევრ ბიჭს უყვარს ეს სიმღერა და მე მიხარია.

_ თავდაცვის სამინისტროსგან გქონდათ გამოხმაურება?

_ ნეგატიური _ არა, დადებითი _ კი.

_ უნდა ველოდოთ მორიგ სკანდალურ კლიპს?

_ რა თქმა უნდა. სხვანირად წარმოგიდგენიათ? ვგეგმავ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს.

გიორგი საკარული

გაზიარება