QronikaPlus
სოკოს სუპისა და ვაშლის გამო აშშ-ის საელჩოდან განთავისუფლებული ქართველი გარდ-დრაივერი კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს

სოკოს სუპისა და ვაშლის გამო აშშ-ის საელჩოდან განთავისუფლებული ქართველი გარდ-დრაივერი კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს

2021-07-09 08:13:51

აშშ-ის საელჩოს აწ ყოფილმა თანამშრომელმა „ქრონიკა+“-ს მიმართა და ფრიად საინტერესო ისტორია მოუყვა სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ვინაიდან საქმე ეხება დიპლომატიურ კორპუსს, გვინდა სრული კორექტულობის დაცვითა და ყოველგვარი შეფასებების გარეშე მოგაწოდოთ ორივე მხარის პოზიცია.

დავით ფერაძემდე გვინდა გაგაცნოთ ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც მისმა ადვოკატმა 2020 წელს მისწერა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს:

„ქალბატონო ელჩო!
დავით ფერაძე საელჩოში მუშაობდა 2007 წლის სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე გარდ-დრაივერის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თავის უფლება-მოვალეობებს კეთილსინდისიერად და განსაკუთრებული გულისხმიერებით ასრულებდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით ის გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. კერძოდ, იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, რომელიც მისი მხრიდან მოითხოვდა გაწერილი პროგრამით სათანადო საკვების მიღებას. აღნიშნულ ფაქტს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე არასდროს მოუხდენია უარყოფითი გავლენა, თუმცა საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლები მას პერმანენტულად უშლიდნენ ხელს კვების რეჟიმის დაცვაში, რომელიც დაავადების ხასიათიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენდა და, ბუნებრივია, იწვევდა მის სამართლიან პროტესტს და რამაც, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი მორალური და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მისი დაკავებული პოზიციიდან განთავისუფლება გამოიწვია.

დავით ფერაძეს კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და იზიარებს აშშ-ის როლს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც ინდივიდის წარუვალი ღირებულებების დაცვაში, რაც ასახვას პოვებს აშშ-ისა და საქართველოს უზენაეს კანონში _ კონსტიტუციაში. სწორედ აღნიშნული ღირებულებებისადმი საერთო ინტერესი და ორიენტირი გახდა თქვენდამი მომართვის საფუძველი“.

დავით ფერაძე _ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილი გარდ-დრაივერი:

_ თქვენთვის მომართვა გადამაწყვეტინა ერთმა გარემოებამ, რასაც ჰქვია სიმართლის თქმა და სამართლიანობისათვის ბრძოლა. აშშ-ის საელჩოში მუშაობის მანძილზე, მთელი ათი წლის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავი შევიწროებული ადგილობრივი ხელმძღვანელებისა და სუპერვაიზერების მხრიდან. ასეთი უსამართლო შემთხვევები ბევრი იყო ასევე სხვადასხვა კოლეგის მიმართაც, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ყველა თავს იკავებდა, ხმა ამოეღო მათ წინააღმდეგ.

_ კონკრეტული მაგალითებით ვისაუბროთ…

_ ყოფილმა სჰიფტ ლიდერ-მა ლექსო მაჭავარიანმა ამჯობინა დაეტოვებინა ღშO ოფისი და გადასულიყო საფოსტო განყოფილებაში დაბალ ანაზღაურებად პოზიციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე შეენარჩუნებინა სამსახური. ასეთმა კლანურმა დამოკიდებულებამ შექმნა დაუსჯელობის სინდრომი, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა, იმას აკეთებს და ამას თავად უწოდებენ ერთიან მეგობრულ გუნდს. მე მოგიყვებით რამდენიმე შემთხვევას, სადაც ნათლად იკვეთება ყოველივე ზემოთქმული და რასთან ბრძოლასაც, ფაქტობრივად, შევეწირე.

დავიწყებ ბოლო ინციდენტიდან: 2017 წლის 3 მაისს გვქონდა რიგითი ტრენინგი, რომელსაც ატარებდა ტრენერი ოთარ ფიდიური. მან ტრენინგის დასაწყისშივე ყველას გამოგვიცხადა, რომ შესვენება არ იქნებოდა დროის სიმცირის გამო, ეს კი დარღვევა გახლავთ. გავიარეთ ტრენინგის ზეპირი და წერითი ნაწილები, ბოლოს საელჩოს ტერიტორიაზე გვქონდა პრაქტიკული გამოცდაც. როცა პირადად მე ეს გამოცდა გავიარე, მივედი ტრენერ ოთარ ფიდიურთან და მეგობრულად წყნარად ვუთხარი, რომ დიაბეტის გამო ვიყავი ძალიან ცუდად, რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოვახერხე საკვების მიღება და ვთხოვე, გავეშვი პარკინგზე, რათა მანქანაში მეჭამა. მან მითხრა, რომ ვინაიდან პოსტზე ვიმყოფებოდი, ტერიტორიას ვერ დავტოვებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამიფორმებდა „სიქლივს“ (არასამუშაო დღეს) და დამითხოვდა ტრენინგიდან. არადა, ამას მეუბნება მაშინ, როცა, ფაქტობრივად, ყველა ნორმატივი დამთავრებული მქონდა. ასეთმა მიდგომამ და ამ ფსიქოლოგიურმა წნეხმაც ძალიან გამაკვირვა, რადგან უკვე თავისუფალი ვიყავი და უბრალოდ ველოდებოდი სხვა კოლეგებს, სანამ ისინი დაამთავრებდნენ პრაქტიკულ ნორმატივს. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიყავით უნიფორმაში და რაც მთავარია, ამით ხელს არ ვუშლიდი არავის. გულახდილად რომ გითხრათ, მეწყინა მისგან ეს პასუხი _ პირისგან, რომელიც ტრენინგს გვიტარებს. როგორ გადაგვერჩინა სხვისი სიცოცხლე, როცა ეს ადამიანი თავისი თანამშრომლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს?! ვიმეორებ: ვიყავი ძალიან ცუდად, ვცახცახებდი და ძლივს ვიდექი ფეხზე! ჩემთვის ერთი ლუკმა იმ დროს იყო, როგორც წამალი. ასეთ მდგომარეობაში რომ მიხილა, რაციით დაუძახა გარდს და მითხრა, რომ მისთვის მანქანის გასაღები მიმეცა, რომ ჩემთვის საჭმელი მოეტანათ. მე ავუხსენი, საჭმელი იყო წვნიანი და სალათა ღია ჭურჭელში, ამიტომ ძნელი მოსატანი იქნებოდა. მან საბოლოოდ უარი განაცხადა ჩემს გაშვებაზე. უბრალოდ, კითხვა მაქვს: კომაში რომ ჩავვარდნილიყავი, ვინ იქნებოდა დამნაშავე?! მანქანაში ვაშლიც მქონდა და გარდს ვთხოვე, ის მაინც მოეტანა, იქნებ, კანკალი და თავბრუსხვევა მაინც გამეჩერებინა და არ წავქცეულიყავი. ამ დროს იქვე მდგომი სუპერვაიზერი ნუგზარ აბუთიძე მეუბნება: ნუ ძაბავ სიტუაციასო. ანუ მე აღმოვჩნდი განსაცდელში, სადაც კოლეგის, მეგობრის, თანამებრძოლის, სუპერვაიზერის დახმარება მჭირდებოდა და ამ დროს მათგან ვიღებ შენიშვნებს და არაადამიანურ დამოკიდებულებას.

_ როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი?

_ თითქმის 200-კაციანი სტაფიდან არავისთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია. დახმარების სურვილი და გვერდით დგომა _ ეს იყო ჩემი დამოკიდებულება კოლეგებთან, რასაც ბევრი დაადასტურებს. სენიორ გარდ ნუგზარ აბუთიძესთან კი, მისი მძიმე ხასიათის გამო, სამსახურის მანქანაში მორიგეობის დროს მეწყვილედ ყოფნას ბევრი არიდებდა თავს, მათ შორის, მეც და ვფიქრობ, ეს უტაქტო და უადგილო შენიშვნა სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება. მან აღნიშნულ სიტუაციაშიც გამოიჩინა დიდი „ყურადღება“ და სასიკვდილოდ განწირულს მითითებები მომცა. ამაზე ახლაც ვფიქრობ, _ რომ გავეშვი თუნდაც 40 წუთით ადრე, ამით ხომ საერთოდ არაფერი დაშავდებოდა?! ნუგზარ აბუთიძის შენიშვნაზე, _ სიტუაციას ნუ ძაბავო, _ გავოგნდი და ვუთხარი, რომ თავად მოვაგვარებდი ტრენერთან პრობლემას. 40 წუთით კიდევ დამტოვეს ამ მდგომარეობაში და 18:00 სთ-ზე, როცა ტრენინგი დამთავრდა, ოთარ ფიდიური ეუბნება სჰიფტ ლიდერ თენგო მესაბლიშვილს: „საჭმლის მოტანაზე ფერაძემ თვითონ განაცხადა უარი, მე მანქანის გასაღებს არავის მივცემ და ჩემს მანქანაში არავის ჩავახედებ“. მსგავსი არაფერი მითქვამს და ეს იყო ტყუილი. მე ეს მართლაც რომ მეთქვა, ამის სრული უფლება მქონდა, მაგრამ სიცრუეზე აღვშფოთდი _ ვინც ვაშლი მომიტანა, იმისთვის მანქანის გასაღები არც მიმიცია, ესეც ყველამ ნახა, რადგან საელჩოს პარკინგზე მანქანას იშვიათად ვკეტავდი.

_ არ მიწყინოთ, მაგრამ ცოტა ბანალური შემთხვევაა _ არაფერი ისეთი არ მომხდარა და ეს იყო თქვენი განთავისუფლების მიზეზი?

_ ამ შემთხვევიდან თერთმეტი დღის შემდეგ, 2017 წლის 14 მაისს, როცა ცვლაში ვიყავი, დამიბარეს კადრების განყოფილებაში, სადაც კადრების უფროსი პოლა მენდესი, ღშO პიტერ ტიდი, LGF ჩომმანდერ-ი გელა მანდეკი და Hღ თანამშრომელი ეკა ბარამიძე იყვნენ. მათ მითხრეს, რომ AღშO ბრეტ ჯონსის მიერ შედგენილია საბუთი, სადაც აღნიშნულია, რომ მე სუპერვაიზერებს ტრენინგზე ვიყვირე ხალხის თანდასწრებით და ჩემ მიმართ გამოიტანეს სასჯელი 2-დღიანი „სასფენშენი“ სუბორდინაციის დარღვევისთვის. მე, რასაკვირველია, ავუხსენი, რომ ეს იყო ტყუილი, გაზვიადებული და ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაც არ იყო და თან მოვითხოვე გელა მანდეკს, დაეტოვებინა ოთახი, რადგანაც მასთან ერთად საუბარს არ ვაპირებდი. ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ მან არ გამოიჩინა სამართლიანი LGF ჩომმანდერ-ის თვისება და არ შემხვდა მანამდე, სანამ კადრებში დავიწყებდით საქმის განხილვას. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა, რომ მას ჩემთან არც არაფერი ჰქონდა სათქმელი, თანაც ვაპირებდი კონფიდენციალური ინფორმაციების მოყოლას მათ დარღვევებზე, რადგანაც მჯეროდა, რომ მათ უკანონო ქმედებებზე ამერიკულ მხარეს შესაბამისი რეაქცია ექნებოდა. ქალბატონი პოლა მენდესი გაოცდა და შემეკითხა, AღშO ბრეტ ჯონსი თუ შემხვდა? მე ვუპასუხე, რომ არც ბატონი AღშO შემხვედრია. თუ არ ვცდები, იმ დროისთვის, როტაციის გამო, ის უკვე წასული იყო საქართველოდან.

_ და ეს ყველაფერი მოყვა ვაშლისა და სოკოს სუპის მოტანა-არმოტანას?

_ ამ ჯგუფმა მოახერხა და მათდამი ნდობით განმსჭვალული ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ტრენინგზე ყვირილი დავიწყე, მათ კი გადაწყვიტეს ჩემი სამაგალითოდ დასჯა. შემდეგ ბატონმა ღშO პიტ ტიდმა შეკითხვა დაუსვა LGF ჩომმანდერ გელა მანდეკს: შენ რატომ არ შეხვდი და რატომ თავიდანვე არ გაარკვიე, რა მოხდაო? LGF ჩომმანდერ-ის პასუხი იყო ასეთი: სამი სუპერვაიზერის ჩვენება მქონდა და ამას რატომ უნდა შევხვედროდიო? როგორ ფიქრობთ, ეს დარღვევა და ადამიანის უფლებების შელახვა არ არის?! ამას აცხადებს ხელმძღვანელი პირი, რომელიც ვალდებულია, რეგულაციებისა და წესების სრული დაცვით იმოქმედოს, მან კი, მაპატიეთ და, საელჩო, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მაღალი რეპუტაცია აქვს, თავის ოფისად გაიხადა. ამ რეპუტაციას ვუფრთხილდებოდი მე და იმიტომ ვითხოვდი ელჩთან შეხვედრას. ამას გამოვუცხადე მე ბრძოლა. მის ამ სიტყვებს იქ მყოფი ეკა ბარამიძეც დაადასტურებს, თუ მას არ ექნება იმის განცდა, რომ სიმართლის თქმის გამო პრობლემები შეექმნება. მე განვუცხადე ბ-ნ ღშO-ს, რომ ვაპროტესტებდი ამ დოკუმენტზე ხელმოწერას, რადგანაც მთელი შინაარსი სიცრუით იყო სავსე და არ იყო საქმე გამოძიებული, მოწმეები დაკითხული, კამერების ჩანაწერები ნანახი. ვიმეორებ: არც ერთი მოწმე არ დაკითხულა და არც კამერები უნახავთ. ამას ვითხოვდი ბოლომდე, თუმცა ამაოდ. გელა მანდეკი ტყუილშიც დავადანაშაულე და იქვე ვუთხარი, რომ იქ, ადგილზე, ორი სუპერვაიზერი იყო და არა _ სამი და კიდევ 4-5 გარდი. ბატონი ტიდი მიხვდა საქმის არსს და მთხოვა, გარეთ გავსულიყავი, სანამ არ დამიძახებდნენ. 35 წუთის შემდეგ დამიძახეს და გელა მანდეკმაც დატოვა ოთახი. ბატონმა პიტერ ტიდმა მითხრა, რომ თავისუფალი ვიყავი და ხელიც აღარ მომაწერინეს აღნიშნულ MEMO-ზე.

_ სამსახურიდან თავისუფალი?

_ არა, ამ კონკრეტული საკითხიდან თავისუფალი. მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, რაც მოხდა ამ შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ: სჰიფტ ლიდერ-მა თენგო მესაბლიშვილმა მიმიყვანა LGF ჩომმანდერ გელა მანდეკის კაბინეტში, სადაც იყვნენ მანდეკი და მისი მოადგილე ანდრო ანტონიანი. ამ შეხვედრაზე გელა მანდეკმა ეშმაკურად მომთხოვა, ხელი მომეწერა რაღაცა დოკუმენტზე, სადაც, მისივე თქმით, ეწერა, რომ ჩვენ შორის შედგა გასაუბრება და ჩომმანდერ-მა გამოიჩინა ყურადღება, შეასრულა წესებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. მე განვუცხადე, რომ არაფერზე ხელის მოწერას არ ვაპირებდი, რომ ეს მას მანამდე უნდა გაეკეთებინა. მეტიც: ეს შეხვედრა გელა მანდეკმა შემდგომში გამოიყენა იმისთვის, რომ გამოძიებისთვის ეთქვა, თითქოს მე მათაც ვუყვირე და შეურაცხოფა მივაყენე. ე. ი. თუ მე ტრენინგზე ცუდად ვიყავი და ამიტომ ვუყვირე და შეურაცხოფა მივაყენე სუპერვაიზერებს, კაბინეტშიც ხომ არ ვიყავი ცუდად? ამ ვითომ „ყვირილის“ შესახებ მითხრა ბატონმა ჟამალ Lეწის-მა ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა ის ჩემსა და ელჩს შორის შუამავლობდა. სწორედ ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობდნენ ყოველთვის ჩემი რეპუტაციის შელახვას.

_ და რატომ?

_ გელა მანდეკი განსაკუთრებით ცდილობდა ჩემ მოშორებას, რადგანაც მე არასოდეს გავურბოდი სიმართლის თქმას და მათ სამართლიან მხილებას. მეტსაც გეტყვით: ჩემს პირად საქმეში არსებული ორი სასფენშენი ისეთივე შეთითხნილია, როგორც ბოლო მესამე და მე შესაბამისი მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს ამის შესახებ. სწორედ ამიტომ მსურდა კონფიდენციალური საუბარი, თუმცა საელჩოში ვერ მოვნახე პიროვნება, ვინც მომისმენდა, ვისთანაც ვიტყოდი გელა მანდეკისა და მისი „სამეგობროს“ შესახებ. ჩემ მიმართ გელა მანდეკს ისეთი დიდი ანტიპათია ჰქონდა, რომ ერთხელ სინიორ გარდ მიშა ჭავჭანიძეს უთხრა: როგორ მინდა, ფერაძესავით შენც ჩამოგგლიჯო ბეჯიო! ვინ იცის კიდევ რამდენი სიბინძურე და ჭორი გამივრცელა ამერიკელი ხელმძღვანელობის წინაშე. ზოგიერთი ცილისწამება შემიძლია, მე თავადაც მოგიყვეთ.

_ კარგით, რა მოხდა 2017 წლის 14 მაისის შემდეგ?

_ 16 მაისს კვლავ დამიბარეს კადრების განყოფილებაში, სადაც დამხვდა ყველა ის პირი, ვინც ესწრებოდა წინა შეხვედრას. ბატონი ტიდი მეუბნება, რომ ის ეთანხმება AღშO ბრეტ ჯონსის მემო-ს და ახლა უკვე თავისი ხელმოწერით გამზადებულ სასფენშენზე მთავაზობს ხელის მოწერას. მე კვლავ განვუცხადე, რომ არ ვეთანხმებოდი შინაარსს და ვითხოვდი ობიექტურ გამოძიებას. აქვე წარვუდგინე ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის საბუთი ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, რომ მე ვარ დიაბეტით დაავადებული და ვსაჭიროებ მკაცრად განსაზღვრულ კვებით რეჟიმს. ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვან საბუთს არ მიექცა არანაირი ყურადღება, რაც ფრიად გულდასაწყვეტია. ბატონმა ღშO-მ საბოლოოდ დამიტოვა სასფენშენი ძალაში. მე მას დავუსვი შეკითხვა: როცა სუპერვაიზერი ჩაგრავს თანამშრომელს, ამ დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, _ თავი დახაროს თუ იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის? მან მიპასუხა, რომ ის გზა, რაც მე ავირჩიე, არაეფექტიანია და რეალობას უნდა შევგუებოდი. გარკვეული დროის მერე შემხვდნენ კლიფორდ რიდი და ჟამალ Lეწის. მე მათ ვუთხარი იმ მოწმეების სახელები და გვარები, რომლებიც იყვნენ 3 მაისის ინციდენტის შემსწრენი, მათ შორის, ორი ახალი გარდიც, მაგრამ მათ არავინ დაუბარებიათ. სამწუხაროდ, ასე დამაჯერებლად მიიჩნიეს ჩემ წინააღმდეგ ოთარ ფიდიურის, ნუგზარ აბუთიძისა და შემდგომში გელა მანდეკის, ანდრო ანტონიანისა და თენგო მესაბლიშვილის ჩვენებები.

_ ამ შემთხვევის შემდეგ თქვენ ხომ დარჩით თქვენს პოსტზე _ სამსახური არ დაგიტოვებიათ. რა მოხდა მერე?

_ ჩემში და საელჩოს ბევრ ახლანდელ თანამშრომელში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ ბოროტად იყენებს რომელიღაცა ჯგუფი დიდ ნდობას საკუთარი კლანის განსამტკიცებლად. აქვე ვიტყვი მიზეზს იმისა, თუ რატომ ვთხოვე ბატონ ელჩს 2017 წლის 14 დეკემბერს საზეიმო ცერემონიალის დროს შეხვედრა კონკრეტულ დარღვევებზე სასაუბროდ. ამ ცერემონიალზე მეც დამიძახეს, რათა გადმოეცათ სიგელი 10 წლისთავთან დაკავშირებით. იმიტომ ვთხოვე შეხვედრა, რომ როგორც თავში აღვნიშნე, არავინ მისმენდა.
2017 წლის 15 დეკემბერს AღშO ჯულიანმა ბეჯი ჩამომართვა იმ მოტივით, რომ ნდობა დაკარგა ჩემ მიმართ, წინა დღეს კი ელჩმა დამაჯილდოვა. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ერთი კვირის მერე, 2017 წლის 21 დეკემბერს, როცა კადრებში გამომიცხადეს, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ და მიზეზად დამისახელეს სუბორდინაციის დარღვევა უკვე მეორედ, ბატონ ჯულიანს ვუთხარი, რომ ბიულეტენზე (სიქლივი) ვიყავი. მან ეს ფაქტიც გულგრილად მიიღო, რაც ჩემთვის კიდევ ერთ იმედგაცრუებად იქცა, რადგან ბატონი ჯულიანისგან ველოდი, რომ ის მაინც დაინტერესდებოდა და მომისმენდა, რადგან მას ჩემთან პირადი კონტაქტი არასდროს არ ჰქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის წინასწარ იყო ჩემ მიმართ უარყოფითად განწყობილი.

_ რა მოხდა 2017 წლის 14 დეკემბერს _ ბეჯის ჩამორთმევამდე?

_ ერთ-ერთ კრებაზე ელჩის მოადგილე ბატონმა ბერლინერმა ბრძანა, რომ ყველა ვალდებული ვართ განვაცხადოთ იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ჩაიდენს საელჩოს ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის, სუპერვაიზერიც. და რა გამოვიდა? ზუსტად მათ დარღვევებზე, დანაშაულსა და ტყუილებზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ამ კლანმა მაინც მოახერხა და „ყველა ერთის წინააღმდეგ“ პრინციპით დახატა სურათი, თითქოს მე ავადმყოფი, გიჟი და თავხედი ვარ, რომელიც ბოდიშსაც არ იხდის. ჩემი ეს ფსიქოპორტრეტი გახდა მიზეზი იმისა, რომ ბატონი ელჩი, იან კელი, არ შემხვდა.

_ რას მოითხოვთ, ბ-ნო დავით?

_ ჩემი სურვილია, ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ისტორია და, ჩემი გამართლების შემთხვევაში, მოხდეს ჩემი პიროვნების რეაბილიტაცია: აღმადგინონ სამსახურში, პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებიც საელჩოს სახელს უტეხენ და ამინაზღაურონ განაცდენი. ამ ისტორიის სამართლიანად დასრულება დაარწმუნებს საელჩოს უამრავ თანამშრომელს, რომ ამერიკული მიდგომები არის სამართლიანი ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ.

_ 2017 წლის შემდეგ სამი წელი გავიდა და რატომ ახლა?

_ უაღრესად დიდ პატივს ვცემ აშშ-ის ელჩს _ ახლანდელს და ჩემს დროს ვინც იყო, იმასაც, ღირსეულ დიპლომატიურ კორპუსს! დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მქონოდა, პირადად ელჩისთვის მომეყოლა ჩემი ისტორია, ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა. სხვათა შორის, სანამ თქვენ მოგმართავდით, არაერთი წერილი მივწერე საელჩოს, მათ შორის, ჩემმა ადვოკატმაც.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს, სადაც კომუნიკაცია შედგა თამარ ლაბაძესთან, რომელმაც დაგვიდასტურა კითხვების მიღება და გვითხრა, რომ ოფიციალური წარმომადგენელი შეგვეხმიანებოდა პარასკევს ან ორშაბათს. ქ-ნ თამარს ვთხოვეთ, რომ ვინაიდან გაზეთი ორშაბათს გამოდიოდა, იქნებ, პარასკევს დაგვკავშირებოდა საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და აშშ-ის საელჩოს პოზიციას მაშინვე გაგაცნობთ, როგორც კი მისი ოფიციალური წარმომადგენელი დაგვიკავშირდება.

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება