- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-09 07:00:08
ქართველები რომ გაუტანლობითა და შიდა დაპირისპირებების სიუხვით გამოვირჩევით, არახალია. ოდითგანვე ვებრძოდით ერთმანეთს და მატერიალური სარგებლის გამო მოსისხლე მტერსაც ისე კოხტად მივეთვისებოდით, თითქოს ჩვენი აკვანი მას დაერწია და ზედ იავნანაც დაეყოლებინა.
არ გეგონოთ, ეს ჩვევა ვინმესთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, მეტიც: საქართველოს მტერმა ყოველთვის იცოდა, რომ ყველაზე კარგი დასაყრდენი სწორედ აქ, შიდა წრეებში ჰყავდა და რამდენიმე ოქროს სანაცვლოდ შეეძლო სცოდნოდა ყველა სისუსტე და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტისთვის საქართველოს მარცხში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მრავალი წლის გასვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, ერთადერთი ბრძოლის მეთოდებმა, სატრანსპორტო საშუალებებმა და მოსყიდვის ფორმებმა განიცადა ტრანსფორმაცია. ადრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაპყრობად ვინმე ხმლით, შუბითა და ცხენით თუ მოდიოდა, დღეს ბევრად უფრო მძლავრი და ეფექტიანი იარაღი, საინფორმაციო-ჰიბრიდული ომი აღმოაჩინეს, რომელიც ისე მძლავრად აკეთებს იმას, რასაც ადრე თვეები და წლები სჭირდებოდა, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ, ამის სანაცვლოდ კი გასამრჯელოს ძალიან ეფექტიანი ფორმა, გრანტი მოიგონეს, რომელიც იმის მიხედვით ნაწილდება, რამდენად უფრო კარგად შეეცდები გააკეთო ის საქმე, რომელიც დამკვეთის მთავარი ამოცანაა.
სწორედ ამ ჰიბრიდული ომის დამსახურებაა ჩვენ ირგვლივ არსებული ძალადობრივი ჯგუფები და საკმაოდ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორ სხვადასხვა მმართველს _ რუსეთსა და აშშ-ს ემსახურება. დღეს მსოფლიოში ეს ორი ქვეყანა იბრძვის იმისთვის, თუ რომელს უფრო მეტი გავლენა ექნება დანარჩენ ქვეყნებზე და ვინ უფრო მეტ ტერიტორიას დაიბპყრობს ისე, რომ საზღვრების გავლებაც კი არ იყოს საჭირო.
იმისთვის, რომ საწადელს მიაღწიონ, იყენებენ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ყველაზე სენსიტიურ თემებს, რომლებიც ადამიანის გრძნობებსა და უფლებებზე გადის, აი, ისე, როგორც ამ მოცემულობაში გვაქვს.
არსებობს კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც აქტიურად ცდილობს დაიცვას მისი იდენტობა, უფლება და გამოხატვის თავისუფლება _ ლგბტქ თემი.
ასევე არსებობს მეორე, რადიკალურად განწყობილ ადამიანთა რამდენიმე ჯფუფი, რომელიც ცდილობა დაიცვას ის ტრადიციული შეხედულებები და ფასეულობები, რაც ჩვენს ქვეყანას (არა მხოლოდ ჩვენსას) ოდითგანვე მოსდევდა.
ამ ორი ჯგუფის გამოსვლებს, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და ფასეულობებს თუ შევადარებთ, რაღაც მომენტში (სრულიად სამართლიანად და ლოგიკურად), შევხედავთ, რომ ორივე მათგანი, თავისი არსით, ძალიან წააგავს სწორედ იმ ერთმანეთთან დაპირისპირებულ გიგანტს, რომლებიც ზემოთ ვახსენე. მოძალადე რადიკალები, რომლებიც ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან და უკრძალავენ თავისუფალი ცხოვრების სტილს, თავიდან ბოლომდე ატარებენ იმ იდეოლოგიას, რომელიც საქართველოს ჩრდილოელ, ოკუპანტ მეზობელს _ რუსეთს აქვს, მეორე მხარის ქმედებები კი აშკარად ლიბერალიზმს ქადაგებს, რომელიც იმდენად შორსაა რუსეთისგან, როგორც მისი „დამკვეთი“ აშშ.
შეკრების, მშვიდობიანი მანიფესტაციისა და, ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეს ჩვენი კონსტიტუციით გამოხატული და მონიჭებული უფლებაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ და ყოველთვის დავაფიქსიროთ და გავაპროტესტოთ, ის, რაც ვიცით, რომ გვვნებს, გვასუსტებს და ჩვენს პიროვნულ თავისუფლებაზე გადის. ამავე აზრის არიან ის ადამინებიც, რომლებიც 17 მაისს თუ ახლა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ქუჩაში არიან გამოსულები. ისინი იცავენ თავიანთ უფლებებს, ასეთია შეფასება ადამიანებისა, რომლებიც მათ მხარეს დგანან და აქტიურად უპირისპირდებიან სატელევიზიო ეთერებსა თუ სოციალურ სივრცეებში იმათ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სულაც არ არის საჭირო ქუჩაში გამოხვიდე და „იყვირო“ საკუთარი იდენტობის შესახებ.
საკამათო საკითხია და იმდენად დიდი დროის დათმობა შეიძლება ამ კამათისთვის, რომ უსასრულობის ნიშანი უპრიანი იქნებოდა. საკამათოა იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის იდენტობა განპირობებულია მისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მონაცემებით, არავინ ხდება გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი (ქალი ან კაცი) ან ქვეარი, თუ მასში ეს დაბადებიდან არ ზის. გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურად მივდივართ მოცემულობამდე, რომ ჰეტეროსექსუალიც და ჰომოსექსუალიც არის სტანდარტი, რომელიც ბუნების კანონზომიერებას მიეკუთვნება, ანუ რელიგიასთან უფრო ახლოს მყოფი სიტყვებით რომ ვთქვა, ღმერთმა შეგვქმნა ისეთად ყველანი, როგორებიც ვართ.
ვისთვისაც ყველაფერი ის, რაზედაც ზემოთ მოვყევი, მისაღები და გასაგებია, არიან ადამიანები, რომლებიც ამას _ გაგების დონეზეც, ვერ გებულობენ, რადგანაც მათი შეხედულებითა და მსოფლმხედველობით სტანდარტი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ურთიერთობაა და იქ იმხელა წერტილი აქვთ დასმული, შეწინააღმდეგებას რომ აზრი არ აქვს, თუმცა (ჩემი აზრით) არც უნდა გვქონდეს ამაზე რეაქცია და არც უნდა შევეწინააღმდეგოთ, რადგანაც გარეთ 21-ე საუკუნეა, ადამიანი, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც ახლა აღვწერე, გადასარევ ურთიერთობაშია ინტერნეტთან და ძალიან კარგად იცის, რა და როგორ ხდება ბუნებაში, მაგრამ მისთვის სტანდარტი არის ეს და არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. რა უფლება გვაქვს, ვინმეს შეხედულება და გამოხატვა ვაკრიტიკოთ მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის გამო ქუჩაში ვდგავართ და ვითხოვთ: „პატივი ეცით ჩვენს შეხედულებებსო“. დიახაც, უნდა გვცენ პატივი, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ სიტყვა ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობა და კეთილი ვინებოთ, კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რომ ეძღვნება, მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ის ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც დავინახოთ, რადგანაც კონსტიტუცია ერთია და ის ყველაზე ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც ისევე მოიაზრება რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლად, როგორც ლევან ვასაძე, გია კორკოტაშვილი და გურამ ფალავანდიშვილი, საინფორმაციო სააგენტო ჩNეწს-თან საუბრისას განაცხადა, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ისევე უნდა ჰქონდეთ მუშაობისა და სრულფასოვნად ცხოვრების უფლება საქართველოში, როგორც ყველა სხვას და ეს არის საკითხი, რომელიც აქტიურად უნდა განიხილებოდეს, თუმცა მისთვის გაუგებარია, ამის ქუჩაში გაპროტესტება რა საჭიროებას წარმოადგენს (მეტი სიცხადისთვის, ინტერვიუს ამონარიდსაც დავურთავ).
„არ ვიცი, მოგეხსენებათ თუ არა, მაგრამ ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება იმისა, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ, იმუშაონ ისე, როგორც სხვა რიგითმა მოქალაქეებმა. აი, ამას ამბობენ რეალურად ეს ადამიანები 5 ივლისის ღონისძიებით.
ის, რაც თქვენ ბრძანეთ და ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, თუკი ასეთი რამ არის, ამას უნდა მაქსიმალურად დიდი ყურადღების მინიჭება. როდესაც მსგავსს ასპექტში უმცირსობის უფლება ირღვევა, ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივანიჭოთ, რადგანაც ისინი მოწყვლადი ჯგუფები არიან და უნდა გავჩერდეთ აქ. მაგრამ როგორც კი საკითხი ჰომოსექსუალიზმის რეკლამირებაზე გადადის, აქ ქმედება იწვევს უკუჩვენებას. თუკი ვინმე ვინმეს ჩაგრავს, არ აძლევეს მუშაობის საშუალებას, ეს ცალკე საკითხია და ამაზე უნდა მოხდეს სერიოზული მსჯელობა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ადამიანები, რომლებიც გამოფენილი არიან ეკრანებზე, მათ სხვა მიზნები აქვთ“.
თუკი ბაღათურიას ამ შეხედულებას კარგად დავუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს ადამიანი არაფერს ამბობს მიუღებელს, რადგანაც ქვეყანაში, სადაც გვაქვს კონსტიტუცია, რომელშიც შავით თეთრზე გარკვევით წერია, რომ ყველანი თანასწორები ვართ, ეს ნიშნავს იმასაც, რომ სამართლიანია შენი მოთხოვნა, თუ ამ უფლებების დარღვევას აპროტესტებ და გინდა, რაიმე კონკრეტულ შედეგებზე გახვიდე, მაგრამ ამ შედეგების მისაღწევად არსებობს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო _ სქართველოს პარლამენტი, სადაც შესაძლებელია მოხდეს კონკრეტული კანონპროექტის ან კანონში შესატანი რაიმე სახის ცვლილების ინიცირება და ეს საკითხი ცივილიზებული და ჰუმანური გზებით გადაიჭრას. პრობლემის მოსაგვარებლად ქუჩაში ფერადი „პეროებით“, დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით გამოსვლა არ არის საჭირო.
მასალის მომზადებამდე ერთ-ერთი ლგბტქ თემის წარმომადგენელი შემეხმიანა, რომლის სახელსაც იქიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, რომ ამ კომენტარის შემდეგ შესაძლებელია, თავად თემის წევრების მიერ გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ის გვიყვება, რომ გაკეთებული აქვს ქამინგაუთი (საკუთარი სექსუალური იდენტობის აღიარება, _ რედ.) თუმცა, ამის მიუხედავად, მას არასოდეს ჰქონია სამსახურის პრობლემა, არასოდეს გამხდარა ვინმესგან აგრესიის ან ძალადობის მსხვერპლი იმისთვის, რომ ჰეტეროსექსუალი არ არის:
_ როგორ ცხოვრობ? ვიცი, რომ დასაქმებული ხარ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქამინგაუთიც გაქვს გაკეთებული _ არ გექმნება ამის გამო პრობლემები?
_ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, სულ ვმუშაობ. ჩემმა მეგობრებმაც, ოჯახმაც და იმ ადამიანებმაც, ვისთან ერთადაც ვატარებ ყველაზე მეტ დროს, იციან რომელი სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ამის გამო არასოდეს მიგრძვნია რაიმე, თუნდაც შეურაცხმყოფელი მზერა. მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება და თამამად ვამბობ, რომ მყავს შეყვარებული და მასთან ბედნიერად ვგრძნობ თავს. საწოლის ამბებს არ ვყვები, ვის რაში აინტერესებს ან რატომ უნდა რომ ვაფიშირებდე ამას? ეს ისევე ამაზრზენია ჩემთვის, როგორც იმ მოზარდების მოყოლილი ისტორიები, სექსუალური გამოცდილება რომ პირველად მიიღეს და ამის შესახებ ყველგან ყვებიან.
_ შენ არ გადიხარ პრაიდზე ან არ ყოფილხარ რომელიმე მსგავს აქციაზე?
_ არ ვიცი, რა მიზნით უნდა გავიდე. ვერ ვხდები, რატომ უნდა დავიკავო ხელში პლაკატი, რომელზედაც წერია, რომ „სიყვარული არის სიყვარული“. ეს ყველამ კარგად იცის ისედაც და იმ ადამიანებმაც, რომლებიც „პრაიდის“ წარმომადგენლების მისამართით ხან კვერცხებს და ბოთლებს ისვრიან, რაც ბოლოს ვნახეთ და ხანაც ცდილობენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. არ მესმის, რა საჭიროა ეს, თუ რაიმე პრობლემა გაქვს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები და უნდა მიმართო მას. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები, პეციალურად აკეთებენ ამას, რათა ეს პროცესები განვითარდეს ქვეყანაში, რაც ახლა ხდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არასოდეს მქონია რაიმე პრობლემა, როგორც გითხარით და ძალიან ბევრს ვიცნობ კიდევ, რომლებიც ჩემსავით არიან. რაღა მაინცდამაინც იმ ერთი და იგივე სახეებს ექმნებათ სულ პრობლემები, რომლებიც რომელიღაც ენჯეოს სახელით არიან წარმოდგენილები?
_ ანუ გამოდის, რომ არ ხარ მათ მიმართ სოლიდარული?
_ სოლიდარული კი ვარ და მიმაჩნია, რომ თითოეული ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს, უბრალოდ, ფორმას ვერ ვხდები პროტესტისას, მე ვერ ვხედავ ამ პროსტესტზე რეალურ პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ქუჩაში და სხვაგან არ მოხდება ამის მოგვარება. ეს პრაიდი ჩემთვის პირადად აღიქმება ისე, რომ მე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და მოვითხოვ, რომ შენ ეს იცოდე (იცინის).
ზუსტად ვიცი, ამ სიტყვების გამო ჩამქოლავენ, მაგრამ მაინც ვეტყვი თქვენი მეშვეობით: მეგობრებო, მეც თქვენნაირი ვარ და ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, უბრალოდ, შეეცადეთ, რომ თანასწორად იგრძნოთ პირველ რიგში საკუთარი თავი და მიხვდებით, რომ თქვენ არ ხართ ვინმესგან განსხვავებულები _ შენ ხარ შენ და ნურასოდეს შეეცდები, საკუთარი თავი თავად გარიყო გარესამყაროსგან.
სტატის ბოლოს, ისევ იმას დავუბრუნდები, რითაც დავიწყე და გეტყვით, რომ როდესაც რაიმე სახით თქვენი უფლება შეიზღუდება, ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, მუდამ მზად ვართ იმისთვის, რომ რისი თქმაც გსურთ, მივიტანოთ ადრესატამდე, შემდეგ კი ბოლომდე მივყვეთ, რამდენად ეფექტიანი თუ ხარვეზიანი იქნება შესაბამისი ინსტიტუტების ჩართულობა ამ პრობლემის მოგვარებაში. არასოდეს დაუშვათ, ვინმესთვის იარაღად იქცეთ, რათა საკუთარი მიზნები განახორციელოს.
P. შ. დიახ, Lოვე Iს Lოვე _ ამაში ორი აზრი არ არსებობს და მეც, როგორც რიგითი მოქალაქე და ჟურნალიტი, დღეს ვიდგები თქვენ გვერდით იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში ჩემი წვლილი შევიტანო, თუმცა აქვე დავაფიქსირებ იმასაც, რომ თეთრეულის გამოფენით რუსთაველის გამზირზე არაფერი მიიღწევა, გარდა ერთისა _ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამით ღიზიანდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებული ფასეულობების მატარებელია და მასაც ახსენდება, რომ აქვს გამოხატვის თავისუფლება (საკმაოდ დამახინჯებული ფორმებით) და გამოდის ქუჩაში, ხშირ შემთხვევაში კი ის, სადაც თქვენც იმავე გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე დგახართ.
გიგა გელხვიიძე