- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-02 08:40:40
ა(ა)იპ სპორტისა და აქტივობის ცენტრი _ ასე ჰქვია ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხელფასებში, ყოველწლიურად, 285 180 ლარს ხარჯავს. ცენტრში სულ 53 ადამიანია დასაქმებული.
„ქრონიკა+“-ის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე კახა ენუქიძემ მოგვაწოდა, ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტს ფიტნეს სექტორიც აქვს, რომელიც, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მმართველი პარტიის მხარდაჭერებისთვისაა გათვლილი.
რაც შეეხება კონკრეტულ სამსახურს, ადგილობრივებისთვის ამ ყველაფრის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ქრონიკა+“ მათ ინფორმაციის მოძიების მიზნით დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ამ სექტორის მიერ რეალურად გაკეთებული საქმე ჯერ არ უნახავთ.
სანამ ჩვენს გამოცემასთან საუბარს დაიწყებდნენ, გვითხრეს, რომ ბაღდათი პატარაა და არ სურდათ ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომაც გვთხოვეს, მათი ვინაობა ანონიმურად დაგვეტოვებინა:
_ რა ინფორმაციას ფლობთ სპორტისა და აქტივობის ცენტრის შესახებ?
_ მსგავსი ორგანიზაცია თუ არსებობდა, თქვენგან მესმის პირველად, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ბაღდათს აქვს საფეხბურთო კლუბი, რომელიც ყოველთვის იყო და მის გარდა რამე სხვაც თუ არსებობს, ნამდვილად არ ვიცი.
_ სარგებლობთ თუ არა ფიტნეს კლუბის მომსახურებით?
_ (იცინის), ეგ ფიტნეს კლუბი, რომელზედაც საუბრობთ, რამდენიმე წლის წინათ დაარსდა. გვეგონა, რომ რაღაც ახალი გაკეთდა ახალგაზრდებისთვის და როდესაც გადავწყვიტეთ მივსულიყავით, აღმოჩნდა, რომ არ შეგვეძლო სიარული. რამდენიმე ხანის წინ კი შევნიშნეთ, რომ ვიღაცები ვარჯიშობდნენ. როცა დავაკვირდით აღმოჩნდა, რომ ყველა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში რამდენიმე ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის ყოფა გაუმჯობესდეს, თუმცა კონკრეტული პირებისთვის ხელფასის მისაცემად კარგი საშუალებაა.
ყოველი არჩევნების შემდეგ ახალი რაღაც კეთდება, რათა არჩევნების წინ გაცემული დაპირება დასაქმების შესახებ როგორღაც შეასრულონ, რის სანაცვლოდაც „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. ჩვენი ფული, რომელსაც სახელმწიფო იმისთვის გამოყოფს, რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს ხალხის პირობები, ისევ მათ ჯიბეში მიდის და ჩვენ ამით რა?
„ქრონიკა+“ ა(ა)იპ ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დირექტორ ბიძინა ჯაბიძესაც დაუკავშირდა:
_ ბატონო ბიძინა, ვის აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპორტული დარბაზით?
_ სპორტული დარბაზით სარგებლობა შეუძლია ყველას, თუმცა მხოლოდ იმ საათებში, როდესაც იქ მისი ხალხი არ ვარჯიშობს. შეგახსენებთ: მუნიციპალიტეტში, სადაც სამუშაო ადგილების არქონისა და მწირი შემოსავლების გამო ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური მიგრაციაა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სპორტულ დარბაზში სარგებლობა მსურველებს 30 ლარი უჯდებათ.
_ ვის ემსახურება ფიტნეს სექტორი, სადაც სამი ადამიანი გყავთ დასაქმებული, რომელთა წლიური სახელფასო ჯამი 15 000 ლარით განისაზღვრება?
_ აღნიშნული დარბაზი 2012 წელს დაარსდა და რამდენიმე წელია, რაც ჩვენი ცენტრის ბალანსზე გადმოვიდა. დარბაზში ყველას შეუძლია შემოსვლა და ვარჯიში, ღირებულება კი ერთ პირზე 30 ლარით განისაზღვრება.
_ ბატონო ბიძინა, ჩვენ რამდენიმე ადგილობრივს გავესაუბრეთ. მათ განგვიცხადეს, რომ დარბაზით მხოლოდ ის პირები სარგებლობენ, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდებიან, ამ საკითხზე რას გვეტყვით?
_ ტყუილია, შენ შემოგევლე. ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს შეუძლია შემოვიდეს და ივარჯიშოს. ეგ კი არა, თუ ჯგუფურად მოვლენ სავარჯოშოდ, ამ შემთხვევაში 20 ლარი არის ღირებულება, ნაცვლად 30 ლარისა. შუადღის პერიოდში დარბაზში ჩვენი ბავშვები ვარჯიშობენ და მათ არ სურთ, უბრალოდ, ვინმე უცხო პირი შემოვიდეს ამ დროს, თორემ დილის 9-დან 12 საათამდე და საღამოს 5-დან 11 საათამდე ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს დარბაზის მომსახურებით.
ვინაიდან მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის სახელწოდება პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, დავინტერესდით, თუ, რამდენად ხშირად ჰქონდათ კავშირი ადგილობრვ მცხოვრებლებთან. წინა კითხვებისგან განსხვავებით, ბიძინა ჯაბიძე ამ შემთხვევაში, არ ვიქნები გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ცოტა აღელდა და იმ მოსწავლესავით გვიპასუხა, გაკვეთილი კარგად რომ არ იცის, მაგრამ დაუმადლებელი ათი ქულის დასაწერად გამზადებულ კალამს მასწავლებელი ისევ გვერდით რომ წევს, თხრობის რაღაც ნაწილში წარმოთქმული „სიბრძნის“ გამო.
_ ა(ა)იპ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. რამდენად ხშირად ხვდებით ახალგაზრდებს, იმ პირებს, რომელთათვისაც რელურად შეიქმნა აღნიშნული ცენტრი?
_ ვინც გვეხმიანება, მათ აზრს კი ვითვალისწინებთ და ვისმენთ. შეგვეხმიანონ და მოვუსმენთ ყველას.
მასალის მზადება თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ როგორც იტყვიან, გულმა არ მომითმინა და მთლად მუნიციპალიტეტის თავკაცს, ბაღდათის მერ არჩილ გოგსაძესაც გავესაუბრე. ვკითხე, რამდენად გამართლებულად მიიჩნევდა ღარიბი მუნიციპალიტეტის ხარჯზე არსებული მდიდარი ა(ა)იპ-ის მიერ ისედაც მუნიციპალიტეტიდან გაქცევის სურვილით გულანთებულ ახალგაზრდებს, ვარჯიშში 30 ლარს რომ ახდევინებდნენ? პასუხი იმდენად საინტერესო იყო, რომ მარტივად მივხვდი, ვისგან იღებს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მაგალითს, სანამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მოემზადება:
_ ბატონო არჩილ, რამდენად გამართლებულია, რომ ისედაც მძიმე ყოფის მქონე ახალგაზრდობას დამატებითი ფინანსების გაღება სჭირდება, რათა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სავარჯიშო დარბაზის მომსახურებით ისარგებლოს?
_ ა(ა)იპ-ის ზოგადი არსი რა არის? _ არაკომერციული, არამომგებიანი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შესაბამისად, მას აქვს უფლება, აწარმოოს რაღაც. მაგალითად, თქვენ რომ გინდოდეთ კონცერტის ჩატარება კულტურის სახლში, ხომ უნდა იქირაოთ დარბაზი? უსასყიდლოდ ხომ არავინ დაგითმობთ? შესაბამისად, ამ ცენტრს, რომელზედაც საუბრობთ, აქვს თავისი სიმდიდრე, ის ტრენაჟორები, რომლებიც იქ დგას. ახლა ყველა რომ შევიდეს, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და წელს ვგეგმავ, რომ დავამონტაჟოთ სავრჯიშო მოწყობილობები, როგორც ქალაქებაშია და ვისაც ენდომება, რა თქმა უნდა, უფასოდ ივარჯიშებს.
„ქრონიკა+“ ბაღდათის გარდა კიდევ სხვა მუნიციპალიტეტების მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ სამსახურების საქმიანობითა და ფინანსური ხარჯებითაც დაინტერესდა, რომლებიც რეალურად იმაზე მეტს ხარჯავენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვიდრე აკეთებენ.
მოპოვებულ ინფორმაციასა და მასალებს „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომრებში იხილავთ.
გიგა გელხვიიძე