- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-02 08:24:06
ჩვენს საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, რა რეაქცია მოჰყვა თბილისში პუტინის იდეოლოგ პოზნერის ჩამოსვლას. ემახსოვრება „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციაც, სადაც ახალგაზრდებს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, უხამსი ჟესტი აჩვენა. იმის ნაცვლად, რომ ვოლსკი დაეგმოთ, 12 ახალგაზრდა დააკავეს. მართალია, ისინი მალევე გამოუშვეს, მაგრამ მათი სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერ დიმიტრი ბიძინაშვილს ვოლსკის დაუნდობელი და სასტიკი გინების გამო ასამართლებდნენ. ეს იმდენად აბსურდული ბრალდება იყო, რომ სასამართლომ ბიძინაშვილის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.
რატომ ისჯება ვოლსკისთვის მყუდროების დარღვევა? რა გზას დაადგა „ქართული ოცნება“? რატომ მიატოვა ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები? რატომ ჩავარდა სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში? _ ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ დიმიტრი, თითქმის ორი თვე გრძელდებოლდა „შეცვალეს“ წევრების სასამართლო პროცესები. თქვენ გასამართლებდნენ იმიტომ, რომ პუტინის იდეოლოგის ჩამოსვლა გააპროტესტეთ. პირადად თქვენ გია ვოლსკის გინების გამო იდევნებოდით. ასეთი რა უთხარით „ოცნების“ მაღალჩინოსანს, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა?
_ ისეთი არაფერი. რაც არის და რაც ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, ის ვუთხარით. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა. ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. სხვანაირად რომ მოქცეულიყო ხელისუფლება, ეს უფრო გაგვაოცებდა. ჩვენთვის მოულოდნელობა არც „ოცნების“ ლიდერის უზრდელობაა. ესეც ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს კახა კალაძემ შუა თითი აჩვენა. მარნეულის ყოფილმა მერმა ადამიანს საკუთარი შარდი შეაზელინა სახეზე. ეს უკანასკნელი ამის გამო ცოტა ხნით დააკავეს, მაგრამ მერე გამოუშვეს და დღეს თავს მშვენივრად გრძნობს. მას ძალადობა აპატიეს იმიტომ, რომ ივანიშვილის დაცვაში მსახურობდა.
„ქართული ოცნება“ მიმართულია იქითკენ, რომ განსხვავებული აზრი უნდა ისჯებოდეს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ადამიანები სხვანაირად აზროვნებდნენ. მათ, ალბათ, არ ესმით, რატომ გაგვიჩნდა პროტესტი თბილისში პოზნერის ჩამოსვლის გამო. ეს ადამიანი პუტინის იდეოლოგია და საქართველოს ღიად მტრობს. ის გამუდმებით დამცინავად საუბრობს ჩვენზე. მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას და აფხაზეთ-ცხინვალს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.
ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ასეთი ხალხის ჩამოსვლა საქართველოში ხმაურის გარეშე არ ჩაივლის. გავრილოვის ამბების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამას უნდა მიმხვდარიყო. სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მანამდე ყოველთვის გავაპროტესტებთ რუსი ჩინოსნების ჩამოსვლას. სტუმართმასპინძლობის თემით სპეკულირებით ხელისუფლება თავისას ვერ მიაღწევს. სტუმარი სხვაა და ოკუპანტის ჩამოსვლა _ სხვა.
სიმართლე თუ გინდათ, მე კარგად მესმის გია ვოლსკის გულის ტკივილი და მის უზრდელობასაც ვუძებნი ერთგვარ გამართლებას. ის ოკუპანტების თაყვანისმცემელია და მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა, მეორე მეგობარი რომ გავუგდეთ საქართველოდან.
_ კიდევ რომელი მეგობარი გაუგდეთ?
_ გავრილოვი. ვოლსკი და სხვა მეოცნებეები ხომ ოკუპანტების სულიერი მეგობრები არიან. ოკუპაციის გამათეთრებელ რუს ჩინოსნებს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ აქ დროს გასატარებლად ჩამოვიდნენ. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ საქართველო ღირსეული ქვეყანაა და არა მათი საქეიფო ადგილი.
ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც უნდა, რომ რუსების რესტორანი ვიყოთ, მაგრამ არ გამოვა. თავიდან ამბობდა, ერთი პატარა სოფელი ვართო; მერე განაცხადა, ცეკვა-სიმღერა და პურ-მარილიო. ამ კაცისთვის ეს ქვეყანა პატარა სოფელი და დიდი რესტორანია. საბედნიეროდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას არ ეთანხმება. შესაბამისად, არ გამოვა საქართველოს რუსების გასართობ ადგილად გადაქცევა. ოკუპაციის ნებისმიერ გამამართლებელს იგივეს გავუკეთებთ, რაც გავრილოვსა და პოზნერს დავმართეთ. ყველას გავაბუნძულებთ. ერთხელაც იქნება და „ქართული ოცნებაც“ გაჰყვება ამ ადამიანებს.
_ „ქართული ოცნება“ ასე იოლად გასაძევებელი არ არის.
_ მონდომება თუ იქნა, ძალიანაც კარგად გავაძევებთ. არჩევნებით შეიძლება ამის გაკეთება. ოკუპაციის გამამართლებლებს აქ არ ჩამოვუშვებთ. ეს კარგად დაიმახსოვროს ხელისუფლებამ. ამაზე პასუხს „ოცნებასაც“ მოვთხოვთ. პოზნერის გაძევების შემდეგ ჩვენ „ოცნების“ ოფისთან მივედით აქციის გასამართად, სადაც გია ვოლსკისთან მოგვიწია შეხვედრა. ის საჯარო მოხელეა და თმენის ვალდებულება აქვს. მას უნდა მოეთმინა ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი.
ის რომ ნორმალური ადამიანი ყოფილიყო, ჩვენთან უნდა დამდგარიყო და ჩვენთან ერთად დაეგმო საქართველოში ოკუპაციის გამთეთრებლების ჩამოსვლა. ამის მაგივრად ვოლსკიმ ახალგაზრდებს უხამსი ჟესტი აჩვენა, რაც რეალურად „ქართული ოცნების“ პასუხი იყო ხალხისთვის. უკვე მეცხრე წელია, ეს პარტია ამ ჟესტს აჩვენებს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ამ ფაქტმა საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მათ სამართლიან პროტესტსა და მოთხოვნებზე ხელისუფლებას ასეთი პასუხი აქვს.
_ ხალხს ამაზე რატომ არ აქვს საპასუხო რეაქცია? ფაქტია, რომ ყველაფერს ეგუება.
_ როგორ არ აქვს. არჩევნებზე საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ გასცა პასუხი. გაყალბების მიუხედავად, ამომრჩეველმა ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა. სამწუხაროდ, მოღალატეებით სავსე „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება. ისინი არიან რუსული გავლენების ქვეშ და ამას აღარც მალავენ. დიდი სიხარულითა და სიამოვნებით აკეთებენ რუსულ საქმეს. ამის პარალელურად, თავის ცხოვრებასაც იწყობენ. „ოცნების“ ჩინოვნიკების დიდი ნაწილი მილონერი გახდა. სასახლეებს იშენებენ. პანდემიის დროს _ როცა ხალხს სახლში ჯდომისკენ მოუწოდებდნენ, თავად ძვირიან სახლებს იშენებდნენ. შევისწავლოთ მათი დეკლარაციები და აგვიხსნან, საიდან მოიტანეს ფული ასეთი სასახლეების ასაშენებლად.
_ აუზში წყალი თუ არ აქვთ ჩასხმული, სასახლის აშენება ძვირი არ დაჯდებოდა. ივანიშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა ირაკლი სესიაშვილის სასახლეზე. ეს პრინციპი სხვა ჩინოსნებზეც გავრცელდება.
_ მოვა დრო და ამ სიტყვებზეც მოუწევს ივანიშვილს პასუხის გაცემა. სესიაშვილმა პანდემიამდე ააშენა სახლი. ჩინოვნიკების ნაწილმა პანდემიის დროს დაიწყო სასახლეების მშენებლობა, საიდან მოიტანეს ამდენი ფული, როცა ლამის მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო? საიდან მოიტანეს და ის თანხა გადაინაწილეს, რააც ქვეყანამ სესხად აიღო ეს სესხი იმიტომ ავიღეთ, რომ პანდემიის დროს მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ. მათ ეს ფული ჯიბეში ჩაიდეს.
გამუდმებით ვსაუბრობთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, მაგრამ არაფერი იცვლება _ ჩინოსნები ხალხის ფულს ისევ ისე იპარავენ. საზოგადოებას ამაზე პროტესტი არ აქვს. არადა, ხალხის ფულის მოპარვასთან გვაქვს საქმე, ეს პირდაპირ აისახება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე. იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა წელში გამართულია და კეთილდღეობაა, ხალხის სიცოცხლისუნარიანობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჩვენთან. ძლიერ ქვეყანაში ადამიანები კარგად ცხოვრობენ და არც ექიმთან მისვლის პრობლემა აქვთ. წამლებსა და საკვებსაც ყიდულობენ. ჩვენთან ადამიანებს მიზერული შემოსავალი აქვთ. მათ უნდა აირჩიონ, მედიკამენტი იყიდონ თუ _ საკვები. ირჩევენ პურს. შემდეგ ჩვენ ვნახულობთ, რომ უამრავ ადამიანს უკურნებელი სენი ემართება. ადამიანები დაავადების პრევენციას თავშივე რომ ვერ ახერხებენ, ესეც ამ ხელისუფლების ბრალია.
ძალიან მძიმე დღეში არიან პენსიონერები. ჩემ გარშემო ასაკში შესული ადამიანების ნაკლებობაა. საქართველოში სიკვდილის ასაკი გაახალგაზრდავდა. ეს ცუდი ცხოვრების დამსახურებაა. „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის გენოციდის გამოც უნდა წავუყენოთ პრეტენზები. იმის გამო, რომ გამდიდრებულიყვნენ, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოაქციეს. ეკონომიკის ჩამოქცევას ხალხის გაუბედურება და გაღატაკება მოჰყვა. ისინი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ადამიანი, რომელიც საჭირო საკვებსა და მედიკამენტებს ვერ იღებს, დიდხანს ვერ იცოცხლებს. „ქართული ოცნება“ მალე თუ არ მოვიშორეთ, ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოიქცევა, ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება და უფრო ბევრი ადამიანი დაიღუპება.
ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა წელში გამართული იყოს და ადამიანები შიმშილით აღარ კვდებოდნენ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ოკუპაცია დავასრულოთ და საქართველო მათი საქეიფო ადგილი აღარ იყოს. გია ვოლსკი და სხვა მეოცნებეები იბრძვიან იმისთვის, რომ კარგად იცხოვრონ. ამათ დეკლარაციებს რომ ნახულობენ, ჩანს, რომ ცხოვრება საშვილიშვილოდ აქვთ აწყობილი. ჩვენს ხარჯზე გახდნენ მილიონერები. ამიტომ არ ეტყობა ამ ქვეყანას არაფერი.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ. ვალებს წინა ხელისუფლებებიც იღებდნენ. „ოცნების“ მოსვლამდე საქართველოს საგარეო ვალი იყო 9 მილიარდი. „ოცნებამ“ 25 მილიარდი აიღო ვალად. რას დაეტყო ეს მილიარდები? _ არაფერზე არ ასახულა.
_ როგორ არ ასახულა, აბა, მეოცნებეების სასახლეები ჩიტმა ააშენა, თუ ჰაერმა?
_ მე ქვეყანასა და ხალხს ვჩივი, თორემ ამათ დაეტყოთ და თან ძალიან. შეჭამეს ტვინი იმის ძახილით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია. რანაირი ქველმოქმედია? ბიუჯეტის ხარჯზე ვინახავთ მის ახლობლებს, ნათესავებსა და მისი პარტიის წევრებს. ოლიგარქმა ეს არ იკმარა და აბასთუმანი შემოღობა, რომელიც ხალხის საკუთრებაა. ამ შემოღობილ აბასთუმანში ინფრასტრუქტურას ბიუჯეტის ხარჯზე ვუწყობთ. რუსმა ოლიგარქმა მეფესავით რომ იცხოვროს, ამაში გაჭირვებული ადამიანები იხდიან ფულს. ხელისუფლების თავში გვიზის ადამიანი, რომელსაც ჩვენს ბიუჯეტზე მეტი ქონება აქვს და მაინც ბიუჯეტის ხარჯზე ვუწყობთ ინფრასტრუქტურას.
_ ისევ ვოლსკის ამბავს დავუბრუნდეთ. რა ხდებოდა თქვენს სასამართლოზე? მოწმეებს უხერხულობის მომენტი არ ჰქონდათ?
_ არანაირი უხერხულობა არ აქვთ. „ოცნებამ“ ამ მიმართულებით ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. სასამართლოზე ჩვენების მისაცემად პოლიციელები მოდიან. მათ ჯიბეებში აქვთ ხელები ჩაწყობილი და ასე ამტკიცებენ, რომ ამა და ამ ადამიანმა ესა და ეს ქმედება ჩაიინა. ჩემს სასამართლოზეც ასეთი პოლიციელები მოვიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მე, თურმე, გია ვოლსკის ვაგინე. არადა, ყველაფერი პირიქით იყო. უზრდელობას მიმართა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე ამის დამამტკიცებელი ვიდეომასალა სასამართლოზე მიტანილი მქონდა.
_ რა ვიდეომასალა გქონდათ მიტანილი?
_ ის ვიდეოკადრები, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა. ამ ვიდეოზე ნათლად ჩანს, როგორ უზრდელობს გია ვოლსკი. ის შვილიშვილის ტოლა ახალგაზრდებს უხამსს ჟესტს გვაჩვენებს. ამ ჟესტის ჩვენების შემდეგ ვოლსკი „ოცნების“ ავტოფარეხში შევიდა და იქიდან დარეკა პატრულში. ჩვენ ის მტკიცებულებაც გვაქვს, თუ როგორ ყვირის, _ აქციაზე ვინც არის, ყველა დაიჭირეთო! მართლა ყველანი დაგვაკავეს. იმ მტკიცებულებებით, რომელიც მე სასამართლოზე მივიტანე, კარგად ჩანს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენ დავარღვიეთ თუ არა კანონი. ბრძანება ასეთი იყო _ ყველა ჩვენგანი უნდა დაეჭირათ. მე არ მახსოვს მსგავსი აქცია, რომლის ყველა მინაწილე დააკავეს.
_ ასეთი რამე „ნაციონალების“ დროსაც არ ყოფილა.
_ ასეთი არც „ნაციონალების“ დროს ყოფილა და არც _ შევარდნაძის დროს. მსგავსი რამე არც სხვა ქვეყნებში მომხდარა. ამათ ბევრჯერ დავუკავებივართ, მაგრამ არ მახსენდება, რომ აქციის ყველა მონაწილე დავეკავებინეთ.
_ იმ დღეს რა მოხდა ასეთი? ასე რამ გაამწარათ, რომ ყველანი დაგაკავეს? რაკი ვოლსკის სურდა, ამიტომ მოიქცნენ ასე?
_ ეგ „ოცნებას“ უნდა ვკითხოთ. ეტყობა, რაღაც ისეთი გავაკეთეთ, რომ ყველანი უნდა დავეკავებინეთ. ყველა დაგვაკავეს, მაგრამ მალევე გამოგვიშვეს. შემდეგ დაიწყო ჩვენი სასამართლოები. ჩემი საქმის განხილვა ცალკე მიდიოდა. სასამართლოზე მოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მე თურმე ვაგინებდი გია ვოლსკის და ამის გამო ვიყავი დაკავებული.
ყველაზე სასაცილო იყო, რომ ჩემს დაკავებას საკუთარ თავზე იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც მე პირველად ვნახე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. მათ მაშინ შევხვდი, როცა შსს-ში გადამიყვანეს. ის პოლიციელები აქციაზე არ ყოფილან. ისინი ფიზიკურად ვერ გაიგებდნენ, მე გია ვოლსკის ვაგინე, ყირაზე გადავედი, თუ პოლიციას გავუწიე წინააღმდეგობა.
იმდენად აბსურდული იყო პოლიციელების ჩვენებები, რომ მოსამართლე იძულებული გახდა, ჩემ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეეწყვიტა. მე ვეხვეწებოდი პოლიციელებს, მოეტანათ მტკიცებულებები, თუ როგორ ვაგინებდი ვოლსკის.
_ მოიტანეს ეს მტკიცებულებები?
_ არ მოიტანეს. არ აქვთ ეს მტკიცებულებები. ჰაერზე ამბობენ, რომ ვაგინებდი. ან ის პოლიციელები აცხადებენ ამას, რომლებიც აქციაზე არ ყოფილან. ეს იმდენად აბსურდული იყო, რომ როგორც უკვე გითხარით, სასამართლოც კი უხერხულში ჩავარდა და ჩემ წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.
_ თქვენთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს რა ბედი ეწიათ? მათი სასამართლოებიც მიდიოდა.
_ არავისთვის არაფერი დაუკისრებიათ. ეს საქმე ძალიან თეთრი ძაფით იყო ნაკერი. ყველანი გია ვოლსკის სურვილით ვიყავით დაკავებულები. ეს იმდენად აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა? იქნებ, ზევიდან მიიღეს მითითება, რომ საქმის წარმოება შეეწყვიტათ?
_ არ გამოვრიცხავ, რომ ზევიდან იყო მითითება, მაგრამ საქმე იმდენად უშნოდ იყო შეკერილი, სასამართლო იძულებული გახდა, საქმის წარმოება შეეწყვიტა.
_ კარგია, თუკი მართლა უხერხულობა იგრძნო სასამართლომ. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, რომელმაც თქვენი სასამართლო გაატარა, ვითომ არაფერი მომხდარა. რით ხსნით მათ ასეთ დამოკიდებულებას?
_ ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. ჩვენ ბევრი თვე ვიდექით ერთმანეთის გვერდით. ერთად ვაპროტესტებდით ივანიშვილის რეჟიმის უკანონობას. სანამ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, სულ სამოქალაქო აქტივისტებს გვახსენებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებდით ძალიან ბევრ რამეს. როგორც კი პარლამენტში შევიდნენ, საერთოდ დავავიწყდით ჩვენც და სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყავით თანამებრძოლები და მიკვირს, ასე რომ მოიქცნენ. ჩვენ ერთად ვაპროტესტებდით უსამართლობას და მათ ის უსამართლობაც უნდა გაეპროტესტებინათ, რაც ჩვენთან დაკავშირებით მოხდა.
_ მათთან ერთად აპროტესტებდით უსამართლობას კი არა, სამოქალაქო აქტივისტები გამოხატავდით ძირითადად პროტესტს. ოპოზიცია, როგორც გაირკვა, ხელისუფლებასთან ვაჭრობდა.
_ ჩვენს ზურგზე გადაიარა ძალიან ბევრმა რამემ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია. ისინიც ჩვენთან აპროტესტებდნენ უსამართლობას. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდა და სკამის სიყვარულმა ყველაფერი დაავიწყა. სამაგიეროდ, ჩვენ არ გვაქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რა ხდება ქვეყანაში. იმასაც კარგად ვხედავთ, თუ რა პროცესები მიდის. იმასაც ვხვდებით, რომ არ ღირს იმ ადამიანებთან საქმის დაჭრა, ვისთვისაც მთავარი არის ფული.
_ ამათ გვერდით აღარასდროს დადგებით?
_ ჩვენ ამ ადამიანების ნამდვილი სახე დავინახეთ. ვიცით, რომ მათთვის მთავარი არის ფული. თუმცა თუ საქართველოსა და ქართველ ხალხს დასჭირდა, მათთან ერთად ისევ დავდგებით აქციაზე.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ ისევ არ გიღალატებენ და ისევ არ გაურიგდებიან ხელისუფლებას?
_ ამის გარანტია არ გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდება, წავალთ ამ ნაბიჯზე. ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებმაც ჩვენც გვიღალატეს და იმ პრინციპებსაც, რის გამოც ვიყავით გაერთიანებულები. ამ პრინციპების გამო თვეები ვიბრძოდით, წვიმასა და ქარში გარეთ ვიდექით.
მესმის, რომ ვიღაცას ბრძოლის გაგრძელება აღარ მოუნდა, ვიღაცას გამბედაბა არ ეყო, ვიღაცას სკამის სურვილმა წასძლია. ისინი შევიდნენ პარლამენტში. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ქვეყანა ვიღაცას და რაღაცას გადავაყოლოთ. საქართველოს თუ დასჭირდება, რაღაცებზე დავხუჭავთ თვალს, მაგრამ არც ეს ღალატი დაგვავიწყდება.
ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არის 20 ივნისის საქმის ამნისტია. ეს იმ პრიციპებზე უარის თქმაა, რომლებზეც ქართული დემოკრატია და სახელმწიფო უნდა აგვეშენებინა. თუ ასეთი პრინციპები არ არის, ნორმალურ სახელმწიფს ვერ ავაშენებთ. არ შეიძლება, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და ამ აქციის დამრბევები ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ. ამათი ერთ სიბრტყეზე განხილვის შესაძლებლობა კი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამ მისცა, რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და პარლამენტში შევიდა. ოპოზიციამ კი შეიტანა პარლამენტში საწინააღმდეგო კანონპროექტი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა. 20 ივნისი საქმის ამნისტიას მწვანე ჰქონდა ანთებული მათი მხრიდან. შესაბამისად, ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა და ის პროექტი იქნება მიღებული, რაც „ოცნებას“ უნდა. ანტისაოკუპაციო აქცია რუსებისა და „ოცნების“ გარდა არავის დაურბევია.
_ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ღალატად მიიჩნევთ, თუ უფრო გულნატკენი ხართ?
_ გულნატკენი ვარ იმის გამო, რომ უარი თქვეს ბრძოლაზე. ის ადამიანები, რომლებიც პირველად შევიდნენ პარლამენტში, ძალიან ცუდად მოიქცნენ. მათ, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგეს ბოიკოტს. სხვა არ ვიცი, რას ფიქრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, დარჩენილი ოპოზიციაც უნდა შესულიყო პარლამენტში.
_ ისინი მოღალატეები არ არიან? მათ არ უღალატეს პრინციპებს?
_ ისინი პარლამენტში მხოლოდ მაშინ შევიდნენ, როცა ბოიკოტმა აზრი დაკარგა.
_ პარლამენტში „ნაციონალების“ შესვლაზე რას ფიქრობთ? ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი გარეთ უნდა დარჩენილიყვნენ.
_ რა აზრი ჰქონდა მათ გარეთ დარჩენას? პარლამენტი უკვე მრავალპარტიული იყო. პარლამენტში უკვე არსებობდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასეთ დროს „ნაციონალების“ გარეთ დარჩენა იქნებოდა „ოცნებისთვის“ ფუფუნება.
_ ფუფუნება რატომ იქნებოდა?
_ მათ პარლამენტში მოჩვენებითი დემოკრატია ჰქონდათ შექმნილი. თან ისეთი ადამიანები იყვნენ პარლამენტში, რომ სრულ იდილიას შეუქმნიდნენ.
_ რას გულისხმობთ?
_ პარლამენტში ოპოზიციის ისეთი ნაწილი იყო შესული, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნიდა. ისინი არც მწვავე განცხადებებს გააკეთებდნენ და არც მწვავე დებატებს გაუმართავდნენ ხელისუფლებას. „ნაციონალები“, ამ მხრივ, ვითარებას შეცვლიან. კარგი იქნებოდა, ბოიკოტი გაგრძელებულიყო, მაგრამ რაკი ბოიკოტი შეწყდა, „ნაციონალები“ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. ბოიკოტის შეწყვეტაზე იმათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ვინც პირველი დახარბდა დეპუტატის სავარძლებს _ მათ ბოიკოტს აზრი დაუკარგეს.
შორენა მარსაგიშვილი