- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-07-01 07:14:01
საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ნელ-ნელა დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს ვიზიტორთა განსაკუთრებული მოზღვავება მოსალოდნელი არ არის, თავისთავად, ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში უკვე მომავალი აღორძინების საწინდარი იქნება.
პანდემიამ საქართველოს რამდენიმე მწარე გაკვეთილი ჩაუტარა _ პირველი ის, რომ არასდროს არაფერი არ არის გარანტირებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ერთი წარმატება საკმარისია და ნებისმიერი მიღწევა სამუდამოა _ ეს დიდი შეცდომაა. საკმარისია, ბუნებამ ერთი თითი შეატოკოს და მთელი თქვენი კეთილდღეობა წარსულს ჩაბარდება.
არ იფიქროთ, რომ ის, რაც დღეს გაქვთ განაღდებულია. ქართველ ტუროპერატორებსა და სასტუმროების მფლობელებსაც ასე ეგონათ…
მეორე _ პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა კარიკატურულ ქართულ ნაციონალიზმს, რომელიც ტურისტებს „სასურველებად“ და „არასასურველებად“ ყოფდა _ ძირითადად, ეროვნული და რასობრივი ნიშნით. აღმოჩნდა, რომ ქვეყანა, რომელიც უცხოელებს, ხშირად, ზიზღით უყურებდა, რეალურად, მათზე სასიცოცხლოდ დამოკიდებულია.
დღეს საქართველოში პანდემიის შედეგად შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა მზადაა, ნებისმიერი ტურისტი მიიღოს: ინდოეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და ა. შ. _ ოღონდ, ვინმე ჩამოვიდეს.
პანდემიის კიდევ ერთი გაკვეთილი ის გახლავთ, რომ, ზოგადად, ეკონომიკის ორიენტირება ერთ რომელიმე დარგზე ძალზე საშიშია, ხოლო ტურიზმზე _ ორმაგად.
ტურისტული ინდუსტრია, რისკების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არასანდოა _ ნებისმიერი არეულობა ქვეყნის შიგნით, ნებისმიერი ნეგატიური გარე ფაქტორი ტურიზმზე დამანგრევლად მოქმედებს.
ამიტომაც დღეს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანაა ტურისტული ინდუსტრიის დაბრუნება 2019 წლის დონემდე. აი, შემდეგი ამოცანა კი გაცილებით უფრო რთული და მასშტაბური უნდა იყოს _ ტურიზმზე ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული დამოკიდებულების დაძლევა.
ცხადია, რომ ტურიზმი საუკეთესო რამ არის, რაც საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე განვითარდა. სანამ უცხოელებმა ჩამოსვლა დაიწყეს, საქართველო იყო ბნელი, გაპარტახებული, სრულიად უიმედო და მომაკვდავი ქვეყანა.
ტურიზმმა რადიკალურად შეცვალა ყველა ქალაქი თუ რეგიონი: ქალაქები გალამაზდა, ინფრასტრუქტურა განახლდა, ადამიანები დასაქმდნენ, უსაქმურობამ, ლოთობამ და ნარკომანიამ იკლო.
ხშირ შემთხვევაში, თავად ცხოვრების წესიც კი _ ტრადიციულ-საბჭოთა, ჩამყაყებული და არაკონკურენტუნარიანი _ შეიცვალა, რამაც შემდგომ პროგრესს შეუწყო ხელი.
მაგრამ, სამწუხაროდ, ტურიზმი არ შეეხო და ვერც შეეხებოდა ყველა რეგიონსა თუ ქალაქს და, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ გვაქვს ორი, სრულიად განსხვავებული, საქართველო: ტურისტული და არატურისტული.
პირველში არის: განვითარება, წინსვლა და რაღაც დონის პერპსექტივა, ხოლო მეორეში: სრული სიბნელე, საყოველთაო სიყრუე, მოჩვენებითი რელიგიური ფანატიზმი, ქსენოფობია, წარმოუდგენელი მასშტაბის ყოფითი აგრესია და ნორმად ქცეული ქურდული გაგება.
ტურისტულმა ინდუსტრიამ ასევე დაგვანახა ქვეყნის ქრონიკული ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი _ ეს გახლავთ არც ცუდი მთავრობაა და არც ობიექტური პირობები, იმის მიუხედავად, რომ მთავრობაც ცუდია და ობიექტური სირთულეებიც არის.
პრობლემა არის თავად საქართველოს მოწყობა და მისი სტრუქტურა _ ქვეყნაში, მინიმუმ, 1,5 მლნ. ადამიანი თანამედროვე ცხოვრების წესს სრულიად მოწყვეტილია და მე-17 საუკუნის წესებით არსებობს.
მომაკვდავი სოფლები, სადაც ბატონობს ნატურალური მეურნეობა, ლოთობა და უსაქმურობა. მათ არც სახელმწიფო სუბსიდიები უშველით და არც შელოცვები „სოფლის მეურნეობის გადარჩენის“ შესახებ.
პრობლემა ხომ ის არის, რომ ქართულ სოფლებში „სოფლის მეურნეობაც“ კი, როგორც ეკონომიკის დარგი, ფაქტობრივად, არ არსებობს _ ათობით ათასი გლეხი თოხს იქნევს იმისთვის, რომ 4 ყუთი ვაშლი მოიყვანოს, „ოპელ ომეგაში“ ჩატვირთოს და თბილისში გაყიდოს.
ეს სიყრუე და ჩამორჩენილობა ქართველი გლეხისთვის იმდენად ჩვეული და ნორმალური რეალობა გახდა, რომ ცვლილების არანაირი სურვილიც კი არ ჩანს.
ჩვენი ბავშვობის ნარატივი, _ დაიცალა ქართული სოფელი!!! _ დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვანაირად გამოიყურება _ არაკონკურენტუნარიანი და ჩამყაყებული ქართული სოფელი კვდება და ეს გარდაუვალია, მხოლოდ დროის საკითხია. ბოლოს სოფლებში დარჩება მცირე რაოდენობის მოსახლეობა _ ძირითადად, მსხვილი ფერმერები, ისე, როგორც წესით უნდა იყოს და არის კიდეც ნორმალურ ქვეყნებში.
ანალოგიური ბოლო ელის რაიონულ ცენტრებს, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის ყურადღების მიღმა დარჩა: სამტრედია, ხარაგაული, თერჯოლა, სენაკი, წნორი, კასპი, ქარელი, ლაგოდეხი, და ა. შ.; ტოქსიკურ ზონად ქცეულ ზომბი-ქალაქებს, არაქმედითურანიანი მოსახლეობით, ნულოვანი უნარ-ჩვევებით, ღრეობითა და აზროვნების საყოველთაო კრიმინილიზაციით.
რა თქმა უნდა, იქ არ ხდება არაფერი, რაც არ არის ტურისტულ ქალაქებში და, პირველ რიგში, თავად თბილისში _ ყოფითი აგრესიაც, არაპროფესიონალიზმი, არაქმედითუნარიანობა, კაზინო-ტოტალიზატორები და ა. შ.
მაგრამ ყრუ და ბნელ პროვინციულ ქალაქებში ეს ყველაფერი თითქმის საყოველთაო ტოტალურ ხასიათს ატარებს. მათ არ გააჩნიათ არანაირი პერსპექტივა, ახალგაზრდობა გარბის ან თბილისში, ან ევროპაში და იმ დღეს, როდესაც პირობით ქარელს ან ხონს სკოლის უკანასკნელი კურსდამთავრებული დატოვებს _ უკუათვლაც დაიწყება.
ქართული პროვინცია, ტურისტული რეგიონების გარდა, მომაკვდავია და ესეც ბუნებრივი გადარჩევის პროცესია. საქართველო დღეს გადაფორმატირებისა და სახის სრულიად შეცვლის პროცესის დასაწყისშია. ძნელი სათქმელია, ეს პროცესი როდის დასრულდება და გადაიტანს თუ არა მას, საერთოდ, ქვეყანა?!
ერთ რამ ფაქტია: ბოლო 30 წელმა ნათლად დაადასტურა, რომ დღევანდელ ფორმატში საქართველო არასიცოცხლისუნარიანია და მას ან საკუთარი სტრუქტურის სრული შეცვლა, ან ისტორიის სანაგვეზე გამგზავრება მოუწევს.
თენგიზ აბლოთია