- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-06-30 08:03:13
„200-მდე ტენდერში მიმიღია მონაწილეობა, საქართველოს მრავალ მუნიციპალიტეტთან მიმუშავია, მაგრამ მსგავსი განუკითხაობა, რაც ქუთაისის მერიაშია, არსად მინახავს, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან შპს „გლობალმეტალის“ წარმომადგენელი, ზაზა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და სამუშაოების ნაწილი შეასრულა, თუმცა მუშაობის პროცესში ტენდერით გათვალისწინებული გარკვეული დეტალის ცვლილების საჭიროება გაჩნდა, რის შესახებაც მერიას ჯერ სიტყვიერად მიმართა, შემდეგ მისწერა კიდეც. სიტყვიერად დაეთანხმნენ, თუმცა წერილობით არ უპასუხეს.
ამის შემდეგ კომპანიამ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, მერე კი შეაჩერა, რადგან მერიამ არც თანხა ჩაურიცხა და ოფიციალურად ამის არც მიზეზი განუმარტა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, მერიაში სრული ქაოსია და თავის საქმეს არაჯეროვნად ასრულებენ.
„2010 წლიდან ტენდერებში ვმონაწილეობ, ასეთი შემთხვევა ცხოვრებაში არ მქონია. ალბათ, 200 ტენდერში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სხვადასხვა კომპანიით. სხვა დამკვეთები აქეთ მწერენ წერილებს, ერთი დღე თუ არ გამოვცხადდები. ამათ ისიც არ მოუწერიათ, მუშაობა შეჩერებულია და რა ხდებაო? ხომ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რატომ არის სამუშაოები შეჩერებული?
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, ერთხელ არავინ მოსულა, _ როგორ აკეთებ, რას აკეთებ, არადა, ვალდებულები არიან, ყოველ მეორე დღეს აწარმოონ შემოვლა. აბა, რისთვის არიან კაბინეტებში, _ გრილ კონდიციონერებთან რომ ისხდნენ?! მაშინ რომ ეთქვათ, როდესაც პირველივე ფანჯარა ჩავსვი, ასე არ გვინდაო, მე ვიზარალებდი ნაკლებს და არა 15 ათას ლარს. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიგია, ერთი პასუხი არ მოუწერიათ, ერთი წერილი არ გაუჯღაბნიათ. რომ მოეწერათ, არ გეკუთვნის თანხა ამიტომ და ამიტომო. მხოლოდ სიტყვიერი საუბარი მაქვს საბინაო სამსახურის უფროს ჯონი არაბიძესთან. ის ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ტყუილად მასაც ვაწუხებ, დამნაშავენი არიან მერი და ვიცე-მერები, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და არაფერს აკეთებენ.
ჯონი არაბიძესთან რომ ჩავედი, მისმა თანამშრომელმა გადმომცა წერილი, რომელიც დაუწერიათ და ჩემთან არც გამოუგზავნიათ. მითხრა, ეს წერილი უნდა გადმოგზავნილიყო შენთანო. ვკითხე, _ სად არის-მეთქი?
ისეთი სიტუაციაა მერიაში, ვინ წერილი უნდა გადმოაგზავნოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ისიც არ იციან. დაწერეს წერილი და დააგდეს, არავის უფიქრია მის გადმოგზავნაზე“, _ ამბობს ნაცვლიშვილი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის მეორე ქალაქში ასეთი არაკომპეტენტური ადამიანებითაა დაკომპლექტებული ქალაქის მერია:
„.ლაგოდეხიდან დაწყებული, ბათუმით დამთავრებული, ყველგან მიმუშავია, მაგრამ ასეთი ცირკი არსად მინახავს, _ საქართველოს მეორე ქალაქში რომ ასეთი ჩამორჩენილი და ყველაზე არაკომპეტენტური მერიაა, ესაა პრობლება.
3 თვის განმავლობაში ადამიანებმა ვერ გადაწყვიტეს, რატომ არ მხდიან ფულს. თვითონ არ იციან, ვის რა კომპეტენცია აქვს. წარმოიდგინეთ, ასეთი ანეკდოტური სიტუაციაა: უფროსი სწერს ხელქვეითს, რომ ხელმძღვანელობას მიმართეთო. კომისიის თავმჯდომარე არის ვიცე-მერი იუზა უგულავა და მისი მოადგილე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე. ნიშნიანიძე წერილს სწერს ჯონი არაბიძეს, მერიის საბინაო სამსახურის უფროსს, რომ თქვენს ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთო. ვინღაა ხელმძღვანელობა, აბა? _ ასეთი მიწერ-მოწერა აქვთ და თუ ამას წერილებს არქმევენ, არ ვიცი!“ _ აცხადებს ზაზა ნაცვლიშვილი.
საქმესთან დაკავშირებით „გლობალმეტალის“ წარმომადგენელმა სახალხო დამცველსა და ბიზნესომბუდსმენსაც მისწერა.
დოკუმენტების თანახმად, შპს „გლობალმეტალმა“ 2021 წლის 2 მარტს ელექტრონულ ტენდერში (ნატ210002126) გაიმარჯვა. შპს „გლობალმეტალსა“ ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება #79, რაც ითვალისწინებდა ქ. ქუთაისში მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების მოპირკეთებით სამუშაოებს, კერძოდ, შესასვლელი ლითონის კარის დამზადებასა და მონტაჟს; მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამზადებასა და მონტაჟს.
2021 წლის 25 მარტს შპს „გლობალმეტალმა“ სრულად დაასრულა მეტალოპლასტმასის სამონტაჟო სამუშაოები და მერიის საბინაო სამმართველოში წარადგინა შუალედური ფორმა #2 _ ფარული სამუშაოების აქტი და წერილი აღნიშნული სამუშაოების დასრულებაზე. ამის შემდეგ მერიის საბინაო სამმართველომ ჩაატარა აღნიშნული სამუშაოების ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, პროექტის თანახმად, მეტალოპლასტმასის ფანჯრები უნდა ყოფილიყო 3 (სამი)-კამერიანი და არანაკლებ 1 მმ. შიგნით მოთავსებული ლითონის ღეროთი, სადაც განთავსდებოდა 20 მმ. მინაპაკეტის სენდვიჩი.
როგორც ნაცვლიშვილი ამტკიცებს, მერიას წინასწარ აცნობეს წერილობით ამ ცვლილების შესახებ, ჯერ სიტყვიერად, რის შემდეგაც უთხრეს, რომ წერილობით მიემართა და თანხმობას უპასუხებდნენ. ამის შემდეგ მან მართლაც მიმართა წერილობით, პასუხი კი არ მიუღია, მაგრამ სამუშაოები გააგრძელა.
„პროექტში ცვლილება იყო საჭირო, რეალურად 3-კამერიან მეტალოპლასტმასში ვერ მოხერხდა 20 მმ. სისქის მინაპაკეტის განთავსება, რის შესახებაც, როგორც სიტყვიერად, ასე წერილობით, ვაცნობეთ მერიის საბინაო სამსახურს. ოფიციალური რეაგირება არ მიგვიღია, თუმცა, ჩვენ გავაგრძელეთ სამუშაოები.
ტექნიკურად გაცილებით უკეთესი ვერსიით განვახორციელეთ აღნიშნული სამუშაოები, კერძოდ, ჩვენ მიერ გამოყენებულია 4(ოთხი)-კამერიანი მეტალოპლასტმასის ჩარჩოები, ნაცვლად 3-კამერიანისა, ასევე განთავსდა 20 მმ. სისქის მინაპაკეტი, ხოლო ლითონის ღეროდ გამოვიყენეთ 0,7 მმ., ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1 მმ. ლითონის ღეროსი. აღნიშნული დეტალი გახდა მიზეზი მერიის სამსახურებსა და ჩვენ შორის წარმოშობილი პრობლემებისა. საბინაო სამმართველოს უფროსმა, ჯონი არაბიძემ, ასევე ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ საჭირო იყო აღნიშნულ საკითხზე პროექტის ავტორთან შეთანხმება. ესეც გავაკეთეთ, _ საპროექტო სამსახურმა გასცა დასკვნა, რომ აღნიშნული კონსტრუქცია სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში მიღებულ სამშენებლო ნორმებს. ამის მერე მოგვთხოვეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაშიფრული ხარჯთაღრიცხვის იმ პუნქტის დაკორექტირება, სადაც განთასებული იყო აღნიშნული სამუშაოები. ესეც უმოკლეს ვადებში გავაკეთეთ და მერიის სამსახურებს წარვუდგინეთ დამოუკიდებელი აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს „რეალექსპერტის“ მიერ გაცემული ოფიციალური დასკვნა. დასკვნის თანახმად, ჩვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებას არანაირი უარყოფითი შედეგი არ მოუტანია, არ დარღვეულა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და პირიქით, სახელმწიფო და, ამ შემთხვევაში, მერია მოგებულიც კი დარჩა ამ ცვლილების შედეგად. საქსპერტო ბიურომ გაანგარიშების შედეგად 1 კვ.მ.-ზე დაგვაკლო, დახლოებით, 4 ლარი, რაც ჯამურად შედგენდა 400 ლარს. მერიას არანაირი ოფიციალური დოკუმენტით არ მოუმართავს დღემდე აღნიშნული პრობლემის არსებობაზეც კი, ასევე მოვითხოვეთ ვადის გაგრძელება, რაც ასევე უგულებელყვეს“, _ აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მიზეზი, თუ რის გამოც ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ, ეს არის კორპუსებში უკანონოდ შეყვანილი წყლისა და გაზის მილები, რაც აფერხებდა სამუშაოების წარმოებას.
ის მერიის მხრიდან სრულ გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.
„ვერაფრით ვხვდები, მეტი რა უნდა გავაკეთო, შესრულებული სამუშაოა, მოსახლეობა კმაყოფილია, 29 მარტს წარვადგინე დოკუმენტაცია, მაგრამ მერიის მხრიდან სრული იგნორია.
ლითონის კარები რაც ჩავაყენეთ, აგვინაზღაურეს, მაგრამ მეტალოპლასტმასის ფანჯრების ხარჯებს აღარ გვინაზღაურებენ. უკვე ორთვე-ნახევარია, არაფრის გამო, საერთოდ, კონტაქტზეც არ გამოდიან, არც გვპასუხობენ, რა ხდება, ვერ გამიგია!
რკინის კარები ჩასმული უნდა ყოფილიყო 12 ობიექტზე და ჩასმულია 4-ზე, იმის გამო, რომ ფული არ მომცეს. ეს ფული რომ მოეცათ, იმის შემდეგ მუშაობას გავაგრძელებდით.
მიზეზად სიტყვიერად დამისახელეს, რომ მეტალოპლასტმასში ჩასმული რკინა უნდა ყოფილიყო ერთმილიმეტრიანი, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ 0,7-მილიმეტრიანი, თუმცა ამის შესახებ წინასწარ მივწერეთ და არაფერი მოუწერიათ. მანამდე კი სიტყვიერად ვუთხარი და წერილი მომწერეთ და გიპასუხებთ თანხმობასო. მაგრამ არც თანხმობა, არც უარი მოუწერიათ. გავაგრძელეთ მუშაობა, დავასრულეთ, შემდეგ გვითხრეს, რადგან ასე გაკეთდა, პროექტის ავტორის ნებართვა უნდა მოიტანოთ და ექსპერტიზის დასკვნა, რამდენად შეესაბამება პროექტსო. ერთიც მივუტანეთ და მეორეც. რაც კი მოითხოვეს, ყველა დოკუმენტი მიუტანეს, თანხაც დავიკელეთ, სახელმწიფო ინტერესები არაფრით დაზარალებულა. იმის შემდეგ 3 წერილი გავაგზავნე მერის სახელზე და არაფერი მოუწერიათ“, _ ამბობს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, ქუთაისის მერიასთან ურთიერთობა სხვა დროსაც ჰქონიათ, თუმცა მსგავსი პრობლემა ადრე არ ყოფილა. ეჭვობს, რომ ეს გამიზნულად კეთდება.
„პრობლემა ისაა, რომ არანაირ კომუნიკაციაზე არ გამოდიან. საკმაოდ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გამიზნულად ხდება. საბინაო სამსახურის უფროს ჯონი არაბიძესაც ვუთხარი ჩემი ეჭვის შესახებ. _ არა, ეგ რა შუაშიაო? თუმცა ბოლოს ისიც კი დამთანხმდა, მეც ვერ ვხვდები, რა მიზეზი უნდა იყოსო“, _ ამბობს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მერიის შემდგომი ნაბიჯი, სავარაუდოდ, კომპანიის დადანაშაულება და მისი დაჯარიმება იქნება.
„ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ როგორმე უნდათ, ეს ვადა ამოიწუროს და გაწყვიტონ ხელშეკრულება, შემდეგ ჩვენ დაგვადანაშაულონ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაში. მაგრამ რომ დამაჯარიმონ, ჯერ გაფრთხილების წერილი ხომ უნდა მომწერონ. შე დალოცვილო, რომ წახვედი, რატომ არ ასრულებ საქმეს? არაფერი მოუწერიათ. ჩემი წერილები მიდის! აბსოლუტურად ნული ყურადღება“, _ აცხადებს ნაცვლიშვილი.
„ქრონიკა+“ ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუწყვეტიათ:
„აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში იკვეთებოდა ხარვეზები, რომელზედაც შესაბამისი კვლევა ტარდება სხვადასხვა უწყების მხრიდან და დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება მიიღება“, _ განუცხადეს გაზეთს მერიაში.
მერიაში უარყოფენ კომპანიის წარმომადგენლის ბრალდებებს და აღნიშნავენ, რომ კომპანიას წერილები ეგზავნებოდა.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელ ჯონი არაბიძის განცხადებით, კომპანიამ დაარღვია სახელშეკრულებო მოთხოვნები.
„ამ კომპანიამ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოები“, _ განაცხადა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.
ის უარყოფს ზაზა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ პროექტში ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი წერილობითი მიმართვა არსებობდა და ასევე არ ეთანხმება განცხადებას, რომ მერიიდან კომპანიას წერილები არ ეგზავნებოდა.
„თავიდანვე რომ ეთქვა, უკეთესი იქნებოდა, რადგან მაშინვე ვეტყოდით, რომ მოვახდინოთ კორექტირება ხარჯთაღრიცხვასა და საპროექტო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, სამუშაოები იმ პარამეტრებში განხორციელდებოდა, რომელიც მან თვითონ შეასრულა. სამწუხაროდ, მან დაგვაყენა ფაქტის წინაშე. მას ვაცნობეთ ამის შესახებ არაერთი წერილით“, _ აცხადებს ჯონი არაბიძე.
მისივე თქმით, თუმცა შემდეგ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, ახლა გადაწტყვეტილება შესყიდვების სააგენტომ უნდა მიიღოს.
„კომპანიას ვუთხარით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან წარმოედგინათ ფასთა სხვაობის შესახებ დოკუმენტი, სამხარაულში უარი უთხრეს, რადგან შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავდათ, ამიტომ წარმოადგინეს კერძო კომპანიის დასკვნა. ამის შემდგომ ჩვენ მოვახდინეთ ფაქტების კონსტანტირება და მივწერეთ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს და ახლა მისი კომპეტენციაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, _ განაცხადა არაბიძემ.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძესა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.
ირინა მაკარიძე