- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-30 07:41:54
მართალია, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული აღარაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოიკოტი შეწყდა, ქართულ ოპოზიციაში დიდი ამბები დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ისე ჩანს, რომ ცალკეული ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას ცდილობენ. ამ კუთხით განსაკუთრებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აქტიურობს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდნეტი რევანშისთვის ემზადება.
„ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა“, _ განაცხადა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას ვაშაძემ.
ამ განცხადებას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა უპასუხა, თუმცა ვიდრე ამ პასუხზე გადავალთ, „ქრონიკა+“ გიორგი ვაშაძის განცხადების სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ:
„ჩვენი კვლევებით, ყველა პარტიის რეიტინგი დაცემულია. კატასტროფულად არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დაცემული. არავისი არ არის გაზრდილი, არც ჩვენი.
ხალხი ახლა არის დაკვირვების რეჟიმში და ამ დაკვირვების რეჟიმიდან ახალ პოლიტიკურ არჩევანზე უნდა გადავიყვანოთ. ისეთი დღეს ვითარებაა საზოგადოებაში, მესამე პოლიტიკური ცენტრი მყისიერად გადადის პირველ ადგილზე. მოხდება მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება თვითმმართველობის არჩევნებამდე? _ ხომ კარგი! არ მოხდება? _ ხელისუფლების ცვლილების სხვა გზა, გარდა ამ გზისა, არ არსებობს, მოხდება მაშინ თვითმმართველობის არჩევნების გზით.
გასული ყველა არჩევნები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ჩატარებული და წაგებული. 2018 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ თანაბარი ხმები აიღეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პასიური ამ არჩევნებში. მეორე ტურში გაყალბებას, დაშინებას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, დაემატა მიხეილ სააკაშვილი და, ფაქტობრივად, თავზე გადაგვახია კამპანია, რამაც ელექტორალური ბაზისი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ და მოიგო არჩევნები კამპანიურად.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევანშისტული განცხადებებით გააღვიძა დრაკონი ამ ხალხში. ამ არჩევნებშიც არჩევანი იყო რევანშსა და შიმშილს შორის.
„ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა“, _ აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ თუ „ნაცმოძრაობის“ მიზანი ოპოზიციის ლიდერობაა, მაშინ სწორ სტრატეგიაზე დგას.
„ჩემი მიზანი არის „ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში ახალი დემოკრატიული ძალების, აღმშენებლობის იდეით მოსვლა.
მელიას არაფერს ვერჩი. ნიკა მელია ახლა რთულ პროცესს გადის და „ნაცმოძრაობის“ შიგნით მას ვგულშემატკივრობ. მაგრამ ვინ არის პარტიის ლიდერი? _ ეს კითხვა დღემდე ისმის საზოგადოებაში. მიშა სააკაშვილია, ჯერჯერობით, ხალხის თვალში პარტიის ლიდერი. არაფორმალურად, მაგრამ ეს კიდევ უფრო ცუდია.
მიხეილ სააკაშვილს შემიძლია ადამიანურად გავუგო, რომ 9 წლის მანძილზე მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა, ამას თვითონაც ამბობს. სააკაშვილი წინაღობა გახდა სიახლის, ახალი თაობის განვითარების და თქვა, რომ არა, მე უნდა ვიყო. არადა, ძალიან ძლიერი ფიგურა იყო. ეს წინაღობა იქნება „ნაცმოძრაობაში“ ყველა ახალი ლიდერისთვის…
ჩემი ამოცანაა, არც „ქოცი“, არც „ნაცი“ არ იყოს ხელისუფლებაში, იყოს მესამე ძალა.
თუ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები, მაშინ დავივიწყოთ რიგგარეშე არჩევნები. მე ჩემს ამბიციებს გვერდზე გადავდებ, ოღონდ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, _ აცხადებს გიორგი ვაშაძე და ხაზგასმით დასძენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას საერთოდ არ აპირებს:
„არანაირ კოალიციას არ ვაპირებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი აზრით, არანაირი თანამშრომლობა ჩვენ არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკაში არის სამი რამისთვის ადგილი _ სამშობლო, ხალხი და სიმართლე. ხალხს ვეუბნები, სანამ 5-ს ან 41-ს ხაზავთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, აწმყო უნდა შევცვალოთ მომავლით და არა წარსულით“.
ერთი შეხედვით, „ნაცმოძრაობა“ შესაძლოა, მართლაც წარსულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ „წარსულს“ ყველაზე მეტი მიმდევარი და მხარდამჭერი ჰყავს. ამიტომაც თაკო ჩარკვიანს, როგორც ამბობს, ხანდახან ეჩვენება, რომ დაბალპროცენტიანი პარტიები მიშას სთხოვენ, შენ გვერდზე გაიწიე და შენი პარტია ცოტა ხნით გვათხოვეო.
და კიდევ ერთი: თაკო ჩარკვიანმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელ პაატა მანჯგალაძეს მიმართა:
„პაატა მანჯგალაძე! სუსი არ გავიგო შენი, სუსი!
თუ რამე პრეტენზია გქონდა მიხეილ სააკაშვილთან, იმ წლებში უნდა გეთქვა (ჩვენ _ მე და ბევრი რომ ოპოზიციაში ვიყავით, მაშინ), აი, მაგალითად, გირგვლიანის ცნობილი საქმის დროს და პენიტენციურში მომხდარი დანაშაულებებისა და დარღვევების გამო (ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს), მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი იყავი, თანამდებობაზე _ 2009-2011 წლებში, თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, სახ. აუდიტის აუდიტორი, მოგვიანებით, „ოცნების“ ხელისუფლების დროს კი _ გურიის ვიცე-გუბერნატორი იყავი და 2014-17 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ახლა, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლანძღვა, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუციები შექმნა და განავითარა, ჩაატარა რეფორმები და ბიუჯეტი 250 მილიონიდან 5 მილიარდ დოლარზე აიყვანა, ახლა სააკაშვილის ლანძღვა რუსეთისა და მასზე მომუშავე „ოცნების“ ხელისუფლებისა და მისი სატელიტების ინტერესშია და ეს თავად მშვენივრად იცი!
ახლა იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყველა (სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) გუშინ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრას მსოფლიო რომ ადევნებდა თვალს და საქართველოს ხსენებაც რომ არ იყო შენნაირი „მოთამაშეების“ გამო!
ასე რომ, მანჯგალაძე, სუსი არ გავიგო შენი, სუსი!“
თაკო ჩარკვიანი:
_ სიტყვა რევანში არ მომეწონა, ანუ კიდევ არსებობს რომელიმე პარტია, რომელმაც შეიძლება, რევანშზე იფიქროს? ამ თემაზე იგივე გიორგი ვაშაძესთანაც მისაუბრია, რომ ისეთი პოლიტიკური სისტემით უნდა მოვიდეთ, რევანში ვერავინ შეძლოს. სხვათა შორის, ამაზე მემორანდუმსაც მოვაწერეთ ხელი. ჩემი პარტია „კანონი და სამართალიც“ იმიტომ შეიქმნა, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს.
მოკლედ, თავისთავად გამორიცხულია, რომ რომელიმე პარტია, მათ შორის, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“, რევანშით მოვიდეს.
ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს საქართველო რევანშშია!
_ ვის რევანშში?
_ „ქართული ოცნების“.
_ ანუ?
_ დიახ, რევანშშია, რომ ივანიშვილმა საქართველო მიწაზე განართხრა!
_ რას ნიშნავს, „განართხრა“?
_ იმაზე დიდი რევანში, რაც ახლა საქართველოს სჭირს, პირადად ჩემთვის, არ არსებობს! ყოველ შემთხვევაში, ასეთი ცუდი დროება ჩემს ქვეყანას არ ჰქონია!
რაც შეეხება ე. წ. მესამე ძალას, ამ სახელს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხი არქმევს, მაგრამ ხალხმა ეს სახელი რომ დაგარქვას, ჯერ უნდა დაგინახოს.
წინა არჩევნებში გამოვცადეთ, რომ მოსახლეობა ამ ტიპის მესამე ძალას ვერ ხედავს.
_ რატომ ვერ ხედავს?
_ სამაგიეროდ, დიდ გაერთიანებას ხედავს.
ისე, მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევედი, უფრო ცუდ განწყობაზე ვარ.
_ რატომ, თაკო?
_ არ მეზარება, ბოლომდე ვიშრომებ, სანამ ოხანაშვილს არ დავუმტკიცებ, რომ ხალხის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფა და უბედურებაა, მაგრამ არ მინდა, რომ იქ ფერხულში ჩავებათ და ეს მაგიდის ტენისი იყოს!
_ ფერხულში როგორ უნდა ჩაებათ?
_ ეს სამარცხვინო ძალა შეგიტყუებს.
_ სამარცხვინო ძალა, ანუ „ოცნება“?
_ დიახ.
ამასობაში არჩევნები მოვა და არ ვიცი, ხმები როგორ უნდა დავიცვათ. შეიძლება, არჩევნების ძალიან კარგი სტრუქტურა წარმოვადგინოთ, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ თუ საერთაშორისო ინსტიტუციები არ მოვიწვიეთ, საკუთარი ძალებით ხმები დავიცვათ.
მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარებაა.
_ დაასაბუთეთ, ამას რატომ ამბობთ?
_ აი, მაგალითად, კანონპროექტებით გვჯობნიან. ამიტომ ამ ვითარებაში გაერთიანებაზე უნდა ვისაუბროთ.
სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ არდაშლისთვის როგორ ვიბრძოლე.
_ დიახ, მახსოვს, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ ბატონ შალვას არ ვეწინააღმდეგებოდი _ რას ბრძანებთ, მას თავისი დამსახურება აქვს.
_ ნათელაშვილს გულისხმობთ?
_ დიახ…
მოკლედ, გაერთიანება უკვე შექმნილი იყო და ახლა ყველას ვეკითხები.
_ რას ეკითხებით?
_ არითმეტიკა ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
_ მერე?
_ სულ გვესმის, რომ 27-პროცენტიანი პარტია პატარა პარტიების გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ 3-პროცენტიანი პარტია 27-პროცენტიანი პარტიის გარეშეც ხომ ვერ იარსებებს? ამიტომ მაინტერესებს, ვის ეკვრებიან _ კობახიძეს? ეს ლეგიტიმური კითხვაა.
_ ეს კითხვა ოპოზიციის ლიდერებს დაუსვით?
_ დიახ.
_ რა გიპასუხეს?
_ პასუხი არ არსებობს.
_ ამას რით ხსნით?
_ ასეთი მწვავე ბრძოლის დროს გვინდა, რომ 900 ათასმა ადამიანმა უცებ 3-პროცენტიანი პარტია აირჩიოს?
ეს არ მოხდება, რადგან ამის წარმოდგენაც კი პოლიტიკური სიბეცეა!
არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ბატონი მანჯგალაძისა და იგივე გიორგისგან განსხვავებით, მარტივ ლოგიკურ კითხვას ვსვამ.
_ თაკო, რა კითხვას სვამ?
_ ზოგჯერ მგონია, რომ სააკაშვილს ეუბნებიან, შენ გაიწიე და შენი 900-ათასიანი პარტია „გვათხოვეო“.
მომიტევეთ, მაგრამ ასე ჩანს. ამიტომ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ამ სისულელეს თავი დავანებოთ და ნუ დაელოდებიან, რომ იგივე „ოცნების“ ე. წ. შუა ხმები სამპროცენტიან პარტიებთან წავა.
ეს სისულელეა! სამპროცენტიან პარტიებთან ის ხმები წავა, რაც აქამდე მიიღეს!
ერთი სიტყვით, დიდი ოპოზიციური გაერთიანება უნდა გაკეთდეს, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ პუტინს მოერიო!
შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიცავ, მაგრამ, სინამდვილეში, მთელ ოპოზიციას ვიცავ, რადგან ამ პარტიის მომხრეები დიდი პროცენტია. ბიძინას კი ამ 900 ათასი ადამიანის ლანძღვა უხარია!
გიორგი აბაშიძე