- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-06-30 06:14:55
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნაწილი იმედგაცრუებულია. მათ სჯეროდათ, რომ პარტია ბოლომდე დარჩებოდა ბოიკოტის რეჟიმში და გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდა. „ნაციონალები“ პარლამენტში შევიდნენ, თან განაცხადეს, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა. ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შაქრო ტერტერაშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კოლექტიური ელისაშვილები პარლამენტში შევიდნენ, იქ „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შესულიყო, რადგან გარეთ ყოფნამ აზრი დაკარგა.
დააკარგვინებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებს პარლამენტში შესვლა? რას ელოდებიან თვითმმართველობის არჩევნებისგან? ვის ხმებს წაიღებენ გახარია და ვასაძე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება:
_ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლამ ბევრ მის მხარდამჭერს გაუცრუა იმედები, თქვენც გაგიცრუვდათ იმედი?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის გამო არ გამცრუებია იმედები. იმედები გამიცრუვდა მაშინ, როცა ოპოზიციამ პარლამენტში შესვლა დაიწყო. ყველაზე ბოლოს ჩვენი პარტია შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. იმ დროისთვის ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
_ ყველა ამას ამბობს და რატომ იყო ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება?
_ შექმნილ სიტუაციაში სხვას ვერაფერს მოიმოქმედებდნენ, პარლამენტში უნდა შესულიყვნენ.
_ გარეთ რომ დარჩენილიყვნენ, ამით რა დაშავდებოდა?
_ როგორც უკვე გითხარით, შექმნილ ვითარებაში შესვლა იყო სწორი გადაწყვეტილება. ბოიკოტის მთავარი აზრი ის გახლდათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო ერთპარტიული. ადრე შესულებიც და ჩვენც ვამბობდით, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ პარლამენტი უნდა იყოს ერთპარტიული. ამით მთელ მსოფლიოს ვაჩვენებდით, თუ როგორი პარლამენტი ჰყავდა ივანიშვილს.
რაღაც პერიოდი საქართველოს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი. მერე იქ შევიდნენ ელისაშვილები და ინაშვილთან განაყარი პარტია. ამათ „გირჩები“ და ვიღაცები დაემატნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ იყო.
_ იქ შესულებზე ხომ ამბობდით, რომ ოპოზიციონერები არ არიანო?
_ ვამბობდით და ახლაც იგივეს ვიტყვი: ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა, ეს უკვე ხალხმა იცის. საქმე სულ სხვა რაღაცაშია _ პარლამენტში „ქართული ოცნების“ გარდა რამდენიმე პარტია იყო შესული. შესაბამისად, ვეღარ ვიტყოდით, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია ზის. ერთპარტიული პარლამენტის იდეა, ფაქტობრივად, მოკვდა. ქუჩაში დარჩენა და იქიდან ბრძოლა საკმარისი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ და იქიდან ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ბოიკოტი შეწყდა, მაგრამ მან მაინც გამოიღო შედეგი.
_ რა შედეგი გამოიღო?
_ პირველ რიგში ის, რომ ციხიდან გამოუშვეს პოლიტპატიმრები. საუბარი დაიწყო საარჩევნო რეფორმასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. საუბარი დაიწყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე. დასავლეთის წინაშე „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც-რაღაცები გასაკეთებელია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ბოიკოტი რომ არ ყოფილიყო, ამ თემებზე საუბარი არც იქნებოდა.
ამას ნიკა მელიას ფაქტორმაც შეუწყო ხელი. ნიკა მელიას ამბავიც პირდაპირ ბოიკოტთან არის კავშირში. „ნაციონალები“ პარლამენტში თავიდანვე რომ შესულიყვნენ, ნიკას საქმეს არ გაიხსენებდა არავინ. დაკავებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მისთვის შეიძლება საჩუქრები გაეგზავნათ.
გავიმეორებ, რაც ზემოთ გითხარით: შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყოს ის, რომ ბლოკი „ძალა ერთობაშიას“ სიით გასული დეპუტატები შესულიყვნენ პარლამენტში. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. პირადად მე შესვლას დავუჭირე მხარი.
_ შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ხელისუფლებას რამდენიმე ვალდებულება უნდა შეესრულებინა. ახლა ის რაღაცების შესრულებაზე უარს ამბობს.
_ ეს ჩვენი ბრალი არ არის. ამ ვალდებულებების შესრულებაზე „ოცნებამ“ მანამდე თქვა უარი, სანამ ჩვენ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მივიღებდით. მათ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ არ შეაჩერეს. შეთანხმება დარღვეული იყო ამნისტიის ნაწილში. ძალიან კარგი ვქენით, შარლ მიშელის დოკუმენტს რომ არ მოვაწერეთ ხელი.
ამნისტია, რა ფორმითაც ხელისუფლება მის მიღებას აპირებს, არის ძალიან საშიში პრეცედენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც უნდა, მაგრამ როცა დადგება მათი შეცვლის დრო, მიიღოს ამნისტია და ყველა ცოდვები ჩამოიწეროს, რათა ჩადენილ დანაშაულზე შემდეგმა ხელისუფლებამ არ მოსთხოვოს პასუხი.
_ ახლა რატომ იღებენ ამ ამნისტიას? ხელისუფლების გადაბარებას ხომ არ აპირებენ?
_ თავისი ნებით არავის არაფერს არ გადააბარებენ. რაკი რაღაც პროცენტებზე ალაპარაკდნენ და ვადამდელი არჩევნები ახსენეს, რაღაცას გრძნობენ. მათი გადმოსახედიდანაც კი ისე ჩანს, რომ უნდა წავიდნენ. თან ჩვენთან ცოტა არაპროგნოზირებადი ამბები ხდება. მოვლენები ისე აზვირთდება ხოლმე, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას წასვლა მოუწიოს. 2019 წლის 20 ივნისს ისეთები მოხდა, ხელისუფლება წასვლა-არწასვლის ზღვარზე იყო. ახლა რეფერენდუმი ტარდება. 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებს „ოცნება“, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ვადამდელ არჩევნებში მათ არავინ მისცემს ხმას. დაზღვეულები რომ იყვნენ, ამიტომ აცხადებენ ამნისტიას. თუ მაინც დარჩნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ შეუშლით ხელს ამნისტია.
_ ვთქვათ, ამათ გამოსცეს ამნისტია და დამნაშავეები გაათეთრეს, შემდეგ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ საქმეების ხელახალი გამოძიება?
_ როგორ არ შეუძლია. უბრალოდ, ეს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით უფრო რთული იქნება.
_ ზემოთ თქვენ გაიხსენეთ 2019 წლის 20 ივნისი, როცა სიტუაცია ზღვარზე იყო. ვითარება ივანიშვილმა განმუხტა. ის 24 ივნისს გამოვიდა და თქვა, რომ მომავალი არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამის გამო ოპოზიციამ პროტესტი შეანელა და ხელისუფლებას სულის მოთქმის შანსი მიეცა.
_ მაშინ შეცდომა დავუშვით, პროტესტი რომ შევანელეთ. ბოიკოტის დროს ერთი კაცი შევიდა პარლამენტში და დაგვპირდა, გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს გამოვიტანო. ასეთები სხვებიც იყვნენ ოპოზიციაში. ივანიშვილის განცხადების შემდეგ თქვეს, პროტესტი შევწყვიტოთ, კაცი დაგვპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებაო. მაშინდელი პროტესტის ჩაცხრომაში ამ დაპირებამ დიდი როლი ითამაშა.
ეს დაპირება არ უნდა დაგვეჯერებინა. ივანიშვილი რომ ცრუობდა, ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდა. „ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, რაც გაფორმდა, როგორც მაჟორიტარების ამბოხი.
_ დაჩი ბერაიასა და დიმიტრი ხუნდაძის ამბოხი არ გაიშვას.
_ ამ ამბოხის უკან ივანიშვილი იდგა. მის წინააღმდეგ წასვლას ვინ გაბედავდა? ჩააგდეს ცვლილებები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებამ 30 მაჟორიტარის დახმარებით შეძლო უმრავლესობის აღება.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ 3%-ის თემაც პროტესტის ჩასაცხრომად არ გამოაგორეს? ღარიბაშვილმა თქვა, არჩევნებზე 53%-ზე მეტს ავიღებთო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უკვე დაწერილია 53%? ასეთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
_ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს ორ რამეს: ერთია თავისი მომხრეების გამხნევება და მეორე, სუსს მისცეს დავალება.
_ რა დავალება?
_ როგორ უნდა იმუშაონ არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ კი ქმნის საარჩევნო შტაბებს, მაგრამ ნამდვილი საარჩევნო შტაბები ხომ სუსის კაბინეტებშია. მუნიციპალიტეტების სუსის ხელმძღვანელებმა იციან, რომ მათ უნდა წარმართონ საარჩევნო პროცესი. „ქართული ოცნების“ შტაბში მჯდომი არის ფორმალური ტიპი, რომელსაც არაფერი ეხება. სუსი წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს კოორდინატორი. სუსი წყვეტს, რომელი საჯარო მოხელე შეავიწროონ და გაუშვან. სუსი წყვეტს, რმელი მეწარმე უნდა შეაწუხონ. ღარიბაშვილმა, ერთი მხრივ, „ოცნების“ მომხრეებს უთხრა, არ დაიშალოთ, 53%-ს ავიღებთო, მეორე მხრივ კი სუსს უთხრა, ამ მიმართულებით იმუშავეთო.
_ სუსი ამ მიმართულებით აუცილებლად იმუშავებს.
_ რა თქმა უნდა. შეეცდებიან, რომ 43%-ზე მეტი დაიწერონ.
_ ამას ოპოზიცია რას უპირისპირებს? ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მაინტერესებს. სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უცნაურად იქცევიან.
_ ოპოზიციის ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რაღაც კომპლექსი გაუჩნდა. ზოგიერთმა თავი მესამე ძალადაც კი გამოაცხადა. ჩვენ კი არ უნდა გვებრძოლონ, საკუთარ თავზე იმუშაონ და ასე მიაღწევენ უკეთეს შედეგს. დღეს ერთი ილაპარაკო და ხვალ _ მეორე, ლამაზი არ არის. ჩვენ მყარად ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ოცნებამ“ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები აიღოს.
_ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია კი ხართ, მაგრამ მარტოებს „ოცნებასთან“ ბრძოლა გაგიჭირდებათ.
_ დიდი იმედი მაქვს, რომ „ოცნებასთან“ ერთად საბრძოლველად ოპოზიცია ერთ პოზიციაზე დადგება. არ იქნება მარტივი საქმე, „ოცნებას“ 43%-ზე მეტი რომ არ ააღებინო. ღია გაყალბებას ისინიც ვერ გაბედავენ. ოპოზიცია ერთად თუ დადგა, კიდევ უფრო გაუჭირდებათ. ამიტომ უნდა დავდგეთ მხარდამხარ და დაუღალავად ვიშრომოთ. შრომა და ბრძოლა ახლავე უნდა დავიწყოთ და მანამდე არ გავჩერდეთ, სანამ საბოლოო შედეგები არ გამოცხადდება. შესაძლოა, შედეგების გამოცხადების შემდეგაც დაგვჭირდეს ბრძოლა. ჩვენი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიციას ყველაზე მეტად მიღებული ხმების დაცვა უჭირს.
_ მარტო ხმების დაცვა არ გვიშველის. ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა. „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტი არ უნდა აიღოს. ოპოზიცია თუ მოინდომებს, ეს შესაძლებელი იქნება.
_ პოლიტიკურ ფლანგზე ვასაძე და გახარია გამოვიდნენ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ოპოზიციის წისქვილზე დაასხამენ წყალს, რადგანაც ხელისუფლებას წაართმევენ ხმებს. თქვენ რას ფიქრობთ? რატომ არ შეიძლება, რომ მათ ოპოზიციის მხარდამჭერებმაც მისცენ ხმა?
_ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვასაძესა და გახარიას ხელისუფლების წარმომადგენლებიც მისცემენ ხმას და ოპოზიციის მხარდამჭერებიც. ოპოზიციიდან მათკენ ძალიან ცოტა წავა, „ოცნებიდან“ კი ბევრს წაიყვანენ. გახარია და ვასაძე „ოცნების“ ამომრჩევლისთვის მისაღები ტიპაჟები არიან და რა გასაკვირია, თუ მათგან მხარდაჭერას მიიღებენ. ვინ დაუჭერს მათ მხარს, ამას დრო გვაჩვენებს. არჩევნების მოახლოება გასცემს კითხვებს პასუხს. „ქართული ოცნება“ ხშირად ატარებს გამოკითხვებსა და კვლევებს, ადგენს რეიტინგებს. თუ ნახავენ, რომ ვასაძესა და გახარიას მხარეს ბევრი მეოცნებე გადავიდა, მაშინ არც ერთი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და არც _ მეორე.
_ რატომ არ მიიღებენ მონაწილეობას?
_ „ოცნებამ“ თუ დაინახა, რომ ეს ორი პერსონა ხმებს აკარგვინებს, გვერდზე გაწევას მოსთხოვენ და ესენიც გაიწევიან.
_ თუ არ გაიწიეს და ოპოზიციის გვერდზე დადგომა მოინდომეს, მერე რას აკეთებთ? დაიყენებთ მათ გვერდით?
_ არა მგონია, ეს მოხდეს. გახარია და ვასაძე ჩვენთან არ მოვლენ. ვასაძე არაა ის ტიპი, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოვა. არც იმას იტყვის, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციამ უფრო მეტი აიღოო. გახარიაც და ვასაძეც ივანიშვილის პროექტია.
_ ორივე ამბობს, არავის პროექტი არ ვართო.
_ საქმე საპირისპიროს ამტკიცებს. ვასაძეს პარტია ჯერ არ შეუქმნია. გახარიამ უკვე დაიწყო ოფისების გახსნა და აქედანაც ჩანს, რომ ის ხელისუფლებისთვის მისაღებია.
_ ოფისები ყველა პარტიას აქვს გახსნილი, მათ შორის, თქვენს პარტიასაც.
_ ყველას გვაქვს ოფისები, მაგრამ რა დღეში არიან ოპოზიცური პარტიის ოფისები. წელი ისე არ გავა, „ოცნების“ მომხრეებმა რამდენიმე ოფისი არ დაგვირბიონ. გახარიას პარტიამ ბათუმში გახსნა ოფისი, მაგრამ მისთვის ხელი არავის უხლია, არც კვერცხები დაუშენიათ. ჩვენს ოფისებს ზოგჯერ ტყვიებსაც ესვრიან.
_ კვერცხები და ტყვიები არ უსვრიათ ამ ახალი პარტიისთვის, მაგრამ „ოცნება“ ყოფილ პრემიერს, ბოლო დროს, აქტიურად ლანძღავს.
_ ეს არაფერს ნიშნავს. ეს მწვავე განცხადებები სხვა რაღაცას ისახავს მიზნად. „ოცნებას“ უნდა, რომ გახარია ოპოზიციური ელექტორატის კალთაში გადმოაგდოს. გახარია ნამდვილი ოპოზიცია რომ იყოს, მას ოფისს კი არა, სახლის ფანჯარას არ გაახსნევინებდნენ.
_ თქვენ ზემოთ თქვით, წარმოუდგენელია, ვასაძე ჩვენთან ერთად დადგესო. ისეთი ხალხი იდექით ერთმანეთის გვერდით, რომ მისი გამოჩენაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
_ ამ ქვეყანაში გასაკვირი აღარაფერი დარჩა, მაგრამ ჩვენ და ვასაძე ერთად მაინც მეტისმეტია. თან ისიც არ ვიცით, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ზემოთ უკვე გითხარით, რომ თუ გახარია და ვასაძე „ოცნებას“ ბევრ ხმას წაართმევენ, მაშინ ისინი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. უფრო ზუსტად, ამის უფლებას ივანიშვილი არ მისცემს.
_ საზოგადოებას რას ეტყვიან, როგორ ახსნიან იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ?
_ მიზეზის მოძებნას რა უნდა? იტყვიან, ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნები არაფერს ნიშნავს, გვირჩევნია, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადოთო. რაღაცა ბლა-ბლა-ბლა ტექსტებით გაამართლებენ თავიანთ გადაწყვეტილებას.
თუ დაინახავენ, რომ ამ ორ ადამიანს ოპოზიციური ელექტორატი უფრო უჭერს მხარს, მათ ლანძღვას გააგრძელებენ. გალანძღავენ იმიტომ, რომ ოპოზიციონერის იმიჯი შეუქმნან. ერთი ხელით გალანძღავენ და მეორე ხელით დეხმარებიან, რომ ოპოზიციის ხმები წაიღონ.
_ გინდათ თქვათ, რომ ვასაძე და გახარია ივანიშვილისთვის ისეთივე ოპოზიცია იქნება, როგორც „ნაციონალებს“ ქდმ გყავდათ?
_ დაახლოებით ასეთი სურათი დაიხატება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტი აიღოს და ვადამდელი არჩევნების თემაზე საუბარი დაასრულოს.
_ ისევ პარლამენტში შესვლაზე ვისაუბროთ. მას შემდეგ, რაც „ნაციონალები“ იქ შევიდნენ, ბევრ მხარდამჭერს გაუცრუვდა იმედები. მათი გულის მოგებას როგორ აპირებთ? ამ არჩევნებზე თითოეული ხმა მნიშვნელოვანი იქნება.
_ მე ვარ პრაქტიკოსი ტიპი. ჩემს მშობლიურ ახმეტაში ჩვენი ამომრჩევლის 90%-ს მაინც ვიცნობ. თან ისე კი არ ვიცნობ, არამედ ურთიერთობის დონეზე. ჩვენი შესვლის გამო ახმეტაშიც გამოთქვეს ვიღაცებმა პროტესტი. სოციალურ ქსელშიც დაწერეს პოსტები. ეს, იცით, როგორი კატეგორიაა, _ სიტყვით გვიჭერენ მხარს, მაგრამ არჩევნებზე არასდროს დადიან.
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მხარდამჭერების გვერდის ავლით არ მიგვიღია. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, მთელი საქართველოს მასშტაბით შევხვდით ჩვენს ამომრჩევლებს. მათ ჰქონდათ კითხვები. ამ კითხვებზე ვუპასუხეთ. საბოლოო ჯამში, ყველანი შევთანხმდით, რომ რაკი ბოიკოტმა აზრი დაკარგა, ჩვენ პარლამენტში უნდა შევსულიყავით.
_ გინდათ თქვათ, რომ შესვლის გამო ამომრჩეველი არ დაკარგეთ?
_ ასე გადაჭრით ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ვიღაცა აუცილებლად გამოგვაკლდება, მაგრამ ვიღაც დაგვემატება. ეს ყველა არჩევნებზე ხდება და ჩვეულებრივი ამბავია. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი „ოცნებას“ არ მისცემს ხმას. სხვა ოპოზიციურ პარტიას თუ დაუჭერენ მხარს წასულები, პრობლემა არ იქნება. ჩვენთვის მთავარია, „ოცნებამ“ არ აიღოს 43%.
_ არჩევნებზე რომ არ მოვიდნენ, ეს ხომ დააკარგვინებს ოპოზიციას ხმებს?
_ დააკარგვინებს. ასეთი შემთხვევები მაშინაც მოხდებოდა პარლამენტში რომ არ შევსულიყავით. ზოგიერთი ამომრჩეველი შეიძლება იმიტომ გაგებუტოს, თეთრი პერანგი რატომ არ გეცვაო. ჩვენი ამომრჩეველი მასობრივად არ გაგვებუტება და ესაა მთავარი. ვინმეს თუ კიდევ წყდება გული პარლამენტში ჩვენს შესვლაზე, გავუმეორებ, რა მოხდა: ბოიკოტი გამოვაცხადეთ იმიტომ, რომ გვინდოდა მსოფლიოს დაენახა, ივანიშვილს ჰქონდა ერთპარტიული პარლამენტი. ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელია. თავიდან მთელი ოპოზიცია უჭერდა ამ იდეას მხარს. პარლამენტიც ერთპარტიული იყო, მაგრამ მერე ვიღაცებმა დაიწყეს შესვლა, ამან ბოიკოტს აზრი დაუკარგა, რადგან როცა პარლამენტში რამდენიმე პარტიაა, ის ერთპარტიული აღარ არის. დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს, იქ ივანიშვილის კონტროლირებადი ოპოზიცია შევიდა, თუ კოლექტიური ელისაშვილები. მათ დაინახეს, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტიაა. დაკარგა ბოიკოტმა აზრი და ჩვენც შევედით. ახლა იქიდან გავაგრძელებთ ხელისუფლების მხილებას. პარალელურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადებით. აქ უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. წინ დიდი ბრძოლები გველოდება და ახლა შესვლა-არშესვლის თემაზე საუბარში დროს არ უნდა ვკარგავდეთ.
_ შემოდგომაზე მართლა საინტერესო ამბები გველოდება. ასეთი საინტერესო თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
_ ეს ყველაზე საინტერესო და ცხელი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა აქვს და ამ დროს ხალხი დიდად არ აქტიურობს. ახლა სხვა ვითარება გვაქვს. მგონია, რომ ბევრი ხალხი მოვა არჩევნებზე, რადგან შემოდგომაზე მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება. ეს იქნება რეფერენდუმი, სადაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. ძნელი იქნება, „ოცნებას“ 43%-ზე ნაკლები ააღებინო, მაგრამ არა _ შეუძლებელი. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ხალხმა და ოპოზიციამ ერთად უნდა მოვინდომოთ. არჩევნებისთვის მზადება და ბრძოლა ახლავე უნდა დავიწყოთ.
შორენა მარსაგიშვილი