QronikaPlus
მერაბ ბლადაძე: „ბიზნესმენებს რიგი უდგათ, რომ გახარია დააფინანსონ“

მერაბ ბლადაძე: „ბიზნესმენებს რიგი უდგათ, რომ გახარია დააფინანსონ“

2021-06-29 08:45:14

„ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სამიზნედ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია აირჩია. გახარიას თანაპარტიელი მერაბ ბლადაძე ამას მეოცნებეთა შიშით ხსნის. ბლადაძის აზრით, მმართველ პარტიაში იციან, რომ გახარია მათ ხელისუფლებიდან გაუშვებს. ბლადაძე იმასაც ამბობს, რომ „ოცნებაში“ ძალიან ბევრი ფიქრობს გახარიას პარტიაში გაწევრიანებაზე. იგი ამტკიცებს, რომ მათთან ბიზნესმენების რიგი დგას.

რის უფლებას არ აძლევდა გახარიას ივანიშვილი? რატომ მიაკითხეს მას ბიზნესმენებმა? დააკავებენ თუ არა ყოფილ პრემიერს? ვინ აპირებს „ქართული ოცნებიდან“ მის პარტიაში გადაბარგებას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მერაბ ბლადაძე ესაუბრება:

_ ბატონო მერაბ, ბოლო ხანებში ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური“ მოძრაობა სრულიად მიივიწყა და მთელი ყურადღება გიორგი გახარიაზე გადაიტანა. თქვენ რით ხსნით ასეთ ყურადღებას?

_ ასეთი ყურადღება შიშით არის გამოწვეული. ამ ბოლო დროს „ქართული ოცნება“ დაემსგავსა ხელისუფლებაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაბას“, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არნახულ სიბინძურეებს მიმართავდა. ფეისბუქიდან პირდაპირი ტერორი დაიწყეს. გადადიან პიროვნულ შეურაცხყოფაზე. ოჯახურ რაღაცებსაც წერენ. ეს არის დამარცხებისთვის განწირული ხალხის ბოლო გაბრძოლება. წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ამ დღეში არიან დღეს მეოცნებეები.

_ ესენი კი არიან ხავსს მოჭიდებულები, მაგრამ არც თქვენი ლიდერის საქმეებია კარგად. გიორგი გახარიას მისამართით ძალიან სერიოზული პრეტენზიები ისმის. ირაკლი კობახიძემ მასზე ისეთები თქვა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ყოფილ პრემიერს დააკავებენ. ამაზე რას ფიქრობთ?

_ იმ პროცესს, რაც ახლა დაიწყო, ვერაფერი შეაჩერებს. ირაკლი კობახიძის ბრალდებები არის უსუსური და უსაფუძვლო. ამის გამო გიორგი გახარიას ვერ დააკავებენ. ან როგორ უნდა დააკავონ?! _ ეს ქვეყანა, საბედნიეროდ, ჩალით დახურული არ არის.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული? ოპოზიციონერები ძალიან სასაცილო ბრალდებებით დააკავეს. გახარიას ბევრად სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ. ასე რომ, არც მისი დაკავება უნდა გაუჭირდეს „ქართულ ოცნებას“.

_ არ მგონია, რომ გიორგი გახარია დააკავონ. ან რატომ უნდა დააკავონ? ირაკლი კობახიძის ბრალდებების გამო? ირაკლი კობახიძე ერთი ჩვეულებრივი „აბიჟნიკია“. მისი ბრალდებების გამო გახარიას თუ დააკავებენ, კობახიძე მას გვერდით უნდა მიუსვან.

_ რატომ უნდა მიუსვან გვერდით?

_ იმიტომ, რომ კობახიძე არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ისიც დანაშაულის თანამონაწილე გამოდის. თან ისიც უნდა განმარტოს, თუ გახარია რაღაცებს აშავებდა, რატომ არაფერს ამბობდა აქამდე ამის შესახებ? თქვენი რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვინც კი ლიდერია, ყველაზე არსებობს კომპრომატები. მას აბსოლიტურად ვეთანხმები. „ნაციონალებსაც“ ასე ჰქონდათ თავიანთ მაღალჩინოსებზე კომპრომატები. კომპრომატებს იმიტომ აგროვებდნენ, რომ შემდეგ ისინი დაეშანტაჟებინათ. ასევე იქცევა „ქართული ოცნებაც“. ბევრ მაღალჩონოსანზე აქვთ კომპრომატები და ამით აშანტაჟებენ მათ. აკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც არ სურთ.

_ გახარიაზეც აქვთ კომპრომატები?

_ გახარიაზე არ აქვთ, მის წინააღმდეგ არანაირი კომპრომატი არ არსებობს. იმისთვის, რომ მას ბრალდება წარუდგინონ, რაღაც უნდა შეთხზან. ან რას ჰქვია, დააკავებენ? აბა, გაბედონ და დააკავონ. ნახავენ, რასაც მიიღებენ პასუხად.

_ რას მიიღებენ პასუხად?

_ რას და გახარიას გაზრდილ რეიტინგს. ეს ხელისუფლება „ნაციონალებს“ ჰგავს და ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გიორგი გახარიას დაკავებას არ მოინდომებენ. ყოფილ პრემიერს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ციხეში გაუშვან. ის და კრიმინალური საქმიანობა ერთმანეთისგან შორსაა.
„ქართულ ოცნებაში“ ზღაპრებს ბევრს იგონებენ და მომავალშიც მოიგონებენ. იმ დღეს ყვებოდნენ, რომ თითქოს ყოფილ პრემიერს ირანელ ტერორისტებთან აქვს კავშირი. ეს არის სისულელე და სამარცხვინო ბოდვა. „ქართული ოცნების“ ფანტაზიებს საზღვარი აღარ აქვს.

_ „ქართულ ოცნებაში“ იმასაც ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა. ამ ბრალდებებზე რას იტყვით? ესეც მათი ფანტაზიის ნაყოფია?

_ რა თქმა უნდა. გეუბნებით, რომ ამათ ფანტაზიას საზღვარი აღარ აქვს. რატომ უნდა შესულიყო გიორგი გახარია „ნაციონალებთან“ და მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაში? საამისოდ მას მიზეზი არ ჰქონია.

_ ამბობენ, თითქოს მას „ნაციონალებმა“ ფული გადაუხადეს. ეს ვერსია არასერიოზულად კი გამოიყურება, მაგრამ ვიღაცებს ამისი სჯერათ.

_ სისულელეა. რაში სჭირდება ყოფილ პრემიერს „ნაციონალებისა“ და მათი ლიდერების ფული, როდესაც ჩვენს პარტიას ბიზნესმენების რიგი უდგას?!

_ რატომ გიდგათ ბიზნესმენების რიგი?

_ მათ სურთ, რომ ჩვენი პარტია დააფინანსონ. სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ თითქოს დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს.

_ იმასაც ამბობენ, რომ თქვენი პარტია ვანო ჩხარტიშვილთან არის რაღაც კავშირში.

_ ესეც სისულელეა. ასეთი შეთქმულების თეორიების არავის სჯერა. ბევრი რამე ხომ თქვეს, კიდევ უფრო ბევრს იტყვიან. ჟურნალისტები ძალიან ბევრ ინფორმაციას გებულობთ, მაგრამ ყველაფერი მართალი ხომ არ არის? ასეა ამ შემთხვევაშიც _ იგონებენ რაღაცებს და ცდილობენ, ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. მათ ასევე უნდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ ყოფილი პრემიერი.

_ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს?

_ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ თავი იმართლოს. „ქართული ოცნების“ მონდომება შედეგს არ გამოიღებს. ახლა ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს: სერიოზულად ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ მიმართ ხალხის განწყობა ძალიან დადებითია, რაც ძალიან გვახარებს და იმის იმედს გვაძლევს, რომ არჩევნებზე კარგ შედეგს დავდებთ.

_ პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციების დაფუძნება აჭარიდან დაიწყო. რატომ შეარჩია გახარიამ აჭარა? ყველაზე მეტი მომხრე ამ რეგიონში ჰყავს?

_ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. გვიხარია, რომ აჭარიდან დაიწყო გახარიამ რეგიონული ორგანიზაციების დაფუძნება. აჭარაში მას ჰყავს მომხრეები, მაგრამ არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აჭარა იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო აჭარიდან იწყება. დარწმუნებული ვარ, აჭარიდან დაწყებული მოძრაობა არსებული ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ჩენ შევძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას.

_ შიდა ქართლსა და სამეგრელოში გახარიას მომხრეებს სამსახურებიდან უშვებენ. აჭარაშიც მსგავსი სიტუაციაა, თუ აქ რაიმე სხვა ტიპის პრობლემები გექმნებათ?

_ პრობლემები ჩვენს მხარეშიც არის _ ათასნაირ სიბინძურეს აკეთებენ. ფეისბუქზე ყალბი გვერდები შექმნეს და შემოგვიტიეს. ეს ყალბი ადამიანები ჩვენზე რაღაც სიბინძურეებს წერენ. განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს ეხებიან. ამასაც გადავიტანთ. ხალხი აცნობიერებს, რომ ამ სიბინძურეებს „ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის შიში აწერინებს. ისინი ამით ძალიან დიდ რეკლამას გვიკეთებენ. მათი ქმედებები ჩვენს რეიტინგს მაღლა სწევს.
როცა ამ ყველაფერს ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართულ ოცნებას“ პიარსამსახური არ უვარგა. ვურჩევდი, გამოცვალონ პიარი. კარგი იქნება, თუ კონკურენტი პარტიის ლანძღვას თავს დაანებებენ და ქვეყნის შენებას მოანდომებენ მთელ ენერგიას.
ამ სიბინძურეების გავრცელება რამდენიმე ლიდერის დავალებით ხდება. ჩინოვნიკების დიდ ნაწილს სულ სხვა განწყობა აქვთ. ისინი გადასულები არიან ფულების მოპარვაზე. იმას ვერ აცნობიერებენ, რომ მოვა დრო და ამ ფულს უკან დააბრუნებენ და კორუფციის გამო ციხეშიც წავლენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქვეყანაში ელიტური კორუფცია ყვაოდა. ახლა დაბალ ჩინოვნიკურ დონეზე დავიდა მექრთამეობა. საქართველო „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც კანტორად გადააქცია. მათ გასაგონად მინდა, ვთქვა: საქართველო არაა კანტორა, საქართველო არის სახელმწიფო.

_ თქვენი პარტიის წევრებიც ბევრს საუბრობენ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე. გიორგი გახარია წელიწადზე მეტი იყო პრემიერ-მინისტრი და რატომ არ აღმოფხვრა ეს კორუფცია?

_ გიორგი გახარიას გუნდი რომ ჰყოლოდა და ქვეყნის მართვის საშუალება ჰქონოდა, ის პრემიერის პოსტს არ დატოვებდა. ის მთავრობის მეთაური იყო, მაგრამ საკუთარი გუნდი არ ჰყავდა. არც ერთი მინისტრი მისი დანიშნული და შერჩეული არ იყო, ასეთ ადამიანებთან მუშაობა კი ძალიან რთულია. გახარია მათ აძლევდა რაღაც შენიშვნებს. ესენი, როგორც კი შენიშვნებს მიიღებდნენ, პირველ პირთან გარბოდნენ და ჩიოდნენ. როცა პრემიერი ხარ, აუცილებლად უნდა გყავდეს გუნდი, რომელიც შენს შენიშვნებს გაითვალისწინებს, დავალებებს კიდევ შეასრულებს. როცა გუნდი არ გყავს, მაშინ ვერც შენ გააკეთებ რამეს და ვერც ქვეყანა წავა წინ. გიორგი გახარიას არ ჰყავდა გუნდი, ამიტომაც არჩია თანამდებობის დატოვება. თავადაც აღიარა, კორუფციას ვერაფერი ვერ ვუშველეო.

_ ვერ უშველა, თუ არ უშველა? ბევრი ფიქრობს, რომ ისიც ჩართული იყო ამ კორუფციაში.

_ ის კორუფციის შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო, არ იტყოდა, საქართველოში კორუფციააო. კორუფციას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, დატოვა მთავრობა, შექმნა საკუთარი პარტია და გუნდი. ახლა ჩვენ გახარიასთან ერთად ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად.

_ ძალიან ამბიციურ განცხადებას აკეთებთ. ახალშექმნილი პარტიები პარლამენტში მოხვედრაზე ოცნებობენ, თქვენ კი ამბობთ, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებით.

_ შეიძლება, ვიღაცას ამბიციურად მოეჩვენოს ჩვენი განცხადება, მაგრამ ჩვენ ამ ხელისუფლების შეცვლა გვინდა და ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. მოვალთ კიდევაც.

_ მანამდე ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

_ რამდენიმე თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ არჩევნებს „ქართული ოცნება“ აუცილებლად წააგებს. ჩვენ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას ვგეგმავთ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. „ოცნების“ ჭორები და ზღაპრები არ გვაინტერესებს.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა ჩვენ დაგვიჭერს მხარს. ხალხს ჩვენ მიმართ სიმპათია რომ აქვს, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. მმართველ პარტიაში თუ ჰგონიათ, რომ მათი რიგებიდან არ გვგულშემატკივრობენ, ძალიან ცდებიან. „ქართულ ოცნებაში“ ბევრ გულშემატკივარი გვყავს. ისინი დიდი სიამოვნებით გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში.

_ „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება, ბევრი გულშემატკივარი გყავთ, მაგრამ რას უშვრებით გავრილოვის ღამეს? ეს სისხლიანი ოპერაცია გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება. 20 ივნისის ლაქას როგორ ჩამოირეცხს თქვენი ლიდერი?

_ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს რამდენიმე მედიასაშუალებითაც გადაიცა. ხელისუფლება იძულებული გახდა, აქციის დაშლა დაეწყო. დაშლის დროს რამდენიმე პოლიციელმა თავის უფლებებს გადაამეტა. ადამიანებს თავსა და სახეში დამიზნებით ესროდნენ. ასე იქცეოდნენ მიხეილ სააკაშვილის ძალოვნები. ამის გამო რამდენიმე სამართალდამცველი დააკავეს კიდევაც. სწორედ მათ ამნისტირებაზე იყო საუბარი, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
20 ივნისი გახარიას სახელს კი უკავშირდება, მაგრამ იმას ვერავინ იტყვის, რომ მან უბრძანა პოლიციელებს, მაკო გომურს ესროლეთ თვალშიო. ეს არის აბსურდი. აქამდე 20 ივნისის თემით გახარიას გაშავებას ოპოზიცია ცდილობდა. ახლა ამ თემაზე „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს. ფიქრობენ, რომ ჩვენს რეიტინგს რამეს დააკლებენ. საბედნიეროდ, ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება.

_ ამ თემაზე განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს უყვარს საუბარი.

_ იმ დღეს ვცადე, მისი ინტერვიუ მენახა , დავიწყე კიდეც, მაგრამ ძალიან მალე გამოვრთე ტელევიზორი, მისი მოსმენა შეუძლებელი იყო. ის ათას სისულელეს ამბობდა და ცდილობდა, თავის მართლებაზე გადავეყვანეთ. თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს. ჩვენ სხვა მიზნები გვამოძრავებს. მალე დაიბეჭდება ჩვენი სამოქმედო პროგრამა და ხალხი ნახავს, რის გაკეთებას ვაპირებთ. ერთ-ერთი უმთავრესი არის კორუფციასთან ბრძოლა. გვინდა, რომ საქართველოში არსებობდეს ანტიკორუფციული სამსახური.

_ ასეთი სამსახური უკვე არის საქართველოში.

_ არის, მაგრამ რას აკეთებს? ჩვენ ისეთი ანტიკორუფციულის შექმნა გვინდა, რომელიც რეალურად იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ კორუფციას არ ებრძვის. მეტიც, მას ჩინოვნიკები მიშვებული ჰყავს. ჩინოვნიკებიც მოხვეჭაზე არიან გადასულები და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ფული წაიღონ სახლში. დარწმუნებული არიან, რომ შერჩებათ.

_ შერჩენილი აქვთ და ეგაა.

_ ამას დრო გვაჩვენებს. ახლა ისინი მიშვებული არიან და ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან. თითქოს ათი სახლი კი აღარ აქვთ, ოც-ოცი სახლი შეიძინეს უკვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდულობენ ბინებს.

_ ეგრე, გიორგი გახარიამაც იყიდა პარიზში ბინა.

_ გახარიას არ დაუმალავს პარიზში ბინის ყიდვა. მე ის მაოცებს, რატომ უკვირს ხალხს, ექსპრემიერმა ბინა რომ იყიდა. ის ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოვიდა, „ოცნების“ ზოგიერთი ჩინოვნიკივით ცალ-ცალი კალოშით არ მოსულა და აქ არ გამხდარა მილიონერი. ნეტავ, მეც მქონოდა სერიოზული ბიზნესები და პარიზში სიამოვნებით ვიყიდიდი ბინას.

_ პარიზში ქონების შეძენაზე საუბარს თავი დავანებოთ და ისევ გახარიას გადადგომაზე ვისაუბროთ. ის სწორად მოიქცა?

_ სწორად მოიქცა. როცა გუნდი არ გყავს და მთავრობის წევრები შენს დავალებებს არ ასრულებენ, უნდა გადადგე.

_ არ შეიძლებოდა, ისინი გადაეყენებინა, რომლებიც მის ბრძანებებს არ ასრულებდნენ?

_ როგორ არ შეიძლებოდა. ჩემი პირადი აზრი ასეთია: გახარიას უნდა გადაეყენებინა მთავრობა. მან ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოებრივი ინტერესი გაითვალისწინა და ეს ნაბიჯი არ გადადგა.

_ ეს ნაბიჯი რომ გადაედგა, რა მოხდებოდა?

_ ქვეყნისთვის არ იქნებოდა კარგი. ამიტომ ამჯობინა, თავად გადამდგარიყო. მის ადგილზე მე ჯერ რამდენიმე მინისტრს მოვხსნიდი და მერე დავტოვებდი თანამდებობას. ეს ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და თავად წავიდა. თან იმ დროს წავიდა, როცა მისი სახელი ზენიტში იყო. ჩემი აზრით, ეს გმირული ნაბიჯი იყო. ნეტავ, ყველა პოლიტიკოსი მასავით აზროვნებდეს.

_ გახარიასთან პირადად გისაუბრიათ?

_ რა თქმა უნდა.

_ პრემიერობიდან გადადგომაზე არ გისაუბრიათ?

_ ვისაუბრეთ.

_ კულუარულ საუბრებში მაინც არ ასახელებს გადადგომის ნამდვილ მიზეზს? ამბობენ, რომ ის კობახიძესთან უთანხმოების გამო გადადგა.

_ კობახიძესთან დაპირისპირების გამო არ გადამდგარა. ეს ადამიანი ღიად საუბრობს გადადგომის მიზეზებზე. კულუარებში იმას გვიყვება, რასაც საჯაროდ აცხადებს. მას არ მიეცა საშუალება, რომ თავისი გუნდი ჰყოლოდა და მინისტრთა კაბინეტისთვის ეხელმძღვანელა.

_ რატომ ვერ იმორჩილებდა გუნდს? ის ხომ პრემიერი იყო?

_ პრემიერის თანამდებობა ეკავა. მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რაც ხდება? ქვეყნის რეალური მმართველი ისევ ბიძინა ივანიშვილია. თანამდებობებზე ადამიანები მისი ან მისი გარემოცვის მიერ ინიშნებიან. მინისტრები უშუალოდ ივანიშვილმა დანიშნა და ამიტომ აღარ ემორჩილებოდნენ პრემერ გახარიას. ვინმეს თუ შენიშვნას მისცემდა, ისინი ივანიშვილთან გარბოდნენ საჩივლელად. ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ერთ დღესაც დატოვა თანამდებობა.
გიორგი გახარიამ საჯაროდ თქვა, ივანიშვილს დავურეკე და ჩემს ზარს არ უპასუხაო. რა აზრი აქვს იქ გაჩერებას, სადაც შენთვის კარი ჩაკეტილია? გახარია არის ძალიან პოზიტიური ადამიანი. დაუკავშირდით და ჩაწერეთ მასთან ინტერვიუ. თავად დარწმუნდებით, როგორი დადებითი პიროვნებაა. ეს ადამიანი ჩვენი კაცია.

_ რას ნიშნავს, ჩვენი კაცია?

_ იმას, რომ ვაჟკაცი და ჯიგარი კაცია.

_ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს ჯიგარი გახარია ივანიშვილის პროექტია და მისი გადადგომა მათი ერთობლივი ტრიუკი იყო. ამაზე რას გვეტყვით?

_ ესეც „ოცნების“ ფანტაზიის ნაყოფია. ამ ჭორების გავრცელება მმართველ პარტიას აწყობს. ისინი გვივრცელებენ ჭორებს, თითქოს ჩვენ დავდივართ და გავიძახით, „ქართული ოცნება 2“ ვართ. ეს არის აბსურდი. არასდროს უთქვამს გახარიას ასეთი რამე. მე მასთან პირადად მაქვს ნალაპარაკები და ვიცი მისი განწყობა. ვიღაცა იმისთვის თუ მოდის ჩვენთან, რომ „ოცნების“ სატელიტები ვიქნებით, ძალიან ცდებიან, ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ, საერთოდ არ მოვიდნენ ჩვენთან. ხმასაც ნუ მოგვცემენ.
ჩვენ არც ივანიშვილისა და არც სხვა ვინმეს პროექტი არ ვართ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ამასთან, გავიმეორებ იმას, რაც ბატონმა გახარიამ გააჟღერა _ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ მოვდივართ.

_ ზემოთ თქვით, რომ კორუფციის დამარცხება გინდათ, ახლა ამბობთ, არავის წინააღმდეგ არ მოვდივართო. კორუფციის დამარცხება თუ გინდათ კორუმპირებულების წინააღმდეგ მოგიწევთ წასვლა.

_ ჩვენ მოვდივართ საქართველოსთვის. ვიმეორებ, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ დამნაშავეებსა და კორუმპირებულებს აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. ისინი ყოველ თეთრს დააბრუნებენ ბიუჯეტიდან მოპარული თანხებიდან. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისუფლებას და დავამტკიცებთ, რომ საქართველო სახელმწიფოა და არა _ კანტორა.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება