- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-24 09:43:59
პოლიტიკისთვის პოპულიზმი ისევე სისხლხორცეულია, როგორც მონადირისა და მეთევზისთვის _ ტყუილი. თუმცა ამ სისხლხორცეული საჭიროების მიღმა არსებობს აღქმა. მაგალითად, მონადირესა და მეთევზეს ისე აქვთ ავტორიტეტი შერყეული, რომ ნებისმიერ მათ მონაყოლს სკეპტიკურად, თუმცა ირონიითა და იუმორით ისმენენ. პოლიტიკოსებთან კი საქმე სხვაგვარადაა, მათ რეალურად არ უსმენენ, ხალხი ზუსტად ხვდება, რომ საარჩევნო პერიოდში ისინი საჭირონი არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ პოლიტიკოსისგან. შესაბამისად, მათი დაპირებები კეთილდღეობაზე, სტაბილურობასა და უამრავ სხვა რამეზე ამომრჩევლისთვის არის ზუსტი გზავნილი, რომ მისთვის კი არ რუდუნებენ, არამედ კეთილდღეობაც, სტაბილურობაც და უამრავი რამ პერსონალურად განკუთვნილია იმ პოლიტიკოსისთვის, რომელიც დაპირებებს იძლევა.
ჰო, პოლიტიკოსებმაც იციან, რომ მათი ტყუილის არავის სჯერა, თუმცა თავს იკატუნებენ, მერე უაზრო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე იწყებენ საუბარს, შემდეგ შეცვლილ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და სულაც არ აქვს საბოლოოდ მნიშვნელობა, ეს პოლიტიკოსი ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში _ მოსახლეობას მაინც ფეხებზე იკიდებს.
ეს ყველაფერი უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტია. მაგრამ ჩნდება კითხვა, _ ვინ უფრო მეტად მოგებულია, მონადირისა თუ მეთევზის მსმენელი თუ პოლიტიკოსისთვის თავის მქნეველი? შეხედეთ, მონადირე ყვება თუ როგორ დაჭრა ორი დათვი ან მეთევზე, როგორ დაიჭირა ზვიგენი, დგანან მათ გარშემო ადამიანები და იღიმიან. რომელიმე მათგანმა შესაძლოა, ეს დაიჯეროს კიდეც და სხვაგან მოყვეს, მონადირეს და მეთევზეს სახელი და დიდება გარანტირებული აქვს. ამ ვითარებაში არავინ არის დაჩაგრული და ყველა პოზიტიურ განწყობაზეა, იმის მიუხედავად, რომ მატერიალური სარგებელი ვერავინ ნახა.
პოლიტიკოსისა და მისი მხარდამჭერის შემთხვევაში მთავარ სარგებელს პოლიტიკოსი იღებს, როგორც მატერიალური, ასევე მორალური სახით, მისი მხარდამჭერი კი შედარებით მცირედი სარგებლით კმაყოფილდება _ 20 ლარი, 50 ლარი, 100 ლარი, კარტოფილი ან ხახვი… მოკლედ, ისინი პოზიტივის მეტს ვერფერს იღებენ, ესენი კი _ სარგებელს. ანუ პოლიტიკა და პოპულიზმი მეტად საინტერესო და სასარგებლო რამ არაა ყველასთვის? არა, სულაც არ არის ასე, რადგან ის, ვინც რეალურად მცირედით კმაყოფილდება და თავის მხარდაჭერას იაფად ყიდის, ყოველთვის წაგებულია, რადგან პოლიტიკოსები ადვილად ცვლიან საკუთარ დღის წესრიგს, ადვილად ელევიან ღირებულებებს და პრინციპებს ადვილად გადადიან ერთი პარტიიდან მეორეში და მაინც ზედაპირზე ტივტივებენ, რადგან მათ ზუსტად იციან, _ საკუთარი პოპულიზმისა და დემაგოგიისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს, მინიმუმ იმიტომ, რომ ამ პუპულიზმისთვის არ მიუციათ მისთვის ხმა. პრინციპებისა და ღირებულებებისთვის არ სძალავს მათ მხარდამჭერი თუ ამომჩეველი ფულსა თუ სხვა სარგებელს. ქართველმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის, რომ ქართველი ამომრჩეველი უპრინციპო და ანგარებიანი ტიპია, რომელსაც ყოვეთვის დააბოლებ, რადგან თავად ამომრჩეველს მოსწონს ეს პოზა.
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდება „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ გასული წლის დეკემბრის ვიდეოჩანაწერი, სადაც იგი ნათლად ამბობს _ ენმ პარლამენტში არ შევა და ვინც შევა, მას არავითარი ფუნქცია არ ექნება _ „იქნებიან პუფები“. პოლიტიკაში გუნდურობასაც აქვს მნიშვნელობა და ინდივიდუალიზმსაც. ჰოდა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთხელ უნდა ვუმადლოდეთ იმისთვის, რომ ნათლად დაგვანახა _ რამდენი ინდივიდუალური და სერიული ნომრის პუფი დევს ახლა პარლამენტში, თუნდაც ბატონი მელიას თამადობით.
ოპოზიციის პოპულიზმი პოპულიზმად დარჩა _ არჩევნები ვითომ არც კი გაყალბებულა და მაშინ ეს ბოიკოტი რა იყო? ქართველი ობივატელისთვის ნათელია, ეს იმის მიუხედავად, რომ ქართული სპეტაკი ოპოზიცია ამ ობივატელს იდიოტად მიიჩნევს _ ბოიკოტისტებმა სარფიანად გამოივაჭრეს.
ახლა არც ღირს იმაზე საუბარი, როგორი უხერხემლოა ქართული ოპოზიცია, რომელმაც 3 ათასი ადამიანიც ვერ მოძებნა საარჩევნო უბანზე მათი ინტერესების დამცველი, როგორი უავტორიტეტოა, რომ მათთვის შანსის მიმცემმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმის დასაცავადაც კი იუკადრისა მათ გვერდით დგომა. და რატომ ფიქრობს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ნიკა მელია, რომ მათ მიერ შერჩეულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს დაუჭერს ვინმე მხარს და თავს მოიკლავს მათი წარმატებებისთვის?
ერთი განმარტება შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით: მთელი ეს პროცესი და ევრობიზანტიური დიპლომატიის კლასიკა, რომელმაც სრულად გააშიშვლა ქართული პოლიტიკური კლასი და ახლა ცალკეული პარტიების მხარდამჭერები მხოლოდ ტრუმანის მიერ ანასტასიო სამოსა გარსიას (რამდენიმე ვარიანტი არსებობს) პერიფრაზით სულდგმულობენ, _ კი არიან შობელძაღლები, მაგრამ ჩვენი შობელძაღლები არიან… რა გინდა, რომ ქნა, როდესაც პოლიტიკური გაერთიანებები სექტებად იქცნენ? არც არაფერი, ყველას თავისი შობელძაღლი უნდა ჰყავდეს.
და სწორედ რამდენიმე რელევანტური კითხვა: 1. ხმები რომ ვერ დაიცავით, მას შემდეგ თუ არჩევნების გაყალბებას ვერ ადასტურებდით, რატომ აყიყინდით? 2. რა იყო ბოიკოტის დეკლარირებული შედეგი და რა მიიღეთ? 3. თუ პარლამენტში შედიოდით, შვიდი თვე რატომ დატოვეთ ხელისუფლება ერთი ერთზე უამრავ მნიშვნელოვან კანონთან? 4. სად არის ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა და ახლანდელ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში რამდენი ნაღმია (ამაზე ოდნავ ქვემოთაც ვიტყვი)? 5. სასამართლო რეფორმა ასე წარმოგედგინათ? 6. ჩვენ გვეკითხებით, გვინდა თუ არა თითქმის უბარიერო არჩევნები?
ახლა იმაზე, რაც დაგპირდით _ საარჩევნო კოდექსზე. ხელისუფლება თავს იწონებს, რომ დავების განხილვის ვადები გავზარდეთო, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრის წარდგენის ვადები იგივე რომ დატოვეს, ეს იცის ოპოზიციამ?
უფრო ნათელი რომ იყოს და მიკერძოებაში არ ჩამომართვათ, საარჩევნო საკითხების ექსპერტ თეა ქეცბაიას მოვუსმინოთ: „2020-ის არჩევნების ყველაზე გრანდიოზული შემთხვევა იყო ის, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა, საარჩევნო სუბიექტების მიერ შეტანილი საჩივრები დატოვეს განუხილველი იმ მოტივით, რომ შედეგების ბათილობის შინაარსით წარმოებულ საარჩევნო დავებზე საჭირო იყო დამატებით წარმომადგენლობა…
აღნიშნული ქმედება ცალსახად იყო არაკანონიერი და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ არაერთგზის გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, აღნიშნულ პროექტში დავების წარმოების პროცედურებს განსაკუთრებით ართულებს ისეთი ჩანაწერებით, რომლითაც ცდილობს გაამართლოს 2020 წლის არჩევნებზე მიღებული პრაქტიკა, კერძოდ:
78-ე მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლში მითითებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებული არიან ცესკოს მიერ წარმოებულ საარჩევნო დავებზე უფლებამოსილების მქონე პირთა ელექტრონულ რეესტრში“.
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ განცხადება/საჩივარს თან არ ახლავს პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
ანუ ნახეთ, რა ხდება? _ ის, რომ პირი საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია, როგორც კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი და აძლევს შესაბამის მოწმობას, ითვლება არაუფლებამოსილ პირად და ჩნდება ახალი პირი, რომელიც საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს ანუ საჩივრების დამწერი. ეს იმთავითვე ართულებს საარჩევნო სუბიექტების ჩართულობის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით წინამდებარე და პროცედურულად ძალიან დატვირთული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გასაგებია _ ვერ მიხვდით. სხვა ნაღმებიც გითხრათ? კომისიის წევრები, მათი დაკომპლექტების წესი? ვინ არის რეალურად მანდ უპირატესობაში? ეჰ, არაფერი თქვენ არ გეშველებათ.
სასამართლო რეფორმაზე რა ხდება? მანდაც მოგცეთ განმარტებები? ვგონებ, აზრი არ აქვს.
აი, ამ ვითარებაში იმაზე საუბარი, რომ შარლ მიშელს შეჰპირდით რაღაცას და პოპულისტმა ვაშაძემ განდგომილ ვაშაძესთან და პარტიის დამშლელ სამნიძესთან ერთად პოპულისტურად დასვით პარლამენტში შარლ მიშელი, ვინმე დაიჯერებს თქვენს გულწრფელობასა და შემართებას?
რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, იმის შემდეგ რატომ უნდა დაუსვა ვინმეს კითხვა, _ რას ერჩი ქართველ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს, რას ედავები და რა გაქვს მათთან გასაყოფი?
პასუხი ხომ მარტივია, _ ბევრი რამ და, პირველ რიგში, მათი მანიაკური მერკანტილიზმი და კომფორმიზმი.
ხშირად მეკითხებიან, რას ვერჩი ამ პოპულისტი და კონფორმისტი პოლიტიკოსების მხარდამჭერ „ქართველი ხალხის“ არცთუ უმნიშვნელო ნაწილს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და რატომ ვარ მუდამ უკმაყოფილო? რატომ არ იზრდებიან, რატომ არ ვითარდებიან და რატომ იქცევიან, როგორც უკანასკნელი ხარბი ქაჯები, რომლებიც ისე ავარდებიან ხოლმე საარჩევნოდ დარიგებულ შაქარზე, კარტოფილზე, ხახვზე, ფულზე, რომ ვერც კი ათვითცნობიერებენ, რა ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს? როგორ ვერ ხვდებიან, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ის ერთჯერადი საარჩევნო სისუსტე მათ უკიდურესად აგრესიულ მაზოხისტებად აყალიბებს და ეს გრძელდება ერთი საარჩევნო ცილკიდან _ მეორემდე?
რაც ბერი ის ერი, გნებავთ, პირიქით _ კლასიკურად: რაც ერი _ ის ბერი და მაშინ მით უფრო მაქვს უკმაყოფილების გამოთქმის საფუძველი, რადგან ასეთი დამოკიდებულებით ვიღებთ ვითარებას, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი ვნებების რეალიზებისთვის სადისტობენ, ხოლო ხალხი დაუსრულებლად მაზოხისტობს. შედეგად კი გვაქვს სადომაზოხისტური ქართული პოლიტიკა ყველა თანმდევი კომპონენტით.
ჩვენ ვერ გავიზარდეთ, ჩვენ ვერ ვვითარდებით, იმის მიუხედავად, რამდენი წიგნი წაგვიკვითხავს, რაოდენ ბრძნულად გამოვიყურებით. დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში ერმა, ხალხმა, პოლიტიკურმა კლასმა, საზოგადოებამ ერთხელაც არ დაისახა სწორი ამოცანა და, შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა სწორი შედეგი მიეღო ან სწორად გაეცა პასუხი კითხვისთვის: რა გვინდა, სად მივდივართ?
ჩვენ არასოდეს გვქონია მიზანი, დიახ, მიზანი _ მკვეთრად გამოხატული, პრაგმატული და რაციონალური. მიზანი _ რაც უნდა განვახორციელოთ, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ, რასაც უნდა მივაღწიოთ.
ჩვენ არასოდეს დაგვისახავს გამარჯვება მიზნის მისაღწევად, მუდამ გვგონია, რომ მიზანი „ვიღაცის“ დამარცხებით მიიღწევა. რატომ? იმიტომ, რომ თავად მიზანი არ ვიცით, რა გვაქვს.
ნაპოლეონ ჰილს მოვიშველიებ: „არის ერთი რამ, რასაც უნდა ფლობდე გამარჯვებისთვის. ეს არის განსაზღვრული მიზანი, ცოდნა იმისა, თუ რა გინდა და მწველი სურვილი, მიაღწიო დასახულს“.
აბა, მითხარით, მხოლოდ გულწრფელად, რა იყო ამ ხნის განმავლობაში ჩვენი _ საქართველოს მოქალაქეების მიზანი? სახელმწიფო, მისი შექმნა სრული ატრიბუტიკით: დამოუკიდებლობით, თავისუფლებით, ადამიანის უფლებებით, კანონის უზენაესობით, დემოკრატიით, ეკონომიკური სიძლიერით თუ თვითგადარჩენა, რომელიც, ამ შემთხვევაში, მოიცავს მხოლოდ „მეს“ კეთილდღეობას? მიზანი სახელმწიფო იყო, როგორც ჩვენი ჰარმონიული და განვითარებული ცხოვრების არეალი, თუ მიზანი იყო, მე კარგად უნდა ვიყო? ვიცი, პასუხები აქაც გაიყოფა, ზოგი ერთს მიემხრობა, ზოგი _ მეორეს. უმეტესობა იტყვის, რომ მათი მიზანი იყო და არის სახელმწიფო, ხოლო „იმათი“, ანუ ხელისუფლებების, მთავრობების მიზანი იყო „მე“. და ვინ ირჩევდა ამ მთავრობებს შაქრის, კარტოფილის, ხახვის ფულის, საკუთარი კომფორტის, ინტერესების, ოცნებების სანაცვლოდ? ე. ი. ისინი, ვისთვისაც მთავარი იყო სახელმწიფო? ანუ უმეტესობა ან შეცდომას უშვებს პასუხის გააზრებაში, ან _ ტყუის. კარგი, ვთქვათ, ერთხელ შეცდი, შეცდი მეორედ, ცდები მესამედ, მეოთხედ _ ბრიყვი ხარ? არის რომელიმე ქართველი, რომელიც აღიარებს, რომ ბრიყვია? _ არა! მაშინ რა ხდება?
პასუხი აქაც მარტივია, _ საქართველოს მოქალაქეები, „ღრმად განვითარებულებიც“ კი და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა _ ყურადღება მიაქციეთ ამას! _ განვითარდება, თუ მის მართვას პატიოსანი პოლიტიკოსები დაიწყებენ და ტირანებს, კორუმპირებულებს, გიჟებს, ოლიგარქებს ჩამოაშორებენ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ დააკვირდით _ „ქვეყანა განვითარდება“ და აქ „სახელმწიფო“ სად არის? ა, განვითარებული ქვეყანა არის სახელმწიფო? როგორ ვუპასუხო ახლა ასეთი მოსაზრების მქონე პოლიტიკოსებსა და „ღრმად განვითარებულ“ ინტელექტუალებს? ალბათ, მარტივად: დაჯექი, ორიანი!
სახელმწიფო, არც მეტი არც ნაკლები, არის საზოგადოება, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელების გზით. მაგალითად, არისტოტელესთვის სახელმწიფო გახლავთ ბევრი ადამიანის მართვა ყველას ინტერესის სასარგებლოდ. არისტოტელეს თუ მივყვებით, სად არის ჩვენს სახელმწიფოში ყველას ინტერესი გარანტირებული? თუ კლასიკას _ მაშინ როგორ არის ჩვენთან ორგანიზებული პოლიტიკური ძალაუფლება? რადგან ორივე საკითხში გარღვევა გვაქვს, სულაც არ მიკვირს, რომ ქვეყანა ვართ.
თუმცა მიზანს რა ვუყოთ? მიზანს _ სახელმწიფოს…
დაბოლოს, რითიც დავიწყე: დღეს საქრთველოს პარლამენტში არ ზის არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც რაიმეთი სჯობს ყველაზე უიღბლო მონადირეს და მეთევზეს.
დღეს პარლამენტში სხედან უპრინციპო და კონფორმისტი პოლიტიკოსები, რომელთათვის სახელმწიფო სულაც არ არის ღირებულება, მათთვის ღირებულება საკუთარი ჯიბეა. მორჩა!
გეგა სილაგავა