- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-24 08:27:13
იურისტი სოსო ხახუტაშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მალხაზ ერაძის მიმართ დისკრიმინაცული ქმედებები განხორციელდა.
უფრო კონკრეტულად, რას ეხება საქმე და სამართლებრივად რით საბუთდება ერაძის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ იურისტ სოსო ხახუტაშვილს ესაუბრა:
_ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მალხაზ ერაძეს, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებებისა, 2020 წლის აგვისტომდე არ დაუტოვებია პარტია „ქართული ოცნება“. „ოცნების“ დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ალეკო ელისაშვილმა პარტია დააფუძნა და მის პარტიაში გაწევრიანება გადაწყვიტა.
_ რას გულისხმობთ დისკრიმინაციულ ქმედებებში?
_ საყდრისის საბადოს კობა ნაყოფია ლობირებდა. „ნაცების“ წასვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მოითხოვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს საბადოს შემოსავლიდან მუნიციპალიტეტს გადასცემოდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საშემოსავლო თანხა. ამ კანონერი მოთხოვნის შემდეგ დაიწყო მალხაზ ერაძის დისკრიმინაცია: პირველ ეტაპზე _ იმპიჩმენტის პროცედურა.
_ თქვენ იცავდით მის ინტერესებს ადმინისტრაციული წარმოების დროს და სასამართლოშიც. სამართლებრივად დაგვისაბუთეთ ამ პროცედურის უკანონობა.
_ დიახ, ეს ნამდვილად ასეა! მე, როგორც სამათალდამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დღესაც ვიცავ მის ინტერესებს სასამართლოში _ ამ ეტაპზე უსამართლო მოსამართლებისგან.
დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურით, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე სხდომის მოწვევას: საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, საკრებულოს ფრაქციის წინადადებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია, შეიკრიბოს. კონკრეტულ შემთხვევაში სხდომა, რომელიც მოწვეული იყო კანონის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო მუნიციპალიტეტის შენობის მე-2 სართულზე, ღია წესით, დიდ სააქტო დარბაზში. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობა არის 24 დეპუტატი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 8 დეპუტატს, სრული შემადგენლობის 1/3-ს, იმპიჩმენტის მოთხოვნის უფლება აქვს. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები, მე-7 ხელმოწერა ნოდარ საბიაშვილის გასწვრივ, არ იყო ნოდარ საბიაშვილის შესრულებული. აღნიშნული ფაქტის გამოსარკვევად მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ექსპერიმენტული ნიმუშების არქონის გამო (ნოდარ საბიაშვილმა უარი განაცხადა ნიმუშების მიცემაზე), უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, რომელმაც ასევე უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, გვიპასუხა: „ვინაიდან გამოსაკვლევი ხელმოწერა და შესადარებელი ნიმუშის სახით წარმოდგენილი ხელმოწერები შესრულებულია განსხვავებული ტრანსკრიფციით, მათი სრული შეუსაბამობის გამო, ხელმოწერების ურთიერთ შედარება ნ. საბიაშვილის ხელმოწერის ექსპერიმენტული ნიმუშების გარეშე შეუძლებელია“. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ არის უფლებამოსილი კრების ჩატარებაზე. კრება, რომელიც დანიშნული იყო კანონის მოთხოვნის სრული დაცვით და რომელსაც ესწრებოდა 150-ზე მეტი დამსწრე საზოგადოება და საკრებულოს წევრები, ადასტურებს და უტყუარი ფაქტობრივი გარემოებაა იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდა საკრებულოს წევრების განცხადების საფუძველზე მოწვეულ სხდომაზე და პარალელურად სხვა რაიმე სხდომა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოწვეული და ჩატარებული ლეგიტიმაციის ფარგლებში. იმპიჩმენტით დაინტერესებული საკრებულოს წევრები, ბიუროს სხდომაზე, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მათი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, 2013 წლის 26 აგვისტოს არ გამოცხადდნენ ღია რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე. სხდომა ჩატარდა მუნიციპალიტეტის შენობის მე-2 სართულზე, დიდ სააქტო დარბაზში, სადაც საკრებულოს წევრების გარდა იმყოფებოდა 150-მდე დამსწრე საზოგადოება. კრება კვორუმის არარსებობის გამო გამოცხადდა გადაწყვეტილების უნარიანობის არმქონედ, რის შესახებაც შედგენილია ოქმი #12, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებენ საკრებულოს წევრები და დამსწრე საზოგადოება. ოქმი ხელმოწერილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, დამოწმებულია და რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
2013 წლის 27 აგვისტოს საკრებულოს აპარატის უფროსმა, დავით გამყრელიძემ, საკრებულოს კანცელარიაში ნახა გაურკვეველი წარმოშობის დოკუმენტი დასახელებით „კრების ოქმი #12“, რომელსაც ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო ენის არმცოდნე, კარა გულმამედოვი, როგორც საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. ოქმი დათარიღებულია 2013 წლის 26 აგვისტოს რიცხვით.
ამ ყალბი ოქმის მიხედვით, საკრებულოს ღია კრებაზე „განხილული“ ყოფილა:
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის #149 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
3. 2013 წლის 26 ივლისის ფრაქცია „ნაციონალის“ სხდომის შედეგად ფრაქცია „ნაციონალი“ ფუნქციონირებას გააგრძელებს „თანადგომის“ სახელით _ ცვლილების ცნობად მიღების შესახებ;
4. საკრებულოს წევრების: ჯ. ხეცურიანის, რ. ფატულაევის, რ. სუფიევის, კ. ბასილაშვილის, ნ. ყაფლანიშვილის, ნ. აბასოვის, ნ. საბიაშვილისა და ვ. გოგოლაძის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე;
5. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მომხსენებელი კ. გულმამედოვი _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
_ რით დასტურდება, რომ გულმამედოვმა ქართული ენა ნამდვილად არ იცოდა?
_ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მოწმედ დაბარებულ კარა გულმამედოვს თარჯიმანი წინასწარ დაუნიშნა. მე არ დავეთანხმე თარჯიმნის დანიშვნას იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან არსებობდა ოქმი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს სხდომა წარმართა ამ პიროვნებამ და იყო კრებაზე მომხსენებელი, მას უნდა სცოდნოდა სახელმწიფო ენა. კარა გულმამედოვმა სასამართლო სხდომაზე რუსულად განაცხადა, რომ მან არ იცოდა ქართული ენა და ის საჭიროებდა თარჯიმანს. აღნიშნულის შესახებ მალხაზ ერაძემ მიმართა მთავარ პროკურორს და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რაგირება არ ყოფილა.
_ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მალხაზ ერაძეს უსამართლო მოსამართლეებისგან იცავთ. რას გულისხმობთ?
_ მალხაზ ერაძე დარჩა უმუშევარი. მიუხედავად იმისა, რომ მას 2020 წლის აგვისტომდე არ დაუტოვებია „ოცნება“, მისთვის შეუძლებელი გახდა მუშაობის დაწყება. საკრებულოდან წამოსვლის შემდეგ დარჩა ბანკის ვალი, რომლის დასაფარადაც იძულებული გახდა, კიდევ აეღო ვალი კერძო პირისგან. 2014 წლის 16 ივლისს თბილისში, თამარ მეფის #14-ში, ნოტარიუს რაიანა ჩანქსელიან-ჩიქოვანთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც იპოთეკარია შალვა შუბითიძე, მსესხებელი კი _ მალხაზ ერაძე. სესხის თანხა შეადგენდა 15 000-ს აშშ დოლარს. სესხი იყო სარგებლიანი _ სამი თვის ვადით თვეში 3,00 (სამი მთელი) %-ის დარიცხვით და გადახდით. იპოთეკით დაიტვირთა ზაურ ერაძის, კესო ერაძის, მალხაზ ერაძის, მარიამ ერაძის, ნიკოლოზ ერაძის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში.
2015 წლის 2 ივნისს ნოტარიუსმა რაიანა ჩანქსელიან-ჩიქოვანმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო საქმიანობას აწარმოებდა კერძო აღმასრულებელი კახა გრიშიკაშვილი. საჯარო რეესტრის 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებელ კახა გრიშიკაშვილის მოთხოვნა და ყადაღა დაედო იპოთეკით დატვირთულ ქონებას მდებარე: ბოლნისი, სოფელი რატევანი.
2019 წლის 22 იანვარს კერძო აღმასრულებელმა კახა გრიშიკაშვილმა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მიმართა მოვალეებს: მანონი ერაძესა და მარიამ რეხვიაშვილს და მოითხოვა 2015 წლის 2 ივნისის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 9754 აშშ დოლარის _ 126.72 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებაში აღმასრულებელი მიუთითებს, რომ ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი. კერძო აღმასრულებელი არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მისი მოთხოვნით იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო 2015 წლის 3 ივნისს, რითაც შეიზღუდა მოვალის უფლება და მას არ მიეცა გამოეყენებინა საკუთარი ქონება ვალდებულების შესასრულებლად.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 69.1 მუხლის მიხედვით: „იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო აღმასრულებელი, კახა გრიშიკაშვილი, არ იყო უფლებამოსილი აუქციონის ჩატარებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 286.4 მუხლის მიხედვით: „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი“.
2019 წლის 2 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, ქეთევან მაისურაძემ (და არა კერძო აღმასრულებელმა კახა გრიშიკაშვილმა), გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონება მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში, 2019 წლის 13 მაისს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სოფიო გიგაურის სახელზე. განკარგულება გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 7 პრიმა მუხლის მე-12 ქვეპუნქტის შესაბამისად (კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია): „აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონის შემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით“. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი ქეთევან მაისურაძე არ იყო უფლებამოსილი პირი აუქციონის შემდგომ განკარგულების გაცემაზე. ასევე ქონებაზე ყადაღა, რომელიც დაადო კერძო აღმასრულებელმა კახა გრიშიკაშვილმა, მოხსნა არა კახა გრიშიკაშვილმა ან სასამართლომ, არამედ ქეთევან მაისურაძემ, რაც ასევე დაუშვებელია.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მალხაზ ერაძისა და მისი ოჯახის წევრების: მ. ერაძის, მ. რეხვიაშვილის, მანონი ერაძის, ნ. ერაძის გამოსახლებაზე. 2019 წლის 5 დეკემბერს მალხაზ ერაძის ოჯახის წევრების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მათ მიმართ სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე, მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური საქმე #2/409-19; 12/05/2021წ.) დადგენილად მიიჩნევს: მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2 მაისის განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის რეგისტრაციის შესახებ 8820193400991-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ერაძეების ქონება საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა სოფიო გიგაურს, არავითარ კავშირში არ არის ერაძეების გამოსახლებასთან. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს. პალატამ აღნიშნული საფუძვლით გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 5 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
_ რას გეგმავთ?
_ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. ამავე დროს, იუსტიციიის უმაღლეს საბჭოს მივმართავთ, რომ ამ მოსამართლეებს დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ნენე ინჯგია