- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-06-24 06:13:57
რა ხდება ოპოზიციაში? რატომ დაკარგა მის მიმართ ნდობა დასავლეთმა? რას ერჩის ხელისუფლება დავით აღმაშენებელსა და გელათს? რატომ არ გვიწვევენ ნატოს სამიტზე? რას ვერ ბედავს ხელისუფლება? როგორ მოპარეს „გირჩებმა“ იდეები ბოლშევიკებს? რატომ დატოვა ბურჯანაძის პარტია?
_ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ყოფილი პოლიტდევნილი, გიგლა ბარამიძე ესაუბრება:
_ ბატონო გიგლა, სადღაც, თებერვალში, აცხადებდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში. თქვენი ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა. რას ფიქრობთ ოპოზიციის შესვლაზე?
_ ვიდრე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე ვისაუბრებდეთ, ორ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს მინდა შევეხო: ჩემს მეგობარს ვხვდები ხოლმე დავით აღმაშენებლის გამზირზე. მოგეხსენებათ, აქ უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური სასტუმროა. სულ რაღაც 5 წუთი ვიდექი, სანამ მეგობარი მოვიდოდა. ამ დროს მომადგა 13, მაქსიმუმ, 15 წლის ქართველი გოგონა, ძალიან გამომწვევად იყო ჩაცმული. ეს ბავშვი მეკითხება, _ ბიძია, ბიძია, დასვენებას ხომ არ ინებებთ? მასაჟი ხომ არ გნებავთ ან სხვა რამე, რასაც ისურვებთ? ხელში მაჩეჩებს ფოტოებს, სადაც ასახულია თეთრკანიანი, ყვითელკანანი, ზოგადად, ფერადკანიანი ქალები. როცა ამას არ ვღებულობ, გარბის. ეს ხდება დავით აღმაშენებელზე! პარალელურად, გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავს აწვიმს. მეცხრე წელია, „ოცნება“ ხელისუფლებაშია და გელათის სახურავი ვერ გადახურა. ერთი ფაქტიც და მეორეც ერის ტრაგედიაა. დღევანდელი ხელისუფლება იქცა უაღვირო პოლიტიკურ მეძავად. ნინოწმინდის პანსიონზე ამხელა ამბავი რომ ატყდა, იქნებ, ბავშვთა პროსტიტუციასაც მიეხედოს, რომელსაც დავით აღმაშენებლის გამზირზე ვხედავთ.
ახლა რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში: დღეს მე თავისუფალი პოლიტიკოსი ვარ და თავისუფლად შემიძლია საუბარი. ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი ხასიათი და ამიტომ ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში. იმის ყვირილი, „არ შევალ“, „ვერ დამიჭერ“, „პარლამენტში არ დავჯდები“, _ ეს იყო თეატრალიზებული ფარსი, ტრაგიკომედია და მეტი არაფერი. ყველაფერი ასე რომ დასრულდებოდა, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, ჩემმა ნათქვამმა ვიღაცას გული არ ატკინოს ან ოპოზიციურ ერთობას ხელი არ შეუშალოს-მეთქი. როგორც კი ბატონი ელისაშვილი დავანდა პარლამენტში, ვთქვი, რომ მას სხვებიც მიჰყვებოდნენ. შესვლის გასამართლებლად სხვადასხვა მიზეზს გამოიყენებდნენ.
ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელმა ოპოზიციონერებს საცივში თავჩარგულები უწოდა და ეს სწორი შეფასება იყო. ის კარგად იცნობს ოპოზიციას და იცის, რისი გამკეთებლებიც იყვნენ ისინი. მე ოპოზიციის დიდ ნაწილთან ასეთი ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მეც ვიცოდი, რაზე იყვნენ წამსვლელები. ამიტომ არ გამიკვირდა, როცა ოპოზიცია პარლამენტში ბატი ტასიკოსავით შეკუსკუსდა.
ყველაზე ამაზრზენი და ცუდი ის არის, რომ ახლაც პოზა უჭირავთ და საზოგადოებისკენ იშვერენ ხელს. თურმე, ხალხმა დაავალა, სხვა შემთხვევაში პარლამენტში არ შევიდოდნენ. თქვე დალოცვილებო, 7 თვეა, აიწონა-დაიწონას თამაშობთ და ნუთუ, გგონიათ, რომ ვინმეს მოატყუებთ? პარლამენტში შესული ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლელ პოლიტიკოსებთან ნაცნობობით იწონებენ ხოლმე თავს. საბედნიეროდ, მხოლოდ მათ არ ჰყავთ ევროპასა და ამერიკაში ნაცნობები. დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციაზე საშინლად აუცრუვდათ გული. ისინი ოპოზიციას აღარ ენდობიან და ამას არც მალავენ.
_ რის გამო აუცრუვდათ გული, პარლამენტში რომ შევიდა ოპოზიცია?
_ დასავლეთში ამბობენ, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, ოპოზიცია ასე თუ გაიყინებოდა, ისევ წინა წლების მეთოდებით იმოქმედებდა და ქვეყნის ინტერესებზე არ იფიქრებდაო. ცოტა ხნის წინათ საგანგებოდ მივმართე საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს. ვუთხარი, რომ მათმა მონდომებამ და ფუსფუსმა ამაოდ ჩაიარა, რადგან მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ მეფე შიშველია. რა გამოვიდა? _ დასავლეთმა იმიტომ იღვაწა, რომ ხელისუფლებასა და ერთ ოპოზიციურ ძალას საერთო სივრცეში ჰარმონიულად ეღვაწათ? ახლა ერთად არიან პარლამენტში, მაგრამ ამით საქართველოს რა? საქართველო სულ სხვაგანაა. სხვაგანაა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. ქართული პოლიტიკური ელიტისგან დასავლეთიც და ჩვენი საზოგადოებაც სულ სხვა რამეს ელოდა. ახლა ეთერ-ეთერ დადიან და ნამოქმედარის გათეთრებას ცდილობენ. ხალხს ამათი დანახვაც აღარ უნდა. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი და ამიტომაც გასდით ამათ ეს ყველაფერი.
_ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია, მოშლილია, მაგრამ რაც ახლა პარლამენტში ხდება, წარმოუდგენელია. „გირჩი“ საოცარ რაღაცებს აკეთებს: ხან პარლამენტის ფოიეში ჩაიცუცქებიან, ხან წყლის პისტოლეტებით წუწაობენ საკანონმდებლო ორგანოში.
_ რასაც „გირჩი“ პარლამენტში აკეთებს, ეს არის სამარცხვინო. ვიღაცები უცინიან, ეუბნებიან, ვაიმე, რა „სვეცკები“ ხართო და ამათაც თავი მაგრები ჰგონიათ. რასაც ეგენი აკეთებენ, ამას ჰქვია ქაჯობა. ჩაიცუცქე შენთან სახლში და საძმაკაცოში. ასეთი მაგრები თუ არიან, „ნაციონალებს“ კამერების წინ მაინც გასცენ პასუხი.
_ „ნაციონალებს“ რატომ უნდა გასცენ პასუხი?
_ „გირჩი“ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ადრე შევიდა. ამის გამო მათ ყოფილი ხელისუფლება მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებდა. ახლა „ნაციონალებიც“ პარლამენტში არიან და მოსთხოვონ იმ გინებაზე პასუხი, კამერების წინ გადაუდგნენ. რა წუწაობა აგიტყდათ? რატომ აღიზიანებთ ხალხს? მერე, ვინ შთააგონა, რომ რასაც ეგენი აკეთებენ, სუპერთანამედროვეობაა? ეს არის ქაჯობა. მე რაში მადარდებს „გირჩის“ საქციელი?! სამწუხარო ისაა, რომ პარლამენტს აყენებენ შეურაცხყოფას. ჩაცუცქვის მერე პლანსაც მოწევენ და მერე შიშვლები იტანტალებენ საკანონმდებლო ორგანოში.
„გირჩებს“ ჰგონიათ, რომ ძალიან თანამედროვეები არიან, მაგრამ მწარედ ცდებიან. ისინი ერთი ერთში ჰგვანან პირველ ბოლშევიკებს. ბოლშვიკები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მათი ახალგაზრდული ფრთა 1917-1921 წლებში გაიძახოდა, _ მოდი, შიშვლებმა ვიაროთ, არ გვინდა ოჯახიო. ხელისუფლებაში მოსულმა ველურმა ბოლშევიკებმა თავზე წაიკრეს წითელი თავსაბურავები და ასეთი ლოზუნგები ჰქონდათ: ძირს სირცხვილი! თავისუფალი სექსი! თავისუფალი ოჯახი! მე შვილი მყავს, მაგრამ არ ვიცი, ვისგან! ჩემი ცოლი _ შენი ცოლი, ჩემი ქმარი _ შენი ქმარი! ერთად ცხოვრობდნენ, ნარკოტიკები ღიად იყოდებოდა ტვერსკაიაზე. მილიცია რომ აჩერებდა ამ ახალგაზრდებს, ეუბნებოდნენ, _ თქვე რა გინდათ, ჩემი სხეული მე მეკუთვნისო.
_ პირდაპირი წინაპრები ყოფილან „გირჩების“. ეგენიც ასე არ გაიძახიან, _ ჩემი სხეული მე მეკუთვნის და რასაც მინდა, იმას ვუზამო…
_ ასეთი მიშვებულები იყვნენ ეს ახალგაზრდები რამდენიმე წელი. ამას სათავეში ედგა კოლონტაი, რომელიც შემდეგ ცნობილი დიპლომატი გახდა. ის ამბობდა, ოჯახი ზედმეტი ტვირთია. არ არის საჭირო, ქალს ჰყავდეს ქმარი და კაცს ჰყავდეს ცოლი. მისი თქმით, მე-20 საუკუნეში ოჯახი საჭირო არ იყო.
ბოლშევიკებში ჭკვიანი ხალხიც ერია და ნახა, რომ ამ ლოზუნგებით დაიქცა სახელმწიფო და გაირყვნა მთელი საზოგადოება, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობა. მერე ზნეობრივი ჩარჩოები შემოიღეს. ამდენად, „გირჩს“ რომ ჰგონია, ახლები არიან, გადახედონ ერთი საუკუნის წინანდელ მასალებს _ იგივენი არიან. თუ მოსწონთ, დარჩნენ ასე. სულ არ მედარდება, რაც უნდათ, ის უქნიათ. ისე, ისიც მახსოვს, მათი ერთ-ერთი ლიდერი როგორ გაიძახოდა, _ ასეთი და ასეთი ვიყო, თუ პარლამენტში შევიდეო. კარგად შევიდა და დაჯდა.
_ მაგას მარტო „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი არ ამბობდა, თითქმის მთელი ოპოზიცია გაიძახოდა ასეთ რამეებს.
_ რა რჯიდათ, ვინ სთხოვდა, ასეთი ფრაზები წამოისროლეთო? პოლიტიკოსობა მარტო ის არაა, 24 საათი ტელევიზიაში იჯდე. პოლიტიკოსობა, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ შენს სიტყვას ფასი ჰქონდეს. ერთი კვირა მაინც იყავით საკუთარი სიტყვის ერთგული. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს _ მეორეს, მესამე დღეს სულ სხვა აზრზე არიან და ა. შ. თან იმის თავხედობაც ჰყოფნით, რომ შენ დაგაბრალონ _ მე რომ ასე მოვიქეცი, ეს ხომ შენ გინდოდაო? თავიანთი ამორალური ქმედებით საზოგადოების გასვრაც უნდათ.
_ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და ამ ფლანგზე ახალი ძალა გამოჩნდა, _ გახარიას გუნდი. რამდენად ოპოზიციაა, ეგ ჯერ საკითხავია. თქვენ რას ფიქრობთ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში შემობრუნებაზე?
_ გახჩო ბიჭი საერთოდ ფენომენია. ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო, შემდეგ _ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შსს ჩააბარეს და ბოლოს პრემიერი გახდა. მთელი ამ ხნის მანძილზე არაფერი გაუკეთებია, ერთი თვალი ჩააპაჭუნა და ამომრჩეველი გაიჩინა. ახლა ეს ამომრჩეველი ჩამოსცილდა. ის არ ყოფილა რეალური პრემიერი და როგორც კი ეს პოსტი დატოვა, თვალის ჩაპაჭუნებით გაჩენილი ამომრჩეველიც ჩამოსცილდა. მისგან ბევრს არაფერს ველოდი. ისიც წინასწარ ვიცოდი, რომ პარტიის პრეზენტაციაზე არაფერს იტყოდა და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა. კაცი ამდენი ხანი იყო ხელისუფლების პირველი პირი და ახლა ამბობს, ჩემი მთავარი მიზანი კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლააო.
_ პრემიერობისას კორუფცია ქართულ-ჯიგრულ პონტად მიაჩნდა.
_ მაშინ ქართულ-ჯიგრული პონტი იყო. მისი გარემოცვა ჩამობრანძულები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ერთ წელიწადში მილიონერები გახდნენ, ეს ვითომ არაფერი. ანეკდოტია, გახარია კორუფციასთან რომ აპირებს ბრძოლას. მეორე ანეკდოტია ის, რომ „ქართული ოცნება“ მისკენ იშვერს ხელს, რომ „ნაცი“ იყოო. თქვე დალოცვილებო, თუ გახარია „ნაცი“ იყო, მაშინ არაფრის აზრზე ყოფილხართ, დაიხურეთ ქუდი და წადით ყველანი. „ნაცი“ თუ გყავდათ პრემიერი, რაღა გესაქმებათ ხელისუფლებაში? გასაკვირი კი არაა, „ნაციონალი“ რომ ყოფილიყო ამათი პრემიერი. ხელისუფლების 80% პორტირებული „ნაცია“. რამე სხვა მოიფიქრეთ, ეს ერთუჯრედიანი ტყუილები აღარ ჭრის.
მეეჭვება, გახარიამ სერიოზული შედეგი აჩვენოს. იმ ფონზე, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც სუსტები არიან, რაღაც ხმებს აიღებს, მას არც სერიოზული ფინანსები აქვს და არც დამოუკიდებლად საქმიანობის იმუნიტეტი გააჩნია. ოპოზიციაში თუ გადავიდა, ხელი ივანიშვილისკენ უნდა გაეშვირა. იმას რომ არ არტყამ და უერთადგილო ყარაჩოღელივით ბოდიალობ რაღაცებს, ვერაფერს მიაღწევ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კაცი რამდენიმე მანდილოსნის ჭკუაზე დადის. ისინი ეუბნებიან, _ დედა, რა ალენ დელონი ხარო და ამასაც სჯერა.
ძალიან არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება და ეს ბევრ რამეში ვლინდება. სრულიად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ იმ ცუდ ფაქტზე, რაც ბელარუსში მოხდა. ბელარუსის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე იძულებით დასვა თვითმფრინავი, სადაც ოპოზიციონერი იმყოფებოდა. გამუდმებით ამ ფაქტის გმობაშია „ქართული ოცნება“.
_ არ უნდა დაეგმო ჩვენს ხელისუფლებას ეს ფაქტი? თავად თქვით, რომ ცუდი ფაქტი მოხდა.
_ ერთხელ დაგმეს ბელარუსის ინციდენტი და მორჩა. რა აუცილებელია, ყოველ ორ დღეში ერთხელ ამასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება? თან ამ განცხადებას სამთავრობო დონეზე აკეთებენ, გაიძახიან, ვგმობთო. კი მაგრამ, ვინ გეკითხებათ, ვის დაჰკარგვიხართ? ლუკაშენკოა ერთადერთი ლიდერი, რომელმაც გაუძლო პუტინის ზეწოლას და აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ახლა რომ მოგვიტრიალდეს და გვითხრას, ვაღიარებ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობასო, ხომ ვიქნებით ღირსები! რას უჩიჩხინებენ, ვერ გავიგე.
ან თამარ ჟვანიას რას აგზავნით ქალბატონ ტიხანოვსკაიასთან ვილნიუსში, სადაც იმაზე ტარდება კონფერენცია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ბელარუსში არჩევნები? ამით აღიზიანებ ლუკაშენკოს და მეორე არ გრცხვენია! სად აგზავნი არჩევნებზე შერცხვენილ თამარ ჟვანიას? მაგან ვის უნდა ასწავლოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება?!
ასევე სამარცხვვინოა ის, რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით ხდება. იმ ძიუდოისტს, ვისი ცემის გამოც ასამართლებენ მას, თავი აქვს მთლიანად უგულავას ხელა. მათ რომ ვუყურებ, დავითი და გოლიათი მახსენდება. ამ კაცის დაჭერა თუ გინდოდათ, სხვა რამე მაინც მოგეგონებინათ. კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სამარცხვინო. კაცს ერთი მკლავი აქვს 5 კაცის ხელა და გვიმტკიცებენ, უგულავამ სცემაო. ეს ამბავი უკვე კლინიკაა.
ასევე სამარცხვინოა ის დამოკიდებულება, რაც სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით ხდება. იმ დღეს გამოვიდა ყარაჯალის სკოლის დირექტორი, რომელმაც ერთი სიტყვა არ იცოდა ქართული. სად არის სახელმწიფო ენის პროგრამა? კონსტიტუციას რომ არღვევთ ყოველ წუთს, მერე რატომ გიკვირთ, დმანისსა და ჯავახეთში თათბირები რუსულ ენაზე რომ ტარდება? ქართველ ჩინოვნიკებს, მათ შორის, კახა კალაძეს ფეხებზე ჰკიდიათ ქართული ენა.
_ კალაძეს რატომ?
_ თბილისი სავსეა უცხოური წარწერებით. პეკინიდან ვერამდე დავთვალე მაღაზიები, სადაც ქართული ასოებით არის წარწერილი ინგლისური სიტყვა. რაიმე ცნობილ ბრენდებზე არაა საუბარი. რაღაც აზრებია დაწერილი ინგლისურად, ოღონდ ქართული ასოებით. ეს არის ქართული, თბილისური გოიმობა და ქაჯობა. ამ მაღაზიების გახსნაზე ნებართვას იძლევა მერია. ამხელა ხელფასები რომ აქვთ, სძინავთ? ჩამოიარონ და ნახონ, რა ხდება. მილანში კალაძის გარდა სხვებიც დავდივართ და იქ იტალიური წარწერების გარდა სხვას ვერაფერს ნახავთ, თუ რაიმე ცნობილი ბრენდი არაა. ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ქართული ასოებით უცხოენოვანი წარწერები რომ იყოს, ამასაც პუტინი გაძალებთ? ამიტომაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ სწავლობენ ქართულ ენას. სახელმწფო ენის ცოდნას არავინ სთხოვს მათ და რატომ შეიწუხებენ ზედმეტად თავს? არაფერს ვამბობ იმაზე, თურქულ-არაბული წარწერებით რომ არის აჭრელებული ბათუმი და თბილისში _ აღმაშენებლის გამზირი.
წინა კვირას საქართველოში ამერიკული დელეგაცია იმყოფებოდა. მათი დავალებებს სიამოვნებით მოისმენდა უმრავლესობაც და ოპოზიციაც, მაგრამ ვერც ერთი გაბედავდა იმის თქმას, რომ ნატოს სამიტზე რატომ არ გვეპატიჟებითო? არ მესმის, როგორ არ უნდა გამოეთქვათ ამაზე პრეტენზია? რაც ჩვენმა ბიჭებმა ნატოს მისიით ავღანეთში სისხლი დაღვარეს, იქ სტუმრის სტატუსით მაინც გვეკუთვნოდა მიწვევა. მარტო საზარბაზნე ხორცი ხომ არ უნდა ვიყოთ?!
_ ავღანეთში ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მშვიდობისმყოფელი საქართველოდან იყო გაგზავანილი.
_ ამიტომაა გულსატკენი. რამდენი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა სამშვიდობო მისიის შესრულებისას და ჩვენ ნატოს სამიტზე „გალიორკაზე“ დასაჯდომადაც კი არ დაგვპატიჟეს. უმრავლესობა და ოპოზიცია ვერც იმას ჰკითხავდნენ ამერიკელებს, რატომ არავინ ახსენებს ჩვენს ქვეყანას რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე? საქართველოს ხსენება არც რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე არის.
მოქმედ და წინა ხელისუფლებასაც იმდენად ლაქიური ბუნების ხალხი ჰყავდა და ჰყავს შეკრებილი, რომ ისინი საქართველოსთვის საჭირო საკითხებს ვერ დააყენებენ. ამას ვერც ჩვენზე ძლიერ პარტნიორებს დაუდებენ და ვერც ჩვენს ტოლს. დავითგარეჯის თემაზე ხმის ამოღებას ვერ ბედავენ _ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარიაო. ავიწყდებათ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენით მდიდრდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანს საქართველო ისევე სჭირდება ჰაერივით, როგორც ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანის ნავთობი. საქართველო ამ ნავთობსადენიდან იმდენ ნავთობს არ ღებულობს, რამდენიც უნდა მიგვეღო.
_ რატომ არ ღებულობს?
_ ჩვენი უტვინობის ბრალია, ხელშეკრულება არ განახლდა. ასეთივე პოლიტიკაა სომხეთის მიმართაც. საჭირბოროტო საკითხებზე ხმას არ იღებენ, სომხეთს არ ეწყინოსო. ამ სომხეთს ჰაერის გარდა ყველაფერი სქართველოს ტერიტორიიდან შესდის.
ამერიკის მიმართ საერთოდ მონური დამოკიდებულებაა. იმის თქმასაც ვერ ვუბედავთ, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხი რატომ აღარ დგას დღის წესრიგშიო? გაიძახიან, იმდენი დაგვახარჯა ამერიკამო. ძალიან დიდი ფინანსები დახარჯა აქ ამერიკამ, მილიარდებზეა საუბარი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არასამთავრობოებისთვის ამ თანხების დარიგებას სჯობდა, თითო რეგიონში თითო ქართულ-ამერიკული საწარმო გაეხსნათ ამერიკელებს, სადაც 200-300 კაცი დასაქმდებოდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ გამო არ გიჟდება ჩვენზე. მას საქართველოს ტერიტორია მოსწონს. ამიტომ ვართ მათთვის სტრატეგიული პარტნიორები. საქართველო ვაშინგტონისთვის ამიერკავკასიაში არის გასაღები. ამდენ ფულს იმტომ ხარჯავს ჩვენზე ამერიკა, რომ მათთვის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. ღმერთმა არ ქნას და ამერიკა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება რომ დაიწყოს, ჩვენც ვიქნებით ამაში ჩათრეულები. საქართველოდან უფრო ადვილად შეფრინდება რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტა, ვიდრე _ ვაშინგტონიდან.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს უფლება, პრეტენზიები გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გვღებულობენ ნატოში. 30 წელია, ამას გვპირდებიან, მაგრამ არ გვიშვებენ. სამაგიეროდ, ალბანეთი გახდა ნატოს წევრი.
_ ალბანეთში საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად არ იქნება.
_ არ იქნება, მაგრამ ეგ ქვეყანა გახდა ნატოს წევრი. საქართველო გვაქციეს ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად და დიდ ფეისბუქველად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებს ფასი აღარ აქვთ. თუ მართლა უნდოდათ ნატოში ჩვენი გაწევრიანება, ამის გაკეთება 2008 წლამდე შეიძლებოდა. მაშინ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ბაზები აღარ იყო. მიგვიღებდნენ ნატოში და აქ უცხო ქვეყნის ბაზები ვეღარ შემობრუნდებოდნენ. ჩვენ ეს მოთხოვნა არ დაგვიყენებია. ჩვენი ხელისუფლება იმას ეხვეწებოდა, ჩვენი ჯარისკაცები წაიყვანეთ, სადაც გინდათ, მისიის შესასრულებლადო. თავიანთი შვილები ჯარში არ არიან და სხვისი შვილები რაში ადარდებთ? არავისგან არაფერს მოვითხოვთ და ამიტომ გვაზის ყველა თავზე.
საქართველოს ხელისუფლებას ასევე უნდა მოეთხოვა პასუხი ევროკავშირის ელჩისთვის. ჩვენმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ ცნო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ ევროკავშირის ქვეყნებში შეხვედრები გამართა. ამაზე ერთი პეტიცია არ უნდა გაეგზავნათ ამ ქვეყნებისთვის? არ გაუგზავნეს იმიტომ, რომ დამოუკიდებლები არ ვართ. დასავლეთიც ასე გვიყურებს და ამიტომ არც ნატოს სამიტზე გვიწვევენ და არც ჩვენი საკითხი განიხილება რუსეთთან შეხვედრაზე.
_ თემა შევცვალოთ და თქვენზეც ვისაუბროთ. ეს საკითხი ბევრს აინტერესებს: რამდენიმე თვის წინ დატოვეთ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“. რატომ წამოხვედით ბურჯანაძის პარტიიდან? ამ თემაზე არსად გისაუბრიათ.
_ ამ პარტიაში შვიდი წელი გავატარე. იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და მათთან დღემდე ვმეგობრობ. წამოვედი იმიტომ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთი ეტაპი, რომელიც დამთავრდა.
_ თქვენი პარტია ოპოზიციურ ერთობაში იყო. რა რეაქცია გექნებოდათ, ისინი „ნაციონალების“ ბლოკ „ძალა ერთობაშიაში“ რომ შესულიყვნენ?
_ საკითხი ასე არ დამდგარა. ეს რომ მომხდარიყო, დაუყოვნებლივ წამოვიდოდი პარტიიდან. ჩემი და „ნაციონალების“ ერთად ყოფნა გამორიცხულია. სრულიად დაუმსახურებლად გამატარებინეს დევნილობაში ცხრა წელი. ამის გამო მამაჩემს სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. ამის პატიება არ შემიძლია. მამის წინაშე არ ვიქნები მართალი. რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, იქ ბევრი პარტია მონაწილეობდა და ეს შეხვედრები საჭირო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდიოდა.
მე დავტოვე პარტია, სადაც რამდენიმე წელი გავატარე. მათ წარმატებებს ვიუსურვებ, რადგან როგორც უკვე გითხარით, მათთან დღემდე ვმეგობრობ.
შორენა მარსაგიშვილი