- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-22 09:58:54
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, მეუფე სპირიდონი, ისევ კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. მისთვის თუ არ მოგისმენიათ, ალბათ, გაგიგიათ მაინც მისი ყბადაღებული კრიტიკა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს. ის ზედმეტად კრიტიკული და, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი მიმართვებით გამოირჩევა. არასდროს ერიდება საჯაროდ აზრის დაფიქსირებას ყველასა და ყველაფერზე.
გოჩა აბულაძე _ ეს 71 წლის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა სპირიდონის საერო სახელია. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლად შექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს კი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს.
ოდიოზური ფიგურა მეუფე სპირიდონი ხან მისი განცხადებების, ხან კი მისი საქციელების გამო მუდამ სკანდალში ეხვევა. თუნდაც ბოლოდროინდელი ამბავი რომ გავიხსენოთ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით და მეუფე სპირიდონის შეუვალი, უფრო ჯიუტი და საქართველოს კანონმდებლობას აცდენილი ხასიათის გამოვლინება _ მარტო ეს ფაქტიც საკმარისია მის რეალურ სახეში გასარკვევად და საზოგადოების რეაგირება ამ პერსონათან მიმართებით არავის უნდა გაუკვირდეს.
სანამ მეუფე სპირიდონზე საუბარს გავაგრძელებთ, საზოგადოება ვახსენე და მანამდე ამ თემასაც მინდა, შევეხო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბანაკებად გაყოფილი საზოგადოება თავისი ინტერესებიდან განსჯის მოვლენებს და ხშირად მნიშვნელოვან თემებს ხან სპეციალურად უვლის გვერდს და ხუჭავს თვალებს, ხან კი _ მიზანმიმართულად. მორწმუნეთა ნაწილისთვის საეკლესიო პირებზე საზოგადოებისგან კრიტიკა მიუღებელია და მკრეხელობად, ეკლესიის მტრობად ფასდება, თუნდაც ის რეალური ფაქტებითა და დამადასტურებელი ინფორმაციებით იყოს გაჯერებული. თუ შენ აკრიტიკებ მათ, ე. ი. ურწმუნო ხარ და ღირსი ხარ დასჯის, არადა, ქრისტიანობა ხომ სიყვარულის მღაღადებელი რელიგიაა და დასჯა სულაც არ არის არც მეუფე სპირიდონის, არც ქრისტიანულ სწავლებაში გაუთვითცნობიერებელი მრევლისა და არც ერთი ღვთისმსახურის პრეროგატივა. შეიძლება, ზედმეტი კრიტიკულობისა და სიმართლის გამო რომელიმე მორწმუნე სხვადასხვა ძალადობრივი გამოვლინებით გამოგენთოს ან ახსნა დაგიწყოს ან ჩხუბი და ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში _ გცემოს კიდეც. ეს, ანუ აგრესია, თანამედროვე საქართველოში მორწმუნეთა სიმართლის მთავარ არგუმეტად იქცა (და ეგზოტიკური ატრიბუტებით: კომბლით, ტაბურეტით, ქვით…)
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მოძღვარი ამბობდა, ეკლესიის კრიტიკა ტენდენციად იქცა და ეს არ შეიძლება, უფალმა ყველაფერი იცისო. საინტერესოა, საზოგადოების კრიტიკა ტენდენციურია, თუ ის ძალადობრივი ფაქტები, რაც თვალსაჩინო იყო, გასაკრიტიკებელი არ არის და ყველაფრის გამართლება შეიძლება?!
თუნდაც მაგალითისთვის ავიღოთ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის თავდასხმა ჟურნალისტზე. ალბათ ეს ფაქტი სხვადასხვა არგუმენტით მართლდება და ჩვენთვის გაუგებარია მოთხოვნა, რომ მეუფეებთან „თავხედურად“ არ უნდა მოვიქცეთ.
სწორედ ჟურნალისტების მიმართ სამღვდელოების განწყობა ყველანაირ ზღვარს სცდება. მეუფე სპირიდონზე ვსაუბრობდი და მინდა გავიხსენო მისი მიმართვა კრიტიკული მედიებისადმი: „საქართველოზე არის შემოტევა საშინელი, ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც კი ხედავთ ახლა რა ხდება, ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას, პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა, ეს ტელევიზიები _ „მთავარი არხი“ რომ ჰქვია, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და კიდევ ზოგიერთი… ეს არის სატანის მიკროფონი…“ _ ეს განცხადება მეუფემ ერთ-ერთი ქადაგების დროს გააკეთა, რომელიც სოციალურ ქსელში სხალთის ეპარქიის გვერდზე 25 თებერვალს გამოქვეყნდა.
მარტო ამ განცხადებებით როდი შემოიფარგლება მეუფე სპირიდონი! ის აგრძელებს ტელევიზიების კრიტიკას, უფრო სწორად, ვირეშმაკა ტელევიზიების ლანძღვას, როგორც თავად იტყვის ხოლმე:
„დღეს გაძარცვულია ჩვენი ეკლესია და იმ მდგომარეობაშია, რომელიც წყეულმა ლენინმა, მანამდე ჟორდანიამ, შეჩვენებულმა, ძაღლი მიაკვდა საფლავში და მერე ბოლშევიკებმა გააკეთეს – ამ მდგომარეობაშია. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, ეს 25 მილიონი რატომ გაქვთო? აი, ეს ლიბერასტები, ძალიან უხეში სიტყვა რომ არ ვიხმარო. ეს ვირეშმაკა ტელევიზიები კიდევ, ეს „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“, დღე და ღამე რომ გვლანძღავენ ეკლესიას. თავის ტოტს ჭრიან, რომელზედაც სხედან. იმ ჭიქაში აფურთხებენ, საიდანაც წყალს სვამენ. ეს უკეთური ხალხი, ეს უკეთური ადამიანები, რომლებსაც ქართველობისა და ადამიანობის ნიშანწყალი აღარ შემორჩათ“, _ ესეც მეუფე სპირიდონის განცხადებაა.
გასაგებია, რომ მას კრიტიკული კითხვების დასმა არ მოსწონს, მაგრამ სიძულვილით მოსაუბრე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სხვას მოუწოდებს სიყვარულისკენ და ქრისტეს რჯულის ქადაგებას ამბიონიდან განაგრძობს.
შეურაცხმყოფელი მხოლოდ ტელევიზიებთან მიმართებით როდია?! წმინდა სინოდიდან „გაგდებულ“ მეუფე პეტრეზე გაკეთებული განცხადებაც გავიხსენოთ:
„შენ, ეტყობა, ბოლშევიკებისა და ნეობოლშევიკების რუპორი ხარ და იმიტომ განიკითხავ პატრიარქს. შენ თვითონაც არ იცი, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მე კიდევ გიმეორებ, – შენ „ტრუსიკით“ დარბოდი ქუჩაში მაშინ, როცა ეს ხდებოდა. უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს, ვიღაცის რუპორებზე უკრავ, ვის რუპორებზე? ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? კარგად ვიცი, ვინც არის. ყველამ ვიცით. ვინ არის, ვინც ტრანსგენდერობას, პედერასტობას და ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს. ყველაფერს აქვს საზღვარი – ცილისწამებას, გათახსირებას, უნამუსობას და პატრიარქის წინააღმდეგ ომს! საზღვარი აქვს. შეიძლება, ყველა საზღვარს გადახვიდე, კაცო?! შენს თავს დაღუპავ, შვილო, მეტი არაფერი არის ეს. წაიწყმიდავ სულს. უკვე ჯოჯოხეთში ხარ და ვერ ხვდები ამას. ვინ მოგცემს შენ მაგის უფლებას?! მთელი ერი გადაგეკიდება. საქართველოში ვეღარ გაჩერდები. გადაშენდები აქედან საერთოდ. შენ, ჩემო ძამიკო, უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი იმიტომ, რომ დაღუპული ხარ, თუ არ შეინანებ“.
ხო, ასე _ ცოცხალთათვის პანაშვიდჩასატარებლად მეუფე პეტრეს მოიხსენიებდა, რომელიც წმინდა სინოდის წევრი და ერთ-ერთი, თავის დროზე, პატრიარქისთვის გამორჩეული ფიგურა იყო.
ასე თუ ისე, მეუფე სპირიდონის ამ განცხადებების შეფასება საზოგადოებაზეა მინდობილი, რომელიც ისევ დუმს, რადგან საქმე ეკლესიას ეხება.
ალბათ ბავშვობაში ყველას გაგვიგია, რომ მამაკაცისთვის ჯენტლმენობა აუცილებელია, განსაკუთრებით, ქალის პატივისცემა. ამას გვასწავლის ეკლესიაც, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, სულერთია _ ქალი იქნება ეს თუ კაცი.
ჰოდა, მეუფე სპირიდონზე ბოლო დროს აგორებულ სკანდალთან მივედით, როცა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი არ შეუშვა, რადგან მეუფეს არცთუ ისე მოსწონს სახალხო დამცველი და არ არის კეთილგანწყობილი მის მიმართ _ ამას თავისი განცხადებებით ადასტურებს.
„მოსულები იყვნენ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ შეუშვან იქ, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე და მიმაჩნია, რომ იმ დაწესებულებაში შეშვება და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. მე რომ მკითხოს ხალხმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს. ისინი არიან უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“, _ ამბობს ვიდეომიმართვაში მეუფე სპირიდონი.
„ამ წაბილწულ ქალს“, _ ასე მოიხსენიებს მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს.
მერე უკვე ბრმაც და ყრუც უწოდა მეუფემ ნინო ლომჯარიას და შემდეგი განცხადება გააკეთა ამბიონიდან: „შე ბრმა, შე ყრუ, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ, შენ ვინ უნდა შეამოწმო?!. შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია, „პიდარასტი“ და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ერთ სიბრტყეზე აყენებ _ კაცს, ქალს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა, ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ, უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ, შენ ვინ უნდა შეამოწმო?! კაცი ხარ თუ ქალი ხარ, ის ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო?! მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგარეთიდან. ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში! რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა, ამღერა და თქვა, ამას უნდა მივბაძოთო?! ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის დაიღუპება, კაცო“.
საინტერესო და, ამავდროულად, გამაოგნებელი იყო საზოგადოებისთვის, როცა მეუფე სპირიდონმა ასეთი წინააღმდეგობა გაუწია სახალხო დამცველს და პანსიონში შესვლაზე უარი უთხრა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, ნინოწმინდის საქმეში პოლიციას მეუფე სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა.
„ხალხო, სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად ხოლმე. ამიტომ პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. იგი უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ! ვნახოთ, აბა, რას იზამენ?! P. შ. ორივე ვიდეო სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს მოსამართლეს!“ – წერს აბაშიძე FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე.
საინტერესო იყო, რას უკავშირდებოდა სახელმწიფოს უმოქმედობა ამ თემის შესახებ, რომელიც, როგორც ვხედავთ, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა.
საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სინოდი, სინოდის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, მეუფე სპირიდონი, საქართველოს იუსტიციისა და ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთდროულად არღვევენ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებს.
პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. აქედან ყველაზე უმცროსი 5 წლისაა. ეპისკოპოსი სპირიდონი 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს უშვებს და ეს ხდება მაშინ, როცა თავად ეპისკოპოსი და ზემოჩამოთვლილი უწყებები თუ ინსტიტუტები კანონებს წლებია, სავარუდოდ, თავად არღვევენ. კერძოდ, ლაპარაკია კანონზე, რომლის მიხედვითაც, სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული პირი არ შეიძლება, დასაქმებული იყოს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მეუფე სპირიდონი კი, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ორჯერაა ნასამართლევი და ერთხელ _ სექსუალური ძალადობისთვის (ამ მტკიცებულებების მოპოვება, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვალდებულებაა).
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი 2010 წლიდან ხულოში, აბუსერიძე ტბელის სახელობის მრავალპროფილიანი უნივერსიტეტის რექტორია. ასევე არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ხულოს პროფესიულ სასწავლებელს, წმ. ტბელ აბუსერიძის გიმნაზიასა და წმ. თეოდორე აჭარელის სახ. ბაგა-ბაღს აერთიანებს. მისივე პატრონაჟის ქვეშაა ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ობოლ და მშობელთა მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა პანსიონიც და ა. შ.
ზოგადად, ყველამ, ვისთვისაც საეკლესიო ცხოვრებისა და ეპარქიების მართვის სტრუქტურა ცნობილია, კარგად იცის, რომ ეპარქიის ტერიტორიაზე ყველა და ყველაფერი ეპისკოპოსს ექვემდებარება და სწორედ ისაა ფორმალური და ფაქტობრივი განმკარგველი.
ამ დროს კი ზოგადი განათლების შესახებ კანონის 331-ე მუხლი, „პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა“, პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს: „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა“.
რაც შეეხება კანონს უმაღლესი განთლების შესახებ, „მუხლი 32: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი:
1.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება“.
2. საპატრიარქო, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები ერთმანეთისგან დისტანცირებას იმით ახდენენ, რომ საჯაროდ აცხადებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო დაწესებულებები არაპროფილური სასწავლებლებია და მათ ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გააჩნიათ. ეს არგუმენტი აბსოლუტური აბსურდია, რადგან თუნდაც იმავე კონკორდატის მიხედვით, „მუხლი 1, პუნქტი 3: ეკლესია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.
თუ ამ საკითხსაც გვერდით გადავდებთ, მეუფე სპირიდონი სრულადაა მოქცეული საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რადგან სასწავლო დაწესებულებები, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით.
რაც შეეხება ავტორიზებულ სკოლას (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც) _ ასეთი გახლავთ შპს ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლა და შუახევის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა.
გასაგებია, რომ იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს არ სურთ, კონფლიქტში შევიდნენ საპატრიარქოსთან და შესაბამისად, თავს არ იწუხებენ მეუფე სპირიდონის (ერისკაცობაში გოჩა აბულაძე) ნასამართლეობის დოკუმენტების მოპოვებითა და მათი გასაჯაროებისაგან. არადა, წესით, სწორედ მეუფე სპირიდონმა უნდა წარუდგინოს ავტორიზაციის დროს ეს დოკუმენტი განათლების საამინისტროს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ კანონის შესაძლო დარღვევას, არამედ საუბარია, პირველ რიგში, მოზარდებზე _ ბავშვებზე, ადამიანებზე (სტუდენტებზე) და მათ უფლებებზე, უკვე სამინისტროების ვალდებულებაა, თავად მოიპოვონ აღნიშნული დოკუმენტი ან გააქარწყლონ საფუძვლიანი ეჭვი.
მეორეა მორალური მხარე, თუ საჯარო ბრალდებები მეუფე სპირიდონის წინააღმდეგ, რომელიც მედიისა და საოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება, არასწორია. ამ შემთხვევაში, თავად მეუფე სპირიდონი და საპატრიარქო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ დოკუმენტურად უარყონ ბრალდებები, მით უფრო, კონკორდატიც კი არ არის დოკუმენტი, რომელიც სასულიერო პირს კანონზე მაღლა აყენებს.
ფაქტი გოჩა აბულაძის ორჯერ ნასამართლეობის შესახებ ცნობილია, ამიტომ ამ საკითხის დამალვა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. თუ სახელმწიფო უწყებები ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ და მეუფე სპიროდონი, მართლაც, ნასამართლევია სექსუალური დანაშაულისთვის, ისინი თავად გახდებიან კანონის დარღვევის ხელმშემწყობები და თანამონაწილენი. განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ საკითხზე მოკვლევა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ახლა სასულიერო აკადემიაში ხარისხის სამსახურშია დასაქმებული, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სავარაუდო შედეგებს უნდა ველოდოთ საკითხის „შესწავლის“ შემდეგ!
მმართველი გუნდიდან პოლიტიკოსების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სახალხო დამცველს სრულფასოვანი უფლება აქვს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის და ის აუცილებლად შევა.
სოზარ სუბარის თქმით, მისი სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის დროსაც იყო შესვლის მცირე პრობლემები და სიტუაცია მალე დალაგდა. ის ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს უფლება პანსიონში შესვლის და მალე შევა.
„სახალხო დამცველს უფლება აქვს, რომ შევიდეს. 2006 წლიდან ვმუშაობთ. სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონის. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო“, _ აცხადებს სუბარი.
„ქრონიკა+“ ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას დაუკავშირდა და მეუფე სპირიდონის შესახებ, ფაქტებისა და რეალობის მიხედვით, სიტუაციის შეფასება სთხოვა:
„მეუფე სპირიდონი ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი არის ადამიანი, რომელიც სეკულარიზმის ყოველგვარ ზღვარს შლის და ლამის ყოველი ქადაგებისას უხეშად იჭრება სახელმწიფოს სივრცეში.
ჩვენ გვახსოვს მისი არაერთი განცხადება, რომლითაც პირდაპირ უჭერდა მხარს რუსეთსა და რუსულ ოკუპაციას. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები პანდემიის პირობებში, როდესაც სამედიცინო საზოგადოებას, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთეებზე აძლევდა განმარტებებს, მკვლელები უწოდა სიტყვებით: „თქვენ ხალხს წამლავთ“. ჩვენ ასევე გვახსოვს მისი უდიერი დამოკიდებულება არა მხოლოდ სახალხო დამცველის, არამედ სამოქალაქო სექტორისა და უმცირესობის წარმომადგენლებისადმი.
უმთავრესი პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ მეუფე სპირიდონს, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებსა და ღვთისმსახურებს უკავშირდება, ის გახლავთ, რომ მათი ქცევა, ქადაგებები, ყოფა სრულად არის აცდენილი ქრისტიანულ სწავლებას და მათ ამ თავაშვებულობას ისიც უწყობს ხელს, რომ თავად მრევლია გაუთვითცნობიერებელი ქრისტიანობის არსში და უმეტესობა რეალურად კერპთაყვანისმცემელია.
განსაკუთრებით საგანგაშოა ამ თავაშვებულობის მიმართ სახელმწიფოსა და ხელისუფლებების დამოკიდებულება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ლოიალობა.
4 მაისიდან დღემდე სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ მოახერხეს, სახალხო დამცველისთვის მიეწოდებინათ რეალური ინფორმაცია, თუ რა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული მეუფე სპირიდონი. აქ არის გონივრული ეჭვი, რომ მთელი რიგი დოკუმენტები განადგურებულია და მას არანაირი უფლება არ აქვს, ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონების მიხედვით ხელმძღვანელობდეს სასწავლო დაწესებულებებს.
თუ ხელისუფლება ვერ და არ შეძლებს, პროცესი დააბრუნოს სეკულარული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ჩარჩოებში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქო რეალურად ღიად ყალიბდება, როგორც პოლიტიკური ძალის ცენტრი _ პროცესები შესაძლოა განვითარდეს ძალიან დრამატულად და მას გადაყვეს როგორც ეკლესიის ამჟამინდელი მმართველი ორგანო და არაერთი ღვთისმსახური, ასევე ხელისუფლება და პოლიტიკურ კლასი“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მეუფე სპირიდონისგან პროვოცირებული ამბავი?შევა თუ არა სახალხო დამცველი პანსიონში? საქმეში სახელმწიფო სამსახურები ჩაერთო, პანსიონში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე სოციალური მუშაკები შევიდნენ.
საქმით შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდა, მაგრამ დღემდე არ არის გასაჯაროებული მეუფე სპირიდონის ნასამართლეობის დოკუმენტი. სახალხო დამცველი კი ისევ პანსიონში შესვლის საკითხითაა დაინტერესებული.
მეუფე სპირიდონის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, როგორ უკავშირდება იგი გარკვეულ პირებს და ასევე ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა დატოვონ დაწესებულება?
სახალხო დამცველის თქმით: „თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან“.
ბავშვები სტრესში არიან, სახელმწიფო სამსახურები პანსიონში კვლევებს აწარმოებენ, მეუფე სპირიდონი კი წუხს.
საზოგადოებას ისევ ეშინია ამ თემაზე აზრის გამოთქმის. აღნიშნული ფაქტების შემდეგ დაინგრევა თუ გაგრძელდება მეუფე სპირიდონის სხალთური მონოპილია _ ეს კიდევ საკითხავია.
საზოგადოება კი მეუფე სპირიდონის პერსონას ხმამაღლა ვერა, მაგრამ საკუთარ თავთან კი მაინც შეაფასებს.
საპატრიარქო ისევ დუმს… ბავშვები კი ისევ სტრესში არიან! ირგვლივ ქაოსია. სპირიდონი სვამს კითხვებს, _ ბავშვებს დარჩენა სურთ თუ წასვლა?! მათთვის უცხო ადამიანები (სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები) კი აკვირდებიან გარემოსა და აღზრდის პირობებს.
ოდიოზური მეუფე, ალბათ, სასოწარკვეთილია, ბავშვები გალავანს მიღმა აღარ არიან, ის კი ნამდვილად გალავანს გარეთ დარჩა.
ზუკა ნემსაძე