- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-21 07:34:22
საქართველოში ვაქცინები აღარ არის. პირველ დოზაზე დარეგისტრირების მსურველებს გაურკვეველი დროის განმავლობაში მოუწევთ მოცდა. საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია ვაქცინირების დადებით მხარესა და იმ მინიმალურ რისკებზე, რას მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ვაქცინირებამდე მიაწოდა თავის მოსახლეობას. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა იმ გამოწვევას, რასაც კოვიდის საწინააღმდეგო საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამა ჰქვია. 2021 წლის ბოლომდე 1 700 000 ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რაც თვეში 250 000 ადამიანის აცრას გულისხმობს. დღემდე მხოლოდ 110 ადამიანია აცრილი.
„ქრონიკა+“-ს შექმნილი ვითარების შესახებ ესაუბრება ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი და ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე:
_ამ ეტაპზე საქართველო ფლობს მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელსაც აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 45 წელს ზემოთ კონტინგენტზე. „სინოფარმზე რეგისტრაცია შეწყვეტილია _ საუბარია პირველი დოზით ვაქცინირებაზე. ვინც არ არის რეგისტრირებული, „სინოფარმით“ ამ ეტაპზე ვერ აიცრება. „პფაიზერი“, თავადაც მოგეხსენებათ, აღარ გვაქვს, ვინაიდან თავის დროზეც საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოვიდა საქართველოში.
_ მცირე რაოდენობაში რას გულისხმობთ?
_ 29 500 დოზა თავისი დანაკარგით. საქმე ის არის, რომ „პფაიზერის“ ვაქცინას აქვს სპეციფიკური „პრობლემა“ _ ერთი ამპულიდან ამოდის 7 დოზა და ფლაკონის გახსნის შემდეგ შვიდივე დოზა თუ არ გაიხარჯა, მისი შიგთავსი აღარ ინახება. მეშვიდე დოზის ამოღებას სჭირდება განსხვავებული შპრიცი, რომელიც მოყვება ვაქცინას და მას ცალკე ვერ შეიძენ.
_ თუ არ ვცდები, „პფაიზერს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც უჩივლა ხუთმა ქვეყანამ დაკარგული დოზების გამო.
_ ასეა თუ ისე, დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ „ასტრაზენეკა“ და ისიც, არ მიმაჩნია, რომ გვაქვს ამ ვაქცინის ზემოქმედების ასაკობრივი შეზღუდვის გამო. ველოდებით „სინოვაკით“ ვაქცინირების დაწყებას. ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომელსაც არც ერთი მკაცრი მარეგულირებლის აღიარება არ გააჩნია. არადა, ორიოდე თვის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანაში ვერ მოხდება იმ ვაქცინის რეალიზება, რომელსაც არ გააჩნია თუნდაც ერთი მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. რას ვიზამთ? ნონსენსების ქვეყანა ვართ _ თავადვე ვარღვევთ იმას, რასაც ვიღებთ!
_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება არც „სინოფარმს“ ჰქონდა, მაგრამ გამოვიყენეთ და ამირან გამყრელიძეც სწორედ ამ ვაქცინით აიცრა.
_ სამაგიეროდ, „სინოფარმს“ აქვს უნგრეთის აღიარება, რომელიც არის ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებელი. ზოგადად, უნგრეთი არის ქვეყანა, სადაც გამოყენებულია რვა ვაქცინა, მათ შორის, „ქენსინო ბაილოჯიქსი“. ეს უკანასკნელი ჩინური წარმოების გახლავთ, მაგრამ, თუ „ქენსინოს“ გამოვიყენებთ, მაშინ ჯანდაცვის მესვეურებს თავიანთივე დადგენილების შეცვლა მოუწევთ.
_ ამ ლოგიკით, „სინოვაკთან“ მიმართებითაც მოუწევთ დადგენილების შეცვლა?
_ დიდი ალბათობით, ამაზე მიდის საუბარი. ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, რომ რამდენიმე იურიდიული საკითხის მოწესრიგებაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყება „სინოვაკით“ ვაქცინირების პროცესი.
_ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოუწევს მკაცრი მარეგულირებლის აღიარების მიღმა დარჩენილი ვაქცინით მოსახლეობის აცრა?
_ ასე გამოდის!
_ თავად ამირან გამყრელიძეც ხომ „სინოფარმით“ აიცრა, ასევე ჩინური წარმოების ვაქცინით?
_ დიახ. „სინოფარმი“ გახლავთ ჩინეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამერიკული ფარმაკომპანია. ძალიან კარგი ვაქცინა აქვთ, რომელსაც გადაუდებელი გამოყენებით ახლახან მიღებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, ასევე მკაცრი მარეგულირებლის მიმართულებით უნგრეთის აღიარება.
_ რა საინტერესოა _ მთავარი ეპიდემიოლოგი, პრემიერი, პრეზიდენტი და ა. შ. იცრებიან „ჯანმოს“ აღიარებული ვაქცინებით, მოსახლეობა კი უნდა აიცრას აუღიარებელი დოზებით?
_ ასეთი გახლავთ რეალობა.
_ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე აცრილ კონტინგენტს მეორე დოზებთან დაკავშირებით შეექმნება დეფიციტი და ვეღარ აიცრება?
_ გამორიცხულია! თუმცა აქ ერთ ხარვეზზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლის გამოსწორებასაც შეგვპირდნენ. როდესაც მოსახლეობის ნაწილი „სინოფარმის“ პირველი დოზით აიცრა, მეორე დოზით ვაქცინირება უნდა მომხდარიყო 21-დან 28-ე დღეს. ვაქცინირების საერთო პორტალი კი პირველი დოზით აცრილებს მხოლოდ 21-ე დღეს არეგისტრირებდა. სრულიად შეუძლებელი იყო პორტალთან გამკლავება, ვინაიდან ხარვეზი იყო ტექნიკური, რაზედაც შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება. ამის გამო, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინირებულთა ნაწილს სხვადასხვა ადგილას მოუწია გადანაწილება მეორე დოზაზე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო რესურსი, ერთ ადგილას აცრილიყვნენ.
_ ანუ დოზების დეფიციტი არ შექმნილა?
_ დეფიციტს ესენი ხელოვნურად ქმნიან. მოგეხსენებათ, მე მაქვს სამედიცინო ჯგუფი სოციალურ ქსელში „გიდმედი“, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მიკავშირდება. მოხდა ისე, რომ ვაქცინირებაზე რეგისტრირებული ჩემი ძიძა გაცივდა, ხოლო ჩემს ნათესავს დაუდასტურდა „კოვიდი“. ვერც ერთი და ვერ მეორე ვერ აიცრებოდა, თუმცა რეგისტრირებულები იყვნენ. დავუკავშირდი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ორი ონკოლოგიურად დაავადებული გოგონასთვის ვთხოვე, რომ გამოთავისუფლებულ ადგილას გაეტარებინათ რეგისტრაციაში. აქედან ერთი თურქეთში მიდიოდა სამკურნალოდ, მეორეს ახალი დასრულებული ჰქონდა ქიმიოთერაპია. ორივე შემთხვევაში კატეგორიული უარი მივიღე! მიპასუხეს, დიდი ბოდიში, ქალბატონო, მაგრამ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დასრულებულია და ვერაფრით დაგეხმარებითო. არადა, რეალურად ეს დოზები არსებობდა და დაიკარგა. ხომ შეგვეძლო გამოგვეყენებინა მათთვის, ვისაც რეალურად სჭირდებოდა?
_ მინდა, ჩემს კითხვას დავუბრუნდე: შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ვაქცინის დეფიციტი, ანუ ვინც აიცრა პირველად, მეორედ ვეღარ მოახერხოს აცრა?
_ საქართველომ მიიღო „სინოფარმის“ 100 000 დოზა და ის გაიყო შუაზე. ვიცოდით, რომ ამ ვაქცინით 100 000 ადამიანი უნდა აცრილიყო, რის შემდეგაც შემოვიდოდა უკვე შემდეგი პარტია. როგორც ჩანს, ჯანდაცვის მესვეურებს არ ჰქონდათ საკუთარი თავის იმედი. აქედან გამომდინარე, 100 000 დოზა შუაზე გაყვეს და 50 000 დოზა არის პირველ აცრილებისთვის შენახული. აქედან გამომდინარე, მეორედ აცრაზე არ უნდა შეექმნათ პრობლემა, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. პირადად ისეთი იმედგაცრუება მივიღე, სრულიად უცხო ადამიანებზე ვიხვეწებოდი, თან ონკოლოგიურ პაციენტებზე და მკაცრი უარი მომახალეს.
_ ვისაც აცრის სურვილი აქვს, დღესდღეობით ვერ აიცრება?
_ ვერა, ვაქცინები აღარ არის. რაც ხდება საქართველოში იმუნიზაციის მიმართულებით, ეს არის წარმოუდგენელი რამ. სამაგიეროდ, აქვთ ერთობ ამბიციური გეგმა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლოების 60% აცრილი ჰყავდეთ, რაც 1 700 000 ადამიანს გულისხმობს. ორი თვე გავიდა ვაქცინირების დაწყებიდან და მხოლოდ 110 000 ადამიანია ვაქცინირებული. 1 700 000 აცრამდე რომ ავიდნენ წლის ბოლომდე, თვეში უნდა აცრან 250 000 ადამიანი.
_ რაც თვეში 500 000 დოზა გამოდის?
_ დიახ. ხვდებით, ალბათ, ეს ფანტასტიკის სფეროა.
_ გამოსავალი რა გესახებათ?
_ ქვეყანამ და მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს კოვიდპანდემიასთან ბრძოლა კომენდანტის საათით და სხვადასხვა სახის შეზღუდვით. ერთხელ და საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს მასობირვი იმუნიზაციის პროგრამა, შემოვიდეს სათანადო რაოდენობის ვაქცინა და გაიშალოს სათანადო საინფორმაციო კამპანია. ვერც კი წარმოიდგენთ, დღეში რა რაოდენობის ადამიანი მირეკავს და მეხვეწება, იქნებ რამენაირად გვიშოვოთ ვაქცინაო.
_ ამირან გამყრელიძემ თავის ბოლო გამოსვლაში მოსახლეობა დაადანაშაულა, _ აცრა არ უნდათო.
_ ჩემს ტელეფონს ამირან გამყრელიძეს ერთი საათით დავუტოვებ და ნახოს, რა რაოდნოების ზარი და შეტყობინება შემომდის. გარდა ამისა, ნამდვილ დევნას აპირებენ იმათთვის, ვისაც არ უნდა აცრა. ფაქტია, რომ არის ასეთი კატეგორია და იმათ აზრსაც უნდა ვცეთ პატივი. თურმე, მათი ბრალია ყველაფერი, 110 000 აცრილი რომ გვყავს. ის, რომ კომენდანტის საათი და შეზღუდვები მოვხსნათ ვაქცინირებული ადამიანებისთვის, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ შეიძლება ადამიანი არ აიცრას: დატვირთული ანამნეზი, ანდა თავად ვაქცინის სახეობა. „ასტრაზენეკას“ მოცდის პერიოდი არის 8-დან 12 კვირამდე. გამოდის, რომ შეზღუდები მოცდის პერიოდში მყოფ, თუმცა აცრილ კონტინგენტზეც ვრცელდება…
_ ახლახანს „პფაიზერმა“ კოვიდის სამკურნალო აბების გამოშვება დააანონსა. ეს არ არის ვაქცინა?
_ არა, ეს არის სამკურნალო მედიკამენტი მათთვის, ვისაც ვირუსი შეეყარა. სხვათა შორის, „პფაიზერმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომ მისი ვაქცინა ძალიან მაღალი პროცენტით იცავს ინდური შტამისგან. იმ ვაქცინებს, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ინდოეთიც ხმარობდა. ძირითადად, „ასტრაზენეკას“ და ინაქტივირებულ ვაქცინას, კოვაქცინის სახელწოდებით. ეს უკანასკნელი ფუნქციურად იგივეა, რაც „სინოფარმი“, ანუ ტრადიციულ მეთოდზე გახლავთ დამზადებული. ამ ორივე ვაქცინამ კარგი შედეგი უჩვენა და რაღაც პროცენტში თავიდან აგვაცილებს ლეტალობასა და დაინტუბირებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა მთავრობამ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი.
_ რუსულ ვაქცინაზე რას გვეტყვით?
_ რუსული ვაქცინა ჯერ არ აღიარა არც ერთმა მკაცრმა მარეგულირებელმა.
_ რნმ ვაქცინებზე ატეხილი აჟიოტაჟი დღესაც აქტუალურია?
_ რნმ-ზე გავრცელდა ინფორმაცია, ვითომ ნააბორტალი მასალისგან კეთდებოდა. სინამდვილეში, 44 წლის წინ მართლა იყო ემბრიონის გამოყენების ტექნიკური ელემენტები, მაგრამ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. რნმ ვაქცინა წლებია გამოიყენება და მასზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ვინაიდან პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტიანი ფორმულაა. ამდენად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რნმ ვაქცინა კეთდება ნააბორტალი მასალისგან, ძირშივე მცდარი მოსაზრებაა. მაგრამ არ გაშალეს საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის აგვეხსნა, რამხელა სარგებელი აქვს ვაქცინირებას და რა მინიმალური რისკი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს: საინფორმაციო კამპანიისგან თავი შეიკავეს იმიტომ, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობით შემოტანის იმედი არ ჰქონდათ. ამას, რაც დღეს ხდება, ერთი სახელი აქვს: ჩვენს ქვეყანაში ვაქცინიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს.
_ თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ სამომავლოდ გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი _ სამედიცინო მიმართულებით ყველანაირად შევეცადო ხალხის დახმარება. თავად ექიმების ოჯახიდან ვარ და სამედიცინო დახმარება ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა ჩემთვის.
თამარ როსტიაშვილი