- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-20 09:38:19
მიხეილ რამიშვილი: „ოპოზიციამ იმედი გამიცრუა!“
რამდენიმე დღეში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის ინტერესების დამცველმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც რამიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგი აღნიშნულ საქმეს წარმოებაში მიიღებს, ევროპული სასამართლო ქართულ მხარეს, ანუ ხელისუფლებას, არაერთ კითხვას დაუსვამს და საზოგადოებაც ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრ რამეს გაიგებს.
სხვათა შორის, სტრასბურგში გაგზავნილ ბაჩალიაშვილის საქმეში მიხეილ რამიშვილის პირადი სივრცის დარღვევაზეცაა საუბარი, ანუ, რეალურად, ეს ე. წ. ქვესაქმეა, რომლის შესახებაც ევროსასამართლო, ალბათ, ვერდიქტს, გამოიტანს.
შეგახსენებთ: 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, გასული წლის 22 ივლისს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახმა მაშინ პოლიცია უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ მუშაობაში დაადანაშაულა. ოჯახი გოგონას თვითმკვლელობას თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდა და მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდა.
2020 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა ახალგაზრდა პროგრამისტის თვითმკვლელობა და განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ „დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია“, ანუ პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების, მტკიცებულებების საერთო ანალიზისა და გარდაცვლილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით დაიღუპა.
„საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით უარყოფილ იქნა ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ“, _ განმარტა საგამოძიებო უწყებამ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მიხეილ რამიშვილი აპირებს, რომ წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ანუ თბილისის მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი.
სჯერა თუ არა გამარჯვების და, საერთოდ, რატომ გაუცრუა ოპოზიციამ იმედი? – „ქრონიკა+“ მიხეილ რამიშვილის ინტერვიუს გთავაზობთ:
_ მიშიკო, ვიდრე პოლიტიკაზე გადავალთ, მითხარი, ადვოკატებს დეკანოზ მამალაძესთან რატომ არ გიშვებენ?
_ სიმართლე გითხრათ, დეკანოზთან შესვლა არ მიცდია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ჩემთვისაც იგივე პრობლემები შეექმნათ, რაც გიორგი ფანცულაიას შეუქმნეს.
_ ისე, მეჩვენება, რომ „ციანიდის საქმეს“ ჩამოსცილდი…
_ არ ჩამოვცილებულვარ, უბრალოდ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ვარ ჩართული. სხვათა შორის, ე. წ. ციანიდის საქმე სტრასბურგშია გადაგზავნილი…
_ სტრასბურგმა ეს საქმე უკვე წარმოებაში მიიღო?
_ ამის საქმის კურსში უფრო დეტალურად გიორგი ფანცულაია და დავით ჯანდიერი არიან.
_ სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინათ განაცხადე, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოწმის სახით გამოჩნდა, აშინებდნენ…
_ დიახ, ეს გოგონა ცოტა გაურკვეველი სუბიექტი იყო.
_ „ცოტა გაურკვეველი სუბიექტი“ რას ნიშნავს?
_ გაურკვეველი ნიშნით იყო შემოგდებული და ყველაფერ ამას სხვა მიზანი ჰქონდა.
_ რა მიზანი?
_ ბაჩალიაშვილის საქმე უახლოეს დღეებში სტრასბურგში გადაიგზავნება და საზოგადოება არაერთი საჩვრის შესახებ შეიტყობს.
_ ანუ?
_ ეს საჩივრები დაკავშირებულია ჩემს პირად სივრცეში შემოჭრასთან, ბაჩალიაშვილის საქმიდან რომ ჩამოვეშორებინეთ. ყველაფერ ამის ორგანიზატორი ის ადამიანი იყო, რომელმაც სატელიტის გაყალბებული სურათები მოგვაწოდა.
_ ფურცხვანიძეზე საუბრობ?
_ დიახ, დიახ, ფურცხვანიძის ეპიზოდით ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრნენ _ მობილური ტელეფონი ჩამომართვეს და ყველაფერ ამაზე სახელმწიფოს პასუხის გაცემა მოუწევს.
_ მიშიკო, სტრასბურგში შენი პირადი სივრცის დარღვევისა და ბაჩალიაშვილის საქმეები ცალ-ცალკე იგზავნება?
_ ეს ორივე საქმე თითქმის ერთია და გაერთიანდება.
_ მიშიკო, რასაც ახლა გკითხავ, ცუდად არ გაიგო, ანუ ბაჩალიაშვილის საქმეში, როგორც ირკვევა, რამდენიმე პროვოკაცია მოგიწყვეს. ჰოდა, იქნებ, უფრო ფრთხილი და დაკვირვებული უნდა ყოფილიყავი, რომ თუნდაც იგივე ფურცხვანიძის ჩანაფიქრი თავიდანვე გაგეშიფრა?
_ ზუსტად იმიტომ, რომ დაკვირვებული ვიყავი და დიდი სიფრთხილე გამოვიჩინე, მაგათ თავიანთი არაპროფესიონალიზმი, დანაშაულებრივი ქმედებები და ისიც გამოაჩინეს, რომ ყველაფერი მობილიზებული იყო! აქედან გამომდინარე გამოაშკარავდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია!
_ თავის დროზე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა და ამ კუთხით ოპოზიციური სპექტრიც აქტიურობდა. მესმის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა დღის წესრიგი შეცვალა, მაგრამ ხომ არ გეჩვენება, რომ იგივე ოპოზიციამ ბაჩალიშვილის საქმე და, შესაბამისად, შენც, როგორც ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის ინტერესების დამცველი, უბრალოდ, „დაგიკიდა“ და სისტემასთან ბრძოლაში მარტო დაგტოვა?
_ სიმართლისთვის ბრძოლაში ყოველთვის მარტო ვართ და მარტო ვიქნებით!
_ რატომ?
_ რასაც ვუყურებ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მხოლოდ პირადი და შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესიც აქვს.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ ადამიანს უნდა, რომ სამართლიანობას მიაღწიოს, მარტო ერთი მოქმედებით შედეგს ვერ დადებს. მთავარია, ბრძოლა ბოლომდე მიიყვანო.
_ გეთანხმები, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა ერთჯერადი აქტი არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების თუნდაც გარკვეულ ნაწილზე კი არა, პოლიტიკურ ელიტაზე გეკითხები, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეზე თავიდან ძალიან აქტიურობდა, ახლა კი დუმს…
_ მიზანი ჰქონდა.
_ კერძოდ?
_ იცი, სასწაული რა არის?
_ რა?
_ ოქტომბრის არჩევნები მოდის.
_ მერე?
_ ხომ გითხარი, რომ რამდენიმე დღეში ბაჩალიაშვილის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება და იქიდან სახელმწიფოს მისამართით შეკითხვები რომ წამოვა, ესეც დამთხვევა იქნება.
_ ანუ?
_ ისევ გადმოგვაბრალებენ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ თითქოს რაღაც ინტერესი გვაქვს.
მოკლედ, დამთხვევები ხდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვინ როგორ გამოიყენებს და ხმას როგორ ამოიღებს, გამოჩნდება, ვის რა ინტერესი აქვს!
_ ჰოდა, მიშიკო, მაგას გეკითხები _ ოპოზიციას, რომელიც ახლა დუმს, შენ, როგორც ოჯახის ადვოკატი, საშუალებას მისცემ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე სტრასბურგის კითხვები პოლიტიკურ ასპექტში გამოიყენოს?
_ მე, როგორც ადვოკატი, საშუალებას არავის მივცემ, რომ ეს საქმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს! ეს საერთო ინტერესია და გამოყენებადი მაშინ იქნება, თუ სამართლიანობა აღდგება და ყველა თავის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე პასუხს მიიღებს!
თამარის მშობლები მე შემომყურებენ და მეკითხებიან, რა გველის და სამართლოანობა აღდგება თუ არა. თუ ვიღაცამ მოინდომა და ამის ნიადაგზე ქულები დაიწერა ან თავისი შედეგისთვის იბრძოლა, იყვირა და მერე გაჩუმდა, ასე არ გამოვა!
_ მიშიკო, რა ამის პასუხია და, შენ, როგორც სამოქალაქო აქტივისტსა და ამ ქვეყნის მოქალაქეს, ოპოზიციამ იმედი გაგიცრუა?
_ რა თქმა უნდა!
_ ეს იმედგაცრუება დამისაბუთე…
_ ვანო, იცი, როგორი მომენტია? _ როცა ოპოზიციონერის მანტია გაქვს, ოპოზიციონერად მხოლოდ პოლიტიკურად კი არ უნდა აღიქმებოდე, არამედ, პრინციპებიც უნდა გქონდეს და ხელისუფლებისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედებებითაც უნდა გამოირჩეოდე.
_ რას გულისხმობ?
_ ნაბიჯებს ძალიან ჭკვიანურად უნდა დგამდე, მაგრამ შენი ოპოზიციონერობა შედეგის მომტანი არაა და მხოლოდ ცარიელი სიტყვების არეალი რჩება. აი, მაგალითად, გამოდიან და ხისტად აცხადებენ, აი, ამას გავაკეთებთ, იმის იქით ნაბიჯს არ გადავდგამთ, უკან არ დავიხევთ და ჩვენ ერთიანი ხედვა და პოზიცია გვაქვსო, მაგრამ ამ დროს ოპოზიციას ერთიანობა არ აქვს და ერთმანეთში რაღაც გაურკვეველ ქმედებებს ახორციელებს. ასეთი რამ არ შეიძლება, რადგან მხოლოდ სიტყვიერი ოპოზიციონერები ხდებიან. არადა, ოპოზიციონერობა ქმედებებს ნიშნავს!
ყველაფერს თავი დავანებოთ და შარლ მიშელის დოკუმენტზე ვისაუბროთ.
_ რა პრობლემაა, ვისაუბროთ…
_ ბოლომდე არ ჰქონდათ გააზრებული, ხელს რას აწერდნენ. გავარდნენ, ხელი მოაწერეს და მერე გააანალიზეს, რა ხდებოდა იგივე ამნისტიასთან დაკავშირებით. ამნისტიის ყველა ფრაზას აზრობრივი და შინაარსობრივი გაანალიზება სჭირდება. არ შეიძლება, მხოლოდ შენი პოზიციიდან იმოქმედო. ისიც უნდა განსაზღვრო, მეორე მხარე რა ნაბიჯებს გადადგამს…
_ დღევანდელი მოცემულობით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“ და ასევე ლეიბორისტული პარტია. შენი აზრით, ოპოზიციის ერთიანობა ვინ დაშალა, ანუ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხომ არ ვხედავთ?
_ შიდა სამზარეულო არ ვიცი და ვერ ვიტყვი, ოპოზიციის ერთიანობა ვინ დაშალა, მაგრამ ყველაფერი მაშინ იშლება, როცა იწყება.
_ ეს როგორ?
_ თავიდანვე ზუსტად უნდა იცოდე, ვისთან ერთად რას იწყებ და რას აკეთებ.
მოკლედ, კადრები იწყებს, კადრები იგებს და კადრები აგებს. ამიტომ უნდა იცოდე, ოპოზიციაში ვისთან ერთად ხარ და ის ოპოზიციონერია თუ არა. მხოლოდ ოპოზიციონერის სახელი საკმარისი არაა, „ტიპაჟს“ უნდა იცნობდე და მისი პრინციპებიც იცოდე.
ისე, ამომრჩეველიც, როცა რომელიმე პარტიას ხმას აძლევს, მხოლოდ ლიდერებზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ მთელი პარტიული სია უნდა წაიკითხოს და გაიგოს, მომავალი დეპუტატები ვინ არიან.
დიახ, ხალხმა ყველა უნდა შეისწავლოს და გაიგოს, პარტიის, მაგალითად, მეათე ან ორმოცდამეათე ნომერი ვინ არის. შეიძლება, ისეთ ადამიანს წააწყდე, რომელმაც პოლიტიკა კი არა, ანბანიც არ იცის.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პარლამენტში პარტია კი არ შედის, რომელიც სახელმწიფოს მართავს, არამედ პარლამენტში გარკვეული პიროვნებები შედიან, რომლებიც ქვეყნის მართვას პირადი ინტერესებით ცდილობენ.
ეს აღარც პარტიაა, აღარც _ პოლიტიკა და აღარც _ ქვეყანა! ჩვენი უბედურებაც სწორედ ეს არის!
_ ისე, შენი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ლეიბორისტული პარტია და „კანონი და სამართალი“ პრინციპულად იქცევიან, პარლამენტში რომ არ შედიან?
_ ამ პარტიებს თავიდანვე მოთხოვნები ჰქონდათ…
პრინციპულობა რეალური იმ თვალსაზრისით უნდა იყოს, რომ შეთანხმების დასრულების შემდეგ რაღაც კონსენსუსი იყოს მიღწეული, მაგრამ არა ძალადობით ან იძულებით!
ერთი სიტყვით, ამ პარტიებს საკუთარი პრინციპები აქვთ. ეს პრინციპები რამდენად რეალურია, სხვა საკითხია, თუმცა იგივე პარლამენტში შესვლით ერთადერთი, ვინც უნდა მოიგოს, ეს ქვეყანა და მისი კეთილდღეობაა!
ვანო, ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებ და ჩემს კანდიდატურას დავაყენებ.
_ თბილისის მერის არჩევნებს გულისხმობ?
_ დიახ.
_ საინტერესო გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პოლიტიკურ გრანდებთან მოგიწევს შერკინება, ანუ შენი კონკურენტები, სავარაუდოდ, ნიკა მელია, კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსებიც იქნებიან…
_ კი ბატონო, ვინც უნდა, ის იყოს კონკურენტი, მაგრამ არჩევნებში ყველაზე დიდი ძალა ხალხია!
_ ცხადია, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარდა, არჩევნების მოსაგებად, მინიმუმ, ფულიც საჭიროა…
_ მესმის… „მთავარია, გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული“.
_ სამწუხაროდ, ასეა…
_ ჯერ ერთი, ფული შრომითაც მოდის. მეორეც, არიან გარკვეული ადამიანები და ჯგუფები თუ მხარდამჭერები, რომელთაც თავიანთი ღირებულებები აქვთ და ყველაფერს სავაჭროდ არასოდეს აქცევენ!
ფული მხოლოდ იმისთვის არ არსებობს, რომ იყიდო, გაყიდო და ივაჭრო. ფულით აშენებაც შეიძლება და დანგრევაც!
მოკლედ, ვნახოთ, ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო…
_ ბუნებრივია, ცდას წინ არაფერი უდგას, მაგრამ თუ იგივე ბაჩალიაშვილის საქმეს გავიხსენებთ, ხელისუფლებისთვის და, ალბათ, მთელი პოლიტიკური სპექტრისთვისაც ერთგვარად საშიში „ტიპი“ ხარ. შესაბამისად, როგორც მერობის კანდიდატი, შესაძლოა, ახალი თავდასხმების ობიექტი გახდე. ამისთვის მზად ხარ, მიშიკო?
_ კი ბატონო, მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, ან რისი უნდა მეშინოდეს? ცუდი რატომ არის, რომ მერობაზე კენჭი ვიყარო?
_ მერობაზე კენჭისყრაში ცუდი, ცხადია, არაფერია, მაგრამ იმას გეუბნები, რომ შენს ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ინტრიგები მოჰყვეს.
_ მაგის არ მეშინია!
არ შემიძლია, ყველაფერ იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მშვიდად ვუყრო! უკვე ნახევარი საუკუნე ვიცხოვრე და მინდა, ჩემი შვილები და შვილიშვილები ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, რომ შიშისა და ნეპოტიზმის ქვეშ არ იყვნენ, აი, იმის ბიძაშვილი ვარ და მინისტრობა ან დეპუტატობა მინდაო.
ასეთი ქვეყანა არ მინდა! ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც ყველა თავის ადგილას იქნება _ მეპურე პურს გამოაცხობს, მუსიკოსი მუსიკას შექმნის და ნიჭიერი ინიჭიერებს!
მოკლედ, ასეთი დაქცეული ქვეყანა არ მინდა! ქვეყანა რომ აშენდეს, ამას მხოლოდ ლაპარაკი კი არა, ქმედებაც უნდა!
_ მიშიკო, რა ამის პასუხია და, სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამართლმა პური რამდენიმე წლის შემდეგ ჭამა. ბაჩალიაშვილის საქმეც, მგონი, აქეთკენ მიდის, ანუ გაქვს იმედი, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების რეალურ მიზეზს ხელისუფლებიდან „ოცნების“ წასვლის მერე მაინც გავიგებთ?
_ შეიძლება, დიდი დრო გავიდეს, მაგრამ არ არსებობს, რომ რამე საიდუმლოდ დარჩეს! დამოკლეს მახვილი თავის, ასე ვთქვათ, ჭრას ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებს, სამართალი თავის ფაზლს იპოვის და ყველას დაანახებს, სინამდვილეში რა მოხდა!
თამარ ბაჩალიაშვილს თავი მართლა რომ მოეკლა, სახელმწიფო არ განახორციელებდა იმ ქმედებებს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ვიხილეთ! ეს ბავშვი გაწირეს და მოკლეს!
ვანო პავლიაშვილი