- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-20 09:06:33
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, მიიჩნევს, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლამ ერთგვარი აბანოს როლი შეასრულა, სადაც გამოჩნდა ვინ თეთრია და ვინ _ შავი. გუგავას აზრით, ახლა ამომრჩეველს გაცილებით მარტივად შეუძლია ცუდისა და კარგის გარჩევა. მისი თქმით, როცა მონსტრს ებრძვი, იქ იდეით უნდა იბრძოლო და ვაჭრები გვერდით არ უნდა დაიყენო. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კარგად ივაჭრა.
რა დავალებებს იღებდა ელისაშვილი ხელისუფლებისგან? რა შეცდომებს უშვებს ამომრჩეველი? რატომ არ შეიძლება ბანკირებისა და ვაჭრების გაკარება პოლიტიკასთან? მიიღებენ თუ არა ლეიბორისტები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გუგავა ესაუბრება:
_ გიორგი, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ საზეიმოდ გვაუწყა: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მორჩა და ახლა საკანონმდებლო ორგანოში უნდა ვათუხთუხოთ პროცესებიო. თქვენ ელოდებით თუხთუხს პარლამენტში?
_ ათუხთუხებული მე ლობიოს ქოთანი ვიცი და თუ ამ როლში ყოფნა უნდათ, ეს მათი ნებაა _ იყვნენ. არიან კიდევაც ათუხთუხებული ლობიოს როლში. არანაირი კრიზისი არ დასრულებულა პარლამენტში ოპოზიციის შესვლით. ეს იყო ამომრჩევლის ღალატი. იმ ამომრჩევლის ღალატი, რომელმაც არჩევნებზე იბრძოლა. ზეწოლის, შანტაჟისა და მოსყიდვის მიუხედავად, ხალხმა ოპოზიციას მისცა ხმა. მე სიტყვა ბრძოლა შემთხვევით არ მიხსენებია. არჩევნების წინ სუსი თითქმის ყველა ოჯახში შევიდა და ადამიანების აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ფულს სთავაზობდნენ. ხალხმა ყველაფერს გაუძლო და ოლიგარქიაზე გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ფაქტობრივად, ეშმაკთან გააფორმა კონტრაქტი და გამარჯვება გაყიდა. მათ გაყიდეს საკუთარი ამომრჩეველი და ქვეყნის მომავალი სასწორზე დადეს. მათი წყალობით დარჩა „ოცნება“ ხელისუფლებაში.
_ ოპოზიციას ამ დოკუმენტზე ხელი რომ არ მოეწერა და პარლამენტში არ შესულიყო, „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა? ეს რანაირად?
- ოპოზიციის ნაწილი რომ არ გაყიდულიყო და კიდევ მაქსიმუმ ერთი თვე გაგრძელებულიყო ბოიკოტი, ჩვენ უკვე გვეცოდინებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ეს ქვეყანა არის ქარვასლა, გნებავთ, დუქანი, სადაც უნდა გამოივაჭროს საკუთარი კეთილდღეობა. ერთ ცხოველს პიტნა რომ არ უყვარს და ძალით ტენიან ხოლმე ცხვირში, ხომ იცით? ახლა ასე პიტნასავით გვტენიან თავიანთ ღალატს, როგორც გამარჯვებას. ეს ის ხალხია, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ხმამაღლა გაჰყვიროდა, ეს არჩევნები გაყალბდა და გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში ჩვენი ფეხი არ იქნებაო.
_ მარტო კი არ გაჰყვიროდნენ, თავიანთი პოზიცია ხელმოწერითაც დაადასტურეს.
_ მაგრამ არც ამან შეუშალა ხელი ღალატში. 19 აპრილს ოპოზიციამ რიყეზე გამართა შეკრება, სადაც 15 მაისს რუსთაველზე დიდი აქციის ჩატარება დაანონსდა. იმ აქციაზე ლიდერების ნაწილი სიტყვითაც გამოვიდა. გულზე მჯიღს იცემდნენ, ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ და იმავე საღამოს ფრანგ პენსიონერ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში გაიქცნენ და ღალატის დოკუმენტს მოაწერს ხელი.
ეს ქვეყანა რისი მომსწრე აღარ არის, რამდენი ომი, უნამუსობა და უბედურება უნახავს, მაგრამ ასეთი ორპირობა და ღალატი არ ახსოვს. შეიძლება, ადრე იყო მსგავსი, მაგრამ მე ასეთი არაფერი მინახავს და არც გამიგია. ოპოზიციამ ქვეყნის მომავალი საკუთარ კეთილდღეობას ანაცვალა.
ჩვენი ისტორია იცნობს ილია ჭავჭავაძის მკვლელ ბერბიჭაშვილს, რომელიც თავისი საქციელით ამაყობდა. ლაღად დაიარებოდა და ტრაბახობდა, ილიას მკვლელი ვარო. ილიას მკვლელობა ქვეყნის ღალატია, მაგრამ ამ ადამიანს ღალატი ეამაყებოდა. ბევრი მოღალატე გვყოლიია, მაგრამ ღალატით არავის უტრაბახია. ბერბიჭაშვილის შემდეგ ასეთი მეორე არის ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჩადენილი ღალატით ამაყობს. ეს ვაჟბატონი ყოველთვის ხელისუფლების ნომრიანი აგენტი იყო, მათ შორის, წინა ხელისუფლების.
ჩვენს ხალხს შესაძლოა, პატარა მეხსიერება აქვს, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ დააჭერინა მან ახალგაზრდები აქუბარდიას ტელევიზიაში. მაშინ ელისაშვილს ტელეკომპანია „კავკასიაზე“ გადაცემა მიჰყავდა. მის მიერ მიცემული ჩვენებებიც კარგად მახსოვს _ როგორ აუგორა ამ ვაჟბატონმა ეკა ბესელიას შავი პიარი. ეს ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ დავალებით გააკეთა.
_ რომელ ბინძურ პიარზე საუბრობთ, პატიმრების შეწყალებას მთხოვდაო, რომ ამბობდა?
_ მაგაზე მოგახსენებთ. მთელი ამბავი ატეხა, _ ბესელია მესიჯებს მწერდა ესა და ეს შეიწყალეთო.
_ მერე ეს მესიჯები, რატომღაც, მის ტელეფონში ვერ იპოვეს.
_ რაც გაგზავნილი არ ყოფილა, იმას როგორ აღმოაჩენდნენ?!
_ ეს იმით ახსნა, წავშალე მესიჯებიო.
_ ელისაშვილი ის კაცი არ არის, ასეთი მესიჯები წაეშალა. მას დავალებული ჰქონდა, ბესელიას წინააღმდეგ შავი პიარი აეგორებინა და ეს დავალება შეასრულა. სამარცხვინოდ მოიქცა თვითმმართველობის არჩევნების დროს. იცით, ვინ აფინანსებდა? ზურაბ ალავიძე იყო მისი სპონსორი.
_ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეზე ამბობთ?
_ მაგ კორუმპირებულზე მოგახსენებთ. ეს კაცი აშენებდა ჰესებს დარიალის ხეობაში. მერე დანიშნეს მინისტრად. ეს ალავიძე აფინანსებდა ელისაშვილს. პარტიაში ჩაუსვა ლევან იოსელიანი. იოსელიანის ძმა ჰესების მშენებლობაში ალავიძესთან ერთად იყო. ეს ცხრაპირა ალეკო ელისაშვილი ახლა პარლამენტში შესვლით და ხალხის ღალატით ტრაბახობს.
_ რაკი ელისაშვილის „მიღწევებზე“ ვსაუბრობთ, არც ის დავივიწყოთ, რომ 2017 წელს მან პირველმა მიულოცა თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამარჯვება. ეს ის არჩევნებია შალვა ნათელაშვილი რომ დაგვპირდა, გუგავა მოვაო.
_ გუგავა რომ მოსულიყო, კარგი იქნებოდა. ის არავითარ შემთხვევაში არ უღალატებდა თავის ქვეყანას და ამომრჩეველს. არ უღალატებდა ისევე, როგორც არ უღალატა ამ ქვეყანას ლეიბორისტულმა პარტიამ.
_ ჩვენ ახლა ელისაშვილს ვგმობთ, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ალეკო აღმოჩნდა.
_ დღეს საქართველოში არის ორი გზა: ერთია გზაა შალვა ნათელაშვილის და მეორე _ ალეკო ელისაშვილის. შალვას გზა არის პრინციპულობის გზა, ხოლო ალეკოს გზა არის ღალატის. ოპოზიცია ადგა და ალეკოს გზას დაადგა. თავში ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ ოპოზიციას კიდევ ერთი თვეც რომ გაეძლო, ახლა უკვე დანიშნული იქნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტში ახლა სხედან „ქოცები“ და კოლექტიური ალეკოები.
_ „კოლექტიური ალეკოები“ ეძახეთ, მაგრამ პარლამენტზე ვეღარ ვიტყვით, რომ ერთპარტიულია.
_ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ პარლამენტი არის მრავალპარტიული. პარლამენტი მრავალპარტიული კი არ არის, „ოცნება“ გახდა პარლამენტში მრავალფეროვანი. „ოცნებაა“ ალეკოს „მოქალაქეები“, „ოცნებაა“ „გირჩები“, „ოცნებაა“ ბანკირები, „ოცნებაა“ ჩხარტიშვილი.
_ ვინ ჩხარტიშვილი?
_ ვინ და „სტრატეგია ვანო ჩხარტიშვილი“, ურცხვად რომ დაირქვეს „სტრატეგია აღმაშენებელი“. ამ წმინდა მეფეს თავი დაანებონ და ვისი სტრატეგიაც არიან, იმის სახელი დაირქვან.
_ ოპოზიციის მოლაპარაკებები თქვენი პარტიის ოფისში მიმდინარეობდა. ამ მოლაპარაკებებს თქვენც ესწრებოდით და ბევრი კულუარული ამბავი გეცოდინებათ. თქვენ საჯაროდ არ გამოგიტანიათ ეს ცნობა, მაგრამ ჩვენ შევიტყვეთ, რომ „ლელო“ დაჟინებით ითხოვდა, მოლაპარაკებების პროცესი მათ ოფისში გაგრძელებულიყო. ამას აშკარად ასდიოდა ღალატის სუნი? თქვენ ვერაფერს გრძნობდით?
_ როგორ ვერ ვგრძნობდით. რაღაცები უკვე აშკარა ხდებოდა. შეხვედრების „ლელოს“ ოფისში გადატანა იმისთვის სურდათ, რომ რაღაც გარიგებებზე წასულიყვნენ ხელისუფლებასთან. რაღა დაგიმალოთ და თავიდანვე ვიცოდით, რომ ოპოზიციურ ერთობას რამდენიმე პარტია უღალატებდა. ეს იმდენად თვალში საცემი იყო, რომ ამას ყველა ხვდებოდა.
_ თუ ხვდებოდით, რომ ღალატი მოხდებოდა, რატომ ასწრებდით ამ ხალხს ოპოზიციურ თავყრილობებზე?
_ იმედი გვქონდა, რომ მათ შევაჩერებდით. ერთხელ შალვამ თქვა, ესენი ხელით გვეჭირაო და მართლაც ასე იყო. დანიელსონთან გამართული მოლაპარაკებები ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ჯერ კიდევ მაშინ იყო დაგეგმილი ღალატის დოკუმენტზე ხელის მოწერა, მაგრამ შალვამ თავისი პროტესტით ეს ჩაშალა. იმედი ჰქონდა, რომ იქნებ, კიდევ ცოტა ხანი გავაძლებინოთ და პარლამენტში არ შევიდნენო.
ღალატის სუნი თავიდანვე ტრიალებდა და გააკეთეს კიდევაც, რაც უნდოდათ. გამოივაჭრეს საკუთარი კეთილდღეობა. ამიტომ არ შეიძლება, ჩემო კარგებო, ოლიგარქების, ბანკირებისა და ვაჭრების მიშვება პოლიტიკასთან. მათთვის პოლიტიკა არის ჩვეულებრივი საშოვარი. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქორვაჭარი და სოვდაგარი. ამათ უყურებს როგორც ვაჭრუკანებს და ევაჭრა კიდევაც. როცა იდეას ემსახურები, მაშინ იქ ფულიანი ტომრები არ უნდა დააყენო. ამ ბრძოლაში სხვანაირი ხალხია საჭირო. ჩვენ ფულით ივანიშვილს ვერასდროს ვაჯობებთ. ამ ფულს დაამატეთ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელიც მას მიტაცებული აქვს. მას მხოლოდ იდეით და უღალატობით შეიძლება აჯობო.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ ისეთ მონსტრს აჯობა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. მათ იმიტომ გაიმარჯვეს, რომ იბრძოლეს და უარი თქვეს გარიგებაზე. მონსტრთან გამარჯვება თუ გინდა, იდეით უნდა იბრძოლო. ეს ამომრჩეველსაც ეხება.
_ ამომრჩეველს რაღას საყვედურობთ? ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ოპოზიციას მისცა ხმა.
_ მერე ხომ უნდა გაარჩიონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ _ არა? აშკარად ჩანს, ვინაა ნაღდი და ვინ _ ყალბი.
_ თქვენ, ალბათ, ლეიბორისტებს მიიჩნევთ ნაღდ ოპოზიციად?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ვთქვით, არ შევალთ გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტშიო და არც შევედით. დანარჩენმა ხომ ნახეთ, რაც ქნა? _ პირველსავე მოსახვევში მიატოვა ხალხი. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლებზე გაცვალეს ყველაფერი. ეს დიდი გამარჯვება ჩააფლავეს. ქვეყანასაც უღალატეს და _ ხალხსაც. ამის გამო ვსაყვედურობ ამომრჩეველს, თორემ კარგად ვიცი, რამხელა ზეწოლას გაუძლო. კარგია, შანტაჟს რომ არ აჰყვნენ, მაგრამ რით ვერ ისწავლეს ნაღდი და ყალბი ოპოზიციის ერთმანეთისგან გარჩევა? ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი და გაუგებარიაა, რატომ უნდა მოუნდეს ჩვენს ამომრჩველს „გირჩისთვის“ ხმის მიცემა?
_ რატომ არის ეს წარმოუდგენელი?
_ პირველ რიგში, მათი იდეოლოგიის გამო. ისინი არ მალავენ, რომ სურთ საქართველო ნარკოტიკების მწარმოებელ ქვეყნად იქცეს. „გირჩები“ არიან ის ადამიანები, რომლებიც პედოფილიას ამართლებენ; „გირჩში“ ის ხალხია, რომლებმაც წინაპრების სისხლით გაჯერებულ მიწაზე შარვლები ჩაიხადეს და მტერს უკანალები მიუშვირეს. ასეთ ხალხს ხმას რომ აძლევ, ხომ უნდა დაფიქრდე? არ ვიცი, რა მოეწონათ ამ პარტიის, მაგრამ ხმა მისცეს. იმათ კიდევ პირველივე შესაძლებლობაზე უღალატეს ამომრჩეველს.
ან ბანკირების პარტიის სასარგებლოდ რომ აკეთებენ არჩევანს, რატომ ჰგონიათ, რომ ისინი რაიმე სარგებელს მოიტანენ? ამათ მხოლოდ წაგლეჯა იციან. მთელი ქვეყანა ჰყავთ გაძარცული. მთელი ქვეყანა ბანკების ვალის ქვეშაა. ამ პანდემიის დროს მთელი ქვეყანა ჩამოიშალა. ეკონომიკა აღარ არსებობს. ამ დროს ბანკებმა ძალიან დიდი მოგება ნახეს. ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან.
_ თქვენ ხალხს საყვედურობთ, _ „გირჩებსა“ და ბანკირებს როგორ მიეცით ხმაო?! მაშინ მეც გკითხავთ, _ „გირჩები“ და ბანკირები ასეთი ცუდები თუ არიან, თქვენს ოფისში რატომ შემოუშვით?
_ ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ საჭირო იყო ოპოზიციის ერთიანობა. ამ ერთობისთვის ყველა რაღაც დათმობაზე მივდიოდით. ივანიშვილის წაქცევა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შეგვეძლო. ამას ყველა აცნობიერებდა. ძალიანაც არ გვიხაროდა მათი დანახვა ჩვენს ოფისში, მაგრამ ხმას არ ვიღებდით, რადგან ასე სჭირდებოდა საქმეს. თავიდანვე რომ ღიად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, მაშინ ერთობის ჩაშლას დაგვაბრალებდნენ. იტყოდნენ, წარმატების მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ თქვენ ჩაშალეთ ოპოზიციური ერთობაო. დიდი იმედი გვქონდა, რომ საკუთარ თავს აჯობებდნენ და არ გაიყიდებოდნენ. ამათ რომ არ ეღალატათ, რეჟიმი, პრაქტიკულად, უკვე დამთავრებული იყო.
_ ახლა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თუ გაქვთ კიდევ კონსულტაციები?
_ მოღალატეებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს. მათთან როგორ დავსხდებით? ან რა აზრი აქვს მათთან საუბარს?
_ იმათ მაინც თუ ელაპარაკებით, ვინც ისედაც პარლამენტს მიღმა იყო დარჩენილი?
_ ჯერ არანაირი კონსულტაციები არ მიდის. დროთა განმავლობაში ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მხოლოდ იმათთან დავილაპარაკებთ, ვინც საკუთარი სიტყვის ერთგული იქნება. ამათ წარმოუდგენელი რამ გააკეთეს, სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით სამოქმედო გეგმაზე. ისე გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა, რომ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს. ერთი სიტყვითაც არ გვითხრეს, რომ დოკუმენტზე ხელს აწერენ და შესვლა გადაწყვეტილი ჰქონდათ. ამას არც კოლეგიალობა ჰქვია და არც ადამიანობა. ეს არის კლასიკური ღალატი. შევეშვათ ენის მოჩლექით საუბარს და კონსტრუქციულობას. ვინც პარლამენტში შევიდა ისინი არიან ბიძინას ნავში, ანუ „ქართულ ოცნებაში“. ოპოზიცია არის ის, ვინც არ უღალატა ხალხს და საკუთარ სიტყვას.
_ წინ თვითმმართველობის არჩევნებია. აპირებს ლეიბორისტული პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას?
_ არ ვიცი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთი რამე ვიცით კარგად, რომ თუ ოლიგარქიული ფეოდალიზმი არ მოვსპეთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ყველა შანსს გამოვიყენებთ ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოსაშორებლად. არჩევნები მოგვცემს ამ შესაძლებლობას, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ქუჩაში გასვლა და აქციების გამართვა იქნება საჭირო? _ ქუჩაში გავალთ. ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება გადაარჩენს ამ ქვეყანას. სხვა შემთხვევაში ამ სახელმწიფოს დაშლა ემუქრება.
_ თქვენ რამდენჯერმე თქვით, ოპოზიციას ცოტა რომ გაეძლო, ვადამდელი არჩევნების თარიღი გვეცოდინებოდაო. ოპოზიცია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გვეცოდინება ვადამდელის თარიღი. სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, რაც ვადამდელის დანიშვნას გამოიწვევს.
_ ეს პირობა დემოკრატიისა და მათემატიკის უმთავრესს პრინციპებს ეწინააღმდეგება. დემოკრატია გვეუბნება, უმრავლესობა წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ _ ოპოზიციაში. უმრავლესობის გადასაწყვეტია, რა კურსს აირჩევს ქვეყანა. როდის მერე გახდა 43 57-ზე მეტი, იქნებ, ვინმემ ამიხსნას? „ქოცებმა“ რამე ახალი მათემატიკა შემოიღეს? ან თვითმმართველობის არჩევნები რა კავშირშია საპარლამენტოსთან? თავისი შინაარსით თვითმმართველობა სულ სხვა ტიპის არჩევნებია, ეს განსხვავება განსაკუთრებით რეგიონებში იჩენს ხომე თავს. იქ კაცი შეიძლება ოპოზიციურად იყოს განწყობილი, მაგრამ „ოცნების“ სიაში იქნება მისი ნათესავი და მისი ხათრით მმართველ პარტიას მისცემს ხმას. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ნათესავია.
ხელისუფლებამ და მასთან გარიგებულმა ოპოზიციამ ხალხს არჩევანის უფლებაც კი წაართვეს. რა 43%? პლებისციტზე მაინც შეთანხმებულიყვნენ. პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო, სადაც 50+1 ხმით გადაწყდებოდა, ხალხს ახალი არჩევნები სურს, თუ ამ ბედოვლათების მმართველობას ეგუება?
ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს და ამას გამარჯვებად ასაღებენ. ასეთი უტიფრობა სადმე გინახავთ? „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადება მთლად ცინიზმის მწვერვალი იყო. კაცი გამოვიდა და გვახარა, ჩვენი წარმომადგენელი დაინიშნა საარჩევნო კომისიაშიო. „ლელოს“ ცესკოში თავისი წარმომადგენელი ეყოლება _ განათდა ქვეყანა, იხარე მუშავ წამებულო!
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ?
_ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიმედოდ უნდა ვიყოთ.
_ პირადად თქვენ რისი იმედი გაქვთ?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა ბოლოს მაინც ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი უკვე გამოუტანა.
_ განაჩენი კი არის გამოტანილი, მაგრამ მის სისრულეში მოყვანას არაფრით დაადგა საშველი.
_ განაჩენის სისრულეში მოყვანამ დროებით გადაიწია. ეს მოღალატე და სკამებზე დახარბებული ოპოზიციის ბრალია. ადრე თუ გვიან ხალხში არსებული პროტესტი იფეთქებს და წალეკავს ამ რეჟიმს. რეჟიმთან ერთად ეს მუხტი ხელისუფლებასთან გარიგებულებსაც ჩარეცხავს. ეს ყველაფერი ხალხის მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანზეა დამოკიდებული.
ვერავინ დამაჯერებს, რომ „ლელომ“, ელისაშვილმა და „გირჩებმა“ არჩევნებზე ჩვენზე მეტი ხმა მიიღეს. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხმები წაართვეს. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ პარლამენტში ვერ მოვხვედრილიყავით. მაინც შევძელით ბარიერის გადალახვა,
ივანიშვილი ჩვენ განსაკუთრებით ვერ გვიტანს. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან გვლანძღავს და ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტში არ შევიდეთ. ახლა მას თავი გამარჯვებული ჰგონია, მაგრამ დრო გვაჩვენებს, ვის დარჩება გამარჯვება. ამ პროცესებმა ერთგვარი აბანოს როლი შეასრულა, სადაც თეთრი და შავი გამოჩნდა. ახლა ხალხის გადასაწყვეტია, ვის დაუჭერენ მხარს. ჩვენც შეგვეძლო პარლამენტში შესვლა, მაგრამ არ შევედით, რადგან ხალხისთვის სიტყვა გვქონდა მიცემული და ეს სიტყვა არ გავტეხეთ. უკეთურებასთან როგორც კი გარიგდები, თავადაც უკეთური გახდები.
შორენა მარსაგიშვილი