- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-20 08:11:23
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ ოპოზიციის ნაწილი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მართალია, ნიკა მელია თავისუფალია, თუმცა დოკუმენტის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც 19-21 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
ხელმომწერი ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩეველი დააჯეროს, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერით გამარჯვებას მიაღწიეს, თუმცა ისინი გვერდს ვერ აუვლიან შეთანხმების იმ პუნქტს, რომელიც ამნისტიას ეხება.
მოატყუა თუ არა საკუთარი ამომრჩეველი ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი? რა მოცემულობაშია ამ ეტაპზე მმართველი გუნდი და რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ ოპოზიციამ შეძლოს თვითმმართველობის შედეგით რიგგარეშე არჩევნების მოპოვება?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, ხელის მომწერმა ოპოზიციამ, რომელმაც უკვე დაიკავა პარლამენტში საკუთარი ადგილი, ამ გადაწყვეტილებით აღიარა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და ამ ნაბიჯით ხომ არ გაუთეთრა „ოცნებას“ ჩატარებული არჩევნები?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დემოკრატია პარლამენტის გარეშე წარმოუდგენელია, არ მუშაობს. ოღონდ ეს პარლამენტი უნდა იყოს რეალური პოლიტიკური ნების გამომხატველი იმ მოსახლეობისა, რომელიც აქტიურია და ამ არჩევანს აკეთებს საარჩევნო ურნასთან. შესაბამისად, რთულია ერთმნიშვნელოვნად იმაზე საუბარი, როგორია ეს პარლამენტი. როგორც დასავლელი შემფასებლები აღნიშნავენ, დემოკრატიული სტანდარტების ზღვარზე ჩატარდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში უნდა გავზომოთ ის ნება, რომელიც გადამწყვეტი შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ აქ არის ჩვენი დემოკრატიის უმთავრესი პრობლემა, რადგან ის მცირე სხვაობა არსებითად განსხვავებულ პარლამენტს მოგვცემდა. ის პარლამენტიც და ესეც ორივე აუცილებელი მექანიზმია დემოკრატიის ასამუშავებლად, ოღონდ დემოკრატია ნაკლული იქნება, თუკი ეს პარლამენტი არ არის იმ ნების გამომხატველი, რაც ამომრჩეველმა საარჩევნო ურნასთან გააკეთა. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე მეტად, ვფიქრობ, ის პროცესი იყო მნიშვნელოვანი, რაც ამ ყველაფერს უძღოდა წინ. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ბოლო დოკუმენტი და მასზე ხელმოწერა, არამედ მთელი წინა პროცესი არჩევნების მეორე დღიდან დაწყებული, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ვადამდელ არჩევნებს უკავშირდებოდა. შემდეგ უკვე გაჩნდა მოლაპარაკების მაგიდა და სხვადასხვა საკითხი, მაგრამ უმთავრესი იყო არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ შედეგს ეჭვქვეშ აყენებდა, ნაწილმა გაასაჩივრა კიდეც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ნაწილმა _ სასამართლოში, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თუმცა კანონმდებლობა მანიპულაციის საშუალებას იძლეოდა და, შესაბამისად, გაფორმდა ის შედეგი, რაც ცესკოს საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმშია ასახული. ოპოზიციის ჯამური ელექტორალური მხარდაჭერა მეტი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდით, რადგან არ ვიცით, როგორ გავზომოთ ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დაკეტა გასაჩივრების საშუალება და ამით გახსნა კარი განსხვავებული ინტერპრეტაციებისთვის, ეს მისი შეცდომა იყო. მაშინვე ვამბობდი საჯაროდ, რომ ხელისუფლებას გონიერება რომ ჰქონოდა, ცესკო თავისი ინიციატივით გახსნიდა უბნების დიდ რაოდენობას, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოეხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკურმა სულსწრაფობამ და გამარჯვების გაფორმების სურვილმა გადაძალა ეს ყველაფერი, რამაც შეიწირა, საბოლოო ჯამში, ქართული დემოკრატიის იმიჯი, რაც გლობალურად გვქონდა. საბოლოოდ კი ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა საპარლამენტო საქმიანობას და მის მხარეს იყო ამომრჩეველი, ამით ახმოვანებდა უფრო მეტი ამომრჩევლის ხმას, 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, გარეთ დარჩა. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ ამომრჩევლის 50% ხმის გამხმოვანებელი პოლიტიკური პარტიების ნაწილი შედის იმ პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც თვითონვე აყენებდა ეჭვქვეშ. ბუნებრივია, წინააღმდეგობა პოზიციასა და ლოგიკაში არსებობს. სავარაუდო იყო, რომ ამას მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდეც ამომრჩეველში არაერთგვაროვანი რეაქცია: „თუკი, პარლამენტი არალეგიტიმური იყო, მაშინ სად შედიოდი? თუკი ვადამდელს ითხოვდი, როგორ შეხვედი ამ პარლამენტში თან იმ პირობებში, როცა ძალიან ბუნდოვანია ვადამდელი არჩევნების ჩატარების მექანიზმი?“ პლებისციტზე კიდევ შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმული ვადამდელი არჩევნები არცთუ სახარბიელო პერსპექტივაა, რომ წარმატება მიიღწეს და ოპოზიციამ შეძლოს საერთო ჯამში იმ შედეგის ჩვენება, რომელიც ამომრჩევლის ნებას შეეფერება. 6 თვის შემდეგ ამომრჩევლის განწყობა და პარლამენტში შესული ოპოზიციის პოზიციები ჰარმონიაში აღარ არის. მიუხედავად იმისა, რა რესურსიც არ უნდა დახარჯოს ოპოზიციამ, სამწუხაროდ, შემოდგომაზე ჩვენ ალბათობის მაღალი ხარისხით ვიხილავთ ძალიან დიდ იმედგაცრუებას ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ, გამოხატულს და გაფორმებულს თვითმმართველობის არჩევნებში. ეს შეიძლება აისახოს ძალიან დაბალ აქტივობაში, ძალიან ბევრ საარჩევნო პროცესსა და შედეგში იჩენს თავს. თქვენთან ინტერვიუში და საჯაროდაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენთან არც ერთი ხელისუფლება არ ცდილობს გააუმჯობესოს და ბოლომდე მიიყვანოს პარტიული სისტემის რეფორმა. პარტიული სისტემა თუ არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე, იგი ვერ ააშენებს დემოკრატიას სახელმწიფოში. ყველა ოპოზიციურ პარტიაში, ისევე როგორც სახელისუფლებო პარტიაში, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის მწვავე დეფიციტია.
_ რა არის ის უმთავრესი შეცდომა, რაც პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ დაუშვა დოკუმენტზე ხელმოწერის ნაწილში?
_ მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში მათ იცოდნენ, ამნისტიასთან დაკავშირებით რა შემოთავაზება იყო. პარლამენტში შესული ოპოზიციის ლიდერები ფრაქციაშიც რომ არიან გაერთიანებულები, ისინი კომენტარებს აკეთებდნენ, როგორ წარმოუდგენიათ საყოველთაო ამნისტია. თქვენი კოლეგების კითხვაზე ერთ-ერთმა უპასუხა: „საყოველთაო ამნისტია წარმომიდგენია ისე, რომ ეს ყველას შეეხება“. მათი შეცდომა იყო ის, რომ რეალურად მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომთა გარდა პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა ამ ამნისტიის შესახებ არ იცოდნენ. ამნისტიაზე საჯაროდ საუბარი იყო ორ პოლიტიკურ და საზოგადოებრვ ფიგურასთან დაკავშირებით, რამდენადაც მქონდა ინფორმაცია, სხვადასხვა პარტიის წევრებთან კომუნიკაციაშიც მხოლოდ ამის შესახებ იცოდნენ და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიის წევრებმა ხელმოწერის შემდეგ გაიგეს. მათ არ იცოდნენ, რეალურად რა იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რაზე მოაწერა ხელი მათი პარტიის ლიდერმა. პრობლემაა ის, რომ მათ 6 თვის თავზე საკუთარ თავს უფლება მისცეს, პროცესი ასე გაუმჭვირვალედ წარემართათ და საკუთარი პარტიის წევრებისა და ამომრჩევლისთვის აზრი არ ეკითხათ. მათ ამ პირობებში მოაწერეს ხელი და ის პარტიები ვეღარ შეძლებენ ვერც ერთი საფუძვლით „საქართველოს მომავალი გზის“ დოკუმენტისგან გაქცევას. მაგალითად, ასეთი საფუძვლით, რომ რადგან ნიკა მელია თავისუფალია, აღარ გვინდა, დოკუმენტში რაც წერია ამნისტიასთან მიმართებით, იმის შესრულება. ასეთ შემთხვევაში მათ „ქართული ოცნება“ შემოუბრუნდება და ეტყვის: ხელმოწერილ დოკუმენტზე უარს ამბობთ?! მაშინ დანარჩენ პუნქტებს ჩვენ აღარ შევასრულებთო. ასეთ შემთხვევაში შეთანხმების ჩამშლელი თუ მაგიდის ამყირავებელი გამოვა ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული ლიდერები. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი რადგან რეალურად ამნისტიის კანონი ჰაერში მუდმივად გამოკიდებული ვერ იქნება. არადა, პირველივე პუნქტით სწორედ ამნისტიის კანონის მიღებით უნდა დაიხუროს, რომლის შესრულებასაც ელიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციას ვერც ერთი საფუძვლით ვერ გამოუვა საუბარი იმაზე, რომ ამნისტიის კანონი არ მიიღონ ან მიიღონ მხოლოდ ის, რაც მათ ვერსიაში წერია, რადგან დოკუმენტში შავით თეთრზე ვკითხულობთ მელიასთან და რურუასთან დაკავშირებით, წერტილის შემდეგ კი გრძელდება სხვა წინადადება, რომ 19-21 ივნისის საქმის აღძრული ან დაწყებული დევნის ყველა შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ამნისტია, ეს ვალდებულება იკისრეს ისე, რომ ამომრჩეველს არ დაეკითხნენ. მე არ ვამბობ და არც არასდროს ვიტყვი, რომ შერიგება ცუდია ან მიუღებელია, რომ შესაბამისად, მხარი არ უნდა დაეჭირათ, _ ამაზე არ არის საუბარი. ხშირად ერთი შეხედვით პროცედურული საკითხები, როგორიც არის გამჭვირვალობა, საკუთარი მხარდამჭერების ინფორმირება უფრო წონადი ხდება, ვიდრე შინაარსი. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს უგულებელყვეს და, შესაბამისად, ამით ძალიან დაიზიანეს თავი, ამასთანავე, შერიგების შინაარსიც დააზიანეს. მაგალითად, მოლაპარაკების მაგიდაზე თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ამ შემთხვევაში, მედიატორებისგან ეს მოთხოვნა იყო, შესაძლებელია ურო ფართო კონტექსტის ამნისტიაზე დაეყენებინათ საკითხი და არა მხოლოდ იმ ერთ დღეზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია ქართველი ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიღებთ ე. წ. გამრუდებული სარკის ეფექტს, როდესაც 19-21 ივნისი შეიძლება ამნისტირებული მივიღოთ, ხოლო წინა წლების 26 მაისი, 7 ნოემბერი, რომელიც აქციების დარბევას უკავშირდებოდა, იმაზე ხალხი უნდა დაისაჯოს. ამ შემთხვევაში შერიგების არსი ირღვევა და ბუნებრივია, ამაზე ცოტა მეტი უნდა ეფიქრათ ოპოზიციონერებს. შერიგება კარგია, ოღონდ შესაძლებელი იყო ეს მომხდარიყო უფრო კარგი მექანიზმით და რეალური შერიგების პროცესი დაწყებულიყო და არა ის, რაც მივიღეთ. ამ ფონზე, რომ ამ ჩიხიდან რამენაირად თავი დაეღწიათ და ზიანი შეემცირებინათ, საერთოდ გაუგებარი და კონტექსტის მიღმა არის დარჩენილი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კომისიის შექმნა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ იქნება სასარგებლო, რადგან დოკუმენტზეა ხელი მოწერილი, სადაც საუბარია 19-21 ივნისის საყოველთაო ამნისტიაზე. ყველას ყველაფერი ეპატიოსო, ამის შემდეგ, როდესაც ამბობენ კი არ ეპატიოს, უნდა გამოვიძიოთ და დავსაჯოთო, თუნდაც პოლიტიკურად უნდა შევისწავლო და მერე გადავცე გამოძიებასო, - ეს ერთმანეთთან თანხვედრშია?! როცა ერთი შერიგებასა და პატიებას გულისხმობს გამოძიებისა და ყველაფრის გარეშე, ესენი კი ამბობენ, უნდა გამოვიძიოთო. ბუნებრივია, თუ ამას შემდგომში მსვლელობა მიეცემა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება თქვას, _ თუ საგამოძიებო კომისია გნებავთ, არც ჩემს ამნისტიის პროექტს დავუჭერ მხარს და არც ოპოზიციისო. საგამოძიებო კომისიის შესახებ კი მიშელის დოკუმენტში არაფერი წერია, ანუ ოპოზიციას ეტყვის, რომ შეთანხმებას ამ ნაბიჯით შლის და თავადაც გავა, ოღონდ გავა მოგებული და არა წაგებული. ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველმა და ასევე პარტიის ზოგიერთმა წევრმა არ იცოდა შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის ჩანაწერის შესახებ. მიზანმიმართულად მოატყუა ოპოზიციამ ამომრჩეველი?
_ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამდე პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, მინიმუმ, 20 დღით ადრე იცოდა, რა შემოთავაზება იყო და არ თქვა. ერთ-ერთი ოპოზიციონერი განმარტავდა, როგორ წარმოუდგენია მას საყოველთაო ამნისტია, ე. ი. ეს ჩანაწერი იყო დოკუმენტში და ამაზე გააკეთა კომენტარი. ოპოზიციონერმა ლიდერებმა იცოდნენ, რა თქმა უნდა, და ამომრჩეველს არ უთხრეს. ამიტომ მოტყუება რაიმე ქმედებას ძნელად შეიძლება დაერქვას. ყველაზე რადიკალური განცხადება შეიძლება იყოს, რომ მათ ეს ამომრჩეველს დაუმალეს ან თვითონ არ მიაქციეს ყურადღება, გულგრილად მოეკიდნენ ამას და იგულისხმეს, რომ რადგან პუნქტის პირველი წინადადება შეეხება მელიასა და რურუას, ამიტომ მთელი პუნქტი მათ შესახებ იყო. თუმცა უფრო მგონია, რომ იცოდნენ რაც მოჰყვებოდა ამას და არ უთხრეს საკუთარ მხარდამჭერებს, ვერ გარისკეს, რადგან, ალბათ, იფიქრეს, რომ ასეთ შემთხვევაში საერთოდ ჩავარდებოდა ეს ყველაფერი. მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით რაც ეწერა, იმისგან განსხვავებული რაღაცები მოვისმინეთ. მაგალითად, აცხადებდნენ, რომ ამნისტია მხოლოდ რურუასა და მელიას შეეხება, მაშინ როცა მარტივად იყო წაკითხვადი, რომ ეს ყველას შეეხებოდა. ამ ნაწილს ტყუილს კი არ დავარქმევ, არამედ მათ თავის მართლებისთვის სუბიექტური ინტერპრეტაციები მოიფიქრეს და ამ სახის კანონპროექტიც ამიტომ დაწერეს. თორემ ის კანონპროექტი, რაც არის წარდგენილი, სრულად არ შეესაბამება შეთანხმების პირველი პუნქტის მეორე წინადადებას, სადაც საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს კიდეც, „ჩვენ შევასრულებთ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მაგრამ არა ფორმითო“, _ მიანიშნეს ამნისტიაზე. მოსწონს თუ არა ვინმეს „ქართული ოცნება“, ამ საკითხთან მიმართებით ისინი მართლები არიან. ამაზე ოპოზიციას უნდა ეფიქრა. ასე რომ, ე. წ. ალტერნატიული კანონპროექტის პერსპექტივაც საკმაოდ მძიმე შეიძლება იყოს საპარლამენტო ოპოზიციისთვის და გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვიდეს „ქართული ოცნება“, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რადგან იმ შეთანხმების დამრღვევნი იქნებიან არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არამედ _ ოპოზიციის. ასე რომ, ხელმოწერამდე პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციამ შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის ჩანაწერის შესახებ არსებობა საზოგადოებას დაუმალა, ხელმოწერის შემდეგ კი თავის მართლება დაიწყო. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ეს არ არის ტყუილი.
_ გარდა ამნისტიის შესახებ ჩანაწერისა, ხელმომწერი ოპოზიცია დასთანხმდა იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ყოფილიყო მიბმული რიგგარეშე არჩევნების ბედი. ეს არის თუ არა ოპოზიციისთვის დასაწყისშივე წაგებული თამაში და რა რესურსი აქვს ამ მოცემულობით ოპოზიციურ სპექტრს თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში?
_ ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან რთულ რეალობაში არიან, _ ცხელი კარტოფილი რომ ეჭიროთ ხელში და ერთმანეთს აჩეჩებდნენ, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა, სამწუხაროდ. თავად არიან ამ მოცემულობის შემოქმედნი, დაიზიანეს თავი. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმას, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ქართულმა ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმების 50% თუ უფრო მეტი რომ წაიღო, ეს პროცესი ნასაზრდოები იყო იმით, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები დაუყოვნებლივ ან შეიძლება დროში ცოტა გაწელილიყო და სხვა მექანიზმები ჩართულიყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შუალედური მექანიზმით შესაძლებელი ყოფილიყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იძულება ხელისუფლებისთვის. ასეთი ერთ-ერთი იყო პლებისციტი. ეს თავისთავად ბოიკოტთან და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხთან ჰარმონიულ ბმაშია, რადგან პლებისციტისა და რეფერენდუმის შემთხვევაში მხოლოდ ორი არჩევანია: დიახ ან არა; წითელი ან ცისფერი; შავი ან თეთრი; ცხელი ან ცივი. სხვა არჩევანი და მრავალფეროვნება აქ არ არის. ამომრჩევლისთვის კი პლებისციტი/რეფერენდუმი უფრო მისაღები იქნებოდა. წარმართული პროცესის შედეგიც უფრო მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ, მიშელის დოკუმენტის გაფორმებიდან მეორე დღესვე, გაიხსნა ფრონტი და ოპოზიციამ განაცხადა, _ ჩვენ მრავალფეროვნები უნდა ვიყოთო. ახლა მე ვსვამ კითხვას და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ამომრჩეველიც იგივეს იკითხავს: პლებისციტის ან რეფერენდუმის შემთხვევაში ორი არჩევანი რომ ყოფილიყო, _ მმართველი პარტია ან ოპოზიცია, _ ამომრჩეველსაც აქედან მოუწევდა არჩევანის გაკეთება. ქართული, მრავალხმიანი კრიმანჭული რომ შემოსძახეს ახლა, რომ გამრავლდება ეს არჩევანი და ორი აღარ იქნება, ეს როგორი პლებისციტი იქნება და შედეგები პლებისციტისნაირი იქნება თუ არა?! მით უმეტეს, ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ, როგორც წესი, ადგილობრივ არჩევნებზე აქტივობა ძალიან დაბალია და ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს აქტივობა დაბალი იყოს, ამომრჩეველი დარჩეს სახლში და ხელისუფლებამ მოახდინოს მხოლოდ საკუთარი პარტაქტივის მობილიზება, რაც სხვადასხვა ოლქში უზრუნველყოს მის გამარჯვებას. მინიმუმ, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ეს ცხადი იყო. ამ შემთხვევაში ამასთან გამკლავებას ოპოზიცია როგორ აპირებს? იცის, საერთოდ, რამდენი ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი? ის ამომრჩეველი რომ არ მივა არჩევნებზე და ხელისუფლების მხარდამჭერები მივლენ, ეს შედეგი რომ გაფორმდება _ ეს ხომ პლებისციტის შედეგების ანალოგიური ვერ იქნება, რადგან იგი არსებითად სხვადასხვა პროცესია. ანუ ერთი პროცესის ნაცვლად მივიღეთ, მეორე პროცესი. ბუნებრივია, ეს არ ყოფილა ამომრჩეველთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. პლებისციტზე იყო მსჯელობა, გაჟღერდა კიდეც. ასევე, რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა შუალედურ შედეგზე. როგორც მახსოვს, პოლიტიკურ გაერთიანებებსა და მათ მხარდამჭერებში იყო კონსენსუსი. თუმცა ერთის ნაცვლად მივიღეთ მეორე. „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“ გამოვიდა. შევუკვეთეთ პლებისციტი და მივიღეთ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმული ვადამდელი. ძალიან საინტერესოა, ოპოზიციური პარტიები როგორ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვადამდელის გაფორმებას? მგონია, რომ ოპოზიციონერები არ დაფიქრებულან იმაზე, საიდან იანგარიშება 43%? ბუნებრივია, ხელისუფლებას სრულ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მათ ძალიან კარგად ჰქონდათ დათვლილი, რა არის მათი გარანტირებული შედეგი, ოპოზიციურმა პარტიებმა ამას ხელი ისე მოაწერეს, რომ თვითონ არ დაუთვლიათ არაფერი. ერთი ამბობს, 250 ათასი მხარდამჭერი მყავსო, მეორე ამბობს _ მილიონიო, მესამე _ 150 ათასს. თვითონ ხომ ჩვენზე კარგად იციან საკუთარი რეალური შედეგი. კალკულატორები აეღოთ და დაეთვალათ. ცესკომ რაც გაუფორმა, იმაზე ვთანხმდებით, რომ არ არის სწორი, მაგრამ იმ 60-80 ათასიდან რამდენია ოპოზიციის მხარდამჭერი, ეს ხომ ჩვენ არ ვიცით. აბა, რა დაიანგარიშეს და რა მოლაპარაკებაში შევიდნენ? დღეს საარჩევნო პროცესი როგორ უნდა წარმართონ, ოპოზიციამ იცის საერთოდ რამდენი ხმა სჭირდება?! თუკი მათ ყველაფერი ნაფიქრი აქვთ და თვითმმართველობის არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღწევა მათთვისაც საეჭვოა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რას აპირებენ?! პარლამენტში შესული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა თქვა კიდეც, თუკი 43%-ს მიიღებს „ქართული ოცნება“ უნდა შევეგუოთ და გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა, ჩვეულებრივი ცხოვრება და მზადება 2024 წლისთვისო, _ სიმართლე გითხრათ, წამოცდენა მეგონა, მაგრამ სწორედ ეს უთხრა ამომრჩეველს იმ ამომრჩეველს, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან სულ სხვა რამეს ითხოვდა და სულ სხვა განწყობა ჰქონდა. ძალიან დამაზიანებელი ბევრი შეცდომა გამოჩნდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. შესაბამისად, არ ვიცი, იმედგაცრუების გარდა რა ვუწოდო ჩემთვის სავარაუდო შედეგს, რაც შეიძლება გაფორმდეს შემოდგომაზე? გამიხარდება, თუ მე შევცდები.
_ თუმცა ხელმომწერი და პარლამენტში შესული ოპოზიცია მთელი ძალისხმევით ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეთანხმება ეს მათი და ქვეყნის გამარჯვებაა...
_ ეს, უბრალოდ, თავის მართლებაა. თეთრს თქვენ რომ წითელს დაარქმევთ და ვიღაც _ ლურჯს, ამით ის თეთრი ხომ არ შეიცვლება? თეთრი თეთრია. შესაბამისად, ამ შეთანხმების დოკუმენტში არსებულ ამნისტიის პროექტს და იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზეა მიბმულ რიგგარეშე არჩევნები, _ ამას გამარჯვება უწოდო, ეს არასწორი შეფასებაა. ცდილობენ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ ეს გამარჯვებაა. რამდენად ახერხებენ ამას, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ვხედავთ განწყობებს. თუკი ოპოზიციამ კომუნიკაციის სტრატეგია არ შეცვალა, ასე გაგრძელების შემთხვევაში ამომრჩეველს იმის სტიმულს კი არ მისცემს, რომ საარჩევნო ურნასთან მივიდეს, არამედ სახლში დარჩეს. მათ ადგილზე განვითარებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი იტყოდა: შეიძლება, ეს შეცდომაა, თავს უფლება მივეცი, თქვენთან კომუნიკაციის ნაცვლად დამესვენა, მაგრამ ამ შედეგიდან, როგორიც გვაქვს, ერთად უნდა მივაღწიოთ რაღაცას, _ ეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ახსნა იქნებოდა და, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, _ ბოდიშის მოხდაც, რომ საკუთარ ამომრჩეველს არ ჰკითხეს აზრი. ამომრჩეველმა შეთანხმების შინაარსი უკვე იცის, მაგრამ მისი მხარდაჭერილი პარტია ეუბნება, შენ რაც წაიკითხე, ის სწორი არ არის, რასაც მე გეუბნები, ეს არის სწორიო. რეალურად, ამომრჩეველი აზროვნებს და შესაბამისს დასკვნებსაც აკეთებს, მათ შორის, ინფორმირებულია მიშელის დოკუმენტთან და იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ნოემბრიდან მიდის. შესაბამისად, ისეთ დაასკვნებს აკეთებს, რაც რეალურად არის და არა ისეთს, როგორადაც გამარჯვებაა წარმოჩენილი.
ნენე ინჯგირია