QronikaPlus
ლევან გოგიჩაიშვილი: „მოსახლეობა დენში უფრო მეტს იხდის, ვიდრე უნდა იხდიდეს“

ლევან გოგიჩაიშვილი: „მოსახლეობა დენში უფრო მეტს იხდის, ვიდრე უნდა იხდიდეს“

2021-06-20 07:58:41

„ქრონიკა+“ ელექტროენერგიის ტრანზიტისა და დენის ტარიფის გაძვირების კორუფციულ სქემაზე ესაუბრება იურისტსა და პოლიტიკოსს, ყოფილ (მე-9 მოწვევის _ 2016-2000) პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს:

ლევან, პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში კორუფციული შემადგენლის არსებობის შესახებ. მაშინ არ მოგეცათ შესაძლებლობა, ეს თემა ვრცლად გაგეშალათ, ანუ კონკრეტულად რაზეა საუბარი?

მე დავსვი კითხვა, როგორ ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას? საერთოდ, ეს ფორმატი, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის, არ არის საკომიტეტო ფორმატი, მაყურებლისა და ამომრჩევლის ინტერესს ვერ აკმაყოფილებს, რადგან, სამწუხაროდ, რეგლამენტის პროცედურა არ არის დეპუტატის მხარეს, უფრო არის ხოლმე მომხსენებლის მხარეს. მაგრამ მთავარი ამბავი, რის გამოც ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ, არის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი კორუფციული სქემა, რომელიც, საბოლო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება და არა მარტო მოქალაქეების, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო ინტერესების დამანგრეველია. ეს არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ელექტროენერგიას გვიძვირებს. ამის მიღმა სხვა კომპონენტიც მუშაობს _ როდესაც ნებსით თუ უნებლიეთ იძულებული ხარ, ასეთ სქემაზე ხელი მოაწერო. ეს სისუსტის მანიშნებელია, რადგან როცა შენი პოზიციები ძლიერია, მაშინ ასეთ ხელშეკრულებას ამ პირობებით ხელს არ მოაწერ.

_ რამდენად ძვირია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია და როგორ ფიქრობთ, რა არის ტარიფში კორუფციული კომპონეტი და ვის სასარგებლოდ?

_ როდესაც ამ საკითხზე ვმუშაობდით, იმის შემდეგ 2 წელი გავიდა. მაშინ სხვა მოცემულობა იყო. დღეს არ ვიცი, რა ხდება… მაგრამ მაშინდელი მონაცემებით, თუკი შუამავალი კომპანია ჩაიხსნებოდა და სახელმწიფო პირდაპირ შეძლებდა კომუნიკაციას აზერბაიჯანულ მხარესთან, ელექტროენერგიის შეძენა, დაახლოებით, 1 ცენტით იაფად იყო შესაძლებელი. მაშინ დეფიციტი 15%-მდე იყო, დღეს დეფიციტი, სადღაც, 30%-ზე მეტია. ეს ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა. შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება.

_ იმავე სხდომაზე გიორგი გახარიას თქვენ ჰკითხეთ მისი კავშირების შესახებ უჩა მამაცაშვილთან, ანუ მიგაჩნიათ, რომ მამაცაშვილი დგას აზერბაიჯანიდან ელექტრონერგიის იმპორტის უკან?

_ როდესაც ეს კითხვა დავსვი, მაშინ წარსულზე იყო საუბარი და გახარიამ მიპასუხა: ჩემ უკან არ დგას მამაცაშვილი. ეს საქმე გახარიამდე დალაგდა _ ჟარგონულად რომ ვთქვათ. დალაგება ნიშნავს კანონის მიღმა ურთიერთობებს, რომელიც უფრო მაფიოზური სტილის გარიგებაა, ვიდრე კანონის უზენაესობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებები. ეს სქემა, როდესაც მასზე ვსაუბრობდით, ყოველ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ გადაწყვეტილა პრემიერ-მინისტრის დონეზე. ეს სქემა, ალბათ, იმ ადამიანების დონეზე გადაწყდა, რომლებიც კანონს მიღმა არიან, მართავენ ამ ქვეყანას, შესაბამისად, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოს, მთავრობის გადაწყვეტილება. ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ხელის მომწერის როლშია.

_ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ქობულია რუსეთიდან ელექტროენერგიის ბიზნესს ლობირებდა და ამიტომ დაარტყა აზერბაიჯანის მიმართულებას. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და ამ ვითარებაში უნებლიეთ ხომ არ აღმოჩნდით მისი ინტერესების დამცველი?

_ დეტალები არ ვიცი, ქობულიას უფლებებს საერთოდ არ ვიცავ. ვმსჯელობ ფაქტების ირგვლივ. ფაქტი კი არის ის, რომ ამ კომპანიის საშუალებით ეს ქვეყანა უფრო ძვრის იხდის, ვიდრე გადაიხდიდა. ეს კომპანია რომ უიაფებდეს სახელმწიფოს შესყიდვის პროცესს, მაშინ შეიძლება გაამართლო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ პირიქით _ ძვირდება. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. ვფიქრობ, ეს არის კორუფციული გარიგება და მოვა დრო, ამის გამო ადამიანები ციხეში ჩასხდებიან, დღევანდელ მოცემულობაში კი ისინი ფლობენ ყველანაირ საშუალებას. ფაქტი არის ის, რომ ადამიანები დენში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე უნდა იხდიდნენ.

_ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, შუამავალი კომპანია რამდენად აძვირებს ელექტროენერგიას? ამ კომპონენტში თქვენი და იმ პერიოდის ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებები ემთხვეოდა, ისიც ითხოვდა ამ კომპანიის ჩახსნას.

_ ხომ გითხარით, იმ მომენტისთვის 1 ცენტი ღირდა. თუ სახელმწიფო იყიდდა პირდაპირ აზერბაიჯანისგან, იყიდდა 4,5 ცენტად, შუამავალი კომპანიისგან კი სახელმწიფო ყიდულობდა 5,3, ან 5,5 ცენტად.
არ ვიცი, ქობულიას მოსაზრება რა არის. ის ვიცი, რომ ქობულია ამის გამო გაუშვეს. ეს თემა საჯარო სივრცეში ქობულიამ გამოიტანა, რომელიც მერე გადმოვიდა პარლამენტში, მოეწყო დებატები, დავიწყეთ კვლევა. გასაიდუმლოებული პროექტი იყო, ამაში ჩაერთნენ საგამოძიებო ჟურნალისტები. სტუდია „მონიტორმა“, ფაქტობრივად, მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც მერე საქართველოს მთავრობა ვეღარ გაექცა. მთავრობა ერთი პერიოდი ამ შეთანხმებას მალავდა. ამის დამტკიცება შეუძლებელი იყო მანამ, სანამ სტუდია „მონიტორს“ აზერბაიჯანულმა მხარემ არ გამოუგზავნა ისეთი დოკუმენტი, სადაც ამ შუამავალი კომპანიის არსებობა იყო დაფიქსირებული. რაც შეეხება ქობულიას, უფრო მეტი უნდა ეთქვა, ვიდრე თქვა. ქობულიამ თქვა ამ ინფორმაციის 10% და მას არ ეყო გამბედაობა, ბოლომდე ეთქვა სათქმელი და ჩვენ ამის გამო მას ვაკრიტიკებდით _ თუ ამბობ, თქვი ბოლომდე. ქობულიას ლაპარაკი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ ეს გამოძიება ჩაგვეტარებინა და ამ სქემის არსებობა დაგვემტკიცებინა.

_ დოკუმენტები საზოგადოებას რომ მივაწოდოთ, დამტკიცდება ის, რაზედაც თქვენ საუბრობთ? ზურაბ ნოღაიდელმა მოგვაწოდა ციფრები, რომელიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანიდან რუსეთზე იაფი ელექტროენერგია შემოდის და ფასებიც შემცირდა.

_ ვერა, ამას ხელისუფლება მალავს _ ეს უნდა გამოაქყენოს ან ამ კომპანიამ, როგორც „ენკას“ შემთხვევაში მოხდა, ან ეკონომიკის სამინისტრომ. ამ ეტაპზე არც ერთი აქვეყნებს და არც _ მეორე. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტზე არც პარლამენტის წევრებს მიუწვდებათ ხელი. მიზეზი კი კონტრაქტის კომერციული საიდუმლოებაა.

ანუ დოკუმენტი არ გაქვთ?

რა, დოკუმენტი არა, ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ფაქტი. აი, სამომავლოდ, როდესაც ქვეყანაში პროკურატურა და ანტიკორუფციული სამსახური თავის ადგილას იქნებიან, ყველაფერი გაირკვევა. ახლა მხვდება ინტერვიუები, სადაც კომპანია თავს იცავს რეალურად და ამაში ფულს იხდის, მაგრამ კანონის უზენაესობის პირობებში ეს გამზადებული საქმეა. ვიმეორებ: ეს არის კორუფციული გარიგება და ამის გამო ერთი და ორი კი არა, ბევრი ადამიანი მოხვდება ციხეში! მაგრამ, ჯერჯერობით, ისინი მართავენ ქვეყანას. თუმცა დადგება მათი მოკითხვის დროც.

ზუკა ნემსაძე

გაზიარება