- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-06 05:39:22
ყველაფერი ასე დაიწყო… გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავას სტუმრად ჰყავდა მომღერალი რუსუდან მუმლაძე, რომელიც მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის, მუსიკოს ზურაბ ლალიაშვილის ამჟამინდელი მეუღლეა.
რუსუდანმა გულახდილად ისაუბრა მისი და ზურას რომანის, ასევე მარინა ბერიძესთან ურთიერთობის შესახებ, რამაც კიდევ მორიგი საჭორაო მისცა სრულიად ერს. სოციალურ ქსელში ხუმრობითაც კი წერდნენ, რომ მუმლაძის ამ ინტერვიუმ ნიკა მელიას ვიზიტი უკრაინაში და „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხიც კი გადაფარაო.
კვირის სკანდალურ თემაზე „ქრონიკა+“ მომღერალს დაუკავშირდა. ქალბატონი რუსუდანი ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის ყვება და ერთგვარ მიმართვასაც აკეთებს იმაზე, რაზედაც აქამდე არ უსაუბრია.
მისივე თქმით, „ქრონიკა+“-ია გაზეთი, სადაც ის ამ თემაზე დაასრულებს საუბარს და როგორც თვითონ ამბობს, სიმართლეს ფარდას ახდის.
ცნობისთვის: რუსუდან მუმლაძის მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან იწყება. მისი შემოქმედებითი გზა ისეთ ხელოვანებს უკავშირდებათ, როგორებიც იყვნენ კომპოზიტორი და მომღერალი ეთერ ჭელიძე, მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანი, კომპოზიტორები ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე და სხვა არაერთი გამოჩენილი ხელოვანი.
_ თქვენი და ზურა ლალიაშვილის შეუღლებიდან მე-10 წელი დაიწყო და სწორედ ახლა გადაწყვიტეთ, რომ პირად ცხოვრებაზე გესაუბრათ. რატომ?
_ სიმართლე გითხრათ, აქამდეც უამრავი ჟურნალისტი მირეკავდა და მთხოვდა ინტერვიუს, რომ ამ თემაზე მესაუბრა. იყო რაღაც ინტერვიუები, სადაც ძალიან ლაკონიურად ვამბობდი ჩემს სათქმელს. გადაცემა „ფარულ კონვერტში“ იმიტომ დავთანხმდი მონაწილეობას, რომ აქ არ არის მხოლოდ სკანდალებზე საუბარი, ამ გადაცემაში ყვები აბსოლუტურად ყველაფერზე, ცხოვრებისეულ თემებზე. რატომ მიიჩნია მავანმა, რომ ეს ინტერვიუ იყო თავის ქება, ვერ მივხვდი. რას ჰქვია, თავის ქება? ისეთი ცხოვრების ისტორია მაქვს განვლილი, რომელიც ნამდვილად მეამაყება. საამაყოა პატრიარქთან ურთიერთობა, რადგან ეს ბედნიერება ყველას არ ჰქონია. ეს იყო საოცარი მადლი ჩემს ცხოვრებაში.
_ არ იყო რთული ამ თემის ისევ გაღვიძება იმის ფონზე, რომ თქვენ იცოდით, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ ყველაფერს საზოგადოებისგან?
_ კულუარულად დადიოდა უამრავი ხმა, მითქმა-მოთქმა, ჭორები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ გადაცემაში წავსულიყავი და ერთხელ და სამუდამოდ დამესვა ამ ყველაფრისთვის წერტილი, მაგრამ უფრო ფართოდ აქ, თქვენთან გავშლი თემას და დავასრულებ სათქმელს.
_ თუმცა ამას ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან…
_ რატომ ჩავარდნენ ასეთ ნოკაუტში, მაინც ვერ გავიგე. მე არავინ გამილანძღავს, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და პირიქით, ძალიან მოზომილი ვიყავი.
_ იმიტომ ხომ არა, რომ ქართული საზოგადოებისთვის სენსიტიური თემაა ოჯახის დანგრევის საკითხი?
_ ამ თემას თქვენთან ოდნავ მოგვიანებით გავშლი. ასეთი საკითხი პირველი იყო, მის გარემოცვაში არ არიან ასეთები, არ ჰყავს მეგობრები თუ?.. მე პოსტიც კი მივუძღვენი ამ საკითხს და გამგები გაიგებს, რომ ისეთებმა დაიწყეს ჩემი დამუნათება, სჯობდა, გაჩუმებულიყვნენ. შეეძლოთ პირადად დაერეკათ მარინასთვის და თავისი თანადგომა გამოეხატათ. მართლა ვერ მივხვდი, ნატო-ს ჯარების გამოძახება რატომ გახდა საჭირო მის (მარინა ბერიძის) დასაცავად? მე ვიცი, რამ გააღიზიანა ისინი.
_ რამ?
_ ჩემმა გამოჩენამ.
_ ანუ კონკრეტულ ჯგუფს არ უნდა თქვენი გამოჩენა?
_ კონკრეტული ჯგუფი არ ვიცი, მაგრამ მარინასაც რომ არ ენდომებოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ. გადაცემაში თვალები ცრემლებით ამევსო, როცა ბათუმის ეპიზოდი გავიხსენე და ახლაც ასე ვარ. ძალიან რთული და ემოციურია ჩეთვის ბათუმის ამბების გახსენება.
_ ბათუმს შევეხეთ და მოგვიყევით, რა მოხდა ბათუმის ფესტივალზე?
_ აქ იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ მე პირველი ადგილი მინდა. კონცერტიდან საერთოდ ამომიღეს, როცა ბათუმში ჩავედი.
_ მაშინ თქვენსა და მარინა ბერიძეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო?
_ არა, რადგან მარინას არც კი ვიცნობდი. ეს იყო 2010 წელი. იმ პერიოდში მე ზურასთან სტუდიაში დავდიოდი და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და არა _ რომანი. არანაირი კონფლიქტი მე მარინასთან არ მქონია, უბრალოდ, ზურა ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც მუსიკოსის. ქალს ზოგადად არ ეპარება ეგეთი რაღაცები და შეიძლება, ეს ზურას შეატყო ან ვინმემ სხვანაირად მიუტანა ამბავი, არ ვიცი… გადაცემაშიც შევეხე ამ თემას, რამაც გამოიწვია ზუსტად ის ისტერიკა, რომელიც უნდათ, რომ პირადი თემით გადაფარონ და ისიც, 10 წლის შემდეგ!
_ და დაიბლოკეთ იმ ფესტივალზე?
_ დავიბლოკე კი არა, სახალხოდ შეურაცხყოფა მომაყენეს.
_ რაში გამოიხატებოდა ეს შეურაცხყოფა?
_ ის, რომ კონცერტზე არ გამიშვეს და ამას უყურებდა ყველა. ჩემთან ერთად ერთი ბიჭიც მომაყოლეს, მერე სალაპარაკო არ ჰქონოდათ, რომ მარტო მე არ გამიშვეს. ორი ადამიანი გამოგვაბუნძულეს იქიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
_ რთულად იმოქმედა ამ ფაქტმა თქვენზე?
_ ძალიან! თბილისში ახალი ნაოპერაციები დედა დავტოვე, შვილი, წავედი იმისთვის, რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა და დავბრუნდი შეურაცხყოფილი და განადგურებული. სამი თვე დეპრესიიდან ვერ გამოვედი.
_ რთულად გამოხვედით მდგომარეობიდან?
_ ძალიან გამიჭირდა.
_ ფაქტობრივად, პაუზიდან ისევ შემოქმედებით პაუზაში გადახვედით?
_ არა. რაც უფრო მებრძოდა ეს ქალბატონი შემოქმედებითად, იმდენად უფრო მყარი ხდებოდა ჩემი და ზურას ურთიერთობა.
_ ზურამ იცოდა ეს ყველაფერი?
_ როგორ არ იცოდა.
_ რას გეუბნებოდათ?
_ ზურა საერთოდ არის მშვიდობის მტრედი და სულ მამშვიდებდა. ერიდებოდა კონფლიქტს და იმდენად უკვე ზღვარგადასული ვიყავი, რომ ზურამაც კი ვერ დამამშვიდა.
_ რამ გაგიმყარათ ის ეჭვები, რომ მარინა ბერიძე გბლოკავდათ?
_ როგორც გადაცემაში ვთქვი, შუა სიმღერს დროს მარინა ბერიძე მიდის ნიკოლოზ რაჭველათან და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. უკვე გასაგები იყო, რასაც ეტყოდა. მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
_ სწორედ ეს ოჯახის დანგრევაც ქალური შურით ხომ არ მოხდა? ჯიბრში ხომ არ ჩაუდექით მარინას და სამაგიერო ხომ არ გადაუხადეთ?
_ არა, არა, რაც უფრო წინააღმდეგობები მექმნებოდა, ჩემი და ზურას ურთიერთობა მით უფრო მყარი ხდებოდა. ამ ადამიანმა (მარინა ბერიძემ) დამანახა თავისი სახე და ზურა კიდევ უფრო დავაფასე _ მეტად გამიჩნდა თანაგრძნობა. მე ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ არა ცინიკოსი. სხვათა შორის, თავად თქვა მან ეს სიტყვები: „საცოდავ მარინას მირჩევნია, ცინიკოსი რომ ვიყოო“ და ახლა რა დაჩაგრულის მანტია მოისხა? მაშინ არ იყო ჩვენი ურთიერთობა განვითარებული, რომ მე შური მეძია ან სხვა რამ. რაც ამ ფესტივალის მერე მოხდა, კიდევ ერთ-ერთ მუსიკალურ გადაცემაში დაბლოკვა იყო. მივედი, ჩავწერეთ გადაცემა, უნდა გავიდეს ტელევიზიით, ველოდები ჩემს ნომერს და ჩემი გამოსვლა ამოჭრილია. დავურეკე პროდიუსერს, რომელიც ზურასაც კარგად იცნობდა და ახლიდან დაინიშნა გადაცემის ჩაწერა, რომელიც, რა თქმა უნდა, მაინც გავიდა ეთერში.
_ თბილისია და ხმები უცებ ვრცელდება. აქტუალური გახდა სიტყვა „ქმრის ახევის“ თემა. რას უპასუხებდით ამ ხალხს?
_ არ ვაპირებდი ასეთ სიღრმეებში ჩასვლას, თორემ გადაცემაში უფრო ფართოდ გავშლიდი ამ თემას, მაგრამ შევეცადე, ზომიერი და თავშეკავებული ვყოფილიყავი. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ გადაცემის გასვლის შემდეგ ამდენი სიბინძურე და ტალახი წამოვიდა, გადავწყვიტე, სიმართლეს კიდევ მეტად ავხადო ფარდა და ეს მოხდეს სწორედ აქ თქვენთან ინტერვიუში: ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ ამაში ჩაერთო ერთი-ორი მამაკაცი და აქედან ერთ-ერთი მათგანი ზურა ლალიაშვილს მარინამდე იცნობდა და ამაყობდა მისით.
_ ანუ საახლობლო წრეზე საუბრობთ?
_ დიახ. ზურა არ დაპატარავდება და დაკნინდება ისე, რომ გამოვიდეს და პასუხი გასცეს მათ. მე ვეცდები, რომ აქაც დანის პირზე გავიარო და ისე გავშალო თემა, რომ არავინ დავაზიანო. რაც შეეხება ახევის თემას, ეს მდაბიო ადამიანის გამონათქვამია. რას ნიშნავს ახევა? ფეხსაცმელია, ტანსაცმელია თუ რა არის? დავიწყოთ იქიდან, რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს აახევს და მგონი, არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, რომ ვიღაცის ან რაღაცის ახევა მჭირდებოდეს.
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ინდირა ჯგერენაიას პოსტს. მასზეა ნათქვამი, ქებამ აწყინაო, თუმცაღა მე აზრს არ შევიცვლი და ახლაც ვიტყვი, რომ ის არის ძალიან ნიჭიერი მომღერალი, მაგრამ რა არის, იცით? მე იმ მომენტიდან ვუჭერდი ინდირას მხარს, როცა სნობურად ეგოიმებოდათ ის, ზუსტად იმათ, ვისაც ახლა გამოექომაგა. ნერვები მეშლებოდა ჟიურის ასეთ სნობურ მიდგომაზე. სწორედ ასეთისგან გამიკვირდა ის პოსტი, რაც მან დაწერა. ვციტირებ: „მადლობა, რუსუდან, რომ მოგწონვართ, მაგრამ თქვენ ვისაც ქმარი „აახიეთ“, იმ ქალის დამსახურებაა ეს“. იმდენი ქნა ამ ადამიანმა, რომ მაშინდელი ჟიურის მისდამი მიდგომა გამიმყარა, რომ გოიმი მაინც გოიმად დარჩება. მეგონა, ვაზელინი ამოწურული იყო საქართველოში და ეტყობა, ახალი პარტია შემოვიდა, რომელიც უცებ დაიტაცეს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და ზურას ურთიერთობა მუსიკით დაიწყო და საქმიან ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი. ვაღიარებ იმას, რომ ზურასგან წამოვიდა სიმპათიები ჯერ როგორც მუსიკოსის მიმართ და შემდეგ, როგორც პიროვნების. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და არ ვგეგმავდი არანაირ პირად ურთიერთობებს. შვილი ჯერ კიდევ პატარა მყავდა და მის განვითარებაზე ვიყავი ორიენტირებული. მინდა, საჯროდ ვთქვა, რომ ზურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩემი გული მოეგო. იამ კითხვა დამისვა, _ შენ ხომ იცოდი, რომ ზურა არ იყო მარტოსულიო? კი, მარტოსული იყო. ერთჭერქვეშ ცხოვრება არ ნიშნავს იდეალურ ურთიერთობას. ზურა ფიზიკურადაც მარტო იყო და სულიერადაც. მარადიულ სიყვარულს საზრდოობა უნდა და დოსტოევსკის სიტყვებს მოვიშველიებ: „ბედნიერება ბედნიერებაში კი არ არის, მისი მოპოვების მცდელობაშია“. სულ უნდა ეცადო, რომ მოიპოვო, ისე ვერ შეინარჩუნებ მარადიულ სიყვარულს. ჩვენ ვეცადეთ და მოვიპოვეთ, ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ. აი, ესაა განსხვავება… მასაც ასე უნდა ექნა. ასე რომ, დასკვნის გამოტანა რთული არ იქნება.
_ სიყვარული აგიხსნათ?
_ არა, ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდა. მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენ რომ ერთი პროფესიის არ ვყოფილიყავით, შეიძლება ასე არც განვითარებულიყო ურთიერთობა. ურთიერთობაში მხოლოდ წლები არ არის მთავარი, ხარიხსია მნიშვნელოვანი. შეიძლება, 10 წელი იცხოვრო და უბედნიერესად და სავსედ გრძნობდე თავს და იცხოვრო 50 წელი და ნახევრად ბედნიერი იყო. ამას ჩემს თავსაც ვურჩევდი.
_ არ გქონდათ ამ ურთიერთობის შიში?
_ შიში არა, მაგრამ ამ ურთიერთობამ უფრო გამაძლიერა.
_ ხელის ჩაქნევის მომენტი არ გქონიათ?
_ არა, რადგან უკვე ზურა გახდა ძალიან პრინციპული _ ინიციატორი ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირად დამანახა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი. ზოგადად, გადაწყვეტილებებს დინჯად იღებს, მაგრამ თუ გადაწყვიტა, ეს იქნება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგი. მერე უკვე კომპრომისზე აღარ მიდის.
_ იმ ყბადაღებულ თემას მინდა შევეხო, რომელიც ზურასა და მარინას ბინის გაყიდვას ეხება, სადაც თითქოსდა თქვენ მიგიძღვით წვლილი მის გაყიდვაში… რას იტყვით ამის შესახებ?
_ არ მაინტერესებს მათი ბინის გაყიდვის თემა, რა და როგორ მოხდა, რადგან ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ეს იყო მათი ანგარიში და ერთობლივი გადაწყვეტილება. სხვათა შორის, ეს ყველამ იცის და მეც მსმენია, რომ ბინის გაყიდვა ადრეც იყო დაგეგმილი, რადგან სახლში არსებული სტუდია ცალკე უნდა ყოფილიყო, რომელიც ზურას პირადი მატერიალური რესურსით იყო შექმნილი. მე სახლიც მქონდა და კარიც. სადაც ახლა ვცხოვრობთ იქ ორივეს როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური რესურსია ჩადებული.
ამ გადაცემის შემდეგ, როდესაც იმათი მხრიდან უამრავი ტალახი და სიბინძურე წამოვიდა, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები მიმატებენ მეგობრებში და მწერენ უამრავ თბილ სიტყვას, როგორც ხელოვანის, ისე პიროვნების მიმართ. ჩემი კედელი შეგნებულად დავხურე, რომ მათ არ დავმსგავსებოდი და ვინმეს არ ეფიქრა, რომ შეკვეთით მიდებდნენ პოსტებს, ისე როგორც მან გააკეთა. ძალდატანებით მხარდაჭერა მძულს. საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და ყველაფერს თავად გავუმკლავდები.
_ რადგან ამ თემას შევეხეთ, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ფაქტია, ბევრმა არ იცოდა თქვენი შემოქმედების შესახებ, როცა თქვენ შეგეძლოთ ამ ხელისუფლების პირობებში ბევრი რაღაციის გაკეთება…
_ რატომ? ჩემი სოლო კონცერტისა და სხვა პროექტების გაკეთება სწორედ ამ მთავრობის პირობებში შევძელი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. ჩემი მეორე პროექტი, რომელიც ჩემს დედულეთში, ქუთაისში, „მესხიშვილის თეატრში“ ჩავატარე, სწორედ ქუთაისის მერიის ხარდაჭერით შედგა და მესამე პროექტი იყო ზურას შემოქმედებითი საღამო, რომელსაც „ტანდემი“ დავარქვით, სადაც მის სიმღერებს, ძირითადად, მე და ჩვენი მეგობარი კოლეგები ვასრულებდით. როგორც კი პანდემია დასრულდება, აუცილებლად გვაიმეორებ ზურა ლალიაშვილის შემოქმედებით საღამოს, ოღონდ ამჯერად იქნება უფრო ფართო მასშტაბით.
_ შეიძლება ითქვას, რომ ზურა ლალიაშვილი მუსიკალურ სამყაროში ყველამ იცის, თუ ვინაა, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში თქვენ წამოსწიეთ ისევ, რადგან მისი შემოქმედებითი საღამო აქამდე არ გაკეთებულა.
_ დიახ, ზურას შემოქმედებითი საღამოები ჩემამდეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს. თუმცაღა, მავანს ამისთვის, ეტყობა, არ ეცალა. ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე, რასაც საზოგადოებას სულ მალე წარვუდგენთ. საზოგადოებასა და კოლეგებს მინდა შევახსენო ზურა ლალიაშვილის დამსახურება როგორც ხელოვანის და ისიც ვთქვა, რომ ის არ დაიწყებს ზოგიერთი მამაკაცივით პოსტების წერას და ჭორაობას. ამიტომ დაუკრეფავში ნუ გადავლენ!!!
_ რასაც გიყურებთ, როდესაც ზურაზე საუბრობთ, თვალები გიბრწყინავთ. ბედნიერი ხართ?
_ რა თქმა უნდა, ზურასნაირ პიროვნებასთან და ხელოვანთან გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერებაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და მუსიკა გვაერთიანებს.
_ დაბოლოს, ფაქტობრივად, თქვენი დაოჯახების მე-10 წლის დასაწყისში თქვით ყველაფერი. დაგრჩათ დღეს კიდევ ის საკითხი, რაზედაც გსურთ, რომ ისაუბროთ?
_ სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი საკითხის ასე ფართოდ გაშლას ნამდვილად არ ვგეგმავდი, მაგრამ გადაცემის გასვლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა, რომ მეტად ამეხადა ფარდა სიმართლისთვის, რადგან საზოგადოებამ კარგად გაარჩიოს შავი და თეთრი. მინდა, ამ საკითხის შესახებ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც, ვფიქრობ, თქვენთან ინტერვიუში ამოვწურე. ეს იქნება ამ თემაზე ბოლო ინტერვიუ, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ თქვენ, „ქრონიკა+“-ს, გაძლევთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
გიორგი საკარული