- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-12-15 09:40:50
ოდიოზურმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რასაც მეოცნებეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ისეთი „ქოცები“ უკრავენ მას ტაშს, სულ ახლახან „შტაბკვარწირას“ რომ ეძახდნენ. გრიგოლ ვაშაძის ამ ნაბიჯის კონტურები ერთი თვის წინ გამოიკვეთა: ნოემბრის დასაწყისში, მაშინ როცა ოპოზიცია აქციებს აწყობდა, ვაშაძემ თქვა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოსო. იმის მერე ვაშაძე იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ... და სადაც ჩნდებოდა, იქ საშინელ აგრესიას ამჟღავნებდა მედიის მიმართ.
ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა მოულოდნელი არ ყოფილა სამოქალაქო აქტივისტ ოთარ კვირიკაშვილისთვის. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც კომფორტსა და კაბინეტს არიან მიჩვეულები, ქუჩის აქციებს ვერ უძლებენ. „ქრონიკა +“-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთხრეს, რომ ბოლო ხანებში ვაშაძე ხშირად მისტიროდა იმ დროს, როცა მყუდროდ იჯდა კაბინეტში, სიგარას ეწეოდა და ვისკის წრუპავდა.
რატომ ვერ უძლებენ ყოფილი დიპლომატები ქუჩის აქციებს? გადახტა თუ არა ვაშაძე ივანიშვილის ნავში? ვისთან ჰქონდა მას დაპირისპირება პარტიაში? _ ამის შესახებ ოთარ კვირიკაშვილი „ქრონიკა +“-ს ესაუბრება:
_ ოთარ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თქვენი აზრით, რატომ დატოვა მან პარტია?
_ ვაშაძის წასვლის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ 2016 წლიდან ვაკვირდები და პირველები სწორედ ყოფილი დიპლომატები, ნაელჩარები გარბიან. ასე იყო „თავისუფალ დემოკრატებშიც“ - ბიძინას ნავში პირველი ზალკალიანი გადახტა, შემდეგ კი დოლიძე და აბაშიძეც მიჰყვნენ. კომფორტს შეჩვეული ადამიანი ვერ უძლებს ხანგრძლივ ბრძოლას და ადვილად ნებდება. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი მეფეები, შვილებს გლეხის ოჯახში რომ ზრდიდნენ, უფლისწულს ყველანაირი გაჭირვება უნდა გაევლო, რომ მეფობისას ნებისმიერი სირთულისთვის გაეძლო.
_ გრიგოლ ვაშაძეც, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასული ყოფილი დიპლომატების მსგავსად, ივანიშვილის ნავში ჩახტება?
_ სად წავა, არ ვიცი, ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც კომფორტს არიან მიჩვეულნი, ხანგრძლივ ბრძოლას ვერ უძლებენ. ისინი როგორც კი კომფორტის ზონიდან გამოდიან, მაშინვე უუნაროები ხდებიან. ყოველთვის ცდილობენ, ისეთი სივრცე მონახონ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ვისაც დიპლომატიური სამსახური აქვს გამოვლილი, ქუჩასა თუ პარტიაში არსებულ დაპირისპირებებს ვეღარ უძლებს.
_ ფიქრობთ, რომ მისი წამოსვლის მიზეზი შეიძლება, პარტიაში მიმდინარე ამბებიც იყოს?
_ გამორიცხული არაა. ეს ადამიანი კომფორტს არის მიჩვეული და მისთვის არ იქნება ადვილი პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და ქუჩის აქციების ატანა. გარეთ ასეთი ტიპის ხალხი დიდხანს ვერ ძლებს, პეპლებივით მალე ეცემა ძირს.
_ ვაშაძემ წამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რომ ოპოზიცია ელჩებს ლანძღავს და ამას ვემიჯნებიო.
_ ამის არ მჯერა. ეს ადამიანი სივრცეს ეძებს, რომ ისევ კომფორტულად იგრძნოს თავი. ახლა ამბობს, რომ ელჩების ლანძღვა არ მოსწონს? ერთი თვის წინ „რუსთავი 2-თან“ დაჯდა და განაცხადა, აქციებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები სჯობსო. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზეზებს ეძებდა წასასვლელად. სალომე სამადაშვილსაც დიპლომატიური სამსახური აქვს გამოვლილი და მისი განცხადებები ძალიან წააგავს გრიგოლ ვაშაძისას. ეტყობა, ბიძინამ ამათი სუსტი წერტილი და ფსიქოლოგია დაიჭირა და სხვადასხვა მეთოდით აპროვოცირებს მათ საქციელს. საბოლოო ჯამში, ყველა შეიძლება არ გადახტეს ივანიშვილის ნავში. ახლა იქ გადახტომა ხარაკირია როგორც პოლიტიკურად, ისე ცხოვრებისეულად. ოპოზიციიდან რომ გარბიან ვიღაცები, ესეც ბიძინას თამაშია.
პარტიიდან წამოსვლა ვაშაძემ შეიძლება, სააკაშვილს დააბრალოს, შეიძლება - მერაბიშვილს. თავმჯდომარე იყო და, ეტყობა, უფლებამოსილებას ბოლომდე ვერ ახორციელებდა.
_ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ უფლებამოსილებას ბოლომდე არ განახორციელებინებდნენ?
_ ასე თუ იყო, მაშინ აქამდე უნდა გადამდგარიყო ან საერთოდ არ უნდა დათანხმებოდა ამ თანამდებობას. თავმჯდომარე რომ გქვია, ბუტაფორია არ უნდა იყო პარტიაში. რამდენადაც ვიცი, მას თავიდანვე ჰქონდა პარტიის შიგნით რამდენიმე ადამიანთან კონფლიქტი.
_ ვისთან ჰქონდა კონფლიქტი, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილთან. მერაბიშვილი რომ არ ყოფილიყო, სხვასთან ექნებოდა პრობლემა. მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ გაუძლო პოლიტიკური პროცესების სიმძიმეს. ქართული პოლიტიკა არც ბრიუსელია და არც - ვაშინგტონი. ეს სირთულეები ვაშაძეს თავიდანვე უნდა გაეთვალა და თავმჯდომარეობას არ უნდა დასთანხმებოდა.
ტყუილად არ გავიხსენე ქართველი მეფეები, შვილებს გლეხის ოჯახში რომ გზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა შემდეგ ყველა წნეხისთვის გაეძლოთ. ეს ყოფილი დიპლომატები კი კაბინეტსა და კომფორტს არიან მიჩვეულები და ვეღარ უძლებენ, თბილი ოთახიდან ცივ პოლიტიკურ ამინდში რომ გადიან, ირღვევიან - როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. პოლიტიკა მარათონია და არა სპრინტი, უცბად რომ მორჩეს. თუ ამ მარათონისთვის მზად არ ხარ, არც უნდა დაიწყო.
_ ხელისუფლების მიერ ვაშაძის გადაბირებას გამორიცხავთ? ეს ვერსიაც გაჩნდა.
_ ვის რაში სჭირდება მარტო გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში? ერთი კაცი ვერაფერს გააკეთებს.
_ მარტო ერთი რატომ? დიდი ალბათობით, ელისაშვილიც შევა.
_ შევიდეს. იაგო ხვიჩიაც შევიდეს. არავის არაფერში სჭირდება ეს ხალხი. მსხვილი ოპოზიციური პარტიების გარეშე პარლამენტი მაინც ერთპარტიული იქნება. პარლამენტში სულ რომ არ შევიდეს, ვაშაძემ მაინც დააზიანა ოპოზიცია - „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო გაუჩინა. აცხადებენ, - აი, რა ხდება ოპოზიციაში, თავადაც ვერ გარკვეულან, რა უნდათო. შეიძლება, ვაშაძე არავის დაუმუშავებია, მაგრამ თავისი ნაბიჯით და სისუსტით ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი. ჩემი აზრით, სუსტი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
შორენა მარსაგიშვილი