QronikaPlus
„ეს დიდი ხნის დაგეგმილი მკვლელობაა!“ - მიხეილ რამიშვილის სკანდალური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

„ეს დიდი ხნის დაგეგმილი მკვლელობაა!“ - მიხეილ რამიშვილის სკანდალური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

2020-12-15 06:52:36

ბოლო დროს 23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე ახალი აღარაფერი გაგვიგია, თუ არ ჩავთვლით პეტიციას, რომელიც პროგრამისტის მკვლელების დასჯის მოთხოვნით სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულებისა, ამიტომ პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ: 1. პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში; 2. გამოძიებამ დაიცვას სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება; 3. გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით; 4. გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში“, - ნათქვამია პეტიციაში.

„ქრონიკა+-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა:

- მიშიკო, ბოლო დროს ბაჩალიაშვილის საქმე თითქოს მინავლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარც მშობლები აქტიურობენ და აღარც - საზოგადოება. ეს პოსტსაარჩევნო კრიზისით აიხსნება, თუ სხვა დინებებია?

- არანაირი სხვა დინებები. უბრალოდ, არჩევნები და კორონავირუსის პანდემია დაემთხვა. სხვათა შორის, კორონა თამარის ოჯახსაც დაუდასტურდა.

- დედას თუ მამას?

- მშობლებსაც და ძმასაც, ამიტომ იზოლაციაში იყვნენ და მკურნალობდნენ...

- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ დღეს, როცა  ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ და ოცნება ერთგვარ ავტოკრატობას ცდილობს, 23 წლის პროგრამისტის საქმის წინა პლანზე წამოწევა ოცნების, როგორც რეჟიმის, სახეს კიდევ უფრო მეტად ხომ არ გამოკვეთს? ისე, იმის ნიშნებიც ხომ არ ჩანს, რომ ეს საქმე ოპოზიციას დაავიწყდა?

- არ ვიცი, ოპოზიცია როგორ იმოქმედებს და წინ რას წამოწევს და რას - არა, მაგრამ პირადად მე უკან არ დამიხევია და ამ კვირაში ბრიფინგს ჩავატარებ, სადაც საზოგადოებას ახალ ინფორმაციას, დეტალებსა და ნიუანსებს გავაცნობ. ამასთან, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენებ, როგორ ცრუობს გამოძიება და დამნაშავეებს როგორ აფარებს ხელს! ყველფერი ეს კი პოლიტიკაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, ამიტომ გაერთიანება აუცილებელია!

სხვათა შორის, ხალხის რეაგირება რომ არა, გამოძიება ამ საქმის დასრულებას თვითმკვლელობის მუხლით აპირებდა.

- ამ თემაზე, როგორც ვიცი, სპეციალური პეტიციაც დაწერეთ. საზოგადოება ამ კუთხით აქტიურობს?

- დიახ, აქტიურობს, თუმცა ბევრი პეტიციის შევსებაში კარგად ვერ ერკვევა და მეკითხება, როგორ უნდა შევავსოო?.. თავიდან დიდი აქტივობა არ იყო და მთავარ პროკურატურაში ბედნიერები იყვნენ.

- რატომ?

- მიიჩნიეს, რომ მათი მიდგომები და ვერსიები ამართლებდა, მაგრამ როგორც კი ჩემ საწინააღმდეგო ქმედებას იწყებდნენ, სხვანაირ რეაქციას იღებდნენ და მუდამ გაკვირვებულები რჩებოდნენ ხოლმე.

საერთოდ, ინტუიციით ვხვდები ხოლმე, როდის როგორ უნდა ვიმოქმედო. ზემოხსენებული ბრიფინგით კი საზოგადოებას, როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრ ინფორმაციას მივაწვდი. ეს კიდევ ერთი მარცვალი იქნება, რომ პეტიციაზე ხალხის ხელმოწერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა დაინახონ, რომ ეს ქვეყანა მფარველობითა და დამნაშავეთა ინტერესების გათვალისწინებით არ იმართება! ეს ქვეყანა გარკვეული ჯგუფის საკუთრება არაა, ხელისუფლების წყარო კი ჩვენ, ხალხი ვართ!

- რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ის ახალი დეტალები, რომელსაც დაანონსებულ ბრიფინგზე გაასაჯაროებთ, ფაქტები იქნება თუ თქვენი, მაგალითად, ისეთივე ვერსია, როგორიც სატელიტიდან გადაღებული .. მანქანის ფოტოები იყო, რომელსაც სკანდალი მოჰყვა?

- რა თქმა უნდა, უტყუარი იქნება!

- კერძოდ?

- ესაა ჩვენებები. ასევე ისიც ცნობილი გახდება, თუ რას ემსახურებოდა საქმისთვის სამარცხვინო, ე.წ. გრიფით  საიდუმლოს დადება. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ივლისი-აგვისტო-სექტემბრიდან იციან, რომ თამარს არანაირი მედიკამენტი არ შეუძენია.

- ეს საიდან იცოდნენ?

- ფარმაცევტების ჩვენებებითაა დადასტურებული. ნიშანდობლივია, რომ ის მედიკამენტები, რომლებზედაც ლაპარაკობენ, რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. ისე, სააფთიაქო ქსელებიდან ამოღებული ჰქონდათ ინფორმაცია, ეს მედიკამენტები იქნებ, ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა შესყიდული, ანუ თამარმა მათ მიერ შესყიდული ხომ არ გაიტანა, მაგრამ არც ეს დადასტურდა. შესაბამისად, გრიფი „საიდუმლო“ სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ დროში ყოფილიყო გაჭიანურებული. ქვითრითაც არ დასტურდება, რომ ამ, პირობითად, „ა“ და „ბ“ მედიკამენტთან რელევანტური შემხებლობა ჰქონდა. მედიკამენტები, რომლებზედაც საუბრობენ, ავტომობილსა და აფთიაქში კი არა, ოჯახშიც არაა აღმოჩენილი...

მოკლედ, კითხვის ნიშნები კი არა, საქმე დიდი ხნის დაგეგმილ მკვლელობასთან გვაქვს!

- თუ ბაჩალიაშვილის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, მაშინ საქმეში ისეთი მედიკამენტი რატომ „ჩადეს, რომელიც აფთიაქში არ იყიდება?

- ძალიან ბევრი შეცომაა დაშვებული.

- მაგალითად?

- ერთი რამ ვერ გათვალეს.

- რაზე მიანიშნებთ?

- ჩათავლეს, რომ ეს ერთი რიგითი ოჯახია, ძალიან წყნარი, პატრონი არ ჰყავთ და არც ფინანსები აქვთ. არ მინდა, ჩემზე ვისაუბრო, მაგრამ  არც დაუშვიათ, რომ შესაძლოა, გამოჩენილიყო ჩემნაირი ადამიანი, რომელიც  უკან არ დაიხევდა და ოჯახს გვერდით უანგაროდ დაუდგებოდა! ამასთან, თამარის მშობლებიც უშიშრები აღმოჩნდნენ...

მართალია, დაშინებისა და თვალთვალის მცდელობები იყო. ამასთან, იმის ილუზიასაც ქმნიდნენ, აი, შენ, ადვოკატო, ახლა დაგიჭერთო - ვიღაც კაცი შემოაგდეს, ფურცხვანაძე რომელიც დაიჭირეს... ზეწოლა ადვოკატის ოჯახის წევრებზეც იყო...

- ანუ?

- ცდილობდნენ, ადვოკატის ოჯახში დაპირისპირება მომხდარიყო, ცოლს ეთქვა, -ხომ ხედავ, რა ხდება, დაგიჭერენო და ასე ამ საქმეს ჩამოვშორებოდი... ისე, ის კაცი ორ თვეში გამოუშვეს და თუ დასაჭერი არ იყო, რაღას იჭერდნენ?

- მიშიკო, ამბობთ, ბაჩალიაშვილის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდაო. ნებისმიერი დანაშაულისთვის, მათ შორის, მკვლელობისთვისაც, მოტივია საჭირო. 23 წლის პროგრამისტის მოცილების მოტივი რა შეიძლებოდა გამხდარიყო?

- თამარი თავისი საქმის ძალიან კარგი პროფესიონალი იყო და ბევრი რამ იცოდა. შემხებლობა ინფრომაციასთანაც ექნებოდა... ჩეულებრივად, ისე გამოიყენეს და ამუშავეს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა... სხვათა შორის, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ახლა რუსთავის კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ისტორიები თავად მომიყვა, თუმცა ახლა უარყოფს, მაგრამ ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რა მომიყვა და ხელი რას მოაწერა. ახლა უარყოფს, მაგრამ აბა, მე ხომ არ დამესიზმრებოდა? დეტალურად მომიყვა, როდის ნახა თამარ ბაჩალიაშვილი, რას გადასცემდა ის, რას ეუბნებოდა და რას ავალებდა...

- ე. ი., თამარმა იცოდა, რომ ოფიციალურად სპეცსამსახურზე მუშაობდა, არა?

- ოფიციალურად გაფორმებული არ იყო, მაგრამ მისმა ლექტორმა, ზარქუამ, ბრძანა, სტუდენტებს ჩვენ რეკომენდაციებს ვუწევდითო, ყველა გაიხსენა, თამარზე კი, რატომღაც, უარყო, - არ მახსოვს, მისთვის რეკომენდაცია გამეწიოსო.

- ეს გასაგებია, მაგრამ, თქვენი შეფასებით, ბაჩალიაშვოლმა იცოდა, სად და ვისზე მუშაობდა?

- დიახ, იცოდა... ოჯახის წევრებიც ამბობენ, გარკვეული პეიოდი ორთაჭალში მიდიოდა ხოლმეო. მაგრამ ორთაჭალში არც მეგობარი ჰყავდა, არც - არავინ. ბოლოს, ლოგიკურად რომ მივყევით, ორთაჭალაში, მხოლოდ და მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურებია.

- დავაკონკრეტოთ: ბაჩალიაშვილი კავშირზე შსს-სთან იყო თუ უსაფრთხოების სამსახურთან?

- შეიძლება, უფრო, უსაფრთხოებასთან.

- ორთაჭალაში უსაფრთხოების სამსახური კი არა, შს სამინისტროა.

- დიახ, მაგრამ მაგათ განყოფილება ყველგან აქვთ.

- თქვენი ვერსიით, ბაჩალიაშვილის მოკვლის ბრძანება ვინ გასცა?

- ეჭვებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი სენსიტიური და რეზონანსული საქმეა, რომ ნებართვის გაცემა თუ გამოძიების ასეთი კუთხით წაყვანა დაბალ რანგზე, ანუ რიგითი ჯარისკაცების დონეზე არ წყდება...

- აბა, ვის დონეზე წყდება?

- რა თქმა უნდა, ძალიან მაღალჩინოსნების და შეიძლება, მაღალჩინოსნისაზეც კი...

- თუ იცით იმ კონკრეტული პირის სახელი და გვარი, ვისაც გამოძიება მფარველობს?

- კონკრეტულ პირს - შემსრულებელი იქნება, აღმსრულებელი, დამხმარე თუ ორგანიზატორი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ძალიან სერიოზული ჯგუფია, რომელიც, ჩემი აზრით, მხოლოდ საქართველოს დონეზე არაა. ყველაფერი ეს ქვეყნის საზღვრებს სცდება.

- და სად მიდის - დასავლეთში თუ ჩრდილოეთში?

- ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ!

- ე. ი., მიშიკო, ამ კვირაში ბაჩალიაშვილის საქმე კიდევ ერთხელ აფეთქდება?

- კი ბატონო... არის სუს-ის თანამშრომლის დაკითხვები... ერთი ჩვენება მაქვს, რომელმაც სულ სხვა კითხვები გამიჩინა. ამ კითხვებს უფრო ჯაჭვისებური სვლა რომ არ მოჰყოლოდა, უცებ კოპირებები გაუკეთეს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა და იმ ვიდეოჩანაწერის ნახვა მაინც მოუწევთ, რომლითაც უნდა დავრწმუნდე, რამდენად სამართლიანი ჩვენებები აქვთ მიცემული.

- რაზე საუბრობთ, მიშიკო?

- თთოეულ ავტომობილში სამ-სამი, ანუ, მთლიანობაში, 9 კაცი ზის. ესენი დაშიფრულები არიან. რატომ? ის კი, ვინც მართლა დასაშიფრია და ვისი გვარ-სახელიც ჩემთვის ცნობილია, თავისუფლად იკითხება. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია... თვითონაც ვერ ყალიბდებიან, რა!

- თქვენი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის რომელიმე ახლობელმა თუ იცოდა, რომ გოგონა სპეცსამსახურებთან იყო კავშირზე?

- იცით, რა არის?

- რა?

- პირდაპირ არ ჩანს, რომ სპეცსამსახურებთანაა კავშირი. ამ ბავშვმა შეიძლება, არც იცოდა, რომ სპეცსამსახური იყო. ეს შეიძლება, ერთგვარი თამაში იყო.

- ანუ?

- თავისი პროფესიიდან გამომდინარე, თითქოს რაღაც პრაქტიკაზეა. მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა - საფრანგეთში მიემგზავრებოდა და სწავლის საფასურითაც უზრუნველყოფილი იყო - თავად ფრანგებს ჰქონდათ გადახდილი, მაგრამ ამათ არ გაუშვეს. დრო მოვა და დადასტურდება... უახლოესი მეგობარი კვდებოდეს და ასე ეცლებოდეს ყველა...

- რას გულისხმობთ?

- მეგობრები და დაქალები იმალებიან... ოჯახს გაურბიან.

- რატომ?

- მართალი კაცი არ გარბის...

- წეღან თქვით, ბაჩალიაშვილმა ბევრი რამ იცოდაო. ესბევრი რამის ცოდნაფულს ეხებოდა, ნარკოტიკებს თუ სხვა რამეს?

- არ ვიცი...

მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, რომ ასეთ ადამიანებს მინიშნებების დატოვების ძალიან კარგი უნარი აქვთ.

- ანუ თამარმა მინიშნებები დატოვა?

- რა თქმა უნდა... მაგის მეთოდიკაც არსებობს, ადამიანმა რა მინიშნება შეიძლება, დაგიტოვოს, რითიც გასაღებს მოძებნი. ის ვერ გვეტყვის, რა შეემთხვა, მაგრამ შეიძლება, მიგვანიშნოს, რისგან რა მოხდება, ანუ რა იქნება ფუნდამენტი. რაღაც-რაღაცებს ნელ-ნელა ვუახლოვდებით და შეიძლება, ბევრი ეცადონ, რომ სამართლებრივად რამე გადაფარონ, საზოგადოება მოატყუონ და ცრუ ექსპერტიზის დასკვნა დადონ, მაგრამ პასუხისმგებლობა ექსპერტებსაც მოუწევთ. ექსპერტიზის დასკვნა ყალბი იქნება, რადგან ძალიან მალე ალტერნატიული ექსპერტიზები ჩატარდება... იმის გასაღებიც მალე იქნება მოძიებული, რის გამოც თამარი დაიღუპა... ყველაფერს ნელ-ნელა ვუახლოვდებით.

- რა ამის პასუხია და, ოპოზიცია შეცდომა ხომ არ უშვებს, როცა მოლაპარაკების დროს დეკანოზ მამალაძის, როგორც პოლიტპატიმრის, განთავისუფლებას არ ითხოვს?

- ძალიან დიდ შეცდომას უშვებს... ინტერესები შერჩევითი არ უნდა იყოს... არავის დაავიწყდეს: დეკანოზი იმ პოლიტიკის მსხვერპლია, რომელსაც  გარკვეული ჯგუფი მაშინ იყენებს, როცა დიქტატორული ძალაუფლების მოსაპოვებლად სჭირდება! როცა ეპისკოპოსი პრემიერსა თუ მოსამართლეს თითს დაუქნევს და მუქარას დაუწყებს, უსახელო იაკობზე მაქვს საუბარი, კარგად შეხმატკბილებულები იმოქმედებენ და ერთმანეთის ბრძანებებსა თუ თხოვნებს შეასრულებენ.

დიახაც, კეთილი უნდა ინებოს ოპოზიციამ და დეკანოზი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება