- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-02-22 06:18:44
საკმარისია, ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მოიმატოს, რომ იქვე, ეკლესიაში გორდება სკანდალი. ამჯერადაც ასე მოხდა _ მამა ანდრია სარიამ, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაახლოებული პირია, სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა. სარია „მთავართან“ ყვება, რომ ამ თემაზე მას პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოსთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა მან და სხვა მღვდელმსახურებმა მისი მოსმენა არ ისურვეს. სარია ამბობს, რომ ბერი, რომელმაც ეპისკოპოსი ამხილა და მისი მძღოლიც იყო, ამაზე პატრიარქსაც ელაპარაკა: როგორც „მთავარი არხი“ აცხადებს, სასულიერო პირმა მათ გადასცა იმ სხდომის აუდიოჩანაწერი, რომელზედაც ანდრია სარია დაიბარეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებების გამო შენიშვნას აძლევდნენ. სწორედ ამ სხდომაზე ისაუბრა სარიამ ერთ-ერთი ეპისკოპოსის სქესობრივ კავშირზე. ტელეკომპანიის განმარტებით, 16-წუთიანი აუდიოჩანაწერი ორივე მხარის თანხმობით გაკეთდა.
სარიას ნაამბობიდან თუ ვიმსჯელებთ, საეკლესიო თემაზე სკანდალები გაგრძელდება. სკანდალები რომ იქნება, ამაში არც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ეპარება ეჭვი. ის არ უარყოფს, რომ ეკლესიაში პრობლემებია. მისი თქმით, ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რომ შიგნით არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საპატრიარქოს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, შეცდომა იყო, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიამ თავის რიგებში ყველა მიიღო, ვინც ამის სურვილი გამოთქვა.
რატომ ებრძვიან სინამდვილეში ეკლესიას? იყო თუ არა საპატრიარქო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი? რა პრობლემებია ეკლესიაში? რა შეცდომები დაუშვა საპატრიარქომ? რატომ ველით გამუდმებით ბელადს? _ ამ თემებზე მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო მამუკა, ეკლესიასთან დაკავშირებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? ოდესღაც ხომ უნდა მოგვარდეს პრობლემა?
_ ეს სკანდალები მანამ გაგრძელდება, სანამ ამას ქართული საზოგადოება არ აღკვეთს. არის მეორე ვარიანტიც: სკანდალები შეწყდება მაშინ, როცა ბოლომდე გაანადგურებენ ქართულ სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სულ იყო და მომავალშიც იქნება, რადგანაც ვინც ეს ბრძოლა წამოიწყო, მათ კარგად ესმით, თუ რა დანიშნულება აქვს ეკლესიას. ეკლესია ქართველების უმაღლესი იდეების რეალიზაციის სტიმულატორი გახლავთ. მათ უნდათ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ დაინერგოს ის ღირებულებები, რასაც ეკლესია ამბიონიდან ქადაგებს. ამიტომ არის მათთვის ეკლესია მიუღებელი.
მეორე მხრივ, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის ეკლესია იმიტომ არის მიუღებელი, რომ ის თავისი ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანების სამჭედლოა. ეკლესია პიროვნული თავისუფლების უმაღლეს ღირებულებებზეც ბევრს ქადაგებს. ასეთი ღირებულებების მქონე ადამიანები არაკეთილმოსურნეებისთვის საშიში არიან და ამიტომ ებრძვიან ეკლესიას. აქ სხვა არაფერი ხდება.
_ ამბობთ, ეკლესია თავისუფლებას ქადაგებსო. ცოტა ხნის წინ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ საპატრიარქო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. თქვენ ამაზე ბევრი გეცოდინებათ, რადგან ეროვნული მოძრობიდან მოდიხართ და სტიქაროსანი იყავით. სანიკიძე ამბობს, რომ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ტაძრებში ქადაგებდნენო. თქვენ გასული წლის 80-90-იან წლებში მოგისმენიათ მსგავსი ქადაგებები?
_ სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი ლოკალური, კერძო ამოცანების გამო ტალახს ესვრიან იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვითომ იცავენ. როგორ შეიძლებოდა, ქართული ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ყოფილიყო?! კომუნისტების მმართველობის წლებში დისდენტები ეკლესიამ შეიფარა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, ეკლესია იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ქადაგებდნენ. ამ თემაზე სხვაგან არსად საუბრობდნენ.
სიონის ეზო იყო ადგილი, სადაც თავს იყრიდნენ დისიდენტები და იქ მხოლოდ მართლმადიდებლები არ მოდიოდნენ, არამედ სხვა აღმსარებლობის ხალხი: კათოლიკები, მუსლიმები, ებრაელები. თქვენ წარმოიდგინეთ, ათეისტებიც კი მოდიოდნენ. მთელმა საბჭოთა კავშირმა იცოდა, რომ კვირა დღეს სიონის ეზოში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები იყრიდნენ თავს. იქ მყოფების ნაწილს ზოგს სტიქარი გვეცვა, ტაძარში ვმსახურობდით, ვინც ათეისტი იყო და ღმერთი არ სწამდა, ეზოში იდგა. ეკლესია თავისუფლების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, სიონის ეზო ასეთი ხალხის თავშეყრის ადგილი ვერ იქნებოდა.
დისიდენტური ლიტერატურა და დისიდენტების მხარდაჭერა ეკლესიიდან მოდიოდა. მისი უწმინდესობა პირდაპირ ქადაგებდა თავისუფლებას. გადავხედოთ, რა ეპისტოლეები ჰქონდა მას კომუნისტების დროს. მაშინ, როცა ზოგიერთი პიონერის ყელსახვევით და კომკავშირელის მანდატით დარბოდა, ეკლესია საქართველოს თავისუფლებას ქადაგებდა.
როგორ შეიძლება, საპატრიარქო დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ყოფილიყო, როდესაც ქართული სულის აღზევება ეკლესიიდან ხდებოდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ გასული საუკუნის 80-90-იან წლებს არ ვგულისხმობ. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უძღოდა ავტოკეფალიის აღდგენა. ქართული ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა ფორმულა _ ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.
ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მაშინაც იბრძოდა, როცა რუსეთის იმპერიაში ვიყავით. სასულიერო პირებმა ააფრიალეს რუსული იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების დროშა. ფილადელფოს კიკნაძემ 1832 წლის შეთქმულთა იდეოლოგიურ-პოლიტიკური საფუძვლები დაწერა. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ როგორ იბრძოდა ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
ასე რომ, როცა ვინმე ამბობს, ქართული ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდა, ის ან უვიცია, ან _ გამყიდველი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 30 ვერცხლს ყველა დროში მაღალი კურსი ჰქონდა. 30 ვერცხლის კურსი ახლაც ძალიან მაღალია.
_ თქვენ ისაუბრეთ, რომ წარსულში ეკლესია გამუდმებით იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის. ახლა თუ აგრძელებს ეკლესია თავისუფლებისთვის ბრძოლას? საქართველო ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი ქვეყანა.
_ რა თქმა უნდა, ახლაც თავისუფლებას ქადაგებს. თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ეკლესიის შიგნით ყველაფერი რიგზე არ არის, ეს ნამდვილად ასეა. ისევე როგორც ყველა სფეროში, ეკლესიაშიც არის პრობლემები. არავის ეგონოს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და სხვა დროს მსგავსი არ ყოფილა. გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ადრეც იყო ეკლესიაში მსგავსი პრობლემები. ყველა ვერ ახერხებდა მაღლი მორალისა და ზნეობის დაცვას, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შემიძლია, რომ ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერდა თავისუფლების იდეას. უცოდველი და უშეცდომო კი ამ ქვეყანაზე არავინაა. ყველა რაღაც შეცდომას უშვებს. სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და ისინიც უშვებენ და მომავალშიც დაუშვებენ შეცდომებს. უცოდველი მხოლოდ უფალია.
ერთ უხეშ შედარებას მოვიყვან: როდესაც სადღაც მივფრინავთ, არ ვკითხულობთ, პილოტმა მარხვა გატეხა თუ არა? არც ის გვაინტერესებს, რა ურთიერთობა აქვს ამ პილოტს თავის ცოლთან? არც იმას ვკითხულობთ, როგორ იქცევა ოჯახში? ჩვენთვის მთავარია მისი პროფესიონალიზმი. როდესაც პილოტი ლამაზად დასვამს თვითმფრინავს, მას ყველა აღმსარებლობის მგზავრი ტაშს უკრავს _ მადლობა პილოტს, რომ მშვიდობით ჩამოგვიყვანაო.
ეკლესიის მისიაც ხომ ისაა, რომ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით მიგვიყვანოს. თითოეული ჩვენგანისთვის პიროვნულად ეს არის ცხონება, ხოლო სახელმწიფოსთვის იმ ღირებულებების დაცვა, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ეკლესიის დანიშნულება.
გითხარით, რომ უშეცდომო არავინაა, არც ერში და არც ბერში. თუ რომელიმე სასულიერო პირი რაღაც ცოდვას ჩაიდენს, ამის გამო მთელი ეკლესია რატომ უნდა გავლანძღოთ? ეს ხომ მხოლოდ მათი პიროვნული ცოდვები და შეცდომებია. ეკლესია აქ არაფერ შუაშია.
რატომღაც, ძალიან ხშირად საუბრობენ იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც რაღაცას აშავებენ, მაგრამ არასდროს მახვილდება ყურადღება იმ ბერებსა და მონაზვნებზე, რომლებიც სადღაც მიყრუებულ ადგილებში მსახურობენ და დღედაღამ ღვაწლში არიან. ვინც ასე ხშირად აკრიტიკებს ეკლესიას და ჰგონია, რომ იქ მხოლოდ უღირსი ხალხია, მოვუწოდებ, წავიდნენ თრუსოს ხეობაში ანდა უდაბნოში და ნახონ, რა პირობებში მსახურობენ იქ ბერ-მონაზვნები. მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობენ, ქვეყანასა და ჩვენზე ლოცვაში ათენ-აღამებენ. ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ? ისინიც ხომ ეკლესიას წარმოადგენენ? ყველამ იცის, რომ ასეთი სასულიერო პირები მრავლად არიან.
დღეს ქართულ ეკლესიაში, უხეშად რომ ვთქვათ, 3000-მდე ადამიანი მსახურობს. აქედან 50, გნებავთ, 100 რაღაც გადაცდომაში რომ იყოს შემჩნეული, დამიჯერეთ, ეს არ არის პრობლემა, არც ეკლესიისთვის და არც საზოგადოებისთვის.
_ რატომ არ არის პრობლემა?
_ იმიტომ, რომ დანარჩენი 2900 წესიერი ადამიანია. ჩვენ კი, რატომღაც, მხოლოდ შეცდომილების გამოყვანა გვინდა ტელევიზიებით. და როცა მხოლოდ ამ უარყოფითი პერსონების წამოწევა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ გეგმაზომიერ შეტევასთან. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის უკან კონკრეტული ჯგუფები დგანან.
_ რა უნდათ ამ ჯგუფებს, რის მიღწევას ცდილობენ?
_ მათი მიზანი ეკლესიის განადგურება ან გვერდზე გაწევაა.
_ ეს რისთვის სჭირდებათ?
_ ეკლესია მათ თავისი მიზნების განხორციელებაში უშლის ხელს. ეს არის და ეს. მეეჭვება, ამ ხალხს მართლა ადარდებდეს, რომ ეკლესიაში რაღაც ცუდი ხდება. იქ რამე ცუდი თუ ხდება, ეს ყველაზე მეტად საპატრიარქოს ადარდებს.
_ რატომ არაფერს აკეთებს საპატრიარქო ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
_ თქვენ რა გგონიათ, საპატრიარქოში არ საუბრობენ იმ ნაკლოვანებებზე, რაც დღეს ეკლესიაში არის? როგორ შეიძლება, იდეალური სიტუაცია იყოს იმ დაწესებულბაში, სადაც 3000 ადამიანი მსახურობს? იდეალური სიტუაცია ეკლესიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა. ასე იყო საქართველოში, ასე იყო და ასე არის ყველგან.
_ მე არ ვიცი, რაზე მსჯელობენ ეკლესიაში და რა ძალებს სურთ ამ ინსტიტუტის დაკნინება, მაგრამ ერთი რამ თვალში საცემია: როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მწვავდება, ეკლესიის გარშემოც ახალი სკანდალი გორდება. ეს ვითომ უბრალო დამთხვევაა?
_ შეგნებულად ამთხვევენ საეკლესიო სკანდალებს პოლიტიკურ დაძაბულობას. ეს კეთდება იმიტომ, რომ მთელი ყურადღება აქეთ გადმოვიდეს. ამის შემდეგ პოლიტიკოსები მშვენივრად აკეთებენ უკვე თავის საქმეს.
_ რატომ გადმოდის მთელი ყურადღება ეკლესიაზე?
_ ეს მეტად მგრძნობიარე თემაა. თან ჩვენი მრევლი ჯერ გაზრდილი არაა, რომ ასეთ რამეებს ყურადღება არ მიაქციოს. როდესაც ჩვენ ეკლესიაში მივედით, მაშინ იქ 20-30-იანი წლების გამოვლილი მრევლი დაგვხვდა. ისინი თავიდან ბოლომდე მიბმული იყვნენ საეკლესიო ცხოვრებაზე. მათ აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა და რწმენას ვერავინ შეურყევდა.
მე წინა ინტერვიუშიც გითხართ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ დღეს ვართ თოთო მრევლი. ეს მრევლი სულ ახლახან გამოვიდა კომუნისტური გარემოდან. მრევლის უმეტესობას, ჯერ კიდევ, ათიოდე წლის წინ კომპარტიის ბილეთი ედო ჯიბეში და ათეისტური იდეოლოგიის ოფიციალური მატარებელი იყო. ეს ხალხი ახლა მოვიდა ეკლესიაში და რწმენაში ჯერ მყარად არ არის. ბევრი რამე აქვთ სასწავლი. ასეთი მრევლი თოთო ბავშვივით არის. პატარა ბავშვს ეგრევე ჭვავს რატომ არ ვაჭმევთ? თავიდან ვაძლევთ ფაფას. თოთო მრევლიც ასეა.
გარკვეული ძალები სარგებლობენ იმით, რომ საქართველოში თოთო მრევლია და ცდილობენ, ისინი პიროვნულ თემებზე გადაიყვანონ. ღირებულებებზე არავინ საუბრობს. იშვიათი გამონაკლისების გარდა მე არ მინახავს თეოლოგები, ქრისტიანულ თემებზე საუბრობდნენ. თეოლოგების უმეტესობა დღეს არასამთავრობო სეგმენტად არის გაფორმებული და ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის. ისევე იქცევიან, როგორც, თავის დროზე, მებრძოლ უღმერთოთა კავშირი იქცეოდა.
ზემოთ აღვნიშნე, რომ არ აჩვენებენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში არიან და დღედაღამ ლოცულობენ. ასევე არ გამოჰყავთ ფართო აუდიტორიის წინაშე განათლებული სასულიერო პირები. ისე წარმოაჩენენ, თითქოს მღვდლებსა და ბერებს სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ. მთელი ყურადღღება ნეგატივზე, სიბნელეზე, მამათმავლობაზე, მრუშობასა და სხვა ცოდვებზეა გადატანილი.
_ მრუშობა და განსაკუთრებით მამათმავლობა ეკლესიის მიერ ძალიან მძიმე ცოდვად არის შერაცხული.
_ რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა. ამაზე ყურადღება მახვილდება არა იმიტომ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიის სახელი შებღალონ და დაანგრიონ ეს ინსტიტუტი.
_ თქვენი დამოკიდებულება ვიცი საპატრიარქოს მიმართ და თქვენც აღიარებთ, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის. კი ამბობთ, სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენო, მაგრამ ეს არასაკმარისია. თქვენ, როგორც გულშემატკივარი, რას ურჩევდით, რა უნდა გააკეთონ, რომ ამდენი სკანდალი აღარ იყოს?
_ საჭიროა, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. საჭიროა მეტი ორგანიზებულობა. კომუნისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეკლესიამ, რატომღაც, ჩათვალა, რომ მტრები აღარ ჰყავს და მოდუნდა. ისინი მიესალმებოდნენ ნებისმიერი ადამიანის ეკლესიაში მისვლას. არ კითხულობდნენ მის წარსულს. ამ ადამიანებს მალევე იბირებდნენ სპეცსამსახურები თუ რაღაც გაურკვეველი ძალები. ბევრი მათგანი შეიძლება, თავიდანვე შეგზავნილი იყო ეკლესიაში.
_ ასე შეუმოწმებლად შეიძლება ხალხის შეშვება ეკლესიის წიაღში?
_ როგორ უნდა შეამოწმოს ეკლესიამ ის ხალხი, ვინც მათ რიგებში შედის? კონტრდაზვერვა ხომ არ ჰყავს? შეცდნენ, ყველა რომ შეუშვეს და ამიტომ არის იქ ახლა ასეთი გაუგებრობები. აწი ბევრად მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მკაფიო წითელი ხაზები უნდა გაავლოს ეკლესიამ ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან დამოკიდებულებაში. ყველამ უნდა იცოდეს ეს კრიტერიუმები და ყველამ დაიცვას ისინი
_ თქვენ ითხოვთ, რომ ეკლესია პოლიტიკას მკვეთრად გაემიჯნოს?
_ მთელი უბედურება ის არის, რომ ეკლესია პოლიტიკას ვერანაირად ვერ გაემიჯნება.
_ რატომ ვერ გაემიჯნება?
_ უფრო გასაგები რომ იყოს პასუხი, მაშინ ავხსნათ, თუ რა არის პოლიტიკა: ზოგს პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჰგონია, ზოგს _ ბიზნესის კეთება. ეს თუ ითვლება პოლიტიკად, მაშინ ეკლესია ამისგან გამიჯნულია. თუ არ არის გამიჯნული, აუცილებლად უნდა გაემიჯნოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკა ქვეყნის ცხოვრების წესის განსაზღვრაში მონაწილეობაა, მაშინ ამას ეკლესია ვერ გაემიჯნება, თავისი სულიერი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებას ვერ უგულებელყოფს. პარტიებს შორის გასაყოფ საკითხებში ეკლესია არ უნდა ჩაერიოს. მგონი, არ ერევა. საზოგადოებრივ ცხოვრებას კი ვერ გაემიჯნება.
იცით, მრევლი რით განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან? _ არავის იმედად არ ვართ. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისა და უფლის იმედი გვაქვს. როდესაც სხვას არ ელოდები და ყველაფერს თავად გააკეთებ, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას შეძლებ.
ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვიყვარს ჩვენი ხელით საქმის კეთება. გამუდმებით ვიღაცას ველოდებით და გვგონია, რომ ის გააკეთებს ჩვენს საქმეს, ის გვაცხოვრებს, ის მოაგვარებს ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს.
_ ბელადების ლოდინში ათწლეულები გავატარეთ, ახლაც ველოდებით ისეთ ადამიანს, ვინც ჩვენს პრობლემებს გადაჭრის. რაც ნორმალური არაა. რატომ გვჭირს ასეთი რამ?
_ ეს არაა ნორმალური. სულ ვიღაცას ველოდებით და გვგონია, რომ ერთხელაც გამოჩნდება ის ვიღაც და ყველა პრობლემას მოგვიგვარებს. ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ჩვენ კი მაინც ველოდებით.
საქართველოს დამოუკიდებლობა ძალიან ბევრს უნდოდა, მაგრამ დამოუკიდელობისთვის ბრძოლა და ხელის განძრევა ეზარებოდათ. ერჩივნათ, ეს მათ მაგივრად სხვას გაეკეთებინა.
ცოტამ იბრძოლა თუ ბევრმა, საქართველო მაინც გახდა დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი არ აღმოჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად მზად. მაშინაც ველოდებოდით, რომ ვიღაც მოვიდოდა და ქვეყნის შენებას დაიწყებდა. თითქმის 30 წელია, დამოუკიდებლები ვართ და ისევ ვიღაცას ველოდებით. მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავება არავის გვინდა. ახლაც სიამოვნებით მივიღებთ ახალ ბელადს.
_ მივიღებთ რომელია, თავპირისმტვრევით არ გავეკიდებით!
_ რა თქმა უნდა. ხან ერთ ლიდერს გავეკიდეთ, ხან _ მეორეს, ხან _ მესამეს. გვჯეროდა, რომ ის მოაგვარებდა ჩვენ ნაცვლად ყველაფერს. ეს შუძლებელია. ერთი ადამიანი ვერაფერს იზამს, თუ ქვეყნის მოსახლეობა არ მოინდომებს სიტუაციის შეცვლას.
ერთი საშიში ტენდენციაა დღეს საქართველოში გაბატონებული, რომელიც 40-45 წელია, რაც მესმის. ბავშვობიდან საბჭოთა პროპაგანდის ორი მთავარი თეზა მესმოდა _ ეკლესია ეს არის სიბნელისკენ მიმავალი გზა და დასავლეთი არის გარყვნილება. ორივე მათგანი დღესაც აქტუალურია. პატარა ცვლილებები აქაც მოხდა. ადრე თუ გარყვნილებად ჯინსი, როკი და ჯაზი ითვლებოდა, ახლა სხვა რამეებია. ისევ საბჭოთა მიდგომებია. ისევ საბჭოთა თეზით მიდის ეკლესიასთან და დასავლეთთან ბრძოლა.
სასულიერო პირები ათას სიბინძურეს უგონებდნენ სასულიერო პირებს. ბოლშევიკები კირიონზე ამბობდნენ, კითხვა არ იცისო. ათას ღირსეულ სასულიერო პირს აბრალებდნენ მამათმავლობას. მაშინაც ლაპარაკობდნენ ამ თემებზე. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეკლესია ხალხის თვალში დაემცირებინათ. ეკლესია და ხალხი როცა ერთად არის, ეს საშიშია. ეს საშიში იყო ბოლშევიკებისთვის და საშიშია იმ ძალებისთვის, რომელსაც არ უნდა, რომ ქართული სახელმწიფო აშენდეს.
შორენა მარსაგიშვილი