- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2019-12-06 10:56:17
საპატრიარქოს კარის თამაშების ახალი ხმაურიანი სეზონი დაიწყო. სინოდის სკანდალური სხდომა ჰელოუნის დღეს დაემთხვა და დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა მოსაზრება: „ყველაზე მაგარი საჰელოუინე ეშმაკების წვეულება ისევ საპატრიარქომ დადო“.
ქრონოლოგიურად მოვლენები ასე განვითარდა: მეუფე იაკობმა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, უმაღლესი სასულიერო პირები კი _ პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაში. ამ სენსაციური განცხადების შემდეგ დაინიშნა სინოდის სხდომა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა ეკლესიაში „პედერასტული ცოდვის“ გამო. რაც შეეხება მეუფე იაკობს, საპატრიარქოს თქმით, მან საქციელი მოინანია და სინოდმა ტიტული შეუნარჩუნა. აღნიშნულ სხდომაზე სინდომა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტთან იშუამდგომლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან განთავისუფლების თაობაზე.
რა დაგვანახა სინოდის სხდომამ? შეიცვლება თუ არა საზოგადოებაში დამოკიდებულება საპატრიარქოსა და ეკლესიის მიმართ და რამდენად მისაღებია პოლიტიკაში იდეების გასამართლებლად რელიგიის გამოყენება? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრ ცოტნე კობერიძეს ესაუბრა:
_ რა დაგანახათ სინოდის სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა?
_ დიდი ხანია, საჯაროდ მათგან არაფერი გვსმენია. ზოგადად, სისტემა იმდენად ჩაკეტილია, რომ როგორც კი მინიმალური საჯაროობა შეეხო და მართლა დასჭირდათ ესაუბრათ და ჩვენც გაგვეგო რამე, როგორც იტყვიან, მაშინვე აირია მონასტერი. სინოდის სხდომამ დაგვანახა, რომ იქ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. არის რამდენიმე დაპირისპირებული მხარე. აშკარად კომპრომატებზე წავიდა საუბარი. ზოგადად, ყველას ხელები აქვს გასვრილი ფინანსური თუ სხვა კუთხით ცუდ საქმეში, ეს ცხადია. მეუფე პეტრეც პატრიარქის წინააღმდეგ იყო თავისი არგუმენტით. მიუხედავად იმისა, რომ სინოდზე მეუფე იაკობს სამართლებრივად ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიაში ჩარევაზე, ეს თემა მაინც არ განიხილეს. მთავარი თემა მეუფე პეტრე იყო და ვინც დასაჯეს, ისიც მეუფე პეტრე იყო. მეუფე იაკობის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ჩვენ ველოდებოდით, რომ მთავარი თემა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, სინოდის შეკრების მიზეზიც ეს იყო, თუმცა სიტუაცია სხვანაირად განვითარდა. როგორც ჩანს, ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა გახლდათ მთავარი. სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. ამ გადაწყვეტილებამდე არსებობდა მამალაძის წერილი, რაც, ალბათ, მისი მთავარი კომპრომატი იყო. ამ წერილთან დაკავშირებით არ ვიცით, იყო თუ არა შანტაჟი, მაგრამ, როგორც ჩანს, მეუფე პეტრეს განაჩენი გამოუტანეს. სწორედ ამიტომ მან ყველანაირი ხაზები ჩაჭრა, პირდაპირ წავიდა დადანაშაულების იმ ფორმატზე, რაც მან უკვე გააკეთა პატრიარქის მისამართით. საბოლოო ჯამში, სინოდის სხდომამ დაგვანახა, რომ, სინამდვილეში, ძალიან მძიმე ვითარებაა და, სავარაუდოდ, ძალაუფლებისთვის რამდენიმე შტო იბრძვის და არც ერთი არ ჩანს მთლად ნათელი მხარისკენ. რასაც ვხედავ, სამომავლოდ, ეკლესიაში არჩევანი უნდა გაკეთდეს ცუდსა და უარესს შორის.
_ ის, რომ მეუფე იაკობს შეუნდეს და ის სინოდის წევრად დარჩა, არის თუ არა ირიბი დადასტურება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მაღალჩინოსნების მისამართით სიმართლე იყო?
_ ცხადია, ასეა და ალბათ, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ რჩება. ამ ადამიანმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ ფორმას გაემიჯნა, თუ როგორც გააჟღერა თავისი განცხადებები, მაგრამ შინაარსზე პასუხისმგებლობას ისევ იღებს. ეს ადამიანი თუ ცრუობს, ქრისტიანულად ძალიან რთული საკითხია, რადგანაც ის არ დასჯილა, რაც ცხადყოფს, რომ ის არ ცროუბს. თუმცა ამის დადასტურებაც არ სურთ. უბრალოდ, იაკობი იმიტომ არ დასაჯეს, რომ სინამდვილეში უფრო მეტი კომპრომატი აქვს, უფრო ღრმად შეუძლია ამ საკითხზე საუბარი და მართლა დაადასტუროს, რომ სახელმწიფო და სხვა რელიგიური პირები საუბრობდნენ პატრიარქის შეცვლაზე. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესები რომ არსებობდა და საეკლესიო მახვილის დაჭერას ცდილობდნენ, ამაზე კითხვის ნიშნები არ რჩება. ზოგადად, სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება, რომ ორი მახვილი სჭეროდა ხელში: ერთი საერო, მეორე საეკლესიო. როგორც ჩანს, პატრიარქი აღარ იყო მათთვის მისაღები, ამას ემატება მისი ასაკიც და ყველას უნდა იცოდეს, ვინ იქნება მომავალში იმ ინსტიტუტის თავი, რომელიც 90%-იანი მხარდაჭერით ისარგებლებს. ჩემი აზრით, ამაზე იაკობს ბევრად მეტი არგუმენტი ექნებოდა. ალბათ, ამის შეეშინდათ ან არ სურდათ, რომ ამ თემაზე კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ. მეუფე იაკობის გარდა მეუფე პეტრეც იყო პრობლემა და ამ მომენტში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ეს მხარე ყოფილიყო დასჯილი და გაჩუმებული.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პატრიარქს 90%-იანი მარდაჭერა აქვს. როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მისამართით გაჟღერებული ბრალდება განაპირობებს თუ არა საზოგადოების მხრიდან პატრიარქის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას?
_ ზოგადად, მგონია, რომ საპატრიარქოსთან, როგორც ინსტიტუტთან მიმართებით, ნდობა დაიკლებს და ამ თემებზე საუბარი გაგრძელდება. კითხვის ნიშნების დასმა ყინულის დაძვრას ნიშნავს. რაც შეეხება პატრიარქის რეიტინგს, არ მგონია, რომ შინაარსობრივად და თვისობრივად რამე შეიცვალოს. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და საზოგადოების მხრიდან რეაქცია წამოვიდეს, რომ პატრიარქი დასაცავია, რადგან მან საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი და ყველანაირი ტალახი მას ხვდება. შეიძლება, ამ მხრივ გაამახვილოს საზოგადოებამ ყურადღება. საქართველოს პატრიარქის რეიტინგი, რაც მას ახლა აქვს, მისი პირადი თვისებებით არ არის გამყარებული. საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველა ინსტიტუტი ჩამოინგრა და ერთადერთი, რაც ახერხებდა, ერს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოეხერხებინა, ეს იყო ეკლესია. ეკლესიის მესაჭე კი იყო პატრიარქი, შემდეგ გაიზარდა ეკლესიაში მრევლის რაოდენობა და ამ ყველაფერს ხსნიდნენ იმით, რომ პატრიარქი გვყავს ისეთი, რომ მრევლის დაბრუნება მოახერხაო. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ, უპრეცედენტოდ მაღალი ლეგიტიმაცია მოიპოვა. ამიერიდან ამას ვერც ერთი სხვა პატრიარქი და სხვა სასულიერო პირი ვერ მოახერხებს, რადგან ილია მეორე კონკრეტული ისტორიული მოვლენის პროდუქტი იყო. ამიტომ არ მგონია, რომ მეუფე პეტრეს განცხადებებმა მის რეიტინგზე იმოქმედოს, მით უმეტეს, პატრიარქი ხანშიშესულია და მის მოღვაწეობას დიდი ხანი არ უწერია. ამ პერიოდში კი ვერ მოესწრება ბევრი ისეთი სკანდალი, რამაც მის სიცოცხლეშივე მოახერხოს მისი რეიტინგის დაცემა.
_ როგორ ფიქრობთ, დასტაბილურდება თუ არა ვითარება და ამ პროცესში რა კუთხით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო?
_ ჩემი აზრით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ვითარება ცოტაოდენ დასტაბილურდეს, მაგრამ, ზოგადად, ცხადია, რომ როგორც კი დადგება საკითხი ახალ პატრიარქთან დაკავშირებით, ბევრად უფრო მწვავედ იფეთქებს ეს საკითხები და ბევრად უფრო დიდი პრობლემები გაჩნდება ამ კუთხით. რაც შეეხება გამოსავალს, გეტყვით, სად ვხედავ საშველს: მე ნაკლებად მაინტერესებს სინოდის ერთიანად შენარჩუნება და მათი ავტორიტეტის გამყარება. ჩემთვის ეს ინსტიტუტი ასოცირდება თავისუფლების შემზღუდველ საკითხთან. საპატრიარქო არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ეკლესიის სახელით საკუთარ პოზიციას ახმოვანებს. უშუალოდ მღვდელმსახურები არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში საკუთარ საქმიანობას აწარმოებენ, _ ეს ჩემი საქმე არაა, მათ საკუთარი იდეები აქვთ და დარწმუნებული ვარ, უამრავი მათგანი პატიოსანი ადამიანია. მე პრობლემა მხოლოდ იმათთან მაქვს, ვინც პოლიტიკურ საქმეებში ერევა და ასეთი არის საპატრიარქო, სინოდი, სწორედ ის ჯიპიანი ადამიანები, რომლებიც ჩვენ მიერ დაფინანსებული ბიუჯეტით სარგებლობენ და პოლიტიკოსებად არიან ქცეული. ამ ადამიანების გულშემატკივარი მე არ ვარ. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მათ ჩვენთან, მოქალაქეებთან მიმართებით, ისეთი მორალური უპირატესობა არ აქვთ, რომ ჩვენ მათ კითხვის ნიშნები აღარ დავუსვათ, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ თვითონ საპატრიარქოში არსებობენ დაპირისპირებული მხარეები. რაც არ უნდა მორწმუნე ადამიანი იყო, კითხვის ნიშნები მაინც გაგიჩნდება. დავუშვათ, ვინც მე მგონია, ის არაფერში არ არის გარეული და ძალიან სუფთაა, მაგრამ მეორე ნაწილი გამოდის ტალახში ამოსვრილი. საპატრიარქომ დაკარგა მისი ძლევამოსილება და მორალური უპირატესობა, ამის შემდეგ მათ უკვე, როგორც პოლიტიკოსებს, ისე შევხედავთ და პასუხებს მოვთხოვთ. პასუხების გაცემა კი მათ გაუჭირდებათ, რადგან საბჭოთა კავშირს არ ჩავთვლი, ეს არაა ჩემი საქმე, დამოუკიდებელ საქართველოში ისინი ყოველთვის იყვნენ დაფარულები, არ ჩანდნენ და ბევრი ფული ტრიალებდა მათ ხელში. ჩემი აზრით, დიდ კორუფციას აქვს ადგილი, შესაბამისად, ასეთი დახურული თემები რაც უფრო გაიხსნება, ეს ტალღა ცუნამში გადაიზრდება და მთელ არსებულ სინოდს წაიყოლებს. ამის შემდეგ რა მოხდება, ზუსტად ვერ გეტყვით. სიმართლე გითხრათ, დიდი გულშემატკივარიც არ ვარ, რომ ვდარდობდე, რას იზამენ. ვეჭვობ, ეს პროცესი უფრო მეტად სასიკეთოდ დამთავრდება ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის, თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის. იმაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს, რასაც საპატრიარქო ამდენი წლის განმავლობაში აკეთებდა.
_ ის, რომ ჩვენ ახლა გვყავს ბიზნესმენი, პოლიტიკოსი სასულიერო პირები და საპატრიარქო იქცა მანკიერ ინსტიტუტად, ეს ხომ, გარკვეულწილად, საზოგადოების „დამსახურბაც“ არის? როგორ ფიქრობთ, ამ პროცესების შემდეგ საზოგადოება შეძლებს ადეკვატური დასკვნების გამოტანას?
_ საზოგადოება მიხვდება, რომ საპატრიარქო და რელიგია ერთმანეთთან არ არის კავშირში. ის, რომ საპატრიარქოს დიდი რეიტინგი ჰქონდა, იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ მორწმუნე ერი ვართ და ჩვენი ერის ჩამოყალიბებასა და იდენტიფიკაციაში რელიგიამ დიდი როლი ითამაშა. ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხია, რომ ჩვენ ვართ ისტორიულად ქრისტიანები. შესაბამისად, ეს გვაკავშირებს როგორც ევროპასთან, დასავლურ კულტურასთან, ზოგადად, საკუთარ თავთან. ამიტომ რელიგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამ რელიგიას ფორმალურად საპატრიარქო წარმოადგენდა, მათი რეიტინგიც შესაბამისი იყო. აქედან გამომდინარე, ვერ განვიკითხავდით ამ ადამიანებს, კითხვის ნიშნებს არ ვსვამდით მათ მიმართ, რადგან ცოცხალ წმინდანებად წარმოგვედგინა, ახლა უკვე ეს ყინული გატყდა, რა თქმა უნდა, ჩვენი რელიგია ჩვენი საქმეა და ისევ ისეთი მორწმუნე საზოგადოება ვართ, მაგრამ ეს ადამიანები მთავარ წარმომადგენლებად აღარ გვესახებიან, ყოველ შემთხვევაში, ვსვამთ კითხვის ნიშნებს, რომ ისინი დაშორდნენ რელიგიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება მიეჩვევა, რომ კითხვის ნიშნები დასვას, ყოველ შემთხვევაში, ის აგრესიული მასა აღარ იარსებებს, რომელიც იტყვის, რომ „თქვენ ვინ მოგცათ მათი განკითხვის უფლება“. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის კრძალავდა სასულიერო პირების მიმართ კითხვის ნიშნების დასმას და სხვებს ავიწროებდნენ, მათ ეს დამოკიდებულება ვეღარ ექნებათ. საპატრიარქოშია განხეთქილება, შესაბამისად, ამ ადამიანებს მოუწევთ რომელიმე მხარის გაკრიტიკება. მაგალითად, კონსერვატორული ფლანგიდან ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თავყბას დაუმტვრევს მეუფე პეტრეს. აქამდე წარმოუდგენელი იყო, რომ არსებულ ეპისკოპოსზე ვინმეს ეს ეთქვა, მაგრამ დღეს უკვე ეს განცხადება გვესმის. არ მგონია, როდესმე ამ ქვეყანაში რომელიმე მხარის კრიტიკა დაუშვებელი გახდეს.
_ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური გახდა ღმერთის სახელით აპელირება პოლიტიკაში, რაც ამომრჩევლების გულის მოსაგებ მექანიზმად იქცა. ეს ამომრჩევლის პრობლემაა თუ პოლიტიკური პარტიების სისუსტეზე მიანიშნებს? როგორია „გირჩის“ პოზიცია?
_ პასუხისმგებლობას ორივე მხარეს ვაკისრებ. მართალია, პოლიტიკოსი „პოლიტიკური ცხოველია“ და რა დაკვეთაც იქნება, იმას მოერგება და, შესაბამისად, რთულია რამე მოსთხოვო, მაგრამ მე მოვითხოვ, რომ პოლიტიკოსები ბევრად უფრო მორალურები იყვნენ. მათ საერო საკითხებსა და საჯარო სივრცეში არგუმენტებად უნდა გამოიყენონ რაციონალური, პრაგმატული, შემეცნების დონეზე დაყვანილი ცნებები. მე რელიგიას არაფერს ვერჩი, მაგრამ როცა რელიგიას საჯარო სივრცეში რამის განსჯისთვის ვიყენებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საქართველოს პოლიტიკოსები ვართ, ამ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანები არსებობენ, რომლებსაც რაიმე რელიგიური არგუმენტებით ვერ ავუხსნით კონკრეტულ საკითხს, იმიტომ, რომ რელიგია მხოლოდ რწმენის საგანია. საჯარო საკითხები უფრო რაციონალური დასკვნების გაკეთებას მოითხოვს, ამიტომ არ მომწონს, როცა რაციონალურ სფეროში შემოგვაქვს რაიმე საკრალური და პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა იკადრონ. საზოგადოება, სამწუხაროდ, კმაყოფილდება, როცა რელიგიით მიჰყიდიან რაღაც საკითხებს, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც აღვნიშნე, ჩვენს ქვეყანაში ნაციონალური იდენტობა შეზრდილია რელიგიასთან და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ახლოა. მომავალში საზოგადოებაში რომც არ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება, თვითონ პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა და ასე არ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება „გირჩს“, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველანაირი რელიგიისადმი ვართ ლოიალურად განწყობილი. საზოგადოებაში ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება და არავინ არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ პოლიტიკურ ველში ვოპერირებთ რაციონალური არგუმენტებით და ნაკლებად ვიშველიებთ რელიგიურ თუ საკრალურ საკითხებს იმისთვის, რომ საკუთარი იდეები გავამართლოთ.
ნენე ინჯგია