QronikaPlus
ქართველი ტრანსგენდერი ქალის სკანდალური ინტერვიუ

ქართველი ტრანსგენდერი ქალის სკანდალური ინტერვიუ

2019-01-27 08:04:55

ანასტასია პირველი ტრანსგენდერი ქალია ბათუმიდან, რომელსაც საერთაშორისო კონკურს „ევროვიზიაზე“ სურდა მონაწილეობა. სწორედ ამიტომ იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგში ვიხილეთ. ახალგაზრდა კონკურსანტის პირველ გამოჩენას ეკრანზე დიდი გამოხმაურება მოყვა და სოციალურ ქსელებში მის მუსიკალურობაზე ბევრი დადებითი კომენტარიც დაიწერა. კონკურსის მონაწილეს პროფესიონალმა ჟიურიმ „ოქროს ბილეთი“ პირველსავე ტურში გადასცა, წარმატებები უსურვა და მეორე ტურში დაიბარა, თუმცა ახალგაზრდა მომღერალმა მეორე ტურის გამართვამდე, ეთერში გასული პრომოდან შეიტყო, რომ ის კონკურსს გამოეთიშა. მომხდარ ფაქტზე ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ტრანსგენდერ ქალს, ანასტასია პირველს, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ტურში სიმღერის უფლება მისცენ. აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით: „დავაბრუნოთ ანასტასია პირველი „საქართველოს ვარსკვლავში“! „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტელეკომპანიები სხვადასხვა შოუს რეიტინგისთვის იწვევდნენ ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც გადაცემის სტუმრების დახმარებით ღირსების შემლახველ, მტრულ გარემოს უქმნიდნენ. ეს ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობებისა და ტრანსგენდერი ქალების სასტიკი მკვლელობების ფონზე“, _ ნათქვამია პეტიციაში. დააბრუნებენ თუ არა ანასტასია პირველს პროექტში და რა მიზეზით გაუშვეს იგი შოუდან? _ ამ კითხვებით „ქრონიკა+“-მა სცადა, „საქართველოს ვარსკვლავის“ პროდიუსერ გიორგი ხაბურძანიას დაკავშირებოდა, თუმცა მან „ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარს არ უპასუხა. „საქართველოს ვარსკვლავმა“ კი შოუს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა, ხოლო მეორე ტურში 22 მათგანი გადავიდა, საბოლოოდ კი ათი ფინალისტი აირჩიეს. „ქრონიკა+“ ანასტასიას ვინაობით დაინტერესდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.  ანასტასია პროფესიით იურისტია, დაიბადა ბათუმში და როგორც თავად ამბობს, მის ტრანსფორმაციას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არ გამოუწვევია. მისი მუსიკალური დებიუტი წლების წინათ ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ნუცას სკოლის“ ეთერში შედგა, სადაც ირაკლი სირაძის სახელით მონაწილეობდა და პროექტის ერთ-ერთი ფავორიტი და ფინალისტი გახლდათ. _ ანასტასია, სანამ „საქართველოს ვარსკვლავის“ სკანდალზე გკითხავთ, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, ბავშვობაზე...  _ ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა და სიყვარულით სავსე ოჯახში ვიზრდებოდი. ოთხი ჩემზე უფროსი და მყავს, ისინი ყოველთვის მანებივრებდნენ. ბევრი შემიძლია ვისაუბრო დედაზე, მამაზე და მთელი ცხოვრება ვიშრომებ იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერისთვის მადლობა ვუთხრა. ჩვენს ოჯახში მუსიკა და ხელოვნება ყოველთვის პრიორიტეტული იყო და მახსოვს, მთელი ოჯახი როგორ დავდიოდით საოპერო და თეატრალურ წარმოდგენებზე. ასე ვიზრდებოდი მთელი ბავშვობა მუსიკასა და სიყვარულში. _ თქვენი მუსიკალური კარიერა დღეს არ დაწყებულა, გავიხსენოთ ის წლები...  _ დიახ, ეს თემა 10 წლის შემდეგ, დღესაც აქტუალურია, თუმცა ადამიანები წლებთან ერთად ვიცვლებით და ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, 10 წლის წინათ თქვენც სხვანაირი იქნებოდით. ყველა ადამიანი იცვლება და შესაბამისად, „ნუცას სკოლიდან“ _ „საქართველოს ვარსკვლავამდე“ მეც შევიცვალე, გავიზარდე. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა „ნუცას სკოლა“ ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. _ ერთ-ერთმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შვილი გყავთ, ეს სიმართლეა?  _ შვილში რას გულისხმობდნენ _ ჩემს კატას? არ ვიცი, სხვა შვილი მე არ მყავს და თუ სადმე არის ჩემი შვილი და ეს ჟურნალისტებმა იცით, მითხარით, სად არის? ეს ცრუ ინფორმაციაა, ასევე გავრცელდა, თითქოს, წლების წინათ ქორწინებაში ვიყავი... ეს ტყუილია. _ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, რაიმე სირთულე ხომ არ ყოფილა?  _ ოჯახი ჩემთვის ძალიან ფაქიზი და წმინდა თემაა. ოჯახი ეს არის ჩემი სულის ნაწილი, სერიოზული დაპირისპირება არ მქონია. დედა ასაკშია და მე მას ძალიან ვუფრთხილდები, ჩემს დებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. როცა ადამიანს არ გაქვს ინფორმაცია, დაახლოებით ჩემს თვალში ეს ყველაფერი აღიქმება სიბნელედ, სადაც შუქი არ არის და ხარ ძიებაში. ამ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, შუქი აანთო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მე და ჩემმა ოჯახმა ეს ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. _ ამბობენ, რომ მამა ძალიან ცნობილი თანამდებობის პირია აჭარაში, მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?  _ ძალიან მენატრება! ის ყოველთვის მეხმარება იქ, სადაც არის. არ მავიწყდება და მახსოვს მისი სიტყვები: „მე შენ არასოდეს მიგატოვებ...“ _ ახლა სად არის?  _ სამწუხაროდ, 3 წლის წინ გარდაიცვალა, ამიტომ არის ჩემთვის მტკივნეული, როცა ამ თემაზე მიწევს საუბარი. ის ყოველთვის ასხივებდა ოჯახში სიყვარულსა და ბედნიერებას. არ ვიცი, რა დავამატო, ის ძალიან ძლიერი თანამდებობის პირი და უმაგრესი კაცი იყო ჩემთვის. _ რას ეტყოდი იმ მშობლებს, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ შვილზე და ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელიც ქუჩაში დარჩა საკუთარი ინდეტობის გამო...  _ დარჩნენ საკუთარ თავთან მარტო, ეს აუცილებელია და იფიქრონ იმაზე, თუ რა არის მათი მომავალი. როცა შვილი გყავს, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს მომავალი, რომელსაც შეიძლება ღილი მარცხნივ უნდოდეს და არა _ მარჯვნივ, ამით არაფერი შავდება. ჩვენ სტერეოტიპების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ის, რომ მეზობელი რაღაცას იტყვის, სამწუხაროდ, ასეთმა დამოკიდებულებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სქესზე, აქ საუბარია ადამიანებზე და იმაზე, როგორ ვანადგურებთ მათ. ყველა მშობელს მინდა ვუთხრა, ჩვენში არაფერი იცვლება, რაც არ უნდა წინაღობა იყოს. მიიღეთ და გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის. მიჭირს ასე კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარი, რადგან მე არ მქონია მშობლებთან ბრძოლა და ომი. _ მთავარ თემას შევეხოთ, „საქართველოს ვარსკვლავს“... რა მოხდა? თქვენ თქვით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პიარისთვის გამოგიყენათ. _ ჯერ კიდევ არ ვარ ინფორმირებული, რა მოხდა. არ შეიძლება, ასე მოექცე ადამიანს. ეს ცუდია მათთვის, როცა საზოგადოებას ატყუებ. მათი ინტერესი იყო, პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სანამ ჩემგან თანხმობას მიღებდნენ. პროდიუსერებს რამდენჯერმე შევხვდი მე მომღერალი ვარ და, უბრალოდ, მინდოდა მემღერა. თავად შემირჩიეს სიმღერა და მათ შემომთავაზეს, „საქართველოს ვარსკვლავის“ ნაწილი ვყოფილიყავი. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც შეწუხდნენ და კითხვები დასვეს, რატომ არ აღმოვჩნდი მეორე ტურში, მაინტერესებს, პროექტის პროდიუსერებისგან მოვისმინო სერიოული პასუხი, განმარტება. _ ამბობთ, რომ მათ შემოგთავაზეს მონაწილეობა. ბუნებრივია, საკუთარი მოთხოვნები გექნებოდათ. წინასწარ თუ შეთანხმდით ერთმანეთში, რომ აუცილებლად გიხილავდით ლაივ კონცერტზე?  _ ბევრი შეთანხმება გვქონდა და თუ მხოლოდ კასტინგზე გამოვჩნდებოდი, რა თქმა უნდა, არ მაწყობდა, ასეთი პირობით მათ შემოთავაზებაზე უარს ვეტყოდი, რადგან ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. მათ გარეშეც ავდგებოდი და ჩემით მივიდოდი კასტინგზე. პრომოდან ვიგებ, რომ პროექტში აღარ ვარ. ჩემთვის არავის დაურეკავს და არ უთქვამს, რა მოხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეთერში საკუთარი თავი დავინახე და ასევე ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ის გამოხმაურება, რაც სოციალურ ქსელებში მოჰყვა ჩემს გამოჩენას. როდესაც პრომოში საკუთარი თავი ვერ აღმოვაჩინე, პროექტის პროდიუსერებთან დავრეკე, ვესაუბრე გიორგი ხაბურძანიას და ვიკითხე, თუ რა ხდებოდა?! პასუხი ძალიან სასაცილო იყო: „დაგვავიწყდა, თქვენთვის გვეთქვა“. გიორგი ხაბურძანიასგან მინდოდა პასუხის მოსმენა. იგი ბევრ რამეს შემპირდა. პასუხი ვერ მივიღე და გიორგი ხაბურძანიამ ფეისბუზე დამბლოკა. ეს რა საქციელია? საკუთარ თავზე გამოსცადონ ასეთი დამოკიდებულება! მე მათ ვერ დავარქმევ იმ სახელს, რაც ეკუთვნით, რადგან ასეთი სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ მაქვს. ფეხებზე დამიკიდეს და მე თუ გავწამდებოდი და თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი, ეს მათთვის უხერხული არ იქნებოდა, რადგან დაავიწყდათ, გავეფრთხილებინე. ვიღაცამ ხომ უნდა ამიხსნას, ეს რა საქციელია?! ძალიან მატკინეს გული... ხომ შეიძლებოდა, პრომოდან არ გამეგო ჩემი ამბავი და პრომოს გასვლამდე დამკავშირებოდნენ. _ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაგიჭირათ, ასევე პეტიციაც დაიწერა, სადაც ანასტასიას პროექტში დაბრუნებას ითხოვენ. თუ ამ თხოვნას საზმაუ გაითვალისწინებს, შესაძლებელია, ისევ გიხილოთ შოუში?  _ ჩემთვის საზოგადოების აზრს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებრივი არხის შემოთავაზებას დავთანხმდი და დღეს საზოგადოება ჩემს მეორე ნამღერს ელოდება. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემს მსმენელს ჩემი სიმღერა „საქართველოს ვარსკვლავის“ გარეშე მივაწოდო. წინასწარ ვერ გეტყვით, რას ვიზამ, ძალიან შეწუხებული ვარ. _ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ, აქტიურად გამოჩნდეთ ქართულ შოუბიზნესში?  _ უკვე ვმუშაობ ახალ სიმღერაზე და აუცილებლად ვიქნები ქართულ შოუბიზნესში და იცით, რატომ? სხვა შეგრძნებაა, როდესაც ხედავ ადამიანების სიყვარულს. ფრთხილად და, რაც მთავარია, ყოველგვარი ეპატაჟის გარეშე გავაცანი საკუთარი თავი ჩემს ქვეყანას. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როდესაც კომენტარები გადავიკითხე, ეს ჩემთვის დიდი ემოცია და სტიმული იყო. ხალხი ჩემს სიმღერას ელოდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი ჩემი სიმღერით გავაბედნიერო. ჩვენ ერთმანეთი თუ არ შევიყვარეთ, ვერ ვიარსებებთ. უკვე ავიღე პასუხისმგებლობა, ადამიანებს უფრო დიდი სიყვარული დავუბრუნო ჩემი სიმღერით, რადგან ვგრძნობ და მიყვარს სიმღერა, სიმღერით კი შეიძლება ბევრი რამ შეცვალო ადამიანების გულებში. _ გასაგებია, რომ ბევრი დადებითი კომენტარი დაიწერა თქვენს პერსონაზე, თუმცა მაინც გკითხავთ, _ არ გეშინიათ იმ ჰომოფობიური განწყობების, რაც ჩვენს ქვეყანაშია?  _ ჩემი სიმღერა არ არის საშიში, მე არ მეშინია. ჩვენს საზოგადოებას სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული. ჩვენ ყველას ორი ფეხი გვაქვს, ორი ხელი, ზუსტად ერთნაირად გვიცემს გული. გასაგებია, რომ ყველაფერს მისი სახელი უნდა დაარქვა, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები ვართ და ერთმანეთის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს. _ პირად ცხოვრებში რა ხდება, შაბლონურ კითხვას დაგისვამთ, _ შეყვარებული გყავთ?  _ შეყვარებული მყავდა, რომელიც სწორედ ამ პროექტს შეეწირა. სერიოზული საუბარი გვქონდა პროექტამდე და ავუხსენი, რომ მზად ვიყავი, საზოგადოების წინაშე უბრალოდ მემღერა. ზრდასრული გოგო ვარ და არ მიყვარს ჩხუბი, მშვიდად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე ერთად აღარ ვართ. _ კესარია აბრამიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ჩვენი ინფორმაციით, როდესაც ეკრანზე გნახათ, თქვენ შორის დაძაბული საუბარი შედგა, ეს სიმართლეა?  _ როცა მის სახელს ვამბობ და მესმის _ კესარია! ის ჩემთვის ყოველთვის არის გმირი ქალი, რომელმაც ძალიან კარგად და სწორად მიაწოდა მაყურებელს საკუთარი თავი. მას ძალიან დიდ წარმატებებს ვუსუვებ. მე არ ვარ კონფლიქტური გოგო, არ მომწონს დაძაბულობა. შეიძლება, გვქონდა ცოტა ისეთი საუბარი, მაგრამ რომ გითხრათ, ომი გვაქვს-მეთქი, ეს ასე არ არის. _ იმასაც ამბობენ, რომ „მის ტრანს მსოფლიოზე“ მიემგზავრებით.  _ ეს კონკურსი არის ძალიან ლამაზი გოგონებისთვის და ამიტომაც წავიდა კესარია. არ ვაპირებ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ მიფიქრია ამ თემაზე. ჩემი პროფილი სიმღერაა. კესარია უკვე იყო ამ კონკურსზე და ძალიან კარგი შედეგით დაბრუნდა საქართველოში. _ „ვარსკვლავის დაბადება“ _ ასე შეაფასეს თქვენი გამოჩენა სოციალურ ქსელებში.  _ ჰა, ჰა!.. ძალიან მომწონს ეს სიტყვა, რადგან ამ ყველაფერს ბევრი ლამაზი წუთი მოყვება. _ დაბოლოს, ნიკა გვარამიას სტატუსი თუ წაიკითხეთ? ის წერდა, რომ „მხოლოდ ქართულიდან“ გქონდათ შემოთავაზება. ვციტირებ: „ძალიან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან საზმაუ აირჩია. ხოდა, ისეა, როგორცაა“.  _ დიახ, წავიკითხე. ნიკა ძალიან ჭკვიანი კაცია, წარმატებებს ვუსურვებ. არ დავთანხმდი _ ეს ასე არ იყო. მიმაჩნდა, რომ „ევროვიზია“ გახლდათ თავისუფლების ფესტივალი და ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ დავთანხმდი „მხოლოდ ქართულს“, ეს იყო „ევროვიზია“. თუ „საქართველოს ვარსკვლავს“ მოვიგებდი, შანსები მქონდა, „ევროვიზიაზე“ ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა, ამ ყველაფრისთვის ძალიან მომზადებული ვიყავი და ვფიქრობ, რესურსიც მქონდა. _ შესაძლებელია, მომდევნო სეზონში გიხილოთ „მხოლოდ ქართულში“?  _ ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და, რა თქმა უნდა, როდესაც მშობლიურ ენაზე ვმღერი, სხვა შეგრძნება და სხვა სიყვარული მეუფლება. ამ ეტაპისთვის სიტყვა კონკურსი ჩემთვის იმდენად აღარ არის გამართული, რომ არ ვიცი და ვერ გეტვით, რა მოხდება. ჩემთვის მთავარია, ვიმღერო. _ დაბოლოს, სიმღერის გარდა რას საქმიანობთ, თბილისში ცხოვრობთ?  _ თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი ვარ მაგისტრის ხარისხით, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, დავხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. ამიტომ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ის საქმე, რასაც ახლა ვემსახურები. ვმუშაობ ყრუთა კავშირში, _ ადამიანებთან, რომლებიც ერთმანეთს ჟესტური ენით ესაუბრებიან. ეს ჩემთვის სიყვარულის ენაა, ყველაზე ლამაზი, რაც ჩემს ცხოვრებაში მინახავს. ძალიან მინდა, ეს ენა ყველამ იცოდეს.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება