ფრანგებს საწვავი გაუძვირეს და ელისეის მინდვრები ცეცხლს მისცეს, დემონსტრანტები პოლიციას შეასკდნენ და არის ერთი დაიჭი-გამატარე. აქ საწვავიც ძვირდება და საცეცხლიც _ („საცეცხლს“ ქართლში მუცლის ამოსაყორს, საკვებს ეძახიან), ლარიც ისე გარბის და მიკუნტრუშებს, როგორც ჩვენი ახლად თავსმოხვეული პრეზიდენტი სალომე გარბოდა ბოტასებში.
დიახ, ძვირდება საკვებიც, საწვავიც, წამალიც და მთლიანად ეს დასაწვავი ცხოვრება, სულშიც აქლემის „ნაპორით“ გვაფურთხებენ _ არჩევნებს „დოქტორსკი კალბასივით“ თუ „პერაშკივით“ (ოდეს იტყვიან ვანოს შოუში) ყიდულობს ერთი უშნოდ ახირებული, ნიცშესთან ამოპაექრე „ბრძენი“ და მაინც არაფერი ხდება. იმედია, ხვდებით, რუსთაველის გადაბუგვის წყურვილი რომ არ მკლავს და საზოგადოების პროტესტზე ვსაუბრობ.
დიახ, ცალკერძ საზოგადოებისა და ცალკერძ პოლიტიკური სპექტრის. ტიპმა ოთხი თითი კი არა, „ნასკებიც“ დაიხადა და ოცივე თითით დაგვცინა _ ეკლესიასთან გარიგდა და ზედ არჩევნების წინა დღეებში მღვდლები ტრადიციულად სალომეს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ მრევლს, 600 ათას კაცს ვალების განულებას დაჰპირდა, ვიღაცას ხუთი კილო კარტოფილი და ხუთი კილო ხახვი მიახახვა, ვიღაცას კიკუსავით თუმნები ჩაუკეცა, ვიღაცა სულ მუქთად შააშინა (სოციალურის მოხსნით, სამსახურიდან გაპანღურებით, „პრობლემების შექმნით“), „კაი“ ბიჭები „აამუშავა“, ვიღაცას მოსაწევი მისცეს, ვიღაცას შიგ ვენებში გასთხარეს, პატარა ბიჭებს ბოზებში წაყვანას დაჰპირდნენ, რაღა არ ქნა, რაღა არ იკადრა და საქნელი ქნა. ის ქნა, რაც პუტინმა დაავალა. დიახ, ყველაფერი არის ფრიად მარტივად. ბიძინა ივანიშვილმა, იქიდან გამომდინარე, რომ კაპიტალი რუსეთშიც აქვს და დასავლეთშიც და ორივეს უფრთხილდება, ვერ მოახერხა ის, რაც პუტინს სურდა _ ვერც აფხაზეთი აღიარა, ვერც ცხინვალის რეგიონი, ვერც რკინიგზა გახსნა. ჰოდა, კრემლმა ავანსცენაზე გამოაკუნტრუშა ის, ვინც ამ ყველაფერს იზამს. ივანიშვილს კი დაევალა მისი გაყვანა. ბევრი ეცადა, არაფერი გამოუვიდა, მისი მხარდაჭერის მიუხედავად, ზურაბიშვილმა თითქმის იმდენი პროცენტი აიღო, რამდენიც ოპოზიციის კანდიდატმა. რაღა უნდა ექნა? ადგა და არჩევნები უყიდა. თან ბიუჯეტის ფულით, ახლა თუ ცოტა თავისიც დახარჯა, რა უჭირს, ამ ცოტათი ის ბევრი გადაარჩინა, რასაც პუტინი დააკარგვინებდა, თუ მის ფავორიტ სალომეს არ გაიყვანდა. ბიძინა ისე იყო შაშინებული, მეტიც კი უყიდა სალომეს ვიდრე სჭირდებოდა. ანუ პირველი ტურის მერე ისეთი ფახი ეცა, გავარდა და იმაზე მეტი უყიდა, ვიდრე საჭირო იყო. დიახ, სალომე ზურაბიშვილს ბოლო მონაცემებით 59,52%-მა მისცა ხმა და ახლა, 51%-ით რომ გასულიყო, რა, ის ოპერის „ლუსტრასაეფ“ საყურეები დაუმოკლდებოდა?
მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, საწვავიც ძვირდება, საცეცხლიც, არჩევნებიც ცხვირწინ იყიდეს, გაგვაბითურეს და... და რა? _ არც არაფერი. სააკაშვილის წამოყენებული დაუმორჩილებლობა და ქუჩაში სტიქიურად გამოვარდნა 4 დღის შემდეგ დავარცხნილ მანიფესტაციად „გადაკატავდა“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა იქ მისვლაზეც თავპატიჟი დაიწყო. ოპოზიციამ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა და მოთხოვნების შესასრულებლად 15-დღიანი ვადა მისცა და რა გინდა? ხელისუფლებამ ლამის სინათლის სიჩქარით, 15 დღეში კი არა, 15 წუთში ბესელიას პირით უპასუხა, რომ მათთან არანაირ „ძიალოგს“ არ აპირებენ და არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება.
უტრიფარ პასუხად გეჩვენათ? გგონიათ, ბესელიამ ამით მარტო ვაშაძეს ან „ნაცებს“ უპასუხა? ან მარტო ბესელიამ უპასუხა ამ პასუხით საზოგადოებას? არა, ბატონებო, კრებსითმა ბესელიამ უპასუხა მთელ ქართულ საზოგადოებას, აი, იმ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობამ თავი მოატყუებინა, მივიდა და აირჩია. გაბრიყვებულებს ზუსტად ასე და და ამ ტონში ესაუბრებიან, როდესაც მათ გამოიყენებენ, ლიმონივით გამოწურავენ და მოისვრიან.
ბესელიას პირით ხელისუფლების ამ პასუხამდე სხვა პასუხებიც იყო. კერძოდ ის, რომ ვალების ჩამოწერა შეიძლება ახალ წლამდე ვერ მოესწროსო, მერე ითქვა, შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოსო. მოკლედ, ხალხი კიდევ ერთხელ დარჩა გაღიმებული და ვალამოგდებული. ხმა კიდევ უკვე მიცემული აქვთ, ის კი არა, აგერ მათი ხმამინაცემი სალომე ზურაბიშვილი უკვე „ძიზაინერთან“ გაიქცა _ ვინმე დიასამიძესთან და ინაუგურაციისთვის კაბას იკერავს. მისი ამომრჩეველი კი დარჩა ისევ ნიფხავგამოხეული და მშიერი.
თუ არჩევნებამდე ქეშებს ეგონათ, რომ სადაც უნდა და როცა უნდა იქეშავებდნენ, აირჩიეს თუ არა სალომე, ეგრევე მესამე მოსმენით დამტკიცდა კანონი, რომელიც მარიხუნას მოხმარებას ზღუდავს და სჯის მთელ რიგ შემთხვევებში.
აგერ გარდაბანში, სადაც კარტოფილი და ხახვი დაურიგეს, არჩევნებში ხმის სალომესთვის მიცემისა და სალომეს გამარჯვების შემთხვევაში, ხალხს შაქარსა და კარაქსაც დაჰპირდნენ. აარჩევინეს სალომე და... და ის, რომ ის საწყობი დაკეტეს. შაქარსა და კარაქზე მისულებს კი უკვე სტკიცეს უარი, მოახსენეს, რომ არც შაქარი იქნება და არც _ კარაქი.
გამოიყენეს, ხმა მიაცემინეს და გადააგდეს. დარჩნენ იმ 5 კილო კარტოფილისა და 5 კილო ხახვის ამარა _ მოტყუებულები და გაბითურებულები, მაგრამ რა ბიძინას და რა სალომეს ბრალია, რომ ქოცები, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი იტყოდა, _ ინტელექტით პენტიუმ ერთიანები არიან?
ხანდახან რაღა დაგიმალოთ და მხიბლავს კიდეც ბიძინა ივანიშვილი. აი, სწორედ ამ გადაგდების ეპიზოდებში. რას ვიზამთ, მიყვარს, როცა მავანს დამსახურებულად მიეზღვება საკადრისია ის, რისი ღირსიცაა. არ უნდა იყო ბრიყვი და ვერავინ გაგაბრიყვებს.
მაგრამ ერთიცაა, ამ სამყაროში, მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში, სადაც ყველა ყველას მოტყუებაზეა, მართლა ძნელია გაუმკლავდე ყველა მხრიდან იერიშს და სადღაც არ მოტყუვდე.
თავად განსაჯეთ: მიდიხარ ექიმთან, გიწერს წამლებს _ შენც რომ გეყოფა და შენს მეზობლებსაც. მიდიხარ აფთიაქში, ეუბნები კონკრეტულ მედიკამენტს, დგას აფთიაქარი და ურცხვად გტენის სხვა წამალს და უნამუსოდ გიმტკიცებს, რომ ეს იგივეა, მეტიც, რომ ეს უკეთესია იმაზე! იყიდი, მოიტან და ნახავ, რომ რა წამალიც იყიდე, იმის აქტიური ნივთიერება სულ სხვაა და რომლის ყიდვაც გინდოდა, იმისი _ სულ სხვა.
მიდიხარ ბაზარში და გატყუებენ წონაში, გატყუებენ ხურდაში. ხშირად პროდუქტშიც _ გაგასინჯებენ ერთ ყველს _ გემრიელს, ვირტუოზულად კი ცელოფანში სხვა ყველს გიდებენ, მოიტან სახლში და კალოშივითაა. უბრალოდ, თეთრია ბესელიას ჩექმებივით.
მიდიხარ საპოჟნიკთან და გატყუებს, _ ხვალ მზად იქნებაო და იმდენი ხვალე გადის, ლამის ახალი ფეხი ამოგივიდეს. გატყუებს ნებისმიერი ხელოსანი _ გპირდება, რომ ერთ კვირაში მორჩება რემონტს და თუ ორ თვეში მორჩა, ბურვაკი უნდა დაუკლა.
მიგყავს ბავშვი მოსამზადებლად და წლის ბოლოს არკვევ, რომ ბევრი არაფერი უსწავლია და ბალღი ტყუილად დალაყუნობდა და ასე უსასრულოდ.
მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მონაგონია იმასთან, რამდენსაც და როგორც ხალხს ატყუებენ პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები ხალხის მოსატყუებლად იყენებენ მედიას და თვითონ მედიაც არ ჩამორჩება პოლიტიკოსებს ხალხის მოტყუებაში, სწორედ პოლიტიკური დაკვეთისადა გამო. მთელი ამდენი წლების მანძილზე ვრცელდებოდა ათასი ჭორი, მართალთან ათქვეფილი შეთხზული სიბინძურე. საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს ისმენს, ცდილობს გაფილტროს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ ფილტრავს, იბნევა და სწორედ ეს დაბნეულობაა ის მღვრიე წყალი, სადაც კარგად თევზაობენ თაღლითობისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები. სწორედ ასეთ დაბნეულ ადამიანზე წერდა ქალბატონი სევდია უგრეხელიძე ფეისბუკში: მიკროავტობუსით იმგზავრა პენსიონერ ქალთან ერთად, რომელიც ხმის მისაცემად ზესტაფონიდან ჩავიდა თბილისში. ჩავიდა და 48 შემოხაზა, იმიტომ კი არა რომ ან ხახვი მისცეს ან ნიორი, ან განა იმიტომ, რომ მიშა სძულს. უბრალოდ, სჯერა ყველა ფეიკი _ ცოცხიან-ყველაფრიანად. და როდესაც ყველაფერი აუხსნია ქალბატონ სევდიას და მიულოცია პუტინისთვის ხმის მიცემა, ეს პატიოსანი ქალი შეწყუხებულა კიდეც. უგრეხელიძე წერდა, _ ასეთებიც არსებობენო და დიახ, არსებობენ და არც თუ ცოტა!
ბევრს იმის ინტელექტუალური რესურსი არ აქვს, ამდენი არხიდან მომდინარე ინფორმაცია ფილტროს და ახარისხოს, ტყული მართლისგან განასხვავოს, სხვას თავზე იმდენი საქმე და პრობლემა აყრია, ამაზე ფიქრისთვის დრო არ რჩება და მათში ეს ცრუ ინფორმაციები ილექება, განწყობებად ილექება! და არც არავინ ცდილობს, რომ ამ ხალხს აუხსნას, დაეხმაროს თუნდაც იმით, რომ იმ ცილისწამებებზე პასუხი გასცენ და ადამიანს იმის საშუალება ჰქონდეს, რომ ორმხრივი ინფორმაციიდან გამოიტანოს დასკვნა.
ცოცხების სკანდალიდან მალევე განაცხადეს ექსპერტებმა, რომ ცოცხით არავის არავინ არ გაუუპატიურებია, ეს აღიარა თვით დამდგმელმა „პაზოლინიმ“ ბედუკაძემაც, მაგრამ ბევრს დღემდე სჯერა, რომ ცოცხით ხალხს აუპატიურებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, მათი პრობლემაცაა _ ვისაც სჯერა, რადგან მათ რაც არ უნდა მოისმინონ, ასე უნდათ და ასე სჯერათ, მაგრამ ხომაა ხალხი, ვისაც სჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია? _ ადამიანს ტანში ცოცხი ჰქონდეს გაყრილი და საუბრობდეს _ კი არ ღრიალებდეს ან კვდებოდეს, საუბრობდეს „პაჩეხოვსკი“, „ს პაუზამი“. მაგრამ ამ ხალხს ვინმემ გამოუყვანა პროქტოლოგი ან იმ დღეებში, ან მერე და აახსნევინა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია?
ან იგივე ყბადაღებული თირკმლების ტრანსპლანტაცია! ხალხს ვინმემ აჩვენა თუნდაც ერთი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი, როგორ ხდება თირკმლის გადანერგვა?
თუ ამას აუხსნი და ისინი მაინც ჯიუტად იმ აზრზე დარჩებიან, უკვე სხვა კლინიკასთან გვექნება საქმე, მაგრამ არის ხალხი, ვინც, უბრალოდ, ვერ ერკვევა ამ ყველაფერში, არ იცის და მათი არცოდნით სარგებლობენ.
თუმცა ცხადია, არის რაღაც, რაც მართლა ვერავინ ვერ უნდა მოგატყუოს.
2012 წელს უფასო ფულს ჰპირდებოდა ხალხს. ხალხს მეტიც ეგონა, რომ ბიძინა მათ შეინახავდა. არადა, ამ ფუჭი ოცნების მოსაკლავად საჭირო იყო ერთი კალკულატორი და ორი წუთი. დიახ, აეკრიფათ კალკულატორზე 7 მილიარდი და გაეყოთ 3 მილიონ 500 ათასზე! მიიღებდნენ 2 ათასს. ანუ ბიძინას, სულ რომ ნიფხავ-პერანგის ამარა დაეტოვებინა თავისი შვილები და მთელი ქონება, 7 მილიარდი საქართველოს მოსახლეობაზე დაერიგებინა, თოთოს სულ 2 ათასი ლარი შეხვდებოდა! ერთჯერადად და ბიძინაც მათსავით გაღლეტილი გახდებოდა! და სადამდე ეყოფოდათ ის 2 ათასი ლარი?
ან როცა დაიჯერეს, რომ ყველა სოფელს 5-5 მილიონს დაურიგებდა (ნინელი ჭანკვეტაძისა და ქეთი დოლიძის ტირაჟირებული დაპირება), დაეგუგლათ, რამდენი სოფელია საქართველოში! საქართველოში 3668 სოფელია. აეღოთ ის კალკულატორი და ეს 3668 გაემრავლებინათ 5 მილიონზე და მიიღებდნენ 18 მილიარდ 340 მილიონს.
მაგრამ როცა არც ტვინს ანძრევ და არც კალკულატორს, რჩები მოტყუებული და კარტოფილამოგდებული და ხახვი რომ შემოგელევა, ისღა დაგრჩენია, მეზობელს სთხოვო, _ იქით არჩევნებამდე ორი თავი ხახვი მასესხეო.
რომაელები ურჩ მონებს ყურებს აჭრიდნენ და ზედ ხახვსაც აჭრიდნენ _ სისხლდენის შესაჩერებლად. სწორედ აქედან მოდის გამოთქმაც, _ ყურებზე ხახვი არ დამაჭრა.
ფაქტი ერთია, ბიძინამ ქვეყანა დაიმონა და დიახაც, რომ ხახვი დააჭრა ქვეყანას ყურებზე!
რეზო შატაკიშვილი