QronikaPlus
ორსადარბაზოიანი ქვეყანა

ორსადარბაზოიანი ქვეყანა

2018-07-06 09:45:53

ქვეყანა ერთი. ქალაქი ერთი. რაიონი ერთი. დასახლება ერთი. კორპუსი ერთი. ერთ სადარბაზოში ყველაფერი: რკინის კარი. ვიდეოკონტროლი. მოწესრიგებული იატაკი. კიბეები მოაჯირით. გარემონტებული კედლები, ჭერი. მეორე სადარბაზოში _ არაფერი: არც კარი, არც ვიდეოკონტროლი, არც რემონტი, არც მოაჯირები. არ იკითხავთ, _ რატომ? პირველში ამხანაგობის თავმჯდომარე ცხოვრობს _ „ოცნების“ კოორდინატორი, „აქტივისტკა-კამსამოლკა“, რომელიც მეორეში მცხოვრებლებს „ნაცებს“ ეძახის... მოკლედ, „ჭირი იქა, ლხინი _ აქა, ქატო იქა, ფქვილი _ აქა“. მაგრამ ეს ზღაპარი არაა, ეს რეალობაა, ეს აქ, ამ ქალაქში, სამგორის რაიონში ხდება. და რა აერთიანებს ამ ორ სადარბაზოდ გახლეჩილ კორპუსს? ცხადია, აუტანელი, ტვინის ამდუღებელი სიცხე და არანაკლებ ტვინის ამხდელი ამბები. ერთი სადარბაზოც და მეორე სადარბაზოც, რაც არ უნდა პირველს დარუბანდის კარი ებას და მეორეს _ ნიფნიფ-ნუფნუფ-ნაფნაფისაც არა, მაინც ბედკრული საქართველოს შვილები არიან _ ხვიჩასა და გოჩასი არ იყოს. არც ერთია განვითარებული ქვეყნის მოქალაქე და არც მეორე _ ბოლოდან პირველი ქვეყნის. ვიმეორებ: ორივე მაჩანჩალა ქვეყნის შვილები არიან. მერე რა, რომ ეს მაჩანჩალობა სწორედ იმ პირველი სადარბაზოს მცხოვრებთა მიერ მოწონებული პოლიტიკური ძალის დამსახურებაა?.. და მერე რა, რომ იმ მეორე სადარბაზოს მიერ მოწონებული პოლიტიკური ძალა როცა სათავეში იყო, სწორედ ამ მაჩანჩალობის აღმოფხვრას ცდილობდა და მოახერხა კიდეც? მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ასეა და რა გაეწყობა? ამ ორ ანტაგონისტ სადარბაზოს ქვეყნის ამბები აერთიანებს და არც აერთიანებს. რანაირად გააერთიანებს, როდესაც დარწმუნებული ვარ, ერთი და იგივე ამბებს სულ სხვანაირად აღიქვამენ პირველ სადარბაზოში და სულ სხვანაირად _ მეორეში? სხვანაირად აღიქვამენ და სხვანაირი რეაქციებიც აქვთ და შესაბამისად, დასკვნებიც. აი, მაგალითად: გამოცდები ტარდება აუტანელ სიცხეში. ტარდება კონდიციონერების გარეშე. ალბათ პირველი სადარბაზოდანაც უწევს ვიღაცას გამოცდების ჩაბარება და _ მეორიდანაც. ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, რას ამბობენ ამ უკონდიციონერო გამოცდებზე პირველ, „ქოცურ“ სადარბაზოში და რას _ მეორეში? „ქოცები“, რა თქმა უნდა, აღიარებენ იმას, რომ სიცხეა, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა შუაშია აქ ბიძინა? ან ეს მთავრობა? იმ ამოსაწყვეტ „ნაცებს“ არ უნდა დაეტოვებინათ კონდიციონერებიც, ამ გამოცდებს რომ ტოვებდნენ? მეორე, „ნაცური“ სადარბაზოს მკვიდრნი, რა თქმა უნდა, მთელ პასუხისმგებლობას მთავრობასა და ბიძინას აკისრებენ. იმ ბიძინას, რომელსაც თავისი პინგვინი ნამდვილად გრილად ჰყავს და სულ არ აღელვებს, ცხელათ თუ არა „პინგვინებს“ _ საბჭოთა პერიოდში სწორედ აბიტურიენტებს უწოდებდნენ რეპეტიტორები „პინგვინებს“. თაკარა მზეში მთავრობის სხდომა რომ ბუნწიაღში ჩატარდა, რეაქცია-შეფასებები აქაც სხვადასხვა იქნებოდა. პირველსადარბაზოელები, აი, ადრე მიშას რომ დასცინოდნენ ბუნწიაღში მთავრობის სხდომების გამო, ახლა უტიფრად იწონებენ... მეორესადარბაზოელები კი _ თავის დროზე რომ იწონებდნენ, ახლა მინიმუმ ხითხითს ატეხავენ, მეტიც, მიმბაძველობაში ამხელენ... რეალობა კი შემდეგია: ბუნწიაღში პიკნიკია კარგი და არა მთავრობის სხდომა. და ის _ მიშა როცა ამას ატარებდა, სიახლე მაინც იყო, სხვა თუ არაფერი, ახლა კიდევ რა პინგვინის ლავიწია? და ახლა რომ ესენი მინდვრად გავიდნენ, მიშა უკვე სახელმწიფოს მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე საუბრობს... ესენი, ჯერ კიდევ, მინდვრად დარბიან... ალბათ პირველი სადარბაზოს მცხოვრებლებსაც გაუკვირდებოდათ და მეორე სადარბაზოს მცხოვრებლებსაც, როცა გაიგებდნენ, რომ ხაშურის საკრებულომ სექსი „დაურეგულირა“ ძაღლებსა და კატებს. გაუკვირდებოდათ, გაბრაზდებოდნენ, რა ძაღლების დათბილვასა და გასეირნებაზე ლაპარაკობენ ან რა სექსისა და გამრავლების დარეგულირებაზეო, მაგრამ ამის გამო პატრონს _ ბიძინას ხომ არ აწყენინებდნენ პირველსადარბაზოელები? დაბალ ხმაზე შეუკურთხებდნენ ხაშურის საკრებულოელებს, ისე დაბალ ხმაზე, ხაშურში კი არა, გვერდით სადარბაზოში რომ არ გაეგოთ „ნაცებს“... აი, რომელიღაც კონკურსში გამარჯვებული ვიღაც ავტორის გამოჩენამ აფსუების დროშიანი მაისურით, სავარაუდოდ, იმედია, ორივე სადარბაზოს მკვიდრნი გააღიზიანა. იმ ავტორს ვგულისხმობ, ბევრი რომ წერა და წერით რომ ვერ ეღირსა პოპულარობა და „მაიკით“ და ამ უმსგავსი ეპატაჟით რომ იღირსა. მწერალი თუ ხარ, წერით უნდა გახდე პოპულარულიც და სკანდალურიც. თუ არა და, რა დროშა და გერბი გინდა, ამოაგდე სარცხვინელი და გაიარე. ყველა გაგიცნობს. მოკლედ, ეს „გამოსვლა“, ალბათ, ორივე სადარბაზოში გააღიზიანებდათ და ასევე, ალბათ, ორივე სადარბაზოში მოიპოვებოდნენ ამის „გამპრავებლები“. ესეც ხომ დამახასიათებელია, რიგ საკითხებში ზოგ „ნაცი“ „ქოცებს“ უფრო ეთანხმება, ვიდრე დანარჩენ „ნაცებს“ და ასევე ზოგი „ქოცი“ „ნაცებს“ უფრო ეთანხმება, ვიდრე _ „ქოცებს“. ამ შემთხვევაში არსებითი ისაა, რაც ყველამ ზუსტად ვიცით _ პირველი სადარბაზოს მკვიდრნი, ვიღაცამ რომ დროშიანი და ოფლიანი მაიკა ჩაიცვა, ამაში, რა თქმა უნდა, მიშას დაადანაშაულებენ ისევ, მეორე სადარბაზოს მკვირდნი კი ამ ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს. არადა, ყველაფერი უფრო ისეა, როგორც წერეთლის „ღამურაშია“ ... აი, ამ „მაიკისგან“ განსხვავებით მართლაც აუტანელია ის, რაც ხდება _ ქართულ ჯარს ჯაშუშობისთვის მსჯავრდადებული ამარაგებს! ვინმე პეტრე დერვიშიძე, რომელიც 2010-ში ჯაშუშობის ბრალდებით გასკვანჩეს და შემდეგ თავადაც აღიარა, მეტიც, სულ წვრილად მოყვა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი და როგორ აწვდიდა „გრუს“ ინფორმაციას, დღეს ორ-ორი კომპანიით მონაწილეობს და იგებს ტენდერებს! ზედიზედ 21-ს! ბოლო წლებში, ჯამურად, 4 მილიონი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან! როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუკში“ წერდა, მართლაც მეტი რანაირადღა უნდა ამოსვაროს ამ ხელისუფლებამ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ლაფში?! მელიასავე თქმით, ამ ხელისუფლებას მართლაც ყველაზე აღვირახსნილი პოლიტიკური კამასუტრა აქვს. ასეთ „პოზას“ ვერსად ნახავთ _ კაცი ჯაშუშობდეს, მტერს ინფორმაციას აწვდიდეს და მილიონებს ის მტერი სახელმწიფო კი არა, საკუთარი ქვეყანა უხდიდეს! ამ ამბავზე, ცხადია, სხვადასხვანაირად ილაპარაკებენ პირველი და მეორე სადარბაზოს მკვიდრნი. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ფაქტი პირველი სადარბაზოს მცხოვრებლებსაც არ მოეწონებოდათ, უბრალოდ „ამის“ გამო არ აწყენინებენ ამ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელმაც რკინის კარი შეუბა, მოაჯირი დაუყენა, რემონტი გაუკეთა და რაც მთავარია, „ნაცი“ მეზობლებისგან გამოარჩია. ამ სადარბაზოს მკვიდრთ რას ვერჩით, როდესაც აგერ კულტურის მოწინავე მუშაკებმა ხმაც ვერ ამოილუღლუღეს, არათუ დასჭექეს, როცა კულტურის სამინისტრო „ბუტკასაებრ“ დაგვიხურეს. დიახ, ივანიშვილმა და მისმა ახალმა პრემიერმა გააუქმეს კულტურის სამინისტრო. გააუქმეს ისე, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებისგან არ შეხვედრიან იოტისოდენა წინააღმდეგობასაც კი. არა, განცხადებები იყო, როგორ არა! რომ ეს დანაშაულია, რომ ეს კატასტროფაა და ა. შ., მაგრამ არც ერთს არ უხსენებია, ვინაა ამ კატასტროფის ავტორი, ვინ სჩადის ამ დანაშაულს! ბახტაძისთვისაც კი არავის მოუთხოვია პასუხი, ივანიშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! აი, ასე, აბსტრაქტულად, უადრესატოდ აპროტესტებდნენ _ ნაზი წკავწკავით! არადა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დროს რომ გაეუქმებინათ კულტურის სამინისტრო, პირდაპირ მიშას ატაკებდნენ თვალებში თითს! მეტიც: უმალ მიზეზშედეგობრივ კავშირსაც დაადგენდნენ სამინისტროს გაუქმებასა და მოჭმულ ძუძუებს შორის! ახლა ისე წუწუნებენ სამინისტროს გაუქმებაზე, გეგონება, ბიძინა და ბახტაძე არაფერ შუაში არიან და თვითონ კულტურის სამინისტრო ახტა და ჩამოეხა განათლების სამინისტროს... ამ ახალი, გაერთიანებული სამინისტროს ხსენებაზე გამახსენდა: აი, სულ რომ ბიძინას ზვიგენთან ჩაგდებით დაემუქრო, ამ ახალი სამინისტროს სრულ დასახელებას (განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) ვერც პირველ „პაძიეზდელი“ დაიმახსოვრებს და ვერც მეორელი. რაც მთავარია, კვირის ბოლოს მიშას ინტერვიუს პირველ სადარბაზოშიც უყურებდნენ და _ მეორეშიც. ცხადია, მათთვის შესაფერისი რეაქციებით და რეპლიკებით. უყურებდნენ და კიდევ ერთხელ განიხილავდნენ იმ სამარცხვინო სასამართლოს ამბავს, რომელმაც მესამე პრეზიდენტს 6 წელი მიუსაჯა ნინო ბურჯანაძის ნაჭორავებზე. დიახ, „წიოწ“ ნინა, შეხტა „ფრანცუზკებზე“ და მიპაკუნდა სასამართლოში. ტუჩის კუთხეებზე ჩამოისვა ცერა და საჩვენებელი თითი ერთად და დაარაკრაკა, _ კი, მიშამ ჩემთან აღიარა, მე ვაცემინე გელაშვილიო და შემპირდა, მეტს აღარ ვიზამო. აი, ამის საფუძველზე მიუსაჯეს სააკაშვილს! ჭორიკუდა სამართალიც ამას ჰქვია. არც შესწრებია, არც რაიმე მტკიცებულება აქვს, მაგრამ მიუსაჯეს! მეორე სადარბაზოში აგინებდნენ ბურჯანაძეს და მის მოდგმას. პირველში _ არ აგინებდნენ, რაკი აწყობთ, მაგრამ მათაც კარგად იციან, რომ საგინებელია... აქამდე ვისაც სჯეროდა, რომ სააკაშვილმა აცემინა გელაშვილი, შემდეგ ლოგიკას ეყრდნობოდა: გელაშვილმა უმსგავსად იჭორავა სააკაშვილის ოჯახზე და ამის შემდეგ... სცემეს. ეს ლოგიკა ნიკა გვარამიამაც შეახსენა სააკაშვილს, რომელმაც იქვე გაანიორწყლა: „იმის ლაპარაკი, რომ ვიღაცამ რაღაცა გამაკრიტიკა, რაღაცა ბინძურად თქვა და შემდეგ ამ ადამიანის ცემის ბრძანება გავეცი, ახლა ეს არის ისეთი იდიოტიზმი, მაშინ ნახევარი საქართველო მყავდა საცემი...“ მართლაც! კარგად გაიხსენეთ, ვინღა აღარ აგინებდა სააკაშვილს და ეს რა ნიშნით შეარჩია, რა კასტინგით გამოავლინა საცემად? რაც შეეხება ბურჯანაძის ჩვენების „საფუძვლიანობას“, ორი წინადადებით გამოაცალა ყველანაირი საფუძველი: „რომც გამეცა ეს განკარგულება, ნინო ბურჯანაძეს გავანდობდი? მეტი საქმე არ მქონდა, მართლა დებილი ხო არ გგონივართ?“ ეს ორივე არგუმენტი რომ საფუძვლიანია, პირველ „პადიეზდშიც“ იციან და _ მეორეშიც. მერე რა, რომ ერთგან ამას აღიარებენ და მორეგან _ არა?.. აი, „ქოცური“ სადარბაზოს მკვიდრნი ზუსტად ვიცი, როგორ შეხვდებოდნენ სააკაშვილის განცხადებას, _ მე ჩვეულებრივ ხალხს ვუყვარვარ, „პეროიანებს“ არ ვუყვარვარო. ხელს მოისვამდნენ უნებურად... ორივე სადარბაზოში გადასარევად იციან, რომ არცთუ უსაფუძვლოა სააკაშვილისეული ანალიზი _ რომ თუ სააკაშვილი ასეთი დემონიზებული და საშიშია, განაჩენები აღარ დასჭირდებოდათ. განაჩენები სჭირდებათ იმისთვის, რომ მას არ მისცენ აქ ჩამოსვლისა და პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალება. სააკაშვილის მესიჯი ასეთია: დამიბრუნეთ წართმეული მოქალაქეობა, ჩამომიშვით, მაყრევინეთ კენჭი და მერე ნახავთ... მაგის „ნახვა“ რომ არ უნდათ, მართლაც მაგიტომ უსჯიან და უსჯიან. და ეს კარგად იციან ორივე სადარბაზოში. ამ ინტერვიუს ორივე სადარბაზოში უყურეს, ერთგან იმედით აივსნენ, მეორეგან, ალბათ, ბოღმით, ზიზღით და... შიშით, ვაითუ... დაზღნარდით, მოაჯირს არავინ მოგამტვრევთ... არც რკინის კარს ჩამოგიხსნით ვინმე, უბრალოდ, შეეგუეთ იმას, რომ მეზობლებსაც დაუკიდებენ...

რეზო შატაკიშვილი

 

გაზიარება