QronikaPlus
„საუკუნის შესყიდვა“

„საუკუნის შესყიდვა“

2018-07-01 08:06:03

იაპონიაში ვულკანმა სიმოემ გაიღვიძა. ჩვენთან _ გიორგი შენგელაიამ. სიმოეს კრატერიდან ამოსული კვამლი და ფერფლი ასობით მეტრის სიმაღლეზე იფანტება, გიორგი შენგელაიას მაგმამ კი მთელი მედიასივრცე და სოცქსელები გადალეკა. გიორგი შენგელაიას განცხდებებს, გინდაც თავდაპირველს და გინდაც შემდგომს და ბოლოდროინდელს, იმთავითვე არაადეკვატურად შეხვდა საზოგადოება. ნაწილი გადაჭარბებული აღფრთოვანებით, დიდი ნაწილი კი „უმადურისა“ და ათასი რამის ძახილით. მოკლედ გადავხედოთ ამ ეპოპეას. იმთავითვე მეხივით გავარდა მისი მხრიდან ნასროლი ორიოდე კრიტიკული ფრაზა. არადა, არაფერი აღსაფრთოვანებელი გიორგი შენგელაიას ბიძინაზე არ უთქვამს _ რეალურად „გააპრავა“ და მთელი მისი უმსგავსობა მის უწიგნურობას მიაწერა. ბოროტი კი არაა, ქვეყნისთვის კარგი უნდოდა და გაუნათლებლობამ სძლიაო. ბიძინა არის გაუნათლებელი კაციო: „ვეჩხუბე კიდეც, შენ, ძმაო, წიგნი არ წაგიკითხავს“. ამას მოჰყვა ის, რომ გიორგი შენგელაიას სტიპენდია შეუწყვიტეს, მაგრამ როგორც გაირკვა, შეეშვნენ. გიორგი შენგელაია ამბობს, რომ მისი შეეშინდათ. მანამდე კი ფონდი „ქართუ“განცხადებით გამოეხმაურა, _ იმდენჯერ გააკრიტიკა გიორგი შენგელაიამ ბიძინა ივანიშვილი და იმდენგზის თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ივანიშვილიო, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით“. რეჟისორთან იმისთვის დაურეკავთ, რომ გაერკვიათ, ხომ არ ჰქონდა სურვილი შენგელაიას, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე? არადა, იმ სხვებმა როდესაც უარი თქვეს, თავად თქვეს უარი და გიორგი შენგელაიასაც რომ ეს სდომოდა იმ „სხვების“ მსგავსად, ისიც მათ მსგავსად თავადვე განაცხადებდა, მასთან დარეკვის გარეშე. მაგრამ იყოს როგორცაა. ფონდს თურმე ამიტომ დაურეკავს და პასუხად რა მიიღეს? _ გიორგი შენგელაია კახურად დაემუქრა. „პასუხად შევიტყვეთ, რომ შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არათუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ“, _ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, იქვე კი, ამავე განცხადებაში, ფონდი „ქართუ“ არც იმას გამორიცხავს, რომ შენგელაიას ბოლოდროინდელი აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს პოლიტიკური კი არა, პირადი ხასიათის სარჩული ჰქონდეს. თურმე, შენგელაია წლების განმავლობაში უკმაყოფილო იყო სტიპენდიის ოდენობით და დახმარების 5 ათას ლარამდე გაზრდას ითხოვდა, მაგრამ არ უზრდიდნენ _ როგორც ამავე განცხადებიდან ირკვევა, თურმე, იმიტომ რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და არ მიიჩნევდნენ მიზანშეწონილად სტიპენდიის გაზრდას. მოკლედ, ფონდმა, _ სტიპენდია არ გავუზარდეთ, ნაწყენია და ამიტომ უტევს ბიძინა ივანიშვილსო. ამ ყველაფრის მერე რა ქნა გიორგი შენგელაიამ? ადგა და „რუსთავი 2-ში“ მივიდა დემონსტრაციულად _ ნიშნად იმისა, რომ აღარაა „ოცნების“ გულშემატკივარი და რომ დიდი ხანია, სკეფსისი გაუჩნდა „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ! მან საჯაროდ დაადასტურა, რომ პირადი წყენაც აქვს, მაგრამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მთავარი პრობლემები მისთვის საზოგადოა. შენგელაია ალაპარაკდა, მისი ალაპარაკება კი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უმადურობად აღიქვა და ყველაფერი პირად წყენას დაუკავშირა. საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილისთვის, გაუგებარია, როგორ უნდა ამოიღო ხმა კაცზე, თუკი მისგან წლებია, ფულს იღებ სტიპენდიად? მოკლედ, საზოგადოება, უფრო სწორად, დიდი ნაწილი, იმთავითვე ბიძინას ეთანხმება _ თუ სტიპენდიას იღებ მისგან, უნდა აქო ან ჩუმად მაინც უნდა იყო! აი, გიორგი შენგელაია კი ივანიშვილის „ხიტრობას“ კახური პირდაპირობით უპირისპირდება, _ რომ ის ეროვნული ფიგურაა და სწორედ მის მიერ გადაღებულ ფილმებს უხდიდა ივანიშვილი სტიპენდიას და არა მას. ჩვენში დარჩეს და რას ამბობს ტყუილს შენგელაია? ფონდიც და ივანიშვილიც ხომ მუდამ ასე წარმოაჩენდნენ ამ სტიპენდიებს, რომ მას დამსახურების მიხედვით უხდიდნენ საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს? და თუ დამსახურების მიხედვით უხდი ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს მის დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციას თუ პირად დამოკიდებულებას? რას აკლებს პოლიტიკური პოზიცია თუ პირადი დამოკიდებულება გიორგი შენგელაიას შედევრულ დებიუტ „ალავერდობას“, სრულიად გენიალურ „ფიროსმანს“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას“, „ხარება და გოგიას“, ფილმ მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებს“? და რას შესძენდა მის არცთუ ისე ვარგის ფილმებს („სიყვარული ვენახში“, „მიდიოდა მატარებელი“) ის, რომ კვლავ ბიძინას მაქებრად და მადიდებლად დარჩენილიყო? მოკლედ, თუ სტიპენდია უანგაროდ იყო დანიშნული და სტიპენდიანტის დამსახურების მიხედვით, რა მნიშვნელობა აქვს შენგელაიას ძველ და ახალ პოზიციებს და რა შუაშია უმადურობა? რატომ უნდა ვიყო მადლიერი და კუდი რატომ უნდა ვაქიცინო, თუ ვინმე იმაში მიხდის, რაშიც მეკუთვნის? და თუ ვინმე ფიქრობს, რომ გიორგი შენგელაია უნიჭო რეჟისორია და მას არანაირი დამსახურება არ აქვს ქართული კინოს წინაშე, ეს მისი პრობლემაა, საერთოდ კინოხელოვნების გარტყმაში არაა და ყველაფერს იმის მიხედვით წყვეტს, თვითონ რისი ყურება უფრო „ეპრიატნება“. მეტიც: ბევრი იმანაც გააღიზიანა, გიორგი შენგელაიამ რომ ახსენა, ჩემს ძმას 5 ათასი დაუნიშნეს, მე _ 3 ათასიო. ზოგმა ეგ ძმის შურად აღიქვა, ზოგმა კი ის შეიცხადა, ელდარს თავს როგორ უტოლებსო? პიერ პაოლო პაზოლინი, ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტი არც ელდარ შენგელაიაა! და არც გიორგი შენგელაიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ საზომად ქართულ არშინს ავიღებთ, ორივეს დიდი დამსახურება აქვს ქართული კინოს წინაშე და ბოლო დროს ბიძინასა და თქვენ მიერ „დაბრაკული“ გიორგი შენგელაია არაფრით ჩამოუვარდება ელდარ შენგელაიას და არც ერთ სხვა ქართველ კინორეჟისორს! მხოლოდ „ალავერდობა“ და „ფიროსმანი“ კმარა საამისოდ. ეს ყველაფერი იმ შემთხვევისთვის, ეს სტიპენდია რომ მართლაც დამსახურების დასაფასებლად დაენიშნა იმ ბრძენ კაცს სახელოვნებო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ ეს ასე სულაც არ ყოფილა? ეს ჩვენც ვიცით და იმათაც, რომლებიც ამ დაფინანსებას წლობით იღებდნენ. ბიძინა ივანიშვილი ამ სტიპენდიებით სწორედაც რომ ამ ხალხის კეთილგანწყობას ყიდულობდა! სწორედ ამ სტიპენდიებით და გულუხვი საჩუქრებით გაიკვალა გზა მაღალ საზოგადოებაში! დიახ, ამ ფულებით გაიკვალა გზა ამ საზოგადოებაში, მოიგო მათი გული, ამ სტიპენდიებით გახადა მოვალედ _ დაეჭირათ მისთვის მხარი, ექოთ, ედიდებინათ ან სულ მინიმუმ _ გაჩუმებულიყვნენ! დიახ, ამ ფულებით გაუჩინა ამ ხალხს მორალური ბარიერი _ ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამიტომაც ვეღარ იღებს ხმას და დუმილს ამჯობინებს, მათთვის ადამიანურად მიუღებელია _ აკრიტიკონ ის, ვისგანაც წლებია, ფულს იღებენ. დიახ, ნაწილი დუმილს ამჯობინებს, ნაწილი კი თავს ვალდებულად მიიჩნევს, კვლავაც აქოს და ადიდოს ბრძენი იგი _ ივანიშვილი. აი, გიორგი შენგელაია გამოვიდა და ალაპარაკდა. ალაპარაკდა და უმადურის იარლიყიც აირტყა! მაგრამ არის კი უმადური? ჩემი აზრით, თუ გიორგი შენგელაია უმადურია, უმადურია ბიძინა ივანიშვილიც! დიახ, საქმე გვაქვს ორმხრივ და არა ცალმხრივ უმადურობასთან! უკვე მოგახსენეთ, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ სტიპენდიებით გაიკვალა გზა მაღალ საზოგადოებაში! დიახ, ბატონებო, სწორედ ამ ფულებით გახდა საინტერესო ის საზოგადოების ამ ფენისთვის! ალალად მითხარით, რომ არა ეს მსუყე სტიპენდიები, ვის რა გულის ფიცარზე ეხატა ჭორვილელი ბიძინა? გახსოვთ, ალბათ, ერთგან რომ კვნესოდა, _ თბილისმა არ მიმიღოო. არ მიიღო თბილისმა და შემდეგ ამ სტიპენდიებითა და საჩუქრებით მიაღებინა თავი. ამათაც მიიღეს, გვერდით მოისვეს, სუფრა დაუმშვენეს, საჩუქრად წიგნები მიუტანეს. დიახ, ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატა ვაჩნაძის შვილი სტუმრად მივიდა მასთან და უკაცრავად, თუ 3-ათასლარიანი სტიპენდიის დაუნახაობა უმადურობაა. უმადურობა არაა, იმას რომ არ დაინახავ, ეს ხალხი რომ რამედ გაგდებს? და სწორედ ამ ხალხის მხარდაჭერამ რომ მოგიყვანა ხელისუფლებაში? მოკლედ, ხელი ხელს ჰბანდა და რატომაა ახლა მარტო გიორგი შენგელაია უმადური? არ მალავს, რომ კინოსტუდიის დირექტორის პოსტი სთხოვა, არც იმას მალავს, ივანიშვილმა მისი თანდასწრებით რომ დაურეკა ქუმსიშვილს, ახლავე დანიშნე გიორგი შენგელაია კინოსტუდიის დირექტორადო. და არც იმას მალავს, რა ვირეშმაკობაც მოხდა _ ჯერ გიორგი შენგელაიას თანდასწრებით დაურეკავს, დანიშნეო, მერე მეორე ზარი დაუდევნებია, _ ერთი დღით დანიშნეო... გიორგი შენგელაია იმასაც იხსენებს, როგორ მიართვა ივანიშვილს იმსისქე და იმხელა ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია და როგორ გააოგნა მისმა პასუხმა _ ჩემი ცოლი ამერიკაშია, ჩამოვა და წამიკითხავსო, წაიკითხავს და მომიყვება მოკლე შინაარსსო. იხსენებს იმასაც, როგორ წაართვა ეს წიგნი და მერე როგორ აკოცა ტუჩებში... ეს მათი ურთიერთობის წიაღსვლებია. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუ უმადურობასა და დაუნახაობას ვხედავთ, ეს უმადურობა ორმხრივია. კი, ადამიანურად მართლაც გაუგებარია, რას ერჩის შენგელაია ივანიშვილის ფონდს, როცა სასამართლოში ჩივილით ემუქრება დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში. შენგელაია ეყრდნობა იმას, რაც დეკლარირებულია _ რომ ეს სტიპენდიები დამსახურების მიხედვითაა დანიშნული... რა გითხრათ, მე თუ მკითხავთ, ალალია ივანიშვილზე ამგვარი დამოკიდებულება! და საერთოდ, როცა გიორგი შენგელაიას პირიდან სიმართლეს ვისმენთ, რატომ გვახსენდება, რომ ის ნაწყენია და ამიტომ ლაპარაკობს და როცა გურანდა გაბუნია და ლალი ბადურაშვილი იმოძღვრებიან, მაშინ რატომ არ გვახსენდება, რომ ისინი სწორედ ამ სტიპენდიების გამო იღვრებიან ივანიშვილის ქებად და დიდებად? და რა თქვა გიორგი შენგელაიამ ტყუილი? ან ისეთი რა თქვა, რაც არავის უთქვამს? უწიგნურიაო, _ თქვა. და რა, წიგნიერი ვის ეგონა? თქვა „პაზორნი“ ხალხიაო. არ არიან? ჩამოქცეულია სახელმწიფო სტრუქტურებიო. არ არის? აუცილებელია რიგგარეშე არჩევნებიო. რა, არ არის აუცილებელი? ცუდი მთავრობაა, ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერსო. რა, არ მართავს ერთი კაცი და არაა ეს ცუდი? მოკლედ, ამიტომ თქვა თუ იმიტომ თქვა, შენგელაიამ, ამ შემთხვევაში, სიმართლე თქვა. თუმცა სადღაც ისევ მიაფინა: „მაინც რაღაცა გააკეთა საქართველოსთვის“... გიორგი შენგელაია, სხვათაგან განსხვავებით, გულწრფელია. მას ცხადია, შეეძლო, საერთოდ არ გაემახვილებინა ყურადღება პირად წყენებზე და ისე შეეფუთა ყველაფერი, ვითომც და მხოლოდ ქვეყნის ბედი ალაპარაკებს, მაგრამ მან ალალად თქვა, რომ ნაწყენია და „უმადურობის“ მთელი ანატომიაც გააშიშვლა და საუკუნის „შესყიდვებიც“ _ თუ როგორ იყიდა ივანიშვილმა მთელი ინტელიგენცია... დიახ, სწორედ მან გაასაჯაროვა რაზეც დგას ამ ფენისა და ივანიშვილის ურთიერთობა. რა, სხვები სხვა რამის გამო დგანან ივანიშვილის გვერდით? ეს უმადურობა, ვიმეორებ, ორმხრივია, ჭეშმარიტება კი შემდეგია _ შეუწყვიტოს დანარჩენს დაფინანსება და სხვები უარს იტყვიან...

რეზო შატაკიშვილი

 

გაზიარება