QronikaPlus
საუკეთესოს „მეტეხში“ გამოაცხადებენ

საუკეთესოს „მეტეხში“ გამოაცხადებენ

2024-10-14 08:11:40

რამდენიმე დღეც და თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში“ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები გამოცხადდება.

ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, ანუ რჩეულები დავასახელეთ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

ვთქვათ ისიც, რომ საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წელს კომპანია „ლიდერბეთის“ ხელშეწყობით აღდგა. შარშანწინ პარტნიორობა თბილისის მერიამ გასწია, 2022-2023 წლების სეზონიდან კი „ლიდერბეთი“ დაბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა ალალი იყოს.

საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ ტრადიციულ გამოკითხვაში ამჯერად სპორტული ჟურნალისტების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. 86-მა ჟურნალისტმა რჩეულები ასევე ტრადიციულად პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერა. ქულების დარიცხვის სისტემა ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატს 3 ქულა მიენიჭა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები დაჯამდა. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯარო იქნება.

ნომინანტთა შორის სულ 8 ფეხბურთელი იყო, ყველა ლეგიონერი: ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია, გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.

დავასახელეთ საუკეთესო დებიუტანტიც. მათ არჩევანი გააკეთეს გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი გველესიანს შორის.

წლეულს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით – ბასა – დაჯილდოვდება ერთ-ერთი ვეტერანი ფეხბურთელი.

წლეულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერმენონიალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს.

გაზიარება