- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-11-13 16:45:33
„მილუოკი“ აგრძელებს ბრწყინვალე ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების რეგულარ სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა 108-94 დაამარცხა „ოკლაჰომა“ და სეზონის სტარტზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა.
„ბაქსმა“ „თანდერი“ იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დაამარცხა. ბერძენი ფორვარდი გასახურებლად გამოვიდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მას დასვენების საშუალება მიეცა.
იანისის არყოფნაში „მილუოკის“ ბრუკ ლოპესმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. სამწუხაროდ, „ბაქსის“ განაცხადში ვერ მოხვდა სანდრო მამუკელაშვილი.
„ბოსტონი“ მედისონ სქვერ გარდენში ესტუმრა „ნიუ იორკს“ და მეტოქე 133-118 დაამარცხა. „სელტიქსის“ კალათბურთელებმა კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარეს – ჩაუგდეს რა მეტოქეს 27 სამქულიანი.
„ბოსტონის“ ლიდერებმა: ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა 6-6 სამქულიანი ჩააგდეს, სემ ჰაუზერმა 5, მარკუს სმარტმა 3, გრანტ უილიამსმა 2, მალკომ ბროგდონმა 2, ბლეიკ გრიფინმა 1, დერიკ ვაითმა 1, ნოა ვონლემ 1.
„სელტიქსის“ შემადგენლობაში მოთამაშე ყველა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 1 შორეული ტყორცნის რეალიზება.
„ბოსტონმა“ 51 სამქულიანიდან 27 ჩააგდო (52,9%), რამაც განაპირობა კიდეც გუნდის გამარჯვება.
ლიგის ისტორიაში „ბოსტონი“ გახდა მეექვსე გუნდი, რომელმაც შეძლო 27+ სამქულიანის რეალიზება NBA-ს მატჩში.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს რეკორდი „მილუოკის“ ეკუთვნის. 2020 წელს „ბაქსმა“ 29-სამქულიანი ჩაუგდო „მაიამის“ (144:97).
სპალეტის სიტყვა
„ატალანტა“-„ნაპოლის“ მატჩი, რომელიც სტუმრებმა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:1 მოიგეს და ლიდერობა გაიმყარეს, საინტერესო იმითაც იყო, რომ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ნეაპოლელთა თავკაცი ლუჩანო სპალეტი ესაუბრა:
„ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალზე
ადვილი მეტოქე არ გვინდა, ძლიერს უნდა შევხვდეთ, რადგან ყველას დამარცხება შეგვიძლია.
„ენფილდზე“, „ლივერპულთან“ მატჩისას პატივისცემა დავიმსახურეთ, მიუხედავად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებისა, კარგად ვითამაშეთ. ბერგამოში „ლივერპულის“ შეხვედრის მსგავსი ტესტი გველოდება. გვინდა დავამტკიცოთ, რომ წინ მივდივართ. მშვენიერ სტადიონზე ვითამაშებთ გუნდთან, რომელსაც შესანიშნავი სათამაშო სტრუქტურა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. სხვა მხრივ, მშვიდად ვარ, რადგან გუნდმა კარგად ივარჯიშა“.
„ნაპოლი“ მზადაა, ისეთ მეტოქეს შეხვდეს, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს:
„პრობლემის გადაჭრის ბევრი გზა გვაქვს, მთავარია, მეტოქის თამაშს როგორ კითხულობ და მას რას უპირისპირებ. ეს ოსტატობასა და ფიზიკურ გამძლეობაზეა. ისეთ მატჩებში, როგორიც ხვალ გველოდება, ბევრი რისკია, ჩვენ კი თვითრწმენა გვმართებს, მაშინაც კი, თუ ენფილდიდან დამარცხებულები წამოვედით. დიახ, ნეაპოლში როდესაც ჩამოვედით, ვიცოდით, რომ მიზანს მივაღწიეთ (ნაპოლიმ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, _ რედ.), მაგრამ პირში ყველას დამარცხების გემო გვქონდა“.
გულშემატკივრების სიხარული:
„ოსიმენსა და კვარაცხელიას ძალიან კარგად ესმით, რომ ფანებისთვის სიხარულის მოტანა შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამის გზებს ყოველთვის იპოვიან“.
მსოფლიო ჩემპიონატსა და მომავალზე:
„მსოფლიო ჩემპიონატის ნოემბერში გამართვის გამო რიმე უპირატესობას ან უარყოფით მხარეს ვერ ვხედავ. ყველა გუნდი ერთსა და იმავე სიტუაციაშია. არ გვეშინია, რადგან გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა. ბიჭები ამ საქმით ცხოვრობენ, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ისინი დიდი პროფესიონალები არიან“.
ალკარასის 2022 უკვე დამთავრდა
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – კარლოს ალკარასმა _ კუნთი გაიწყვიტა და ნაადრევად დაასრულა საჩოგბურთო სეზონი. 19 წლის ესპანელმა პარიზის მასტერსის 1/4 ფინალში მიიღო დაზიანება და მატჩს მეორე სეტში მოეხსნა (3:6 6:6-ზე რუნეს წინააღმდეგ).
სამწუხაროდ, ალკარასი გამოტოვებს როგორც წლის შემაჯამებელ ტურნირს, ასევე დევისის თასის ფინალს.
„კუნთის დაზიანების შემდეგ, სამწუხაროდ, გამოვეთიშე პარიზის მასტერსს. ჩავიტარე კვლევები, შედეგები კი არცთუ ისე კარგია – მომიწევს 6-კვირიანი მკურნალობა.
ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ გამოვტოვებ წლის შემაჯამებელ ტურნირს და დევისის თასის ფინალს. ორივე ტურნირზე ძალიან მინდოდა თამაში.
შევეცდები, დავრჩე პოზიტიურ განწყობაზე და სრული აქცენტი გადავიტანო რეაბილიტაციაზე“ – დაწერა ალკარასმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კარლოსმა 2022 წლის საჩგბურთო სეზონი 57-13 ბალანსით დაასრულა.
12 სექტემბერს თინეიჯერი ესპანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა N1-ლი ჩოგბურთელი AთP-ის ისტორიაში.
ალკარასმა წლევანდელ სეზონში 5 ტურნირის მოგება შეძლო, მათ შორისაა 2 მასტერსი (მადრიდი, მაიამი) და 1 გრანდ სლემის ტურნირი (Uშ OPEN).
2022 წლის შემაჯამებელ ტურნირზე კარლოსს ჩაანაცვლებს ამერიკელი – ტეილორ ფრიცი.
ხვიჩა ჩNN-ზე
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა ცნობილმა პორტალ-გამოცემამ დაწერა. ამჯერად გთავაზობთ ჩNN-ის წერილს ქართველზე მცირე შემოკლებით:
„ნაპოლის“ ყოველთვის უყვარდა შემტევი ფეხბურთელები. ბოლო წლებში ასეთები იყვნენ დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე. მანამდე მარეკ ჰამშიკი და ეზეკილ ლავეცი, ედინსონ კავანი, მაგრამ არავინ ყოფილა მათთვის დიეგო მარადონაზე საყვარელი.
არგენტინელი გახდა სიმბოლო გამარჯვებებისა. შვიდი სეზონის განმავლობაში მან გუნდს ორჯერ მოაგებინა სკუდეტო (1986-87, 1989-90) და დღემდე ეთადერთი ევროთასი _ უეფას თასი (1988-89).
მარადონა იმდენად პოპულარულია ქალაქში, რომ გარდაცვალების შემდეგ (2020) სტადიონს მისი სახელი დაარქვეს.
დღემდე ნეაპოლელებს მარადონასთან არავინ შეუდარებიათ, მაგრამ ივლისში გუნდში მივიდა ყველასთვის უცნობი ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც უცებ დაიპყრო ფეხბურთზე გაგიჟებულ ადგილობრივთა გულები და მოფერებით მას კვარადონა დაარქვეს.
როცა გასულ ზაფხულს გუნდიდან ინსინიე და მერტენსი წავიდნენ, ქომაგები ანერვიულდნენ. თითქოს რაღაც სიცარიელე შეიქმნა. უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, 15 მილიონ ევროდ იყიდეს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან. კლუბის ხელმძღვანელობასთან კითხვები გაჩნდა: საკმარისად იმუშავეს კი სატრანსფერო ბაზარზე?
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, როცა მერტენსის თუ ინსინიეს ნაცვლად 21 წლის მოთამაშე ჩამოდის პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან?
ალბათ უკეთესი იქნებოდა, ეს ბიჭი, ვთქვათ, ნიდერლანდებში გაეშვათ ოდნავ დაბალ საფეხურზე, შემდეგ კი სერია A-ში მოეყვანათ.
მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. 21 წლის ქართველმა 77-ნომრიანი მაისურა მოირგო და ყველა გააოცა. ლუჩანო სპალეტის მზარდ გუნდში კვარაცხელია ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა სერიასა და ჩემპიონთა ლიგაში. „ნაპოლი“ კი ევროპის ლამის ყველაზე სანახაობრივ გუნდად აქცია.
ძალიან დიდია მისი როლი „ნაპოლის“ სერია A-ში ლიდერობასა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის ასპექტში, _ წერს ჩNN-ისთვის იტალიელი ჟურნალისტი, იუან ბარნსი“.
როცა მას სთხოვეს, გაეხსენებინა სხვა მოთამაშე, ვინც ასეთი გავლენა მოახდინა იტალიურ გარემოზე, ბარნსმა ბევრი იფიქრა, სხვადასხვა სტილი შეადარა და ბოლოს მხოლოდ მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი გაახსენდა.
შენგელია ლიონთან დაბრუნდა
3-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია _ პარკეტს დაუბრუნდა. „თოკომ“ ბოლომდე მოიშუშა მხრის ტრავმა და ევროლიგის მეექვსე ტურის მატჩში ითამაშა, სადაც მისმა „ვირტუსმა“ „ლიონს“ უმასპინძლა.
შეხვედრის სტარტი ბოლონიელებს უკეთესი გამოუვიდათ – იფე ლუნბერგისა და მილოშ ტეოდოსიჩის ზუსტი სროლების ფონზე, პირველივე წუთებიდანვე ხელში იგდეს ლიდერობა და მეოთხედი 22-18 მოიგეს.
მეორე ხუთეულიდან შემოვიდა პარკეტზე თორნიკე შენგელია, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, რასაც ზუსტი სროლაც მიაყოლა პერიმეტრიდან.
„ვირტუსი“ მეორე პერიოდის მიწურულს 19-ქულიანი სხვაობით გაექცა მეტოქეს (42-23) და თითქოს ამით შეხვედრაში ინტრიგაც მოკვდა.
მეორე ტაიმში სრულიად სახეცვლილი „ლიონი“ გამოვიდა სათამაშოდ. ტი ჯეი პარკერის გაწვრთნილმა გუნდმა სამქულიანებზე გააკეთა აქცენტი და ამ ტაქტიკამ გაამართლა – ლაითისა და მეტიუზის „თავხედმა“ შორეულმა სროლებმა მატჩის მიმდინარეობა სრულიად „არია“.
სამწამიან ზონაში გააქტიურდა იუსუფა ფოლი და „ვილერბანმა“ დიდი ქამბექი შეასრულა.
მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მხოლოდ 29 ქულა ჩააგდეს, საკუთარ კალათში 48 მიიღეს და მატჩიც დათმეს – 79:84.
შენგელიამ პარკეტზე 16:38 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თორნიკეს ანგარიშზე 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2-ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
6 გამართული მატჩის შემდეგ „ვირტუსი“ მე-15 პოზიციაზე იმყოფება (2 მოგება, 4 მარცხი), ხოლო „ლიონს“ მოგება/წაგების ბალანსი თანაბარი აქვს 3/3-ზე (მე-13 პოზიცია).
საქართველო ისლანდიაში შეიკრიბება
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტური ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიაში ითამაშებს, ხოლო 14-ში იტალიას გაეჯიბრება.
მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.
ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღე ივარჯიშებს. ისლანდიასთან მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია. ისლანდიას საქართველოზე ერთი მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს.
დიდი ალბათობით, ჯგუფის ლიდერებს – ესპანეთსა და იტალიას _ პრობლემა არ შეექმნებათ. ისლანდიაში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაუბრუნდება, რომელმაც წინა საკვალიფიკაციოს ფანჯრის დროს მხრის ტრავმა მიიღო და მწყობრში ახლახან ჩაგდა.
ერთია, შენგელია ნაკრებში ჩასვლამდე იტალიურ კლუბს სერია A-სა და ევროლიგის მატჩებში დაეხმარება, ხოლო ნაკრებს რეიკიავიკში 10 ნოემბერს შეუერთდება.
ორი დღით ადრე, 8 ნოემბერს ჩავლენ ისლანდიაში ესპანეთში მოთამაშე ჩვენები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.
იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ილიას ზუროსი თამაშის წინა დღეს დაასახელებს. ზუროსი ისლანდიაში სულ 14 კალათბურთელს იახლებს: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე.
ნოიერის ამბავი
მანუელ ნოიერმა კიბოზე ისაუბრა, რომელიც მას სახის კანზე ჰქონდა. გერმანელმა განაცხადა, რომ თავიდან ძალიან შეშინებული იყო.
„დიაგნოზის დასმის შემდეგ ძალიან მეშინოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თუ გონივრულად ვიმოქმედებდი, დაავადება გაქრებოდა. არ შევშინდი, ბრძოლა მომიწია, სამი ოპერაცია გავიკეთე და ახლა მხოლოდ ცხვირთან პატარა იარა მაქვს“, – განაცხადა ნოიერმა ღთL.დე-სთან საუბრისას.
მანუელ ნოიერი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში შალკე 04-დან გადავიდა. ფეხბურთელმა ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა.
დინამო ჩემპიონთა ლიგაში
წყალბურთელთა შორის 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირის 16 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 15 ნოემბერს დაიწყებს.
A ჯგუფი: „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი), „იადრანი“ (ხორვატია).
B ჯგუფი: „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „იუგი“ (ხორვატია), „საბადელი“ (ესპანეთი), „შპანდაუ 04“ (გერმანია), „Oშჩ-ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „ბრეშა“ (იტალია).
A ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზურს 4 საუკეთესო მიიღებს, ხოლო B ჯგუფში 3 საგზურისთვის იბრძოლებენ, ვინაიდან მე-4 ამ შეჯიბრების გადამწყვეტი პაექრობების მასპინძელ „ნოვი ბელგრადს“ აქვს დაბევებული.
ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 ნოემბერს თბილისში ესპანური „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.